დღეს, 18 იანვარს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებაზე ისაუბრეს.
მინისტრის თქმით, პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად აღარ დასჭირდებათ კრედიტქულების დაგროვება და კონკრეტული სტატუსის მისაღებად ისინი გამოცდებს ჩააბარებენ.
თუმცა, პრეზენტაციისას, არც მინისტრს და არც ცენტრის ხელმძღვანელს პასუხი ბევრ კითხვაზე არ გაუციათ.
მაგალითად იმაზე, დარჩება თუ არა კვლავ სქემაში გარედაკვირვება, 2019 წელს სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტულად რა გზის გავლა მოუწევთ პედაგოგებს, რა გამოცდას ჩააბარებენ, რამდენს, შეუნარჩუნდებათ თუ არა პედაგოგებს დღეს არსებული სტატუსები (წამყვანის, უფროსის, მენტორის) თუ თავიდან მოუწევთ სტატუსების მოპოვება, რა ნიშნით მოემატებათ პედაგოგებს ხელფასი და ა.შ.
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ამასთან დაკავშირებით პირველ თებერვალს კიდევ იგეგმება პრეზენტაცია და დეტალებზე იქ ისაუბრებენ.
რას ნიშნავს სქემაში განხორციელებული ცვლილება და რას მოუტანს ის განათლების სისტემას? ამ საკითხის შეფასება ვთხოვეთ განათლების სპეციალისტს სიმონ ჯანაშიას.
მისი აზრით, კრედიტქულების დაგროვების სისტემა აქამდეც გასაუქმებელი იყო, რადგან:
„პირველი იმიტომ, რომ ის გამოცხადებულ მიზნებს ვერ პასუხობდა, – არ ეხმარებოდა მასწავლებლებს განვითარებაში, რადგან მასწავლებლების დიდი ნაწილის უმთავრესი ინტერესი განვითარება კი არა, იმ მოვალეობების შესრულება გახდა, რომელიც მათ შემოსავლის გაზრდაში დაეხმარებოდა.
მეორე, სისტემა იმიტომ იყო გასაუქმებელი, რომ ბევრი რესურსი მიდიოდა პროცედურების დაცვის შემოწმებაზე. სჯობს ეს რესურსები წარიმართოს მასწავლებლის განვითარებასა და ახალი მასწავლებლების მოზიდვაზე.
შემოწმებაზე დახარჯული დიდი ფინანსური რესურსების მიუხედავად, ეფექტი მაინც არ იყო, რადგან მასწავლებლების ნაწილი საკუთარის ნაცვლად სხვის ნაშრომს წარადგენდა“.
სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე იყო ის, რომ ხელს უწყობდა არაკომპეტენტური მასწავლებლების სისტემაში ყოფნას. „ამიტომ, ვფიქრობ, რომ სქემა უნდა გაუქმებულიყო.
როგორც მედიაში გაჟღერდა, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ სტატუსის მინიჭება გამოცდების საფუძველზე მოხდება, თითოეული სტატუსის შესაბამისად. რამდენად არის ეს კარგი, დასაფიქრებელია, რადგან ცენტრალიზებული სტატუსები, ჩემი აზრით, არასწორია. უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.
„ბათუმელების“ კითხვაზე, კონკრეტულად რითი უნდა განისაზღვროს ხელფასის მატება, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ხელფასის ზრდის ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს პედაგოგის განათლება, გამოცდილება, ფუნქცია (არა მხოლოდ სწავლება, არამედ სხვა მასწავლებლების განვითარება და ა.შ), დადასტურებული კომპეტენცია და სხვა.
„მთავარი და გადამწყვეტი აქ უნდა იყოს ფუნქციები, რომლებიც სკოლაში წყდება. სხვაგვარად, გვექნება ისევ ის სისტემა, სადაც დირექტორი ქირაობს მასწავლებელს, ხოლო სახელმწიფო აწინაურებს მას, რაც უაზრობაა“.
ჯანაშიას აზრით, დღევანდელი სისტემა არის სრულიად ირაციონალური, რადგან „ამ სისტემით წელიწადში, მასწავლებელთა ხელფასის მოსამატებლად დაახლოებით 50 მილიონი ლარი იხარჯებოდა.
თუ პროფესიული განვითარების სქემას ჩავთვლით, როგორც მთავრობის პროგრამას, რომ პროფესიაში მასწავლებლის უნარები და მოტივაცია გაზრდილიყო, მაშინ გამოდის, რომ ბოლო სამ წელიწადში ამ მიზნით დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხით კი უკეთესის გაკეთება შეიძლებოდა“.
სიმონ ჯანაშიას თქმით, ხელფასების მატების მხრივ ევროპის ქვეყნებში განსხვავებული სისტემა მუშაობს, „მაგრამ ამგვარი სქემა სადაც შემოიღეს, ყველგან სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ და მაშინვე გააუქმეს.
ხელფასი, ძირითადად, გამოცდილებით და კვალიფიკაციის მიხედვით განისაზღვრება,“ – გვეუბნება ის. მისი თქმით, ასევე, არის სისტემები, სადაც მასწავლებლის დატვირთვა არ არის მიბმული საათებზე და მასწავლებელი ვალდებულია, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს.