– სად მივდივართ?
– აფხაზეთის ქუჩაზე.
– ვისთან?
– აფხაზეთიდან დევნილებთან.
– რაზე უნდა ვესაუბროთ?
– აფხაზეთზე, დევნილობაზე … იმაზე, რაც აწუხებთ.
– წავედით.
„და მაინც, რაზე უნდა ვესაუბროთ?” – ვფიქრობ გზაში – “დარჩა რამე, რაც დევნილობის 33 წლის მანძილზე არ უთქვამს ამ ხალხს? და რაზეც ისაუბრეს, ის მოვისმინეთ? გავიგეთ? ან გაგება კმარა? დარდს შემსუბუქება, პრობლემას მოგვარება, დაკარგულს დაბრუნება არ უნდა? ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნება შესაძლებელია: განვლილ წლებს ვერ დავაბრუნებთ, ვერც ომში მოკლულ ადამიანებს. თუმცა, ვინც ომს გადაურჩა ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და თუ აქვთ სათქმელი, მინიმუმ, უნდა მოვუსმინოთ”.
ამ ფიქრებით მივედით „ბენზეში“, ბათუმის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე, დევნილთა დასახლებაში. თითქმის 14 წელია აქ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ კორპუსებში.
ეჭვნარევი ფიქრი – „თუ აქვთ სათქმელი” მაშინვე გამიქრა, როგორც კი მივედით. შეთანხმებული 5-6 ვეტერანის ნაცვლად ადგილზე 20-მდე ადამიანი დაგვხვდა. კორპუსის ეზოში, ტირიფისა და თუთის ხეებს შორის, ძელსკამებზე სხედან.
სათქმელი ყველას აქვს. წუხილიც. მოლოდინებიც. ზოგი თავის აზრს აქტიურად აზიარებს; ზოგი მხოლოდ რეპლიკებს ისვრის; ზოგი შორიახლოს დგას, საუბარში არ ერთვება, მაგრამ მიმიკებზე ეტყობა არა მხოლოდ ის, რომ ყურადღებით უსმენს საუბარს, არამედ ისიც, ვის ეთანხმება და ვის არა.
საუბარი ფრთხილად იწყება. ყველა არჩევს სიტყვებს და სათქმელს წინასწარ ზომავს. ჩემ მცდელობას, რომ ღიად და გულწრფელად ვისაუბროთ, იუმორით ბანზე აგდებენ:
„აბა სიმართლე რომ ვთქვათ აქ, სულ ყველას დაგვიჭერენ” – ამბობს ერთ-ერთი და ყველა იცინის.
თუმცა, როცა ამდენი ვეტერანი ერთადაა შეკრებილი, მოზომილად, ემოციებისა და აღელვების გარეშე საუბარი რთულია.
აღელვებისთვის პერიოდულად ბოდიშს იხდიან, რთულ ცხოვრებას, ომს, ტყვეობას, უსახლკარობას, იმედგაცრუებას და დაუფასებლობის შეგრძნებას იმიზეზებენ. ეს გამოცდილება ყველასთვის საერთოა, ამიტომ კამათისა და ზოგიერთ საკითხზე მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ერთმანეთის კარგად ესმით.

შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილებთან, თამარის დასახლებაში
საუბარი იმ იმედისა და მოლოდინების განხილვით დავიწყეთ, რომლითაც ეს ადამიანები აგერ უკვე 33 წელია ცხოვრობენ – აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივა.
დისკუსია მალევე ქვეყნის უახლესი ისტორიის სწავლების მნიშვნელობას შეეხო, შემდეგ კი სოციალური პრობლემების განხილვას.
- „მთავრობა უნდა ლაპარაკობდეს აფხაზეთზე“… „ას ლარს გვაძლევენ ვეტერანებს, მათხოვარივით“
„ჩვენი დაბრუნების პერსპექტივა არის დამოკიდებული მთავრობაზე. მთავრობა არ ეწევა არანაირ პროპაგანდას. არც ტელევიზიაში, არც წიგნებში … თუ არსებობს აფხაზეთი, ამბობს ვინმე?! არ ამბობენ. აგიტაცია არ არის, არაფერი არ არის”, – ამბობს ვაგული დოლბაძე – „ტელევიზიაში უნდა გადიოდეს სიუჟეტები, მთავრობამ, ხალხმა, ვეტერანებმა და ყველამ უნდა ილაპარაკოს, ახალგაზრდა თაობას უნდა ვასწავლოთ, რა არის აფხაზეთი, ვინ ცხოვრობდა, ახლა ვინ ცხოვრობს, როგორ ვიყავით, როგორ ვცხოვრობდით … ჰკითხე აბა მე-10 კლასელს, თუ იცის რამე. აფხაზეთში სკოლიდანვე ასწავლიან, რომ ქართველები მტრებია, აქ რატომ არ ასწავლიან რამეს?”
„ახალი ისტორიის წიგნში შეიტანა ვინმემ ის ფაქტები, რაც გადაიტანა 1992 წელს ხალხმა?” – გაბრაზებით სვამს რიტორიკულ კითხვას ირაკლი ტყებუჩავა.
ისტორიის სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა თამაზ გელენიძისთვისაც.
„ქართულის, ან ისტორიის წიგნი აიღეთ, არავინ არ ამბობს იმას, აფხაზეთის ომში რა იყო და რა არა. ისევ იმ აფხაზეთის ომის მეომრები, ვინც ვიყავით, გამოდიან, ვხედავ ტელევიზორში რაღაცას რომ ამბობენ დღესასწაულებზე. სხვა დროს არავინ არაფერს ამბობს.
„საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტია, არის ბატონი გენერალი კობა კობალაძე, იმან არ იცის რა ხდებოდა აფხაზეთში? იქ რომ არიან, ის ხალხი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ისინი ვერ გამოვლენ, იმიტომ, რომ ამ მთავრობას ემხრობიან, მათ უკრავენ ტაშს. მე არავის არ ვუკრავ ტაშს – არც ეს მთავრობა მინდა, არც ვინც იყო და ვინც მოვა, ისიც არ მინდა” – ამბობს ის.
„აბა, რა გინდა?” – აწყვეტინებს მეზობელი.
„მთავრობა რომელია ჩემთვის კაი?! არც ერთი. 100 ლარს მაძლევენ მე, მათხოვარივით. წადი ამერიკაში ან სადმე, ნახეთ ვეტერანებს რა პატივს სცემენ. ჩვენ ჯერ 22 ლარი გვქონდა, ახლა 100 ლარი – სამათხოვრო”, – ამბობს თამაზი და საუბარი ისევ იცვლის მიმართულებას.
- „როგორც დევნილს, გაძლევენ 45 ლარს. რა უნდა ელაპარაკო ამ მთავრობას?!”
„ისე, 22 ლარი არის ვეტერანის ფული. 100 ლარი იცი ვის აქვს? – ვინც პენსიაზე გავიდა, მაგას მისცენ. თუ შშმ პირია ვეტერანი, 100 ლარს კი არა, 22 ლარს აძლევენ” – განმარტავს მადონა კოპალიანი – „ასეთი უკუღმა კანონი საიდან მოვიდა? ჩემი ძმა მივიდა და ეუბნება, ვეტერანი ვარო და ჯგუფი მაქვსო [მე-2 ჯგუფის შშმ პირი], პენსიაზე რომ გახვალ, მერე მოგცემთო. 22 ლარი აქვს ახლა. შშმ პირს უფრო არ სჭირდება ის 100 ლარი?“
ვეტერანის პენსია, დევნილების დახმარება, ჯანდაცვის დაფინანსება და სხვა სოციალური თემები ყველაზე მტკივნეული საკითხებია დევნილებისთვის.

ვაგული დოლბაძე
„როგორც დევნილს, თავი რომ ირჩინო, გაძლევენ 45 ლარს. რა უნდა ელაპარაკო ამ მთავრობას?!” – ამბობს მურმან კოპალიანი.
„ეს 45 ლარი ვერაფრით ვერ გაიზარდა. 45 ლარით რა ვიყიდო ახლა – შაქარი, ზეთი, პური, კარტოფილი, ხახვი?” – საუბარში ერთვება ველოდი გოგუა.
„100 ლარს აძლევ ვეტერანს, რომელსაც ხვალ რომ საქმე საქმეზე წავიდეს, ის ვეტერანები, ნახევარზე მეტი, ისევ იარაღს აიღებს ხელში” – ბრაზობს თამაზ გელენიძე.
„შენ რომ გაძლიოს ის ფული, მერე ოქროს ზოდებს ვინ შეინახავს?“ – გამოეპასუხა მას მეორე თამაზი, ჩაკვეტაძე.
„მიხვალ ვეტერანი საავადმყოფოში და იმას უნდა უცადო, როდის დაგაფინანსებენ და როდის არა. იქნებ სული ამოგდის უკვე?!“ – ამჯერად ჯანდაცვის პრობლემებზე წუხს ველოდი გოგუა.
„33 წელი გავიდა და რაღაცნაირად გადავიტანეთ ყველაფერი. ვინც ვერ გადაიტანა, დაიხოცა. ჩვენ, ვინც ვართ, ახლა ყველაზე მეტად ეს გვიჭირს [ჯანმრთელობის დაფინანსება]”, – სინანულით ამბობს მადონა კოპალიანი.
„ჩვენ ბათუმის მერია უფრო მეტ პატივს გვცემს, ვიდრე საქართველოს ვეტერანთა სამსახური: უფასო მგზავრობა გინდა, დაფინანსება გინდა მერიიდან, წამლები გინდა თუ რა გინდა,” – ამბობს თამაზი.
„რაში გვჭირდება აფხაზეთის მთავრობა? არაფერში არ გვჭირდება!” – წამოიძახა საუბარში ახალშემოსწრებულმა კაცმა.
„ტყუილად არიან იქ, ჩვენთვის არ არის არავინ“ – შეაგება თემურ უგრეხელიძემ.
„ტყუილად კი არ არიან – ჭამენ, სვამენ და კისერს ვერ აბრუნებენ აქეთ. ჩვენთან არც მოდიან, არც გვკითხულობენ – გიჭირს, არ გიჭირს, რას შვრები, რა გინდა…
სამსახურს ვეძებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? შვილები მყავს, შვილიშვილები. რაში მჭირდება მე დათო ფაცაცია [აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი] და ან ჯინჭარაძე [გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე]? საერთოდ გასაუქმებელია” – მეზობელს ეთანხმება ველოგი გოგუა.
„არ არის ცხინვალის მთავრობა და არ იყოს არც აფხაზეთის, მუქთახორებია ყველა” – ისევ იმეორებს ახალშემოსწრებული ჭაღარა კაცი.
„შექმნიან შტაბებს, პარტაქტივს მიიყვანენ და მერე პარტაქტივით აქვთ ხმები, რაღაც ციფრებს გვაჩვენებენ” – გამოეხმაურა მეზობელს ხის ძირას, დაბალ სკამზე მჯდომი კაცი, რომელიც აქამდე მხოლოდ უსმენდა დანარჩენებს.

„ყველაფერს თავი გავანებოთ, მაგრამ ეკლესიაზე [აშენებაზე] პირობა დადეს, 12 კაცი იყო მოსული პარტიიდან, შარვალ-კოსტიუმში ჩაცმული, რა გიჭირთო ბიჭებოო, თქვენ გვერდში ვდგავართო და გადაგვაგდეს და იმის მერე გადაგდებული ვართ. ეკლესია გადააგდეს და იმის მერე რა უნდა დავიჯეროთ?! არ გვწამს, არ გვჯერა” – ამბობს ირაკლი ტყებუჩავა.
„ჰო, დაპირება იციან“, „აბუჩად აგდებაა“ – გამოეხმაურნენ მას მეზობლები.
