ბათუმში აქციის მონაწილეებზე იძალადეს – „რატომ ამბობთ, რუსეთი ოკუპანტიაო“

დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში პროევროპული აქციის 2 მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებული ვიდეო მასალით ჩანს, რომ გამვლელი აგინებს და ემუქრება აქციის მონაწილეებს.

„ჩამოარეს და მითხრეს, რატომ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტიაო… შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს,“ – ამბობს აქციის მონაწილე დარიკო ჩიტაძე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პლაკატით იყო მისული: „რუსეთი ოკუპანტია“. მას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს – მარიამ ქაჯაიას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

„მე დავინახე, რომ ჩემგან ცოტა მოშორებით გამვლელმა დარიკო ჩიტაძეს ხელი ჩაარტყა… მივედი და ვუთხარი, რას აკეთებთ, კამერას ჩავრთავ-მეთქი და მეც დამიწყო ჩხუბი… ბავშვიც ახლდათ და ამით მანიპულირებდნენ. გამოირკვა, რომ ეს გზავნილი „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთი ტერორისტია“ არ მოეწონათ.

მე ქალმა ხელები გადამიგრიხა და ჩამარტყა ქოლგა… აქვეა მუდმივად პოლიცია, მაგრამ პოლიციას საერთოდ არ ჰქონია რეაგირება,“ – ამბობს მარიამ ქაჯაია.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით – ფიზიკური ძალადობა.

ნახეთ ვიდეო: 

პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ფეისბუქში აგინებს ყველა ოპონენტს, რატომ არ აჯარიმებს მას „ოცნება“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ, 2026 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო-ქარდი გამოაქვეყნა წარწერით – „ყ*ლეო შენ“.

გიორგი გამსახურდია რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს, ის პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა.

აქვს დიპლომატიური პასპორტი და სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რაც გათვალისწინებულია პოლიციის ატაშეებისათვის.

გიორგი გამსახურდიას ფეისბუქ პოსტების შინაარსში არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ „სიძულვილის ენას ბრძოლა გამოუცხადა“ – ის ისევ აგინებს და ლანძღავს ნებისმიერ ოპონენტს.

თუმცა თავისი თანამშრომლის მიმართ შს სამინისტროს არავითარი სადამსჯელო მექანიზმი არ გამოუყენებია. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

ეს მაშინ, როცა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, საქართველოში 2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე არაერთი ადამიანი გაასამართლეს და ადმინისტრაციული ჯარიმებიც დააკისრეს.

შსს-მ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო სწორედ პირველ ივნისს შეიქმნა.

ამ სამმართველოს ხალხმა „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“ დაარქვა.

13 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა სამმართველომ 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევა გამოავლინა.

დააჯარიმეს ის ადამიანებიც კი, ვინც ფეისბუქზე სხვა პირს აგინა ან შეურაცხყო, მაგრამ მათთვის არავის უჩივლია – ისინი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალმა სამმართველომ თვითინიციატივით გამოავლინა და დააჯარიმა კიდეც.

რატომ არ რეაგირებს გიორგი გამსახურდიას გინებებზე სამმართველო? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვერ შეძლო. იმ შემთხვევაში თუკი შსს გვიპასუხებს, მასალა განახლდება.

„ბიძინა ყ*ეა? – არა – კი“ – სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში მსგავსი შინაარსის მქონე ბანერი ეჭირა, 26 ივლისის საღამოს თბილისში, ქალაქის საკრებულოსთან დააკავეს.

იმავე საღამოს, პოლიციამ ათი ადამიანი დააკავა, რომლებიც საკრებულოსთან მივიდნენ იდენტური წარწერის მქონე ბანერებით.

31 ივლისს თორნიკე თოშხუა მეორედ დააკავეს ბანერის გამო, რომელზეც ამჯერად ეწერა – „ბიძინა ყ არაა? არის?“. გაასამართლეს და 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ამას გარდა, საპროტესტო ბანერების გამო დაკავებულების ნაწილს სასამართლომ სამი, ხუთი და ექვსი ათასლარიანი ჯარიმები დააკისრა, ნაწილს კი პატიმრობა.

აქტივისტებმა, მათ შორის ქალებმა, ხუთ-ხუთი და ათ-ათი დღე გაატარეს პატიმრობაში.

კანონი, რომელიც მოქმედებს რიგით მოქალაქეებზე, ვერ ხედავს პირველი პრეზიდენტის შვილის სავარაუდო სამართალდარღვევას.


ფოტოზე: მარცხნივ, სქრინი გიორგი გამსახურდიას ფეისბუქიდან – “ყ*ეო შენ” – წერს გიორგი გამსახურდია მესამე პრეზიდენტის მისამართით. მარჯვნივ, აქტივისტ თორნიკე თოშხუას აკავებენ ბანერზე წარწერის გამო. მოგვიანებით მას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ

თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, გიორგი გამსახურდია აქტიურად აკომენტარებს საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ამბებს.

მისი პოსტები შეიცავს გინებას და უხამს ლექსიკას ოპოზიციის, აქტივისტების, ჟურნალისტების თუ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიმართ, ვისაც კი თავისი პოზიცია გამოუხატავს „ქართული ოცნების“ მისამართით.

გიორგი გამსახურდია განსაკუთრებით ესხმის თავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

პრეზიდენტისათვის მას არაერთი პოსტი აქვს მიძღვნილი და უმეტესობა დამამცირებელი, უხამსი ლექსიკის მატარებელია.

გიორგი გამსახურდია ასევე აგინებს და უხამსად მოიხსენიებს რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს. გიორგი გამსახურდია აგინებს პუტინსაც.

„ბათუმელებმა“ გიორგი გამსახურდიას ბოლო ერთი თვის ფეისბუქ აქტივობა შეისწავლა.

გიორგი გამსახურდიას გვერდი ფეისბუქში ვერიფიცირებულია და საჯაროა.

„აღარავის უნდა დამრიგებლობა. პასუხისმგებლობა დიდია, ხელფასი კი 79 ლარი“ – მასწავლებლები

1500-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს პეტიციას, რომლითაც მასწავლებლები მოითხოვენ, გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ხელფასი.

ნატო ტიღაშვილი თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში ასწავლის. იგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და დამრიგებელია. როგორც დამრიგებელს, ანაზღაურების სახით 79 ლარი და 38 თეთრი ერიცხება, მაშინ როცა მისი ყურადღება და პასუხისმგებლობა 27 ბავშვზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

ნატო ტიღაშვილის თქმით, მძიმე შრომის, მაღალი პასუხისმგებლობისა და დაბალი ანაზღაურების გამო, სკოლებში დამრიგებლობა ბევრ მასწავლებელს აღარ უნდა, რადგან „ხელფასი შეურაცხმყოფელია და აცდენილია რეალობას“.

„უბრალოდ, დაწყებით კლასში, სადაც კომბინირებულზე ვართ დასაქმებული მასწავლებლები, ვერ ვამბობთ დამრიგებლობაზე უარს, რადგან ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს ეს საქმე“- ამბობს მასწავლებელი.

„იმიტომ, რომ სამ საგანს ვასწავლით, რეალურად, მართლა ჩვენზე არიან ეს ბავშვები მოკედლებულები და არ გამოდის სხვანაირად. ამ ბავშვებსაც სჭირდებათ ვიღაც, ვისთანაც მივლენ რაღაც პრობლემის დროს.

დამრიგებლის შრომა არის შრომატევადი, იქნება ეს დოკუმენტაციის მოწესრიგება, მშობლებთან კომუნიკაცია და ბევრი სხვა დეტალია, რომელიც ითხოვს დიდ ძალისხმევას. ამიტომ ეს 79 ლარი არის დაცინვა, რადგან თუ ამ თანხას 27 ბავშვზე გავყოფთ, 2 ლარი და თეთრები გამოდის. პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, რადგან თუ რამე მოხდება პირველი ეს კითხვა ისმის, – „სად იყო დამრიგებელი?“, „დამრიგებელი სად გყავდათ?“. პასუხი პირველ რიგში მოეთხოვება დამრიგებელს და თუ ჩვენ ამხელა პასუხისმგებლობას ვიკიდებთ, მაშინ ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი, ხომ?!

უკვე აღარავის უნდა ეს დამრიგებლობა, გადავალ მაშინ სპორტის მასწავლებლად და ამით საათებს მაინც შევივსებ“ – ამბობს ნატო ტიღაშვილი.

მისი თქმით, უკვე შვიდი წელია, რაც სკოლაშია დასაქმებული და ამ წლების განმავლობაში დამრიგებლის ხელფასი არ გაზრდილა.

„ვინც სკოლის სტრუქტურაში ან განათლების სექტორშია დასაქმებული, ამას მშვენივრად ხვდება, მაგრამ ამის მიუხედავად, არ ფიქრობენ, რომ დამრიგებლის ხელფასი გაზარდონ. ალბათ იმიტომ, რომ დამრიგებლების ნაწილიც თანახმაა ამ ყველაფერზე… ვიღაცას სამსახურის დაკარგვის შიში აქვს, ვიღაცამ თავისი უფლებები არ იცის, ვიღაცას შესაძლოა პენსიაც ერიცხება, სკოლის ხელფასიც და ეს მისთვის მისაღებია. ბევრი მიზეზია.

მეორეა ის, რომ როცა ჩვენ ხელფასების ზრდაზე ვიწყებთ საუბარს, გვეუბნებიან რომ ფინანსები არ არის“ – ამბობს ნატო ტიღაშვილი.

წელს განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მოითხოვა 700 000 ლარის დახარჯვა იმისთვის, რომ ღონისძიებაზე „ოცნების“ მთავრობის წევრებმა სიტყვით მიმართონ პირველკურსელებს.

თუ ასეთი შემთხვევების დროს არსებობს ფინანსები, დამრიგებლის ხელფასების დროს რატომ ჩნდება ხოლმე „კრიზისი“, რას გეუბნებიან? – ვკითხეთ მასწავლებელს.

მისი თქმით, სამინისტროს პასუხია, რომ ასეთ თანხებს ერთჯერადად ხარჯავს, მაგრამ ყოველწლიურად რომ გაიღოს თუნდაც იგივე ხარჯი ხელფასებზე, არ სურს.

„თავს არიდებენ ამხელა თანხების გაღებას ჩვენი ხელფასებისთვის. მაგრამ აქ ბავშვის უსაფრთხოებაზეა საუბარი, კრიზისების მართვაზე. ამის მიუხედავად, შეუძლიათ გვითხრან – „თუ არ მოგწონთ, წადით სამსახურიდან“. ეს მიდგომაა“-ამბობს ნატო ტიღაშვილი.

რამდენად აქვს სკოლას, განათლების სამინისტროს იმის რესურსი, რომ ამდენ მასწავლებელს უთხრას – „თუ არ მოგწონს, წადი?“- ვკითხეთ მას.

ნატო ტიღაშვილის თქმით, ბევრი ახალგაზრდა აბარებს საგნობრივ გამოცდებს და ცდილობენ სისტემაში შესვლას. მისი თქმით, „ეს ის ხალხია, ვინც ყველაზე მეტად იღებს ხმას და დაბალ ანაზღაურებასაც აპროტესტებს“.

„რამდენიმე დღეა, რაც პეტიცია გავაკეთე და ვითხოვთ, რომ დამრიგებლის ხელფასი სულ ცოტა 300 ლარი გახდეს ხელზე დარიცხული, რადგან მე ახლა პირველი სადამრიგებლო კლასი მყავს და მინიმუმ 300 ლარი პირველი სასწავლო დღისთვის მჭირდება, რომ კლასი გავალამაზო, ბავშვებს შემოსვლა უხაროდეთ.

რა თქმა უნდა, ამისთვის რესურსებს მე ვყიდულობ. ფერადი ფურცელი გჭირდება, ფერადი პრინტერი თითქმის ყოველდღე, რომ რაღაც თვალსაჩინოება ამოვბეჭდოთ და სხვა ბევრი რამ, რასაც ყოველთვის სკოლა ვერ მოგცემს. ეს ხომ პირადი ხარჯია. ამიტომ 76 ლარი ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რესურსებიც ვიყიდოთ და ჩვენი შრომაც დაფასდეს. მითუმეტეს, ახალი სახელფასო ცვლილების ფონზე.

კიდევ ერთი პეტიცია მაქვს გაკეთებული იმაზე, რომ დაწყებითი მასწავლებლის 13-საათიანი ანაზღაურება გაუთანაბრდეს 18-საათიანი დატვირთვის ანაზღაურებას. დაწყებითებში საათები რეალურად არასდროს მოგვემატება, რადგან ბავშვს 6 გაკვეთილზე ვერ დასვამ. შესაბამისად, ჩვენ 13 საათი უნდა ჩაგვეთვალოს სრულ დატვირთვად და უნდა მოგვეცეს სრული ანაზღაურება“- ამბობს ნატო ტიღაშვილი.

მისი თქმით, პეტიციაზე, სადაც მასწავლებლები დამრიგებლის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ, უკვე მოაწერა ხელი 1400-მდე პირმა. პეტიციის შედეგები გადაეგზავნება განათლების სამინისტროს რეაგირებისთვის.

„თუ არადა მე თვითონ მივიტან ამ შედეგებს სამინისტროში და დავარეგისტრირებ, რომ პასუხი მივიღო სამინისტროსგან ჩვენს მოთხოვნაზე“ – გვეუბნება ნატო ტიღაშვილი.

„ბათუმელები“ კერძო სკოლის მასწავლებელსაც ესაუბრა დამრიგებლის ხელფასებთან დაკავშირებით.

ეკატერინე ჩიქოვანი სკოლა „ნიუჯი-ახალი თაობაში“ მუშაობს და მიიჩნევს, რომ მათი ანაზღაურებაც, საჯარო სკოლების მსგავსად, საკმაოდ დაბალია.

„არის კერძო სკოლები, რომლებიც უფრო მეტს იხდიან სადამრიგებლო საათებში და არის ისეთი სკოლებიც, რომლებიც საერთოდ არ უხდიან დამრიგებელს. სადამრიგებლოც შედის მასწავლებლის ანაზღაურებაში და ამიტომ. პირობითაც ვამბობ, თუ სკოლა გიხდის 1700 ლარს, ამაში შედის სადამრიგებლოც. ცალკე არ გიხდიან.

არის ისეთი კერძო სკოლებიც, სადაც ძალიან დაფასებულია დამრიგებლის შრომა, თუმცა ასეთი სკოლები იშვიათია.

არც ის მესმის, რატომ არიან ასე დაყოფილი კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლები სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენც მომავალი თაობის აღზრდასა და მათ უსაფრთხოებას ვემსახურებით. იგივე პასუხისმგებლობები გვაქვს ჩვენც, ამიტომ შრომითი უფლებები ყველგან თანაბრად უნდა იყოს დაცული“- ამბობს ეკატერინე ჩიქოვანი.

მისი თქმით, დამრიგებელს, სადამრიგებლო კლასის გარდა სხვა პასუხისმგებლობაც აქვს აღებული, ამიტომ მისი შრომა ორმაგდება.

„სადამრიგებლოს გარდა ჩვენ გვაბარია სხვა კლასებიც, სადაც კონკრეტულ საგანს ვასწავლით. მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სხვა კლასებში, მაგრამ მყავს სადამრიგებლო, მე-11 კლასი.

წარმოიდგინეთ, ჩემი მოვალეობა რამდენად უფრო მაღლა იწევს და რამდენად უფრო მეტი სამუშაო მაქვს, რადგან გაკვეთილის ჩატარების პარალელურად სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებზეც უნდა ვიზრუნო.

აი, მაგალითად, დილას ვიწყებთ 9 საათზე, ხომ? რა თქმა უნდა, ჯერ სადამრიგებლო კლასში შედიხარ და ამოწმებ, მოვიდნენ თუ არა მოსწავლეები დროულად, ვინმემ ხომ არ დააგვიანა. თუ რომელიმე ბავშვი აკლია, უნდა დაუკავშირდე მშობელს და მოიკითხო. იქნებ მშობელმა გამოუშვა სახლიდან და ბავშვი არ მოსულა კლასში?! თუ ასე არ მოვიქცევი, პასუხს მე მომთხოვენ.

მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა მშობელმა დამირეკა და გამაფრთხილა, რომ ბავშვი 5 წუთით დააგვიანებსო. თუმცა გავიდა 5 წუთზე ბევრად მეტი და ბავშვი არ გამოჩნდა. ამ დროს მე ჩემს გაკვეთილზე ვარ. ვთხოვე სხვა მასწავლებელს, რომ ჩამნაცვლებოდა. გამოვედი და დავურეკე მშობელს. სანამ გავარკვევდით თუ რა მოხდა, ერთი სიკვდილი დავამთავრე, როგორც იტყვიან.

აღმოჩნდა, რომ ბავშვმა იქვე სკოლასთან მაღაზიაში შეიარა და ამიტომ დააგვიანდა.

დამრიგებელი ვალდებულია იცოდეს სად არის ბავშვი, რატომ არ არის, როგორ არის. რაიმე რომ მოხდეს, პირველი რასაც იკითხავენ, არის – „დამრიგებელი სად იყო?“

თუ სკოლაში არ დადიოდა, იქ შესაძლოა ჩამორჩენა ჰქონდეს რომელიმე საგანში და ამაზეც დამრიგებელმა უნდა იზრუნოს. მე საფიქრალი მაქვს სადამრიგებლო კლასზეც და იმ კლასებზეც, სადაც საგანს ვასწავლი.

ნებისმიერი მასწავლებლის უკან დგას ოჯახი და დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ანაზღაურებისთვისაც. იმიტომ, რომ მყავს 8 წლის შვილი და მასაც აქვს საჭიროებები, ვიღაცას ჰყავს 3 შვილი, ვიღაცას ხანდაზმული მშობლები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ და ნამდვილად არ არის სამარცხვინო, თუ ვითხოვთ ღირსეულ, ჩვენი შრომის შესაბამის ანაზღაურებას.

რა თქმა უნდა, ბავშვებიც გვიყვარს, პასუხისმგებლობასაც ვიღებთ, მაგრამ მოვითხოვთ ამ შრომის დაფასებას. კიდევ ვამბობ ხაზგასმით, რომ არ არის სირცხვილი მასწავლებელმა ისაუბროს თავის ხელფასზე, ისაუბროს იმაზე, რომ რასაც აკეთებს პირნათლად, ამაში უნდა აიღოს ანაზღაურება“- ამბობს ეკატერინე ჩიქოვანი.

მისი თქმით, 79 ლარი, რომელსაც საჯარო სკოლაში დამრიგებლებს უხდიან, მშობლებთან ზარების განხორციელებისთვისაც კი არ არის საკმარისი.

„მე მაქვს მაგალითად, ულიმიტო პაკეტი, რომელიც თვეში ღირს 30 ლარი. თუ არ ჩავრთე, როგორ დავუკავშირდე მოსწავლეს, მშობელს? რაიმე რომ მოხდეს, ხომ უნდა გავარკვიო სასწრაფოდ. 79 ლარს რომ ვიღებ და ნახევარს ტელეფონში ვიხდი, აქ მაინც ხომ შეიძლება იყოს შეღავათები ჩვენთვის? ხომ შეუძლიათ კომპანიებს მოელაპარაკონ და ნაკლები ტარიფები არსებობდეს ჩვენთვის?!

თუ რამე მოხდა, „დამრიგებელი არ ვარგოდა“, „დამრიგებელია პასუხისმგებელი“, „დამრიგებელი სითბოს არ იჩენს“ – ამბობენ.

გავიდნენ და ნახონ, როგორი ფასებია გარეთ, პურის ფასი მოიკითხონ, ცხოვრება რა ღირს, ეს მოიკითხონ. გადასახადებმა მოიმატა, მასწავლებელმაც ხომ უნდა არჩინოს ოჯახი. თუ ყველაფერი ძვირდება, ეს ჩვენი ხელფასი რატომ ტრიალებს ერთი და იმავე ადგილას?!“ – კითხვას სვამს ეკატერინე ჩიქოვანი.

კირვალიძეს საპროცესო გაუუქმდა, მიქელაძის განაჩენი უცვლელი დარჩა – სააპელაციოს გადაწყვეტილება

დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულის საქმე განიხილეს: გიორგი კირვალიძეს 2 თვის წინ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს, მანუჩარ მიქელაძისთვის მისჯილი 5-წლიანი განაჩენი კი ძალაში დატოვეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

კირვალიძისა და მიქელაძის საქმეები პირველ ინსტანციაში მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განიხილა. მან კირვალიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 11 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. შეთანხმების პირობების მიხედვით, დაკავებულებს 3-წლიანი პირობით მსჯავრთან ერთად, რეალური საპატიმრო დრო 1 წლით განესაზღვრათ. ეს ნიშნავს, რომ მათ ციხე ოქტომბერში უნდა დაეტოვებინათ.

თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გიორგი კირვალიძე, რომელიც თავდაპირველად დათანხმდა საპროცესოს, ანუ აღიარა წარდგენილი ბრალი და მოინანია ჩადენილი დანაშაული –  მოულოდნელად წამოდგა და თქვა, რომ უარს ამბობდა აღიარებაზე.

სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ცნობს შეთანხმების დამტკიცების შემდეგ მასზე უარის თქმის შესაძლებლობას.

ამავე თემაზე: „არასდროს არავის უთქვამს უარი საპროცესოზე მისი დამტკიცების შემდეგ” – პროკურორი კირვალიძეზე 

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პროკურორმა გაასაჩივრა მის მიერ გაფორმებული შეთანხმება.

კირვალიძის ადვოკატი, ბორის (ჩელე) ყურუა აცხადებს, რომ პროკურატურამ შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით ბრალდებული „გადააგდო“.

„იქ იყო კვალიფიციური მოსამართლე [თამარ მახარობლიძე], რომელსაც შეეძლო დაენახა ეს უარი და მისი ვალდებულებაც კი იყო, რომ არ დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება თუ აღიარება, როგორც საპროცესო შეთანხმების საფუძველი, არ იყო სახეზე. დღეს დამტკიცდა რაღაც ახალი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ.

მოცემული სასამართლოს პირობებში არ ვიცი ამას რამდენად აქვს აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური ელფერი.

[…] მაშინ, როცა ჩვენ დაცვის ყველა სტრატეგიაზე ვთქვით უარი, ვენდეთ ბრალდების მხარეს, მივაღწიეთ მათთან შეთანხმებას და გამოვიდა, რომ ბრალდების მხარემ „გადაგვაგდო“, – განაცხადა ადვოკატმა.

სააპელაციო სასამართლოში კირვალიძემ თქვა, რომ შეთანხმებულ საპროცესოზე უარი აღელვების გამო თქვა და რეალურად, მაშინაც ეთანხმებოდა საპროცესოს პირობებს – ბრალის აღიარება და მონანიება. მან თქვა, რომ დღეებს ითვლის შვილებთან შეხვედრამდე.

პროკურორმა ხინთიბიძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ წერილობით დაფიქსირებული აღიარების მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში კირვალიძემ სხვა პოზიცია დააფიქსირა.

„განაჩენის გამოცხადების დროს მან [გიორგი კირვალიძემ] განმარტა, რომ აღარ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და გაგვეუქმებინა საპროცესო შეთანხმება. ვინაიდან განაჩენის გამოცხადება დასრულებული არ იყო, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა ბრალდებულის აღიარება, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს საპროცესო შეთანხმებას. ამის გამო გააუქმა სააპელაციომ აღნიშნული განაჩენი”, – განაცხადა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.

გიორგი კირვალიძის საქმე განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება.

რაც შეეხება მანუჩარ მიქელაძეს, სააპელაციოს მოსამართლე კერატიშვილმა ძალაში დატოვა საქალაქოს მოსამართლე მახარობლიძის გადაწყვეტილება 5-წლიანი პატიმრობის შესახებ. მიქელაძე საქალაქო სასამართლოშივე აღიარებდა, რომ ჩაიდინა ქმედება, რასაც ედავებოდნენ, თუმცა არ აღიარა წარდგენილი ბრალი, არ ცნო თავი დამნაშავედ და კატეგორიული უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

პატიმრობის მისჯის შემდეგ „ბათუმელები“ მანუჩარ მიქელაძის ცოლს, დიანა მიქელაძეს ესაუბრა. ის ამბობდა, რომ არ აქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი. თუმცა, გადაწყვეტილებას მაინც გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში, რადგან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენონ თავიანთი სიმართლის გასაჟღერებლად.

მანუჩარ მიქელაძის ადვოკატი, გურანდა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მიუკერძოებელი სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებდა.

„მარტივად ავუხსენით მოსამართლეს, რომ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვერ დაადასტურა მოწვეულმა მოწმემ, ვერ დაადასტურა საქმეში გამოკვლეულმა ვერცერთმა მტკიცებულებამ. თუმცა, რატომღაც, სასამართლოს შინაგანი რწმენა არ გაუჩნდა იმისა, რომ აღნიშნული პიროვნების [მანუჩარ მიქელაძის] მიმართ არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული კვალიფიკაცია.

თუკი სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და თუკი საქმის განხილვა იქნებოდა მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და უნდა მოეხდინა ცვლილება. თუმცა, დღეს მივიღეთ ის შედეგი, რასაც, ალბათ ველოდით, იმიტომ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი“ – ამბობს ადვოკატი.

როგორც მანუჩარ მიქელაძეს, ისე გიორგი კირვალიძეს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის ორი მუხლის დარღვევას: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

წაიკითხეთ მანუჩარ მიქელაძის ოჯახის ისტორია:

„მამა გერმანიაშია“ – როგორ ცხოვრობს 4 ოქტომბრის საქმის პატიმრის ოჯახი

კრწანისის ტყეპარკში „არაბული ქალაქის“ კონცეფცია ცნობილია – შენიშვნების წარდგენა დაიწყო

კრწანისის ტყეპარკისა და მიმდებარე ტერიტორიაზე „არაბული ქალაქის“ განაშენიანების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. შესაბამისი პროცედურები დაწყებულია შესაბამის სახელმწიფო უწყებებშიც.

„ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაანონსებული. ამასთან, დაახლოებით 6 თვის წინ, „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა. „იგლ-ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები გასაიდუმლოებულია.

2026 წლის 27 აგვისტოს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც კრწანისის პარკს [თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს] მოიცავს; ამ კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია.

პროექტის ვიზუალიზაცია/კონცეფციიდან

აღნიშნულ ეტაპზე უნდა გაიცეს სკოპინგის დასკვნა, რომელიც აუცილებელია სგშ-ს საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად და შემდგომი ადმინისტრაციული წარმოების გასაგრძელებლად.

სკოპინგის დასკვნაში უნდა გაიწეროს კონკრეტული მითითებები და პირობები, რომლებიც სგშ-ს ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ მომდევნო ეტაპზე. ამ დასკვნაში უნდა იყოს ასევე საზოგადოების [მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების] და დარგობრივი უწყებების/ექსპერტების მიერ გამოთქმული დასაბუთებული შენიშვნები, რომლებიც შემდეგ უკვე საბოლოო დოკუმენტში უნდა აისახოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით ამ შემთხვევაში სგშ-ის სკოპინგის დასკვნის გამცემი უფლებამოსილი ორგანოებია გარემოს ეროვნული სააგენტო და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

სგშ-ის სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა დაინტერესებულ პირებს 2026 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე:

  • სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნებისა და მოსაზრებების ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნისას ადრესატად მიუთითოთ: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო);

ასევე:

  • სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ელფოსტაზე: info@ncdc.ge (მის.: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №99).

„გარდაბნისა და თბილისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კერძოდ კი სოფელი ფონიჭალას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ იგეგმება ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომელიც მეტ წილად განვითარდება ინდივიდუალური საცხოვრისებით, კერძოდ ვილებისა და თაუნჰაუსების სახით, დასახლების ცენტრალურ ნაწილში კი თავმოყრილი იქნება საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.“ – წერია კონცეფციაში.

პროექტის ვიზუალიზაცია/კონცეფციიდან

ამავე კონცეფციის მიხედვით, „კრწანისის ტერიტორია, რომელიც ფონიჭალის ნაკრძალსა და მდინარე მტკვარს ესაზღვრება, იძლევა იშვიათ შესაძლებლობას შეიქმნას სიცოცხლით სავსე, მყუდრო უბანი. პროექტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 633 ჰექტარს, ასახავს ტრანსფორმაციულ ურბანულ ამბიციას – ხელახლა გააცოცხლოს მდინარისპირა ცხოვრება და გააძლიეროს თბილისის აგლომერაციის გლობალური იდენტობა“.

საპროექტო არეალი დოკუმენტების მიხედვით მოიცავს 41 მიწის ნაკვეთს [საერთო ფართობით 633 ჰა]. 41-ივე საკადასტრო ერთეული ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, თუმცა ისინი „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტითაა გადაცემული.

„საპროექტო წინადადებით იგეგმება არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანება მდ. მტკვრის სანაპიროების გათვალისწინებით და შემდგომი გამიჯვნა განაშენიანების დეტალური გეგმების არეალების შესაბამისად.

კონცეფციაში წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და პარამეტრები შესაძლოა შეიცვალოს ან დაზუსტდეს მიმდინარე ტექნიკური კვლევების, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცესის შედეგების საფუძველზე.“ – წერია კონცეფციაში.

„იგლ ჰილსის“ პროექტი უნდა განხორციელდეს გონიოშიც, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში კონცეფცია, ასე ვთქვათ, საჯარო დოკუმენტების სახით არ გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გონიოში საინვესტიციო ტერიტორია მთლიანად მოქცეულია „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებში და ის საერთაშორისო დონეზე დაცული ტერიტორიაა.

ამ თემაზე ვრცლად:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

360 ათასი ლარი ახალი საჯარო სკოლის პროექტისთვის ბათუმში – კონკურსი

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის განათლების სამინისტრომ ბათუმში საჯარო სკოლის დაპროექტებაზე ტენდერი 360 ათასი ლარით გამოაცხადა.

ახალი სკოლის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აქ სკოლისთვის ჯამში 7 390 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთია გათვალისწინებული.

„გასათვალისწინებელია, რომ სკოლისთვის განკუთვნილ ტერიტორიას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება ქუჩა“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.

ამავე დავალების მიხედვით, სასწავლო კორპუს(ებ)ის სართულიანობა უნდა იყოს 3 სართული + სარდაფის სართული ან ნახევარსართული. მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა კი – 750 მოსწავლე [±50 მოსწავლე] ერთ ცვლაში [25 მოსწავლე ერთ კლასში], ჯამში 1 500 მოსწავლე ორ ცვლაში.

ამასთან, „პროექტირებისას კონკურსანტი ვალდებულია საპროექტო დოკუმენტაცია დაამუშაოს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ნორმატიული დოკუმენტების გათვალისწინებით.

პროექტირების პროცესში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი ზეპირი სახით შეთანხმდება შემსყიდველთან“.

შემსყიდველთან, ანუ სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება ასევე დაზუსტდეს „არქიტექტურული დეტალები და ფერთა გამა“.

კონკურსის მოთხოვნაა, რომ პროექტში გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტაციის ღონისძიებები. „კერძოდ, შენობა-ნაგებობებთან მისასვლელი პირობები, შენობაში შესასვლელი პანდუსები ნორმების გათვალისწინებით, სველი წერტილები. ყველა სართულისათვის მოეწყოს სამგზავრო ლიფტი შშმპ-თვის“ – წერია პირობებში.

კონკურსში გამარჯვებულს დაპროექტებასთან ერთად ევალება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაც. სამომავლოდ, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებითა და შემდეგ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერით დაზუსტდება, რა თანხა იქნება საჭირო „ოცნების ქალაქში“ სკოლის ასაშენებლად. ტენდერით განისაზღვრება მშენებლობის დაწყება-დასრულებისთვის საჭირო ვადებიც.

კონკურსში წინადადებების მიღება 2026 წლის 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ / ფოტო „ბათუმელები“

 

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე დანიშნეს

ბათუმის მერის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე დანიშნეს. ის ბათუმის მერმა დღეს, 31 აგვისტოს, წარუდგინა თანამშრომლებს.

მერიის ინფორმაციით, ეთერ მაჭუტაძე განათლებით აგროეკოლოგი, აგრონომი და სატყეო ინჟინერია, არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი:

„წლების განმავლობაში მუშაობდა მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და ბათუმის ბულვარს“.

ეთერ მაჭუტაძე 2017 წელს, ბულვარის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს, მაშინაც, ზურაბ პატარაძე იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. პატარაძის აზერბაიჯანში ელჩად გადაყვანის შემდეგ კი, მაჭუტაძემაც დატოვა აღნიშნული თანამდებობა.

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

„ამჟამად, ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს უწყება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 488 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 316 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 25 255 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 48 883 ერთეული [+50]
  • MLRS – 2 079 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 597 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 490 402 ერთეული [+2 055]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 442 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 141 920 ერთეული [+467]
  • სპეცტექნიკა – 4 621 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 060 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დონეცკში ელენოვკას კოლონიის უფროსის მოადგილის მანქანა ააფეთქეს

რუსეთში დაპატიმრებულ პროფესორს ომში წასვლას აიძულებენ, ის წარმოშობით უკრაინელია – მედია

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთში დაპატიმრებულ პროფესორს ომში წასვლას აიძულებენ, ის წარმოშობით უკრაინელია – მედია

„რუსული არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდებით დაკავებულმა ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა და იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, რომან მელნიჩენკომ განაცხადა, რომ იზოლატორში მას უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლას აიძულებდნენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დევნილი მედია ავრცელებს.

53 წლის პროფესორმა ზეწოლის შესახებ ადვოკატ დმიტრი სოტნიკოვისთვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა. მელნიჩენკომ რეკრუტერს ომში წასვლაზე უარი იმით აუხსნა, რომ ეთნიკურად უკრაინელია. გარდა ამისა, მას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს – ერთ თვალში მინუს 10%, მეორეში კი მინუს 20%.

ადვოკატმა შეშფოთება გამოთქვა თავისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და წინასწარი დაკავების იზოლატორის დირექტორს შშმ პირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.

2022 წელს პროფესორი ანტისაომარი პოზიციის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის დევნას განიცდიდა, სასამართლოში დავობდა იუსტიციის სამინისტროსთან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გამო და ამაზე საჯაროდაც საუბრობდა.

მელნიჩენკოს დაკავების შესახებ ივლისის ბოლოს გახდა ცნობილი.

პროფესორი დააკავეს შეიარაღებული უწყებების თანამშრომლებმა, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით. ისინი იურისტის ბინაში შეიჭრნენ და სახით იატაკზე დააწვინეს.

პოლიციის ვერსიით, გასული წლის სექტემბერში პროფესორმა ინტერნეტში განათავსა „ვიდეომასალა, რომელიც შეიცავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ ინფორმაციას“. უცნობია, კონკრეტულად რომელ ჩანაწერებზეა საუბარი.

მელნიჩენკოს კომპიუტერი, მიკროფონები, ვებკამერა და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. პროფესორი ტელეგრამ-არხს მართავდა და ონლაინ ლექციებს ატარებდა.

1795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვების უფლება მიეცემა – გივი მიქანაძე

1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვების საშუალება მიეცემათ.

ინფორმაცია ამის შესახებ, დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის სპეციალური ბრიფინგის საშუალებით.

გივი მიქანაძის განმარტებით, ეს გამონაკლისი მხოლოდ 2026 წელს იქნება.

„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ.

სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ,“ – თქვა გივი მიქანაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვულმა ცენტრმა 25 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862  აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.

1795 აბიტურიენტი, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, ამ დრომდე სასწავლებლებს მიღმა იყვნენ დარჩენილი. ახალი გადაწყვეტილებით კი მათ სწავლის საშუალება ექნებათ.

ამავე თემაზე:

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – რეგისტრირებულია 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი

60 ჭრილობა დანით – ოზურგეთში სასტიკად მოკლული ქალი დაკრძალეს

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში, დღეს, 30 აგვისტოს, დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე. ქალი, რომელიც 28 აგვისტოს, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს ყაჩაღებმა.

ოჯახის ახლობლების თქმით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.

„მეზობლებთან უთქვამს 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო,“ – უთხრა „ბათუმელები“ ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა. მოკლულის ოჯახის ერთ-ერთ  წევრს, ეს ინფორმაცია საჯაროდაც აქვს გამოქვეყნებული.

მარგო ზოიძე ნასაკირალში, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა. მისი მეუღლე მთელი ზაფხული გომისმთაზე მუშაობდა, მკვლელობის ღამეს ქალი სახლში მარტო იყო.

„28 აგვისტოს, გვიან ღამე, ფანჯრიდან შევიდნენ თურმე ყაჩაღები. გაუგია მარგოს, როგორ ცდილობდნენ მეტალოპლასტმასის ფანჯრის შემტვრევას, ასე უცებ ხომ ვერ შეამტვრევდნენ და ტელეფონზე დარეკვა უცდია. ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია.

სამნი ყოფილან. მარგო წინააღმდეგობას უწევდა თურმე. ეუბნებოდა არ მაქვს ფული, არაფერს მოგცემთო. ერთი მარგოს იჭერდა, ორი სახლში ფულს ეძებდა. მარგოს უბრძოლია – ვინც იჭერდა იმისთვის სახე ჩამოუკაწრავს, ნიღაბი ჩამოუძვრია და უთქვია „გიცანი, გიცანი ვინც ხარ, წადით აქედან არ მაქვს ფულიო“.

სახელებსაც ამბობს თურმე ჩანაწერში.

დანით დაჩეხეს. 60 ჭრილობა ჰქონდა ქალს.

ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. ექიმს უთქვამს – „ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო“. მუცლის ზემოთ მთელი სხეული დაჩეხილი ჰქონდა თურმე მარგოს.

მეზობლებს იმ ღამეს გაუგიათ ხმაური. კართანაც მისულან – მარგო, მარგოო ეძახდნენ, მაგრამ ხმა არ გაუცია.

მეორე დღეს იპოვეს უკვე გარდაცვლილი და პოლიცია გამოიძახეს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით.

„ბათუმელებმა“ შსს-ს ჰკითხა, დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ბრალდებულები.

შსს-ს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები“.

შსს-ში ასევე არ დაგვიდასტურეს რაიმე ჩანაწერის არსებობა, რომელიც მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

ამავე თემაზე:

სოფელ ნასაკირალში 60-წლამდე ქალი მოკლეს

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა და აფეთქდა.

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

აფეთქების ტალღამ დააზიანა იქვე მდგომი სხვა ავტომობილები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

ბათუმის დინამო გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

ბათუმის დინამო სეზონის დარჩენილ საშინაო თამაშებზე დიდ გათამაშებას იწყებს. სტადიონზე მისულ ნებისმიერ ქომაგს შეუძლია ავტომობილი ან სხვა ფულადი პრიზები მოიგოს.

წესი უმარტივესია – ყოველი ბილეთი, რომელსაც ბათუმში თამაშზე დასასწრებად იყიდი, სეზონის ბოლოს შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.

დინამო ბათუმი:

„ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს. ყველა გამარჯვება თქვენი დამსახურებაცაა. ეს გათამაშება ჩვენი მადლობაა იმ ერთგულებისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობთ. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორ კროკოს, რომელმაც ეს იდეა რეალობად აქცია.“

კლუბში ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ქომაგების დაფასება და სტადიონზე კიდევ უფრო მაგარი მუხტის შექმნაა. მთავარ საჩუქარს და ფულად პრიზებს გუნდის გენერალური სპონსორი კროკო აფინანსებს.

ეს გათამაშება კროკოს ახალი კამპანიის, „შენი ხმის“ ნაწილია, რომელიც ზოგადად ქართველი ქომაგების მხარდაჭერას ემსახურება.

„ბათუმის ტრიბუნების ენერგია განსაკუთრებული რამაა – ფეხბურთს სწორედ ერთგული ქომაგი ქმნის. გვინდა, გუნდსა და გულშემატკივარს შორის კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ტრიბუნის ხმა ფეხბურთელებისთვის უდიდესი ძალაა და ჩვენი ახალი კამპანია „შენი ხმაც“ სწორედ ამიტომ დავიწყეთ ბათუმიდან. შევხვდებით სტადიონზე!“ – ნიკო ადეიშვილი, კროკოს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ნახე დეტალები ბმულზე: https://bit.ly/DinamoRaffle

დონეცკში ელენოვკას კოლონიის უფროსის მოადგილის მანქანა ააფეთქეს

29 აგვისტოს ღამეს, ოკუპირებულ დონეცკში ელენოვკის კოლონიის უფროსის პირველი მოადგილის, დიმიტრი ნეელოვის მანქანა აფეთქდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია წერს, რომ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებიდან მიიღეს.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ნეელოვის მდგომარეობა უცნობია.

2026 წლის გაზაფხულზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ დაუსწრებლად გამოუტანეს ნეელოვის წინააღმდეგ დადგენილება, რომ ის ბრალდებულია ომის დანაშაულებში. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ის მონაწილეობდა და მონაწილეობს უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წამებაში, ცემასა და დამცირებაში.

2022 წლის 29 ივლისის ღამეს, ელენოვკას კოლონიის ერთ-ერთ ყაზარმაში, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, აფეთქება მოხდა. მათ შორის იყვნენ აზოვსტალის დამცველებიც, რომლებიც მოლაპარაკებების შემდეგ რუსებს ტყვედ ჩაჰბარდნენ. მაშინ 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაშავდა.

რუსეთმა და უკრაინამ აფეთქებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექით.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
    ღამით: 7– 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 1-ელ და 2 სექტემბერს აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

5 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიისას

საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ავარიაში მოხვდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.

დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით ავტობუსში 43 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსული მედიის ცნობით, საავადმყოფოდან დაშავებული ხუთი ბავშვი უკვე გაწერეს, ხოლო ხუთი ისევ ჰოსპიტალიზებულია. აქედან ორი, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შემთხვევა სტავროპოლის მხარეში, სოფელ ინოზემცევოსთან, კავკაზის ფედერალური გზატკეცილის მესამე კილომეტრზე მოხდა.

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი „სეტრას“ მარკის ავტობუსი წინ მიმავალ „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა, გადაბრუნდა და თხრილში ჩავარდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მაშველები ბათუმში, ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ

მაშველები ბათუმში ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ.

ქალი წუხელ, 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.

მისი ძებნა-გადარჩენის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 486 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 311 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 248 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 48 833 ერთეული [+59]
  • MLRS – 2 072 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 594 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 488 347 ერთეული [+1 963]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 435 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 141 453 ერთეული [+394]
  • სპეცტექნიკა – 4 614 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 060 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბუჩაში რუსეთის საჰაერო თავდასხმას 37 ადამიანი ემსხვერპლა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“ოჯახები იხლიჩება, როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება” – შაბათის მარში თბილისში

დღეს, 29 აგვისტოს, თბილისში გაიმართა ტრადიციული “შაბათის მარში“, რომელიც ემიგრანტებს და ქვეყანაში ემიგრაციის პრობლემებს მიეძღვნა.

მარშის მონაწილეებმა მსვლელობა ავლაბრის მეტროსთან დაიწყეს და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ დაასრულეს.

მარშის მონაწილეთა თქმით, დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრაციაა.

„2012-2025 წლებში, ქვეყნიდან 1 005 800-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა, ხოლო უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ, თითქმის 300 000 შეადგინა.

ამ ციფრების უკან დაცარიელებული სოფლები და ქალაქებია. სახლები, სადაც აღარავინ ცხოვრობს.

ამ ციფრების უკან გახლეჩილი ოჯახებია – მშობლები, რომლებიც შვილების გაზრდას ვიდეოზარიდან ადევნებენ თვალს.

ქვეყნიდან მიდიან ახალგაზრდები – საქართველო კარგავს თავის მომავალს, ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის მთავარი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი უნდა იყვნენ.

ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო მხოლოდ ბორია ივანიშვილს ემსახურება“, – ნათქვამია მარშის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ რელიზში.

დღეს უწყვეტი პროტესტის 640-ე დღეა.

"ოჯახები იხლიჩება, როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება" - შაბათის მარში თბილისში

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის ამუშავებისა და ძველის დახურვის დრო ისევ უცნობია – რა ეტაპზეა პროექტი

ბათუმის ახალი ნაგავსაყარი პოლიგონის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 2021 წელს დასრულდა, თუმცა მისი ექსპლუატაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყარი. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება „ძველის“, ანუ ადლიის მოქმედი ნაგავსაყარის კონსერვაცია, სრული დახურვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლაურში ევროკომისიის დირექტივების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყარი პოლიგონი აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის I ფაზის ფარგლებში აშენდა, მიმდინარე ეტაპზე კი II ფაზის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის მეორე ფაზის სავარაუდო ბიუჯეტი კი, სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 67 მილიონი ევროა.

II ფაზა შემდეგ სამუშაოებს ითვალისწინებს:

  • სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას;
  • მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ტექნოლოგიის [MBT] დანერგვასა და შესაბამისი ობიექტის მშენებლობას;
  • გადამტვირთი სადგურის მშენებლობასა და ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეცტექნიკის შეძენას;
  • ბათუმსა და ქობულეთში კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების დახურვას და რეაბილიტაციას.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] წესებით, გამოცხადებულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევ ორეტაპიან საერთაშორისო ტენდერში ესპანურმა საერთაშორისო კომპანია IDOM-მა გაიმარჯვა, რომელსაც პროექტის მეორე ფაზის იმპლემენტაციის მხარდაჭერა დაევალა. ეს გულისხმობს ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის [MBT], გადამტვირთი სადგურისა და კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების დახურვის დეტალური დიზაინების, ასევე სამშენებლო სატენდერო დოკუმენტაციების მომზადებასა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელებას.

2025 წლის 18 დეკემბერს, EBRD-ის წესების თანახმად, მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების [MBT] ობიექტის მშენებლობის მიზნით, საერთაშორისო ორეტაპიანი ტენდერი გამოცხადდა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს EBRD-თან შეთანხმებით, ტენდერის მეორე ეტაპზე გადასავლის პროცედურები.

MBT-ის ტექნოლოგიის დანერგვა უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაგროვილი არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების დამუშავებას. ის ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ ცეცხლაურში მდებარე სანიტარული ნაგავსაყრელის მუშაობის ეფექტურობას და სიცოცხლისუნარიანობას.

აღსანიშნავია, რომ ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მუშაობა, მათი ინტეგრირებულად ექსპლუატაციის მიზნით, ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება.

პროექტის II ფაზის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმსა და ქობულეთში მდებარე, კანონმდებლობასთან შეუსაბამო, ნაგავსაყრელების დახურვა და რეაბილიტაცია. კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 2 ნაგავსაყრელის და ბათუმის ერთი ნაგავსაყრელის დახურვა.

ამ ეტაპზე საკონსულტაციო კომპანიის მიერ არსებული ნაგავსაყრელის დახურვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. დახურვის ღონისძიებები კი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დაიწყება“, – მოგვწერეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2026 წლის 25 აგვისტოს.

ნაგავსაყარი პოლიგონი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში

რაც შეეხება ნარჩენების შუალედურ გადამტვირთ სადგურს, ის ბათუმის სამრეწველო ზონაში უნდა ააშენონ. ამ სადგურის ფუნქცია ნარჩენების აქ დროებითი თავმოყრა იქნება, აქედან კი ნარჩენებს ცეცხლაურში გაიტანენ.

ამ თემაზე ვრცლად: ჭოროხთან ნაგავსაყარი გაუქმდება და ნაგვის გადამტვირთი სადგური აშენდება – ნარჩენები აჭარაში

„ამ ეტაპისთვის, დასრულებულია ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობის დეტალურ დიზაინზე მუშაობა და 2026 წლის ბოლოსთვის, დაგეგმილია სამშენებლო ტენდერის გამოცხადება“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

იმ ტერიტორიის გვერდით, სადაც გადამტვირთი სადგური შენდება, 12 843 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ღობავს ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაც“. ტერიტორიის შესაღობად „სანდასუფთავებას“ ტენდერი აქვს გამოცხადებული 328 721 ლარით.

„სანდასუფთავებაში“ გვითხრეს, რომ ტერიტორიის შემოღობვა უშუალოდ გადამტვირთ სადგურს არ უკავშირდება.

„ბათუმის განვითარებისა და გაფართოების გათვალისწინებით, შპს „სანდასუფთავებას“ მიწის ნაკვეთები გადმოეცა როგორც ბონი-გოროდოკის, ასევე სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე. აღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია სანდასუფთავების ოფისების, ავტოფარეხებისა და შესაბამისი საწყობების განთავსება. ინფრასტრუქტურის უბნების მიხედვით განაწილება ხელს შეუწყობს კონკრეტული ტერიტორიების შესაბამისი ლოკაციებიდან უფრო სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას“, – მოგვწერეს „სანდასუფთავებიდან“.

„სანდასუფთავება“ თავის მხრივ აცხადებს, რომ აუცილებელია „ახალ სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მიმდებარედ, სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმოს მოწყობა“. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ ადლიაში მდებარე ინსინერატორი გაუქმდეს.

ამ თემაზე ვრცლად: სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“

შენდება თუ არა ახალი ინსინერატორის შენობა ცეცხლაურში და რა ეტაპზეა, ამ დროისთვის ინფორმაცია არ გვაქვს.

ცეცხლაურში მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე სკრინინგის პროცედურა 2026 წლის 11 მარტს დასრულდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პოლიგონის ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ამ გადაწყვეტილებით „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ გარკვეული პირობების შესრულებაც დაევალა.

__

პოლიგონის ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე დეტალები, ასევე 2026 წლის იანვარში პროექტთან დაკავშირებით სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია, ნახეთ ამ ბმულზე:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

 

საქართველოში ლუდის მოხმარება რეკორდულ ნიშნულზე ავიდა – კვლევა

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა.

ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების შესახებ კვლევას თიბისი კაპიტალი აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, ერთის მხრივ შემცირდა ადგილობრივი ლუდის წარმოება, მეორეს მხრივ კი მზარდია ლუდის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე, რაც მწარმოებლების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.

„ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება,“- ნათქვამია კვლევაში.

ადგილობრივი ლუდის წარმოების შემცირებასთან ერთად, იზრდება იმპორტირებული ლუდის პოპულარობა ადგილობრივ მომხმარებელს შორის.

2025 წელს იმპორტირებული ლუდის წილმა ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა.

ლუდის მოხმარების სტატისტიკა 2020-2025 წყარო: TBC კაპიტალი

„საქართველოში ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1.0 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება – 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მილიონ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა,“ – ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.

ბათუმში წლინახევრის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან 1,5 წლის ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა დღეს, 29 აგვისტოს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

რომაული დღის აღსანიშნად 136 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ კომპლექსში „რომაული დღის“ ორგანიზებისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 136 600 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სწორედ ამ თანხაზეა გამოცხადებული ტენდერი, რომელიც 7 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიებას ორგანიზება უნდა გაუწიოს.

სატენდერო პირობების თანახმად, ანტიკური ხანის მხატვრული სანახაობის ორგანიზებისათვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა „გააცოცხლოს“ გონიოს ციხეში აღმოჩენილი ქანდაკებები.

კერძოდ, ოქროს ჭაბუკი, იუპიტერ დოლიჰენუსი და სერაპისი.

„გაცოცხლებულ, იგივე გაქვავებული ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სააგენტოს მიერ მიწოდებული ნიმუშების შესაბამისი ვიზუალი, კოსტუმები, გრიმი და ვარცხნილობა. ქანდაკებები უნდა განთავსდნენ სპეციალურ  განათებულ პოდიუმზე,“ – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ასევე ნიმუშების მიხედვით უნდა გააცოცხლონ ფრესკები, რაც გულისხმობს ერთ ან ორ კოსტუმირებულ პერსონაჟს.

გაცოცხლებული ქანდაკებების და ფრესკების პერფორმანსის ხანგრძლივობა ორ საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქორეოგრაფიული სპექტაკლის დადგმა, ასევე უნდა დაამზადოს ბუტაფორიული ცხენი და მოაწყოს ცეცხლოვანი შოუ.

რომაული ფესტივალის გამართვა გონიოს ციხეზე ტრადიციად იქცა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, 2026 წელს ფესტივალი 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე შუალედში ჩატარდება, რომელიმე მზიან დღეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 485 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 310 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 241 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 48 774 ერთეული [+25]
  • MLRS – 2 070 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 593 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 486 384 ერთეული [+1 360]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 429 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 141 059 ერთეული [+318]
  • სპეცტექნიკა – 4 608 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 060 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეს სიველურეა“ – რა დაგიჯდებათ პლაჟზე სრულად გაშიშვლება საქართველოში

2026 წლის ზაფხულს აჭარაში, შავი ზღვის საკურორტო სანაპიროებზე მინიმუმ სამი შემთხვევა მოხდა, როდესაც სლავური წარმოშობის კაცები პლაჟზე სრულად გაშიშვლდნენ და ამან კონფლიქტი გამოიწვია.

ერთ შემთხვევაში პლაჟზე მყოფმა ქალმა აიძულა კაცს ჩაცმა პოლიციის გამოძახების მუქარით, მეორე შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს, მესამე შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა გონიოში.

კაცს, რომელიც პლაჟზე სველი საცურაო კოსტუმის გამოცვლისას გაშიშვლდა, გონიოელმა მოზარდებმა – ბიჭებმა ჯერ სიტყვიერად აგინეს, შემდეგ კი მის მანქანას ქვები დაუშინეს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში რუსულენოვანი მომხმარებლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

„ეს რა სიველურეა“, „ჯოგი“ – წერდნენ ვიდეოს კომენტარებში.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლაჟზე გაშიშვლება ძუძუთი კვებას შეადარა „პლაჟზე ტანსაცმლის გამოცვლა – ქვის სროლა, ძუძუთი კვება საჯარო ადგილას – რა გმირობაა“, – დაწერა ირონიულად მან.

ასევე კომენტარების ნაწილი შეეხებოდა აჭარის რეგიონის თავისებურებას, წერდნენ, რომ აჭარა მუსლიმური რეგიონია, ღრმად კონსერვატორული და ამიტომაა მძაფრი რეაქცია პლაჟზე სრულად გაშიშვლებაზე.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, სინამდვილეში, რატომაა მიუღებელი პლაჟზე სრულად გაშიშვლება, როგორია საქართველოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით და როგორია საზოგადოებაში დამკვიდრებული დაუწერელი წესები საჯარო ადგილებში მოქცევის შესახებ.

საქართველოში პლაჟზე სრულად გაშიშვლება დასჯადია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.

კერძოდ, საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობა, რომელიც იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – იქნება ეს სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება ან საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

მსგავსი საქციელისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100-დან 200 ლარამდეა.

ოფიციალურად, საქართველოში ნუდისტური პლაჟი არ გვაქვს.

შესაბამისად, კანონმდებლობითაა განსაზღვრული, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე შავიზღვისპირეთის პლაჟებზე.

მამაკაცი პლაჟზე შიშვლად ირუჯებოდა, რის გამოც მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა

რატომ არის სიშიშვლე მისაღები კერძო სივრცეში, ნუდისტურ პლაჟზე, მაგრამ მიუღებელი ქალაქის ჩვეულებრივ პლაჟზე – ვკითხეთ ანთროპოლოგ თამთა ხალვაშს.

„პლაჟი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საჯარო სივრცეა, რადგან აქ სხეულის გამოჩენის ჩვეულებრივი საზღვრები ფართოვდება, მაგრამ მთლიანად არ ქრება.

არსებობს დაუწერელი წესები იმის შესახებ, რამდენად შეიძლება გაშიშვლება, რამდენად ახლოს ვიმყოფებით ერთმანეთთან და რა ითვლება მისაღებად.

ნუდისტური პლაჟების არსებობაც სწორედ ამას გვაჩვენებს, სიშიშვლეს დაუშვებლად რომელიმე რელიგია ან კულტურა კი არ აქცევს, არამედ კონკრეტული სივრცე და იქ არსებული სოციალური შეთანხმება, რომელიც კონტექსტზეა დამოკიდებული,“ – უთხრა თამთა ხალვაშმა „ბათუმელებს“.

მას რუსუელნოვან ტელეგრამ არხებზე მიმდინარე დისკუსიის შესახებაც ვკითხეთ, სადაც სიშიშვლის მიუღებლობას რელიგიური კონსერვატიზმით ან „ნაკლებ განვითარებულობით“ ხსნიან.

„ეს დისკუსია რუსულ ტელეგრამ არხებზე ძალიან ჰგავს კავკასიის შესახებ არსებულ რუსულ კოლონიურ წარმოდგენებს.

ეს წარმოდგენა ყოველთვის ასეთი იყო, რომ რუსეთის იმპერია კავკასიას უფრო ჩამორჩენილ სივრცედ წარმოაჩენდა და მას ძირითადად, „აღმოსავლურ“, „მუსლიმურ“, ან „ტრადიციულ“ ადგილად მონიშნავდა, ხოლო რუსეთს უფრო „ცივილიზებულად“, „განვითარებულად“ და „უნივერსალურად“.

თუ ამ იმპერიულ დაყოფას მივუსადაგებთ რუსულ ტელეგრამ არხების დისკუსიას, გამოდის, რომ ამ ლოგიკით, თითქოს არსებობს უფრო განვითარებული, თანამედროვე საზოგადოებები, რომლებმაც შიშველი სხეულის სირცხვილი უკვე „გადალახეს“ და უფრო ტრადიციული საზოგადოებები, სადაც ადამიანს შიშველი სხეულის ჯერ კიდევ რცხვენია, რადგან მას ისლამი, ქრისტიანული კონსერვატიზმი ან ტრადიცია ზღუდავს. ანუ სიშიშვლის მიმართ უსირცხვილო დამოკიდებულება ცივილიზებულობის ნიშანია ამ დისკუსიის მიხედვით, მოკრძალება და უხერხულობა კი, ჩამორჩენილობა.

ასეთია კოლონიური მზერის ლოგიკა. მაგრამ ცხადია, ეს ლოგიკა საფუძველშივე მცდარია.

პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არსებობს რაღაც უნივერსალური, „გათავისუფლებული“ სხეული, რომელმაც კულტურული თუ რელიგიური შეზღუდვები გადალახა. სხეული ყოველთვის სოციალური სხეულია და სიშიშვლის აღქმა ისეთ საზოგადოებებშიც კი, სადაც სიშიშვლე დასაშვებია საჯარო სივრცეში, ყოველთვის კონტექსტზეა დამოკიდებული.

რუსულ ბანიაში ან ნუდისტურ პლიაჟზე სრული სიშიშვლე შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში შიშველი სხეული ნებისმიერ საჯარო სივრცეში ერთნაირად მისაღებია,“ – ამბობს თამთა ხალვაში.

  • როგორია ევროპული პლაჟების პრაქტიკა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება კვიპროსში დასვენებაა.

კვიპროსის პლაჟებზე სიშიშვლე კანონიერად დაშვებულად არ ითვლება. ასევე, არ არსებობს ოფიციალური ნუდისტური პლაჟები.

კიდევ ერთი პოპულარული მიმართულებაა ესპანეთი. ესპანეთში სამოქალაქო, საჯარო პლაჟების გარდა არსებობს ნუდისტური პლაჟებიც.

მაგრამ არანუდისტურ პლაჟებზე ქცევის წესებს განსაზღვრავს ცალკეული მუნიციპალიტეტი.

იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალიტეტის წესებით საჯარო სივრცეში სიშიშვლე აკრძალულია, დამრღვევი პირი შესაძლოა დაჯარიმდეს.

მაგალითად, ბარსელონაში მოქმედებს საჯარო სივრცეში თანაცხოვრების წესები, რომელი წესების დაცვაც სავალდებულოა.

2026 წლის 15 თებერვლიდან ბარსელონას მუნიციპალიტეტმა აკრძალა ქუჩაში წელზემოთ შიშველი სიარული. თუ საჯარო სივრცეში პირი ტორსის დაუფარავად გაივლის, მას შესაძლოა 120 ევროდან 300 ევრომდე ჯარიმა დაეკისროს.

რაც შეეხება იტალიას. იტალიაშიც, ესპანეთის მსგავსად არსებობს ნუდისტური პლაჟები და იქ შიშვლად ყოფნა დაშვებულია.

მაგრამ საჯარო, არანუდისტურ პლაჟებზე სრული სიშიშვლე შეიძლება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ჩაითვალოს.

გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის ზღვისპირა ქალაქების უმეტესობა ტურისტულად დატვირთულია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად ცდილობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

იტალიის ჩრდილოეთში, კომოს ტბის ნაპირას მდებარე მეთევზეთა სოფელ ვარენას მერიამ იმ ტურისტებისთვის, ვინც სოფლის ქუჩებში წელსზემოთ შიშველი, ან პლაჟისათვის განკუთვნილი ჩაცმულობით გაივლის, 200 ევრომდე ჯარიმა დააწესა.

მეუღლე მყავს უცხოელი, მისცემენ საქართველოში ბინადრობის უფლებას? – ახალი კანონი სექტემბრიდან

საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მიღების ახალი წესები ამოქმედდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.

ახალი კანონმდებლობით, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე.

მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრება ან დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

ასევე განისაზღვრა, საქართველოს მოქალაქის უცხოელ მეუღლესთან გასაუბრების წესი, ოჯახური კავშირის და ოჯახის ნამდვილობის დადგენის მიზნით.

ეს დადგენილებაც 2026 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ბრძანების მიხედვით, ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით მიიღებს.

„ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისია შესაძლოა, შეიკრიბოს ყოველ სამუშაო დღეს, საჭიროებისამებრ“, – წერია ბრძანებაში, რომელიც 26 აგვისტოთი თარიღდება.

  • ქორწინებაში მყოფი პირები საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად ვალდებული არიან:

შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდნენ კომისიაში გასაუბრებაზე;

კომისიას მისცენ ახსნა-განმარტება;

კომისიას წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება და დოკუმენტი.

კომისია უფლებამოსილია, ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს გაესაუბროს ერთად ან ცალ-ცალკე. კომისია უფლებამოსილია, განმეორებით ჩაატაროს გასაუბრება ერთად ან ცალ-ცალკე.

ამ ბრძანების მიხედვით კომისია, ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს გასაუბრებაზე იბარებს ოქმის საფუძველზე, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. გასაუბრებაზე დაბარების ოქმი ჩაბარებულად ითვლება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

ქორწინებაში მყოფ პირებთან გასაუბრების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ყველა დამსწრე პირი.

დამსწრე პირის მიერ გასაუბრების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, რომელშიც განიმარტება ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.

  • ბინადრობის ნებართვის საფუძვლების შემოწმება

კომისია უფლებამოსილია, ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით, მოისმინოს ახსნა-განმარტებები და შეაფასოს ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

კომისიას უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.

კომისიის მიერ საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმში უნდა აისახოს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენისათვის.

საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების ოქმს შესაძლებელია, დაერთოს ფოტო- ან/და ვიდეომასალა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს ადგილზე დათვალიერებულ გარემოებებს.

თუ განმცხადებელი არ თანამშრომლობს კომისიასთან და კომისიის წევრებს არ აძლევს შესაძლებლობას, ადგილზე გადაამოწმონ ინფორმაცია, აღნიშნულის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი.

  • საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებას სააგენტო განიხილავს 90 კალენდარული დღის ვადაში.

ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დაუდგენლობის თაობაზე, თუ საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფი პირები რაიმე ფორმით არ თანამშრომლობენ კომისიასთან ან დათქმულ ვადაში არ გამოცხადდებიან კომისიაში გასაუბრებაზე, კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია.

„აღნიშნულის თაობაზე შეადგენს შესაბამის ოქმს და მიგრაციის საკითხთა სამმართველოს მეშვეობით, შესაბამის საქმის მასალებს, საქართველოს შესაბამისი მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უგზავნის საგამოძიებო ორგანოს, ხოლო ასლს საქართველოს პროკურატურას“, – წერია ბრძანებაში.

საქართველოში ბინადრობის უფლება ასევე გაიცემა უცხოელებზე, რომლებმაც მიიღეს შრომითი საქმიანობის უფლება, ასევე სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში.

  • უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან:

მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.

  • უვადო ბინადრობის უფლება

ამ ტიპის ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელიც 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ქვეყანაში.

აჭარაში ყველაზე მეტი სასტუმროა, მეორე ადგილზე თბილისია – საქსტატი

საქართველოში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება 2025 წელს აჭარაში ფუნქციონირებდა [საერთო რაოდენობის 21.3 პროცენტი], ხოლო მეორე ადგილზე თბილისი იყო [20.9 პროცენტი]. შესაბამისად, 592 და 583 დაწესებულება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, ამავე წელს ქვეყანაში სულ სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას [ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით]. აღნიშნული მაჩვენებელი 4.5 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით.

წყარო: საქსტატი

აჭარა პირველ ადგილზეა ასევე სასტუმროს ნომრებისა და ადგილების რაოდენობითაც. საქსტატის მონაცემებით, აჭარაში ადგილების რაოდენობა 40 ათასამდეა, ხოლო თბილისში – 30 ათასი.

მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი, 2025 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 6 პროცენტით მეტია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით, 6.1 პროცენტითაა გაზრდილი ნომრების საერთო რაოდენობაც და ჯამში 54.3 ათასი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

„სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისთვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5 პროცენტს. ამასთან, შპს იყო – 33,3 პროცენტი, ხოლო სააქციო საზოგადოება 0,5 პროცენტი“, – წერს საქსტატი.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაში.

2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, სტუმართა 62.7 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი [სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3 პროცენტი] ისრაელის მოქალაქე იყო. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეები, ხოლო მესამეზე – თურქეთის.

ამავე მონაცემებით 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს მნიშვნელოვნად იყო შემცირებული საუდის არაბეთის მოქალაქეების რაოდენობა.

წყარო: საქსტატი

„სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ [შესაბამისად, 14.7 და 12.9 პროცენტი].

2025 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 101 ადამიანი, რომელთა უმეტესობა [54.5 პროცენტი] ქალია“, – წერს საქსტატი.

___

ამავე თემაზე:

„ნაკლებად მირეკავენ, ალბათ ამინდების ბრალია“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბინა და სასტუმრო ბათუმში

 

 

არ იქნება აღიარებული არააკრედიტირებული უნივერსიტეტების დიპლომები – ხარისხის ეროვნული ცენტრი

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს, რომლებიც საქართველოში არააკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ, არ უღიარდებათ დიპლომები.

„სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებზე აქტიურად ვრცელდება შეთავაზებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები.

შესაბამისად „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინაში ან სომხეთში მდებარე უნივერსიტეტებში სრულად დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს სრულად დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას.

შესაბამისად, მსგავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლება და დიპლომები ცენტრის მიერ არ იქნება აღიარებული“-აცხადებს ხარისხის ცენტრი.

საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი იხილეთ აქ:

სოფელ ნასაკირალში 60-წლამდე ქალი მოკლეს

დღეს, 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს.

ნასაკირალში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მსხვერპლი ქალი დაახლოებით 60 წლისაა და სახლში მარტო იყო. „ნამდვილად მკვლელობაა. იძიებენ, სხვა ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრეს სოფელში.

როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით, უცნობია არის თუ არა ამ საქმეში ვინმე ბრალდებული და დაკავებულია თუ არა ის.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

ბინის გაქურდვის მცდელობისთვის ბათუმში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა სცადა, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი ფოტო: შსს

ყაველაშვილმა რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სინდისის პატიმრები შეიწყალა.

ამის შესახებ 27 აგვისტოს, გვიან ღამით გახდა ცნობილი.

დადასტურებული ინფორმაციით, შეწყალებულები არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს:

  • დავით ხომერიკი
  • საბა ჯიქია
  • ფრიდონ ბუბუტეიშვილი

საბა ჯიქია 20 წლისაა და მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მუსიკოსი დავით ხომერიკი 26 წლისაა და მას 4,5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი 20 წლისაა და 2025 წლის იანვარში 5 წელი მიუსაჯეს.

შეწყალებულები არიან დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები:

  • გურამ ხუტაშვილი
  • დანიელ მუმლაძე

გურამი 26 წლისაა, დანიელი კი 23 წლის. მათ 3-3 წლით ჰქონდათ პატიმრობა მისჯილი.

შეწყალებულთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები:

  • სიმონ მახარაძე
  • თორნიკე მჭედლიშვილი
  • ავთანდილ თოფჩიშვილი

სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული და სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი ჰქონდა მისჯილი.

თორნიკე მჭედლიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი – მას ედავებოდნენ ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ავთანდილ თოფჩიშვილს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული და ერთი წელი უნდა ყოფილიყო პატიმრობაში, 3 წელი კი პირობითი მსჯავრი ექნებოდა. პროკურატურა მასაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა ელვა-ჭექით.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
    ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20  – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 30 და 31 აგვისტოს აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 483 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 630. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 307 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 237 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 48 749 ერთეული [+55]
  • MLRS – 2 067 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 593 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 485 024 ერთეული [+1 657]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 420 ერთეული [+16]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 140 741 ერთეული [+493]
  • სპეცტექნიკა – 4 604 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 060 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში რესტორნის მფლობელს ცხოველებზე ძალადობაში ადანაშაულებენ – იგი ბრალდებას უარყოფს

ბათუმში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს მიუსაფარი ძაღლების მოწამვლასა და ცემაში ადანაშაულებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი მიუსაფარ ცხოველს ქვას ესვრის.

შსს-მ ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მოქალაქეებმა კი „ბათუმელებს“ მომართეს და ფაქტის გაშუქება სთხოვეს.

„გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რესტორან Sea View-ის მფლობელის მიერ ძაღლების მასობრივი მოწამვლის შესახებ.

მოხალისეები თავად არიან მოწმეები, ბევრმა ადამიანმა ნახა, როგორ ყრიდა ის მოწამლულ საკვებს რესტორნის გარშემო. სამწუხაროდ, არ გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის შხამს ყრის, მაგრამ გვაქვს სხვა ვიდეოები, სხვადასხვა წლიდან, სადაც ჩანს ძაღლების ცემა და ქვების სროლა,“ – მოგვწერა მოქალაქემ.

ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ რესტორნის მეპატრონე, წლებია, სისტემატურად ძალადობს ცხოველებზე და საჭიროა შესაბამისმა ორგანოებმა ეს ფაქტი გამოიძიონ.

  • რა ჩანს ვიდეოებზე

რესტორანი Sea View ბათუმის ახალ ბულვარში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მდებარეობს.

კადრებში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს უცნობი კაცი, რომელიც მისდევს ძაღლს ქვით ხელში. ასევე, მოქალაქეებმა მოგვაწოდეს უშუალოდ რესტორნის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის მოწყობილი თავშესაფარი დანგრეულია, ხოლო ამ დანგრეული თავშესაფრის ახლოს დგას ქალი.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი ქვას ესვრის ბულვარში მყოფ მიუსაფარ ძაღლს.

ვიდეოები სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით, მოქალაქეებმა უშუალოდ რესტორნის გვერდზე, ფეისბუქზე, კომენტარების სექციაში დაიწყეს ამ ვიდეოების ატვირთვა და კითხვების დასმა რესტორნის მენეჯმენტისადმი – რატომ ექცეოდნენ ასე ცხოველებს.

  • რას ამბობს რესტორნის მფლობელი

ქალი, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში ქვას ისვრის ძაღლის მიმართულებით, რესტორანი Sea View-ის მფლობელი, ოლესია ზუსკოა.

მან „ბათუმელებთან“ ინტერვიუში დაადასტურა კადრების ნამდვილობა, თუმცა გვითხრა, რომ ეს კადრები დამონტაჟებულია და არ იძლევა სრული სურათის აღქმის საშუალებას.

„ამ კადრებში ნამდვილად მე ვჩანვარ, მაგრამ ვიდეო დამონტაჟებულია“, – ამბობს ოლესია ზუსკო „ბათუმელებთან“ და ამ ვიდეოს გადაღების წინა ისტორიის საკუთარ ვერსიას გვიყვება.

მისი თქმით, ვიდეო გადაღებულია 4 წლის წინ, იმ პერიოდში, როდესაც რესტორანი გახსნეს.

„ერთი ქალია, რომელიც ძაღლებს პირდაპირ ჩვენი რესტორნის შესასვლელ კართან უყრიდა ხოლმე საჭმელს. ამის გამო რესტორნის შესასვლელში უამრავი ძაღლი იკრიბებოდა. არაერთხელ ვთხოვე, რომ ძაღლები არა რესტორნის შესასვლელთან, არამედ იქვე, პარკში გამოეკვება, თუმცა არ გაითვალისწინა.

იმ დღეს, როცა ვიდეოა გადაღებული, ჩემს რესტორანში მივედი. ხელში ჩემი 6 თვის შვილი მეჭირა. დაახლოებით 15-17 ძაღლი იყო რესტორნის წინ შეკრებილი. ეს ძაღლები ჩამწკრივდნენ და ჩემსკენ წამოვიდნენ ყეფა-ყეფით. ხელში ბავშვი მყავდა, რომელიც ტიროდა, ძაღლები მიყეფდნენ. მე ვყვიროდი – „მიშველეთ, მიშველეთ“, ბავშვით უკან დახევა დავიწყე და ვცდილობდი რამე გამეკეთებინა. თუ გნებავთ ექიმის ცნობასაც გამოგიგზავნით, იმ დღის შემდეგ ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

ძალიან გიჟური სიტუაცია იყო. მაშინ როცა მე ვყვიროდი – „მიშველეთ“, ზოგიერთი ადამიანი იდგა და ვიდეოს მიღებდა. ის, რა ვიდეოც გავრცელდა, არ არის სრული, დამონტაჟებულია. გადაღებულია მას შემდეგ, რაც ატირებული ბავშვი დავსვი და ძაღლების მოგერიება დავიწყე. ვუყვიროდი ძაღლებს – „წადით, აქედან“, რადგან შოკში ვიყავი. ქვა რომ ავიღე, ეს მხოლოდ იმისთვის იყო, რომ ძაღლი შეშინებულიყო. არ ჩამირტყამს…

მე ბელარუსიდან ვარ. ბევრ ძაღლს დავეხმარე ახალი ოჯახის პოვნაში, კანადაშიც კი გამიგზავნია ძაღლი, როცა იქ ოჯახი ვუპოვე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოლესია ზუსკომ.

ის კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას,რომ თითქოს მან რომელიმე ძაღლს მოწამლული საკვები დაუყარა.

„ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მაბრალებენ, რომ ძაღლი მოვწამლე.

ბათუმში ძაღლებთან დაკავშირებით მართლა გიჟური სიტუაციაა, მაგრამ არასდროს, არაფერი ცუდი არ გამიკეთებია ძაღლებისთვის.

უბრალოდ არ გვინდა ეს ძაღლები რესტორანში. ცხელი ამინდია გარეთ, ხანდახან წყალს ვასხამთ, საბავშვო წყლის თოფით, რომ წავიდნენ, რადგან ძაღლს რომ ეტყვი -„წადი, გთხოვ“, ის არ მიდის.

ხანდახან, როცა ტერასაზე დადიხარ და ბნელა, შეიძლება ძაღლს ფეხი დაადგა. მაგალითად, ერთმა ჩემმა მიმტანმა, როცა მაგიდის შეკვეთას იღებდა, ვერ დაინახა და ძაღლს კუდზე დაადგა ფეხი. ძაღლმა უკბინა. ისევ პოლიცია გამოვიძახეთ, მიმტანს ვაქცინის გაკეთება დასჭირდა,“ – ამბობს ოლესია ზუსკო.

ოლესია ზუსკოს თქმით, მან 26 აგვისტოს საჩივარი შეიტანა პოლიციაში ცრუ დასმენის გამო. მისი თქმით, იგი „უჩივის ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“.

რესტორნის მეპატრონე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში 4 წლის წინ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

  • რას ამბობს შსს

ბოლო რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში, ტელეგრამის არხებზე რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც რესტორან Sea View-ის მფლობელს მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ვიდეოების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო – ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა.

მიუხედავად იმისა, რომ რესტორნის მეპატრონე ცრუ დასმენის ბრალდებით პოლიციაში ჩივის, ცხოველთა უფლებების დამცველები საპროტესტო აქციის მოწყობას აანონსებენ რესტორნის წინ.

 

ბათუმს სხვადასხვა სახეობის 1 მლნ მტაცებელი გადაუფრენს – რა ელით მათ, თუ „ზურმუხტის ქსელის“ ზონაში კორპუსები აშენდება

ბათუმში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე დაიწყო, რომელიც 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს ის პერიოდია, როცა ფრინველები გამოსაზამთრებლად ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ. ამ პერიოდში ბათუმს სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველიც გადაუფრენს.

ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას. ფესტივალი კი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამაშიც – „ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება“ – ჩამოთვლილია შემდეგი ღონისძიებები: „ზაფხულის ფესტივალი, განდაგანა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, სოფლის ტურიზმის კონფერენცია, მოლაშქრეთა ფესტივალი“, ხოლო თითოეული ამ ღონისძიებისთვის გათვალისწინებულია 420 ათასი ლარი, ანუ ჯამში გაწერილია 2 მილიონ 100 ათასი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებულია „გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ღონისძიებას ფესტივალის სახე წელს არ ექნება.

„ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი წელს სხვა ფორმატით ჩატარდება, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში. დაგეგმილია ვორქშოპისა და სამუშაო ტიპის შეხვედრები და საველე გასვლები ფრინველებზე დამკვირვებლებსა და ეკოტურისტებთან.

