კვირის ამბები

ბათუმის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები

17.10.2015 • 2201
ბათუმის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები

რუსთაველის უნივერსიტეტის, საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის ნანა ყურშუბაძის განცხადებით, Erasmus Mundus-ის პროექტი, რომელიც უნივერსიტეტში რამდენიმე წელია მოქმედებს, წელს დასრულდა. აღნიშნული საგრანტო პროგრამით, სულ 30-მა პროფესორმა და 65-მდე სტუდენტმა ისარგებლა. თუმცა, როგორც ნანა ყურშუბაძე ამბობს, წელს ამოქმედდა ახალი Erasmus + ოთხი საგრანტო პროგრამა, რომლითაც მხოლოდ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ისარგებლებენ.

“ადრე ჩვენი უნივერსიტეტი იყო კონსორციუმში, რაც გულისხმობდა იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტუდენტები მიდიოდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტში და პირიქით. ამ პროგრამაში ცუდი იყო ის, რომ თუ მაგალითად, სტუდენტი გააკეთებდა განაცხადს პოლონეთის, გერმანიის ან ბელგიის რომელიმე უნივერსიტეტში, შეიძლება იმ წელს ამ უნივერსიტეტს საერთოდ არ გამოეცხადებინა მიღება ქართველ სტუდენტებზე და სხვა რომელიმე ქვეყანა გამოეცხადებინა პრიორიტეტად. ასეთ შემთხვევაში სტუდენტი ვეღარ ახერხებდა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას. რაც შეეხება Erasmus + პროგრამას, რომელიც წელს მოვიპოვეთ, აქ უკვე ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან ეს ოთხი პროგრამა მხოლოდ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის მოპოვებული”.

ახალი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამ პოლონურ და ერთ ბერძნულ უნივერსიტეტში მიიღონ განათლება.

Erasmus + პროგრამის გამარჯვებულები ჯერ გამოვლენილნი არ არიან. “ალბათ მაისის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. მინიმუმ, რვა სტუდენტი შეძლებს პროგრამით სარგებლობას. თუმცა ეს არ არის საბოლოო და წლის ბოლომდე შესაძლებელია კიდევ მოვიპოვოთ ახალი გაცვლითი პროგრამები,” – ამბობს ნანა ყურშუბაძე.

Erasmus + პროექტში შედის ჟან მონეს პროგრამაც, რომელიც უცხოელი და ქართველი სტუდენტებისთვის სამართლის საზაფხულო სკოლების ჩატარებას მოიცავს. პროექტი სამწლიანია და ბათუმის უნივერსიტეტში ჩატარდება, პროექტის ფარგლებში წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს.

მიმდინარე წელს გაგრძელდება თემპუს-ის საგრანტო პროგრამაც, რომლითაც ძირითადად პროფესორ-მასწავლებლები სარგებლობენ. ნანა ყურშუბაძე: “წელს სიახლეა იმ მხრივ, რომ პროგრამის ბოლო წელს გათვალისწინებულია სტუდენტის ჩართულობა. დაახლოებით შვიდი სტუდენტი, საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპეისტიკის მიმართულების სტუდენტები, თებერვალში სამი დღით ინსტრუქტორთან ერთად გაემგზავრება ბელგიაში,
კერძოდ ბრიუსელში ტრენინგებზე. მანამდე კი შერჩეულ სტუდენტებს ექნებათ ონლაინსემინარები”.

ნანა ყურშუბაძის თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში ბოლო 3-4 წლის მანძილზე თემპუს-ის 14 საგრანტო პროგრამა განხორციელდა.

თემპუს-ის საგრანტო პროგრამით ამ ხნის განმავლობაში 90-მდე პროფესორ-მასწავლებელმა ისარგებლა.
შემდეგი პროგრამა, რომლითაც სტუდენტები მიმდინარე და მომავალ წელს ისარგებლებენ, არის Mევლანა. პროგრამის ფარგლებში ბათუმელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ თურქეთის ათ უნივერსიტეტში ისწავლონ. Mევლანა საკმაოდ ხანგრძლივი პროექტია, ის 2013 წლიდან მოქმედებს და 2019 წლამდეა გათვლილი.

პროგრამით სამი წლის განმავლობაში, 16-მა მასწავლებელმა და 23-მა სტუდენტმა ისარგებლა. როგორც ნანა ყურშუბაძე ამბობს, სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმები აღნიშნულ პროგრამებში მონაწილე უნივერსიტეტებს აქვთ დადგენილი.
“შერჩევის პროცესში ჩვენ არ ვერევით. ელექტრონულად ხდება განაცხადების შეტანა და ეს პროცესი გამჭვირვალეა.
მთავარი კრიტერიუმი ენის ცოდნა, სტუდენტის აკადემიური მოსწრება და სამოტივაციო წერილია”.

ნანა ყურშუბაძის თქმით, საგრანტო და გაცვლითი პროგრამებით უნივერსიტეტის თითქმის ყველა მიმართულების სტუდენტებმა ისარგებლეს, მათ შორის საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულების სტუდენტებმაც: “სამართლის, ჟურნალისტიკის, ტურიზმის, ევროპეისტიკის მიმართულების სტუდენტები აქტიურად სარგებლობენ პროგრამებით, ყველაზე
მეტად ქართულ ფილოლოგიას უჭირს”.

გადაბეჭდვის წესი