„30 წელის განმავლობაში ამ სახლზე არაფერი შეუცვლიათ, როგორც ჩემმა მშობლებმა დატოვეს, ისე არის დღემდე”, – გვეუბნება პროფესორი კახა კვაშილავა და მშობლიური სახლის ფოტოს გვაჩვენებს, რომელიც სოხუმში, ტურბაზის უბანში მდებარეობს.
მაშინ, როცა იქ კვაშილავების ოჯახი ცხოვრობდა, სახლის მისამართი იყო კომკავშირის გზატკეცილი #118ა. ახლა ეს ქუჩა მუშნი ხვარწკიას სახელს ატარებს. ხვარწკიას აფხაზულ წყაროებში „აფხაზეთის გმირს“ უწოდებენ, რადგან ის ქართველების წინააღმდეგ ომში დაიღუპა 1992 წლის მიწურულს.
ამ ომში იბრძოდა კახა კვაშილავაც, ისტორიკოსი, რომელიც სოხუმში ცხოვრების, აფხაზებთან ურთიერთობის, ომის, დევნილობის და მშობლიურ სახლში დაბრუნების იმედის შესახებ გვესაუბრა.
ფოტო, რომელსაც პროფესორი კახა კვაშილავა გვაჩვენებს, 2023 წელსაა გადაღებული. როგორც გვითხრა, ფოტო მისმა აფხაზმა მეგობრებმა გამოუგზავნეს, რომლებთანაც „ადამიანური ურთიერთობების“ შენარჩუნების დღემდე ახერხებს, იმ დათქმით, რომ „პოლიტიკაზე ბევრს არ ვსაუბრობთ“.
ფოტო დაბალი რეზოლუციისაა, ამიტომ ბევრი დეტალის გარჩევა ჭირს, მაგრამ კარგად ჩანს მომწვანო ფერის ჭიშკარი. წლებთან ერთად მეტალის ჭიშკარს საღებავი გადასცლია, აქა-იქ აქერცლილა კიდეც, ამიტომ ხასხასა მწვანე ახლა უფრო მქრქალი და გაცრეცილი ჩანს.
კახა კვაშილავა გვიყვება, რომ ეს ჭიშკარი 1989 წელს, მშობლებთან და დასთან ერთად შეღება. მაშინ მე-9 კლასში იყო და აკაკი წერეთლის სახელობის სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში სწავლობდა.
„2-3 წლის წინ გამომიგზავნეს ჩემი სახლის ფოტოები, ქუჩის მხრიდან გადაღებული. ჩანს ჭიშკრის და ჩემი სახლი. მაშინ 30 წელი იყო გასული, რაც ეს ოჯახი დაეუფლა ჩემს სახლს. მე მახსოვს, 1989 წელს, მეცხრე კლასში ვიყავი, ახალი ღობე გავაკეთეთ, მეტალის. ამ ახალ ღობეს მთელი ოჯახი ვღებავდით – მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და მე. აი, იმ საღებავითაა დღემდე შეღებილი ის ღობე. უკვე დაჟანგულია, ჩამოფხეკილი, მაგრამ არ აქვს შეღებილი.
ერთადერთი, რაც „გააკეთა“ ამ ოჯახმა – ეზოში გვქონდა პატარა მოლი, გაზონივით დატოვებული და ეს მოუასფალტებია. დანარჩენი – არაფერი. როგორც დავტოვეთ სახლი, ისეა ახლაც. იმიტომ, რომ ალბათ, ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ეს სახლი მისი საცხოვრისი არ არის. არ ვიცი, ბოლო წლებში რამე შეიცვალა თუ არა, მაგრამ ორიოდე წლის წინ ისე იყო, როგორც ჩვენ დავტოვეთ”, – ამბობს კახა კბაშილავა.
ფოტოზე, ჭიშკრის უკან, ეზოს სიღრმეში, სახლი ჩანს – სახურავი და ფანჯრები. ამ ფანჯრებს მიღმა კახა კვაშილავას საძინებელი ოთახი იყო. ოთახი, რომელშიც მას 19 წლამდე ეძინა. შემდეგ ომი დაიწყო, რომელმაც კვაშილავების ოჯახი, სხვა ათობით ათასი ოჯახის მსგავსად დევნილად აქცია.
33 წელია, რაც კახა კვაშილავას მშობლიურ სახლში არ ყოფილა. თუმცა, დაბრუნების იმედს არ კარგავს.
„მე და ჩვენი ოჯახი შევაღებთ ამ ჭიშკარს!” – წერს კვაშილავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

კახა კვაშილავას მშობლიური სახლი სოხუმში
- ცხოვრება სოხუმში
კახა კვაშილავა გვიყვება, რომ სოხუმში გაიზარდა, ძალიან მრავალეთნიკურ უბანში. იქ, სადაც ერთად ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, ბერძნები, სომხები, აფხაზები.
მისი თქმით, 1980-იანი წლებში თანდათან უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა დაძაბულობა ხალხს შორის. „ბათუმელებთან“ საუბრისას კახა კვაშილავამ გაიხსენა რამდენიმე ისტორია ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდიდან, ის, რაც განსაკუთრებით მძაფრად ახსოვს დღემდე.
„სკოლის გვერდით, ჩვენს უბანში იყო სასურსათო მაღაზია, სადაც შევდიოდით ხოლმე ტკბილეულობის საყიდლად. ერთხელ, მახსოვს, სკოლიდან ვბრუნდებოდი – ძალიან პატარა ვარ, მეოთხეკლასელი – შევედით ამ მაღაზიაში. ხურდა გვქონდა და კანფეტის ყიდვა გვინდოდა. მაღაზიის გამყიდველმა [აფხაზმა] ქალმა, რომელიც შემდეგ წლების განმავლობაში იქ მუშაობდა, გვითხრა: „მე კანფეტს ქართველებზე არ ვყიდი“. ეს იყო ჩემთვის შოკი. ეს იყო 1984 წელი. ადრეული გაზაფხული იყო, მახსოვს, ჯერ კიდევ თბლად გვეცვა. ისიც კი მახსოვს, რომ წვიმიანი ამინდი იყო. იმის შემდეგ მე მაღაზიაში არ შევსულვარ. თუმცა, ამ ქალს ყოველთვის ვხედავდი – ფართო, ღია ვიტრაჟები ჰქონდა მაღაზიას. „Я грузинам ничего не продам“ [ქართველებზე არაფერს ვყიდი] – ეს ფრაზა ჩამრჩა ყურში.
სახლში რომ მოვედი, მშობლებს ვუთხარი. მთლად არც გაჰკვირვებიათ. მართალია, ჩვენ გვყავდა აფხაზი ნათესავები, დაკავშირებულები ვიყავით ოჯახებით, მე ახლაც მყავს აფხაზი მეგობრები, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ და რომლებთანაც შენარჩუნებული მაქვს კონტაქტი, მაგრამ იყვნენ ასე სეპარატისტულად განწყობილი ადამიანებიც. არსებობდა ეს სეპარატიზმი, რომელიც რაღაც პერიოდი მიჩქმალული იყო, მაგრამ ხალხი გრძნობდა ამას. შემდეგ, განსაკუთრებით 80-იანი წლების მიწურულს.
ერთ ეპიზოდს გავიხსენებ კიდევ:
1989 წელია. ჩემი სკოლის გვერდით იყო წიგნების მაღაზია და ხშირად, როცა ფული მქონდა, შევდიოდი და ვყიდულობდი წიგნებს. ერთხელ, მახსოვს, მაღაზიიდან რომ გამოვდიოდი, კარებთან მდგარი მოლარე ქალი, ქერათმიანი, ახალგაზრდა გოგო, მიდის იქვე მდგარ კაცებთან და უყვირის: თქვენ [ქართველები] აქედან წაეთრევით, რადგან ეს სომხურ-აფხაზური მიწა არისო. ეს ქალი თვითონ სომეხი იყო.
შემდეგ, ეს ყველაფერი გადავიდა ამ კონფლიქტში.
მახსოვს, 1992 წელია, თბილისშია ეს ომი [სამოქალაქო]. მე სოხუმში მივდივარ. უკვე სკოლა მაქვს დამთავრებული, პირველკურსელი ვარ. მაჩერებს ვიღაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული და ჩრდილოკავკასიური კილოთი მთხოვს პასპორტის ჩვენებას. ვუთხარი, რომ პასპორტი არა მაქვს და რომც მქონდეს, არ მოგცემდი-მეთქი. რატომო და შენ ვინ ხარ-მეთქი, რა უფლებით მაჩერებ, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი ქვეყანაა და შენი არაა-მეთქი. ეტყობა შეგნებული იყო, არაფერი აღარ მითხრა და გამშორდა. 1992 წლის ივლისი იყო. რამდენიმე დღეში დაიწყება ომი”, – იხსენებს სოხუმელი პროფესორი.
- ომის დაწყება – „სიკვდილი მოვიდა უბანში“
„ჩვეულებრივი დღე იყო, 14 აგვისტო. დღის 1-ის 15 წუთი იყო, როცა გავიგე ავტომატის კაკანი. პირველი შეტაკება მოხდა ჩვენი სახლიდან ერთ კილომეტრში. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდება, რაღაც ცუდი დაიწყო. შიშიც იყო. სიკვდილიც მოვიდა უბანში. საშინელება იყო.
იყო თუ არა მოულოდნელი? არა, ომი მოულოდნელი არ იყო.
ჩანდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ მაინც დაიწყებოდა. იმიტომ, რომ ისეთი პროცესი იყო დაწყებული, რომ ვერაფერი შეაჩერებდა.
დღეს ამბობენ ხოლმე, რომ მეტი ცივი გონება, ნაკლები ემოციურობა, მეტი საუბარი ომს არ მოიტანდა. ტყუილია. ტყუილია, იმიტომ რომ ყველა რესურსი ამოწურული იყო. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რესურსი ამოუწურავი არ არისო. არა, რესურსი ამოწურული იყო. ყველანაირ დათმობაზე ქართველი წასული იყო. ყველაზე მთავარი დათმობა, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მისმა ხელისუფლებამ მიიღო, იყო ის საარჩევნო კანონმდებლობა აფხაზეთში, რომელიც ეთნიკურ უმრავლესობას უმცირესობაში აყენებდა.
ყველაფერი დათმობილი იყო. მაგრამ იქითა მხარე, რუსეთის მხარდაჭერით, რუსეთის წაქეზებით მიზნად ისახავდა უქართველებო აფხაზეთს. ამას ვერცერთი ქართველი ვერ დაუშვებდა. ის, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს ქართველობა იქიდან გაიყარა, ეს იყო უბრალოდ თვითგადარჩენა. იმიტომ, რომ მოდიოდა ძალიან დაუნდობელი ძალა, რომელსაც არ ჰქონდა შებრალების უნარი, რომელიც ემპათიისგან სრულიად დაცლილი იყო. ვგულისხმობ რუსებს და აფხაზებსაც. იმათ, ვინც ომობდა.
თუმცა, ბევრი აფხაზი გახდა დევნილი – ისინი წამოვიდნენ ქართველებთან ერთად. ისეთები, რომლებისთვისაც ეს ომი მიუღებელი იყო.
ეს ომი მათთვის განსაკუთრებით ძალიან დიდი ტრაგედია იყო. მაგალითად, 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად მოკლეს აფხაზი რაულ ეშბა. რაულ ეშბა, რომლისთვისაც აფხაზეთის განვითარება და აფხაზი ხალხის გადარჩენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ქართველებთან თანაცხოვრებით და არა პირიქით. ეს ადამიანი მოკლეს”, – იხსენებს კახა კვაშილავა.

კახა კვაშილავა თბილისში, გმირთა მემორიალთან, 2021 წლის 27 სექტემბერს,, სოხუმისდაცემის დღეს
- ომში წასვლა – 19 წლის ჯარისკაცი
„18 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო და 19 წლისა მე თვითონ, ჩემი ნებით წავედი ომში.
წავედი ომში, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ კანონი მე, მე როგორც სტუდენტს, მათავისუფლებდა ჯარში წასვლისაგან.
წავედი ომში და 1993 წლის 1-ელი მარტიდან საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვიყავი [სოხუმის დაცემის შემდეგაც]. ეს ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, ძალიან მძიმე, მაგრამ იმედით სავსე. იმედით, რომ ეს ომი დაასრულებდა ყველანაირ სირთულეს. ომმა შეუძლებელია რაღაც დაასრულოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის ბოროტება რაც აფხაზეთში არსებობდა, ამ ომს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.
მაშინ ერთი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს: ჩემი უსაფრთხოებისთვის ვინმე რატომ უნდა მოკვდეს? ვინმეს ზურგს რატომ უნდა ამოვეფარო მე? ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ ვიღაც გარდაცვლილიყო და მე მეგრძნო პასუხისმგებლობა, რომ მან ამით მე დამიცვა.
მეორე მოტივი [ბრძოლაში ჩართვის], რა თქმა უნდა, იყო სამშობლოს დაცვა და სამშობლოს სიყვარული. სამშობლოს სიყვარულში ვგულისხმობ საკუთარი ოჯახის, უბნის, ქალაქის და ზოგადად სამშობლოს დაცვას. რატომ უნდა დამიცვას სხვამ, როდესაც ხელი მაქვს, ფეხი მაქვს, ჯანმრთელობა მიწყობს ხელს …
მეკითხებიან ხოლმე – არ შეგეშინდა? მეშინოდა. რა თქმა უნდა, მეშინოდა, მაგრამ ისე გავიზარდე, ისე მზრდიდნენ ოჯახში, რომ სამშობლოს დაცვა, სამშობლოს სიყვარული უპირველესი იყო.
მე მინახავს ადამიანები, ჩემზე ფიზიკურად ბევრად ძლიერები, აი ხელს რომ დამჭიდებდნენ და დამჭყლეტდნენ – ისეთები, როგორ გარბოდნენ. და ასევე, მინახავს ადამიანები, რომლებსაც უბანში თითით აჩვენებდნენ – ამისგან კაცი არ დადგებაო, ეს მუქთახორააო, ეს ისეთია, ეს ასეთიაო და აი, ასეთმა ადამიანებმა თავი გაწირეს”, – ჰყვება კახა კვაშილავა.
- დევნილობის პირველი წლები ბათუმში
აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ კვაშილავების ოჯახი ბათუმში ჩამოვიდა. ისინი ლერმონტოვის ქუჩაზე, მეზღვაურთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.
მეორე სართულზე, 15 კვადრატული მეტრი დაუთმეს კახას, მის მშობლებს და დას. ოთახში იყო ერთი კარადა, სამი ლოგინი თხელი ლეიბებით, ერთი მაგიდა, სამი სკამი, ერთი გრაფინი და სამი ჭიქა. საპირფარეშოს ოჯახი სხვა, ათობით დევნილ ოჯახთან ერთად იზიარებდნენ.
გაჭირვების, სტრესის, ბუნდოვანი მომავლის მიუხედავად, კახა კვაშილავა ბათუმს კეთილგანწყობითა და მადლიერებით იხსენიებს. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც აქ შეხვდა და რომლებიც ყველაზე რთულ დროს დაეხმარნენ. ბათუმელია მისი ცოლი, შორენა ტარუღიშვილიც.
ომამდე კახა კვაშილავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ისტორიას სწავლობდა. იქ მხოლოდ პირველი კურსის დასრულება მოასწრო. ბათუმში მან სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელსაც დღემდე მის ალმა მატერს უწოდებს.
„მაშინ დეკანი იყო ძალიან კარგი ადამიანი, ბატონი ბიჭიკო დიასამიძე, რომელთანაც მივედი და ვუთხარი, რომ სტუდენტი ვარ და სწავლის გაგრძელება მინდა-მეთქი, მაგრამ არანაირი საბუთი არ მქონდა. ყველაფერი დარჩა სოხუმში. ამ კაცს როგორ უნდა მივეღე?! ცარიელ-ტარიელი ვიყავი. თან პირველი სემესტრი დასრულებული იყო და სადღაც ორ კვირაში ახალი სემესტრი იწყებოდა. მახსოვს, მაგიდაზე ეწყო წიგნები და მითხრა – აი, გაძლევ ერთ კვირას. ეს წიგნები წაიღე. ერთ კვირაში მოდი და გამოცდები ჩააბარე. თუ ჩააბარებ, მივხვდები, რომ ისტორიკოსი ხარო. სრულიად უცნობ ადამიანს გამატანა წიგნები.
ერთ კვირაში მივედი, ჩავაბარე გამოცდები. თუ არ ვცდები, ბატონი აზიზ ახვლედიანი იყო მაშინ რექტორი. მაშინ დამეკითხნენ, თავისუფალი მსმენელი გინდა იყო, თუ ჩვენთან გინდა ისწავლოო. მე ვუთხარი, მირჩევნია თავისუფალი მსმენელი და ის ჩემი დევნილი უნივერსიტეტის დიპლომი ავიღო-მეთქი. თუმცა, ჩემს ალმა-მატერად ყოველთვის რჩება ბსუ. ძალიან კარგი წლები გავატარე იქ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იმ წლებში შეძენილი. ზოგიერთი ჩემი კურსელი უკვე ბსუ-ის ლექტორია”, – გვიყვება კახა კვაშილავა.
როცა აფხაზეთი დატოვეთ, ფიქრობდით, რომ დიდხანს ვერ დაბრუნდებოდით? როდის მიხვდით ამას? – ვკითხეთ კახა კვაშლავას.
„ჩემთვის… მე ახლა გავიაზრე, რომ 33 წელია დევნილი ვარ. არის ეს პასუხი?” – გვითხრა მან.

“მეზღვაურთა სასტუმროში” მცხოვრები დევნილები. 1993 წლის ნოემბერი (ფოტო: კახა კვეშელავა)
- აფხაზი მეგობრები
„მე ახლაც მყავს აფხაზი მეგობრები, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ და რომლებთანაც შენარჩუნებული მაქვს კონტაქტი. პოლიტიკაზე, ძირითადად, ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ ალაგ-ალაგ გამოერევა ხოლმე ეს თემა.
მე პატივს ვცემ ამ ადამიანებს, მათ შეხედულებებს. ისინი ღირსეული ადამიანები არიან.
სოციალურ ქსელში, საკმაოდ მკაცრ პოსტებს ვწერ, ისინი კითხულობენ, მაგრამ არცერთ ჩემს აფხაზ მეგობარს არ გადაუწყვეტია ჩემი ფეისბუქიდან წაშლა. არცერთ მათგანს არ შეუწყვეტია ჩემთან კონტაქტი. დაბადების დღეზე მირეკავენ, ან მომწერენ ხოლმე, სხვადასხვა დღესასწაულებზე, ჩვენ გვაქვს ეს ურთიერთობა.
ზოგჯერ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ვცდილობდეთ რაღაც ძვრას ამ მიმართულებით, მაგრამ თან ვცდილობთ ურთიერთობები შევინარჩუნოთ ადამიანურ დონეზე.
სხვათა შორის, ჩვენი თაობა, ეს ის თაობაა, რომლებიც ერთმანეთს ვიცნობთ. აფხაზეთშიც და ენგურს გამოღმა საქართველოშიც მოვიდა თაობა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ. შესაბამისად, მათ სამეტყველო ენა ერთმანეთთან არა აქვთ. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ”, – ამბობს კახა კვაშილავა.
თქვენი აზრით, რომელი თაობისთვის უფრო მარტივია ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა? თქვენთვის, ვინც იცნობთ ერთმანეთს, ვისაც გიცხოვრიათ ერთმანეთის მეზობლად, თუმცა შემდეგ, გიბრძოლიათ კიდეც ერთმანეთის წინააღმდეგ, თუ ომის შემდეგ დაბადებული თაობისთვის, რომლებიც, მართალია, ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ მათ ერთმანეთის წინააღმდეგ არ უბრძოლიათ? – ვკითხეთ მას.
კახა კვაშილავა ამ შეკითხვას ასე პასუხობს:
„ჩვენთვის. ჩვენი თაობისთვის. ჩვენი თაობისთვის უფრო ადვილია ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ ერთმანეთთან გვისაუბრია. გვიომია კიდევაც, როგორც სწორად შენიშნეთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და შესაბამისად, ჩვენ უფრო მეტად გამოვძებნით ერთმანეთთან მისასვლელ გზებს“.
კახა კვაშილავამ გაიხსენა მისი და მისი მეგობრის, ფრიდონ ქარდავას დიალოგი ამ საკითხზე.
„ბათუმში ცხოვრობს ჩემი მეგობარი, ცნობილი მწერალი ფრიდონ ქარდავა. 2000-იანების დასაწყისში ზუსტად ამ საკითხებზე ვმსჯელობდით. მისი შვილი, ქუჯი, მაშინ ძალიან პატარა იყო, სადღაც 2 თუ 3 წლის. მაშინ ფრიდონმა ასეთი სიტყვა მითხრა: კახა, აფხაზეთის პრობლემა ჩვენმა თაობამ უნდა მოაგვაროს. ქუჯის თაობას ეს არ უნდა დავუტოვოთ, რადგან ქუჯის თაობისთვის ეს არ იქნება იმდენად დიდი ტვირთი, როგორიც ჩვენთვის.
ეს მართალია“, – ამბობს კახა კვაშილავა.
- „გაისად, სოხუმში“
როცა კახა კვაშილავას აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივებზე ვკითხეთ, გაიხსენა, რომ იგივე კითხვა ჯერ კიდევ ბათუმში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების დროს, მეზობელმა დაუსვა.
მაშინ 21-22 წლის იყო და ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ამიტომ კითხვის ავტორს მის ნაცვლად სხვამ უპასუხა.
კახა კვაშილავას დღემდე ახსოვს პასუხი, რომელიც 30 წლის წინ მის ნაცვლად გასცეს.
„ერთ ეპიზოდს გავიხსენებ ბათუმის ცხოვრებიდან. ბათუმში, სადაც დევნილები შეგვასახლეს, სასტუმრო „მეზღვაურის“ აივანზე ვდგავართ და ერთი ასაკოვანი ბატონი მეკითხება: „კახა, შენ ხომ ისტორიკოსი ხარ, რას ფიქრობ, როდის დავბრუნდებით?”
მაშინ მესამე-მეოთხე კურსზე ვიყავი. არ ვიცი-მეთქი ვუთხარი. მეორე ასაკოვანმა კაცმა მითხრა ისეთი რაღაც, რაც დღემდე მახსოვს.
„სვანეთით რომ მოვდიოდითო და ვეკითხებოდით, ჭუბერი საითააო, გვეუბნებოდნენ, აი, ამ მთას რომ გადაივლი უკვე ჭუბერიაო.
ერთი მთა გავიარეთ, ორი მთა გავიარეთ, სამი, ათი მთა და ყოველ ჯერზე ამას გვეუბნებოდნენ. თავიდან გავბრაზდი, რატომ გვატყუებენ-მეთქი და მერე მივხვდი, რომ იმედს არ მიკარგავდნენო. ვიღაცას რომ ეთქვა, 10-15 მთის იქითაა, შეიძლება აღარც გამეგრძელებინა გზა, ან სიშორის შემშინებოდა და იქვე დავღუპულიყავიო. გვატყუებდნენ, რომ აი, ამ მთის იქითაა, მაგრამ იმედს გვაძლევდნენ – იარეთ, იარეთ და აუცილებლად მიხვალთო.
შენ არ მოატყუო ეს კაცი, უბრალოდ უთხარი, რომ გაისად დავბრუნდებითო. იმ იმედით ვიცხოვროთ, რომ გაისად დავბრუნდებით“.
მიუხედავად იმისა, რომ 33-მა წელმა გაიარა, მე, მაგალითად, ყოველდღე ჩემი სახლი მესიზმრება.
ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ჩემს სიზმარში მისი გეოგრაფია აუცილებლად სოხუმია. ის ადამიანები, ვისთანაც მე თბილისში ვურთიერთობ – სამსახურეობრივი იქნება, პირადი თუ მეზობლური ურთიერთობები, ჩემს პროექციაში, სიზმარში, აუცილებლად სოხუმში გადადიან. მე არასდროს არ დამსიზმრებია საკუთარი თავი ბათუმში, თბილისში ან სხვაგან. მხოლოდ სოხუმში მეღვიძება“, – გვეუბნება კახა კვაშილავა.
ისტორიკოსი წუხს, რომ საზოგადოების ნაწილისთვის აფხაზეთში დაბრუნების საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში. მისი თქმით, დროსთან ერთად ადამიანების, მათ შორის, დევნილების ცხოვრებაში ჩნდება სხვა საკითხები, რომლებიც სრულად მოიცავს მათ ყოველდღიურობას, ამიტომ დაბრუნების იდეა „თანდათან იქცევა სადღეგრძელოს ტექსტად“.
კახა კვაშილავა გვესაუბრა ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ საზოგადოებრივ დისკურსში შემოტანილ „ბოდიშის“ იდეაზეც.
„2000-იანი წლების დასაწყისში თითქმის მთელ საქართველოში ბილბორდები იყო: „აფხაზეთი საქართველოა”, „სოხუმი ჩემი სახლია“. თავდაპირველად, სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებდა. მე მინდა საქმის კეთება და არა ის ბილბორდები. მაგრამ დრო გავიდა, არც საქმე გაკეთებულა და ეს ბილბორდებიც მოიხსნა. ჩემთვის უკვე იმ ბილბორდმა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
საზოგადოების ნაწილს აფხაზეთი მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ახსენდება – ლექსს წაიკითხავს, სადღაც სადღეგრძელოს იქნება სუფრასთან და ა.შ. თორემ, ისე იმდენი პრობლემაა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი ჩაიკარგა. სხვა პრობლემებიც მოგვიტანა ცხოვრებამ, ხელისუფლებამ, მთავრობამ, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ამ საკითხმა სადღაც უკან, ძალიან შორ პლანზე გადაიწია.
ბოლო წლებში გამოჩნდა ბოდიშის ნარატივიც. ვის მოვუხადო ბოდიში და რისთვის? კი, ბოდიშის მოხდა, მონანიება ძალიან ქრისტიანული აქტია, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს. ვის წინაშე მოვინანიო? მე დამესხნენ თავს, მე მესროლეს და მე გამომაძევეს. პრობლემა არასდროს მოგვარდება, თუ ჩვენ ცალმხრივად ვთქვით ბოდიში”, – ამბობს ისტორიკოსი.
ამჟამად, კახა კვაშილავა თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიას ასწავლის. ამბობს, რომ სტუდენტებს ხშირად ესაუბრება აფხაზეთზე, ასწავლის, აფიქრებს და ცდილობს, რომ მათთვის ამ თემამ არ დაკარგოს მნიშვნელობა.
„ხშირად ვესაუბრები აფხაზეთზე ჩემს სტუდენტებს, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი არ არი აფხაზეთელი. ვცდილობ რაღაც დავალება მივცე აფხაზეთზე, ვაფიქრო ამაზე.
აფხაზეთის პრობლემა არ უნდა იყოს მხოლოდ დევნილი საზოგადოების პრობლემა. თუ ეს მხოლოდ დევნილი საზოგადოების პრობლემა იქნება, ვერასდროს ვერ გადაწყდება.
აფხაზეთის პრობლემა, ცხინვალის პრობლემა საქართველოს საკითხი უნდა იყოს. სრულიად საქართველო ამ ტკივილით უნდა ცხოვრობდეს, ამ ამოცანით უნდა ცხოვრობდეს, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას.
საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად. მოვიდა მტერი, მესამე ძალა, რომელსაც რუსი ჰქვია და აგვირია ოჯახი. მაგრამ ჩვენი სიძლიერე იმაში იქნება, თუ მოვძებნით ძალას და ამ პრობლემას მოვაგვარებთ. მოვაგვარებთ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რადგან მეორე ომს ჩვენ ერთმანეთთან ვერ ავიტანთ. მთავარია, უკრაინამ მოიგოს“, – ამბობს კახა კვეშელავა.






