მთავარი,სიახლეები

საგარეო განმარტავს, რატომ განაცხადა უარი აშშ-ში ვიზიტზე პრემიერმა კობახიძემ – სამინისტროს განცხადება 

02.05.2024
საგარეო განმარტავს, რატომ განაცხადა უარი აშშ-ში ვიზიტზე პრემიერმა კობახიძემ – სამინისტროს განცხადება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს პასუხობს: უწყების თანახმად, პრემიერი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. ეს, სამინისტროს განმარტებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

„დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“.

დღეს, 2 მაისს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ამერიკაში მიიწვიეს, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

ელჩის განცხადებით, აშშ-ში მიწვევის მიზანი იყო შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განხილვა.

ამავე თემაზე:

მთავრობის ლიდერები აშშ-ში მოვიწვიეთ სასაუბროდ, მათ უარი თქვეს – დანიგანი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: