მთავარი,სიახლეები

ვეტერინარი ცხოველთა თავშესაფრიდან

20.02.2019 • 3675
ვეტერინარი ცხოველთა თავშესაფრიდან

ეკატერინე ბოგატოვა ვეტერინარია. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მუშაობს და დღეში საშუალოდ 10-12 ოპერაციას აკეთებს.

თავშესაფარი, სადაც ბათუმის მერიის დაფინანსებით უპატრონო ცხოველების აღრიცხვა და სტერილიზაცია-კასტრაცია ხდება, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს. უკვე ექვსი წელია ეკატერინე ამ გზაზე დადის, იგი თავშესაფრის მთავარი ვეტერინარია.

ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე ცხოველთა თავშესაფარში მუშაობითო – ამბობს. ყვება, რომ ექვსი წლის იყო, როცა ამბობდა, „ძაღლის ექიმი“ უნდა გამოვიდეო.

„მაშინ ვეტერინარი არ ვიცოდი რას ნიშნავდა და ასე ვამბობდი. შემთხვევითი არ არის ეს, დედაჩემს უყვარდა ძალიან ცხოველები და ეცოდებოდა ქუჩის ძაღლები. თბილისიდან ვარ, ადრე, ჩემ ბავშვობაში, ქუჩებში მანქანა ჩამოივლიდა, აიყვანდნენ ქუჩის ძაღლებს და კლავდნენ. დედაჩემი ქრთამს აძლევდა მძღოლებს, რომ ძაღლები გადაერჩინა და ზოგი სახლში მოჰყავდა. რომ დავიბადე, სახლში ოთხი ძაღლი გვყავდა, 15 წლის რომ ვიყავი – უკვე ცხრა ძაღლი, მერე კატებიც დაემატა და, ფაქტობრივად, ცხოველების გარემოცვაში გავიზარდე,“ – ამბობს ეკატერინე.

იგი იხსენებს, როგორ იღებოდა ყოველ დილით თბილისში მისი სახლის ჭიშკარი, საიდანაც გამოდიოდნენ ძაღლები და სასეირნოდ მიდიოდნენ. მათ თან მიჰყვებოდა ეკატერინეც. მიუხედავად ოჯახში ცხოველების სიყვარულისა, პროფესიის არჩევისას წინააღმდეგობა მაინც შეხვდა. ჩემს ოჯახში ყველა ან მეცნიერებით იყო დაკავებული, ან მუსიკით, ვეტერინარია კი პრესტიჟული მიმართულება არ ყოფილა, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანეო, ყვება.

„შემიძლია ვთქვა, რომ ვოცნებობდი თავშესაფარში მუშაობაზე, რადგან გავიზარდე ისეთ სიტუაციაში, რომ ვგრძნობდი რა აუცილებელი და საჭირო იყო თავშესაფარი ცხოველებისთვის,“ – ამბობს ეკატერინე.

თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლის გადაწყვეტილება თავის დროზე სწრაფად მიიღო. იმ პერიოდში დედა გარდაეცვალა, ისე ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვილი ბავშვი მყავდა, მივხვდი, გარემო უნდა შემეცვალაო, უცებ ბათუმში გამოჩნდა ვაკანსია, ორ დღეში ჩავალაგე ბარგი და ჩამოვედიო – ყვება. მხოლოდ ექვსი თვით აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ 10 ივნისს 7 წელი სრულდება, რაც ამ ქალაქში ცხოვრობს.

„ჯამში უკვე 16 წელია ვმუშაობ. მართალი გითხრათ, დავიღალე, ძალიან სტრესული საქმეა, ძნელია უპატრონო ცხოველების ტანჯვის ყურება, ზოგი ისეთი გამხდარია, ფეხზე ვერ დგება, ზოგი – მოწამლული, ზოგს ლურსმნები აქვს გადაყლაპული… ვერ წარმოიდგენთ, როგორ ექცევიან საწყალ ძაღლებს. მაგრამ, დაღლილობის მიუხედავად, ვერ დატოვებ საქმეს, რომელიც დაიწყე, ჯერ ერთს გააკეთებ, მერე მეორე საქმეა… ვერ შეეშვები იოლად,“ – ამბობს ის.

ეკატერინე ბოგატოვა. ოპერაციაზე შესვლის წინ.

ახლა თავშესაფარში ახალ ფლიგელს აშენებენ. აქ  ორი განყოფილება იქნება – ძაღლებისთვის და კატებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დილიდან გვიან საღამომდე ოთხფეხა პაციენტებთან უწევს ყოფნა, შინაური ცხოველები მაინც ჰყავს: გერმანული ნაგაზი გრეიკო და ბენზელი ქუჩის კატა თათუნია.

გრეიკო ლეკვი იყო, როცა იყიდა. გამხდარი და დარწყილიანებული ლეკვი იყო და შემეცოდაო, ამბობს, კატა კი მისი უშუალო პაციენტი იყო.

„პატარა, ავადმყოფი კნუტი იყო თავშესაფარში რომ მოიყვანეს. სტაციონარში გვყავდა, გამოჯანმრთელდებოდა, გადავიყვანდით – ისევ ავად ხდებოდა და ვაბრუნებდით. ოთახში რომ შევდიოდი, ვოლიერიდან გაშლილ თათს გამოჰყოფდა უხმოდ, ასე მოფერებას ითხოვდა, ამიტომაც დავარქვი თათი, თათუნია. გავაშვილეთ და დაგვიბრუნეს უკან, ფაქტობრივად მომაკვდავი. მივხვდი, რომ მე უნდა წამეყვანა,“ – ყვება ეკა.

16-წლიანი მუშაობის განმავლობაში ცხოველებთან დაკავშირებულ არა ერთ სიტუაციასთან ჰქონია შეხება. მიიჩნევს, რომ საქართველოში, ძირითადად, ცხოველების მიმართ ორმაგი უკიდურესობა ახასიათებთ, ან ძალიან უყვართ – ან ძალიან სძულთ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მეპატრონეს ძაღლი უნდა, მაგრამ არც ერთი თეთრი არ ემეტება მის მოსავლელად.

„უზარმაზარი ჯიპით დადიან  სანადიროდ და ცოფის ერთ ვაქცინას არ გაუკეთებენ ძაღლს. ეს ხომ ძაღლია, რაში სჭირდებაო… არადა, ძაღლი ოჯახის წევრია, მას კვება სჭირდება, ვაქცინა, მოვლა… ისეთი ხალხიც არის, ძაღლს დღის განმავლობაში ქუჩაში რომ უშვებენ, სახლში რა უნდა ძაღლსო. კი, არსებობს კანონი, მაგრამ…“

კითხვაზე, რა ტიპის დახმარება სჭირდება ცხოველთა თავშესაფარს, ეკა ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს მეორადი ტანსაცმელი, რომელსაც პალეტებზე უგებენ ძაღლებს ვოლიერებში. ამის საჭიროება კი განსაკუთრებით ზამთარში აქვთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: