„ოცნება“ ცდილობს, საკითხი ისე გაასაღოს, თითქოს მხოლოდ 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს, სინამდვილე არის აბსოლუტურად სხვა. 5 პარტიაზე საუბარი „ოცნების“ პროპაგანდაა,“ – აცხადებს გიგა ლემონჯავა, იგი პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერია, იურისტი და საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ინტერესებს იცავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მე-13 დღეა განიხილება „ოპოზიციის აკრძალვის საქმე“. „ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციური ძალები მოქმედებენ, როგორც „ერთიანი ორგანიზმი“ და საფრთხეს უქმნიან საქართველოს დამოუკიდებლობას – უცხოელებს სთხოვენ ჩვენს დასანქცირებას, ან, მაგალითად, საფრთხე შეუქმნეს კონსტიტუციურ წყობილებას: ჩვენს ლეგიტიმაციას არ ცნობენ და ბოიკოტს გვიცხადებენო.
გიგა ლემონჯავას შეფასებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიმდინარე დავაზე „რეალურად ივანიშვილის ხელში პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება იქნება: ვისაც უნდა მისცემს, ვისაც არ უნდა – არ მისცემს,“ – აცხადებს გიგა ლემონჯავა.
როგორ შეეხება 5 პარტიაზე მიღებული გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკურ პარტიებს?
„კონსტიტუციურ სარჩელში მთლიანობაში არის 12 პოლიტიკური პარტია მოხსენიებული სახელწოდებით. ხუთის უშუალო აკრძალვის შესახებ ახლავე მიდის დავა, ხოლო შვიდთან დაკავშირებით არის დათქმა, რომ როგორც კი ისინი შეიძენენ საკმარის ელექტორალურ მხარდაჭერას, მათაც აკრძალავენ.
გასათვალისწინებელია, რომ ამ 7 პარტიის აკრძალვაზე უკვე ზეპირი მოსმენის გარეშე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლომ – მას უკვე ამის საშუალება ექნება.
კანონში შესული ცვლილებებით, „ოცნებამ“ საქმე წინ წაიგდო პრაქტიკულად,“ – ამბობს გიგა ლემონჯავა და დასძენს, რომ ვინც სარჩელში დასახელებული არაა, მათი აკრძალვის მოთხოვნის შემთხვევაში, „სასამართლომ წესით სხდომა უნდა ჩაატაროს“.
სარჩელით „ოცნება“ კონკრეტულად 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს:
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
- „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“
- „ფედერალისტური პარტია“
- „გახარია საქართველოსთვის“
იგივე სარჩელში დასახელებულია კიდევ 7 პოლიტიკური პარტია აი, ამ კონტექსტში:
„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“, „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ,“ – აღნიშნულია „ოცნების“ სარჩელში.
„ამგვარი დანაწესი მსოფლიოში პრაქტიკისთვის არის უცხო. ეს არის ლუსტრაცია მოსარჩელის ამოცანისა, რომ პოლიტიკური პარტიები აკრძალოს არა ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გამო, არამედ მათი ელექტორალური მხარდაჭერის გამო… პარტიებს კრძალავენ იმიტომ, რომ მათში ხედავენ პოლიტიკურ საფრთხეს,“ – ამბობს გიგა ლემონჯავა.
თუმცა ამ ჩანაწერის მიხედვით, გამოდის, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნების“ სარჩელს დააკმაყოფილებს, მყისიერად რეგისტრაციას გაუუქმებენ კონკრეტულ 5 პოლიტიკურ სუბიექტს და არა, მაგალითად, „დროას“, რომელიც ნახსენებია ამ 5 პარტიაში. ეს ასეა იმიტომ, რომ „ოცნებამ“ 2024 წლის საარჩევნოდ კოალიციები და ბლოკები აკრძალა. პარტიები, რომლებიც თავს საერთო პლატფორმაზე ხედავდნენ, თავიანთი პარტიის სიიდან ამოეწერნენ და ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიაში მოხვდნენ.
„დროას“ ერთ-ერთი ლიდერია გიგა ლემონჯავაც, მაგრამ იგი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ საარჩევნო სიაში იყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, მასაც შეეზღუდება პოლიტიკური საქმიანობის უფლება, უშუალოდ პარტიას „დროას“, ან „გირჩის“ აკრძალვისთვის კი, „ოცნებამ“ საკონსტიტუციოს ხელახლა უნდა მიმართოს.
გიგა ლემონჯავას განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მყისიერად აიკრძალება პარტია „ახალი“ და არა კოალიციის სახელით მონაწილე ყველა პარტია. პარტია „ახალი“ იმიტომ, რომ საარჩევნო რეგისტრაციის დროს, 2024 წელს კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა: „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“, „დროამ“ სამართლებრივ ბაზად პარტია „ახალი“ გამოიყენეს.
„ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პარალელურად საქმე გაიმარტივა და ივანიშვილს მარტივად შეეძლება მისთვის არასასურველი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გაუქმება – საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანის პარალელურად, 2025 წლის ოქტომბერში ცვლილებები შევიდა კანონში „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტსა და ორგანულ კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ.
ამ ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის აკრძალულია პარტიული საქმიანობა [მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება], სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე არჩევნებში მონაწილეობა. ეს ცვლილებები მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ.
„ვფიქრობ, წავლენ ინდივიდუალური აკრძალვის გზით… ნებისმიერი ადამიანი, ვისი დაკავშირებაც მოუნდებათ – ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერებია – იმ კონკრეტულ ადამიანთან, ან ადამიანებთან დაკავშირებით „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სასამართლომ 14 დღეში უნდა მიიღოს განჩინება. შენ უბრალოდ შეხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე და ნახავ, რომ თურმე შენთვისაც აუკრძალავთ პოლიტიკური საქმიანობის უფლება.
შესაბამისად, პრობლემა ეს კი არ არის, რომ ახლა, მყისიერად ეს 5 აიკრძალება, თუ 12 – ათასობით ადამიანი დაექვემდებარება ამ აკრძალვას, ნებისმიერი, ვინც ივანიშვილისთვის აღმოჩნდება არასასურველი,“ – გვითხრა გიგა ლემონჯავამ.
დავუშვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა კონკრეტულად ეს 5 პოლიტიკური ძალა, რაც უწერია „ოცნებას“ მოთხოვნად, ხოლო ახალი სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ უარი თქვა. არის შესაძლებელი, სასამართლომ უარი თქვას „ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სადაც იგი, მაგალითად, „გირჩის“ აკრძალვას მოითხოვს?
„რა თქმა უნდა, სამართლებრივად შებოჭილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლო თავისივე გადაწყვეტილებით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გიგა ლემონჯავამ.






