Batumelebi | საზოგადოებრივი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო – ახალი წესები   საზოგადოებრივი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო – ახალი წესები   – Batumelebi

საზოგადოებრივი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო – ახალი წესები  

ავტომატური ქრობის სისტემა, მინიმუმ ორი ცეცხლმაქრი ერთ სართულზე, საევაკუაციო გეგმა და გასასვლელები – კიდევ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაწესებულებამ სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება წარმატებით გაიაროს? – საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შემოწმება დაიწყო.

კანონის თანახმად, სპეციალისტები საზოგადოებრივი დაწესებულების  ყველა შენობას შეამოწმებენ. ისევე როგორც სხვა რეგიონებში, ბათუმშიც, შემოწმებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი ფილიალი არ აწარმოებს და სპეციალისტებთან ერთად თბილისის ჯგუფი მუშაობს.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონი 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის ჯარიმა, ეტაპობრივად, გაიზრდება და, შესაძლოა, 10 000 ლარსაც კი მიაღწიოს.

საცხოვრებელი სახლების შემოწმებას კანონი მხოლოდ 22 მეტრზე მაღალ შენობებში ითვალისწინებს. ზუსტად რას ითვალისწინებს კანონი? – ამ და სხვა საკითხებზე სპეციალისტმა ფრიდონ  მგელაძემ განგვიმარტა:

ბატონო ფრიდონ, რომ განგვიმარტოთ, კანონით დაწესებულებებს კონკრეტულად რას ევალებათ სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?

კანონით განსაზღვრულია, თუ რა ზომები უნდა ჰქონდეს გატარებული შენობის მეპატრონეს იმისათვის, რომ ხანძრის შემთხვევაში არ მოხდეს დაკვამლიანება. თუ დაკვამლიანება მაინც მოხდება, ასევე კანონი განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი შენობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება. რეგულაციების მიხედვით, 15 მეტრ სიმაღლემდე არ არის აუცილებელი ავტომატური ქრობის სისტემის დამონტაჟება, სხვა შემთხვევაში აუცილებელია. ეს სისტემა ითვალისწინებს წყლის მილების გაყვანას ქსელში და ხანძრის დროს, ტემპერატურის მატების შედეგად, სკდება – წნევით დატუმბული წყალია მილებში [რაც ჭერში უნდა იყოს დამალული] და ის ავტომატურად აქრობს ცეცხლს.

15 მეტრამდე შენობებზე, სადაც საზოგადოებრივი დაწესებულებაა, დამონტაჟებული უნდა იყოს კვამლის ავტომატურად აღმომჩენი სისტემა, იგივე ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია. თუ დაკვამლიანება იქნება, რომელიმე სათავსოში, სიგნალი გადაეცემა რვა ტელეფონზე, რვა მომსახურე პერსონალს ტელეფონში მიუვა მესიჯი, თუ სად არის კონკრეტულად დაკვამლიანება, ამაზეა მიბმული მართვის პულტი, რომელზეც ზუსტად ჩანს, თუ რომელ სართულზე, რომელ ოთახშია დაკვამლიანება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ხელის ცეცხლმაქრების გამოყენება, კანონი უშვებს ოთხ კილოგრამამდე  და ზემოთ ცეცხლმაქრების არსებობას შენობაში. სართულზე უნდა იყოს არანაკლებ ორი ცეცხლმაქრი. ვიდრე მოვა სახანძრო სამსახური.

გარდა ამისა, შენობაში აუცილებლად უნდა იყოს ევაკუაციის გზის მაჩვენებლები. თუ იქნება ავტონომიურ კვებაზე ძალიან კარგია, თუ არა, ფოსფორის არაკალი მაინც უნდა იყოს, რომ ღამის საათებში ადამიანმა გზა გაიკვლიოს საევაკუაციო გასავლელებამდე.

აუცილებელია ასევე მომსახურე პერსონალთან ინსტრუქტაჟის ჩატარება, რაც უნდა დაფიქსირდეს სპეციალურ – ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალში. ყველა მომსახურე პერსონალს წელიწადში არანაკლებ ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი. მისივე ხელმოწერით უნდა დადასტურდეს, რომ მას გავლილი აქვს წესები და ფლობს ინფორმაციას შენობაში გატარებული უსაფრთხოების წესების შესახებ. მან უნდა იცოდეს ასევე, როგორ მოიქცეს ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში.

სკოლის ან საბავშვო ბაღის შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული მოთხოვნა ემატება ამ ყველაფერს?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საგანმანათლებლო შენობებშიც სავალდებულოა, სკოლაც სახანძრო უსაფრთხოების ქვეშ მყოფი ობიექტია. კანონში ზუსტი ჩამონათვალია, თუ რომელი ობიექტები ექვემდებარება სახანძრო უსაფრთხოებას. როცა ზედამხედველობის სამსახური შედის ქვემდებარე ობიექტზე, ჯერ ხანძრის ქრობის სისტემის გამართულობაზე ამახვილებს ყურადღებას, ავტომატურად აღმომჩენ სისტემას და ცეცხლმაქრების არსებობასაც ამოწმებს. მნიშვნელოვანია საევაკუაციო გზების გამართულობაც, საევაკუაციო გზებზე არ უნდა იყოს არავითარი წვადი მასალები, რასაც შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს. გასასვლელები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მოძრაობის დროს ადამიანს დაბრკოლება არ უნდა შეექმნას.

რაც შეეხება ძველ, საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ შენობებს?

ძველ დროის ორსართულიანი შენობაც კი უზრუნველყოფილი იყო გარე სახანძრო კიბით. დღეს, სამწუხაროდ, სამშენებლო პროექტები სახანძრო ზედამხედველობის სამსახურთან არ თანხმდება. ეს უკვე აუცილებელია და კანონითაც სავალდებულოა, უკვე აშენებულში თუ ეს ღონისძიებები არ არის გატარებული. თავისთავად ცხადია, რომ იქ ადამიანის უსაფრთხოება სრულყოფილად დაცული არ არის. ახლა ასეთ შენობებს ვერაფერს ვერ ვუშველით. თუმცა სახანძრო უსაფრთხოების სამსახური ასეთ შემთხვევაში მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ გაკეთდეს ავტომატური ქრობის სისტემა და ავტომატურად აღმომჩენი სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები. ეს აუცილებელია.

ლიფტებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არის კანონში?

მაგალითად სასტუმროში, როგორც კი ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთვება, პარალელურად ჩაირთვება კვამლგამწოვი სისტემაც, ამის პარალელურად ავტომატურად ლიფტი ჩამოდის პირველ სართულზე და იბლოკება. ამ ლიფტით უკვე ადამიანი ვერ ისარგებლებს. კანონით აკრძალულია, ხანძრის ან ავარიის შემთხვევაში ლიფტით სარგებლობა – სპეციალური ნიშნებიც უნდა იყოს გამოკრული, რომ  ლიფტით არ უნდა ისარგებლო.

ექვემდებარება თუ არა შემოწმებას საცხოვრებელი სახლები?

12 სართულზე მაღალი შენობა სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ექვემდებარება. 37 მეტრზე მაღალ შენობაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ავტომატური ქრობის სისტემა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ძვირი უჯდებათ მშენებლებს და ამიტომაც საქართველოში ამ სისტემის გვერდის ავლით აშენებენ მაღალ სახლებს. მისი ფასი მშენებლობის ღირებულების 10-15 პროცენტს აღწევს. ეს არ არის პატარა თანხა, ამიტომაც ურჩევნიათ გვერდი აუარონ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი