Batumelebi | მოსახლეობა მაღალი ძაბვის ქვეშ და საბჭოთა ნორმატივებით დადგენილი უსაფრთხოება მოსახლეობა მაღალი ძაბვის ქვეშ და საბჭოთა ნორმატივებით დადგენილი უსაფრთხოება – Batumelebi

მოსახლეობა მაღალი ძაბვის ქვეშ და საბჭოთა ნორმატივებით დადგენილი უსაფრთხოება

ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე-1“-ის რეაბილიტაციაზე შეთანხმება „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და იმ მოსახლეობას შორის, ვის საკუთრებაშიც ეს ხაზი გადის, მიღწეული არ არის. მეტიც, კონკრეტული მოლაპარაკებები პრობლემის გადასაჭრელად ამ დრომდე არ დაწყებულა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ საკუთრებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება აქვთ და კომპანიას სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. ისინი ითხოვენ ხაზის გადატანას მათი ნაკვეთებიდან, რომლებსაც, სრულყოფილად, როგორც თავად ამბობენ, ამ ხაზის გამო ვერ სარგებლობენ.

მოსახლეობასა და კერძო კომპანიას შორის შეუთანხმებლობის გამო ვერ ხერხდება ბათუმში ახალი ობიექტების ქსელზე დაერთება. რაც შეეხება ბათუმში მშენებარე მსხვილ ობიექტებს, „ენერგო-პროში“ აცხადებენ, რომ „მათ აქვთ აღებული დროებითი ტექნიკური პირობა მშენებლობისთვის“.

„ერგე-1“-ის გაძლიერების გარეშე კი, ენერგოკომპანიასა და სემეკში ამტკიცებენ, რომ შესაძლოა ბათუმი და მთლიანად აჭარა, შუქის გარეშეც კი დარჩეს.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ითხოვს „კომპანიას მიეცეს უფლება საკუთრებაში არსებულ ქონებასთან [ანძა, ხაზი] მისვლის, რათა განახორციელოს საჭირო სამუშაოები“.

გადამცემი ხაზი „ერგე-1“ საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში / განახლება /

110 კვ მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი [ერგე-1] კომპანიამ საკუთრებაში 2017 წლის 30 ოქტომბერს დაირეგისტრირა, „თუმცა, აღნიშნული ხაზი მანამდეც კომპანიის საკუთრებაში იყო. „ენერგო-პრო“-ს არ ჰქონდა ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაციის ვალდებულება“, – მოგვწერეს კომპანიიდან.

იურისტი მალხაზ აბულაძე კი აცხადებს, რომ ამ კუთხით ადგილი აქვს დარღვევას: „მოსახლეობას საკუთრება უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა, როცა ენერგოკომპანიამ ხაზოვანი ნაგებობა დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. ხაზოვანი ნაგებობა დარეგისტრირდა მოსახლეობის კერძო საკუთრებაზე, ზედდებას ჰქონდა ადგილი და საჯარო რეესტრმა ისე დაარეგისტრირა ეს ხაზი, რომ მესაკუთრეებისგან [მოსახლეობისგან] თანხმობა არ ჰქონია. ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი პრობლემა, რომელსაც ჩვენ გავასაჩივრებთ“.

იურისტი სხვა პრობლემაზეც საუბრობს.

„ეს არის სოციალური პრობლემაც. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხაზს თავისი დამცავი ზონა უნდა ჰქონდეს, რაც საქართველოში მოქმედი სტანდარტებით მითითებულია სადენიდან 20 მეტრი იქეთ და აქეთ. ამ ზონაში კომპანიის თანამშრომელსაც კი არ აქვს უფლება დამცავი საშუალებების გარეშე შევიდეს, რადგან სიცოცხლისთვის საშიშია, და წარმოიდგინეთ, ამ ზონაში მოსახლეობა წლებია ცხოვრობს. რატომ შიშობს მოსახლეობა? – იმიტომ, რომ ხაზი წარმოქმნის ელექტრულ და მაგნიტურ ველებს, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებას და ამ ზონაში გამოსაყენებლად უვარგისს ხდის ხილს და ბოსტნეულსაც კი, რომელთა მოყვანა-კულტივირება დაუშვებელია ამ ზონაში. ჩვენ რაც გამოვითხოვეთ კომპანიისგან დოკუმენტები, იქ მითითებულია, რომ გაორჯაჭვიანება უნდა მოხდეს, იქ არ არის დაზუსტებული, გაიზრდება თუ არა სიმძლავრე. ორი 110 კვ-იანი ხაზი თუ გავა,  გაიზრდება ამ ელექტრომაგნიტური ველის დასხივება და ესაა საზიანო“, – ამბობს მალხაზ აბულაძე.

„ენერგო-პროში“ აცხადებენ, რომ მათ აქვთ საექსპერტო დასკვნა, რომ ხაზის რეაბილიტაციის შემთხვევაში ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები ნორმები არ გაუარესდება.

გადამცემი ხაზი „ერგე-1“ საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში / განახლება /

მოსახლეობა, ვისაც „ბათუმელები“ შეხვდა, ამბობს, რომ საექსპერტო დასკვნა მათ არ უნახავთ. კომპანიაში კი გვითხრეს, რომ დასკვნა 18 ოჯახს გადაეგზავნა ფოსტით, 15 ოჯახს კი ხელზე გადაეცა.

დასკვნა, რომელიც კომპანიამ მოგვაწოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების პროცესების შესაბამისობის შეფასების სერტიფიკაციის ორგანოს მიერაა მომზადებული.

ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „კომპანიის მიერ მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ხაზის რეაბილიტაციის შემთხვევაში მაგნიტური და ელექტრული ველების დაძაბულობა ნორმაზე უკეთესი იქნება“.

საექსპერტო დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ზღვრული ნორმები დადგენილია ყოფილი საბჭოთა კავშირის სანიტარული და სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებზე დაყრდნობით:

ამონარიდი საექსპერტო დასკვნიდან

იურისტი მალხაზ აბულაძე, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ თუ დასკვნა არის, „ვნახავთ, გავეცნობით და შესაბამისად ვიმოქმედებთ – ეს იქნება ალტერნატიული ექსპერტიზა, განმეორებითი და ა.შ.“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზის რეაბილიტაციაზე ნებართვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან უკვე მიღებული აქვს.

მალხაზ აბულაძე ამბობს, რომ გაასაჩივრებენ ამ ნებართვასაც: „სამართლებრივი კითხვაა – როგორ გაიცა სხვის საკუთრებაში სამუშაოებზე ნებართვა, როცა მესაკუთრეს თანხმობა არ მიუცია? ასევე გავასაჩივრებთ საკუთრების უფლებასაც, მოსახლეობას აქვს უფლება, თავიანთ ნაკვეთში არავინ შეუშვას. ეს მესაკუთრის ელემენტარული უფლებაა“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ნებართვა გაცემულია: „კი, ჩვენი გაცემულია. მოგვმართა კომპანიამ და ჩვენ გავეცით საჭიროებიდან გამომდინარე. ხაზი კომპანიის საკუთრებაა და საჭიროა დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქ ბათუმისთვის, თორემ ქალაქი ჩაქრება და ახალი აბონენტების აღრიცხვიანობა არ მოხდება.  რეალობაა ეს ყველაფერი და დამტკიცებულია ტექნიკურად და ინჟინრულად. ჩვენ მივეცით კომპანიას უფლება და კომპანიის და კერძო მესაკუთრის ურთიერთობა, ეს უკვე მათი ურთიერთობაა“.

„მოსახლეობა იმის წინააღმდეგი კი არ არის, რომ კომპანიამ ინფრასტრუქტურა განავითაროს და ქალაქი დენით მომარაგდეს, მოსახლეობა წინააღმდეგია იმის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს მათი ჯანმრთელობის ხარჯზე. საკუთრების უფლების ხელყოფაც არის და აქ არის სიცოცხლის უფლებაც. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ მოქალაქეების სიცოცხლის უფლება იყოს დაცული. ანუ მათი ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და ისინი მავნე გარემოში არ უნადა ცხოვრობდნენ. ახლა ამბობენ, დიდი ხანია, კომუნისტების დროს გადიოდა ეს ხაზიო, მაგრამ თუ მოსახლეობის საკუთრების და სიცოცხლის უფლებები ირღვეოდა, გვაქვს დღეს უფლება იგივე გავაგრძელოთ?“ – ამბობს მალხაზ აბულაძე.

კითხვაზე, როგორც მერი, რას ფიქრობს, ვინ უნდა დაიცვას მოსახლეობის ინტერესები და ჩართულია თუ არა მერია ამ საკითხში? – ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ „დაცული უნდა იყოს აუცილებლად მოსახლეობის ინტერესები, კი ბატონო. ჩვენ ჩართული არ ვართ, ვინაიდან ჯერ არ მიდის მოლაპარაკებები. ეს პროცესი არ არის დაწყებული“.

საიას იურისტის პაატა დიასამიძის განცხადებით, თუ კანონის დაცვით ხდება ყველაფერი და არსებობს საექსპერტო დასკვნა, რომ რეაბილიტირებული ხაზი არ ვნებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და არ აუარესებს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა, რომლის საკუთრებაშიც გადის ხაზი, ვერაფერს გახდება და კომპანია უნდა დაუშვას მის საკუთრებასთან.

„თუმცა, მოსახლეობას შეუძლია გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიისგან და ამ დოკუმენტებით მიმართოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა კერძო ექსპერტს. თუ ალტერნატიული ექსპერტიზა დაწერს, რომ ხაზი ვნებს ჯანმრთელობას, ან/და ხაზის გამო საკუთრების უფლების რეალიზებას ვერ ახდენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ასეთ შემთხვევაში მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, დაიწყოს დავა და მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე კი ვერაფერს გახდება ვერც სასამართლო და ვერც მოქალაქე“, – ამბობს პაატა დიასამიძე.

მოსახლეობისთვის რაიმე კომპენსაციის გაცემას, ასევე ხაზების გადატანას კერძო საკუთრებიდან, ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი], სადაც აცხადებენ, კომპანიის დამატებითი ხარჯი დენის ტარიფზე აისახება.

„თუ მოქალაქეს ეკუთვნის კომპენსაცია, ანუ, თუ ის საკუთრების უფლების რეალიზებას ვერ ახდენს, თუ საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რაზედაც არსებობს ექსპერტის დასკვნა და კომპენსაციას არ აძლევ, ეს კანონთან აშკარა წინააღმდეგობაშია“, – აცხადებს პაატა დიასამიძე.

მოსახლეობის ინტერესების დამცველი მალხაზ აბულაძე კი ამბობს, რომ „ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უკუღმართად – საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს ნორმატიული აქტი, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზოვანი ნაგებობების დაცვის ზონების შესახებ, მაგრამ მკაფიოდ მიღებული ნორმატიული აქტი, ამ ხაზოვანი ნაგებობების მავნე გამოსხივებისგან მოსახლეობის დასაცავად, მიღებული არ აქვს. დღეს ისე გამოდის, რომ ხაზოვანი ნაგებობა უნდა დავიცვათ მოსახლეობისგან. ის, რომ გადამცემი ხაზი მავნე არის მოსახლეობისთვის, ამას არ ამბობენ.“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com