სიახლეები

”ჩართულობა არის ბავშვებზე ძალადობის პრევენციის გასაღები”

15.10.2015
”ჩართულობა არის ბავშვებზე ძალადობის პრევენციის გასაღები”

მირიამ ბლააკმა, რომელიც ნიდერლანდებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის პროგრამის (Defence for Children) მენეჯერია, კონფერენციაზე ამ საკითხებში ევროპული გამოცდილების შესახებ ისაუბრა. ბლააკმა აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად, ევროპაშიც კი, ბავშვებზე ძალადობის ძალიან ბევრი შემთხვევა რჩება შეუმჩნეველი: “ამდენად, ევროპაში ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა იყოს ინფორმირებული იმ მეთოდების შესახებ, რითაც შესაძლებელია ბავშვზე ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება, როგორც სოციალური მუშაკები, ისე პოლიციის თანამშრომლები და სხვები. გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იდენტიფიცირება ამ შემთხვევების არის გადამწყვეტი პრევენციისთვის და ამაში ჩვენ – სპეციალისტებს ძალიან დიდი როლი გვაკისრია” – ამბობს ის.

მარიამ ბლააკმა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში ნიდერლანდების გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი გამართული სისტემისა, ისინი ყოველწლიურად სწავლობენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომ გააუმჯობესონ ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმები – “ნიდერლანდები მიიჩნევა ევროკავშირსა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანად და ჩვენთან ბავშვთა უფლებების დაცვა, სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება, როგორც საზოგადოებრივ ისე სახლმწიფო დონეზე. მასწავლებლები, სოც-მუშაკები და სხვა სპეციალისტები, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვებზე ზალადობის ფაქტების იდენტიფიცირების საკითხს. ბავშვთა დაცვის სისტემაში გვაქვს საპეციალური დეპარტამენტები, რომლებიც ბავშვებზე ძალადობასა და ძალადობის ამსახველი ანგარიშების გაკეთებაზე მუშაობენ. ცენტრს შეუძლია დაუკავშირდეს ნებისმიერი, ვინც ძალადობის ფაქტს შეესწრება და მიიღოს რჩევა თუ, როგორ იმოქმედოს ასეთ სიტუაციაში. ამის შემდეგ ცენტრი ატარებს კვლევას თუ რა შემთხვევა იყო ეს, რა ედო ამ ყველაფერა საფუძვლად. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ბავშვზე ძალადობის ფაქტი, უკვე ცენტრის პრეროგატივაა თუ როგორ გადაჭრის იგი ამ საკითხს” – ამბობს ბლააკი.

მირიამ ბლააკის თქმით ნიდერლანდებში პირველი ასეთი ცენტრის დაარსების იდეა იმ ექიმებისგან წამოვიდა, რომელთაც ჰქონდათ პრაქტიკაში ასეთი ფაქტები და სურდათ უკეთ სცოდნოდათ, როგორ დაეცვათ ბავშვთა უფლებები. “მათ (ექიმებმა) შექმნეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვა ექიმებს უზიარებდნენ რჩევებს, თუ როგორ უნდა ამოეცნოთ ბავშვზე ძალადობის ნიშნები.  ბავშვზე ძალადობის ფაქტზე ეჭვის გაჩენისას ექიმს უნდა ეხელმძღვანელა 5 საფეხურიანი ანგარიშის კოდექსით, ამ ანგარიშის წარდგენა თავიდან არ იყო სავალდებულო ყველასთვის, მისი შევსება მხოლოდ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იყო სავალდებულო. პირველი საფეხურია იდენტიფიცირება, შემდეგ კონსულტაცია კოლეგებთან, ამის შემდეგ გასაუბრება კლიენტთან და იმის შეფასება, თუ რა ტიპის შემთხვევასთან ჰქონდა საქმე, რამდენად მძაფრი იყო პრობლემა, ბოლო საფეხური კი გადაწყვეტილების მიღების საფეხურია – თუ რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს ის პრობლემის მოსაგვარებლად. შემდეგ, ეს კოდექსი დაინერგა ყველა სისტემაში და ამ ანგარიშის შევსება ახლა ყველა სპეციალისტისთვის არის სავალდებულო, ვინც ჰოლანდიაში მუშაობს. ბოლო დროინდელ მოქმედებებში ჩვენ ჩავრთეთ ბავშვის შემოწმება იმ სპეციალისტებისთვისაც, ვინც ზრდასრულ პაციენტებთან მუშაობს, რადგან შევნიშნეთ საგანგაშო ტენდენცია –  ჩვენ არც თუ ისე ბევრ ანგარიშს ვიღებდით ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა სფეროს იმ სპეციალისტებისგან, რომლებიც ზრდასრულ პაციენტებტან მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი მხედველობაში არ იღებდნენ ბავშვების პრობლემებს. ეს მიმართულება შემოიღო იმ ექიმმა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბავშვთა დეპარტამენტში მუშაობდა. ამის შემდეგ მთავრობამ ეს კოდექსი დანერგა კანონმდებლობაში” – განაცხადა მირიამ ბლააკმა. 

 

აც შეეხება, ევროპის სკოლებში ბავშვებზე ძალადობის პრევენციის გამოცდილებას, მირიამ ბლააკმა ერთ-ერთი აქტიური მასწავლებლის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით შექმნა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავაშვები სწავლობენ თუ როგორ იურთიერთობონ და როგორ გადაჭრან პრობლემები ძალადობის გარეშე.

პროგრამა საბავშვო ბაღიდან იწყება და სკოლაში გრძელდება. კვლევამ, რომელიც ამ პროგრამის ეფექტურობის დასადგენად ჩატარდა, აჩვენა, რომ ჰოლანდიის იმ 550 სკოლაში, სადაც ეს პროგრამა მუშაობს, საგრძნობლად იკლო კონფლიქტების რაოდენობამ. “ამ სკოლების დირექტორები და მასწავლებლები თავიანთ მოხსენებებში აღნიშნავენ, რომ პროგრამის მოქმედების სამი წლის განმავლობაში, სკოლებში იკლო კონფლიქტებმა და ზოგადად გაუმჯობესდა დამოკიდებულება მოსწავლეებს შორის”.

მირიამ ბლააკმა ასევე მაგალითის სახით მოიყვანა სპეციალიზირებული სკოლების გამოცდილება, სადაც მხოლოდ ის ბავშვები სწავლობენ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.  “ეს გამოცდილება ჰოლანდიამ გაერთიანებული სამეფოდან გაიზიარა. იმისთვის რომ მოხდეს მოსწავლეების რეაბილიტაცია, ამ სკოლებში სპეციალური გარემოა შექმნილი. აქ მომუშავე ყველა მასწავლებელი და სპეციალისტი იზიარებს და იაზრებს იმ ტრავმებს, რაც მოსწავლეებმა გადაიტანეს და იმასაც, თუ რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მდგომარეობას მათ სწავლის და შრომის უნარიანობაზე”.

მან თავის მოხსენებაში ასევე აღნიშნა იმ ენთუზიასტი პირების მნიშვნელოვნების შესახებ, რომლებმაც წამოიწყეს ეს პროექტები და საკუთარ თავზე აიღეს მათი განხორციელება.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია სარალიძემ თავისი მოხსენებისას აღნიშნა, რომ გაეროს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით 90 ქვეყანაში გაუმჯობესდა კანონმდებლობა და ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც – “ბევრ ქვეყანას აქვს სამოქმედო გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს მულტისექტორულ მიდგომებს ბავშვების მიმართ ძალადობის დასაძლევად. ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ატარებენ კვლევებს ბავშვზე ძალადობის მიზეზების დასადგენად ასევე იზრდება და ამ ქვეყნების რიცხვში არის საქართველოც. 15 წლის წინ ეს არ ყოფილა, რადგან როცა ამ თემაზე დავიწყეთ ჩვენ და რამდენიმე ორგანიზაციამ მუშაობა, ეს პრობლემა განყენებულ და უცხოეთიდან ჩამოტანილ საკითხად ითვლებოდა, თითქოს ჩვენ არ გვეკადრებოდა და ჩვენთან არ იყო ეს თემა” – განაცხადა მან. 

როგორც ლია სარალიძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში აღიქმებოდა, რომ ძალადობის ფაქტები, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემთხვევები, ძირითადად გოგონებზე ვრცელდებოდა, თუმცა ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გოგონებთან ერთად ძალიან მაღალია იმ ბიჭების რიცხვიც, რომლებიც არიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის (სექსუალური ძალადობის შემთხვევების ჩათვლით) ობიექტები. “იმის გამო, რომ საქართველოში დაიწყო სისტემების გაუმჯობესება, უკვე ვხედავთ, რომ იდენტიფიცირებული შემთხვევების რაოდენობა ზოგადად იზრდება და ამ შემთხვევათა რიგში ბიჭებიც გამოჩნდნენ”. 

კონფერენციაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ბავშვის მიმართ არაღირსეული მოპყრობის პრევენციის 2015-2020 სამოქმედო გეგმის შესახებაც, რომლის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ინფორმაციული სისტემების განვითარება, რომელიც ხილულს გახდის ბავშვის მიმართ არაღირსეული მოპყრობის შემთხვევებს; ასევე, კიდევ ერთი ამოცანაა ნაციონალური სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომელიც გააძლიერებს მულტისექტორულ თანამშრომლობას ძალადობის პრევენციისთვის; ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორის ჩართულობის გაძლიერებას, განსაკუთრებით ძალადობის რისკების შემცირების მიმართულებით.

25 სექტემბერს საქართველომ ხელი მოაწერა მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომელთა განხორციელებაც მომავალი წლიდან იწყება და 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. იგი 17 გლობალურ მიზანსა და 169 ამოცანას მოიცავს, მათ შორის ქალისა და ბავშვზე ძალადობის ყველა ფორმის დასრულება/ შემცირება, ტრეფიკინგის, სექსუალური და სხვა ტიპის ექსპლოატაციის ჩათვლით. ასევე, სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება, რომელიც შეამცირებს შრომით ექსპლუატაციას, მონობის თანამედროვე ფორმებს, განსაკუთრებით ბავშვებთ ან მიმართებაში (მაგალითად, ჯარისკაცი ბავშვების შემთხვევები) და სხვა.

მირიამ ბლააკმა ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციაში,  ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა ძალადობის პრევენციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია: “თუ ისტორიას გადავხედავთ, საუკუნეების განმავლობაში ბავშვები იყვნენ ძალადის მსხვერპლები. დღეს ძალადობის ფორმები გახდა უფრო ფიზიკური. ბავშვები ექვემდებარებიან ყველა ფორმის ძალადობას, მაგრამ მათ შორის ყველაზე ხშირად ფიზიკურ ძალადობას. ამიტომ, აღარ შეიძლება ბავშვები დაელოდონ თუ როდის შემოვიღებთ უფრო ეფექტურ მეთოდებს მათზე ძალადობის აღსაკვეთად. მინდა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლზე გავამახვილო ყურადღება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საგანმანათლებლო თუ სოციალური სერვისების სისტემების ჩართულობა, ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩართულობა არის ბავშებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის გასაღები”. 

კონფერენცია თემაზე – “ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციაში” 16 ოქტომბერს დასრულდება. კონფერენციაში მონაწილეობენ ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.