მთავარი,სიახლეები

საპენსიო სააგენტო საინფორმაციო კამპანიაში ერთ მილიონამდე ლარს დახარჯავს

22.02.2019 • 1555
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო კამპანიაში ერთ მილიონამდე ლარს დახარჯავს

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიების წარმოება, რისთვისაც საჭიროა „შესაბამისი მომსახურების შეუფერხებლად შესყიდვა“.

საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიის მომსახურების შესყიდვას საპენსიო სააგენტო ტენდერის გარეშე აპირებს, რისთვისაც 913 ათას 938 ლარი აქვს გათვალისწინებული.

„საქართველოს მოქალაქეებისათვის არასწორი ან/და არასრული ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლოა დამანგრეველი ზეგავლენა მოახდინოს საპენსიო რეფორმაზე და გამოიწვიოს საქართველოს მთავრობისა და საპენსიო სააგენტოს დისკრედიტაცია. ამასთან აღსანიშნავია, რომ გარკვეული ჯგუფები სოციალური მედიის, მასმედიისა თუ სხვა საშუალებით ავრცელებენ ნეგატიურ და არასწორ ინფორმაციას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვება დაუშვებელია და მათი გაბათილებისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აუცილებელია უმოკლეს ვადებში სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით საპასუხო ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობაში საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განაცხადში, რომლითაც საპენსიო სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

საპენსიო სააგენტო, დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემა კი 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა.

[gray_box]„2018 წლის განმავლობაში, პირველ რიგში, სააგენტო არ იყო დაკომპლექტებული შესაბამისი თანამშრომლებით, ხოლო მეორეს მხრივ, არ იყო მოსალოდნელი საინფორმაციო/სარეკლამო საქმიანობის ინტენსიურად განხორციელების აუცილებლობა. ასეთი აუცილებლობა გამოწვეულ იქნა პირველ რიგში, გარკვეული ჯგუფების მიერ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებით და მეორეს მხრივ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი კონსტიტუციური სარჩელით“, – აღნიშნულია შესყიდვების ვებგვერდზე.[/gray_box]

საპენსიო სააგენტო სარეკლამო/საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელებას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გეგმავს:

პირველი ეტაპი, ღირებულებაა 343 938 ლარი: რგოლის განთავსება ტელევიზიაში (რეგიონული ტვ + 2-3 არხი) – 3 კვირა; რადიო განთავსება- 2-3 კვირა; sms-1000000; ვებ პორტალების მომსახურება 12 თვის მანძილზე; ბუკლეტების დაბეჭდვა/გავრცელება 2 თვის მანძილზე; ვიდეო გადაღება/მონტაჟი -3 თვის მანძილზე; ვიდეო რგოლის განთავსება კინოთეატრებში –  2 თვის მანძილზე; მედიატური; ახალი დომეინი; ვიზუალური ბრენდინგი (ლოგო, ლოგობუქი) -1; ინტერნეტ კამპანია(მ.შ ფეისბუკის მომსახურება(რეკლამის ხარჯი); გრაფიკული საპრომოციო რგოლი (7-10).

მეორე ეტაპი, ღირებულებაა 570 000 ლარი: ვიდერგოლების სერია – 70; ინტერნეტ კამპანია (მ.შ ფეისბუკის მომსახურება(რეკლამის ხარჯი) – 8 თვე; რგოლების განთავსება ტელევიზიაში (რეგიონული ტვ + 2-3 არხი) – 6-7 კვირა; მედიატური; ექსპერტ კონსულტანტების მომსახურება – 8 თვე; რადიო განთავსება – 6-7 კვირა; მეტროში განთავსება და ბეჭდვა.

შესყიდვების სააგენტოში საპენსიო სააგენტოს განაცხადის განხილვის თარიღად 2019 წლის 26 თებერვალია ჩანიშნული.

დაგროვებითი პენსიის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: