Batumelebi | „საქართველო აფხაზეთიდან იწყება, სამაჩაბლო – საქართველოს გულია”- გიდების აქცია ბათუმში „საქართველო აფხაზეთიდან იწყება, სამაჩაბლო – საქართველოს გულია”- გიდების აქცია ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

„საქართველო აფხაზეთიდან იწყება, სამაჩაბლო – საქართველოს გულია”- გიდების აქცია ბათუმში

 დაანონსებულ გიდების აქციას, რომლითაც ტურიზმის სფეროში დასაქმებულები სახელმწიფო სიმბოლოკის დამახინჯებასა და სეპარატისტულ ტურიზმს აპროტესტებენ, დღეს, 21 თებერვალს, 12 საათზე ბათუმშიც შეუერთდნენ.

სალომე გორგილაძე, გიდი: ,,დღეს ჩვენი პროფესიული დღეა, გიდების საერთაშორისო დღე. აქ ამ დღის აღსანიშნად და ცოტა ხნის წინ გავრცელებული ამბის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ, რომლის მიხედვითაც უცხოური სააგენტოები საქართველოს არასრულ რუკას ავრცელებენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. ვთვლით, რომ საქართველო აფხაზეთიდან იწყება, სამაჩაბლო – საქართველოს გულია, ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი. დაუშვებელია ის, რაც მოხდა და სამწუხაროა, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც სახელმწიფო სიმბოლიკას დამახინჯებისგან დაიცავდა”.

გიდების ნაწილი ბათუმის საპროტესტო აქციაზე აცხადებს, რომ გიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნად გამოვიდა ევროპის მოედანზე და კითხვაზე, უერთდებიან თუ არა გიდების პროტესტს რუკის დამახინჯებასთან დაკავშირებით, გვპასუხობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და პროფესიული დღეს ზეიმობენ.

სალომე გორგილაძე, გიდი

ევროპის მოედანზე შეკრებილი გიდები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ჯგუფისთვის დღეს უფასო ტურებს მოაწყობენ ბათუმში. აქციის დაწყებისთანავე ასეთი ჯგუფები მალევე გამოჩნდნენ, მათ დღეს გიდები უსასყიდლოდ მოემსახურებიან. ქალაქის უფასო ტურები ბათუმში დღეს, საღამოს 18.00 საათამდე გაგრძელდება.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა მოქალაქეებმა საქართველოს რუკის დამახინჯების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარე თვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაიწყეს. ონლაინფლეშმობში მონაწილეები ფეისბუქზე საქართველოს რუკის ფოტოებს ტვირთავდნენ და აწერდნენ: “ეს საქართველოა! This is Sakartvelo! (Georgia) Это Сакартвело! (Грузия)”. კამპანია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც ზოგიერთმა ტურისტულმა კომპანიამ საქართველოს დამახინჯებული რუკის გავრცელება დაიწყო, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com