ფრინველებზე დაკვირვების პერიოდში [15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე] ტრადიციულად მიმდინარეობს ფრინველებზე დაკვირვება სადამკვირვებლო პლატფორმებზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ფრინველების მიგრაციას დააკვირდეს“, – მოგვწერეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან.

რატომ ჩატარდება სხვა ფორმატით და რატომ არ ექნება ფესტივალის სახე? – ამ კითხვაზე პასუხს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში არ პასუხობენ.

რაც შეეხება სადამკვირვებლო პლატფორმებს და ადგილებს, დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრინველებზე დაკვირვება მიმდინარეობს ტრადიციულად ჩაქვში, სახალვაშოსა და ჩაისუბნის პლატფორმებზე.

„ოფიციალურად სადამკვირვებლო პლატფორმები მოწყობილია სახალვაშოსა და ჩაისუბანში, თუმცა ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია ისპანის ტორფნარზე, მტირალას ეროვნულ პარკში და ჭოროხის დელტაზე“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

საინფორმაციო დაფა ჭოროხის დელტაში / ფოტო „ბათუმელების“ 2016 წლის არქივიდან

რაც შეეხება ჭოროხის დელტას, ეს ადგილი გადამფრენი ფრინველებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი უმეტესობა სწორედ აქ ისვენებს. ჭოროხის დელტა მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე სამიგრაციო ძაბრის. ეს ტერიტორია მოქცეულია „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშიც, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს და მას ბერნის კონვენცია იცავს.

„ზურმუხტის ქსელის“ დაცვის ვალდებულება აქვს საქართველოსაც, თუმცა, ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი.

დიდია იმის ალბათობა, რომ დაცულ თუ გადაშენების პირას მყოფ ფრინველთა არაერთ სახეობას, ჭოროხის დელტაში პრობლემები შეექმნას. გადამფრენ ფრინველებს კი – დასვენების საფრთხეც. დასვენების ადგილები, გადამფრენი ფრინველებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

საქმე ისაა, რომ ჭოროხის დელტაში, „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია მოქცეული გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მნიშვნელოვანი ტერიტორიაც, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ უკვე გადასცა არაბულ-ქართულ კომპანიას უზუფრუქტით.

რას ითვალისწინებს „ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებული „არაბული ინვესტიცია“ ჭოროხის დელტაში და რა გავლენა ექნება მას გარემოზე [მათ შორის ზურმუხტის ქსელზე, სამიგრაციო ძაბრზე] ფაქტობრივად არავინ იცის.

„ოცნების“ მთავრობას ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ მიერვე დაანონსებულ პროექტზე, ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს [არაბულ კომპანიასთან, ასევე უზუფრუქტით მიწის გადაცემაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და სხვა].

ვრცლად: გაასაიდუმლოვეს გონიოში 258,8 ჰექტარი მიწის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც

ამ ყველაფრის ფონზე კი, ბათუმის მერია უკვე წლებია მუშაობს ბათუმის განვითარების გეგმაზე [გენგეგმა], რომლის პროექტშიც არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჭოროხის დელტა და მასთან ერთად ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული.

თუმცა, გენგეგმის პროექტში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ჭოროხის მიმდებარე არეალებზე, რომლებიც დაცულია ბერნის კონვენციით, და, ასევე, ლანდშაფტურ ტერიტორიებზე, რომელთა კონსერვაცია აუცილებელია.

„აქ ერთდროულად იკვეთება ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ეკოლოგიური სენსიტიურობის გამოწვევები, რაც საჭიროებს დაგეგმვის დაბალანსებულ მიდგომას“, – წერია გენგეგმის პროექტში.

ამ თემაზე: რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

რა წერია გენგეგმის პროექტში და განსაკუთრებით ამ გენგეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტში, რომლის საჯარო განხილვაც, კანონით მერიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უახლოეს პერიოდში უნდა გამართოს? – ამ დოკუმენტების მიხედვით:

„ჭოროხის დელტაში დასაცავი სახეობებია: ქარიშხალა, ველის პრანწია, შავფრთიანი მერცხალა, წყალმცურავი ფრინველები და ზღვის ფრინველები.

ჭოროხის დელტას ზამთარში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე დასვენებისა და კვებისთვის ათასობით მიგრანტი და მოზამთრე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მნიშვნელოვანი სამიგრაციო ადგილია ველის პრანწიასა და შავფრთიანი მერცხალასათვის. IUCN-ის [ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის] საერთაშორისო წითელ ნუსხაში ქარიშხალა შეტანილია, როგორც – მოწყვლადი; ველის პრანწია – კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი; შავფრთიანი მერცხალა – საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაფიქსირებული 400-ზე მეტი სახეობიდან, ჭოროხის დელტას ტერიტორიაზე 301 სახეობაა დაფიქსირებული [ყველა მათგანი გენგეგმის სგშ-ში ჩამოთვლილია]. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჭოროხის დელტის მნიშვნელობას და მისი მკაცრი დაცვის აუცილებლობას.“

სგშ-ში ცალკეა გამოყოფილი ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია, რომელიც ზღვის დონიდან 20 -1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. „ამ ტერიტორიაზე კოლხური ტყის ფრაგმენტები გვხვდება… დასაცავი სახეობებიდან აღსანიშნავია გადამფრენი მტაცებელი ფრინველები.

ბათუმს ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მათ შორის არიან ისეთები, რომელთაც IUCN-ისა და საქართველოს წითელი ნუსხის კონსერვაციული სტატუსი გააჩნიათ.“

ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ორნითოლოგიური თვალსაზრისით ბათუმი და, ზოგადად, აჭარის რეგიონი გამორჩეულია. საკვლევ არეალში მდებარეობს ეგრეთ წოდებული „ბათუმის ძაბრი“, სადაც სეზონურად სხვადასხვა სახეობის მილიონობით ფრინველი იყრის თავს.

გარდა ამისა, საკვლევ არეალში მოქცეულია ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები და ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული უბნები. აღნიშნული ტერიტორიები საერთაშორისო კონსერვაციული მნიშვნელობისა და სტატუსის მქონე ტერიტორიებს წარმოადგენს, რომლებიც „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების შესახებ“ კონვენციით [ბერნის კონვენცია] არიან დაცული“.

ამასთან, „1992 წლის 21 მაისს ევროსაბჭომ მიიღო დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის შესახებ. დირექტივა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვას ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური სახეობების კონსერვაციის გზით. დირექტივა მოითხოვს მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების აღდგენას ან, თუ ისინი არ საჭიროებენ აღდგენას, მათი სახარბიელო კონსერვაციული სტატუსის შენარჩუნებას.

შესაბამისად, დირექტივაზე დაყრდნობით ევროკავშირის ქვეყნებში შექმნილია „ზურმუხტის ქსელის“ ანალოგიური ეკოლოგიური ქსელი „ნატურა 2000“. რამდენადაც ბერნის კონვენციის გეოგრაფია სცდება ევროკავშირის ფარგლებს, „ნატურა 2000“ განიხილება „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილად. ეს ორი ქსელი სრულად თავსებადია ერთმანეთთან.

როგორც უკვე აღინიშნა საკვლევ არეალში მოქცეულია საერთაშორისო მნიშვნელობის, ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული უბანი „ჭოროხის დელტა GE0000054“. ამ საიტის ნომინირების [ერთ-ერთი] საფუძველია 87 სახეობის ფრინველი, 2 სახეობის ძუძუმწოვარი და 1 სახეობის მცენარე.

ჭოროხის დელტა „სამიგრაციო ძაბრის“ ნაწილია, რომელიც გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს მექსიკისა და ისრაელის შემდეგ. ამჟამად ჭოროხის დელტა ძლიერ ანთროპოგენურ ზეწოლას განიცდის…

არსებული ჰაბიტატებისა და სახეობების დასაცავად ზურმუხტის ქსელის აღნიშნულ უბნის საზღვრებიდან უნდა შეიქმნას ერთგვარი ბუფერული ზონა, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ ისეთი საქმიანობების განხორციელება, რაც უბნის საკონსერვაციო სტატუსზე უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს.

ამასთან, ბერნის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად ყველა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიას უნდა ჰქონდეს მართვის გეგმა.“

აღსანიშნავია, რომ ასეთი გეგმა ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ მიერ მომზადებულია, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო ამ გეგმას არ ამტკიცებს და აცხადებს, რომ მის ასამოქმედებლად ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონს ელოდება. ამ დრომდე არც ეს კანონია მიღებული.

„საიტის მართვის გეგმის შემუშავება ხელს შეუწყობს საკონსერვაციო სტატუსის მქონე ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვას და საიტის პოტენციალის სწორ გამოყენებას.“ – წერია ბათუმის გენგეგმის პროექტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს „ბუნებრივი ლანდშაფტების ფრაგმენტაცია და დეგრადაცია ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად“.

ყოფილი სამხედრო პოლიგონი/ჭოროხის დელტა/ბათუმი

არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“

ვრცლად: Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება

იგივე სამინისტროში განიხილება ბათუმის გენგეგმის სგშ-ს ანგარიშიც, რომელშიც, როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, „განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ასპექტებზე:

  • გეგმარებით არეალი კვეთს ფრინველთა სამიგრაციოდ მნიშვნელოვან მარშრუტს. შესაბამისად, საჭიროა ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, ზურმუხტის ტერიტორიაზე და ბიომრავალფეროვნებისათვის მნიშვნელოვან სხვა ტერიტორიებზე ზემოქმედებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, დეტალური და სრულფასოვანი ინფორმაციის ასახვა.
  • მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული ფრინველებზე და ხელფრთიანებზე (საჭიროებისამებრ) ზემოქმედების საკითხზე. ანგარიშში უნდა იყოს განსაზღვრული აღნიშნული ზემოქმედების სახეები და ხარისხი, იდენტიფიცირებული და წარმოდგენილი იყოს პრევენციული ღონისძიებები, სათანადო დასაბუთებით.
  • სგშ-ის ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს განხილული ზურმუხტის ქსელის ჭოროხის დელტის საიტზე (GE0000054) და მის მიმდებარედ დაგეგმილი ღონისძიებები/აქტივობები. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
  • ყურადღება უნდა გამახვილდეს ფრინველებზე მოსალოდნელ ზემოქმედებაზე, ასევე ზურმუხტის ტერიტორიაზე გავრცელებულ სხვა სახეობებსა და ჰაბიტატებზე, რომლებიც ასევე ღირებულია ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. ამავე მიდგომით უნდა შეფასდეს ზოგადად გეგმარებით ტერიტორიაზე არსებული სახეობები და სენსიტიური ჰაბიტატები.
  • ასევე, სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია ზემოქმედების თავიდან აცილებისა და საჭიროების შემთხვევაში, შემარბილებელ ღონისძიებების შესახებ.“

საზოგადოება „საბუკოს“ დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჭოროხის დელტა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გადამფრენი ფრინველებისათვის:

„შავი ზღვის სანაპიროს გაივლის ევრაზიის გადამფრენი ფრინველები და მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ისვენებს… ეს ადგილი ძალიან გლობალური და მნიშვნელოვანი ადგილია ფრინველთა დაცვის თვალსაზრისით.“

ვრცლად:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

Exit mobile version