2018 წელს აჭარაში 62 ტყუპი ბავშვი დაიბადა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს აჭარაში 62 ტყუპი ბავშვი დაიბადა, სულ 126 ბავშვი, 60 ბიჭი და 66 გოგო. 126 ტყუპიდან ორ შემთხვევაში დაიბადა სამ-სამი ბავშვი. 2017 წლის მონაცემებით კი, აჭარაში ტყუპი ბავშვი 74 -ჯერ გაჩნდა, აქედან სამ-სამი ბავშვი ოთხჯერ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში ტყუპების მშობლებს ორ ბავშვზე ერთჯერადად 2000 ლარს ჩუქნის, სამი ბავშვის შემთხვევაში კი – 3000 ლარს.

დახმარების თანხა ირიცხება მშობლის [დედის ან მამის] საბანკო ანგარიშზე.

ერთჯერადი დახმარების მისაღებად ტყუპების მშობლებმა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინონ განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100ა, მშობლების პირადობის მოწმობების [ან სხვა დოკუმენტის, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია] ასლები, ახალშობილების დაბადების მოწმობების ასლები, საბანკო რეკვიზიტები.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობითა და მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში მთავრობამ ამ პროგრამისთვის 150 000 ლარი გაითვალისწინა.

აჭარის მთავრობა: მოსახლეობა უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართავს

აჭარის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამებისა, რაც ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხორციელდება,  სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისთვის მაინც ხელმიუწვდომელი რჩება ზოგიერთი ფასიანი სამედიცინო მომსახურება.

„ისინი მოკლებულნი არიან საშუალებას, მიიღონ დროული სამედიცინო დახმარება. უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ დიდი დაგვიანებით, დაავადებების გართულებული ფორმებით, რომელთა მკურნალობა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შედეგად იზრდება მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები, დაავადების გართულებების ალბათობა“, – ნათქვამია აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2019 წლის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტი აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში განსახილველად უკვე გადააგზავნა.

სამედიცინო მომსახურების მისაწვდომობის გაზრდის მიზნით მთავრობა მომავალ წელს ჯანდაცვის სამინიტროს ბიუჯეტის მილიონი ლარით გაზრდას გეგმავს, ნამატი თანხა სხვადასხვა პროგრამაში გადანაწილდება.

პროექტის მიხედვით, მილიონ 141 700-მდე ლარით იზრდება ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ქვეპროგრამა. გასულ წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 815 000 ლარი იყო. 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ამ პროგრამის ფარგლებში სამ კვარტალში გაცემულია 3 191 ვაუჩერი,  დასრულებული და ანაზღაურებულია 2 600, ხოლო 591 პაციენტი აგრძელებს რეაბილიტაციას.

200 000 ლარი ემატება მოსახლეობის ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებას. ამ პროგრამის ფარგლებში კი, 2018 წლის ბიუჯეტიდან დასრულებული და ანაზღაურებულია 1 059, ხოლო 477 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

150 000 ლარით გაიზრდება ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.

600 000 ლარით იზრდება სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციას, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალურ ადაპტაციას, ბავშვთა ადრეულ განვითარებასა და აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2018 წელს რვა პროგრამას ახორციელებს.

 

დაპატიმრებული მოწმე, რომელმაც საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა

ბათუმში მცხოვრებ ბექა ჩიკვაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე თქვა უარი.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო. ადვოკატების თქმით, მსგავსი მიდგომა უპრეცედენტოა.

საკუთარი თავის, ასევე ახლობლების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილებას “საშიშ ტენდენციად” აფასებს და განცხადებას ავრცელებს.

ბექა ჩიკვაიძის დაკითხვა გამოძიებას თაღლითობის საქმეზე სურდა. გამოძიების ვერსიით, თაღლითური გზით მისაკუთრებული ავტომანქანა ბათუმში, ბექა ჩიკვაიძის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩნდა. გამოძიებამ თაღლითობის მუხლით სხვა პირი უკვე მისცა პასუხისმგებლობაში. ბექა ჩიკვაიძე კი მოწმის სახით დაიბარეს.

„მან ჩვენება არ მისცა გამოძიებას, შემდეგ სასამართლოს. ამის სრული უფლება ჰქონდა მოწმეს… არავინ არაა ვალდებული, აღიაროს დანაშაული ან ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა,” – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

მოწმემ ჩვენების მიცემაზე უარი იმავე მოსამართლეს უთხრა, რომელმაც მას ორი დღის შემდეგ პატიმრობა შეუფარდა.

შესაძლებელია თუ არა სხვა შემთხვევებშიც მოწმეებმა უარი თქვან ჩვენების მიცემაზე, თუკი ამისთვის პასუხს არ მოსთხოვენ?

“მას რომ ქუჩაში დაენახა რამე დანაშაული და არ მიეცა ჩვენება, ეს იქნებოდა ჩვენების მიცემისთვის უარის თქმა. ამ შემთხვევაში კი, პირდაპირ კავშირში იყო ბექა ამ საქმესთან – მისი სახლის ეზოდან ამოიღეს ეს მანქანა და შესაძლოა, ბექას მიდავებოდნენ უკვე თაღლითური გზით მოპოვებული ნივთის შეძენისთვის,” – განმარტავს ადვოკატი ზაზა პაპიძე. მან მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

“მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის პატიმრობის შეფარდება იმის გამო, რომ ის არ აძლევს ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ, წარმოადგენს საშიშ ტენდენციას და შეუთავსებელია ადამიანის საპროცესო უფლებების გარანტირებულად დაცვასთან დემოკრატიულ საზოგადოებაში,” – აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო “აღნიშნულზე სწორ პრაქტიკას დაამკვიდრებს”.

აჭარის მთავრობა 2019 წელს 15 მილიონი ლარის ქონების გასხვისებას გეგმავს

აჭარის მთავრობა მომავალ წელს 15 მილიონი ლარის ქონების გასხვისებას გეგმავს. ქონების ძირითადი ნაწილი მიწის ნაკვეთებია, რომლებსაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, პირობიანი აუქციონის წესით და მასზე ინვესტიციის განხორციელების პირობით ან უპირობოდ ასხვისებს.

უკვე არსებული პრაქტიკით, მთავრობ​ა მიწის ნაკვეთებს ზღვასთან ახლოს ან ზღვის ხედით, ბათუმში, მახინჯაურში, მწვანე კონცხზე, გონიოში, სარფში [ძირითადად საკურორტო  ზონაში] ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ასხვისებს.

საპრივატიზებო პირობა გასხვისებულ ტერიტორიაზე ასევე ხშირად ითვალისწინებს ასნომრიანი სასტუმროს, კაზინოს ან სხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მშენებლობის ნებართვას კი ბათუმის მერია გასცემს.

დაგეგმილი სამშენებლო პროექტის მასშტაბი ხშირად საზოგადოების განსჯისა და წინააღმდეგობის მიზეზი ხდება, რადგან ისინი, ვინც მწვანე სივრცეების სამშენებლოდ ათვისებას ეწინააღმდეგებიან, მიიჩნევენ, რომ ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებამ – ააშენოს ზღვის ხედით და რაც შეიძლება მასშტაბური იყოს მისი შენობა, ქალაქის იერსახე უარესობისკენ შეცვალა. გაუარესდა იმ ადამიანების საცხოვრებელი გარემოც, რომლებსაც ინვესტიციის განხორციელების პირობით ორსართულიანი სახლების წინ ცათამბჯენები აუშენეს.

პრობლემაზე, როცა აჭარის მთავრობა გარკვეული მასშტაბის მშენებლობის პირობით ისე ასხვისებს ტერიტორიას, რომ ამაზე მერიამ არაფერი იცის, გასულ კვირას მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმაც გააკეთა აქცენტი, სამოქალაქო საბჭოსთან შეხვედრაზე.

ამ შეხვედრაზე განიხილეს ერთ-ერთი მსგავსი პრობლემა, როცა მთავრობამ მწვანე კონცხზე სარეკრეაციო ზონაში ნაკვეთი მშენებლობის პირობით გაასხვისა, ინვესტორი ამ ადგილზე 50-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას ითხოვდა. თუმცა, მან შენობის სიმაღლე, მერიის თხოვნით, 28-სართულამდე შეამცირა.

ამ მშენებლობისთვის საკრებულომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ზონას სტატუსი შეუცვალა და სარეკრეაციო ზონის ნაცვლად საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიანიჭა, რაც ბათუმში აქციით გააპროტესტეს.

2018 წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქონების გასხვისების ნაწილში მთავრობამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. რესპუბლიკური ბიუჯეტის 2018 წლის სამი კვარტალის არაფინანსური აქტივების კლების [გაყიდვა] გეგმა 21 მილიონ  250 500 ლარით განსაზღვრეს, ხოლო ფაქტობრივი შესრულება 24 340,9 ათასი ლარია. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან [16 მილიონ 236 900 ლარი] შედარებით ფაქტობრივი შესრულება 8 მილიონ  104 000 ლარით, ანუ 49,9 პროცენტითაა გაზრდილი.

გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა მომავალში ქონების გასხვისების პირობების განსაზღვრისას ქალაქმშენებლობის წესებსა და რეგულაციებს, ეს მომავალში გამოჩნდება.

 

მიდიხართ თუ არა – პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური [გამოკითხვა]

აპირებთ თუ არა წასვლას პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე? აირჩიეთ მოცემული პასუხებიდან ერთი და მიეცით ხმა.

__________

ფოტო: theconversation.com



მიდიხართ თუ არა არჩევნების მეორე ტურზე?

ნოემბერი ბათუმში – მოსალოდნელია უნალექო დღეები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ნოემბრის  21 საათიდან 7  ნოემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

__________________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი 

ეპისკოპოსი ნიკოს კაზანძაკისის წიგნის წინააღმდეგ – მთარგმნელის კომენტარი

გამომცემლობა „ინტელექტმა“ ცოტა ხნის წინ „აკრძალული წიგნების თაროს“ სერიაში ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ გამოსცა.

„ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა, საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს,“ – ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.

გამომცემლობა  „ინტელექტის“ „აკრძალული წიგნების თაროს“ სერიაში გარდა კაზანძაკისის ტექსტისა, შედის ნათანიელ ჰოთორნის „ალისფერი დამღა“, ვენედიქტ ეროფეევის „მოსკოვი პეტუშკი“, ელის უოკერის „იისფერი“, მაია ენჯელოუს „ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი“ და სხვა.

კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის განკიცხვის ობიექტად იქცა.

„ეს წიგნი არის ღვთის მგმობელი და მკრეხელური შინაარსის, რომელიც შეურაცხყოფს როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას, ისე მორწმუნე ადამიანს. დაე, ნუ დაიდებს ბინას ჩვენს სახლებში ეს სატანის სულით გაჟღენთილი წიგნი, რომელსაც შეუძლია ჩვენს მოზარდებს დაუმახინჯოს ცნობიერება და ცოდნა, ჭეშმარიტი მესიის- ქრისტეს შესახებ,“ – მიიჩნევს ეპისკოპოსი. პოსტს სოციალურ ქსელში ბევრი გაზიარება და კომენტარი მოჰყვა.


კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ ახალი ბერძნულიდან თათია მთვარელიძემ თარგმნა. „ბათუმელებს“ წიგნის მთარგმნელი აკრძალული წიგნების ბედზე, ტექსტების აკრძალვის მიზეზებზე ესაუბრა.

თათია მთვარელიძე, მთარგმნელი: „საეკლესიო წრეების მიერ გაკიცხული წიგნები ყოველთვის იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს. ბევრი მწერს მეუფე გიორგის სტატუსის შემდეგ და მეკითხებიან, სად იყიდონ წიგნი ან მისი ელექტრონული ვარიანტი.

მე მხოლოდ მთარგმნელი ვარ ამ წიგნის. აგრესია უფრო მძიმე და აუტანელია ხოლმე, როცა ქართველი მწერლები წერენ ეკლესიისთვის მიუღებელ ტექსტებს. გავიხსენოთ ლაშა ბუღაძის, ზაზა ბურჭულაძის, ერეკლე დეისაძის ან სხვა ავტორების წიგნები.

50-იანი წლების მერე აღარავის მოსვლია თავში აზრად, რომ კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ აეკრძალა, საერთოდაც ეს ტექსტი, როგორც აკრძალული ლიტერატურა აქტუალური აღარც ყოფილა 1950-იანი წლების შემდეგ. ერთადერთი საპროტესტო ტალღა აგორდა 1990-იან წლებში, საბერძნეთში, მარტინ სკორსეზეს ფილმის ჩვენებისას, რომელიც ამ ტექსტის მიხედვით გადაიღეს.

მეუფის სტატუსის მიხედვით, რომელსაც ხალხი აზიარებდა, მივხვდი, რომ მას ტექსტი არ აქვს წაკითხული და ციტატები, რაც მოჰყავს, ჩემ მიერ დაწერილი ანოტაციიდანაა ამოკრეფილი. წიგნის გაკიცხვისას მეუფის მყარი არგუმენტი იყო, ის, რომ ტექსტი საბერძნეთის ეკლესიამ ანათემას გადასცა.

ჩვენთვის საყვარელი და საამაყო „ვეფხისტყაოსანიც“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწორედ სასულიერო პირების მიერ იდევნებოდა.

ვფიქრობ ზედაპირული დამოკიდებულებაა, მხოლოდ ანოტაციის მიხედვით გსურდეს შექმნა ტექსტის მიმართ უარყოფითი განწყობები.

თათია მთვარელიძე, მთარგმნელი / ფოტო: რადიო თავისუფლება

წიგნი არის იმაზე, რომ ქრისტეს ჰქონდა ადამიანური ბუნებაც და კაზანძაკისი უღრმავდება ამ საკითხს. გვაჩვენებს, რა გზას გადის იესო ადამიანობიდან ღმერთობამდე, როგორ განიღმრთობა ეტაპობრივად. ავტორი არ ხედავს საკითხს ისე, რომ იესო ღმერთად დაიბადა დედამიწაზე და მისი დაბადების ფაქტით ღმერთად უკვე შედგა, არა – ავტორი გვიჩვენებს რთულ და წინააღმდეგობრივ გზას, რომლის ბოლოსაც არის ჯვარი, როგორც განღმრთობის მწვერვალი.

რა გზას გადის, რამხელა საცდურებია, როგორი მსხვერპლის გაღება უწევს წიგნის პერსონჟს  გზაზე, ამაზეა ტექსტი. თითოეულმა მკითხველმა შესაძლოა კაზანძაკისის ქრისტეში საკუთარი თავი, საკუთარი ტკივილი აღმოაჩინოს. წიგნს ფანტასტიკური შესავალი აქვს, რომელშიც კაზანძაკისი ამბობს, რომ მან დაწერა მებრძოლი ადამიანის აღსარება, ამბობს იმასაც, რომ იმედი აქვს წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანები კიდევ უფრო შეიყვარებენ ქრისტეს, რადგან დაინახავენ, როგორ იბრძვის ის ზუსტად ისე, როგორც იბრძვიან ადამიანები. მკითხველები დაინახავენ, რომ ქრისტე იმარჯვებს ცდუნებებზე, რაც ნიშნავს, ადამიანსაც აქვს შანსი იყოს გამარჯვებული, მივიდეს უფრო ახლოს ღმერთთან.

ეს ყველაფერი დოგმატურ აზროვნებასთან წინააღმდეგობაშია, მაგრამ ლიტერატურას არ ევალება ფეხდაფეხ მისდევდეს კანონიკურ ლიტერატურას.

ეკლესიას, რელიგიებს, ეშინიათ ქრისტეს ინტერპრეტაციული, ინდივიდუალური გადააზრების, მასის მოაზროვნე ადამიანებად გარდაქმნის ეშინია არა მხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ ზოგადად, რელიგიებს.

ესქილე, როცა  აღწერს, რატომ დასაჯა პრომეთე ზევსმა, ამბობს, რომ დასჯის მთავარი მოტივი იყო არა ცეცხლის მოტაცება, არამედ ის, რომ მან ადამიანებს ცოდნა მისცა ცეცხლის სახით, გააგებინა, რომ ადამიანები თავად არიან პატარა ღმერთები და შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც.

ცოდნა ეხმარება ადამიანს, რომ აღმოაჩინოს საკუთარი ძლიერება. ქრისტიანობაც გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისა შექმნა, მაგრამ ამავე დროს ამის გამცნობიერებელი ადამიანი საშიშიცაა რელიგიისთვის.

ქრისტიანობა არის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი რელიგია, ამაში მარწმუნებს ყველა ის სასულიერო ტექსტი, რასთანაც მიწევს შეხება პროფესიული საქმიანობის გამო. თუმცა ქრისტიანობა იქცა ადამიანის შემზღუდველ, მართვის საუკეთესო ინსტრუმენტად. მარტივია მიაწოდო ადამიანებს მხოლოდ ფორმულები და უთხრა, რომ ამ ფორმულებს მიღმა არ იაზროვნო, რადგან ასე უფრო კარგად შეგიძლია მართო მასა. ეს ხელს აძლევს სახელმწიფოებს, ხელს აძლევს რელიგიას“.

წყალდიდობები, ხანძრები და სიღარიბე – რა მოხდება თუ მსოფლიოში 1.5C-ით დათბება

IPCC კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ბოლო ანგარიშში 2040 წლისთვის კრიზისის რისკების განხილვისას აღნიშნულია, რომ ექსტრემალური დათბობის, წყალდიდობებისა და სიღარიბის რისკების შესამცირებლად სწრაფი ცვლილებებია საჭირო.

„მსოფლიოს წამყვანი მეცნიერ-კლიმატოლოგები იუწყებიან, რომ დარჩენილია მხოლოდ ათეული წელი იმისთვის, რომ (გლობალური) დათბობის მაჩვენებელი შენარჩუნებული იყოს 1.5 C-ზე, რადგან ნახევარი გრადუსით მეტი მატებაც კი მნიშვნელოვნად ზრდის ათასობით ადამიანისთვის გვალვების, წყალდიდობების, ექსტრემალური სიცხისა და სიღარიბის რისკებს” – წერს theguardian-ი.

ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა IPCC-ს მიერ, მეცნიერთა ჯგუფი აღწერს სამყაროს, რომელშიც უკვე 2040 წლისთვის შემცირებულია საკვების მარაგები, გახშირებულია ტყის ხანძრები და ხდება მარჯნების მასიური განადგურება –  წერს The new york times-ი.

ანგარიშში ერთ-ერთი უმთავრესი მესიჯია, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ 1°C-ით დათბობის შედეგებს უფრო ექსტრემალური ამინდის, ზღვის დონეების მატების და არქტიკური ყინულის შემცირების სახით.

კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ თუ სათბურის გაზების გაფრქვევა გაგრძელდება მიმდინარე ტემპით, 2040 წლისთვის დათბება 1.5 გრადუსი ცელსიუსით, რაც გამოიწვევს უფრო მეტ წყალდიდობას, გვალვასა და სიღარიბეს.

ანგარიშზე მუშაობდა 91 მეცნიერი 40 ქვეყნიდან, რომლებმაც გაანალიზეს 6000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ ითვალისწინებდა, რომ დათბობის მაჩვენებელი არ გაზრდილიყო 2 გრადუსზე მეტად. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ  ეს იყო კლიმატის ცვლილების მაქსიმალური ზღვარი, რაც გამოიწვევდა ძალიან დიდ სოციალურ და ეკონომიკურ ზარალს, თუმცა ზღვის დონის მატებით შეწუხებულმა მეცნიერებმ გადაწყვიტეს გამოეკვლით კლიმატის 1.5 გრადუსით დათბობის შედეგებიც.

ანგარიშში წერია, რომ აგრესიული ქმედებების გარეშე, ბევრი საგანგაშო შედეგი, რაც მხოლოდ რამდენიმე ათწლეულში იყო მოსალოდნელი, 2040 წლისთვის დადგება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ 1.5 გრადუსით დათბობა, 2030 წლისთვის სათბურების გაზებით გამოწვეული დაბინძურება 2010 წელთან შედარებით უნდა შემცირდეს 45%-ით, 2050 წლისთვის კი 100%ით. ასევე დაადგინეს, რომ 2050 წლისთვის ქვანახშირის გამოყენება ელექტროენერგიის წყაროსთვის უნდა შემცირდეს 40%-ით. ხოლო განახლებადი ენერგია, როგორიცაა ქარი და მზის ენერგია, რაც დღეისთვის ელექტროენერგიის წყაროს 20%-ს შეადგენს, უნდა გაიზარდოს 67%-მდე.

თუ გაინტერესებთ რამდენად დათბა თქვენს მშობლიურ ქალაქში თქვენი დაბადებიდან დღემდე, გადადით ბმულზე და დაიანგარიშეთ.

„შეიხები“ და „ჯღანები“ – უნდა ახარისხებდეს თუ არა ქვეყანა ტურისტებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ჩვენ“, ანუ საქართველოს არ სჭირდება „გაძვალტყავებული, ბოდიში და ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვი… ჩვენ არ გვჭირდება ბანგლადეშელები“…

რა მიმართულებით ვითარდება საქართველოში ტურიზმი და რა ტიპის მომხმარებელზე არსებობს სწორება? უნდა მიმართავდეს თუ არა ქვეყანა ტურისტების სეგრეგაციას და არსებობს თუ არა რასიზმი ქართულ ტურიზმში? „ბათუმელებთან“ ამ თემაზე ტურიზმის სპეციალისტი მაია სიდამონიძე საუბრობს.

  • ქალბატონო მაია, საქართველოს მოქალაქეებიც არ ვართ ალბათ მდიდარი ტურისტები ბევრი ქვეყნისთვის და ჩვენც ვცდილობთ ვიმოგზაუროთ ნაკლები დანახარჯებით. როგორი რეაქცია გვექნებოდა, თუკი ჩვენ ასე მოგვიხსენებდა ვინმე და რას უნდა ველოდოთ სხვებისგან?   

ნამდვილად არასასიამოვნო იქნებოდა, თუკი ჩვენი მისამართითაც მსგავს რაიმეს იტყოდა ვინმე. ზოგადად, ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა საქართველოში და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გაგვაჩნდეს ამ სფეროში სწორი მიმართულება და სტრატეგია.

ვფიქრობ, განვითარების ეტაპიც სხვაა დღესდღეობით და გამოწვევებიც სხვა. ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ხელი დავადოთ კონკრეტულ ბაზრებს ქვეყნებისა და ეროვნების მიხედვით შევზღუდოთ. თუმცა უნდა გაგვაჩნდეს მიმართულება. აქცენტი ტურისტულ პროდუქტებზე უნდა გაკეთდეს და ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყანა – სახელმწიფო და კერძო სექტორიც.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტ ბაზარზე შევალთ და სწორ სეგმენტს მოვიზიდავთ, მით უფრო კარგი იქნება იმისათვის, რომ არ ვიყოთ კონკრეტულ ბაზრებზე დამოკიდებული, როგორც დღეს ვართ, როცა შემოსული ტურისტების 70 პროცენტი ოთხ მეზობელ ქვეყანაზე მოდის. აქცენტი უნდა გვქონდეს მაღალმხარჯველიან ვიზიტორებზეც, ვისაც აინტერესებს ჩვენი კულტურა, ისტორია, კულინარია და აქ სწორედ ამ ავთენტურობის მისაღებად ჩამოვლენ. თუმცა ეროვნების და ქვეყნების მიხედვით სეგრეგაცია  ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს.

  • დამოკიდებულება, რომ არ მოგვწონს აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები და სწორება გვაქვს მხოლოდ ევროპის ქვეყნებზე, ეს რასისტული განწყობების ბრალია, თუ მოლოდინი, რომ ევროპელი უფრო მეტს დახარჯავს?

მსგავსი დამოკიდებულება მინახავს, მომისმენია, როგორც რიგითი მოქალაქეების მხრიდან, ასევე პოლიტიკოსებისგანაც და არ ვიცი რა არის ამის მოტივაცია, ნამდვილად ვერ დავარქმევ სახელს. პოლიტიკოსების შემთხვევაში, ალბათ, გარკვეულ ელექტორატზე ხდება ზემოქმედება, თუმცა არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ საზღვარზე არ ხდება ტურისტების კვოტირება ეროვნების მიხედვით. ვფიქრობ, საჯარო პირებისგან ამ ტიპის განცხადებები (გაძვალტყავებული, ჯღანი და ა.შ) არაეთიკურია, ტურიზმის სფერო ძალიან სენსიტიურია ამ ტიპის განცხადებების მიმართ.

  • მსმენია პრეტენზიები, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან შემოსული ტურისტები არ შედიან კაფე-ბარებში, რომ თავიანთი საკვები მოაქვთ და რა მოგება აქვს ამით ქვეყანას? რა უნდა შესთავაზოს ამ კატეგორიის ტურისტს ბაზარმა?

მეც გამიგია მსგავსი განცხადებები, როგორც ტურისტული სერვისების მფლობელებისგან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ყველა ეროვნებას თავისი სამომხმარებლო სახასიათო ქცევა აქვს და თუ ჩვენთვის ამ ტიპის ქცევა მიუღებელია, ამაზე შეგვიძლია გვქონდეს ადეკვატური წესები კონკრეტულ დაწესებულებებში. თუმცა, ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანაზე ბევრი პროვაიდერი მუშაობს და თუ მიწოდება არსებობს, ესე იგი მოთხოვნაც შესაბამისია.

თუ გვინდა, რომ ტურისტმა ბევრი დახარჯოს, ამისთვის შესაბამისი სერვისიც უნდა შევთავაზოთ.

როცა ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული, არც შესაბამისი მომსახურება გვაქვს, როგორ უნდა მოიზიდო მდიდარი ტურისტი? ელემენტარული პრობლემებია მომსახურების სფეროში, კვების ობიექტებში, რაში ვახარჯინებთ ფულს ტურისტს ეს ხომ უნდა ვიცოდეთ. პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით უნდა ვიმუშაოთ და აქ დავახვედროთ შესაბამისი სერვისი ტურისტებს.

ენაც მეტი უნდა ვიცოდეთ, გაღიმებაც უნდა შეგვეძლოს და ბევრი რამ ამ მიმართულებით არის დასახვეწი.

  • არის კიდევ ასეთი პრეტენზიები, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, მაგალითად, რუსები, უკრაინელები, სომხები თუ აზერბაიჯანელები ყიდულობენ ბინებს და ამით სასტუმროები კარგავენ მომხმარებელს.

საერთოდ, მსოფლიოში ტენდენცია იქეთ მიდის, რომ ტურისტული სააგენტოები ნელ-ნელა ქრება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს მსგავსი სერვისი, რადგან ადამიანები თვითონ გეგმავენ მოგზაურობას, თვითონ ჯავშნიან ყველაფერს და სწორედ ამიტომ გვჭირდება სწორი მიმართულებები. ეს მიდგომები არის კულტურული ავთენტურობა, უნიკალურობა, რაზეც უნდა გაკეთდეს უფრო მეტი აქცენტი.

ვფიქრობ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ტურისტი ქართულ რესტორანში შეჭამს თუ თურქულში, ეს ქვეყნის ბიუჯეტზე მაინც აისახება. ყველა ეროვნების ტურისტს აქვს კულტურული მახასიათებელი, თუმცა ჩვენ უნდა შევთავაზოთ ის, რაც არის უნიკალური და ეს ნამდვილად შეგვიძლია შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო ტოლერანტულები ტურიზმის სფეროშიც.

ჩვენ  ხშირად გვაღიზიანებს ის, რომ ბაზარი გახდა კონკურენტული, მაგრამ თუ შევძლებთ გავუწიოთ სხვებს კონკურენცია მომსახურებაში, ხარისხში, დარწმუნებული ვარ, მომხმარებელს არცერთი მიმართულება არ დაკარგავს.

___________________

მთავარი ფოტო: მაია სიდამონიძე. ფოტო აღებულია რესპონდენტის ფეისბუქვერდიდან მისივე ნებართვით.

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ” – ლავასოღლის ფარული ჩანაწერები სასამართლოში

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ, ძმა…” “ლავასოღლი ვარ, ჩამოეთრიე აქ, ამოგთხრი მიწიდან”, – ეს ფრაზები მინდია ლავასოღლის ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის. “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოსამართლე ლევან გელოვანმა აუდიოჩანაწერებს დღეს, 5 ნოემბერს, მოუსმინა.

დღეს სასამართლომ ბრალდებულების: მინდია ლავასოღლის, ივანე გიგიაძის, შოთა კეკელიძის და ზაალ ახვლედიანის ჩანაწერები მოისმინა. პროცესს სამი მათგანი ესწრებოდა, თუმცა მოსმენის პროცესში ივანე გიგიაძემ და ზაალ ახვლედიანმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

რაც შეეხება მინდია ლავასოღლს, იგი ტრაპიზონში 25 ოქტომბერს დააკავეს. ამ დრომდე ლავასოღლი საქართველოში ექსტრადირებული არ არის.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 10 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

სატელეფონო საუბრების ჩანაწერები პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოიპოვა. ფარული სატელეფონო ჩანაწერების გარდა, საქმეშია ასევე ლავასოღლის მიერ თურქეთიდან ბადრი ქობულაძის მიმართ გამოგზავნილი აუდიოფაილიც. ბადრი ქობულაძეც ამავე საქმეზე ბრალდებულია და ჩანაწერები მის ტელეფონში გამოძიებამ ქობულაძის დაკავებამდე, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შეძლო.

ათობით ჩანაწერში ბრალდებულები სხვადასხვა ფორმით ახსენებენ “ქურდობას”. ზოგიერთ ჩანაწერში საუბარია გავლენების გადანაწილებაზე და იმაზე, თუ ვის უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს.

“ამ ჩანაწერებით არ დგინდება არაფერი კონკრეტული, რომ ბრალდებული ვინმეს სთხოვს ფულს და ასე შემდეგ… ცალკეული ფრაზები ისმის, მაგრამ დანაშაული არ მტკიცდება. ჩანაწერებიდან რთულია გაარკვიო, რეალურად რაზეა საუბარი,” – გვითხრა შესვენების დროს ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

აუდიოჩანაწერების მოსმენა სასამართლოში დღის 3 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ელექტროენერგიის დეფიციტი ბათუმში – შეიქმნება თუ არა პრობლემა ზამთარში

ბათუმის ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო დღემდე ვერ ხერხდება ახალი ობიექტების ქსელზე მიერთება. მიზეზია გადამცემი ხაზი „ერგე-1“, რომლის რეაბილიტაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ ახერხებს. ხაზის გაორჯაჭვიანებას ის მოსახლეობა ეწინააღმდეგება, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან და საკარმიდამო ნაკვეთებშიც გადის ეს ხაზი. კომპანია და სახელმწიფო კი არ ითვალისწინებენ ამ ადამიანების ინტერესებს და, შესაბამისად, არც კომპენსაციის გაცემაზე საუბრობენ და არც ხაზის კერძო ნაკვეთებიდან გადატანაზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ ბათუმის ელექტროენერგიის მოხმარება და მისი პიკური დატვირთვა მიუახლოვდა 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მაქსიმალურ გამტარუნარიანობას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, „ერგე-1“ ხაზის რეაბილიტაციის დასრულებამდე შეჩერებული იქნა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთება [გარდა დაბალი სიმძლავრის ფარგლებში მოთხოვნილი მიერთებებისა]“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

„არანაირი მოძრაობები არ არის დაწყებული მიერთებაზე. როგორც ვიცი, „ენერგო-პრომ“ დაიწყო გარკვეული სამუშაოები – ანძების დამონტაჟება სახელმწიფო ნაკვეთებზე, თუმცა, ამ პროცესს რა გაგრძელება მოჰყვება, ჯერ ვერ გეტყვით. კომისია ფიქრობს, რომ ვიდრე არ დაიწყება ამ ხაზის რეაბილიტაცია, გადაავადებს მიერთებებს, რადგან არ ვიცით რეალურად ზაფხულში რა სიტუაცია იქნება. თუ ვნახავთ, რომ ქსელი კეთდება და რეაბილიტაციას ხელი არ ეშლება, მაშინ ნებას დავრთავთ, რომ  მიაერთოს ახალი მომხმარებლები ქსელზე“, – გვითხრა გოჩა შონიამ, სემეკის წევრმა.

„როგორც კომპანიისთვის ცნობილია, დაახლოებით 15-20 ოჯახი ეწინააღმდეგება 110 კვ ძაბვის ელგადამცემი ხაზი ,,ერგე-1“-ის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას. ასევე, მოსახლეობას გაეგზავნა საინფორმაციო წერილები, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, რომელიც ჩაიბარა მათმა უმეტესმა ნაწილმა,“ – აცხადებენ „ენერგო-პროში“.

კომპანიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, დაიწყო თუ არა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები [სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთებზე], თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. „ენერგო-პრო ჯორჯია“ არც იმ მონაცემს ასაჯაროებს, თუ რამდენი ობიექტი ითხოვს დღეს ბათუმში ქსელზე მიერთებას.

სემეკში აცხადებენ, რომ მოხმარებული ენერგიის მოცულობის ზრდა დაბლა წევს ტარიფს. სემეკს უკვე მიმართეს გაზმომარაგების კომპანიებმა ტარიფის გაზრდაზე, ამიტომ კომისიის წევრს ვკითხეთ, ხომ არ მიუმართავთ ანალოგიური მოთხოვნით ელექტროენერგიის მიმწოდებლებს.

„რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების – სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფებს, აღნიშნული კომპანიებისთვის ტარიფები დადგენილია სამწლიან სატარიფო პერიოდზე 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ კომპანიებს სემეკისთვის არ მოუმართავთ და ამ მიმართულებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილება არ განიხილება. რაც შეეხება გაზის ტარიფს, ვადა გვაქვს – ტრანსპორტირების ტარიფი, შემდეგ განაწილების კომპონენტი უნდა ვნახოთ, ინვესტიციები, ამასთან ბიუჯეტში როგორი კურსი იქნება ჩადებული… როცა მიწოდების ნაწილში ვითვლით ფასს, მაშინ ვიღებთ იმ ტარიფს, რაც ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩაიდება… თუ გაყიდვების მოცულობა გაიზრდება, ეს ტარიფს დაბლა წევს, ამიტომ ყველა კომპონენტი დეტალურად უნდა განვიხილოთ. გადაწყვეტილებას სემეკი წლის ბოლომდე მიიღებს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ გოჩა შონიამ.

მიუხედავად დადგენილი ტარიფისა, კომპანიას უფლება აქვს მიმართოს კომისიას ტარიფის გადახედვაზე. „კანონმდებლობა არ უკრძალავს ტარიფის გადახედვაზე მოგვმართოს კომპანიამ, მაგრამ კომისია შეისწავლის და თუ დარწმუნდა, რომ კომპანიას რეალურად აქვს ფინანსური პრობლემა, მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს მის განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებს განუხილველად,“- ამბობს გოჩა შონია.

ხომ არ შეიქნება პრობლემები ბათუმის ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ზამთარში? – „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „ქალაქ ბათუმში არსებულ გამანაწილებელ ქსელში განხორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური სამუშაოები და, შესაბამისად, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ქალაქის საიმედო ელმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება“.

 

 

არასამთავრობოები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად აფასებენ

ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ „ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის”.

განცხადებას პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების საკითხებზე მომუშავე 24 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. აღნიშნული ორგანიზაციები პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ალიანსში არიან გაერთიანებული. პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. მათი აზრით, მსგავსი განცხადებები აძლიერებს სტიგმას ყოფილი პატიმრების მიმართ, მაშინ, როცა კვლევების მიხედვით, დასაქმება უჭირთ არამხოლოდ ყოფილ პატიმრებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც კი.

ეკა ლალიაშვილის განცხადებას ეხმაურება დემოკრატიის ინსტიტუტიც, რომელიც წელიწადნახევარზე მეტია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ახორციელებს.

„როდესაც ქვეყანაში სახელმწიფოს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროგრამები, რომელთა მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის, დასაქმების ხელშეწყობაა, მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსისა და ყოველგვარ არგუმენტს/დასაბუთებას მოკლებული განცხადებები საფრთხის შემცველია და აძლიერებს ნასამართლევი პირების მიმართ საზოგადოებაში სტიგმატური და არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მსგავსი შეფასებებით საზოგადოებასა და დამსაქმებელს პირდაპირ მივანიშნებთ, რომ ნასამართლევი პირი არის საშიში და მათი დასაქმება საფრთხის შემცველია. ეს, ჩვენი შეფასებით, არის არასწორი და დისკრიმინაციული დამოკიდებულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის ინსტიტუტის, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე აცხადებს, რომ ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ ამ პროექტში ჩართულ ბენეფიციართა უმრავლესობა სწორედ ტაქსით მომსახურების სფეროშია დასაქმებული.

„ბათუმელებთან“ ეკა ლალიაშვილიმა განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დისკრიმინაციულად შეფასებულ მის განცხადებაში, ის მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე მუხლებისთვის ნასამართლევ პირებს გულისხმობდა, თუმცა საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეს არ იყო დაკონკრეტებული. „ბათუმელების“ კითხვაზე, ეყრდნობოდა თუ არა მისი განცხადება ყოფილი პატიმრების შესახებ რაიმე კვლევას ან ყოფილ პატიმართა საკითხებზე მომუშავე რომელიმე ორგანიზაციისგან, დანაშაულის პრევენციის ცენტრისგან გამოთხოვილ სტატისტიკას, ეკა ლალიაშვილი პასუხობს, რომ ყოფილ პატიმრებთან დაკავშირებული რაიმე ტიპის კვლევა არც ორგანიზაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ უწარმოებია და არც არავისგან გამოუთხოვიათ სტატისტიკა.

„ევროპის ქვეყნებში მოქმედებს ეს მოდელი და აქაც მსგავსი რეფორმის გატარებას ვგეგმავთ. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი ზუსტად, საკითხი დამუშავების პროცესშია, თუმცა განვმარტავ წინასწარ, რომ ტაქსის მძღოლობისას შეზღუდვა შეეხება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს“, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

ნინო ხაჩიძე მბობს, რომ თუნდაც მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის გამო ნასამართლევი ყოფილი პატიმრების მიმართ აკრძალვის შემთხვევაშიც, საკითხი მაინც ექვემდებარება განხილვას:

„თუ ადამიანმა რამდენიმე წელი გაატარა საპატიმროში, გამოისყიდა დანაშაული და რეაბილიტაცია გაიარა წარმატებით, გამოდის, რომ ის მაინც საშიშია საზოგადოებისთვის? ეს ნიშნავს, რომ ყველა სარეაბილიტაციო პროგრამა, სახელმწიფოსა თუ არასამთავრობოების მიერ განხორციელებული,~ ყველა რესურსი, რაც ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაზე, დასაქმების ხელშეწყობაზე იხარჯება, ამაოა და უმნიშვნელო.

ეს რომ ყოფილიყო სტატისტიკაზე, კვლევებზე დაფუძნებული განცხადება, რომელიც აჩვენებდა, რომ დანაშაულის ჩამდენ ტაქსის მძღოლთა დიდი ნაწილი წარსულში ნასამართლევი იყო მძიმე დანაშაულისთვის, გასაგები იქნებოდა განცხადების საფუძველი, მაგრამ მინიმუმ სასჯელაღსრულების სამინისტროსგანაც თუ არ მიგიღია კონსულტაციები, მსგავსი განცხადებები ყოფილ პატიმართა პრობლემების მიმართ ზედაპირული მიდგომის მანიშნებელია და ძალიან საშიში და საზიანოა ყოფილი პატიმრებისთვის. მათ სტიგმის გამაღრმავებელი ასეთი განცხადებების გარეშეც საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ და უჭირთ რესოციალიზაცია, დასაქმება“, – ამბობს ნინო ხაჩიძე.

პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ალიანსში აცხადებენ, რომ მტკიცებულებების და კვლევის გარეშე მსგავსი განცხადებები ნაადრევია და რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადების ავტორს არ ჰქონია შეხება ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო საკითხებთან. ალიანსში მიიჩნევენ, რომ სწორედ ამიტომ საჭიროა პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირი, მოლაპარაკებები და შეთანხმებები კონსენსუსის მისაღწევად.

ყოფილ პატიმართა საკითხებზე მომუშავე, ალიანსში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მზაობას გამოხატავენ, ჩაერთონ ტაქსების რეფორმის პროცესში და კონსულტაციები გაუწიონ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს, რათა ტაქსების სფეროს რეფორმა არ მოხდეს მოწყვლადი ჯგუფების უსაფუძვლო დისკრიმინაციის ხარჯზე.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ()იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

„კრიპტომატი“ – სიახლე ბათუმში

საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, თუმცა ბირჟებზე რეგისტრაცია და ვაჭრობა, ხშირად, პროცედურულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე კრიპტოვალუტის ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია -„კრიპტომატი“ გამოჩნდა, რომელიც კრიპტოვალუტის შეძენისა და ლარში განაღდების ყველაზე მარტივი საშუალებაა.

ბათუმში პირველი კრიპტომატი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში“, შერიფ ხიმშიაშვილის 16-შია განთავსებული.
ბათუმში პირველი კრიპტომატი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში“, შერიფ ხიმშიაშვილის 16-შია განთავსებული.

კრიპტომატი (Cryptomat) კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების-ბიტკოინის (BTC),ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშის (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კრიპტომატები თბილისში ექვსი თვის წინ გამოჩნდა და ამ მომენტისათვის უკვე 4 ქალაქში და 8 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. მათ შორისაა ბათუმიც.

ბათუმში პირველი კრიპტომატი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში“, შერიფ ხიმშიაშვილის 16-შია განთავსებული.

კრიპტომატი კრიპტოვალუტების შეძენა-განაღდების ოპერაციების წამებში განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ოპერაციის სისწრაფესა და ხელმისაწვდომობას, კომპანიაში სწორედ რომ კონკურენტულ უპირატესობებად მიიჩნევენ.

საინტერესოა ისიც, რომ კრიპტოვალუტის ონლაინსაფულის არქონის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს სასურველი ვალუტის ყიდვა აპარატის მიერ შექმნილი და დაბეჭდილი საფულით მაინც შეუძლიათ.

ცნობისთვის, კრიპტომატის საშუალებით ერთჯერადად მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 14 000 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება შეიძლება.

ბათუმში მინიმუმ ოთხი თვე ყინულის მოედანი არ იქნება

700-მდე მოციგურავე, ჰოკეისტი და მოყვარული, მინიმუმ ოთხი თვე ბათუმში ყინულის მოედნის გარეშე დარჩება – 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში ბათუმში ყინულის მოედანი არ იქნება. მიზეზი არსებული ყინულის მოედნის დემონტაჟი და ახალი ყინულის არენის მშენებლობაა, რომელიც, პროექტის მიხედვით, სწორედ მომავალი წლის აპრილში უნდა გაიხსნას. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რატომ არ შეიძლებოდა გახსნილიყო ახალი ყინულის არენა და შემდეგ არსებულის დემონტაჟი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აუცილებლად უნდა აითვისონ ის ტერიტორია, სადაც ამჯერად ყინულის მოედანია განთავსებული. არსებულ მოედანს [მემბრანულ ნაგებობას] კი, ბათუმის მერია დაშლის და რაგბის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანს. ამ ნაგებობას კვლავ სპორტული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ, თუმცა – არა ყინულის მოედნად. ბათუმის მერიაში ვერ გვითხრეს ზუსტი დრო, თუ როდის გადაიტანენ მემბრანულ ნაგებობას ახალ ადგილზე.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ახალი ყინულის არენისთვის კაპიტალური შენობა უკვე აშენებულია, სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ახლა ამ შენობის ყინულის არენად გადაკეთება დაიწყება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ახალი მოედნისთვის ძველი ყინულის მოედნის ძალოვანი აგრეგატები და დანადგარები უნდა გამოიყენონ, შესაბამისად, ახალი ყინულის მოედანი ვერ მოეწყობა ისე, თუ არ მოხდა ძველის დემონტაჟი.

ძალოვანი აგრეგატების და მოწყობილობა-დანადგარების დემონტაჟის, ასევე იქვე, ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობის და მასში ამ აგრეგატების დამონტაჟების პროექტის შესყიდვაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 8 475 ლარია. წინადადებების მიღება 12 ნოემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებული კი ვალდებული იქნება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში მოამზადოს. სწორედ ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება დემონტაჟი და ახალი სატრანსფორმატორო სადგურის მშენებლობა-მონტაჟის სამუშაოები.

არსებული ყინულის მოედნის ადგილზე, პარალელურად, საცურაო აუზი აშენდება.

„ახლა ვემზადებით, რომ დავიწყოთ სამუშაოების მორიგი ეტაპი – საცურაო აუზის მშენებლობა და არსებული დარბაზის გადაკეთება ყინულის არენად. ის ინვენტარი, რაც ოლიმპიადის ჩასატარებლად იქნა შეძენილი, გამოსადეგია ყინულის არენისთვის და დამატებით კიდევ იქ მოეწყობა ყინულის მოედნის ტრიბუნები – ჯამში 1500 კაცზე. ყინულის არენა უნდა დასრულდეს 2019 წლის პირველი აპრილისთვის, ხოლო საცურაო აუზი – 2020 წლის პირველი აპრილისთვის. ამ დროისთვის არც პროექტი შეცვლილა და არც თანხის ოდენობა“, – გვითხრა დაახლოებით ათი დღის წინ მირზა ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა.

„გაფრთხილებული არიან და ყველამ იცის, რომ მშენებლობის გამო, გარკვეული პერიოდი გაჩერება მოგვიწევს. რაც შეეხება უშუალოდ სპორტსმენებს, ველოდებით, რომ ყინულის მოედანი ნოემბრის ბოლოს ზუგდიდშიც გაიხსნება. თუ ასე მოხდება კარგია, ახლოსაც არის და ძალიან დაგვეხმარება. იქ ყინულის აგრეგატს ელოდებოდნენ და ახლა რა მდგომარეობაა, ბოლო ინფორმაცია არ მაქვს… უშუალოდ სპორტულ კლუბში 35 ბავშვი გვყავს. 7 მოციგურავე კი სხვადასხვა შეჯიბრზე საქართველოს სახელით ასპარეზობს. სლოვენიაში მედლები აიღეს ამ ბოლოს. ყინულის სასახლეში უამრავი მოყვარული და ვიზიტორი დადის. მწვრთნელები არჩევენ ბავშვებს მოყვარულებში და გადაჰყავთ შემდეგ სპორტულ კლუბებში. სამომავლოდ ჰოკეისტთა გუნდის ჩამოყალიბებასაც ვაპირებთ“, – ამბობს ბადრი აბაშიძე, ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

სპორტულ ცენტრში ადრე ფიქრობდნენ, რომ არსებული ყინულის მოედანი სხვაგან განთავსდებოდა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ბათუმში ყინულის ორი მოედანი არ იქნება.

ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში ერთგვარ ფორსმაჟორში გადაწყდა. სამუშაოების ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა. მიზეზი ბათუმში დაგეგმილი საჭადრაკო ოლიმპიადა იყო, რომლის ჩატარების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ცხადი გახდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ოლიმპიადამდე ვერ ასწრებდა ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულებას ლეონიძის ქუჩაზე.

კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობას კვლავ „ანაგი“ გააგრძელებს, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს.

ამ თემაზე:

15 ათასი ლარი ყინულის სასახლის მემბრანის გასარეცხად

მთავარი ფოტო: ბათუმის ყინულის სასახლე / ბათუმის სპორტული ცენტრის ფოტო

ბათუმის თოჯინების თეატრში საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მანდარინი“ დაიწყო, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ფესტივალში მონაწილეობენ ბავშვთა მუსიკალური თეატრი ,,ოქროს გასაღები“ (დნეპრი), მოზარდ მაყურებელთა მუსიკალური თეატრი ,,ფანტაზია“ (კიევი), სანიმუშო თეატრი „როსინკა“ (მუკაჩევო), ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალური დასი და სტუდია,„ლიმპოპო“.

„პროექტის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის შემოქმედებითი კავშირების გაღრმავება და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება“.

 

ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს მერებს აქტიური როლი შეასრულონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ინიციატივის ამბიციაა, გარდაიქმნას მასშტაბური ზომის პროფესიულ გაერთიანებად, რომელიც წევრებს სთავაზობს წვდომას ექსპერტულ ცოდნაზე, თანაბარუფლებიან მხარდაჭერასა და წარმატების ფართოდ გაზიარების შესაძლებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინიციატივით, პროექტისთვის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცრის პოზიციაზე ნომინირებულ იქნა მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი სპეციალისტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების სექტორული მიმართულების კოორდინატორი  რაულ ცინცაძე.

ქედის მერის თქმით: ,,ჩვენ მუნიციპალიტეტში მორიგ სასიამოვნო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ეკონომიკური განვითარების პარტნიორობის შექმნისა და ფუნქციონირების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ქედის მერიას აქვს მოლოდინი, რომ კოორდინირებული მუშაობით არაერთი სიკეთის განხორციელება იქნება შესაძლებელი, ეს იქნება გრძელვადიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება მიმართული. მადლობა ევროკავშირს ასეთი შესაძლებლობისთვის, ხოლო CENN-ს, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ქედის ადგილობრივი განვითარების  ჯგუფს ინიციატივისათვის“.

აღნიშნულ ინიციატივაში ქედის გაწევრიანება ქმნის ახალ შესაძლებლობებს მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდისა და დონორებისგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვებისთვის. ამასთან, ქედის გაწევრიანება ინიციატივაში ადგილობრივ განვითარების ჯგუფსა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის წარმატებული თანამშრომლობის მორიგი მაგალითია.

წინასაარჩევნოდ ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანიდან აჭარაში დაბრუნდა

წინასაარჩევნოდ, უფრო ზუსტად, მეორე ტურის წინ, აჭარაში ზურაბ პატარაძე დაბრუნდა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, მოქალაქეებს ხვდება ბათუმსა და ქობულეთში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბ პატარაძე „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტულად „ქობულეთში სამუშაოდ“ ჩამოიყვანა.

„მხოლოდ ქობულეთში არა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მექნება შეხვედრები,“ – გვითხრა ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, იგი საკუთარი სურვილით მართავს შეხვედრებს და მმართველ პოლიტიკურ ძალას არ ჩამოუყვანია.

„მე ამის უფლება მაქვს, კანონს არ ვარღვევ… შვებულება ავიღე და აქ წამოვედი, ჩემს ხალხს მინდა შევხვდე. არავის უთხოვია ჩამოსვლა, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი სურვილია ხალხს შევხვდე. მოსახლეობას ვხვდები სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ და მე არ ვმალავ, რომ მაქვს სიმპათიები „ქართული ოცნების“ მიმართ. მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“.

ვინ უწევს ორგანიზებას ზურაბ პატარაძესთან შეხვედრებს? – აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ კონკრეტული პირები არ დაგვისახელა, თუმცა დასძინა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან არ გვაქვს საქმე.

რატომ გაუჩნდა ელჩს ამომრჩეველთან შეხვედრის სურვილი ახლა, მეორე ტურის წინ? – ზურაბ პატარაძემ გვიპასუხა, რომ ამომრჩეველს კი არა, მოსახლეობას ხვდება და მსგავსი შეხვედრები არჩევნების შემდეგაც ექნება. მან გვითხრა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველო-აზერბაიჯანს შორის მისი მოვალეობაა, როგორც ელჩის და ამ კუთხითაც იმუშავებს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

როდემდე აქვს შვებულება ზურაბ პატარაძეს, დარჩება თუ არა იგი რეგიონში არჩევნების მეორე ტურამდე?

„რამდენიმე დღეში მე ისევ დავბრუნდები აზერბაიჯანში, რადგან შეხვედრები მაქვს დანიშნული, მერე ისევ ჩამოვალ. გიმეორებთ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები და ახლო ურთიერთობა არჩევნების შემდეგაც მექნება,“ – გვითხრა ზურაბ პატარაძემ.

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 4 ივლისს დატოვა, 29 აგვისტოს იგი აზერბაიჯანში ელჩად დანიშნეს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სკოლა ევრო-2000-ს ეწვია

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს.

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, გაეცნენ სასწავლო პროცესს და სკოლაში მიმდინარე გერმანულ და სხვა პროექტებს.

2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს
2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს

საელჩოს წარმომადგენლებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ელჩის მეუღლის – ევა მარია ქნირშის ინიციატივით გაიმართა ვიქტორინა მოსწავლეთა მონაწილეობით. გამარჯვებულებს გადაეცა გერმანიის საელჩოს მიერ დაწესებული პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები. 

2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს
2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს

შედგა შეხვედრა გერმანული ენის პედაგოგებთან და სკოლის დირექციასთან, სადაც ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე.

სკოლა ევრო-2000-ის შესახებ მათი ღრმა შთაბეჭდილებები საპატიო სტუმრების წიგნში დააფიქსირდა. ელჩის შეფასებით „სკოლა ევრო-2000 არის იდეალური სკოლა!“.

დელეგაციამ სკოლის კვლავ მონახულების სურვილი გამოთქვა.

2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს
2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს

2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს
2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია სკოლა ევრო-2000-ს

თორნიკე რიჟვაძე: მხარს დავუჭერთ ახალგაზრდების ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძემ მათ სამთავრობო ხედვისა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონის მეთაურთან ერთად ტექნოპარკის ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში გაიხსნება „ტექნოპარკი“, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში გაიხსნება „ტექნოპარკი“, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, თანამედროვეობა და ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებს  საშუალებას მისცემს იფიქრონ და იაზროვნონ გლობალურად.

 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში გაიხსნება “ტექნოპარკი”, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში გაიხსნება “ტექნოპარკი”, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის

„ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ რომ განათლებულ და ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფ ახალგზარდებზე დგას. ჩვენ მივისწრაფვით იმგვარი გარემოს ჩამოყალიბებისაკენ, სადაც თითეული ახალგაზრდა იქნება თანაბარუფლებიანი, ინფორმირებული, ექნება განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები.  ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა ქმედით იდეას და ინიციატივას“ განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონის მეთაურთან ერთად ტექნოპარკის ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას რეგიონის მეთაურთან ერთად ტექნოპარკის ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკში რეგიონიდან 30 ახალგაზრდა იყო ჩართული და ის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა. სამდღიანი ბანაკი მოიცავდა სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ.

ბათუმში ახალგაზრდული ბანაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, აჭარის ა.რ მთავრობისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკში რეგიონიდან 30 ახალგაზრდა იყო ჩართული
ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკში რეგიონიდან 30 ახალგაზრდა იყო ჩართული

ბათუმის მერია უბნებში სერვისცენტრების მშენებლობას იწყებს

მერია ბათუმის უბნებში სერვისცენტრების მშენებლობას იწყებს.

როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სერვისცენტრებში მოქალაქეები სხვადასხვა ტიპის მომსახურებას მიიღებენ და მშენებლობის მიზანი ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაა.

მაგალითად, მოქალაქეს შეეძლება მერიაში გამოსაგზავნი წერილი ამ სერვისცენტრში ჩააბაროს ან მიმართოს ცენტრს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ცენტრი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უმუშავებს.

მშენებლობას მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თითო ცენტრის მშენებლობაზე დაახლოებით ასი ათასი ლარი დაიხარჯება. ამჟამად სერვისცენტრის მშენებლობა ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს.

როგორც მერიაში გვითხრეს, ცენტრში ის ადამიანები იქნებიან დასაქმებული, რომლებიც ამჟამად მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუშაობენ.

მერიის ინფორმაციით, სულ 14 სერვისცენტრის აშენება იგეგმება.

 

მეზღვაური: ბათუმის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურმა 6200 დოლარი მომპარა

მეზღვაური აბდულ მომენ იქბალ აჰსანი ირწმუნება, რომ ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაქურდეს და მისი კუთვნილი 6 200 ამერიკული დოლარი მიითვისეს.

აბდულ მომენ იქბალ აჰსანი სინგაპურულ კომპანია MTM Ship Management Pte-ს კუთვნილ სატვირთო გემ STRATEGIC VISION-ზე, უფროს მექანიკოსად მუშაობდა. აჰსანს კომპანიასთან კონტრაქტი დაუმთავრდა. მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს, STRATEGIC VISION ბათუმის პორტში შემოვიდა, მან გემი დატოვა და ბათუმიდან დაკას, ბანგლადეშის დედაქალაქის მიმართულებით გაფრინდა. როგორც მეზღვაური ამბობს, ის აეროპორტში გაქურდეს.

“გემის დატოვების შემდეგ ვიყიდე ბილეთი და გავფრინდი დაკას მიმართულებით. ფრენა მქონდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, 28 ოქტომბერს, 17:45 საათზე, რეისით TK-393. ჩექინის დროს, დაახლოებით დღის 4 საათზე, ორმა  ოფიცერმა გამიყვანა ცალკე ოთახში, ჩხრეკისათვის. ოფიცრებმა არ მომცეს ნებართვა, ოთახში შემეტანა ჩემი ხელბარგი – პატარა, ტყავის შავი ჩანთა, ჩანთა დარჩა ოფიცრების მეთვალყურეობის ქვეშ. უსაფრთხოების ოფიცრებმა ჩემი ჩხრეკა არასაჭიროდ დიდხანს გააგრძელეს. მე ვერ შევძელი  მაშინვე აღმომეჩინა, რომ ჩემი ჩანთიდან,  რომელიც უსაფრთხოების ოფიცრების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, გაქრა 6 200 დოლარი.

ბანგლადეშიდან ვცადე დაკავშირება ბათუმის პოლიციასთან და შევატყობინე აეროპორტის უსაფრთხოებასაც. პოლიციამ არ მიპასუხა. სხვა ოფიციალური უწყებებიდანაც არავინ დამხმარებია.

თუ უსაფრთხოების სამსახური დეტალურად შეისწავლის ვიდეო კამერებს 15:30 დან 16 საათამდე, ისინი აუცილებლად იპოვიან იმ ადამიანებს, ვინც იყო ამ კრიმინალურ აქტში ჩართული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც მოხდა ბათუმის აეროპორტში. ეს რეგულარული სცენარია და არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია აქამდე აეროპორტის ხელმძღვანელობის მხრიდან,“ – წერს მეზღვაური აბდულ ასანი წერილში, რომელიც მან civil.ge-ს გაუგზავნა.

საზღვაო საიტ Marinetraffic-ის მონაცემებით, გემი STRATEGIC VISION ბათუმის პორტში ნამდვილად შემოვიდა 2018 წლის 28 ოქტომბერს, 10:30 საათზე.

გემს ქართული კომპანია საზღვაო სააგენტო “სოფმარი” ემსახურებოდა. “სოფმარის” აგენტი-ექსპედიტორი ლევან ქათამაძე “ბათუმელებთან” დეტალურად იხსენებს 28 ოქტომბერს, თუ როგორ გააცილა ბანგლადეშელი მეზღვაური ბათუმის აეროპორტში.

“ამ პიროვნებას [აბდულ მომენ იქბალ აჰსანს] კონტრაქტი დაუმთავრდა ბათუმის პორტში, გემი იყო შემოსული და შეიცვალა ეკიპაჟი. ეს ასე ხდება მსოფლიოს ნებისმიერ პორტში. თავისი ბარგი ყველაფერი თან ჰქონდა, არ მოუშორებია ხელიდან. ჩვენმა სააგენტომ უზრუნველყო მისი ტრანსპორტირება ბათუმის აეროპორტამდე. აეროპორტში რომ მივედით, რაც ჩასაბარებელი იყო ბარგი ჩააბარა, დაიტოვა ხელბარგი მხოლოდ. შემდეგ ჩაუტარებიათ დამატებითი შემოწმება, ჩხრეკის სახით. როგორც ის ამბობს, კონტროლი რომ გავიარე და დავჯექი თვითმფრინავში, ამის შემდეგ ჩემი თანხა იკარგებაო,“ – გვითხრა ლევან ქათამაძემ.

მისივე თქმით, “სოფმარის” კომპეტენცია არ არის, ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა თანხა აქვს მეზღვაურს გემიდან ჩამოსვლისას. მათი მოვალეობა მეზღვაურების აეროპორტამდე ტრანსფერია. ლევან ქათამაძე ამბობს, რომ მსგავსი ინცინდენტი მის კომპანიას აქამდე არ ჰქონია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ოპერირებას “ტავ ჯორჯია” უწევს,  უსაფრთხოებაზე კი შსს-ს  საპატრულო სამსახური ზრუნავს. “ბათუმელები” დაუკავშირდა შსს-ს სამინისტროს.

“სამინისტროში შემოსულია აღნიშნული პიროვნების წერილი, მიმდინარეობს მისი შესწავლა, რასაც მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და ოფიციალურად ეცნობება წერილის ავტორს,” – გვითხრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ბათუმის აეროპორტში

4 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეების, ი.შ.სა და ბ.თ-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, 208 კაფსულა და 11 აბი ფსიქოტროპული და 27 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას გადაეცა.

ახალდაქორწინებულ წყვილს სამზითვო „ვეფხისტყაოსანს“ გადასცემენ

იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, „ვეფხისტყაოსანს“ გადასცემენ, როგორც „სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლოს“.

„ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება,“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციის ახალ სტანდარტს ნერგავს. დღეიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგისტრატორებს დახვეწილი და ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქორწინების საზეიმო ცერემონიალისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა.

ასევე, იუსტიციის სამინსიტროს ინფორმაციით, მალე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების მსურველ წყვილებს შესთავაზებს კიდევ ერთ სერვისს – საქართველოში საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირს ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეეძლება ნებისმიერი ადგილიდან. წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებგვერდზე – www.sda.gov.ge.

_______

მთავარი ფოტო: იუსტიციის სამინისტრო 

საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია 8 943 ბოთლი ყალბი „ფეირი“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ახორციელებდა „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი საშუალების ჩამოსხმას და საქართველოს მასშტაბით, როგორც ბრენდირებული სარეცხი საშუალების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 8 943 ბოთლი „ფეირი“ და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა – ბოთლები და ეტიკეტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

 

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში მცხოვრებ 33 წლის გიორგი ცეცხლაძეს რამდენიმე დღის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიორგი, რომელიც სოფელში დედასთან ერთად ცხოვრობს და ოჯახის რჩენას აქამდე თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე მიღებული ანაზღაურებით ახერხებდა, ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. იგი ცდილობს თანხა შეაგროვოს და თურქეთში ჩაიტაროს გამოკვლევები.

გიორგი ცეცხლაძე ამბობს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, კისერზე დაჩირქების გამო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართა. იგი ამ საავადმყოფოს ქირურგს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს:

„ჩვეულებრივმა ქირურგმა ხელი არ მოკიდა და გამიშვეს ჩირქოვან ქირურგთან. რომ ნახა ჩირქი იყო, გათეთრებული იყო ადგილი, მითხრა, 650 ლარი უნდა, რომ დაწვე საავადმყოფოში, ერთი კვირა აქ იქნები და გაგიკეთებ ოპერაციასო, ან 170 ლარი უნდა, სითხეს გამოვიღებ, დრენაჟს ჩაგისვამ და გადახვევის შემდეგ თავისუფალი იქნები, არ იქნება პრობლემაო. გადავიხადე 170 ლარი. ჭრილობა გაყინა და გახსნა, ძალიან ბევრი ჩირქი გამოვიდა. მეორე დღეს კიდევ მივედი, გახსნა, საფენი შემიცვლა და გამომიშვა. მესამე დღეს უკვე დამეწყო ხელების ტკივილი, სახსრების ტეხვა და სიცხე მომცა. რომ ჩავედი ბათუმში, ვუთხარი, რომ ტკივილი და სიცხე მქონდა. არაფერი არ არისო, მითხრა, დამატებით გამაყუჩებელი დამინიშნა და გამომიშვა, ანტიბიოტიკები ადრე ჰქონდა დანიშნული. ტკივილი აღარ გაჩერდა, იმატა და იმატა. მე-12 დღეს ჩემმა ახლობელმა ანალიზები ამაღებინა და გადააგზავნა თბილისში. ამ ექიმსაც ვუთხარი, რომ ანალიზები თბილისში გადავაგზავნე. ამაზე მითხრა კარგი, ჭრილობა უკვე კარგად არის და ახლა სხვა ექიმთან უნდა გაგიშვათო. იმ ექიმმა კი მითხრა, ჭრილობაზე ხელი არავის მოაკიდებინო, პირდაპირ წადი თბილისშიო“, – ყვება გიორგი.

თბილისში, თოდუას კლინიკაში, რამდენიმე დღის წინ გიორგის დიაგნოზი დაუსვეს. მას ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. გიორგი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული ჩირქგროვის გაკვეთიდან თვენახევრის შემდეგაც კი მას ჭრილობიდან ჩირქი სდის.

„მე არ ვადანაშაულებ ამ ექიმს იმაში, რომ სიმსივნე დამმართა, მაგრამ მისი დაუდევრობის გამო მე მდგომარეობა გამირთულდა. გადახვეული მაქვს ყელი, ჩირქი მოდის თვენახევარია. რატომ არის ასე, თუ სწორად გაკეთდა ყველაფერი, რატომ გართულდა ჩემი მდგომარეობა სამ დღეში, რატომ მოდის ჩირქი თვენახევრის შემდეგაც? რატომ არ გამიშვა სხვა ექიმთან დროზე?

ჩემი აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ თანხა ოფიციალურად არ გადახდილა. მე ვფიქრობ, ის 170 ლარი, უბრალოდ, ჯიბეში ჩაიდო და რომ ნახა, რთულად იყო საქმე, ბიოფსია ვერ მოითხოვა, რადგან ანკეტა არ იყო ჩემზე გახსნილი. პირადობა რომ გამომართვა, გარეთ გავიდა ზუსტად ერთი წუთით და მალევე დაბრუნდა და დამიბრუნა. მესამე დღეს, ტკივილი რომ დამეწყო, მას შემდეგაც არ გამიშვა სხვა ექიმთან, არ გაუკეთებია არც ანალიზი, არც ბიოფსია. თბილისიდან რომ ჩამოვედი, დავურეკე: ასეა მდგომარეობა და ღებულობთ თქვენ თავზე თუ არა, მპატრონობთ თუ არა-მეთქი – პირდაპირ ასე ვუთხარი ტელეფონში. მითხრა, მე რაც გასაკეთებელი მქონდა, ყველაფერი გავაკეთეო. ისე გაჭრა ყელზე ჩირქოვანი ადგილი,  ანალიზი არ აუღია“.

გიორგი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია. იგი ამბობს, რომ გამოკვლევების ჩატარება თურქეთში უნდა, თუმცა ამისათვის საკმარისი თანხა არ აქვს. გიორგი ამბობს, რომ ექიმისგან არ ითხოვს მთლიანად დაფინანსებას, მაგრამ  მიიჩნევს, რომ გარკვეული მატერიალური პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში ექიმმა თავის თავზე უნდა აიღოს.

„ახალგაზრდა ადამიანი ვარ, ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩემს ახლობლებში, რომ აქ დასმული დიაგნოზი არ დასტურდება თურქეთში. სანამ ვიცოცხლებ, ვიფიქრებ, რომ მე რომ თურქეთში წავსულიყავი, იქნებ ეს დიაგნოზი არ ყოფილიყო…. ამიტომ მინდა, რომ წავიდე.“

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი ეთერ იფშირაძე ამბობს, რომ გიორგი რთული მდგომარეობა ესმის, მაგრამ მისი მიზეზით პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა:

„გიორგი ცეცხლაძე მოვიდა კისერზე დაჩირქებული პროცესით და ჩვენების შესაბამისად ჩაუტარდა ამბულატორიული ჩარევა – გაკვეთა-დრენირება. ამას არაფრით არ შეიძლება ან პროვოცირება მოეხდინა იმ დაავადების, რომელიც ამ წუთას მას აქვს და არც მის წარმოქმნაში არ მიუძღვის არანაირი წვლილი. პირიქით, ჩემი ჩარევა იყო ჩვენება იმისთვის, რომ არ განვითარებულიყო სეფსისი. ყველა კოლეგა დამეთანხმება ამაში. თუ ეჭვი აქვს, რომ ჩემს ჩარევას შეეძლო ეს გამოეწვია, მიმართოს უნდა შესაბამის უწყებას – რეგულაციების სამსახურს [სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო], რომელიც გამოავლენს თუ რა მოხდა, რა იყო და ა.შ. არ ვიცი მას ამის სურვილი აქვს თუ არა, პირდაპირი წესით გადმოდის შანტაჟზე.

ჩირქგროვა სადაც არის, იქ არ კეთდება ბიოფსია. გიორგი ნამყოფი იყო ჰემატოლოგთან ჩემამდე ერთი თვით ადრე. იმ ანალიზში, რომელიც ჩემთან გაუკეთდა – სისხლის კლინიკური ანალიზი, აბსოლუტურად არანაირი ცვლილება არ არის, რომელიც მიანიშნებს ჰემატოლოგიურ პათოლოგიაზე.  ამას სჭირდება კიდევ დამატებითი კვლევები, რომელიც მას ერთი თვის განმავლობაში უტარდებოდა ქალაქ თბილისში.

მე მესმის გიორგის აღელვების, მისი განცდების, ეს სერიოზული პათოლოგიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რომ ამ ჩარევას შეეძლო ამ დაავადების პროვოცირება, არასწორია. დღეში მინიმუმ ხუთი პაციენტი მყავს, რომელთაც უვითარდებათ მსგავსი ჩირქგროვები სხვადასხვა ადგილზე, იმიტომ რომ იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ და მე ვაკეთებ ჩარევას. ეს არანაირი უკუჩვენება არ არის, პირიქით, სეფსისი რომ არ განვითარდეს, უნდა გაიკვეთოს და გამოშვებული უნდა იქნას ჩირქი“, – ამბობს ეთერ იფშირაძე „ბათუმელებთან“. იგი ამბობს, რომ ამ საქმის კურსშია საავადმყოფოს დირექტორიც და ჯანდაცვის მინისტრიც.

იგი მისი მხრიდან გიორგის მკურნალობის დაფინანსების საკითხს შეუძლებლად მიიჩნევს: „ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა აფინანსებს ამ დაავადებას, მაგრამ მას უნდა თურქეთში წასვლა“.

ეთერ იფშირაძე ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტის ისტორიაში დევს გიორგის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკიც.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ სდის გიორგის ჩირქი ამ დრომდე ჭრილობიდან, ქირურგი ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერია: „სადაც არის ჩირქი, უნდა გამოვიდეს. მყავს პაციენტები, რომელთაც უკეთებენ ჯირკვლებზე ოპერაციას თბილისში, გზადაგზა ხდება ასეთი დაჩირქებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რომელსაც ვუკეთებ მე ოპერაციას“.

გიორგი კი ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახსნილი მისი ავადმყოფობის ისტორია აქამდე მას არ უნახავს და ამბობს, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც მიმართავს. ახლა იგი საჭირო კვლევებისთვის თანხის შეგროვებას ცდილობს და ყველას, ვისაც მისი დახმარება შეუძლია, თანადგომას სთხოვს.

_________

მთავარ ფოტოზე: გიორგი ცეცხლაძე. კადრი ნიკოლოზ ცეზარიშვილის მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტიდან.

ფოტოსერია, რომელიც ადამიანებს ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობაში გვაჩვენებს

ამერიკელი ფოტოგრაფის, ტომ ჰასის ფოტოსერიას „ანარეკლები“ ეწოდება. ფოტოგრაფი სარკეში არეკლილ ადამიანებს გვაჩვენებს ახალგაზრდობაში და ხანდაზმულ ასაკში.

როგორც ამერიკული მედია წერს, პროექტის ინსპირაციის წყარო ტომ ჰასისთვის ომის ვეტერანთან შეხვედრა გახდა, „არ მჯერა, რომ 80 წლის ვხდები, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ომიდან ახლა დავბრუნდი. მერე სარკეში ვიხედები და ვხედავ ამ ბებერ ბიჭს“ – უთხრა მან ფოტოგრაფს. ფოტოსერია 2010 წელსაა გადაღებული.

ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey
ფოტო: Tom Hussey

შსს: მოქალაქე კანონიერი ქურდების დახმარებით ცდილობდა ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი

შს სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით იმერეთში 3 პირი დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ. 1967 წელს დაბადებული ე. ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ. გ.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. გ. და მისი ძმა – 1965 წელს დაბადებული რ. გ. ქალაქ ზესტაფონში ფლობენ ავტოსადგურებს, საიდანაც მიკროავტობუსებით ახდენდნენ მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა მიმართულებით.

„მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გ.გ.-მ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გ.გ.-მ მასთან მომუშავე, „ქურდული სამყაროს“ წევრის – ე. ჩ.-ს მეშვეობით დასახმარებლად მიმართა, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს – ი. ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ გ.გ. საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ – გია ცხვარაძესთან [მეტსახელად „გია სამტრედსკის“] იგივე „ბაბუს“ დააკავშირა, რომლის გადაწყვეტილებით გ.გ.-მ, ი. ფ.-მ და ე. ჩ.-მ შეძლეს გ.გ.-ს ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება. კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. შედეგად გ.გ.-მ ძმის ბიზნესი მიისაკუთრა.

დახმარებისთვის გ.გ.-სგან „კანონიერმა ქურდმა“ გია ცხვარაძემ, ი.ფ.-მ და ე.ჩ.-მ მატერიალური სარგებელი მიიღეს“, – ვკითხულობთ შს სამინსიტროს მიერ გავრცელებულ მასალაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

უახლოეს დღეებში ბათუმში თბილი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის  21 საათიდან 5  ნოემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ადვოკატი 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე: სხვის ნაცვლად სხვა ზის ციხეში

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს ჭინკაძეების უბანში ტრაგიკული შემთხვევის მონაწილეების – სამი პირის აღკვეთი ღონისძიების საქმე. სამივე პირმა სასამართლოს შესთავაზა 5-5 ათასი ლარის გირაო, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მოთხოვნა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. 31 ოქტომბერს კარიერზე აფეთქების შედეგად 6 წილის ბიჭი დაიღუპა.

დაკავებულების ადვოკატი, ვაჟა ხახუტაიშვილი ამბობს, რომ აფეთქების შედეგად დაღუპული ბავშვის საქმეზე „სხვის ნაცვლად ციხეში სხვა ზის“, რადგან აფეთქებაზე უფლებამოსილება ჰქონდათ არა დაკავებულ მუშებს, არამედ კომპანია „დინამიტი ლ.დ.“-ს.

„ესენი [დაკავებულები] იყვნენ კომპანია „ალბაირაქის“ მუშები. მათ ევალებოდათ ასაფეთქებელი მასალების შეზიდვა და განლაგება ობიექტზე. ამიტომ მათ მოამზადეს ეს ყველაფერი – შეზიდეს ასაფეთქებელი მასალები, რაც სჭირდებოდათ და კომპანიის ხელმძღვანელის მითითებით განალაგეს. აფეთქება მოხდა ქართული კომპანია „დინამიტ ლ.დ.“-ს მიერ. დაკავებულებს არც აფეთქების განათლება ჰქონდათ, არც ვალდებულება და არც აუფეთქებიათ. ამის მიუხედავად დააკავეს ისინი. მუშებმა დღეს მოსამართლეს უთხრეს, რომ ისინი კომპანია „დინამიტ ლ. დ-ს“ და კომპანია „ალბაირაქის“ ზედამხედველების დავალებით მოქმედებდნენ“.

ქედაში აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულია თურქეთის სამი მოქალაქე. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც გულისხმობს 2-დან 5-წლამდე პატიმრობას და უფრო მსუბუქ სასჯელებსაც ითვალისწინებს.

„არ შეიძლება ესენი [მუშები] სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის სუბიექტები იყვნენ, ესენი შეიძლება მიაყოლო ვიღაცას თანამონაწილედ. ხელშეკრულებით აფეთქების უფლებამოსილება ჰქონდა კომპანია „დინამიტ ლ. დ.“-ს. დამოუკიდებლად ამათი პასუხისგებაში მიცემა რა ვიცი… 40 წელია ამ საქმეს ვემსახურები და მაშინ არაფერი მცოდნია“, – აცხადებს ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი.

კომპანია „დინამიტი ლ.დ“-ს ორი დამფუძნებელი ჰყავს – ლევან ბოლქვაძე და დავით ბერიძე, ხოლო კომპანია „ალბაირაქის“ 100-ვე პროცენტის მფლობელი თურქეთის მოქალაქე სინან ალბაირაქია.

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე სამუშაოს მწარმოებელ კომპანიებში პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ქედის მუიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებიდან ქვას ბათუმის ზღვისპირა ზოლის გამაგრებით სამუშაოებისთვის ეზიდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, ქედაში ქვის მოპოვების უფლება შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ლიცენზიის გარეშე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილს განკარგულების საფუძველზე მისცეს. განკარგულებაში წერია, რომ „სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის – ბათუმის ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯია” ერთი წლის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მოპოვებისგან და მიეცეს უფლება მოიპოვოს 165 000 მეტრ კუბი ანდეზიტ-პორფირიტი/ანდეზიტო-ბაზალტი ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში“.

ამავე განკარგულებაში, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, წერია, რომ სამუშაოებზე „ზედამხედველობა განახორციელოს წიაღისეულის ეროვნულმა სააგენტომ“.

კომპანია „დინამიტი ლ.დ“ და კომპანია „ალბაირაქი“ სწორედ შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორები არიან. პროექტის საერთო ღირებულება 30 მილიონი ლარია.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ: 

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

 

 

პროექტი, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 460 000 ლარი დაიხარჯა, აჭარის მთავრობამ თაროზე შემოდო

2019 წლის ბიუჯეტში აჭარის მთავრობისთვის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად თანხა გათვალისწინებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროექტო -სახარჯთაღრიხვო დოკუმენტი, რომლის შესყიდვის მიზნითაც ბიუჯეტიდან 460 000 ლარი უკვე დახარჯეს, მთავრობამ თაროზე შემოდო.

არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვაზე აჭარის მთავრობაში პასუხობენ, რომ ჯერჯერობით ხარჯთაღრიცხვის მომზადება არ დასრულებულა, ამიტომაც დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. თუმცა არც ისაა გადაწყვეტილი, რაში გამოიყენებს მთავრობა კომახიძის ქუჩის #119-ში, უკვე არსებული ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად მომზადებულ პროექტს.

საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი 2018 წლის მაისში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეთანხმებით გამოაცხადა. მთავრობა ერთ შენობაში გეგმავდა სამინისტროებისა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების განთავსებას.

ახლა კი არაოფიციალურად ამბობენ, რომ ეს იდეა აჭარის მთავრობის მოქმედმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დაიწუნა.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

 

ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში კორდინატორები გასაუბრებაზე დაიბარეს [ვიდეო]

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხალხმრავლობაა. შენობის შესასვლელში შეკრებილები თავიანთ რიგს ელოდებიან. ადგილზე „ბათუმელების“ გამოჩენამ მათი გაღიზიანება გამოწვია: „ოცნების კოორდინატორები ვართ. რა გინდათ, რატომ გვეკითხებით… რა არ გვაქვს უფლება?“

ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, შტაბში პარტიის კორდინატორებთან გასაუბრება, პირველი ტურის შედეგების გაანალიზებისა და გადახალისების პროცესი მიდის. ჭეიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიას ბათუმში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რამდენიმე ახალი კორდინატორიც ჰყავდეს.

ამავე თემაზე:

„ამომრჩეველი არის ნაწყენი“ – ჭეიშვილი მეორე ტურში „ოცნების“ გეგმებზე ბათუმში

სამშენებლო პროექტების 50%-ი ბათუმში ნებართვის გამცემისთვის მისაღებია და არა მოსაწონი

„ძველ ბათუმში გასეირნება ცუდ ხასიათზე არ მაყენებს“, – ასე მოკლედ უპასუხა ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა კითხვას, განაშენიანების თვალსაზრისით ბათუმში რომელი უბანი მოსწონს. მისი სამსახური მერიაში შესულ სამშენებლო პროექტებს განიხილავს და ურჩევს მერს გასცეს თუ არა მშენებლობის ნებართვა.

რას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გადაწყვეტილების მიღებისას ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი გუნდი გადაწყვეტილების მიღებისას, მოსწონთ თუ არა სამშენებლო პროექტები, რომლებსაც თავად ამტკიცებენ? თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს მირიან მეტრეველი პასუხობს.

ატონო მირიან, თუ გქონიათ შემთხვევა, როცა პროექტი ყველა დადგენილ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ არ უხდება ქუჩის განაშენიანებას. ასეთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას იღებთ?

მთავარია, პროექტი კანონმდებლობის ჩარჩოში იყოს მოქცეული. არ იყოს სამეზობლო დარღვევა, საჩივარი და ასე შემდეგ…  არის ჩვენთან უბნები, სადაც ბევრი შენობა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, არ ვამბობ მხოლოდ მრავალბინიანი სახლების მშენებლობაზე, ვგულისხმობ სხვადასხვა ტიპის მშენებლობას. ეს პრობლემა არ უნდა იყოს, რომ შემდეგ არ მოჰყვეს გასაჩივრება…

ეს არის ქალაქმშენებლობითი მოთხოვნები და უნდა დაკმაყოფილდეს, ამიტომ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ვიზუალურ მხარეს და გემოვნებას რაც შეეხება, რამდენჯერმე მითქვამს, რომ დოკუმენტაცია რაც შემოდის… დღეს იმდენად ისწავლეს კომპიუტერული გრაფიკა მთელ მსოფლიოში და ჩვენც ავუწყვეთ ფეხი ასე თუ ისე, რომ ის ბათუმის დონეს აკმაყოფილებს. პროექტები მეტნაკლებად, რაღაც დონეზე, ასიდან ნახევარი მისაღებია.

როცა ამბობთ რომ მისაღებია, ისევ რეგულაციებს გულისხმობთ, თუ მოგწონთ თქვენ პირადად?

გემოვნებით რომ მივუდგეთ? – ვერ მივუდგებით. მე შეიძლება ისეთი რაღაცა მომწონდეს, რასაც დღეს, პირობითად ვამბობ, ბათუმში ბევრი ვერ გააკეთებს და რა გამოდის უარი უნდა ვუთხრათ?

უმეტესობა პროექტებისა, რაზეც თანხმობა გაქვთ მიცემული, მოგწონთ თქვენ პირადად, როგორც ბათუმის მერიის მთავარ არქიტექტორს?

დოკუმენტაცია თვითონ, რაც შემოდის დისკზე, მისაღებია.

ზოგი მოგვწონს, ზოგი მისაღებია.

იმას მეუბნებით, რომ მიგიციათ თანხმობა ისეთ პროექტებზე, რომლებიც თქვენთვის იყო მისაღები და არა მოსაწონი, ასეა?

ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. შეიძლება ნახევარიც იყოს, რატომ გიკვირთ. შემოქმედი ადამიანისთვის არქიტექტურის სამსახურში ყოფნა… ჩვენ რა მოცემულობაც გვაქვს ბათუმში და, ზოგადად, საქართველოში, მთლად მასე ვერ ვიტყოდი. ჩვენთან მთავარია იყოს მისაღები კანონმდებლობის შესაბამისი არქიტექტურა. რაც შეეხება იმას, თუ მე როგორ მინდოდა, ამაზე შენიშვნები გვაქვს და საკმაოდ გემოვნებიანი თანამშრომლებიც გვყავს, უბრალოდ, ზედმეტად მაღალ მატერიებზე საუბარი ყველასთან არ შეიძლება. ჯერ იმ დონეზე არ ვართ, რომ დეტალებში დავუწყოთ ხალხს პრეტენზიების გამოცხადება და უარი მივწეროთ. მისაღები მე მგონი ნეგატიურს არ ნიშნავს. მისაღები ნიშნავს, რომ დადებითია.

როდესაც მოდის დიდბიუჯეტიანი კომპანია, რომელსაც უნდა სასტუმროს აშენება, არც მას ელაპარაკებით, როგორც თქვენ ამბობთ მაღალ მატერიებზე?

ისევ ვამბობ, რომ მისაღები, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ბათუმისთვის მისაღებია. ვერ ვხდები რა განსხვავებაა მისაღებსა და კიდევ უფრო კარგს შორის. ყველა ფულიანი და პასუხისმგებლიანი მშენებლები თვითონაც უნდა ცდილობდეს, რომ კარგი შენობა დაუტოვოს ქალაქს ასი წლის მანძილზე მინიმუმ. მათ აქვთ მზაობა, რომ კარგი პროექტი გააკეთონ.

თქვენ საუბრობდით ასევე იმაზე, რომ ხშირად არ შენდება იმ ვიზუალისა და ხარისხის შენობები, რაც არის მერიასთან შეთანხმებული და რაც პროექტის რენდერზე ჩანს.

ეს პრობლემა არის, ვერ გავექცევით. ჩვენ კანონმდებლობით გვევალება ვაკონტროლოთ შეთანხმებული პროექტის შესაბამისობა მშენებლობასთან. მაგრამ პროექტში წარმოდგენილი მასალა და ფერი თუ შესაბამისი ხარისხის არ იქნება… ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ფერს იცვლის [მასალა], ირეცხება, მოაჯირებიდან ჟანგი ჩადის, შავდება. ეს ყველამ ვიცით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეგვექმნა რაღაც სტანდარტი, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ცვლილება რეგულაციებში არ შესულა. მაგის დროც მოვა ალბათ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - მირიან მეტრეველი
მირიან მეტრეველი – ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი

 

 

 

 

 

„ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ბატონ ბიძინას შეუძლია“ – ექიმების აქცია ბათუმის რესპუბლიკურში

დღეს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა მორგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკვე საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად  თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში ისევ არ არის გათვალისწინებული.

ექიმი ბენო ჭელიძე, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აცხადებს, რომ ისინი ამ აქციით ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების, უფრო კი ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მიპყრობას.

„ამ შენობაზე „ევექსს“ აქვს თვალი დადგმული, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაკოტრდეს ჩვენი საავადმყოფო და მერე ჩაიგდოს ხელში ამ დაინტერესებულმა კომპანიამ. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ საავადმყოფოს აღჭურვისთვის ბიუჯეტში ფულს ჩადებდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებენ“, – აცხადებს ბენო ჭელიძე.

ამ ექიმის თქმით, აქციაზე 50-100 პირი იმყოფება და პრობლემის გამოსწორებისთვის ისინი საქართველოს მთავრობას  პირველ დეკემბრამდე აძლევენ ვადას.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება. დღემდე აჭარის ბიუჯეტში ახალი კლინიკის აპარატურის შესაძენად, რაც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, გათვალისწინებული არ არის.

აქ დასაქმებული ექიმების ერთი ჯგუფი შიშობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ხელისუფლებამ შეიძლება კერძო კომპანიაზე გაასხვისოს.

რესპუბლიკური საავადმყოფოსთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციაზე დღეს „ბათუმელებთან“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა. მინისტრის თქმით, საავადმყოფოს გაყიდვა არ იგეგმება.

დავით სერგეენკოს კომენტარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალზე “ბათუმელებთან” კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვა არ იგეგმება და არსებობს კონკრეტული გეგმა ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.

  • ბატონო დავით, დღეს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მესამე აქცია იმართება. ექიმები ითხოვენ, რომ საავადმყოფოს ახალი შენობა დასრულდეს, საავადმყოფო ამოქმედდეს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ თანხა ამისათვის აჭარის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. ასევე, არის ეჭვი იმაზეც, რომ მთავრობას სურს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაყიდოს. არსებობს რაიმე გადაწყვეტილება ამ თემაზე? 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მიღებული და მოწონებულია. ეს გეგმა გაჟღერებული მაქვს ბათუმში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ მოიაზრება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არის ჯანდაცვის ობიექტი, რომელიც გარკვეულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

ეს პროექტი ამუშავდება უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან და ამ პროექტის მიხედვით, საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა, რომლის მშენებლობა ასევე სრულდება და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მინიმუმ ეს ოთხი კლინიკა იქნება მოქცეული ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში. ეს პროექტი ცალსახად ამას მოიაზრებს.

შინაარსობრივად ეს ეტალონურობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო აკეთებს ინვესტიციას, იმისათვის, რომ თვისობრივი ეტალონები შექმნას ფასი-ხარისხის შეფარდების, საუნივერსიტეტო განათლების შესაძლებლობით და მაღალი ხარისხის სერვისების. ბათუმის რესპუბლიკური მოიაზრება ამ დიდ და ძალიან კარგ პროექტში, ასე რომ შიში ან მოლოდინი იმაზე, რომ საავადმყოფო გასხვისდება, ცალსახად არ უნდა იყოს. ბათუმის რესპუბლიკურის შესანიშნავი კოლექტივი მუშაობდა და დღემდე მუშაობს ძველ შენობაში, მათ ჩვენ ვუშენებთ ახალ შენობას.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ კონსულტანტებთან ერთად უკვე ვასრულებთ ამ სამუშაოს.

  • თუმცა თანხა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აჭარის ბიუჯეტში. ექიმები ამბობენ, რომ ეს ასე არ არის და აქედან მოდის ეჭვიც.  

არ არის ეჭვის საფუძველი. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება არის აჭარის ბიუჯეტის საკითხი. რაც შეეხება მის აღჭურვას, ეს იქნება ერთიანი პროექტი, მინიმუმ იმ ოთხი კლინიკის, რომელზეც მოგახსენეთ, ეს უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელდება. ცენტრალური ბიუჯეტში მოაზრებულია რამდენიმე პროგრამა ინფრასტრუქტურის და აღჭურვის. თუმცა, როგორც კი ჩვენ ამ პროექტს დავასრულებთ (როგორც გითხარით ეს იქნება წლის დასასრულს, თუმცა შეიძლება იანვარში გადავიდეს), გვეცოდინება ზუსტი ბიუჯეტი, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის. ეს არის ცენტრალური ბიუჯეტი, პლუს დონორების დაფინანსება, არა კერძო მესაკუთრეების, არა მეწილეების, არამედ გარკვეული დონორული დაფინანსება.

  • რომელ დონორებზეა საუბარი? 

ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე სამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც გვეხმარებიან გარკვეული გრანტებით და მათი დახმარებით უამრავი პროექტი გავაკეთეთ. მე არ მინდა ვიჩქარო და ნედლი ვერსია გამოვიტანო. ჩვენ რომ გვეჩქარა, ვერც საყოველთაო დაზღვევას გავაკეთებდით და ვერც ვერაფერს, ამიტომ უნდა გვქონდეს საშუალება, რომ აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით მივიყვანოთ, გავწეროთ ეს ყველაფერი. კონცეფციის და გეგმის დონეზე გიდასტურებთ ცალსახად, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მოიაზრება აი, ამ სანიმუშო კლინიკების ქსელში, რომელიც იქნება სახელმწიფო საკუთრებაში. მისი განკერძოება არ განიხილება.

  • აჭარის მთავრობასთან გქონდათ საუბარი, რატომ ვერ მოხვდა ბიუჯეტში ამ საავადმყოფოს მშენებლობის თანხის გათვალისწინება? 

აჭარის მთავრობასთან სულ მაქვს კომუნიკაცია ამ დიდი კონცეფციის თემაზე და, რა თქმა უნდა, ისინი საქმის კურსში არიან. ასეც იყო მოაზრებული, რომ მშენებლობის დასრულების ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო მათთან, რაც შეეხება აღჭურვას, ეს მოხდება ქვეყნის ბიუჯეტიდან.

______

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, შემდგომ ახალ ვადად 31 აგვისტო იქნა დასახელებული, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა.

ამავე თემაზე: 

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

 

უსკო განყოფილების უფროსს ეძებს – ხელფასი 1800 ლარია

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [ უსკო] ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. თანამდებობრივი სარგო 1800 ლარია.

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი, საარჩევნო სისტემაში, გრანტების მოძიების სფეროში ან საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

აუცილებელი მოთხოვნაა ასევე, საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ფლობა.

კონკურსი სამ ეტაპიანია, პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევას, მეორე წერით დავალებას, მესამე ეტაპი კი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას გულისხმობს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა  10 ნოემბერია.

 

კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სტუდენტთა  დახმარების“ პროგრამის  ფარგლებში   კონკურსი განმეორებით გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2015, 2016 და 2017 წელს ჩაირიცხნენ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების საშუალო არითმერტიკული ტოლია ან მეტი 71%-სა.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

სტუდენტი უნდა იყოს მაღალმთიანი აჭარიდან, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, დედით ან მამით ობოლი, უდედმამო; სოციალურად დაუცველი [100 000 ქულა ან ნაკლები.]

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. N4 ტელ: 24 53 78.

კონკურსი 2018 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. [ 14 ნოემბრის ჩათვლით]

რაც შეეხება იმ კონკურსანტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2018 წლის 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პროგრამაში მონაწილეობისათვის და აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ ვერ მოიპოვეს დაფინანსება მათი განცხადებები ავტომატურად ჩაითვლება დამატებით გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებულად.

 

Exit mobile version