მთავარი,სიახლეები

მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი: შეკვეთილ განაჩენს არ შევეგუებით

20.10.2015 • 3267
მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი: შეკვეთილ განაჩენს არ შევეგუებით
  • რატომ გადაწყიტეთ ახლა ილაპარაკოთ, ანუ მას შემდეგ, რაც სასამართლომ თქვენი ოჯახის წევრს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ველოდებოდით სამართლიან სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ რამაზ დევაძეს მიუსაჯა 12 წელი და ცნო განზრახ მკვლელად. ამიტომ ვიტოვებთ მორალურ უფლებას, საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე საჯაროდ ვილაპარაკოთ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმედია, სააპელაციო სასამართლო წარდგენილ მუხლს შეცვლის.

  •  რამე ახალი გარემოება გაქვთ, თუ რა გაძლევთ ამის იმედს?

გვაქვს ორი ფირი – ბრალდების მთავარი მოწმე, ფირუზე აბდუალევა მოვიდა ოჯახში და მოგვიყვა, რომ 20 დღე ჰყავდათ გამომწყვდეული და ისე ჩამოართვეს ჩვენება. მას აიძულეს ეთქვა, რომ რამაზ დევაძემ ახლოდან ესროლა და ისე მოკლა. ასევე უნდა ეთქვა, რომ დევაძე მისი საყვარელი იყო, ამიტომ შურისძიების გამო მოკლა მუკბანიანი. ფურუზეს ეს საუბარი რამაზის დამ ჩაიწერა ჩუმად.

გვაქვს სხვა ჩანაწერიც – თურქი მოვიდა ჩვენთან, პარიკმახერი ბიჭია. იმ საღამოს “ლეგასში” იყო და ისიც დაჭრეს. მოსასმენი ჰქონდა სარჩულის ქვეშ ჩამონტაჟებული: პოლიცია მოყვა ჩუმად – თანხას თუ შევთავაზებდით, ან ზეწოლას მოვახდენდით, ყველას დაგვაკავებდნენ. მან ეს მოსასმენი აბანოში დაკიდა და მერე გვითხრა – რამაზი იქ რომ არ ყოფილიყო, ყველას დაგვხოცავდნენო. ლეგასში სამი კაცი დაჭრეს, ერთ-ერთი იყო ეს თურქი. პროკურატურამ დაჭრილები არ დაკითხა – გადამალა.

  • სად ჰყავდათ ფირუზე 20 დღე გამოკეტილი?

ჩვენთვის უცნობია. ორივე ხელზე ვენები აქვს გადაჭრილი და ეს მოსამართლესაც ვუთხარით. ფირუზე ძიების მთავარი მოწმე იყო. ის თავის ჩვენებაში ამბობდა, როგორ ესროლა რამაზ დევაძემ მუკბანიანს. სასამართლო პროცესზე ფირუზემ იგივე გაიმეორა, მაგრამ დევაძის კითხვებზე ფირუზე ჩაიჭრა და ბოლოს თქვა, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა. მოსამართლემ ეს არად ჩააგდო.

  • სასამართლოში რატომ არ წარადგინეთ ეს ფირები?

ეს იყო ერთ-ერთი ადვოკატის გადაწყვეტილება, მან გვითხრა, რომ ეს ფირი უმნიშვნელოა, ყველაფერი კარგად დასრულდება და რამაზს მუხლს აუცილებლად შეუცვლიანო. აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო ყველაფერი და 12 წელი მიუსაჯეს.

  •  რა ისეთი პერსონა იყო რამაზ დევაძე, რომ მთელ სისტემას მის წინააღმდეგ ემუშავა?

რამაზ დევაძეს გადაეკიდა აჭარის შს მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი დავით თამაზაშვილი. რამაზს ჰყავს გავლენიანი მეგობრები, რომელთაც შეუძლიათ პროცესზე ზეგავლენა. მან მთელ რიგი პიროვნებები ჩააყენა საქმის კურსში დავით თამაზაშვილის დანაშაულებრივი, თავხედური, ამორალური ქცევების შესახებ. თამაზაშვილმა გაიგო, რომ ზევით მის ქმედებებზე რამაზ დევაძისგან გახდა ცნობილი. აქედან გამომდინარე თამაზაშვილმა რამაზ დევაძეს დაადგა თვალი. თამაზაშვილს ამაში ეხმარებოდა მისი მეგობარი, ქალაქის სამმართველოს მაშინდელი უფროსი რამაზ თათარაშვილი. თათარაშვილმა და თამაზაშვილის მოადგილე გიგლა მოსიძემ, რომელიც მაშინ მე-2 განყოფილების უფროსი იყო, ერთობლივად დაგეგმეს რამაზის გაუბედურება.

პირველი ნასამართლეობის ისტორია ასე შეიქმნა – რამაზი პუშკინის ქუჩაზე მეგობარს ტოვებდა დისკოთეკაზე. სადგომთან ვიღაც პიროვნება მივიდა და ეუბნება – ეი, შენ აქ რას აჩერებ მანქანას? უმიზეზოდ უცხო ადამიანს დედა შეაგინა, შეაფურთხა და ხელი დაარტყა. რამაზი გადმოვიდა მანქანიდან და ის პირი ლავაშივით გააბრტყელა. აღმოჩნდა, რომ რამაზიმ სცემა პოლიციელს. პირადად თათარაშვილმა დააპატიმრა და შექმნა ნასამართლეობის ისტორია. ეს არ არის თითიდან გამოწოვილი – პოლიციელები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი თამაზაშვილმა დაგეგმა.

ასევე სანდო წყაროდან ვიცი, რომ რამაზ დევაძის ლიკვიდაციის ბრძანებაც იყო გაცემული დავით თამაზაშვილისგან. რამაზ დევაძეს გიგლა მოსიძემ უთხრა, შენ მკვლელო, სიურპრიზი გვაქვს მომზადებული, ვერასოდეს დაბრუნდებიო. სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ როცა გადაჰყავდაც ციხეზე, ქუთაისში სადისტურად სცემეს, იარაღი დაადეს თავზე, უნდა ესროლათ, მაგრამ ბოლო წამში ვიღაცამ დარეკა და ბრძანება შეიცვალა, არ ესროლოთო. ასე გადარჩა, მაგრამ იმდენად იყო ნაცემი, 15-20 დღე ციხეში გონზე არ მოსულა.

  • ამის მტკიცებულება გაქვთ, ექსპერტიზა ჩაატარეთ?

აზრი არ აქვსო, ჩემმა შვილმა, ამიტომ ვერ ჩავატარეთ ექსპერტიზა, მაგრამ ადვოკატებმა ნახეს საკუთარი თვალით.

  • კანონიერ ქურდ ლავასოღლისთან რა კავშირი აქვს რამაზ დევაძეს?

რაზე დავიფიცო, რომ ეს ზღაპარია. ლავას-ოღლი და რამაზ დევაძე ბავშვობაში ერთად ჭიდაობდნენ და მეგობრობდნენ. ლავასოღლი თუ ქურდი გახდა, რა შუაშია რამაზ დევაძე. ლავასოღლი როცა დააპატიმრეს, დევაძე ამ დროს გერმანიაში მოღვაწეობდა – ქალაქის პოლიციის უფროსის სახლში ცხოვრობდა. სად ლავასოღლის არჩევანი და სად რამაზ დევაძე. ეს არის ის, რითაც რამაზს სახელი გაუტეხეს. რამაზის ქურდული კლიშეთი აქოთება გიგლა მოსიძემ დაგეგმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეასრულა… თუ რამაზ დევაძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა, რატომ არ წარმოადგინეს სასამართლოზე ერთი მტკიცებულება მაინც მის კავშირებზე დანაშაულებრივ სამყაროსთან. რაც არ იყო ბუნებაში, იმას ვერ გააჩენდნენ. “ნაციონალებმა” მისი სტიგმატიზება მოახდინეს, საზოგადოებისგან იზოლირებული რომ ყოფილიყო. როცა კაცს შავ პიარს აუგორებ, ხალხი მას გვერდით არ დაუდგება. პროკურატურამ, პოლიციამ და ნაციონალური მოძრაობის პიარაპარატმა ერთად იმუშავეს, რომ დევაძისგან შეექმნათ მკვლელი. მაგრამ ეს ტრაგედია იყო და “ნაცმოძრაობისგან” შეკვეთილ განაჩენს არ შევეგუებით.

  • თქვენ თქვით, რომ თითქოს ხანძარი გაგიჩინეს სახლში. ეს სიმართლეა?

ჩვენ არა, ჩვენს მეზობელს. აღმაშენებლის ქუჩის #10-ში, ჩემი მეზობლის ბინის კარებთან, დილის 6 საათზე ბენზინი დაასხეს და ცეცხლი გაუკიდეს. ლამის ამობუგეს ოჯახი. ეს ამბავი “ლეგასში” დატრიალებული ტრაგედიიდან 20 დღეში მოხდა. მაშინ პოლიციამ თქვა, რომ თითქოს შეეშალათ რამაზის დედის სახლი და ამიტომ შეასხეს ბენზინი მეზობლის სახლშიო. ითქვა ისიც, რომ ეს თითქოს გარდაცვლილი მუკბანიანის ჭირისუფალმა გააკეთა. ჩვენ ეს არ დავიჯერეთ, რადგან მუკბანიანებს შურისძიება რომ უნდოდეთ, ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა.

ტაბიძის პირველი განყოფილება იძიებს ამ საქმეს, მაგრამ უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: