მოქალაქე: თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა

მოქალაქე ნათია შავაძე თავის ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ თურქი მესაზღვრე მას უხეშად მოექცა. მისი თქმით, საზღვრის კვეთის დროს მებაჟემ ჯერ საზღვრის კვეთის ნებართვა მისცა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე პასპორტი ძალით წაართვა, უარი ჩაურტყა და პასპორტი ესროლა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

„ბათუმელებთან“ საუბარში ნათია შავაძე ამბობს, რომ არ იცის რამ გააღიზიანა მესაზღვრე. „ალბათ მანამდე იყო ნერვებმოშლილი, ვერ გეტყვით. თურქეთში მივდიოდი, გავიარე ყველა პროცედურა და როცა ჩამირტყა ბეჭედი, პასპორტი ფანჯარაში მესროლა.

პასპორტი ავიღე და გაბრაზებული შევხედე, სხვა არაფერი მითქვამს. გასვლას რომ ვაპირებდი მითხრა, მომეცი პასპორტი ეხლავეო. იქ სხვა პირებიც იყვნენ და ყველა მომესია, მაჯებზე მექაჩებოდნენ და ცდილობდნენ პასპორტის გამორთმევას. ვეკითხებოდი თუ რისთვის მთხოვდნენ უკან პასპორტს, რა გავაკეთე არასწორი-მეთქი. ისინი თურქულად საუბრობდნენ და ვერ გავიგე რას განიხილავდნენ.

გასაგებია, რომ წითელი ხალიჩის დაგების ვალდებულება არ აქვთ მესაზღვრეებს, მაგრამ არც იმის უფლება აქვთ სახეში მესროლოს პასპორტი და მერე ხელები მიგრიხოს. ვფიქრობ, მებაჟეც ვალდებულია ცოტა მეტი პატივისცემით მოექცეს მოქალაქეებს“, -ამბობს ნათია.

ნათია შავაძის თქმით, მებაჟემ ამ ინცინდენტის შემდეგ პასპორტი მაინც გამოართვა და მასში ბეჭედი რამდენჯერმე ჩაარტყა.

„ოთხჯერ ჩაარტყა ბეჭედი და შესვლის უფლება გამიუქმა. ეს რა ნევროზული ქცევაა“, – ამბობს შავაძე.

ნათია შავაძე ამბობს, რომ ის აპირებს შეხვდეს ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს ამ საკითხზე და ასევე იურისტებთან გადის კონსულტაციას არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი, რომ „ბოდიში მაინც მოიხადონ“.

„ბათუმელები“  თურქეთის საკონსულოსაც დაუკავშირდა კომენტარისთვის. საკონსულოს განმარტებას ამ საკითხზე მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნათია შავაძე ამბობს, რომ მებაჟემ პასპორტი წაართვა და შესვლის უფლება გაუუქმა.

 

 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით ლავასოღლს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ვიდრე მოსამართლე ლევან გელოვანი სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა, ბრალდებულმა შოთა კეკელიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს აგრესიულად მიმართა:

„ჩვენ გავაკეთეთ რამე კანონსაწინააღმდეგო და თქვენ ყველაფერს კანონიერად აკეთებთ? 2004 წლიდან პროკურორი ხართ და კარგად გიცნობთ. გახსოვთ, რა პირობებში გამიფორმეთ ადრე საპროცესო?… ახლა საკანშიც მარტო მამყოფებენ…“ – თქვა ბრალდებულმა.

პროკურორს შოთა კეკელიძისთვის არაფერი უპასუხია.

საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე, რომლის არსებითი განხილვა მოსამართლე ლევან გელოვანმა დღეს, 16 ოქტომბერს დაიწყო.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“. პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

სასამართლო პროცესზე ისევ არ გამოცხადდა ერთ-ერთი ბრალდებული – მინდია ლავასოღლი. ის თურქეთში იმყოფება. პროცესზე არც მისი ადვოკატები მოვიდნენ: ლექსო კობაიძე და თეონა ნიკოლაიშვილი.

„ადვოკატებს არაფერი უცნობებიათ სასამართლოსთვის,“ – აღნიშნა მოსამართლე ლევან გელოვანმა.

„ამ მოქმედებით მხარეს პროცესის გაჭიანურება სურს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ სასამართლო სხდომის გადადების,“ – უთხრა მოსამართლეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ. მანვე შუამდგომლობა დააყენა, მინდია ლავასოღლი სახაზინო, ანუ იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატებმა დაიცვან.

პროკურორს დანარჩენი ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ.

„შესაძლოა, რაიმე პრობლემა შეექმნათ ადვოკატებს. ისინი თბილისიდან უნდა ჩამოსულიყვნენ,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა ადვოკატმა, მზია დიასამიძემ.

მსჯელობის შემდეგ მოსამართლემ თქვა, რომ სხდომა გადადებულია. მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა – მინდია ლავასოღლს შემდეგ პროცესებზე იურიდიული დახმარების ცენტრი დაიცავს.

რატომ არ გამოცხადდნენ პროცესზე ადვოკატები – „ბათუმელებმა“ ლექსო კობაიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ტელეფონს არ უპასუხა.

„არ მომისმენია საერთოდ,“ – გვითხრა სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა რამაზ შავაძემ. მას იმ ბრალდებულის შესახებ ვკითხეთ, რომელიც მას სხდომის დაწყებამდე მიმართავდა.

ამ თემაზე:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

დაიწყო თუ არა გამოძიება აჭარიდან გადაგზავნილ აუდიტის მასალებზე, პროკურატურა არ ასაჯაროებს

აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ჩატარებული აუდიტის შედეგად, 2013 წლიდან დღემდე პერიოდში, პროკურატურაში 41 საქმეა გადაგზავნილი. აქედან 28 საქმე 2015 წლის ნოემბრამდე, მომდევნო პერიოდში კი – 13 საქმე.

„…სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ ეგზავნება მხოლოდ ის მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ,“  – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

2013 წლიდან 2015 წლის ნოემბრამდე პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული მასალებიდან [28 საქმეზე] რამდენზე დაიწყო გამოძიება? დასრულდა თუ არა რომელიმე მათგანზე გამოძიება და რა შედეგით? – ამ ორ შეკითხვაზე პასუხი, სამი წლის წინ, მიუხედავად ოფიციალური მიმართვისა, საქართველოს პროკურატურამ არ გაგვცა.

საქართველოსა და აჭარის პროკურატურაში 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე პერიოდში გადაგზავნილი აუდიტის ანგარიშების [13 საქმე] შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან მაინც გამოვითხოვეთ. კერძოდ, დაიწყო თუ არა გამოძიება აუდიტის ანგარიშების საფუძველზე, რომელი მუხლით და რა ეტაპზეა გამოძიება თითოეულ საქმესთან დაკავშირებით [მიმართა თუ არა პროკურატურამ რომელიმე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს? რომელ საქმეებზე?]

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განიხილა თქვენი 2018 წლის 04 ოქტომბრის განცხადება, რომლის პასუხად გაცნობებთ შემდეგს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა“, – მოგვწერეს ამჯერად მთავარი პროკურატურიდან.

ამ პასუხიდან და, ზოგადად, პროკურატურის საქმიანობიდან გამომდინარე, გამოდის, რომ თუ თავად პროკურატურამ არ გამოიჩინა „კეთილი ნება“ და არ განაცხადა, ისე ვერცერთ საქმეზე ვერ მივიღებთ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა გამოძიება. არადა, ამა თუ იმ საქმეზე გამოძიების დაწყებისა თუ საქმის მიმდინარეობის შესახებ განცხადებებს პროკურატურა თავად ხშირად აკეთებს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“.

ამ შემთხვევაში, ეტყობა, მთავარი პროკურატურა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა-დაკარგვასა თუ არამიზნობრივ გამოყენებაზე გამოძიების დაწყება-არდაწყების შესახებ ინფორმაციას „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ სფეროდ არ თვლის. არადა, აუდიტის მასალების მიხედვით, მაგალითად, ერთ შემთხვევაში „აუდიტის ჩატარებისას გამოვლინდა „ჰიგიენა 2009-ში“ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის – 5 004 200 ლარის შესაძლო მითვისების ფაქტი“, ხოლო მეორე შემთხვევაში „მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“.

[gray_box]აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ჩატარებული აუდიტის მასალები, რომლებიც პროკურატურაშია გადაგზავნილი [წლების მიხედვით]:[/gray_box]

2018 

  • ქალაქ ბათუმის მერიის მიერ „იაფი სახლი-სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფინანსური აუდიტის მასალები [ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი];

2017

  • შპს „ჰიგიენა 2009“-ში საბიუჯეტო სახსრების შესაძლო მითვისების შესახებ;
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები;
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები;

2016

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში;
  • ააიპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტის ანგარიში;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება აუდიტის მასალები;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის კულტურის განვითარების ხელშეწყობა 2015 წლის შესაბამისობის აუდიტის მასალები;

2015  [მეოთხე კვარტალი]

  • ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი.

აუდიტის ზოგიერთი მასალების შესახებ ვრცლად:

[red_box]1 430 342 ლარის ზიანი – „იაფი სახლის“ აუდიტის მასალები მთავარ პროკურატურაში[/red_box]

[red_box]აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში[/red_box]

[red_box]ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში[/red_box]

[red_box]დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში[/red_box]

 

მთავარი ფოტო: სები

ხმაურისთვის 16-ჯერ დაჯარიმებული ღამის კლუბი ბათუმში

გადაჭარბებული ხმაურის გამო ბათუმში მდებარე ღამის კლუბი UP TO YOU მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის სამსახურმა 16-ჯერ დააჯარიმა .ტურისტული სეზონის დასრულების გამო ღამის კლუბის კონსტრუქციას მფლობელი უკვე შლის.

„კლუბი „ჰილტონის“ წინ მდებარეობს, იქ აპარტამენტებიც არის და სასტუმროც და ხან ერთი სტუმარი იძახებდა ჩვენს სამსახურს, ხან – მეორე. ხალხს აწუხებდა იქედან გამომავალი ხმაური. არ გაჭრა არც გაფრთხილებამ, არც დალაპარაკებამ. პირველად და მეორედ რომ დაჯარიმდა, შევხვდი მესაკუთრეს, ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა გაგრძელება. ჩვენი თვითმიზანი არ არის ბიზნესის დაჯარიმება, გვინდა ხელი შევუწყოთ ბიზნესს, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო. გვითხრეს მუსიკას ვერ დავუწევთ, ყველაზე კარგი აპარატურა ჩვენ გვაქვსო“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, თემურ ხოზრევანიძემ.

„კლუბმა სასამართლოს მიმართა და ჯერჯერობით ვერ ხდება აღსრულება, რადგან ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამბობს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს იურისტი ლაშა მამულაძე.  

იურისტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სააგენტოს მოთხოვნას გაითვალისწინებს, ხმაურის გადაჭარბების გამო კლუბს 15 500 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ღამის კლუბების ხმაურის თავიდან ასარიდებლად  ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების უფროსი თემურ ხოზრევანიძე ერთ გზას ხედავს. იგი მიიჩნევს, რომ ასეთი კლუბები სჯობს ისეთ ტერიტორიაზე იყოს განთავსებული ერთად, სადაც ხმაური არც მოსახლეობას შეუაწუხებს და არც ტურისტებს.

გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ბათუმის მერიამ პირველი ივლისიდან აამოქმედა, ანუ მას შემდეგ, რაც მერიაში ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფში შეიქმნა. მანამდე ხმაურზე რეაგირება საპატრულო პოლიციას ევალებოდა.

გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 598 85 15 20.  

ამავე თემაზე: 

ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სასამართლომ დაჯარიმებაზე უარი 31-ჯერ უთხრა

მინისტრის ბრძანება, გეი კაცებისთვის დონორობის აკრძალვაზე, საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს

ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მოქალაქეები გოჩა გაბოიძე და ლევან ბერიანიძე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. დავის საგანი მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან [მსმ] სისხლის დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს, უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.

დღეს, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა სარჩელს არსებითად.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადების შეძენის მაღალი რისკის შემცველი ქცევა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სქესობრივი კავშირი ორ ან მეტ პარტნიორთან უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც ადრე ჰქონდა სისხლის გზით გადამდები ინფექცია და სხვა. ამასთანავე, ამგვარი ქცევა შესაძლოა განხორციელდეს, როგორც მსმ პირების, ისე ჰეტეროსექსუალი პირების მიერ, თუმცა სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების შეზღუდვას 10 წლის ვადით დისკრიმინაციულად აწესებს მხოლოდ მსმ პირების მიმართ, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდება 12 თვის ვადით.

ლევან ბერიანიძე და გოჩა გაბოიძე მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლება.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად,საქართველოში არსებული ტექნოლოგიების პირობებშიც კი ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“, რომლის ფარგლებშიც დონორის სისხლში არსებული ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელია, წარმოადგენს ერთ წელს. შესაბამისად, მსმ ქცევის მქონე პირისათვის სისხლის დონორობის შეზღუდვის 10 წლიანი ვადა არის გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი, ვიდრე ეს მის სისხლში არსებული ამა თუ იმ ვირუსის აღმოსაჩენადაა აუცილებელი.

ჯანდაცვის მინისტრის სადავო ბრძანება 2000 წლის 5 დეკემბერს არის მიღებული.

ბათუმი ზღვიდან [ფოტო]

მზე, ზღვა, შეზლონგი, სასიამოვნო მუსიკა და ხედი – ასეთია ზოგადი წარმოდგენა ბათუმში დასვენებაზე. თუ შეეცდებით ქალაქი ზღვიდან დაინახოთ, ასეთი ხედები დაგხვდებათ.

თუ ტურისტი პლაჟზე გასვლას ბათუმის შუქურასთან გადაწყვეტს, მას მარცნივ ეს ხედი ხვდება
მარჯვნივ კი ეს
ცოტა მოშორებით, პლაჟიდან ასეთი ხედია
ეს კონსტრუქციაც ბათუმის პლაჟზეა
პლაჟზევეა ქართული სამზარეულოც
ახალი ბულვარისკენ ხედი ახალმა კორპუსებმა “მიითვისა”

ეს მშენებლობა ახალ ბულვარში პირდაპირ პლაჟზე მიმდინარეობს

ბათუმის ხედი ზღვიდან

ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სასამართლომ დაჯარიმებაზე უარი 31-ჯერ უთხრა

პირებს, რომლებიც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტომ დააჯარიმა, ეჭვი აქვთ, რომ მონიტორები ფიზიკურ და ასევე იურიდიულ პირებს რიგ შემთხვევებში პირდაპირ, გაფრთხილების გარეშე, შერჩევით აჯარიმებენ, ზოგჯერ კი დამრღვევს აფრთხილებენ და ვადას აძლევენ. ამის თაობაზე მათ სახელისა და გვარის დასახელებით საუბარი არ სურთ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ მომავალში სააგენტოს თანამშრომლებთან პრობლემები შეექმნათ.

მუნიციპალური სერვისების სააგენტოში ამბობენ, რომ ასეთ ეჭვს საფუძველი არ აქვს, თუმცა ადასტურებენ იმასაც, რომ მათ მიერ სასამართლოში გადაგზავნილი საქმეებიდან უმეტეს შემთხვევაში სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა.

სასამართლოში ასეთ პრაქტიკას სააგენტოს იურისტი სულ სხვა მოტივით ხსნის:

„თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ ქმედება არის მცირედ მნიშვნელოვანი, ის ითვალისწინებს სამართალდარღვევის ხასიათს, დამრღვევის ეკონომიკურ მდგომარეობას და მის გულწრფელ მონანიებას. სასამართლოს შეუძლია სამართალდამრღვევი გაათავისუფლოს ჯარიმისგან, ცნობს სამართალდამრღვევად, ოღონდ აუცილებელი პირობაა, რომ მან სამართალდარღვევა გამოასწოროს. თუმცა გვქონდა ორი შემთხვევა, რომელზეც სამართალდამრღვევმა ოქმის შედგენის დროს ახსნა-განმარტება მისცა, რომ გამოასწორებდა, რის შემდეგაც სასამართლომ დაგვავალა ხელახლა წარგვედგინა ფოტომასალა და სასამართლომ ის გაათავისუფლა ჯარიმისგან. მეორე დღეს კი, როცა იგივე ადგილზე გაიარა მონიტორმა, დამრღვევს ის დახლები ისევ განთავსებული ჰქონდა,“ – განმარტა ლაშა მამულაძემ.

ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ხელახლა ოქმის შევსებას დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში ითვალისწინებს.

ფოტო: ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო

მუნიციპალური სერვისების სააგენტო ბათუმის მერიამ ახალი მერის, ლაშა კომახიძის არჩევისა და მერიაში რესტრუქტურიზაციის დაწყების შემდეგ, 2018 წლის ივლისში დააფუძნა, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი. სააგენტოს მერიის მიერ დელეგირებული აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები.

სააგენტომ ოფიციალურად მუშაობა პირველი აგვისტოდან დაიწყო და ამ დრომდე 71 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა. სააგენტოს იურისტის ინფორმაციით დამატებით შედგენილია და ამ ორ ან სამ დღეში სასამართლოში გადავა კიდევ 17 ოქმი.

71 ოქმიდან სასამართლომ 57 საქმე უკვე განიხილა და 26 შემთხვევაში სააგენტოს მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებით დასრულდა, 31 საქმეზე კი სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

სააგენტოს დაჯარიმებების თემატურად დიფერენცირებული სტატისტიკა არ აქვს, იურისტის ინფორმაციით კი ჯარიმები ძირითადად საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვაზე მოდის:

„ეს გულისხმობს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვას გარევაჭრობის საგნებით: მაგიდებით, სკამებით, საჩრდილობლებით, დასადგამი აპარატებით, მაცივრებით, არაალკოჰოლური და სანაყინე მაცივრებით… საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვა ხშირად ფიქსირდება ასევე სამშენებლო მასალებით. მაგალითად, კომპანიამ მშენებარე ობიექტის წინ განათავსა ე.წ არმატურა, რის გამოც მოქალაქეები ვერ გადაადგილდებოდნენ, საუბარია ტროტუარების თვითნებურ დაკავებაზე, მათ შორის არიან ღია კაფეებიც“.

საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა ფიზიკური პირის – 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. სამართალდარღვევის განმეორების, ან 20 დღის განმავლობაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 4000 ლარით ჯარიმდება .

სააგენტოში მოქმედებს ასევე ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომელიც აკონტროლებს, როგორც აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენებას ღამის საათებში. ამ დრომდე პიროტექნიკის გამოყენებაზე სააგენტოს მხოლოდ ერთი პირი დაუჯარიმებია: „ჯგუფი რომ მიდის უკვე დასრულებულია პროცესი და რთულია იმის გამორკვევა ვინ არის სამართალდამრღვევი“ – გვეუბნებიან სააგენტოში.

ხმაურის ნორმების გადაჭარბების გამო სააგენტოს შესაბამის სამსახურს მერიის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებასთან ერთად ამ დრომდე 47 პირი დაუჯარიმებია, მათ შორის არიან როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები:

„ჯამში თანხობრივად ამ დაჯარიმებებმა 36 500 ლარი შეადგინა. აქედან 16 – ჯერ დავაჯარიმეთ ერთ-ერთი კლუბი, რომელმაც სასამართლოს მიმართა და ჯერჯერობით ვერ ხდება აღსრულება, რადგან ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – ამბობს იურისტი.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სააგენტოს მოთხოვნას გაითვალისწინებს, კლუბს ხმაურის გადაჭარბების გამო 15 500 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მუნიციპალური სერვისების სააგენტო აკონტროლებს ასევე ქალაქში დასახლებულ ადგილებში ხმაურის გადაჭარბების შემთხვევებს, ამ მიმართულებით ძირითადად ღამის კლუბები და  ბუნგალოები დაუჯარიმებიათ, ძირითადად მუსიკის ხმის გადაჭარბების გამო.

ხმაურის გადაჭარბებისას კანონი პირველივე შემთხვევაში გაფრთხილებას ითვალისწინებს, თუმცა ოქმს მაინც ადგენენ, ხოლო დარღვევის განმეორებისას უკვე შემდგარი ოქმი გადაეგზავნება სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სააგენტო ოქმს აუქმებს, თუმცა სააგენტოს ამ დრომდე არ ჰქონია ოქმის გაუქმების შემთხვევა.

დებულების მიხედვით სააგენტოს ფუნქციებში შედის რეაგირება არასწორ პარკირებისა და უკანონო მშენებლობებზეც, თუმცა ამ მიმართულებით სააგენტოს ჯერ ერთი ოქმიც კი არ შეუდგენია, რადგან ამ ფუნქციებს სხვა სამსახურები ასრულებენ.

რა პროფესიებზეა მოთხოვნა პოლონეთსა და ესტონეთში – დასაქმების ვებგვერდის პრეზენტაცია

12-13 ოქტომბერს, ბათუმში მყოფი ევროკავშირის ელჩის,  კარლ ჰარცელის ერთ-ერთი შეხვედრის თემა პროფესიული განათლება იყო.  ევროკავშირმა წლის დასაწყისში საქართველოს 140 მილიონი ლარის მოცულობის დახმარება გამოუყო გრანტის სახით. რეფორმები მოიცავდა როგორც ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების, ასევე პროფესიული განათლებისა და დასაქმების სფეროებს.

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში პროფესიული განათლების პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა, რომ ამ სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირი მომავალ წელსაც გააგრძელებს.

ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს პროფესიულ სფეროში კადრების გადამზადების მიმართულებით, რათა ადამიანები გახდნენ  კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

„დღევანდელი განათლების რეფორმა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ტრადიციული განათლება ვეღარ ეწევა და აღარ შეესაბამება გლობალიზაციის მიერ მოტანილ სტანდარტებს რომელიც  დღეს მსოფლიოში არსებობს.

ჩვენ კარგი ურთიერობა გვაქვს როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ბიზნესთან, იმისათვის, რომ განსაზღვრული იყოს, თუ რა სჭირდება ბაზარს, რა პოზიციებზეა მეტი მოთხოვნა და ამ მიმართულებით მოხდეს  ადამიანების გადამზადება“ – განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბსუ-ში

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს დასაქმების პორტალი, worknet.gov.ge  გააცნო, სადაც დასაქმების მსურველებს შეუძლიათ მოიძიონ სამუშაო არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ ევროპის ქვეყნებშიც.

მარიამ ბეზარაშვილის თქმით, ამ პორტალზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები ტექსტური შეტყობინებების სახით პერმანენტულად მიიღებენ ინფორმაციას ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ.

„მითითებული იქნება არა მარტო სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, არამედ ისიც, თუ რა ასაკის და რა პროფესიის კადრზეა მოთხოვნა“ – განაცხადა მან.

ბეზარაშვილის თქმით, გაზრდილია საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში, კონკრეტულად კი, პოლონეთსა და ესტონეთში.

„ამ ეტაპზე შემდუღებლებსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებზეა მოთხოვნა ამ ქვეყნებში. იყო  სამუშაო სათბურშიც, თუმცა ჩვენი მოქალაქეები ამ სამუშაოთი არ დაინტერესდნენ. დასაქმებული ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი და ანაზღაურება იწყებოდა 450 ევროდან. სამწუხარო რეალობაა, რომ ბევრს სახლში ჯდომა ურჩევნია, რადგან სახელმწიფო ფარავს გზის, ბავშვის განათლების, კომუნალურ და ასე შემდეგ ხარჯებს. ამიტომ 450 ევროდ მუშაობა არ უღირთ. ევროპაში დასაქმების პლუსი ისიც არის, რომ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, დამსაქმებელი სამთვიან კონტრაქტს აფორმებს დასაქმებულთან თუ ადამიანი კარგად იმუშავებს“ – გვითხრა მან.

შეხვედრა სტუდენტებთან

ბეზარაშვილის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ფონდთან და ის აწვდის ლეგალური სამუშაოების შესახებ ინფორმაციას:

„არალეგალად რომ არ დარჩეს დასაქმებული ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ამის კონტროლს მიგრაციის საერთაშორისო ფონდი ახორციელებს. თვითონ გადიან მონიტორინგზე, დამსაქმებლებს ეკონტაქტებიან, შერჩეულ ბენეფიციარებს ნახულობენ, რომ მათი შრომითი უფლებები არ იყოს დარღვეული“.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნას საქართველოში, მარიამ ბეზარაშვილის თქმით, ამჟამად ყველაზე მეტი მოთხოვნაა სამშენებლო, სავაჭრო და სასტუმრო სექტორში.

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ბოლო რვა თვის მონაცემების მიხედვით, სააგენტოს ხელშეწყობით 1 323 ადამიანი დასაქმდა გრძელვადიანი ხელშეკრულებით საქართველოში, აქედან 65 შშმ პირია, გასულ წელს კი,  2 ათასზე მეტი პირი დასაქმდა.

სტუდენტი ქედიდან, რომელიც სამედიცინო ფიზიკას იტალიაში სწავლობს

25 წლის რევაზ თურმანიძე უკვე თითქმის ერთი წელია სწავლობს იტალიაში ფიზიკის მსოფლიო საერთაშორისო ცენტრისა და ტრიესტეს უნივერსიტეტის ბირთვული და სამედიცინო ფიზიკის გაძლიერებულ სამაგისტრო კურსზე. ამბობს, რომ ამ მიმართულებით მოულოდნელად დაინტერესდა: ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლისას საზაფხულო და ზამთრის სკოლებში სწავლობდა, იქ სამედიცინო ფიზიკის შესახებ შეიტყო და მას მერე მიხვდა, რომ ეს ის იყო, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება არ მობეზრდებოდა.

მართალია სამედიცინო ფიზიკის შესახებ საწყისი თეორიული ცოდნა მიიღო საზაფხულო და ზამთრის სკოლებში, მაგრამ არ იცოდა სამომავლოდ როგორ ისწავლიდა ამ მიმართულებაზე სიღრმისეულად და ცოდნას პრაქტიკაში როგორ გამოიყენებდა. მოვლენები სწრაფად განვითარდა: რევაზმა თავიდან ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო ტექნიკის შემკეთებლად დაიწყო მუშაობა, მერე გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ გაეგო რადიოთერაპიაში გამოყენებული ამაჩქარებლების, სიმსივნეებზე რადიაციის გავლენების შესახებ და საბოლოოდ სამედიცინო ფიზიკოსის შტატიც შესთავაზეს თურქულ კლინიკაში. ამბობს, რომ ამ პოზიციაზე სამი წელი მუშაობდა. საქართველოში ბევრი სტუდენტი არ ინტერესდება ამ მიმართულები და სწორედ ამიტომ, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ატომური, ბირთვული ენერგიის სააგენტოდან, მერე კი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდანაც დაუკავშირდნენ, შესთავაზეს იტალიის ქალაქ ტრიესტეში წასულიყო, სადაც უნივერსიტეტში, თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში სწავლობდნენ უცხოელი სტუდენტები სამედიცინო ფიზიკის გაძლიერებულ სამაგისტრო პროგრამაზე.

ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის ამ პროგრამაზე მოსახვედრად საჭიროა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრება, ცენტრი ბაკალავრებისთვის არ არის გათვლილი.

რევაზ თურმანიძე სამედიცინო ფიზიკის მაგისტრანტებთან ერთად. თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი, იტალია, ტრიესტე / ფოტო: რევაზ თურმანიძის ფეისბუქგვერდიდან

სამედიცინო ფიზიკა საქართველოში არაპოპულარული მიმართულებაა, ამ მიმართულების ფიზიკოსების არსებობა საავადმყოფოებისთვის ძვირიანი ფუფუნებაა და მხოლოდ განვითარებული ქვეყნების სტანდარტები მოითხოვს სამედიცინო დაწესებულებებში მათ ყოფნას.

„სამედიცინო ფიზიკა საქართველოში მალე ძალიან გახდება მნიშვნელოვანი, რადგან ევროკავშირთან ინტეგრაცია, ევროპული სტანდარტი გულისხმობს მკაცრ მოთხოვნებს საავადმყოფოების მიმართ რადიაციული თავდაცვასა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობები აქვთ საავადმყოფოებს ევროპაში რადიაციის მაგენერირებელი ხელსაწყოების ფლობის გამო. სამედიცინო ფიზიკოსები არიან პროფესიონალები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ტიპის ტექნიკის გამართულ მუშაობაზე“ – ამბობს რევაზი.

მისივე თქმით, სამედიცინო ფიზიკა ბირთვული და ბევრი სხვა მიმართულების ფიზიკის შესწავლას გულისხმობს, გჭირდება ძალიან ბევრი რამის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე დიდია სამედიცინო ფიზიკოსის პასუხისმგებლობაც: „დიდი ცოდნა და პასუხისმგებლობა კი ერთად ძვირია. ეს არის ფაქტორები, რის გამოც საქართველოში არ ჰყავთ სამედიცინო ფიზიკოსები.

რევაზ თურმანიძე საფრანგეთის ნაკრების ფინალურ მატჩზე ხორვატიაში, მეგობრებთან ერთად / ფოტო: რევაზ თურმანიძის ფეისბუქგვერდიდან.

ევროპაში თითო საავადმყოფოში, 6 – 7 სამედიცინო ფიზიკოსი ჰყავთ. ამ გადმოსახედიდან ვერ წარმომიდგენია კლინიკაში იყოს, რენტგენი, რადიოთერაპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული აპარატი, ექოსკოპია, სხვა სადიაგნოსტიკო აპარატები და არ იყოს სამედიცინო ფიზიკოსი. ყველა ამ აპარატს სჭირდება ძალიან ხშირი შემოწმება და მონიტორინგი გამართული მუშაობისთვის“- ამბობს რევაზი.

 

კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას რევაზ თურმანიძე გვპასუხობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება:

„ჩვენს სოფელში, მერისში, რომელიც აჭარის მთიანეთშია, უცხოელი სტუმარი გვყავს, მიწას ეძებს სოფელში, რომ იყიდოს. ვერ წარმომიდგენია უცხოეთში დარჩენა, სწავლას რომ მოვრჩები საქართველოში ვბრუნდები და რადიოთერაპიის მიმართულებით ვიმუშავებ“.

საქართველოში დაბრუნებამდე რევაზმა კიდევ ერთი წელი და რამდენიმე თვე უნდა გაატაროს იტალიაში. კულტურულ შოკზე და უცნაურ მოულოდნელობებზე ყვება, რაც თითქმის ერთი წლის წინ სასწავლებლად წასულს დღემდე აკვირვებს:

„დღემდე მაოცებს პროფესორების უბრალო და უშუალო დამოკიდებულება სტუდენტებთან, არ ვიცი როგორ ახერხებენ ცოდნის ისე გადმოცემას, რომ აზრადაც არავის მოსდის აქ იფიქროს ნიშანზე, ქულებზე, აკადემიურ მოსწრებაზე. აქ თუ ხარ ნიშნავს რომ აუცილებლად გაინტერესებს ყველაფერი.

სტუდენტზე სრულად მორგებული გარემოა, უზომოდ კომფორტული: გვაქვს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა, პერსონალური კომპიუტერები განუსაზღვრელი დროით, თავისუფალი მოხმარების ქსეროქსისა და სკანერის აპარატები ყველაფრის ამოსაბეჭდად, რაც კი დაგვჭირდება. ყველა წვრილმან საქმეს სხვადასხვა კადრი უზრუნველყოფს უნივერსიტეტში: მაგალითად არის „გრძელვადიანი აკომოდაციის სპეციალისტი“ – ვისაც ევალება უცხოელი სტუდენტების დახმარება საცხოვრებლის ძებნისას, უნივერსიტეტის შტატია ასევე Mail Man – ი, რომელიც ფოსტალიონის მოვალეობას ასრულებს: ჩვენს ამანათებს იღებს, ახარისხებს და გვირიგებს, რომ ჩვენ ფოსტაში სიარულზე არ მოვცდეთ.

გაძლიერებული მაგისტრატურის სამედიცინო ფიზიკის  მიმართულებაზე 17 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი ვსწავლობთ: აზიელები, აფრიკელები, ვეროპელები, ლათინოამერიკელები. ყოველდღე, როცა სადმე ვსხდებით და ვსაუბრობთ, თემებს ვერ ვწურავთ: იმდენად განსხვავებული და საინტერესო კულტურა აქვს ყველას. გვყავს სტუდენტები პაპუა ახალი გვინეადან, კუნძულ ბალიდან, სუდანიდან, სენეგალიდან, ეკვადორიდან, გვატემალადან, ნიკარაგუადან და ა.შ.

სამედიცინო ფიზიკის გარდა აქ, იტალიის ამ ქალაქში ბევრ სხვა რამეს ვსწავლობ, მთელი მსოფლიოს კულტურას, რასაც სხვადასხვანაირ ადამიანებთან ურთიერთობით ეზიარები“- ამბობს რევაზ თურმანიძე.

ტრიესტეს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტის სამაგისტრო კურსი ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციისა და აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტიპენდიითაა დაფინანსებული.

რევაზ თურმანიძე მეგობრებთან ერთად, იტალია, ტრიესტე / ფოტო: რევაზ თურმანიძის ფეისბუქგვერდიდან

მოსაბრუნებელი გზა მახინჯაურის გვირაბის თავზე – დამატებით 4,4 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი გზის მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო თანხა 4 485 415 ლარია. მოსაბრუნებელი გზა, რომელიც მახინჯაურის მხრიდან გვირაბის თავზე გადაივლის, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ჯერ ის ნაკვეთები, სადაც გზა გაივლის, კერძო მესაკუთრეებისგან სახელმწიფოს არ გამოუსყიდია.

მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმება მიღწეული რომ არ არის, „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში დაუდასტურეს. რატომ გამოცხადდა ტენდერი ნაკვეთების გამოსყიდვის გარეშე და რამდენადაა შეფასებული ეს ნაკვეთები? – ამ კითხვებზე დეპარტამენტისგან პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული გზა გადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 7910 კვ/მ და კერძო საკუთრებაში არსებულ 2620 კვ/მ  მიწის ნაკვეთებზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ კერძო ნაკვეთებს სულ ცოტა 8-10 მესაკუთრე ჰყავს.

მოსაბრუნებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და იმავე წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა აღმოჩნდა საკმარისი, რაც კვანძის ასაშენებლად გათვალეს.

გზის გარკვეული ნაწილის მშენებლობაზე და შესაბამის კვლევა-პროექტირებაზე დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „გზამ“ შეასრულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჯერად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცედურა მიმდინარეობს.

მოსაბრუნებელი გზა გვირაბთან / პროექტი

„მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი“ – განაცხადეს თავის დროზე დეპარტამენტში.

ეს კვანძი, ანუ მოსაბრუნებელი გზა, პროექტის მიხედვით, უშუალოდ გვირაბების თავზე გაივლის, შესაბამისად, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, იგეგმება არსებული გვირაბების გამაგრებაც, რათა მან დატვირთვას გაუძლოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 2 ნოემბერს დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება.

ამ თემაზე:

ფერდების მდგრადობა არ აკმაყოფილებს ნორმებს – მშენებლობა გვირაბთან 4,7 მილიონით ძვირდება

სტუდენტების საერთო საცხოვრებელთან ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი ხე ამოთხარეს

მთავარი ფოტო: ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი, სადაც მოსაბრუნებელი გზა უნდა მოეწყოს.

სასამართლო დავა მოსამართლის წინააღმდეგ

„ჩვენ ვითხოვთ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მოწმის სახით დაკითხვას,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „ბი ეს ჯგუფის“ დირექტორმა, რეზო შავაძემ. შუამდგომლობა კოლეგა მოსამართლის დაკითხვის შესახებ ჯერ ინდირა მაშანეიშვილს არ განუხილავს, რადგან ერთ-ერთი მხარე დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა და საქმის განხილვის გადადება გახდა საჭირო.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე, ვის დაკითხვასაც ბიზნესმენი ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. 2010 წელს იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო. ვოლეტა ფორჩხიძის მიერ 2010 წელს სამოქალაქო საქმეზე მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს კომპანია „ბი ეს ჯგუფი“. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომის ოქმები გაყალბებულია, ასევე ხელმოწერები, რომლითაც ჩანს, რომ „ბი ეს ჯგუფი“ 2010 წელს გამართულ სასამართლო სხდომებს ესწრებოდა.

2010 წელს კონკრეტულმა ფიზიკურმა პირებმა მოიგეს ქონებრივი დავა „ბი ეს ჯგუფის“ და რამდენიმე ფიზიკური პირის წინააღმდეგ.

„ბი ეს ჯგუფი“ იყო მოპასუხე იმ სასამართლო დავაში, რომელიც 2010 წელს განიხილა სასამართლომ. ჩვენთვის ამ პროცესების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. არცერთ სხდომას ჩვენ არ დავსწრებივართ. სასამართლო სხდომა და შესაბამისად გადაწყვეტილება გაყალბებულია. სასამართლომ შეგნებულად არ უზრუნველყო მხარის სასამართლო სხდომაზე დასწრება. სხდომის ოქმებიდან ჩანს, რომ ჩვენ თითქოს ამ პროცესს ვესწრებოდით. რეალურად საქმის მასალები 2017 წლის 11 ოქტომბერს ჩავიბარეთ,“ – განმარტავს რეზო შავაძე, „ბი ეს ჯგუფის“ დირექტორი.

რეზო შავაძემ სასამართლოში კომპანია „მაგთიკომის“ ამონაწერები წარმოადგინა, რომლითაც ჩანს, რომ „ბი ეს ჯგუფის“ ადვოკატის ტელეფონზე სასამართლოდან არავის დაურეკავს.

„ეს არის ოფიციალური ამონაწერი. აქედან ცალსახად დასტურდება ის, რომ ჯუმბერ ქართველიშვილისთვის მოსამართლის თანაშემწეს არ დაურეკავს. საქმის მასალებში კი აღწერილია, კონკრეტულად რომელ დღეს, რომელ საათზე დაურეკა მოსამართლის თანაშემწემ ადვოკატს,“ – აღნიშნავს რეზო შავაძე.

„ბი ეს ჯგუფი“ სასამართლოში ასევე ითხოვს კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებას იმის გასარკვევად, არის თუ არა ნამდვილი სხდომის ოქმზე დატანილი ხელმოწერა. კომპანიის მტკიცებით, ხელმოწერა გაყალბებულია.

„ნეიტრალურ იურისტს შეგიძლიათ კითხოთ და ის გეტყვით, რომ სიყალბე ასე, ამ ფორმით არ დგინდება. შეუძლებელია სამოქალაქო საქმეზე სიყალბე დადგინდეს. 20 წელია ადვოკატი ვარ და სიყალბის დადგენა ამ ფორმით არასდროს მომითხოვია,“ – ეს კახა ფალავანდიშვილმა გვითხრა, რომელიც იმ ფიზიკური პირების ინტერესებს იცავს, რომლებმაც 2010 წელს სასამართლო დავა „ბი ეს ჯგუფის“ და კიდევ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მოიგეს. კახა ფალავანდიშვილმა გვითხრა, რომ შეთანხმების გარეშე საქმის დეტალებს ვერ მოგვიყვება. მას ვკითხეთ, ესწრებოდა თუ არა ნამდვილად სხდომას „ბი ეს ჯგუფი“.

გაყალბებულია თუ არა ხელმოწერები სასამართლო სხდომის ოქმზე, ან გააყალბა თუ არა სასამართლომ მტკიცებულებები – ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რადგან სამოხელეო დანაშაული სისხლის სამართლის საქმეა.

„ბი ეს ჯგუფის“ დირექტორის, რეზო შავაძის ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიებაც არის დაწყებული და მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.

კომპანია ცდილობს გამოძიების შედეგის მიუხედავად, სამოქალაქო დავის ფარგლებში გაუქმდეს 2010 წელს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება.

„მიმდინარეობს გამოძიება სასამართლო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. მე, როგორც ვიცი, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე და მისი თანაშემწე გამოძიებამ უკვე დაკითხა, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები, რომლის შედეგებიც ჯერ უცნობია,“ – გვითხრა რეზო შავაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ.

სამოქალაქო დავის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, ერთ მოსამართლეს მეორე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გაბათილება მოუწევს. მანამდე კი, მორიგ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, მოუსმენს თუ არა მოწმის სახით მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს.

მთავარ ფოტოზე: კომპანია „ბი ეს ჯგუფის“ დირექტორი რეზო შავაძე

 

 

 

მზარეული – ყველაზე მოთხოვნადი პროფესია სასწავლებლებში

2018  წლის საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულმა სასწავლებლებმა  5 994 ადგილზე გამოაცხადეს მიღება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ გამოცდებზე 5 900 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

რეგისტრანტთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე მოთხოვნად პროფესიათა ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. მზარეული
  2. ინფორმაციის ტექნოლოგია
  3. ვებ ინტერფეისის დეველოპერი
  4. ელექტროობა
  5. ბუღალტრული აღრიცხვა

მზარეულის პროფესია 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზეც ყველაზე მოთხოვნადი იყო.  2017 წელს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის მეორე პოზიციას იკავებდა ბუღალტერი, თუმცა, წელს  მეხუთე პოზიციაზე გადმოინაცვლა.

მესამე ადგილს იკავებდა ოფისის მენეჯერი (მდივან რეფერენტი), 2018 წლის მიღებაზე,  ეს პროფესია ხუთეულში საერთოდ ვეღარ მოხვდა. ის ვებ ინტერფეისის დეველოპერმა ჩაანაცვლა.

საინფორმაციო ტექნოლოგიებმა კი მეოთხე ადგილიდან მეორეზე გადმოინაცვლა.

სამინისტროში გვეუბნებიან, რომ დასაქმებულთა შესახებ კვლევები 2016 წელს გაკეთდა, რომლის მიხედვით პროფესიული გადამზადების შემდეგ 56,2 პროცენტით გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე, ბოლო ორი წლის კვლევა კი ჯერ არ გაკეთებულა.

 

 

5 მითი გრიპის ვაქცინის შესახებ

სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით იმატა გრიპის შემთხვევებმა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ გრიპის შემთხვევების სტატისტიკას მიმდინარე კვირიდან დაითვლიან, რადგანაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან (ოქტომბერი) მომდევნო წლის მე-20 კვირის  ჩათვლით პერიოდი.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ჯანმო-ს რეკომენდაცია გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაციაა, რადგანაც იგი გრიპის პრევენციისა და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტურ სპეციფიკურ საშუალებად მიიჩნევა. არსებული სტატისტიკით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა  რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის, ესენია:  ორსულები, ბავშვები 6-59 თვის ასაკში,  ხანდაზმულები, სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლები. ასევე 18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფიცირებული პირები და სხვა პრიორიტეტული ჯგუფები: ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების  ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; კლინიკებში/სტაციონარში/სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მომუშავე სამედიცინო პერსონალი.

აცრებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. გთავაზობთ 5 მითს გრიპის აცრაზე და მათ საპასუხო ფაქტებს, რომლებსაც ჯანმო ავრცელებს:

მითი 1: გრიპი არ არის სერიოზული და აცრაც არ მჭირდება.

ფაქტი: სეზონური გრიპი ყოველწლიურად 650 000 ადამიანს კლავს. გრიპი შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანსაც დაემართოს, მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადია ის ადამიანები, ვისაც იმუნიტეტი აქვთ დაბალი. გრიპის ვირუსისგან ადამიანთა უმეტესობა რამდენიმე კვირაში რჩება, მაგრამ ზოგიერთს შესაძლოა განუვუთარდეს ყელისა და ყურის ინფექციები, ფილტვების ანთება, მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება) ან ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება).  

მითი 2: გრიპის ვაქცინა ვირუსს შეიცავს და გრიპს დამმართებს

ფაქტი: გრიპის ვაქცინა შეიცავს ინაქტივირებულ ვირუსს, რომელიც ვერანაირად გადაგდებთ გრიპს, რადგან ინაქტივირებული ნიშნავს რაიმე ნივთიერების აქტიურობის დაკარგვას. თუ აცრის შემდეგ სისუსტეს გრძნობთ, ეს ნორმალური რექციაა იმუნური სისტემისა ვაქცინაზე და როგორც წესი, მხოლოდ ერთ ან ორ დღეს გრძელდება.

მით 3: გრიპის ვაქცინას შეუძლია სერიოზული გევრდითი ეფექტები გამოიწვიოს
ფაქცტი: გრიპის ვაქცინა დამტკიცებულია რომ უსაფრთხოა. ძლიერი გვერდითი ეფექცები ძალიან იშვიათია. მილიონიდან ერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გილიან-ბარის სინდრომი, რომელიც კუნთების სისუსტესა და ატროფიას იწვევს.

მითი 4: აცრა გავიკეთე და მაინც დამემართა გრიპი, ესე იგი არ მუშაობს

ფაქტი: გრიპის საწინააღმდგო ვაქცინა ყველაზე ეფექტურია, როცა ცირკულირებადი ვირუსები უმეტესწილად შეესაბამება იმ ვირუსებს, რომლებსაც ვაქცინა შეიცავს. გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპი ყოველთვის ცირკულირებს, სწორედ ამიტომ შესაძლოა ადამიანები მაინც დაავადნენ გრიპით, მიუხედავად იმისა, რომ აცრილები არიან რომელიმე ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.

გრიპის ვირუსების მუდმივ ცვლასთან დაკავშირებით, ჯანმოს ეპიდზედამხედველობის სისტემა ამონიტორინგებს სისტემატიურად გრიპის ვირუსებს, რომლების ადამიანებს შორის ცირკულირებენ და წელიწადში ორჯერ ანახლებენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობას.

მითი 5: ორსულად ვარ და აცრა არ უნდა გავიკეთო

ფაქტი: ორსული ქალებმა განსაკუთრებით უნდა აიცრან გრიპზე, რადგან მათი იმუნური სისტემა იმაზე უფრო სუსტია ვიდრე სხვა დროს. ჯანმო იუწყება, რომ ინაქტივირებული ვაქცინა უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.

გრიპზე აცრა შესაძლებელია პოლიკლინიკებში. თუ რისკჯგუფებში არ ხართ, ვაქცინა აფთიაქში უდნა შეიძინოთ, მაგრამ ის აუცილებლად პოლიკლინიკაში უნდა გაკეთდეს, სპეციალისტის მიერ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ოქტომბერი – ნოემბრის შუა რიცხვები ყველაზე კარგი პერიოდია ასაცრელად, რათა ამ ვადაში ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება (2 კვირა) და მზად იყოს გრიპის სეზონისთვის. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობა ერთი წელია.

 

რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე

რამდენიმე დღეში მანდარინის კრეფის სეზონი დაიწყება. შევა თუ არა წელს ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე? – ციტრუსის ექსპორტიორები ამ კითხვაზე დამაიმედებელ პასუხს ვერ იძლევიან. ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის მოლოდინი არც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებლები იკლებს.

„ძირითადად მომხმარებლები არიან ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნები – ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი. რაც შეეხება ევროპას, ციტრუსი მცირე ოდენობით გადის უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში. წელს გერმანიამაც გამოხატა დაინტერესება, დეტალებზე კომპანიებთან ახლა მიდის მოლაპარაკება,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ევროპის ქვეყნებში გასულ წელს აჭარიდან მხოლოდ 1500 ტონა მანდარინი გავიდა. წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგიონში 60 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს პროგნოზირებენ. რამდენი პროცენტით გაიზრდება ქართული ციტრუსის ექსპორტი ევროპაში? – ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ზუსტ ციფრს მოლაპარაკების დასრულებამდე ვერ იტყვის, თუმცა, სავარაუდოდ, იგი 30 პროცენტით შეიძლება გაიზარდოს.

„გასულ წელს პოლონეთში დაახლოებით 60 ტონა მანდარინი გავიტანე, წელს გააჩნია მოლაპარაკებებს, როგორ დასრულდება, შესაძლებელია 200-250 ტონა გავიტანო,“ – ამბობს კახა შავაძე, ქობულეთში მდებარე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს TCF Georgia-ს დირექტორი. ციტრუსის ექსპორტიორები და მინისტრი ერთ აზრზე არიან – მიიჩნევენ, რომ არსებული მოსავლის ხარისხი არის მთავარი პრობლემა.

„ხარისხი არის მთავარი პრობლემა. პირდაპირ ბაღში მოკრეფილი, დაუმუშავებელი მანდარინი ევროპაში არავის უნდა. მეციტრუსეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ ხარისხში მას ევროპის ბაზარზე ორმაგს გადაუხდიან. შესაძლოა გადაუხადონ ოდნავ მეტი, მაგრამ ორმაგი არა,“ – გვიხსნის კახა შავაძე.

ექსპორტიორის თქმით, ის გასულ წელს ქობულეთში 50 ფერმერს გაურიგდა იმაზე, რომ ხარისხიან მოსავალს თვითონ წაიღებდა, თუმცა უმრავლესობამ ევროპაში წასაღებად გამიზნული მანდარინი აზერბაიჯანელებს მიჰყიდა.

„50 მეციტრუსეს მივეცი სასუქი უფასოდ, რომ მოევლოთ ბაღებისთვის. მათ დავპირდი, რომ სეზონზე რა ფასიც იქნებოდა, იმაზე მეტს თუ არა, იგივეს მაინც გადავიხდიდი. მათ უნდა მოეტანათ მანდარინი საწარმოში. სეზონის დადგომის დროს საწარმოში არასტანდარტული მანდარინი, ე.წ. „ენესი“ მომიტანეს.

ვიდრე მანდარინის ხარისხი არის პრობლემა, მეციტრუსემ უნდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ევროპის ბაზარი ნიშნავს სტაბილურობას. რუსეთი დღეს არის, ხვალ შესაძლოა აღარ იყოს. მეციტრუსეს დღეს ურჩევნია დაუმუშავებელი და დაუხარისხებელი მანდარინი ერთიანად მიყიდოს ბაღში მისულ კლიენტს. ევროპის ბაზრის შემთხვევაში კი, მეციტრუსეს ექნება გარანტია, რომ მისი მანდარინი ყოველწლიურად გაიყიდება. მეც მზად ვარ გავაფორმო ხელშეკრულება მეციტრუსეებთან, ფასზეც შესაძლებელია შეთანხმება, მაგრამ სამწუხაროდ, ფერმერებს ეს არ სურთ,“ – გვითხრა კახა შავაძემ.

იგივე ახსნა აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელსაც ვკითხეთ, თუ რატომ არ ინტერესდებიან ქართველი ექსპორტიორები ევროპის ბაზარზე ქართული ციტრუსის გატანით.

„მოსავლის დაახლოებით 60 პროცენტი იყიდება პირდაპირ ბაღებიდან, ყიდულობენ ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი გადამყიდველები, რომლებსაც ციტრუსი რუსეთის ბაზრისთვის მიაქვთ. ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი, მას ურჩევნია უცებ დაიკრიფოს მანდარინი და ბაღშივე ჩაუთვალონ თანხა, ვიდრე ის, რომ მივიდეს საწარმოში, გადაარჩიოს, რაც ხარჯებსაც ზრდის. საწარმომდე რეალურად არასტანდარტული მანდარინი მიდის,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მინისტრი ევროპის ბაზარზე გააქტიურების კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს – სტაბილური მიწოდება.

„ჩვენი ციტრუსი გამორჩეულია თავისი სიმჟავით, წვნიანობით, კანის სითხელით, შესაბამისად მასზე მოთხოვნა მაღალია… პოლონეთში, კრაკოვში როცა გვქონდა შეხვედრები, იქ გვითხრეს, რომ ციტრუსის მიწოდებას თუ მოვახერხებთ მუდმივ რეჟიმში, ისინი მზად არიან თანამშრომლობაზე. მთელი სეზონის მარაგი უნდა გვქონდეს – აღნიშნავს ტიტე აროშიძე.

როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის აზრით, აუცილებლად უნდა განახლდეს მანდარინის ბაღები, რადგან ნერგები უკვე მოძველებულია, მსხმოიარობა იკლებს და ნაყოფის ხარისხიც.

„ჩვენ ვთავაზობთ მეციტრუსეებს ბაღების ახალი ჯიშების ნერგებით განახლებას უფასოდ. თუ მეციტრუსე იტყვის, რომ მას მთლიანად ბაღის განახლება სურს, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ სამწუხაროდ დიდი დაინტერესება ამ პროგრამაზე არ არის. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით. ისინი მაინც უყურებენ რისკებს, თუმცა ძველ ბაღს გაცილებით მაღალი რისკი აქვს, ვიდრე ახალს. მომავალი წლიდან ასევე გვექნება მობილური ლაბორატორია, რომლითაც მივალთ ბაღებში და ვეტყვით, კონკრეტული მიწის შემადგენლობის მიხედვით, იქ გაიხარებს თუ არა ნერგი,“ – ამბობს ტიტე აროშიძე.

მინისტრი და ექსპორტიორიც მიიჩნევენ, რომ ქართული მანდარინის ფასი ევროპაში მხოლოდ მასობრივი მიწოდების შემთხვევაში გაიზრდება. არსებული მოსავლის ხარისხის პირობებში კი ამის მიღწევა შეუძლებელია.

კახა შავაძე, ექსპორტიორი: „თუ მასობრივ მიწოდებას ექნება ადგილი, უფრო გაიზრდება ფასი. ხარისხია ცალსახად პრობლემა.“

ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი: „ჩვენი მანდარინის სარეალიზაციო ღირებულება იქნება მაღალი, თუკი სტანდარტების შესაბამისი იქნება ხარისხი.“

ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორი ყურადღებას ამახვილებს ასევე შემფუთავი საწარმოების განვითარებაზე. კახა შავაძის აზრით, სახელმწიფომ საწარმოების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

სახელმწიფოსგან ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს ციტრუსის კიდევ ერთი ექსპორტიორი „აგროექსპორტის“ დირექტორი ნუგზარ სურმანიძე. მას მეათე წელია ქართული ციტრუსი რუსეთში ან უკრაინაში მიაქვს. რამდენიმე წლის წინ მანდარინი ექსპორტიორმა ავსტრიაშიც ჩაიტანა, თუმცა მას შემდეგ აღარ უცდია.

„წელს მყიდველი არ მყავს ევროპაში, ისევ რუსეთში ვაპირებ წაღებას… პრობლემა არის სავაჭრო გამოცდილება. ჩვენ ახლა ავიდგით ფეხი, იმათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ცოტა სახელმწიფომ უნდა დაგვეხმაროს კომუნიკაციაში, რეკლამაში ასევე. რამდენიმე დღის წინ დაგვიძახეს შეხვედრაზე, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე მისვლა, მაგრამ სეზონი რომ დაიწყება მერე უკვე გვიანია. მანამდე უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა სახელმწიფომ,“ – გვითხრა ნუგზარ სურმანიძემ.

ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ სამინისტრო კომუნიკაციის გააქტიურების კუთხით აქტიურად მუშაობს. სექტემბერში სამინისტრო იმ ქვეყნების კომპანიებს დაკავშირებია, რომლებსაც ქართული მანდარინი მიაქვთ. ოქტომბერში კი 11 ქვეყნის 35 კომპანიის წარმომადგენლები შეახვედრეს ქართველ ექსპორტიორებს. ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ამ შეხვედრების შედეგი იქნება ისიც, რომ წელს შესაძლოა ქართული მანდარინი გერმანიაშიც შევიდეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ციტრუსის ექსპორტი საქართველოდან ყოველწლიურად იკლებს: თუკი 2013 წელს 20 მილიონ 197 ათასი ამერიკული დოლარის ციტრუსი გავიდა ქვეყნის გარეთ, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 11 მილიონ 358 ათასამდე შემცირდა. 2018 წლის იანვრიდან აგვისტომდე 2 მილიონ 149 ათასი ლარის ციტრუსის ექსპორტი განხრციელდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ სტატისტიკაში პირდაპირ კავშირს ხედავს მანდარინის ხარისხთან.

„ეს ციფრები პირდაპირ კავშირშია ხარისხთან. ჩვენ უნდა გვქონდეს კონკურენტუნარიანი მანდარინი,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

რაც შეეხება მანდარინის ფასს – მინისტრი ამბობს, რომ ფასში მთავრობა არ ერევა და წინასწარ ვერაფერს იტყვის. ექსპორტიორების თქმით კი, ისინი მანდარინში დაახლოებით იგივეს გადაიხდიან, რასაც გასულ წელს იხდიდნენ.

______________________

ამავე თემაზე: 

რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე ციტრუსი აჭარიდან

 

უახლოესი დღეებში ბათუმში თბილი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-18 ოქტომბერს ბათუმში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  •  18 – 26 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).

___________

ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე 

 

შსს 148 ავტომობილს ყიდულობს – სატენდერო თანხა 8,6 მილიონი ლარია

შსს 88 ერთეულ ჰეჩბეკის ტიპის მსუბუქ და 60 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპის ტიპის ავტომობილს შეიძენს. სამინისტროს განაცხადში აღნიშნულია, რომ ავტომობილები შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

148 ავტომობილის შესაძენად სამინისტროს მთლიანობაში 8 653 400 ლარი აქვს გათვალისწინებული [4 228 400 ლარი ჰეჩბეკის, 4 425 000 ლარი კი პიკაპის ტიპის ავტომობილებისთვის]. ავტომობილების შეძენაზე შსს-ს ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული აუქციონის გარეშე.

სატენდერო პირობის მიხედვით, სამინისტროსთვის შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი [ექსპლუატაციაში არმყოფი] და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების სამინისტროსთვის გადაფორმება.

ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 20 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება.

________

ფოტო: police.ge 

აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი, გუშინ მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანებიან და ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ.

„ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება არის კორუმპირებული, ითვისებენ ხალხის ფულს და იჯიბავენ“- აცხადებს ვიტალი კირკიტაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ვიტალი კირკიტაძე აჭარის მთავრობის სახლთა აქციაზე.

ენმ-ის წარმომადგენლის, რეზო ხარაზის თქმით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და ადამიანებზე ზეწოლას აპროტესტებს.

„ჩვენ აქ მოვიტანეთ იმ მაღალჩინოსნების ჩამონათვალი, რომლებიც კორუფციაში არიან შემჩნეული და ეს პირები აგროვებენ საჯარო მოხელეების სიებს საარჩევნოდ. ეს ყველაფერი გამოვიარეთ 2012 წელს და გვეგონა, რომ იყო დასრულებული, მაგრამ რეალურად არ დასრულებულა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი კორუფციას აპროტესტებენ

გვაქვს 41 კაციანი სია იმ ადამიანების, რომლებიც შემჩნეული არიან აჭარის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში და საკუთარი ოჯახების გამდიდრებაში ბიუჯეტის ხარჯზე.

ისინი მფარველობენ და ხელს უწყობენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც ასარდაფებს ბიზნესმენებს და ატერორებს მოქალაქეებს. გვინდა ეს სია გადავცეთ აჭარის მთავრობას, თორნიკე რიჟვაძეს, რომ ხვალ ეს ადამიანებიც არ ვნახოთ სარდაფში“.

ენმ-ს წარმომადგენელი რეზო ხარაზი ამბობს, რომ მათ წარმოადგინეს 41 ჩინოვნიკის სია, რომლებიც საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ ხმებს აგროვებენ

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან მიიტანეს ტრანსპარანტები და საყვირები.

ოპოზიციია აქცია მთავრობის სახლთან. ბათუმი 2018
ფოტო: ლელა დუმბაძე

სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი 15 ნოემბრიდან მკაცრდება

საქრთველოს მთავრობამ სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 2018 წლის 15 ნოემბრიდან შედის ძალაში. რეგლამენტი ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებს. აღნიშნული პროდუქტების ხარისხი 15 ნოემბრიდან უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ევროსტანდარტების მოთხოვნებს. სტანდარტების დასახელებას საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო დაადგენს.

„სხვადასხვა სტანდარტები ძირითადად დადგენილია და დღეს არის არჩევანის საშუალება – შეგიძლია ამა თუ იმ სტანდარტის პროდუქცია შემოიტანო ან აწარმოო. რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ კი აღნიშნული სამშენებლო მასალები მხოლოდ იმ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება დადგენილი და დამტკიცებული. ეს იქნება, ძირითადად, ევროპული სტანდარტები“ – გვითხრეს სააგენტოში.

მწარმოებელი, იმპორტიორი თუ დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან ამ პროდუქტისთვის დადგენილ ევროპული ტექნიკური შეფასების მოთხოვნებს.

პროდუქტს თან უნდა ახლდეს ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე კი მწარმოებელმა უნდა შეადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. მწარმოებელი ასევე ვალდებულია პროდუქტზე ნიშანდებაც დაიტანოს.

ტექნიკური რეგლამენტით, 2018 წლის 15 ნოემრიდან:

[checklist]

  • შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს;
  • შემოსავლების სამსახური იმპორტიორს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის/უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების ექვსი სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული განკარგვის ღონისძიებები.
  • იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური ფლობს ინფორმაციას პროდუქტთან დაკავშირებული შესაძლო შეუსაბამობის ან/და დადასტურებული საფრთხის შესახებ, უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს და ასეთ შემთხვევაში გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

[/checklist]

ბაზარზე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ზედამხედველობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა. სააგენტო უფლებამოსილია ასევე საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანა­მშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან.

იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში დაადგენს, რომ სამშენებლო პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეგლამენტის მიხედვით, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს.

რეგლამენტში აღნიშნულია, რომ „სამშენებლო ობიექტების და მათი ცალკეული ნაწილების თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათთვის განსაზღვრულ დანიშნულებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს მასთან დაკავშირებული პირების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში, სამშენებლო ობიექტებმა უნდა დააკმაყოფილოს სამშენებლო ობიექტებისათვის გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები გონივრული ეკონომიკური სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში“.

რეგლამენტის მიხედვით, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ:

[checklist]

  • მშენებლობისა და გამოყენების პროცესში, მათზე მოქმედმა საანგარიშო დატვირთვებმა არ გამოიწვიოს: ობიექტის მთლიანად ან ნაწილობრივ რღვევა; დაუშვებელი ხარისხის დეფორმაციები; მზიდი კონსტრუქციის მნიშვნელოვანი დეფორმაციის შემთხვევაში სამშენებლო ობიექტების სხვა ნაწილების, ან დამონტაჟებული მოწყობილობების დაზიანება; შენობა-ნაგებობის დაზიანება გამომწვევი მიზეზის არაპროპორციულად;
  • ხანძრის შემთხვევაში: განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მზიდმა კონსტრუქციამ შეინარჩუნოს მდგრადობა; შეზღუდულ იქნეს სამშენებლო ობიექტებზე ხანძრისა და კვამლის გაჩენა და გავრცელება; შეზღუდულ იქნეს ხანძრის გავრცელება მიმდებარე სამშენებლო ობიექტებზე; სამშენებლო ობიექტზე მყოფ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დატოვონ ობიექტი ან ევაკუირებულ იქნენ სხვა საშუალებებით; გათვალისწინებული უნდა იქნეს სამაშველო ჯგუფის უსაფრთხოება;
  • მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში საფრთხე არ შეექმნას ობიექტებზე მყოფი მუშების, მობინადრეებისა ან/და მეზობლების ჰიგიენას ან ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ასევე, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და დემონტაჟის პერიოდში არ გამოიწვიოს ძლიერი ზემოქმედება გარემოს პირობებზე, ან კლიმატზე;
  • ექსპლუატაციის პერიოდში არ წარმოშობდეს ისეთ მიუღებელ რისკებსა და საფრთხეებს როგორებიცაა: დაცურება, დაცემა, შეჯახება, დამწვრობა, ელექტროობისგან მიღებული დაზიანება, ასევე აფეთქებისგან მიღებული დაზიანება და ასევე ძარცვასთან დაკავშირებული რისკები. ამასთან, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამშენებლო ობიექტებზე შეღწევადობასა და სარგებლობას;
  • სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების ან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, ძილის მოსვენების და მუშაობის პირობებს არ ექმნებოდეს საფრთხე ხმაურისგან და სხვ.

[/checklist]

მამუკა მდინარაძე – „არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“

„არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“.

„რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების” მოქმედი წევრი არც ერთი არ არის! ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება ,,ქართულ ოცნებასთნ”. რამდენიმე ადრე ნამდვილად იყო მხარდამჭერი წევრი, თუმცა 2017 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიებთან მუშაობდნენ. ვაზუსტებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სხვა პარტიის კანდიდატიც კი იყო. თუ ეს დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ ევროპული საქართველო ამ აფიორის გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვევა. მათ ვურჩევდი, თავიანთ წევრებს მიხედონ, რომლებიც მათგან გარბიან, მათ შორის საუბარია პარლამენტის წევრებზეც.  სწორედ ამის გადასაფარად დგამენ ამ უნიჭო შოუებს, თუმცა ვერ ითვალისწინებენ, რომ ,,ქართული ოცნების” ჯარისკაცებს ღალატი სისხლში არ უზით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში წელს 547 უცხოელი სტუდენტი ისწავლის

ბოლო მონაცემებით, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში 547 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპრატამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 535 სტუდენტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს.

ყველაზე მეტი – 478 სტუდენტი არის ინდოეთიდან, აქედან  57 ბსუ-ში წელს ჩაირიცხა, სამ სტუდენტს კი სწავლის საფაურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდა.

წელს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტები მიიღო თურქეთიდან, ირანიდან და რუსეთიდანაც.

ბათუმის უნივერსიტეტში წელს რუსეთის ორი მოქალაქე ისწავლის, 7 მოქალაქე კი თურქეთიდან. ბსუ-ში ასევე ისწავლის ირანის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის თითო მოქალაქე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, უცხოელებისთვის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად წელსაც მედიცინა რჩება.

ამავე თემაზე: 

411 ინდოელი სტუდენტი – რატომ ირჩევენ ისინი სამედიცინო განათლების მისაღებად ბათუმს

საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან  10 წლამდე ვადით.

პირველი კუნძული, სადაც სიგარეტს არ მოწევენ

ეგეოსის ზღვაში მდებარე ასტიპალეა პირველი კუნძულია მსოფლიოში, სადაც სიგარეტის მოწევის აკრძალვა იგეგმება. ბერძნული მედიის ცნობით, ამის შესახებ კუნძულზე 5 ოქტომბერს განაცხადეს და კუნძულზე ბანერებიც გამოჩნდა წარწერით – ასტიპალეა სიგარეტის გარეშე.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ასტიპალეა იყოს პირველი ბერძნული კუნძული სიგარეტის გარეშე,“ – განაცხადა ასტიპალეას მერმა. იგი იმედოვნებს, რომ სიგარეტის მოწევის აკრძალვას კუნძულზე პოლიციის ჩარევის გარეშეც შეძლებს, „არც პოლიციის ჩარევა არ მოიტანს საბერძნეთში დიდ შედეგს,“ – აღნიშნა მერმა.

კუნძულზე სიგარეტის აკრძალვის ინიციატივა ასტიპალეას მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. იგეგმება მოწევის აკრძალვა არა მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში, არამედ მთელს კუნძულზე. მერიაში ირწმუნებიან, რომ ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი, ასტიპალეა ასე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და იქნება ადგილი, სადაც მხოლოდ დადებითი ემოციებია.

წარწერა ბანერზე: „ასტიპალეა სიგარეტის გარეშე“. ფოტო: cnn.gr

ასტიპალეაზე, რომლის სიგრძეც დაახლოებით 18 კილომეტრია, სულ 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს. კუნძული ტურიზმზეა ორიენტირებული. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აქ იანვარში + 11 გრადუსია.  კუნძულს „ეგეოსის ზღვის პეპელას“ უწოდებენ.

ასტიპალეა ღამით

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი სკამების შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1000-მდე სკამის შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს.

ტენდერის თანახმად, 1000 ცალამდე საოფისე სკამს ტენდერში გამარჯვებულმა უნდა გამოუცვალოს ღრუბლი და ქსოვილი გადააკრას (ფერი შეთანხმებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს დაზიანებული ფირფიცარი, განაახლოს საღებავი და ა.შ.

მიმწოდებელმა შესაკეთებელი სკამები უნდა წაიღოს უნივერსიტეტიდან, შეაკეთოს და დააბრუნოს უკან, უნივერსიტეტში, ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ვადაში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარია.

შემსყიდველმა სამუშაო უნდა შეასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 21 დეკემბრამდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან გონივრულ ვადებში.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს დასრულდება.

___________

მთავარ ფოტოზე: დაზიანებული სკამები. ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან. 

 

სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იემენის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, იემენის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

შს სამინსიტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის მიმართულებით გადაკვეთას.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_______________

ფოტო: შს სამინისტრო

მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი თრომბოზით იღუპება – რა უნდა ვიცოდეთ სიმპტომებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით, მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი სისხლძარღვოვანი დაზიანების – თრომბოზის შედეგად იღუპება.

ღრმა ვენების თრომბოზი გულისხმობს სისხლის პათოლოგიური შესქელების ანუ კოლტის არსებობას ქვემო კიდურების, თეძოს ან მენჯის მსხვილ ვენებში, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა ფერხდება. ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს. პაციენტი უმრავლეს შემთხვევაში რისკს ვერ აცნობიერებს, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ არ აქვს და აგვიანებს სამედიცინო პერსონალთან მიმართვას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეზეა ტკივილის სიმპტომი.

ფილტვის არტერიის ემბოლია-პულმონური ემბოლია ღრმა ვენების თრომბოზის სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა, რომლის დროსაც კოლტის ნაწილი ან მთლიანად კოლტი გადაადგილდება სისხლით და ხვდება ფილტვის არტერიებში. სახეზეა ქოშინი და წნევის მომატება ფილტვის არტერიაში (პულმონური ჰიპერტენზია); ნებისმიერ ასეთ შემთხვევას შესაძლოა ჰქონდეს ფატალური დასასრული.

სიმპტომები:

[checklist]

  • გაურკვევლი წარმოშობის ტკივილი ან დაბუჟება კიდურში
  • კიდურის შეშუპება
  • კიდური შესაძლოა იყოს თბილი შეხებისას
  • სიწითლე დაზიანებულ ადგილას
  • მსგავსი სიმპტომები შეასძლოა თან ახლდეს სხვა მდგომარეობებს, როგორიცაა კუნთის დაჭიმვა, ე.წ. კრამპი-ანუ კრუნჩხვა, უხერხული მოძრაობის შედეგი. ასეთ დროს შესაძლოა ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოსტირება დაგვიანდეს და დაავადების გამოსავალი გართულდეს.

[/checklist]

პულმონური ემბოლიის სიმპტომები:

[checklist]

  • უეცრად დაწყებული ქოშინი
  • ტკივილი, ზეწოლა ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც იმატებს სუნთქვისა და ხველისას
  • სისხლიანი ხველა

[/checklist]

ღრმა ვენების თრომბოზი ხშირად ტკივილის გარეშე ვითარდება, ამიტომაც თუ გაქვთ რისკები, უნდა გაიკეთოთ სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია და შეაფასოთ მდგომარეობა.

რაც შეეხება პულმონურ ემბოლიას, მისი ადრეული დიაგნოსცირება ზოგჯერ რთულია, საბოლოო დიაგნოზი ისმება კომპუტერული ტომოგრაფიის საშუალებით
აქედან გამომდინარე, თუ გაქვთ ღრმა ვენების თრომბოზი და მწვავედ დაგეწყოთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი – დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

რისკისფაქტორები:

[checklist]

  • უახლოეს წარსულში ქირურგიული ოპერაცია ან ტრავმა
  • ანამნეზში ღრმა ვენების თრომბოზის ეპიზოდი
  • ორსულობა და ორსულობის შემდგომი პერიოდი(6 კვირა)
  • ასაკი
  • ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი და მისი მკურნალობა
  • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია და კონტრაცეპტული საშუალებები
  • ღრმა ვენების თრომბოზის ოჯახური ისტორია
  • გახანგრძლივებული წოლითი რეჟიმი
  • სიმსუქნე
  • თამბაქოს მოხმარება
  • ხანგრძლივი მგზავრობა (მჯდომარე) 6-8 სთ
  • თრომბის წარმოქმნის მომატებული რისკი ვლინდება ორსულობისას და შემდგომ 6 კვირის განმავლობაში.

[/checklist]

იყავით ფხიზლად ღრმა ვენების თრომბოზის გამოსარიცხად, თუ გაქვთ:

[checklist]

  • კიდურის უეცარი შეშუპება
  • აუხსნელი ტკივილი კიდურში
  • სიწითლე კიდურის დაზიანებულ ადგილას 

[checklist]

იყავით ფხიზლად პულმონური ემბოლიის გამოსარიცხად, თუ გაქვთ:

  • მწვავედ დაწყებული სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი,ზეწოლა და დისკომფორტი გულმკერდში
  • სისხლიანი ხველა
  • უეცარი კოლაპტოიდური ეპიზოდი

ვენური თრომბოემბოლია ხშირად ჰოსპიტალიზაციის მიზეზია. ინვალიდობის შედეგად დაკარგული წლების მაჩვენებლის (DALYს) მიხედვით, ის წამყვანია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნების მოსახლეობაში, ხოლო მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებში – მეორე ადგილს იკავებს.

ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს.

13 ოქტომბერს თრომბოზის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამავე დროს, 13 ოქტომბერი გერმანელი მეცნიერის რუდოლფ ვირხოვის დაბადების დღეა, რომელიც თრომბოზის პათოფიზიოლოგიის საკითხებში პიონერად ითვლება.

______________________

მომზადებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ოზურგეთში იყიდება 1000 კილოგრამი ცოლიკაური და ციცქა

ოზურგეთში იყიდება საუკეთესო ხარისხის მოუკრეფავი ყვითელი ცოლიკაური და ციცქა. მთლიანობაში 1000 კგ.

დაგვიკავშირდით: 577 400 033. 555 83 62 62.

„ევროპის დღე 2018″- დღესასწაული დიდებისა და პატარებისთვის ბათუმში

დღეს, 13 ოქტომბერს ბათუმში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით „ევროპის დღე 2018“ ჩატარდა.

რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში, რომელ კონკრეტულ პროგრამებს ხმარდება სოლიდური გრანტები, რასაც ევროკავშირი გამოყოფს, როგორ აისახება ჩემზე, როგორც მოქალაქეზე ის სიკეთეები, რასაც ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ჩემთვის საჭირო რომელი სერვისებით სარგებლობა შემიძლია უსასყიდლოდ.

„ევროპის დღე 2018“ ბათუმში დღეს ამ და სხვა კითხვებზე პასუხი იყო, პასუხები გასართობი, შემეცნებითი და სახალისო ფორმით.

ევროპის დღე ბათუმში 3 საათზე, ევროკავშირის ახალდანიშნულმა ელჩმა, კარლ ჰარცერმა გახსნა.

ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მეცნიერება – ბათუმში დღეს ანბანის კოშკთან ახლოს გაშლილ კარვებში ბათუმელებმა და ქალაქის სტუმრებმა ზემოთჩამოთვლილ სფეროებში მიმდინარე პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ბუკლეტებისა და საცნობარო ფლაერების მეშვეობით მოხალისეები თითოეულ კარავში დაინტერესებულ სტუმრებს უხსნიდნენ, რომელ სფეროში რა კონკრეტული პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

„ევროპის დღე 2018“ განსაკუთრებით ბავშვებისთვის იყო სახალისო: ქუჩის კალათბურთი, ოჩოფეხებზე სიარული, ფერადი და ბამბის ნაყინი უფასოდ, ქართული ვაფლის დაგემოვნა, მცენარეების გადარგვა და სახის მოხატვა – ეს ყველაფერი პატარებისთვის იყო განკუთვნილი.

უფროსებს კი კარვებთან ევროკავშირის პროექტების შესახებ გარდა ინფორმაციის მიღებისა, შეეძლოთ სიმბოლურად ემოგზაურათ ევროპაში: სიმბოლური პასპორტითა და ავიაბილეთებით ისინი ყველა ქვეყნის ,,საელჩოსთან“ ჩამოივლიდნენ, სადაც ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ კითხვებს უსვამდნენ და სიმბოლურ ბეჭედსაც ურტყამდნენ, სიმბოლური პასპორტის ბეჭდებით შევსების შემდეგ კი გამარჯვებულებს პრიზებით ასაჩუქრებდნენ.

გსმენიათ ქართული ვაფლის შესახებ? თურმე არსებობს და ვისაც დაუგემოვნებია ძალიანაც მოსწონს, ამიტომაც იყო ამ დახლთან ხალხის სიმრავლე. როგორც ვაფლის მცხობელი გოგონა გვეუბნება, უცხოელი ტურისტები ბათუმში ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ქართული ვაფლი თურმე ბელგიურსაც კი არ ჩამოუვარდება, ამიტომაც გადაწყდა, რომ ევროპის დღეზე ქართული ვაფლის დახლიც მდგარიყო.

ერთ კუთხეში ანიმატორები ბავშვებს სხვადასხვა სახალისო თამაშით ართობდნენ.

ზოგს ერჩია, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ფერად-ფერადი ოჩოფეხებით სიარული ესწავლა.

გასტრონომიის კუთხესთან აჭარაში გავრცელებულ ტკბილეულს, ღვინოს, ყურძენ ჩხავერს, თაფლსა და სხვა პროდუქტს სთავაზობდნენ სტუმრებს.

ქუჩის კალათბურთში დიდები და პატარები ერთად ჩაერთნენ.

არცერთ პატარა გოგოს არ გამოუტოვებია მხატვრის კარავი, სადაც ლამაზ-ლამაზ ყვავილებს, გულებს და მზეებს ახატავდნენ ყველას ლოყაზე.

ფერადი ნაყინითაც ყველამ ისიამოვნა.

ზოგი ამაყად დააბიჯებდა ევროკავშირის ლოგოიანი ჩანთებით, რაც მათ სიმბოლური პასპორტის შევსებისას პრიზად მიიღეს სხვა საჩუქრებთან ერთად.

დღე ნათია თოდუასა და ჯგუფ „ვაკის პარკის“ კონცერტით დასრულდა ღია ცის ქვეშ.

ევროპის დღეები წელს გარდა ბათუმისა – თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ლაგოდეხსა და ახალციხეშიც ჩატარდა. ევროპის დღეები ყოველ წელს გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა ეტაპობრივად გაეცნოს პროექტებსა და ინიციატივებს, რასაც ევროკავშირი უზრუნველყოფს საქართველოში.

 

„ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობას ჯერ კონკრეტული გეგმა არ აქვს

ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქთან დაკავშირებით აჭარის მთავრობას, ჯერჯერობით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობის სამუშაო ჯგუფი ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე ვარიანტს განიხილავს:

„ეს არ არის მარტივი გამოწვევა. თუმცა ვვარაუდობთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაში პირველადი გეგმა დაიდება და თანმიმდევრულად მოხდება ამ საკითხის გადაჭრა. “

მთავრობის თავმჯდომარემ არც უარყო და არ დაადასტურა ასევე გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიას სამომავლოდ მაღლივი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის საინვესტიციოდ მოიაზრებენ:

„ამას უნდა დაელოდოთ, რადგან რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და როცა ჩამოვყალიბდებით ამ კონკრეტულ საკითხზე, უფრო დაზუსტებით შევძლებ პასუხის გაცემას“.

გარდა ყოფილი სამხედრო ბატალიონის მიტოვებული შენობებისა, აქ სახელდახელოდ აგებულ ქოხებში ცხოვრობენ მიგრანტები  – სოციალური, ეკოლოგიური, შრომითი, სხვა რეგიონებიდან უკუმიგრირებულები; ისინი მძიმე პირობებში წლებია ცხოვრობენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დაკავებული ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

თორნიკე რიჟვაძე პროექტ რივიერაზე: არაფერია წინასწარ გადაწყვეტილი

„..ყველა ასეთ პროექტთან დაკავშირებით, პრინციპი არის შემდეგი, ეს არის ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი, კაბინეტებში არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღება. ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გაგვაქვს ეს პროექტები, ვიღებთ რეაქციებს, ზოგჯერ პოზიტიურს, ზოგჯერ ნეგატიურს. მინდა ვთქვა, რომ ყველა ასეთი განვიხილავთ საჯაროობის პრინციპის დაცვით“,  – ასე პასუხობს თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტს.

თუმცა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იქვე დასძენს, რომ „ეკონომიკის დამუხრუჭება არ შეიძლება“:

„ეკონომიკის დამუხრუჭება ისე, რომ ცალკეულ ჯგუფს ჰქონდეს რაღაც განსხვავებული ნეგატიური, რადიკალური მიდგომა და მხოლოდ ამის გამო პროექტები დაიბლოკოს, ეს ასე ვერ მოხდება. ეკონომიკა ვერ დამუხრუჭდება, ინტერესი დასაბალანსებელია. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს საჯარო ინტერესს, როგორც გამწვანება, ასევე რეკრეაციული ზონები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“.

თორნიკე რიჟვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „რივიერას“ პროექტ დეტალებში არ იცნობს, მაგრამ რაც ნახა, „დიდი აქცენტია გაკეთებული რეკრეაციაზე“: „დაახლოებით ორ ჰექტარზე მეტი იქნება რეკრეაციული ზონა, თუმცა არაფერია წინასწარ გადაწყვეტილი. ამ პროექტზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საზოგადოებას აქვს საშუალება გაეცნოს პროექტს. შემდეგ უკვე ამ ინტერესთა ბალანსის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. თანაც ეს თვითმმართველობის საკითხია“.

ბათუმის იახტკლუბისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა უკვე დაწყებულია. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება.

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

კომისიამ „აჭარის TV-ის“ ბორდის წევრობის 6 კანდიდატი შეარჩია

ახლახანს [16:39 საათი] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი შეარჩია უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ. კონკურსანტთაგან მეორე ეტაპზე იაკინთე (ნიკა) ჩხარტიშვილი და ირაკლი კიკვაძე ვერ გადავიდნენ. 

ბორდის წევრობის მსურველთაგან პირველი ეტაპი სულ 10-მა კანდიდატმა გადალახა. კომისია სწორედ მათგან შეერჩია ექვსი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოსთვის წარსადგენად. ამით კომისიამ მუშაობა დაასრულა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გადასული 10 პირიდან დღეს, კომისიასთან გასაუბრებაზე ორი პირი არ გამოცხადდა. როგორც პრესცენტრში გვითხრეს, ოლღა ჟღენტმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, ხოლო ნუგზარ (ბაჩუკი) ჩხეიძემ კომისიას სმს შეტყობინება გაუგზავნა, რომ არ გამოცხადდებოდა.

აჭარის ტელევიზიის ბორდში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა ზაზა ხალვაშმა თანამდებობა დატოვა – 2016 წლის მაისში. ორი წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს კონკურსი ბორდის წევრის შესარჩევად არ გამოუცხადებია.

ბორდის წევრის ხელფასი 2625 ლარია.

მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები:

1. გიგა ჩხარტიშვილი
2. რაულ ბერიძე
3. ნათია სირაბიძე
4. ემზარ დიასამიძე
5. ნერონ აბულაძე
6. დიანა ვაშაყმაძე

აქ წაიკითხავთ თუ როგორ ხედა აქვთ კანდიდატებს აჭარის ტელევიზიის განვითარებასთან დაკავშირებით.

 

რა ხდება ანბანის კოშკთან – ბათუმში ევროპის დღეები 2018 იწყება (ფოტო)

ამ წუთებში ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ ძალიან ბევრი ბავშვია შეკრებილი. აქვე არიან მათ მშობლებიც. შეკრებილები საქართველოში ევროკავშირის ელჩს ელოდებიან. რამდენიმე წუთში აქ ოფიციალურად უნდა გაიხსნას ევროპის დღეები. ტერიტორიაზე მოწყობილ ჯიხურებში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, სადაც მოცემულია ინფორმაცია ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებში მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბავშვებს კი ევროკავშირის დროშებს ურიგებენ.

აქვე იმართება სხვადასხვა სიმულაციური თამაში ევროპის ქვეყნებში გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.

გარდა ამისა, ჯიხურებში გამოფენილია პროდუქცია, რომელიც მეწარმეებმა ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნეს.

ადგილზე ამბობენ, რომ  გახსნის ცერემონიალი ევროკავშირის ელჩისა და მთავრობის წევრების მოსვლისთანავე დაიწყება.

ევროპის დღეები 2018, ბათუმი

ევროპის დღეები 2018, ბათუმი

ივანიშვილს აფრიკიდან ოთხი ბაობაბის ხე მიაქვს – პორტი $850 000 მიიღებს (ბრიტანული გამოცემა)

ბრიტანულმა ონლაინგამოცემა EveningStandard, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს კენიიდან ბაობაბის ხეები მოაქვს. გამოცემის ცნობით, კენიის ერთ-ერთ პორტთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ამ პორტიდან ბიძინა ივანიშვილმა ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ცოცხალი ხე უნდა გაიტანოს. ხეების გადატანით კი, ოთხთვიან სამუშაოში, პორტი, სავარაუდოდ, 850 000 აშშ დოლარს მიიღებს.

იგეგმება თუ არა ბაობაბის ხეების აფრიკიდან შეკვეთილში გადმოტანა და იმ ტერიტორიაზე დარგვა, სადაც მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. დენდროპარკს აშენებს?

ბათუმელები კომპანია „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორს პაატა სულაბერიძეს დაუკავშირდა.

„ჩვენს მიერ აქამდეც იქნა საქართველოში ბაობაბის ხე ტრანსპორტირებული 2 მათგანი 1 წელზე მეტია დგას შეკვეთილის სასტუმრო „პარაგრაფში“ და უამრავმა დამსვენებელმა დადო ამ ბაობაბთან გადაღებული სელფი სოციალურ ქსელში. ერთი ხის ტრანსპორტიერბისას ფოთის პორტში დაზიანდა… დენდროლოგიური პარკისათვის განკუთვნილი ხეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება პარკის მოწყობა“, – მოგვწერა პაატა სულაბერიძემ.

მან ასევე გვთხოვა ხეების შესახებ ბრიტანული ონლაინგამოცემის მიერ გავრცელებული წერილის ელექტრონული მისამართი გადაგვეგზავნა. ამ მისამართის გადაგზავნის შემდეგ „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორმა ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხა.

ბიძინა ივანიშვილი დენდროპარკს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში აშენებს – ტერიტორია შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა.

შეკვეთილში ათობით მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს აჭარიდან და გურიიდან.

როგორც რადიო თავისუფლება წერს, „ფონდი ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში და „პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის“.

ბაობაბის ხე იზრდება აფრიკასა და ინდოეთში. ამ მცენარეს მეორენაირად „სიცოცხლის ხესაც“ უწოდებენ. აფრიკული ბაობაბი, უდიდესი და  ათასწლოვანი ყვავილოვანი მცენარე. ბაობაბებს აფრიკაში ახლა კარგი დრო ნამდვილად არ უდგათ – ეს მცენარეები მასობრივად ხმება.

 

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ახლახანს ბაგრატიონის ქუჩაზე BMW-ს ტიპის ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქეებმა სახანძრო ჯგუფს გამოუძახეს, რომელიც ადგილზე მუშაობს.

ასევე თვითმხილველების თქმით, მანქანა დაიწვა, თუმცა გარშემო თუ ავტომანქანაში მყოფ ადამიანებს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღიათ.

 

 

როგორ ცეკვავენ ცნობილი პოლიტიკოსები

ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკოსების დანახვა ადამიანებს ჩვეულებრივ ახალისებთ, როცა ისინი პოლიტიკაზე ლაპარაკობენ, თუმცა სულ სხვა საქმეა, როცა ისინი ცეკვავენ. პოლიტიკოსების დანახვას ადამიანები სულ სხვა ამპლუაში არიან შეჩვეული, ამიტომაც როცა რომელიმე პოლიტიკოსის ცეკვის კადრები ვრცელდება, ეს ინტერნეტში მხიარულებას, ხშირად კრიტიკასაც იწვევს.

[checklist]

  • წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ცეკვამ. იგი სამხრეთ აფრიკაში იყო ჩასული, სადაც ჯერ სკოლის მოსაწავლეებთან ერთად იცეკვა, შემდეგ კი კენიაში, ნაირობში აჰყვა მელოდიას ცეკვით.

[/checklist]

ვიდეოები ძალიან სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ტერეზა მეის ცეკვაზე არაერთი ხუმრობა გავრცელდა, თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამას არ შეუშინდა და ბირმინგემში, კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე „აბბას“ Dancing Queen –ის ფონზე წაუცეკვა.

[checklist]

  • კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო არამარტო ფერადი წინდების, ემოციური გამოსვლების და ფანებთან გადაღებული ფოტოების გამოა პოპულარული სოციალურ ქსელებში, ტრუდო ამ ვიდეოში ინდურ ცეკვას ასრულებს. ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული.

[/checklist]

[checklist]

  • 2014 წელი, სენატორ ჯონ მაკკეინის „რობოტის ცეკვა“ საქველმოქმედო საღამოზე.

[/checklist]

[checklist]

  • 2012 წელი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ელენ დეჯენერესის შოუში. ინტერნეტში ბარაკ და მიშელ ობამების ცეკვის ამსახველი არაერთი ვიდეოა, ცეკვა ელენის შოუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მათ შორის.

[/checklist]

[checklist]

  • ჯორჯ ბუშის ცეკვა საქართველოში. 2005 წელი. აბანოთუბანში გამართულ კონცერტზე სუხიშვილები ცეკვავდნენ და ბუში საცეკვაო მელოდიას რამდენიმე წამით, მაგრამ საკმაოდ კარგად აჰყვა.

[/checklist]

 

ევროკავშირის ელჩი ქართული პროდუქციის ევროპაში გატანაზე

რამდენად იყენებს საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას [DCFTA] – ეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს ვკითხეთ. მას დღეს, 12 ოქტომბერს ბათუმში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა.

კარლს ჰარცელის აზრით, საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს, ეს შეთანხმება გამოიყენოს. მთავარი გამოწვევა კი ისევ პროდუქციის მაღალი ხარისხი რჩება.

„საქართველოს აქვს ამ მიმართულებით უზარმაზარი პოტენციალი, ევროპის კარი ყოველთვის ღიაა იმ პროდუქციისთვის, რასაც საქართველო აწარმოებს. ეს არის მშვენიერი შესაძლებლობა ამ შეთანხმების გამოყენებისთვის, რომ ქართველმა მეწარმეებმა დიდ წარმატებას მიაღწიონ და მივიდნენ მაღალ სტანდარტამდე. უნდა გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა,“ – გვითხრა კარლ ჰარცელმა.

ქართველ მეწარმეების ნაწილი ვერ ახერხებს კომუნიკაციის დამყარებას ევროპელ მეწარმეებთან და პარტნიორებთან. ამის შესახებ „ბათუმელები“ წლის დასაწყისში წერდა. ხომ არ შეიქმნება პლატფორმა ამ კუთხით ეფექტური კომუნიკაციისთვის?  – ევროკავშირის ელჩის თქმით, იგი საქართველოს მთავრობასთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე მუშაობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა მიმართულებით.

„საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ… საუბარია არა შეთანხმების შეცვლაზე, არამედ მაღალ სტანდარტებზე. ბიზნესის მხარდაჭერა უნდა იყოს გზა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი იქნება გამომუშავებული,“ – გვითხრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა დღეს ბათუმში ლუდსახარშიც მოინახულა. კარლ ჰარცელის შეფასებით, პატარა საწარმო კარგი მაგალითია იმ კუთხით, რომ პოპულარობასთან ერთად, ლუდი ტრადიციულ გემოს ინარჩუნებს, ხოლო საწარმო კულტურულ მემკვიდრეობას.

„ჩვენ ახლა ვართ ლუდსახარშში. როგორც აქ მითხრეს, ამ ლუდს 1951 წლიდან ეს გემო აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გემო არის მშვენიერი და ისინი ამასთანავე ინარჩუნებენ კულტურულ მემკვიდრეობასაც. მე ბოლო 20 წელია ბრიუსელში ვცხოვრობდი, რომელიც ევროპის ლუდის დედაქალაქია და ამიტომ მინდოდა განსაკუთრებით ადგილობრივი ლუდის დაგემოვნება,“ – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მთავარ ფოტოზე: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმის ლუდის ლუდსახარშში

 

 

სიგარეტის მოვაჭრეები: სიგარეტი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება

მიმდინარე კვირას საქართველოში თითქმის ყველა სახის ფილტრიანი სიგარეტი გაძვირდა. ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი როგორც მარკეტებში, ასევე საბითუმო რეალიზატორებთან 10 თეთრით, ზოგი სიგარეტი კი – 20 თეთრითაა გაძვირებული. ბათუმში სიგარეტის ბითუმად მოვაჭრეები ამბობენ, რომ იანვრიდან სიგარეტები კიდევ გაძვირდება.

„როგორც დისტრიბუტორები ამბობენ, აქციზის გადასახადი იზრდება და ამიტომ გაძვირდა სიგარეტი,“ – გვითხრა ერთ-ერთმა ბითუმად მოვაჭრემ. მეორე მოვაჭრის თქმით კი, „ამჯერად გაძვირება არა აქციზს, არამედ, ალბათ ლარის კურსს უფრო უკავშირდება“.

„ბათუმელები“ თამბაქოს რამდენიმე მწარმოებელ-იმპორტიორ კომპანიასაც დაუკავშირდა, თუმცა კონკრეტული პასუხი, თუ რას უკავშირდება სიგარეტის გაძვირება, მათგან ვერ მივიღეთ.

აქციზის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენთან გადასახადი არ გაზრდილა, სიგარეტის ფასი კი გაიზარდა სამჯერ მაინც. ეს ზედმეტი თანხა მიდის თამბაქოს ინდუსტრიის ჯიბეებში და გაედინება ქვეყნის გარეთ, რადგან ჩვენს ბაზარზე 70% წილი იმპორტირებულ სიგარეტს უკავია. ფასებიც, ძირითადად, ამ იმპორტირებულ სიგარეტზე იზრდება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადი და იზრუნოს ამ თანხის მობილიზება ბიუჯეტში მოხდეს და არა ინდუსტრიის ჯიბეებში,“ – ამბობს გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, სიგარეტზე ძირითადი გადასახადი არის აქციზის გადასახადი, რომელიც 1 ლარი და 70 თეთრამდეა ფილტრიან სიგარეტზე, ხოლო უფილტროზე – 60 თეთრი: „ესეც არის სერიოზული პრობლემა. 1,1 ლარია დაბეგვრაში სხვაობა და ეს ძალიან დიდია. მანიპულაცია მოხდა – ადგილობრივმა მწარმოებლებმა ფილტრიანი სიგარეტები გაასაღეს უფილტრო სიგარეტებად – უშვებენ თითქოს უფილტრო სიგარეტს და ცალკე მოყვება ფილტრი. გადასახადს კი იხდიან 60 თეთრს  1,7 ლარის ნაცვლად. ეს არის გადასახადების თავიდან აცილება და სახელმწიფომ ამას უნდა მიხედოს“.

საქართველოში სიგარეტზე იხდიან ადვალურ გადასახადსაც, რომელიც ფასიდან გამომდინარეობს. ეს გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე ღირებულების 10%-ია. მაგრამ, გიორგი ბახტურიძის თქმით, ეს ფასებიც არის ფიქსირებული: „მთავრობა აფიქსირებს, რომ რაღაც ბრენდის ფასი არის, ვთქვათ, 4 ლარი მთელი წლის განმავლობაში. ანუ, თუ წელს რომელიღაც ბრენდის ფიქსირებული ღირებულება, ვთქვათ, 4 ლარია ამ საბაზისო ღირებულებიდან იღებს გადასახადს სახელმწიფო და არა 4,10 თუ 4,20 ლარიდან. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე სიგარეტის გაძვირებით 1 თეთრიც კი არ შედის ბიუჯეტში ზედმეტად.“

გიორგი ბახტურიძის თქმით, როცა გადასახადი იზრდება 20 თეთრით, ბიზნესი სიგარეტს დაახლოებით 30 თეთრით აძვირებს, თუმცა ამ 30 თეთრიდან 20 თეთრი ბიუჯეტში მიდის: „რომელი ჯობს – 2 თეთრი ბიუჯეტში თუ 20 თეთრი? საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასურველია გადასახადიც და ფასებიც გაიზარდოს. მაგრამ 2 წელია გადასახადი არ გაზრდილა, მაგრამ სიგარეტი ძვირდება. გარკვეული ინდუსტრიის ბიზნესინტერესებს მიყვება მთავრობა“.

სიგარეტის ბიზნესი ფასების ზრდას ყოველთვის ერთი მიზეზით აპროტესტებს ბიზნესი, რომ კონტრაბანდა გაიზრდება. „ახლა მოხდა ის, რომ გადასახადი არ გაიზარდა, მაგრამ თავად დაამატა ფასი. როგორ, ფასის მატება არ გაზრდის კონტრაბანდას? თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთა არგუმენტები არ ჯდება ლოგიკაში, მაგრამ უსმენენ მთავრობაში. „ომეგას თემაა“ წამოწეული და რაღაც ხდება ეტყობა ზურგს უკან… იყო დრო, პარტიული ინტერესებისთვის და კონკრეტული პირების ჯიბეში მიდიოდა თანხა. ამის ეჭვი რომ არ გაგვიჩნდეს, უნდა გაიზარდოს აქციზის გადასახადიც და ადვალურიც,“ – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს ვალდებულება, აქციზის გადასახადი მიუახლოვოს ევროპულს.

„ეს გეგმა ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროში ერთობლივად შეიმუშავეს, მაგრამ არავის გაუთვალისწინებია, რადგან ეტყობა ბიზნესინტერესები იყო უფრო მნიშვნელოვანი. გაწერეს 8-10-წლიანი გეგმა. ყოველწლიურად 40-50 თეთრით უნდა გაზრდილიყო აქციზის განაკვეთი, რომ დავახლოვებოდით ევროკავშირში არსებულ მინიმალურ გადასახადს, სადაც ეს გადასახადი 1,8 ევროა ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე. ეს გეგმა დღემდე არ არის დამტკიცებული. ორი წელია ამბობენ, რომ მუშაობენ,“ – ამბობს გიორგი ბახტურიძე.

არსებობს „თამბაქოს უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ოქმი“, რომელსაც უნდა მიუერთდეს ქვეყანა. „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ მთავრობა არც ამას აკეთებს: „თუ აცხადებენ, რომ კონტრაბანდის რისკები არის, რატომ არ უერთდება ამ ოქმს. ამის უკანაც თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნესინტერესები დგას“.

„ომეგას“ სიგარეტების საბითუმო სავაჭრო წერტი ბათუმში, თბილისის მოედანთან. ადგილზე მოვაჭრეების თქმით, დაახლოებით ერთი თვეა ობიექტი დაკეტილია. /12.10.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

 

Exit mobile version