დაპატიმრებული მოწმე, რომელმაც საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა


ბათუმში მცხოვრებ ბექა ჩიკვაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე თქვა უარი.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო. ადვოკატების თქმით, მსგავსი მიდგომა უპრეცედენტოა.

საკუთარი თავის, ასევე ახლობლების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილებას “საშიშ ტენდენციად” აფასებს და განცხადებას ავრცელებს.

ბექა ჩიკვაიძის დაკითხვა გამოძიებას თაღლითობის საქმეზე სურდა. გამოძიების ვერსიით, თაღლითური გზით მისაკუთრებული ავტომანქანა ბათუმში, ბექა ჩიკვაიძის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩნდა. გამოძიებამ თაღლითობის მუხლით სხვა პირი უკვე მისცა პასუხისმგებლობაში. ბექა ჩიკვაიძე კი მოწმის სახით დაიბარეს.

„მან ჩვენება არ მისცა გამოძიებას, შემდეგ სასამართლოს. ამის სრული უფლება ჰქონდა მოწმეს… არავინ არაა ვალდებული, აღიაროს დანაშაული ან ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა,” – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

მოწმემ ჩვენების მიცემაზე უარი იმავე მოსამართლეს უთხრა, რომელმაც მას ორი დღის შემდეგ პატიმრობა შეუფარდა.

შესაძლებელია თუ არა სხვა შემთხვევებშიც მოწმეებმა უარი თქვან ჩვენების მიცემაზე, თუკი ამისთვის პასუხს არ მოსთხოვენ?

“მას რომ ქუჩაში დაენახა რამე დანაშაული და არ მიეცა ჩვენება, ეს იქნებოდა ჩვენების მიცემისთვის უარის თქმა. ამ შემთხვევაში კი, პირდაპირ კავშირში იყო ბექა ამ საქმესთან – მისი სახლის ეზოდან ამოიღეს ეს მანქანა და შესაძლოა, ბექას მიდავებოდნენ უკვე თაღლითური გზით მოპოვებული ნივთის შეძენისთვის,” – განმარტავს ადვოკატი ზაზა პაპიძე. მან მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

“მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის პატიმრობის შეფარდება იმის გამო, რომ ის არ აძლევს ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ, წარმოადგენს საშიშ ტენდენციას და შეუთავსებელია ადამიანის საპროცესო უფლებების გარანტირებულად დაცვასთან დემოკრატიულ საზოგადოებაში,” – აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო “აღნიშნულზე სწორ პრაქტიკას დაამკვიდრებს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი