მთავარი,სიახლეები

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქართულ სასამართლოში არსებულ კლანზე

22.02.2019 • 2068
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქართულ სასამართლოში არსებულ კლანზე

რას აჩვენებს ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების კლება? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც ნონა წოწორიას დავუსვით. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო. ამ პერიოდში რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ. სტრასბურგის სასამართლოს მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ქართველი მოსამართლეები, რომლებმაც სადავო გადაწყვეტილებები მიიღეს, უვადოდ გაამწესეს და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაც სურთ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ისევ სტრასბურგში მუშაობს, ამჯერად დამოუკიდებელ ექსპერტად. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, თქვენ იყავით ევროსასამართლოს მოსამართლე 2018 წლამდე. ამ პერიოდში რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როგორ ფასდებოდა სტრასბურგში საქართველოს მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება?
  • ეს ათი წელი დაემთხვა ევროსასამართლოს ძალიან მძიმე პერიოდს. 2011 წელს საქმეების რაოდენობა აღწევდა 160 ათასს და სასამართლო იყო კოლაფსის წინაშე. ამბობდნენ კიდეც, რომ ევროსასამართლო გახდა საკუთარი წარმატების მსხვერპლი. ამ ფონზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობამ პიკს მიაღწია. ეს იყო 3 300 საქმე ჯამში. ეს იყო წლები, როდესაც საქართველო იმ ათი ქვეყნის რიგში ჩადგა, რომელსაც ყველაზე მეტი საქმეთა რაოდენობა ჰქონდა ევროსასამართლოში. ეს იყო სპეციფიკური ვითარება, რადგან ომი იყო წარმოუდგენელი მოვლენა და თავად ევროსასამართლოსთვის ამ კატეგორიის საქმეების განხილვა იყო სიახლე.

ამ წლებში იყო, ბუნებრივია, ე.წ. ჩვეულებრივი საქმეები. პიკი იყო 2010 წელს, როცა ჯამში 428 საქმე შემოვიდა სასამართლოში. ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებით, ეს მაინც არ ითვლებოდა, რომ იყო რაღაც განსაკუთრებული მოვლენა, თუმცა სასამართლოს შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა ქართულ საქმეებზე, არ იყო საკმარისი ამ „ჩვეულებრივი საქმეების“ გასაძღოლად. ამ მიზნით  სასამართლოს მუდმივად უხდებოდა ადაპტაცია, ისევე, როგორც სასამართლო პრაქტიკის განვითარება. იმ წლებში სასამართლომ ჩამოაყალიბა სპეციალური სტრატეგია საქართველოს საქმეებთან მიმართებაში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, დაგროვებული საქმეების რაოდენობას გავმკლავებოდით. საქართველოს საქმეები, ძირითადად, უკავშირდებოდა ევროკონვენციის მესამე მუხლს, დომინირებდა ციხის პირობები, პატიმრების უფლებები და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. ასევე გამოძიების არაეფექტურობა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში. იქედან გამომდინარე, რომ ეს სასამართლოს პრიორიტეტებში შედიოდა, ჩვენ, პირველ რიგში, ამ კატეგორიის საქმეებს ვიხილავდით.

2011 წლისთვის გარდატეხა დაიწყო. ამ დროისთვის უკვე აშენდა ახალი ციხეები და საავადმყოფო, მიიღეს ახალი ციხის კოდექსი. მოგვიანებით გაჩნდა მორიგების ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობა, შემცირდა ციხეში პატიმრების რაოდენობა, გატარდა რეფორმები… შესაბამისად, საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა დასტაბილურდა და განაგრძო კლება.

რაც შეეხება გადაწყვეტილებების აღსრულებას, ამაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. შეიძლება გადაწყვეტილება ითვალისწინებდეს მხოლოდ კომპენსაციის გადახდას, რაც არასდროს წარმოადგენს დიდ პრობლემას და, ფაქტობრივად, მისი აღსრულება ხდება დაუყონებლივ. ევროსასამართლოს ის გადაწყვეტილებები კი, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის ცვლილებას, სტრუქტურულ ცვლილებას, გამოძიების ჩატარებას და ასე შემდეგ,  შესაძლოა, დროში გაიწელოს. შემიძლია გითხრათ განზოგადებულად, რომ საქართველო არასდროს მიიჩნეოდა, როგორც ურჩი ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებებს არ ასრულებდა. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება იდეალურად შეიძლება აღსრულდეს. წარმოიდგინეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება გამოძიების ეფექტურობას: ქმედება, რომელიც პირობითად 10 წლის წინ განხორციელდა, შესაძლოა, ფიზიკურად საერთოდ ვეღარ გამოიძიო.

  • ევროსასამართლოში თქვენი მუშაობის პერიოდში რომელ საქმეს გამოყოფდით, სადაც გამოიკვეთა ქართული მართლმსაჯულების სისტემის აშკარა პრობლემა?

ყველაზე ცნობილი საქმე იყო „გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“. მე მონაწილეობა არ მიმიღია ამ საქმის განხილვაში, თუმცა ეს საქმე იყო ცალსახა საზომი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების. კიდევ ორი ძალიან საინტერესო საქმე იყო, რომელიც რატომღაც არ გახდა რეზონანსული. ერთი არის 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე – „ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ“. მოსარჩელე იყო სამოქალქო ავიაციის თავმჯდომარე და მან ხელშეკრულება დადო რამდენიმე ინდივიდუალურ კომპანიასთან. მას ბრალად ედებოდა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო კონტრაქტები გააფორმა მომსახურების საფასურის გადახდაზე. სასამართლომ გაანალიზა საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ საერთოდ გაუგებარი იყო, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ჭანკოტაძეს. ეს იყო კლასიკური ნიმუში დაუსაბუთებელი და თვითნებური განაჩენის. 

მეორე საქმე იყო „მინდაძე და ნემსიწვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2017 წლის ივნისში იქნა მიღებული. ეს ეხებოდა 2004 წელს პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მკვლელობის მცდელობას. საქმე საინტერესოა იმ კუთხით, რომ პირველია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ევროსასამართლომ მინდაძის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციელთა მხრიდან წამებად შეაფასა. ევროსასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ეს მტკიცებულებები, მართალია, ამოირიცხა სიიდან, მაგრამ ეს მაინც ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. 

  • ერთ-ერთი რეზონანსული საქმე იყო „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც თქვენ კიდევ ორ მოსამართლესთან ერთად დააფიქსირეთ პოზიცია, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი და წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გაგრძელება „უმეტესწილად ემსახურებოდა ფარული პოლიტიკური მიზნის მიღწევას“. თქვენი პოზიცია ემყარებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას ქართული მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით. რატომ არ გაიზიარეს თქვენი ეს დასაბუთება ევროსასამართლოს დანარჩენმა 8 მოსამართლემ?

„ვანო მერაბიშვილის საქმის“ ცენტრალური ნაწილი იყო კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მუხლია, რასაც კონვენცია ითვალისწინებს დემოკრატიის დასაცავად. ამ მუხლის ამოცანაა, რომ დაიცვას საზოგადოება, დემოკრატია არადემოკრატიული შემოტევებისგან.

ევროსასამართლოს არსებობის მანძილზე სულ 6 გადაწყვეტილებაა მიღებული “მერაბიშვილის საქმემდე” ამ მუხლთან მიმართებით. სასამართლოში მიმდინარეობდა დუღილი და იყო უკმაყოფილება მე-18 მუხლის არსებული  სტანდარტების მიმართ. „ვანო მერაბიშვილის საქმე“ იყო პირველი შემთხვევა, რომელიც ევროსასამართლოს დიდმა პალატამ განიხილა ამ თემაზე. ევროსასამართლო იდგა დიდი სამართლებრივი ამოცანის წინაშე. სასამართლოს ჰქონდა ზოგადი გამოწვევა:  რა მტკიცების ტვირთი უნდა გამოიყენებოდეს ასეთ შემთხვევაში? როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ფარული, ან არალეგიტიმური მიზნები? იყო მეორე სერიოზული პრობლემაც – ფაქტის დადგენა, ანუ ნამდვილად გაიყვანეს თუ არა მერაბიშვილი იმ ღამეს საკნიდან.

ორი სხვადასხვა გამოძიება ჩატარდა საქართველოში მანამდე და დადგინდა, რომ ციხიდან მერაბიშვილის გაყვანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ევროსასამართლო არ არის საგამოძიებო ორგანო, ის არც პირველი ინსტანციის სასამართლოა. იგი, როგორც წესი, ეყრდნობა შიდა სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შიდა გამოძიებას. მერაბიშვილის შემთხვევაში კი, ევროსასამართლო იძულებული გახდა თავად დაედგინა ფაქტები, როგორც გამონაკლისი შემთხვევა. საბოლოოდ, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს ციხიდან და მიზნად ისახავდა ინფორმაციის მოპოვებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტსა და ყოფილი პრეზიდენტის საბანკო ანგარიშებზე. ვინც ქართული კონტექსტი იცის, მისთვის ცხადია ისიც, რომ ეს ორი თემა განუყოფელი იყო პოლიტიკური პროცესისგან, თუმცა სასამართლომ  ჩათვალა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა პოლიტიკურ მიზანს არ ემსახურებოდა. ეს არც იყო გასაკვირი ზოგადად მე-18 მუხლის საქმეების სირთულის და კონკრეტულად ამ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე მდგარი ზემოაღნიშნული ორი დიდი ამოცანის გათვალისწინებით.

რამდენიმე მოსამართლის კონცეფცია, რომ სასამართლოს უფრო აქტიური როლი უნდა შეესრულებინა უფლებების  პოლიტიკური მიზნით შეზღუდვის შემთხვევაშუ, რეალიზდა სხვა საქმეში 2018 წელს: ეს არის „სელაჰატინ დემირტაში თურქეთის წინააღმდეგ. ის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და მასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ მისი დაპატიმრება ემსახურება პლურალიზმის და პოლიტიკური დებატების შეზღუდვას. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ევროსასამართლომ თქვა, რომ ამა თუ იმ ადამიანის პატიმრობა შესაძლოა ემსახურებოდეს პოლიტიკურ მიზანს.

  • ვიდრე ევროსასამართლო „ვანო მერაბიშვილის საქმეს“ ჯერ 2016 წელს, შემდეგ 2017 წელს [საქართველოს მთავრობამ პირველი გადაწყვეტილება გაასაჩივრა] მიიღებდა, საქართველოში იყო დისკუსია, უნდა მიგეღოთ თუ არა თქვენ მონაწილეობა ამ საქმეში, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ პირს და ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს. გქონდათ უხერხულობა ამ შეფასებების გამო და თქვენი აზრით, რა უზრუნველყოფს ევროსასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობას?

მოსამართლის გათანაბრება იმ პარტიასთან, რომელიც ხელისუფლებაში იყო მისი მოსამართლედ გამწესების დროს, არამართებული მგონია. კონვენციის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ წარმოუდგენელია ერთმა მოსამართლემ მოახდინოს გავლენა გადაწყვეტილების შედეგზე, იმდენად ბევრი თვალი უყურებს ამას. ევროსასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს პრინციპები და სტანდარტები, რომლითაც სასამართლო ფუნქციონირებს. შესაძლოა, ცალკეულმა მოსამართლემ შეთავაზება გააკეთოს და ამას გაიზიარებენ მსჯელობის შემდეგ, თუ დარწმუნდებიან მის სისწორეში. ყველა მოსამართლე თავდაპირველად ინდივიდუალურად მუშაობს და შემდეგ იკრიბებიან ისინი სათათბირო ოთახში. მოსამართლის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზით. მე ვსაუბრობდი 10 წლის განმავლობაში იმ გადაწყვეტილებების ენით, რა გადაწყვეტილებებიც მიიღებოდა ჩემი მონაწილეობით. ვერ ნახავთ ვერცერთ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩემი კოლეგა მოსამართლეები თვლიდნენ, რომ იყო დარღვევა და მე მქონდა განსხვავებული აზრი. ასევე ყველა საქმე, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა, ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მახსოვს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებული დისკუსია, თუმცა მე რეალურად პროკურატურაში მივედი 2004 წელს და იქ, ძირითადად, ვასრულებდი ადმინისტრაციულ ფუნქციას. 2006 წელს გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, იქედან დავბრუნდი 2007 წლის დეკემბერში და 2008 წლის იანვრიდან დავიწყე სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება… ამ საქმეზე ჩემი აცილების შუამდგომლობა არ დაუსვამს არც საქართველოს ხელისუფლებას. ეს დისკუსიები დასაბუთებული რომ ყოფილიყო, ისევე მოვიქცეოდი როგორც მაშინ, როცა გირგვლიანის საქმე ერთი საგაზეთო სტატიის გამო ავიცილე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ. 

  • 2017 წლის მაისში ბათუმში თქვენი ძმის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი ამოიღეს. მაშინ აღნიშნეთ, რომ ეს შესაძლოა თქვენს მოსამართლეობას უკავშირდებოდა, თუმცა გავლენას ვერ მოახდენდნენ. რა გაირკვა ამ დაკავების შემდეგ და რომელ საქმეზე სურდათ თქვენზე ზეწოლის მოხდენა?

გამოძიებამ დაასკვნა, რომ იარაღი, რომელიც აღმოაჩინეს, ეკუთვნოდა ჩემი ძმის გარდაცვლილ სიმამრს. ამ საფუძვლით საქმის გამოძიება შეწყდა. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

  • ევროსასამართლოში თქვენი მოსამართლეობის პერიოდში შევიდა ასევე „გიორგი ოქროპირიძის საქმე.“ ის მკვლელობისთვისაა გასამართლებული. თქვენთვის რა არის ცნობილი ამ საქმეზე და გაქვთ თუ არა კითხვები სამართალდამცავ უწყებებთან, ან სასამართლოსთან?

ეს საკმაოდ საინტერესო საქმეა, რომელიც 2011 წელს შემოვიდა ევროსასამართლოში. საჩივარი ეხებოდა ციხის პირობებს და მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს. მოგვიანებით შემოვიდა კიდევ ერთი საჩივარი არაჰუმანური მოპყრობის და არაეფექტური გამოძიების კუთხით და 2012 წელს ამ საჩივრების კომუნიკაცია მოხდა [კითხვები გაეგზავნა მთავრობას].

2014 წლის 4 აპრილს ევროსასამართლომ მიიღო შემოთავაზება საქართველოს ხელისუფლებისგან მორიგებაზე, სადაც იყო აღნიშნული შემდეგი, რომ მოსარჩელემ დაგვიანებით დაიწყო სამართლებრივი დავა. მთავრობა ამბობდა, რომ გამოძიება ჩატარდა ობიექტურად და ადეკვატურად და რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა გამოძიებაში. საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ გარკვეულ გაჭიანურებას ადგილი ჰქონდა, მაგრამ დადგინდა, რომ ციხეში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. მთავრობა ასევე ამბობდა, რომ აპრილის ბოლოსთვის გაათავისუფლებდა მოსარჩელეს პატიმრობისგან. მოსარჩელე მორიგების ამ პირობებს დაეთანხმა. მხარეებს შორის შედგა ურთიერთშეთანხმება და სასამართლოს მონაწილეობა ამ პროცესში არ მიუღია. 

ამის შემდეგ უკვე 2016 წელს შემოვიდა გიორგი ოქროპირიძის საქმე ხელახლა, რაც უკავშირდებოდა კონვენციის მე-5 მუხლს. 2018 წელს შეტანილი საჩივარი კი კონვენციის მე-6 მუხლს, ანუ სამართლიანი სასამართლოს სხვადასხვა ასპექტებს ეხება. ეს უკვე მომავლის საკითხია, რას იტყვის სასამართლო.

  • მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესებს თუ ადევნებთ თვალს? როგორ ფიქრობთ, იმსახურებენ თუ არა უვადოდ გამწესებას, ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას ის ადამიანები, ვის მიერ გამოტანილი განაჩენებიც ევროსასამართლოს მწვავე შეფასების საგანი გახდა?

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო არის გარდაუვალი. ამის გარეშე დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე წარმოუდგენელია ვსაუბრობდეთ. უამისოდ მე, პირადად, ქვეყნის არსებობასაც ეჭვქვეშ ვაყენებ. ამას პროცესში მონაწილე ყველა პირი უნდა აცნობიერებდეს. 

ამასთან, დადგა დრო, რომ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა იყოს ღია და მიუკერძოებელი. ამაში უნდა მონაწილეობდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ფართო საზოგადოება. ეს პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ გარკვეული წრეების მიერ გადასაწყვეტი, იქნება ეს საპარლამენტო უმრავლესობა, თუ თავად მოსამართლეები. ორივე შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ჩაკეტილი წრე, რომელიც შესაძლოა არ მოქმედებდეს მართლმსაჯულების ინტერესების სასარგებლოდ. ეს ქმნის საფუძველს, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. სამწუხაროდ, სასამართლო იქცა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, სხვა ორგანოებთან ერთად.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ სასამართლო შეცდომა არ არის გამორიცხული. ამიტომაც არსებობს გასაჩივრების მექანიზმი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საქართველოში, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელისუფლების შეკვეთების შესრულებას. 

  • რომელი წლებიდან ხედავთ ამ პრობლემას?  

ეს არის მუდმივი პრობლემა საქართველოში და ეს უნდა დასრულდეს. შეუძლებელია წარსული შეცდომებს გამო აწმყოში შეცდომების დაშვება. საქმის გადაწყვეტის დროს შეცდომის დაშვება შესაძლებელია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მოსამართლე არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც დისკრედიტებულია. ადამიანები, რომლებიც არ არიან მიუკერძოებლები საქმის გადაწყვეტის დროს, არ შეიძლება იყვნენ მოსამართლეები.

  • თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ?

ამისთვის საჭიროა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა არჩევის დროს ფართო გამჭვირვალობა, რომ მოხდეს მაქსიმალურად ამ ადამიანების კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის შეფასება. ძალიან დეტალური პროცესი უნდა იყოს, რომ თითოეული კანდიდატი შეფასდეს სრულფასოვნად.

საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ მოსამართლეთა დანიშვნას, არამედ მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს. დაწინაურება უნდა მოხდეს არა კონკრეტული ჯგუფების მიმართ ერთგულების გამო, არამედ დამსახურების მიხედვით. ეს სისტემა უნდა ქმნიდეს ამგვარი წახალისების შესაძლებლობას.

უნდა არსებობდეს ასევე დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ მოსამართლის მიმართ ზეწოლა იქნას გამოძიებული. გარდა ამისა, მოსამართლის დამოუკიდებლობა მხოლოდ გარედან დამოუკიდებლობით არ იზომება. მნიშვნელოვანია შიდა სტრუქტურული დამოუკიდებლობა, რაც გამორიცხავს ინდივიდუალურ მოსამართლეზე იერარქიულად მაღლა მდგომი მოსამართლის მხრიდან ჩარევას.

  • თქვენც ეთანხმებით მოსაზრებას, რომ კლანია სასამართლო სისტემაში?

შეუძლებელია, რომ ყველა საუბრობდეს ამაზე და მე ჩავთვალო, რომ ეს არ იყოს სიმართლე.

მინიმუმ უნდა არსებობდეს წინაპირობები იმისთვის, რომ ეს ბრალდება გაბათილდეს, რაც ჯერჯერობით არ მომისმენია. ასევე მინდოდა მეთქვა, რომ უნდა არსებობდეს ეფექტური სისტემა, რომელიც გამოიძიებს მოსამართლეების შესაძლო გადაცდომებს, ან კორუფციულ სამართალდარღვევებს. არც მე და არც ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ რომელიმე საქმეზე ჩატარდა გამოძიება, როცა არსებობდა სერიოზული ეჭვი კორუფციულ სამართალდარღვევაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართითაც არსებობს კითხვები. უნდა შეიცვალოს მთლიანად სისტემა. შეუძლებელია, რომ ერთი ნაწილი გამოსწორდეს და მეორე – არა. ფაქტია, რომ სასამართლო ხელისუფლება არის სავალალო მდგომაროებაში.

  • სასამართლო ხელისუფლებაზე საუბრის დროს მმართველი პოლიტიკური გუნდი მიანიშნებს ევროსასამართლოზე, რომელსაც აღარ უწევს ისეთი რეზონანსული საქმეების განხილვა, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა – სანდრო გირგვლიანი, სულხან მოლაშვილი, გიორგი მიქიაშვილი…

მე ეს კითხვა წლების განმავლობაში მაწუხებს და ვფიქრობ, ამ თემაზე დისკუსიის დაწყება საინტერესო იქნება. 2012 წლიდან როცა საქმეების კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა, არ მიკვირდა, რადგან ახალი ხელისუფლება მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით. მოსახლეობის ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ ეროვნულ დონეზე მიაღწევდა სამართლიანობას, თუმცა შემდეგ, წლების განმავლობაში, საჯარო წყაროებიდან ვეცნობოდი სხვადასხვა საქმეს და მიკვირდა, რატომ არ შემოდიოდა ეს საქმეები ევროსასამართლოში, რადგან არსებობდა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი. ძალიან მაინტერესებს, მაგალითად, „თათუხაშვილის საქმე“. საერთოდ გაუგებარია, რა მოხდა, რა დაემართა ამ ადამიანს. მაინტერესებდა ასევე ლაგვილავას საქმე, რომელიც სენაკში სპეცრაზმელი იყო და სამუშაო ოთახში ააფეთქეს. ბათუმელი გიგა ფარტენაძის საქმეშიც ბევრი ეჭვი არსებობდა. იგი ციხეში მოკლეს. არ ვიცი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრობლემური გახდა სამართლებრივი დახმარების მიღება ევროსასამართლოში დავის საწარმოებლად.

  • ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას და თქვენი გამოცდილების აქ გამოყენებას? გქონდათ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოში აღარ მუშაობთ?

არა, ხელისუფლებასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ჯერჯერობით ვაგრძელებთ ცხოვრებას სტრასბურგში. ჩემი ცხოვრების მიზანია, ზოგადად, საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, ასევე საქართველოს საბოლოო მოშორება რუსეთის ორბიტიდან. როცა ჩავთვლი, რომ შესაძლებელი იქნება ამ მიზნის მიღწევაში აქტიური მონაწილეობა მივიღო, მზად ვიქნები ამისთვის.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: