სპორტი

”ხიხანის” წაუგებელი სერია და 1000-მდე გულშემატკივარი ხულოს სტადიონზე

15.10.2015 •
”ხიხანის”  წაუგებელი სერია და 1000-მდე გულშემატკივარი ხულოს სტადიონზე

 

 

 

“ხიხანის” დირექტორი თემურ ბოლქვაძე ყვება იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ წლების განმავლობაში ხულოში საფეხბურთო კლუბის შექმნას, მაგრამ 2015 წლამდე ეს ოცნება განუხორციელებელი რჩებოდა, რადგან კლუბის დაფინანსებით ვერავინ დააინტერესეს: „წელს კი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გუნდის შექმნის იდეა გაუზიარა აჭარის მთაში ჰესის მშენებარე ენერგოკომპანიის –  „აჭარისწყალი ჯორჯიას” ხელმძღვანელებს, რომლებიც დათანხმდნენ საფეხბურთო გუნდის შექმნის იდეას და მის დაფინანსებას – წელს კომპანიამ გუნდისთვის 80 ათასი ლარი გამოყო”.


„ხიხანის“ კაპიტნის ირაკლი ბოლქვაძის თქმით, მათ გუნდს უკვე აქვს სტადიონი, რომელსაც ამ დროისთვის არემონტებენ –  სტადიონის რემონტისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა 67 ათასი ლარი დახარჯა, შესაბამისად, გუნდს ჩემპიონატის შემდეგი წრისთვის ექნება მეორე ლიგისთვის დაწესებული სტანდარტების შესაბამისი სტადიონი.


„ვიდრე ჩვენი სტადიონი გაკეთდება, ბათუმში, ურეხის სტადიონზე ვვარჯიშობთ. ბათუმში ნაქირავები გვაქვს სახლი, სადაც მოწვეული ფეხბურთელები ჩერდებიან. ხულოშიც გვაქვს სახლი ნაქირავები ფეხბურთელებისთვის. გუნდში, ძირითადად, მაინც ადგილობრივები ვთამაშობთ – ბათუმში ვარჯიშების დროს ნათესავებთან ვჩერდებით, ზოგიერთს ბათუმში აქვს სახლი. ასე რომ, ვარჯიშს, ჯერჯერობით, შეუფერხებლად ვახერხებთ”, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე.

 

გუნდის კაპიტანი, ისე როგორც კლუბის დირექტორი, ამბობს, რომ შედეგი –  წაუგებელი სერია, რაც რამდენიმე თვის წინ შექმნილმა გუნდმა ექვსი თამაშის შემდეგ აჩვენა, მათ მოლოდინსაც კი აჭარბებს. „როდესაც გუნდი იქმნება, შეუძლებელია გათვლა გქონდეს იმაზე, რომ ეს გუნდი ლიდერი გახდება ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. თუ პოზიციებს შევინარჩუნებთ, „ხიხანი“ გადავა პირველ ლიგაში, რაც არამხოლოდ ხულოსთვის იქნება უპრეცედენტო მოვლენა”, – ამბობს კლუბის დირექტორი.


„ხიხანის” ფეხბურთელებში განსაკუთრებული მოტივაცია გააჩინა იმან, რომ ჩვენ დაგვენიშნა ხელფასები, გვაქვს საპრემიო ფონდი, თანხა გადაადგილებისთვის და ეკიპირების შესაძენად. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა “აჭარისწყალი ჯორჯიას” მხარდაჭერა”, – იზიარებს კლუბის დირექტორის პათოსს ირაკლი ბოლქვაძეც.


კლუბის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის “ხიხანში” ექვსი მოწვეული ფეხბურთელი ჰყავთ – მათ შორის თბილისიდან, რუსთავიდან,ზუგდიდიდან და ბათუმიდან. გუნდის მთავარი მწვრთნელი ელდარ კუპრაძეა. ამ დროსითვის “ხიხანს” ერთი გამოკვეთილიბომბარდირი ჰყავს – თავდამსხმელ გულადი ქოქოლაძის ანგარიშზე 4 გოლი მოდის.


„მოწვეული ფეხბურთელების ხელფასი 400 ლარია. სხვები, ზოგიერთი 300 ლარს ვიღებთ, ზოგი – 150-ს. ასევე გვაქვს პრემიები – გას-ვლითი მატჩის მოგების შემთხვევაში საპრემიო თანხა 150 ლარია, სახლში გამარჯვებაზე – 100 ლარი. ეს, ჯერჯერობით, სრულიად საკმარისია მოტივაციის შესანარჩუნებლად. მაგრამ, ასევე იმედი გვაქვს, რომ დაფინანსება გაგვეზრდება – როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტი აპირებს კლუბის დაფინანსების მომატებას. ასევე “აჭარისწყალი ჯორჯიაც” გააგრძელებს მომავალში ჩვენს მხარდაჭერას”, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე.


6 ოქტომბერს “ხიხანი” –  “ეგრისის” მატჩს დაახლოებით 1000 გულშემატკივარი ესწრებოდა, მაშინ როდესაც სტადიონზე 400-მდე სკამი აქვთ.


„მინდა გითხრათ, რომ მთელი ხულო დღეს ამ გამარჯვებით ცხოვრობს, 6 ოქტომბერს მატჩის სანახავად ბავშვები სპეციალურად ჩამოვიდნენ სოფლებიდან. ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მას შემდეგ, რაც ხულოში ჩამოყალიბდა კლუბი, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, ბევრმა მოზარდმა დაიწყო ვარჯიში ფეხბურთში“, – გვეუბნება თემურ ბოლქვაძე.


6 ოქტომბერს მატჩს ხულოში კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლები – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი და მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძეც ესწრებოდნენ. როგორც თემურ ბოლქვაძე ამბობს, კომპანიის წარმომადგენლებს ძალიან მოეწონათ მათი თამაში, რასაც ასევე კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიაშიც” ადასტურებენ.


ზვიად დიასამიძის თქმით, საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტსჩაეყარა საფუძველი: კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” მომავალშიც მაქსიმალურად შეეცდება მხარი დაუჭიროს “ხიხანის” წარმატებას. სენაკის “ეგრისთან” გამარჯვების შემდგომ ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი შეხვდა ფეხბურთელებს და გუნდის მწვრთნელებს – ბიჭებს წარმატებული სტარტისთვის მადლობა გადავუხადეთ და სრული მხარდაჭერა აღვუთქვით. მომავალ კვირას შეხვედრა დაგეგმილი გვაქვს გუნდის მენეჯმენტთან, სადაც კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებთ”.



ზვიად დიასამიძის ინფორმაციით, ხულოს “ხიხანის” ფეხბურთელთა უმეტესობა დაბა ხულოდან და გარშემო სოფლებიდან არიან. “ხიხანი” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დღეს მაღალმთიანეთში და ეს ბიჭები ძალიან მოტივირებული არიან, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ. ამ გუნდის საშინაო თამაშებზე 1000-მდე გულშემატკივარი იკრიბება, მათი უმრავლესობა ადგილობრივი ახალგაზრდაა. მე, თვითონ, ფეხბურთის ქომაგი ვარ და ვიცი, თუ რამდენად შეუძლია ამ სპორტს პოზიტიური ენერგიის მოცემა. უზომოდ სასიხარულოა, როცა ვხედავ, რომ გუნდის წარმატება დიდი სტიმულია მომავალი თაობისთვის”.


მეორე ლიგაში პირველი წრის თამაშები 25 ნოემბერს მთავრდება. შემდეგ კი, მარტის შუა რიცხვებამდე ჩემპიონატში შესვენება ცხადდება.


ამ წრეში “ხიხანს” კიდევ ექვსი მატჩი აქვს ჩასატარებელი, შემდეგ წრეში – 13 მატჩი. თუ “ხიხანი” ტურნირის დასრულების შემდეგ პირველ ადგილზე იქნება, გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

 

P.S : მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, თავისი მორიგი მატჩი მოიგო ხულოს ხიხანმა ხობის კოლხეთთან გასვლით თამაშში და ცხრილში საირმესთან ერთად მე-2 მე-3 ადგილს ინაწილებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: