მთავარი,სიახლეები

„შეიხები“ და „ჯღანები“ – უნდა ახარისხებდეს თუ არა ქვეყანა ტურისტებს

05.11.2018 • 2144
„შეიხები“ და „ჯღანები“ – უნდა ახარისხებდეს თუ არა ქვეყანა ტურისტებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ჩვენ“, ანუ საქართველოს არ სჭირდება „გაძვალტყავებული, ბოდიში და ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვი… ჩვენ არ გვჭირდება ბანგლადეშელები“…

რა მიმართულებით ვითარდება საქართველოში ტურიზმი და რა ტიპის მომხმარებელზე არსებობს სწორება? უნდა მიმართავდეს თუ არა ქვეყანა ტურისტების სეგრეგაციას და არსებობს თუ არა რასიზმი ქართულ ტურიზმში? „ბათუმელებთან“ ამ თემაზე ტურიზმის სპეციალისტი მაია სიდამონიძე საუბრობს.

  • ქალბატონო მაია, საქართველოს მოქალაქეებიც არ ვართ ალბათ მდიდარი ტურისტები ბევრი ქვეყნისთვის და ჩვენც ვცდილობთ ვიმოგზაუროთ ნაკლები დანახარჯებით. როგორი რეაქცია გვექნებოდა, თუკი ჩვენ ასე მოგვიხსენებდა ვინმე და რას უნდა ველოდოთ სხვებისგან?   

ნამდვილად არასასიამოვნო იქნებოდა, თუკი ჩვენი მისამართითაც მსგავს რაიმეს იტყოდა ვინმე. ზოგადად, ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა საქართველოში და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გაგვაჩნდეს ამ სფეროში სწორი მიმართულება და სტრატეგია.

ვფიქრობ, განვითარების ეტაპიც სხვაა დღესდღეობით და გამოწვევებიც სხვა. ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ხელი დავადოთ კონკრეტულ ბაზრებს ქვეყნებისა და ეროვნების მიხედვით შევზღუდოთ. თუმცა უნდა გაგვაჩნდეს მიმართულება. აქცენტი ტურისტულ პროდუქტებზე უნდა გაკეთდეს და ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყანა – სახელმწიფო და კერძო სექტორიც.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტ ბაზარზე შევალთ და სწორ სეგმენტს მოვიზიდავთ, მით უფრო კარგი იქნება იმისათვის, რომ არ ვიყოთ კონკრეტულ ბაზრებზე დამოკიდებული, როგორც დღეს ვართ, როცა შემოსული ტურისტების 70 პროცენტი ოთხ მეზობელ ქვეყანაზე მოდის. აქცენტი უნდა გვქონდეს მაღალმხარჯველიან ვიზიტორებზეც, ვისაც აინტერესებს ჩვენი კულტურა, ისტორია, კულინარია და აქ სწორედ ამ ავთენტურობის მისაღებად ჩამოვლენ. თუმცა ეროვნების და ქვეყნების მიხედვით სეგრეგაცია  ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს.

  • დამოკიდებულება, რომ არ მოგვწონს აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები და სწორება გვაქვს მხოლოდ ევროპის ქვეყნებზე, ეს რასისტული განწყობების ბრალია, თუ მოლოდინი, რომ ევროპელი უფრო მეტს დახარჯავს?

მსგავსი დამოკიდებულება მინახავს, მომისმენია, როგორც რიგითი მოქალაქეების მხრიდან, ასევე პოლიტიკოსებისგანაც და არ ვიცი რა არის ამის მოტივაცია, ნამდვილად ვერ დავარქმევ სახელს. პოლიტიკოსების შემთხვევაში, ალბათ, გარკვეულ ელექტორატზე ხდება ზემოქმედება, თუმცა არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ საზღვარზე არ ხდება ტურისტების კვოტირება ეროვნების მიხედვით. ვფიქრობ, საჯარო პირებისგან ამ ტიპის განცხადებები (გაძვალტყავებული, ჯღანი და ა.შ) არაეთიკურია, ტურიზმის სფერო ძალიან სენსიტიურია ამ ტიპის განცხადებების მიმართ.

  • მსმენია პრეტენზიები, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან შემოსული ტურისტები არ შედიან კაფე-ბარებში, რომ თავიანთი საკვები მოაქვთ და რა მოგება აქვს ამით ქვეყანას? რა უნდა შესთავაზოს ამ კატეგორიის ტურისტს ბაზარმა?

მეც გამიგია მსგავსი განცხადებები, როგორც ტურისტული სერვისების მფლობელებისგან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ყველა ეროვნებას თავისი სამომხმარებლო სახასიათო ქცევა აქვს და თუ ჩვენთვის ამ ტიპის ქცევა მიუღებელია, ამაზე შეგვიძლია გვქონდეს ადეკვატური წესები კონკრეტულ დაწესებულებებში. თუმცა, ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანაზე ბევრი პროვაიდერი მუშაობს და თუ მიწოდება არსებობს, ესე იგი მოთხოვნაც შესაბამისია.

თუ გვინდა, რომ ტურისტმა ბევრი დახარჯოს, ამისთვის შესაბამისი სერვისიც უნდა შევთავაზოთ.

როცა ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული, არც შესაბამისი მომსახურება გვაქვს, როგორ უნდა მოიზიდო მდიდარი ტურისტი? ელემენტარული პრობლემებია მომსახურების სფეროში, კვების ობიექტებში, რაში ვახარჯინებთ ფულს ტურისტს ეს ხომ უნდა ვიცოდეთ. პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით უნდა ვიმუშაოთ და აქ დავახვედროთ შესაბამისი სერვისი ტურისტებს.

ენაც მეტი უნდა ვიცოდეთ, გაღიმებაც უნდა შეგვეძლოს და ბევრი რამ ამ მიმართულებით არის დასახვეწი.

  • არის კიდევ ასეთი პრეტენზიები, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, მაგალითად, რუსები, უკრაინელები, სომხები თუ აზერბაიჯანელები ყიდულობენ ბინებს და ამით სასტუმროები კარგავენ მომხმარებელს.

საერთოდ, მსოფლიოში ტენდენცია იქეთ მიდის, რომ ტურისტული სააგენტოები ნელ-ნელა ქრება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს მსგავსი სერვისი, რადგან ადამიანები თვითონ გეგმავენ მოგზაურობას, თვითონ ჯავშნიან ყველაფერს და სწორედ ამიტომ გვჭირდება სწორი მიმართულებები. ეს მიდგომები არის კულტურული ავთენტურობა, უნიკალურობა, რაზეც უნდა გაკეთდეს უფრო მეტი აქცენტი.

ვფიქრობ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ტურისტი ქართულ რესტორანში შეჭამს თუ თურქულში, ეს ქვეყნის ბიუჯეტზე მაინც აისახება. ყველა ეროვნების ტურისტს აქვს კულტურული მახასიათებელი, თუმცა ჩვენ უნდა შევთავაზოთ ის, რაც არის უნიკალური და ეს ნამდვილად შეგვიძლია შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო ტოლერანტულები ტურიზმის სფეროშიც.

ჩვენ  ხშირად გვაღიზიანებს ის, რომ ბაზარი გახდა კონკურენტული, მაგრამ თუ შევძლებთ გავუწიოთ სხვებს კონკურენცია მომსახურებაში, ხარისხში, დარწმუნებული ვარ, მომხმარებელს არცერთი მიმართულება არ დაკარგავს.

___________________

მთავარი ფოტო: მაია სიდამონიძე. ფოტო აღებულია რესპონდენტის ფეისბუქვერდიდან მისივე ნებართვით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: