ელექტროენერგიის დეფიციტი ბათუმში – შეიქმნება თუ არა პრობლემა ზამთარში


ბათუმის ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო დღემდე ვერ ხერხდება ახალი ობიექტების ქსელზე მიერთება. მიზეზია გადამცემი ხაზი „ერგე-1“, რომლის რეაბილიტაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ ახერხებს. ხაზის გაორჯაჭვიანებას ის მოსახლეობა ეწინააღმდეგება, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან და საკარმიდამო ნაკვეთებშიც გადის ეს ხაზი. კომპანია და სახელმწიფო კი არ ითვალისწინებენ ამ ადამიანების ინტერესებს და, შესაბამისად, არც კომპენსაციის გაცემაზე საუბრობენ და არც ხაზის კერძო ნაკვეთებიდან გადატანაზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ ბათუმის ელექტროენერგიის მოხმარება და მისი პიკური დატვირთვა მიუახლოვდა 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მაქსიმალურ გამტარუნარიანობას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, „ერგე-1“ ხაზის რეაბილიტაციის დასრულებამდე შეჩერებული იქნა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთება [გარდა დაბალი სიმძლავრის ფარგლებში მოთხოვნილი მიერთებებისა]“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

„არანაირი მოძრაობები არ არის დაწყებული მიერთებაზე. როგორც ვიცი, „ენერგო-პრომ“ დაიწყო გარკვეული სამუშაოები – ანძების დამონტაჟება სახელმწიფო ნაკვეთებზე, თუმცა, ამ პროცესს რა გაგრძელება მოჰყვება, ჯერ ვერ გეტყვით. კომისია ფიქრობს, რომ ვიდრე არ დაიწყება ამ ხაზის რეაბილიტაცია, გადაავადებს მიერთებებს, რადგან არ ვიცით რეალურად ზაფხულში რა სიტუაცია იქნება. თუ ვნახავთ, რომ ქსელი კეთდება და რეაბილიტაციას ხელი არ ეშლება, მაშინ ნებას დავრთავთ, რომ  მიაერთოს ახალი მომხმარებლები ქსელზე“, – გვითხრა გოჩა შონიამ, სემეკის წევრმა.

„როგორც კომპანიისთვის ცნობილია, დაახლოებით 15-20 ოჯახი ეწინააღმდეგება 110 კვ ძაბვის ელგადამცემი ხაზი ,,ერგე-1“-ის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას. ასევე, მოსახლეობას გაეგზავნა საინფორმაციო წერილები, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, რომელიც ჩაიბარა მათმა უმეტესმა ნაწილმა,“ – აცხადებენ „ენერგო-პროში“.

კომპანიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, დაიწყო თუ არა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები [სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთებზე], თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. „ენერგო-პრო ჯორჯია“ არც იმ მონაცემს ასაჯაროებს, თუ რამდენი ობიექტი ითხოვს დღეს ბათუმში ქსელზე მიერთებას.

სემეკში აცხადებენ, რომ მოხმარებული ენერგიის მოცულობის ზრდა დაბლა წევს ტარიფს. სემეკს უკვე მიმართეს გაზმომარაგების კომპანიებმა ტარიფის გაზრდაზე, ამიტომ კომისიის წევრს ვკითხეთ, ხომ არ მიუმართავთ ანალოგიური მოთხოვნით ელექტროენერგიის მიმწოდებლებს.

„რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების – სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფებს, აღნიშნული კომპანიებისთვის ტარიფები დადგენილია სამწლიან სატარიფო პერიოდზე 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ კომპანიებს სემეკისთვის არ მოუმართავთ და ამ მიმართულებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილება არ განიხილება. რაც შეეხება გაზის ტარიფს, ვადა გვაქვს – ტრანსპორტირების ტარიფი, შემდეგ განაწილების კომპონენტი უნდა ვნახოთ, ინვესტიციები, ამასთან ბიუჯეტში როგორი კურსი იქნება ჩადებული… როცა მიწოდების ნაწილში ვითვლით ფასს, მაშინ ვიღებთ იმ ტარიფს, რაც ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩაიდება… თუ გაყიდვების მოცულობა გაიზრდება, ეს ტარიფს დაბლა წევს, ამიტომ ყველა კომპონენტი დეტალურად უნდა განვიხილოთ. გადაწყვეტილებას სემეკი წლის ბოლომდე მიიღებს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ გოჩა შონიამ.

მიუხედავად დადგენილი ტარიფისა, კომპანიას უფლება აქვს მიმართოს კომისიას ტარიფის გადახედვაზე. „კანონმდებლობა არ უკრძალავს ტარიფის გადახედვაზე მოგვმართოს კომპანიამ, მაგრამ კომისია შეისწავლის და თუ დარწმუნდა, რომ კომპანიას რეალურად აქვს ფინანსური პრობლემა, მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს მის განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებს განუხილველად,“- ამბობს გოჩა შონია.

ხომ არ შეიქნება პრობლემები ბათუმის ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ზამთარში? – „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „ქალაქ ბათუმში არსებულ გამანაწილებელ ქსელში განხორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური სამუშაოები და, შესაბამისად, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ქალაქის საიმედო ელმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com