„მოსამართლეების კითხვებიდან გამომდინარე დავინახე, რომ საფრთხეა პარტიების აკრძალვა, მათ შორის, კოალიციის გაფორმების, იგივე „ქართული ქარტიის“ ხელმოწერის გამო… თუ დააკვირდებით, 2023 წლის აქციებს, „რუსული კანონის“ აქციასაც კი – ყველაფერს ძალადობრივად აცხადებენ და იქ მონაწილეობაც კი, უკვე პარტიის აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ასევე გამოიკვეთა პოლიტპატიმრების თემა, რაც შეიძლება გამოიყენონ პარტიების აკრძალვის საფუძვლად. მოსამართლეებისგან ამ სახის შეკითხვები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი იყო,“ – მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე. იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტია და წლებია წარმოადგენს სხვადასხვა მოსარჩელეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
„პარტიების აკრძალვის საქმის“ პროცესებზე დაკვირვებამ და კონკრეტულად მოსამართლეების მიერ დასმულმა შეკითხვებმა გიორგი გოცირიძეს ეს შთაბეჭდილება შეუქმნა.
რას ნიშნავდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განსაკუთრებული აქცენტი „ვეტინგზე“, ანუ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, ამან რა აჩვენა? – „ბათუმელებმა“ გიორგი გოცირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი კონსტიტუციონალისტია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი:
- ბატონო გიორგი, „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვის პროცესში გამოჩნდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიკერძოებულობა „ოცნების“ სასარგებლოდ? მაგალითად, ვეტინგი „ოცნების“ სარჩელში ნახსენები არაა, ამ დროს მოსამართლეები ოპოზიციონერებს პასუხს სთხოვენ: მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას [ვეტინგი], რატომ ითხოვთო?
დიახ, მოსარჩელე მოიხსენიებს მხოლოდ „ქართულ ქარტიას“ [2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმას „ქართულ ქარტიას“ პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს] იმ კონტექსტში, რომ ეს ხუთი პოლიტიკური პარტია, ვის ანტიკონსტიტუციურად მიჩნევასაც „ოცნება“ ითხოვს, არის ერთი ორგანიზმი.
მოსარჩელის აზრით, ეს პარტიები ერთმანეთის ქმედებაზე აგებენ პასუხს. მაგალითად, 2004-დან 2012 წლამდე რაღაც ქმედება რომ ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამაზე „ლელოა“ პასუხისმგებელი, რადგან „ქართული ქარტიიდან“ გამომდინარე ჩანს, რომ არის ერთიანი ორგანიზმიო. აი, ამ კონტექსტშია „ქართული ქარტია“ ნახსენები სარჩელში.
ეს ქარტია [ქარტია ითვალისწინებდა „ვეტინგს“ სხვა მოთხოვნებთან ერთად] მოსამართლეებმა გამოიყენეს ისე, რომ მოპასუხე მხარეს [ოპოზიციურ პარტიებს] მოსთხოვეს პასუხი ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელში პირდაპირ არაფერი არ წერია.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ მოსამართლეებმა ისე წარმოაჩინეს „ვეტინგი“, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა.
მინდა განვმარტო აქვე, რომ ვეტინგის დროს არ მოწმდება: რამდენად კანონიერი, ან დასაბუთებულია სასამართლოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგალითად უზენაესი, საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ე.წ. ვეტინგის დროს მოწმდება მოსამართლის კეთილსინდისიერება, მათ შორის ის, თუ რამდენად არაკორუმპირებულია მოსამართლე. მოწმდება მოსამართლეების ქონებრივი დეკლარაციები და ქონება, რომელიც მოსამართლეს გააჩნია, ქონების წარმომავლობის წყარო რამდენად კანონიერია.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მოსამართლის კეთილსინდისიერება არის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა.

გიორგი გოცირიძე
მე ვაწარმოებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, რომელიც ეხება, მაგალითად, თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგების გასაჩივრებას. მაშინ საჯარო სამსახურის ბიურომ შეამოწმა ბატონი თადუმაძის დეკლარაცია და ამ შემოწმების, ინსპექტირების შედეგები გასაიდუმლოებულია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ დეკლარაციაში ყველაფერი წესრიგში არ იყო.
ეს გასაიდუმლოვდა იმის გამო, რომ ბატონმა თადუმაძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, ამ დეკლარაციის მონაცემები, შემოწმების მონაცემები არ ყოფილიყო გასაჯაროებული, ვინაიდან მის რეპუტაციას ზიანი მიადგებოდა მონაცემების გასაჯაროებით.
სხვათა შორის, ბატონი თადუმაძე წავიდა უზენაესი სასამართლოდან, მაგრამ დღემდე უცნობია ამ დეკლარაციის მონაცემები. ცნობილ საქმეში „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ თადუმაძის მონაწილეობა არღვევდა მიუკერძოებელი სასამართლოს მოთხოვნებს. ის იყო გენერალური პროკურორი, იძიებდა კონკრეტულ საქმეს და მისი მონაწილეობა უზენაეს სასამართლოში მოსამართლის სტატუსით არღვევდა მიუკერძოებლობის მოთხოვნებს.
სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების შემდგომ ბატონმა თადუმაძემ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
დააკვირდით: პროცესზე რევაზ ნადარაიამ დასვა შეკითხვა: რად გვინდა უცხოელის მოწვევა, როდესაც არსებობს მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმების საშუალება? ადრე არსებობდა ანტიკორუფციული ბიურო, ახლა არსებობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც ევალება მოსამართლეების დეკლარაციის შემოწმება.
მაგრამ ჩვენს ორგანიზაციას, საიას ჰქონდა განცხადება 2024 წელს: ანტიკორუფციულმა ბიურომ, ბატონმა რაჟდენ კუპრაშვილმა, გადაწყვიტა 300-მდე თანამდებობის პირის დეკლარაციის შემოწმება. მაშინ მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, სერგო მეთოფიშვილმა [ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა] და ვასილ მშვენიერაძემ [თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე] მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს მათი დეკლარაციების შემოწმების პროცესის შეჩერება.
მათი დასაბუთება იყო ის, რომ ეს ზიანს მიაყენებდა სასამართლოს ავტორიტეტს და მოსამართლეების დისკრედიტაცია მოხდებოდა.
- სასამართლომაც შეაჩერა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი?
კი ბატონო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტომატურად დააკმაყოფილა მოსამართლეების ეს მოთხოვნა. ქვეყნის შიგნით არის ეს ვითარება: როგორც კი მოსამართლის დეკლარაციის და განსაკუთრებით გავლენიანი მოსამართლის დეკლარაციის შემოწმებას გადაწყვეტ, ასეთ მექანიზმს იყენებენ, რომ ეს მოსამართლე მიმართავს სასამართლოს და სასამართლო მომენტალურად შეაჩერებს დეკლარაციის ინსპექტირების პროცესს.
სერგო მეთოფიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც ეს შესაძლებლობა გამოიყენა. ბუნებრივია, ქვეყნის შიდა მექანიზმები ამ კუთხით არ არის გამართული და არ მუშაობს სათანადოდ.
მართლმსაჯულების კოალიციის 2024 წლის განცხადებას თუ ვნახავთ, იქ წერია ასეთი რამ, რომ კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს თავისი დეკლარაციის შემოწმება. იმ დროს სახელმწიფო სტრუქტურა იყო ანტიკორუფციული სამსახური, დღეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ამ დეკლარაციის შემოწმების შიში კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რომელსაც შემოსავალი აქვს კანონიერად და მისი შემოსავალი დასაბუთებულია, არ უნდა ეშინოდეს.
ბუნებრივია, გამოჩნდა ის, რომ მოსამართლეებს ძალიან აწუხებთ ე.წ. ვეტინგი. სუვერენიტეტის დარღვევით თუ ამართლებენ ამას, როდესაც რაჟდენ კუპრაშვილი ატარებდა ამას – ქართველი ადამიანი – მათ ხელი შეუშალეს ამ პროცესსაც.
- მოსამართლე ევა გოცირიძემ იკითხა, რამდენად შეესაბამება ე.წ. ვეტინგი „ეროვნული თავმოყვარეობის და სუვერენიტეტის საკითხს“. ერთია, რომ მოსამართლეს შეიძლება არ მოსწონს „ვეტინგი“, მაგრამ როცა საქმის განმხილველი მოსამართლის შეკითხვის ფორმულირება ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ რიტორიკას, ეს რას ნიშნავს?
მოსამართლის ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ნამდვილად ეროვნულ თავმოყვარეობას აკმაყოფილებდა 2024 წლის ინსპექტირება, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილის მიერ ორგანიზებული, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბატონმა მოსამართლეებმა არ მოისურვეს ის, რომ მათი დეკლარაცია ყოფილიყო შემოწმებული.
- ევროკომისიის საქართველოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებში არ ახსენებს ვეტინგს, მაგრამ ერთ-ერთი პირობა 2024 წლის გაფართოების ანგარიშში შეეხებოდა სწორედ „მართლმსაჯულების სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახლა შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმის დანერგვას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება“. გამოდის, რომ სასამართლო ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას?
დიახ, ეს ჩანაწერი ნიშნავს „ვეტინგს“, ანუ მოსამართლეების პატიოსნების შემოწმებას: რამდენად არაკორუმპირებულია? ჩვენთან „ექსტრაორდინარული“ კი არა, ორდინალური მექანიზმიც კი, აღარ არსებობს მოსამართლეებთან მიმართებით.
მოსამართლეები მიკერძოებულად და ძალიან მწვავედ აღიქვამენ ამ საკითხს. ის საკითხი დააყენეს საქმის განხილვის დროს, რაზეც მოსარჩელე მხარეც კი პირდაპირ არ აპელირებდა. აი, არჩილ გორდულაძემაც კი არ თქვა, რომ „ვეტინგი“ არის სუვერენიტეტის ხელყოფის საშუალება.
მე ვიტყოდი, რომ სუვერენიტეტი ნამდვილად არ ანერვიულებთ ამ მოსამართლეებს, ანერვიულებთ ის, რომ მათი ქონების წარმომავლობა იქნება შესწავლილი და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი.
სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევები გავიხსენოთ: „ვეტინგი“ ტარდება ალბანეთში, მოლდოვაში, უკრაინაში. ეს არ არის რამე ისეთი ნოუ-ჰაუ, შემთხვევა, რომელიც მხოლოდ საქართველოს მიემართება.
- ამ პროცესებიდან გააძევეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. ის წერდა ფეისბუკგვერდზე, რომ მოსამართლეები სპეციალურად სვამენ შეკითხვებს ვეტინგზე იმიტომ, რომ „სასამართლო გავიდეს იმაზე, რომ პროგრამა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“. რას გვეტყვით ამ შთაბეჭდილებაზე?
ძალიან საინტერესო იქნება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში წავიკითხავთ იმას, რომ „ვეტინგი“ არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს.
თუ მოსამართლეები გადაწყვეტილებაში იმას ჩაწერენ, რომ ჩვენი კეთილსინდისიერების შემოწმება არის ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა და ამისთვის პარტია უნდა გაუქმდესო, ეს ძალიან საინტერესო იქნება.
- საინტერესო, თუ დამღუპველი? ამით სასამართლო დაადასტურებს, რომ მიუღებელია ევროინტეგრაცია?
არ ვიცი, ეს რაში ჯდება საერთოდ. თუ კონსტიტუციას ვნახავთ, იქ წერია, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავების კრიტერიუმი არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. კეთილსინდისიერებაში იგულისხმება ის, რომ არ უნდა იყო კორუმპირებული.
თუ ხარ კორუმპირებული, არ აკმაყოფილებ მოსამართლის თანამდებობის დაკავების კრიტერიუმს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, უცხოელ ექსპერტს ექნება შენი კეთილსინდისიერების შემოწმების შესაძლებლობა, თუ შიდა სახელმწიფო ორგანოს – მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან ანტიკორუფციულ ბიუროს.
- კიდევ რა ნაწილში გამოჩნდა მოსამართლეების მიკერძოებულობა? მაგალითად, ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს – მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც „ოცნებისთვისაც“ მისაღები იყო და ამის შესახებ პლენუმის გადაწყვეტილებამდე განაცხადეს.
ამ ნაწილში საინტერესო იყო, მაგალითად, მედიის თავისუფლების შეზღუდვა. მოგეხსენებათ, სარჩელში ერთ-ერთ საკითხად ესაა მითითებული და დასახელებულია სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის, „ბათუმელების“ ყოფილი ჟურნალისტი, ნათია როყვა. სარჩელში თავად „ბათუმელები“ არ ჩაწერეს… თითოეული ეს შემთხვევა დასადგენია, რა იყო ფაქტი. რატომ არ მიიწვიეს ამ მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის, ნათია როყვა, ან „ბათუმელები“?
ერთ-ერთი შუამდგომლობა ამას ეხებოდა, რომ წარმოედგინათ მედიასაშუალებები, რაც არ დაკმაყოფილდა. სარჩელში „ტელეარხი 25“ არის ასევე ნახსენები, სადაც 2004-2012 წლების პერიოდში თქვენც მუშაობდით… „კავკასიაც“ არის ნახსენები. რატომ არ მიიწვიეს დათო აქუბარდია, ან ნინო ჯანგირაშვილი?
- ესეც აჩვენებს სასამართლოს მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებას? მოწმის გარეშე როგორ უნდა დაადგინოს სასამართლომ, რა არის ფაქტი? მოწმების წარმოდგენაზე კი, სასამართლომ უარი თქვა… „ოცნება“ მედიის შეზღუდვის თემაზე საუბრის დროსაც ეყრდნობა ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას, მაგრამ იგივე საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა სარჩელის [ენმ ითხოვდა წულუკიანის კომისიის დასკვნის ანტიკონსტიტუციურად ცნობას] პასუხად თქვა, რომ ამ კომისიის დასკვნა „პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია“, იგი ვერ გამოიწვევს სამართლებრივ შედეგსო.
ცხადია, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პირველწყარო, თან როცა ამის საშუალება არსებობს და შესაძლებელი იყო შესაბამისი მედიასაშუალებების წარმოდგენა პროცესზე. ქალბატონი ევას გამოსვლა დამამახსოვრდა, რომ აი, მედიასაშუალებების უფლებები და სიტყვის თავისუფლება სისტემურად ირღვეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროსო.
სანამ ასეთ დასკვნას გავაკეთებთ, ხომ არ ჯობია, მათ შორის, მედიას მოვუსმინოთ? ბუნებრივია, მართლაც მძიმე მდგომარეობა იყო მედიაში, მაგრამ ხომ ჯობია, რომ მოვუსმინოთ პირველწყაროს და ისე დავადგინოთ, რა იყო ფაქტი?
- არაერთ რეზონანსულ შემთხვევაზე, მაგალითად, „მოსმენების საქმეზე“ 7 წელია სასამართლო გადაწყვეტილებას არ იღებს. სასამართლოს ჯერ არ განუხილავს „ლელოს“ სარჩელი პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდავი კანონმდებლობის შესახებ. ერთ-ერთი შუამდგომლობა – რაც ასევე არ დაკმაყოფილდა – ამ სარჩელს ეხებოდა: გასაგებია, რომ ჩქარობთ, მაგრამ ვიდრე ჩვენს აკრძალვაზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, მანამდე იქნებ შეცვლილი კანონების კონსტიტუციურობაზე იმსჯელოთ, რაზეც სარჩელი 1 წლის წინ შემოვიტანეთო…
დიახ, ამ შემთხვევაში სპეციალური ჩანაწერი გააკეთა „ოცნებამ“ კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, რომ გამონაკლისის სახით პარტიების ანტიკონსტიტუციურად ცნობაზე 9 თვეში გადაწყვეტილებაც უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, 2027 წლის 24 ივნისია ბოლო ვადა ამ სარჩელზე.
მიკერძოება ბევრ რამეში ვნახეთ, მაგრამ, ბუნებრივია, „ლელოს“ სარჩელი პარტიების აკრძალვასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული და მნიშვნელოვანი იყო, რომ ის სარჩელი პრიორიტეტულად განეხილა. „ლელოს“ აქვს გასაჩივრებული ის, რომ კონკრეტულ ინდივიდსაც შეიძლება აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.
- ბოლოს რომ შევაჯამოთ: რა არის მთავარი საფრთხე, რაც უკვე გამოჩნდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვის პროცესში?
მოსამართლეების კითხვებიდან გამომდინარე დავინახე, რომ საფრთხეა პარტიების აკრძალვა, მათ შორის, კოალიციის გაფორმების, იგივე „ქართული ქარტიის“ ხელმოწერის გამო.
ასევე, აქციებში მონაწილეობის საკითხები. თუ დააკვირდებით, 2023 წლის აქციებს, „რუსული კანონის“ აქციასაც კი – ყველაფერს ძალადობრივად აცხადებენ და იქ მონაწილეობაც კი, უკვე პარტიის აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. პარტიასაც კრძალავენ და იმ აქციებსაც შეიძლება ძალადობრივი კვალიფიკაცია მიანიჭონ.
შეკითხვებიდან მე ეს შთაბეჭდილება დამრჩა.
ასევე გამოიკვეთა პოლიტპატიმრების თემა, რაც შეიძლება გამოიყენონ პარტიების აკრძალვის საფუძვლად. მოსამართლეებისგან ამ სახის შეკითხვები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი იყო. პოლიტპატიმრების მიმართ სოლიდარობისთვის პარტიების აკრძალვა რამდენად გამართლებულია, არ ვიცი, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისითაც. სოლიდარობის გამოცხადება, მაგალითად, მზია ამაღლობელისთვის, ანდრო ჭიჭინაძისთვის, რეზო კიკნაძისთვის, ან ნიკოლოზ ჯავახიშვილისთვის – ეს გამოხატვის თავისუფლების პრობლემაცაა.
როდესაც ეს კითხვა ჩნდება [მოსამართლეებისგან], ბუნებრივია, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ამ არგუმენტის საფუძველზე აკრძალონ პარტიები.
- ფიქრობთ, რომ ამ არგუმენტების დასაბუთებაში ჩასაწერად ემზადებიან მოსამართლეები: ძალადობრივი აქციების მოწყობა, პოლიტპატიმრების სოლიდარობა, როცა არსებობს სასამართლოს განაჩენები…
არ ვიცი. ყველაზე შემაშფოთებელი ეს იქნება.
თავისთავად პარტიის აკრძალვა სერიოზული პრობლემაა და მით უმეტეს, ამ დასაბუთებით, რომ პოლიტპატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მე ეს შთაბეჭდილება დამრჩა, როცა პროცესს ვადევნებდი თვალს.





