გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში 2-14 წლამდე ასაკის, დაახლოებით მილიარდი ბავშვი მშობლების და მზრუნველების მხრიდან, ფიზიკური დასჯის ობიექტია. მათ შორის, 84 მილიონი გოგონა ემოციური, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ბავშვზე ძალადობის პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია. მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია. ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დიდმა უმრავლესობამ კი (60%) არ იცის, რომ მათ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მასზე რეაგირება კანონით ევალებათ. ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებისა და პრევენციის გზებზე, დღეს, 15 ოქტომბერს, ბათუმში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.