„აფხაზეთის მთავრობას ფუნქცია არ აქვს. ფორმალურად არიან, ხელფასებს იღებენ, პრემიებს და საქმეს საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. რის კულტურის სამინისტრო ჰყავს აფხაზეთის მთავრობას? რომელი ერთი კულტურული ღონისძიება ჩაატარეს ერთი… მანდ უნდა დაინიშნოს ვინ იცი?! ასეთი დასახლებული პუნქტები რომაა და კარგად გათვითცნობიერებული რომაა აქაურ პრობლემებზე, ისეთი ადამიანი უნდა დანიშნონ. ის კი არა, ესტაფეტასავით რომ გადასცემენ თანამდებობებს – „აჰა შენ და აჰა შენ“. აზრზე არ არიან ხალხს რა უჭირს. მე ვიცი რა გაჭირვება აქვს ხალხი, შენ იცი. ჩვენგან აიყვანონ თითო კადრი” – ამბობს ირაკლი.
„შავი ზღვა ამოავსეს, მილიარდები დახარჯეს და 20 ბინა ვერ ააშენეს, რომ ლტოლვილები შეესახლებინათ”, – გაიხსენა მის გვერდით მდგომმა კაცმა აფხაზეთის ქუჩიდან 15-20 წუთის სავალზე მიმდინარე ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა.
„ამდენ მილიონიან და ამდენ მილიარდიან ქონებებში რომ იხრჩობიან და ვერ არკვევენ, ვინ ჭამა და ვინ გადაჭამა, ვის პრემიის სახით დაუნიშნეს, ვინ ქორწინების საჩუქრად მიიღო და ამ დეკლარაციებს როგორც უნდა, ისე რომ ავსებენ … ხალხის სიტყვა რომ იქნება გაგონებული, აი, მაშინ ბევრი პრობლემა მოგვარდება”, – აფხაზეთის დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას დეკლარაცია გაიხსენა ირაკლი ტყებუჩავამ.
ფაცაცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დის ქმარია 2019 წლიდან. სწორედ ამ პერიოდში გადმოინაცვლა მან კერძოდან საჯარო სექტორში და ამ ხნის განმავლობაში, უკვე 7 წელია, ყოველ წელს საქორწინო საჩუქრად იღებს ფულს, რომლის ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, თუ 2019 წელს, ანუ ქორწინებიდან მალევე მან საქორწინო საჩუქრის სახით 54 ათასი ლარი და 14 500 დოლარი მიიღო, შარშან, 2025 წელს საჩუქრის ღირებულებამ 105 ათასი ლარი და 34 000 დოლარი შეადგინა.
- „სულ იმის ჯავრი მაქვს, ნეიტრალიტეტი არ იძახონ და აფხაზეთი და სამაჩაბლო არ გააჩუქონ“
სოციალურ პრობლემებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკიდან საუბარი საგარეო პოლიტიკაზე გადავიდა. აბესალომ კოპალიანმა დიდხანს ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და შიშებზე, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან მიმართებით აქვს.
ის შიშობს, რომ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მშვიდობის სანაცვლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმის იდეა.
თუ სოციალურ პრობლემებზე აქ ყველა ერთად საუბრობდა, ყველას სურდა საკუთარი გამოცდილების გაზიარება, საგარეო პოლიტიკის ცვლილებასა და მის თანმდევ რისკებზე საუბრისას გაჩუმდნენ და გულისყურით უსმენდნენ მეზობელს და პერიოდულად, თავის დაქნევითა და თანხმობის გამომხატველი შორისდებულებით აგულიანებდნენ.
„აფხაზის და ქართველის დამოკიდებულებაზე თუ ვლაპარაკობთ, როგორი იყო საუკუნეების მანძილზე, რუსეთის ფაქტორს ვერ გამორიცხავ. ქართველებს და აფხაზებს შორის რაც კი მოხდა, ეს რუსებისგან არის ყველაფერი. რუსეთს სულ ჰყავდა საქართველოში საყრდენი. ახლა ოფიციალურად ჰყავს.
მე არ გამიკვირდება, ახლა ნეტრალიტეტს რომ იძახიან ვიღაცები, პარტიები, ხვალ ივანიშვილიც გამოვა და იტყვის ნეიტრალიტეტს, ზეგ გამოვა და იტყვის – დავთმოთ აფხაზეთი, დავთმოთ სამაჩაბლო და იქნება მშვიდობა. კი, გვინდა მშვიდობაო, იტყვის ხალხი, ოღონდ არ ვიომოთ და აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი არ იყოსო – ბრიყვი ხალხი ასე იტყვის.
მე ერთი კაცი ვარ, მაგრამ სულ იმის ჯავრი მაქვს, რომ როგორმე ეს მთავრობა მოვიშოროთ, რომ ასეთი რამე არ მოხდეს – ნეიტრალიტეტი არ იძახონ და აფხაზეთი და სამაჩაბლო არ გაასაჩუქრონ”, – დაასრულა სიტყვა აბესალომ კოპალიანმა.

აბესალომ კოპალიანი და ველოდი გოგუა
პრორუსული პარტიების მიერ დღის წესრიგში დაყენებული საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის განხილვიდან საუბარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოხდის იდეაზე გადავიდა. დევნილთა დასახლების ეზოში შეკრებილი ვეტერანები ისევ ახმაურდნენ. მათთვის ამაზე საუბარიც კი კატეგორიულად მიუღებელია.
„ბოდიში რატომ უნდა მოვუხადოთ, მაინც ვერ ვხვდებით“ – ამბობს ლარა უგრეხელიძე. 33 წლის წინ მან ჭუბერის გზა 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოიარა.
„რა დავაშავეთ ჩვენ ისეთი, რომ აფხაზებს და ოსებს ბოდიში მოვუხადოთ?“ – ვერ გაუგია ველოდი გოგუას.
„ბოდიში მოვუხადო, რომ შვილი მომიკლა?“ – მოულოდნელად ყველას ხმა გადაფარა ხის უკან მდგარი მაღალი კაცის კითხვამ.
აფხაზეთის ომში მას 19 წლის შვილი მოუკლეს.
ყველა გაჩუმდა. ყველამ თავი დახარა.
- „ყველაფერში ურევია რუსეთის ხელი. რუსეთს ვებრძოდი, მე აფხაზებს არ ვებრძოდი“
საუბარი იმასაც შეეხო, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ომამდე და როგორც წარმოუდგენიათ აფხაზებთან თანაცხოვრება მომავალში.
„რუსები რომ არა, ვერც გაბედავდნენ ომს აფხაზები” – ამბობს ველოდი გაგუა.
„ყველაფერში ურევია რუსეთის ხელი. გამსახურდია მოკლეს, კოსტავა მოკლეს, ჩამოიყვანეს შევარდნაძე … ეს რუსს აწყობდა.
რუსეთმა საქართველოსთვის შეარჩია ისეთი დრო, როცა ერი იყო გახლეჩილი, რომ არ ეომათ. ვინც ვიომეთ – მე არ ვიცი საქართველოს რამდენი პროცენტი იყო, მაგრამ ცოტა ვიყავით და ვინც ვიომეთ, საქართველოს ღირსება დავიცავით. წავაგეთ ომი, მაგრამ მე მეამაყება, რომ ვებრძოდი რუსეთს. რუსეთს ვებრძოდი, მე აფხაზებს არ ვებრძოდი”, – ამბობს აბესალომ კოპალიანი.
„კონფლიქტი ხელოვნური იყო, აბა ქართველები და აფხაზები ძალიან კარგად ცხოვრობდით, ვმეგობრობდით, ამხანაგები ვიყავით … მაგრამ რუსს უნდოდა შავი ზღვა, კურორტები უნდა… როცა საქართველო გამოეყო საბჭოთა კავშირს, რუსეთს აღარ დარჩა შავი ზღვა. გააკეთა ეს და წაგვართვეს ჩვენ” – საუბარში ერთვება თამაზი.
იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანური გამოცდილებები ეთნიკური კუთვნილებით არ უნდა შეფასდეს, ველოდი გოგუა საკუთარი ტყვეობის ისტორიას ჰყვება.
„ტყვეობაში ვიყავი და თვითონ აფხაზმა მიშველა – არასდროს არ დამავიწყდება. შენი ცოდვა არ მინდაო და იმან გამომიყვანა, გამომაპარა. თორემ იქ იყო ჩემი მოგვარე, იმან ცხვირი დამინგრია, სიკვდილის კარზე მომაყენა. შენო, რა გვარისა ხარო. გოგუა-მეთქი. მეც გოგუა ვარო. გამიხარდა – ჩემი მოგვარეა, გადავრჩი-მეთქი ტყვეობას. რა ნაცია ხარო, ვუთხარი ქართველი ვარ-მეთქი, ქართველი რაფერ ხარ, შენ მეგრელი ხარო. ისიც მითხრა, ჩვენი წარმოშობა, გოგუების, ჩხოროწყუდან არისო. მე ვუთხარი, მე თუ მეგრელი ვარ, აბა შენ რომელი აფხაზი ხარ-მეთქი და ამის გამო სიკვდილის კარს მიმაყენა. როგორ გამლახავდნენ ახლა – ვერ ვდგებოდი, პირს ვერ ვაღებდი კაცი და მიძახოდენ грузинский обезьян [ქართველი მაიმუნი]. მე ახლა მივიდე და მას გადავხვიო ხელი, შენი ჭირიმე-მეთქი ვუთხრა? არ გამოდის ასე”, – ამბობს ის.
„აბა, არ გდომებია დაბრუნება. იყავი მაშინ აგერ” – გამოეხმაურა მას მეზობელი.
„თავის ერს რომ არ ცნობს ადამიანი, ის ყველასთვისაა მტერი. ის აფხაზებისთვისაც არის მტერი და ქართველებისთვისაც” – თავის პოზიციას განმარტავს ველოდი გოგუა.
„ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. უნდა იცოდეს დიდმაც, პატარამაც, მეომარმაც და ყველამ, რა იყო ზუსტად. ის ჩვენი მოღალატე თუ იყო, ისიც უნდა იცოდე და ვინც გადაგვიმტერა რუსმა – ისიც”, – ასკვნის მურმან კოპალიანი.

ფოტო: „ბათუმელები“
„უფროსები რომ წავა, მერე ახალგაზრდობა მოვა. მე რომ მაქვს ნანახი, ის რომ არ აქვს ჩვენ შვილებს ნანახი, უფრო შერიგდებიან” – ამბობს თამაზი.
მისმა ნათქვამმა საუბრის მიმართულება კიდევ ერთხელ შეცვალა – ყველა თანხმდება, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ომის შემდეგ დაბადებულ თაობას უფრო გაუადვილდება, ვიდრე მათ – ვისაც შვილი მოუკლეს, ვინც თავად იბრძოდა ომში, ვინც ტყვეობაში იყო, ვინც საკუთარი თვალით ნახა ომი.
თუმცა, აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა:
- დაბრუნდებიან თუ არა აფხაზეთში მეორე თაობის დევნილები, ისინი, ვინც დევნილ ოჯახებში, თუმცა ენგურს გამოღმა საქართველოში დაიბადნენ?!
სოხუმელი, გაგრელი თუ გულრიფშელი დევნილები ისე მსჯელობენ შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე, თითქოს ენგურის ხიდთან რუსი სამხედროები არ იდგენენ და მათ თავისუფლად შეეძლოთ არჩება, ბათუმში ურჩევნიათ ცხოვრება, თუ, მაგალითად, ოჩამჩირეში.
„აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ, აქ გახდნენ სტუდენტები, აქ ჰყავთ მეგობრები, თანაკურსელები, თანაკლასელები … სულ არ უნდათ აფხაზეთი. ეს ჩვენ გვაქვს სიყვარული აფხაზეთის” – ამბობს თამაზ გელენიძე.
„არ იცის და იმიტომ“, „შვილი უფროსმა თუ არ წაიყვანა, ისე ის არ წავა იქ“ – გამოეპასუხნენ აქეთ-იქედან.
„ბიჭო, რომ წავიყვანთ, რომ ჩავიყვანთ, რომ ნახავს აფხაზეთი რა არის, ყველას მოუნდება ცხოვრება იქ“ – ამბობს ვაგული დოლბაძე – „ერთი ჩასვლა უნდა და აღარ წამოვლენ იქიდან, რას ლაპარაკობ?!“
„არავის არაფერი არ ექნება და წასვლა მოუნდებათ?! სახლი გვაქვს თუ კარი იქ?!“ – ერთვება საუბარში ლარა უგრეხელიძე.
„მოუნდებთ, მოუნდებათ“ – იმედს არ კარგავს აბესალომ კოპალიანი და ხუმრობით აგრძელებს – „სოხუმში გოგო რომ ჩამოვიდოდა სასწავლებლად, უკან დაბრუნება არ უნდოდა, იქ უნდოდა გათხოვება. ბიჭი რომ იყო, იმას იქაური ცოლი უნდიდა.
გეუბნებით მე თქვენ – როგორც ებრაელებისთვის არის იერუსალიმი, ისე არის ჩვენთვის სოხუმი“.
„სამოთხეა“ – დაიძახა ვიღაცამ შორიდან.
„ახალგაზრდობამ არ იცის, რომ სამოთხეა. ვიცით ჩვენ, ჩვენზე უფროსმა თაობამ, თორემ 25-30 წლის რომ არიან, იმათ არ იციან აფხაზეთი რა არის. არც სოხუმი, არც გაგრა, არ იციან. თუ არ ჩაიყვანე, თუ არ აუხსენი… აქ დაიბადა, სკოლა აქ დაამთავრა, ინსტიტუტი აქ დაამთავრა, ცოლი აქ მოიყვანა, გათხოვდა, რად უნდა იმას აფხაზეთი?!” – რიტორიკულ კითხვას სვამს ველოდი გოგუა.
„რომ გამოვიხურეთ კარი და წამოვედით, მაშინ დაიღუპა ჩვენი საქმე” – ამბობს მურმან კოპალიანი.
დევნილებისთვის ეს ყველაზე სევდიანი საკითხი აღმოჩნდა. ამ სევდამ ჩაანაცვლა ყველა ბრაზი, სინანული, გულის წყვეტა, ნოსტალგია და მოლოდინი, რაც იქამდე გამოხატეს.
საუბარი დასასრულს მიუახლოვდა.
სამომავლო პერსპექტივებზე დაწყებული საუბარი ამავე თემით დასრულდა, ეს პერსპექტივა კი აფხაზეთის ომის ვეტერანებს უკრაინის გამარჯვების გარეშე არ წარმოუდგენიათ:
„რუსეთ-უკრაინის ომზე არის დამოკიდებული დღეს საქართველოს ბედი. რად უნდა ამას პოლიტიკოსობა?! მე წარმომიდგენია ასეთი ვარიანტი: რუსეთმა ომი წააგო, აფხაზებში გამოჩნდება ვინმე, ვინც დაგველაპარაკება… ბოდიშს მოვიხდით, თუ არ მოვიხდით, ეს კაცი [შვილმკვდარი მამა] ახლა რომ გაგიჟებულია, რომ ნახავს, რომ აფხაზეთში ბრუნდება ხალხი, შეურიგდება, მისი ხნის აფხაზს შეურიგდება“ – ამბობს აბესალომ კოპალიანი.
„ღმერთმა ნუ ქნას და უკრაინამ თუ წააგო …“
„ჩვენი ამბავი დამთავრებულია“
„მეორე დღესვე საქართველო ჩაბარდება რუსეთს“
„ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს, არის ის, რომ უკრიანამ მოიგოს”.
ამ იმედით დავემშვიდობეთ აფხაზეთიდან დევნილებსა და ომის ვეტერანებს. ისინი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას კორპუსებისკენ, რომელიც მათი ახალი საცხოვრებელი გახდა, ოღონდ, როგორც ისინი იმედოვნებენ, დროებით – აფხაზეთში დაბრუნებამდე.
„ტყუილად ვილაპარაკეთ ამდენი ნეტა?! თუ წაიკითხავს ვინმე ამ ჟურნალისტის დაწერილს?!” – მომესმა გადალაპარაკების ხმა, როცა ბოლო ვეტერანს დავემშვიდობე და მანქანისკენ გამოვბრუნდი.
ამავე თემაზე:
“ჩემს სიზმრებში ყოველთვის სოხუმში ვარ” – აფხაზეთიდან დევნილი ისტორიკოსის ამბავი






