სარფის სასაზღვრო პუნქტის შენობის შესაღებად 230 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი

შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ შენობის ფასადის ღებვის სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 230 ათას 310 ლარია. შენობის ფასადი კვლავ თეთრად შეიღებება.

გამშვები პუნქტის შენობა მიეკუთვნება კოროზიული ზემოქმედების მეექვსე – ძალიან მაღალ (ზღვის) კატეგორიას, ასევე, გამოირჩევა მაღალტენიანობით და ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონით, რისთვისაც, როგორც ტენდერის განაცხადშია აღნიშნული, ფასადის სამღებრო სამუშაოებისთვის შერჩეული იქნა „აკრილის ბაზაზე დამზადებული საღებავი, რომელსაც პოლიმერული თვისებებიდან გამომდინარე გააჩნია ელასტიურობა [მაღლივი კოშკის დინამიური დატვირთვების გათვალისწინებით საჭიროა საღებავი, რომელიც ამ პირობებში არ გაიჩენს ბზარებს] და არის მოცემულ კლიმატურ პირობებთან შესაბამისი“.

ბოლო, დამცავი ფენა [ზედაპირი] უნდა შეესაბამებოდეს შენობის ფასადის არსებულ ფერს, ანუ უნდა იყოს თეთრი ფერის; სამღებრო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 20 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს შეწყდება.

შენობა 2011 წელსაა აგებული და რთული კონფიგურაციისაა. სადამკვირვებლო კოშკი თერთმეტსართულიანია, დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლის. შენობის ზედაპირი, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დალაქავებული და დაზიანებულია გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად – საღებავი ზოგან მოცილებულია, შეიმჩნევა გამოტუტვა და ჟანგის ზედაპირზე გამოსვლა.

ტენდერის პირობით, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი უნდა იყოს.

როგორ ებრძვის ფინეთი და ჩეხეთი უსახლკაროთა პრობლემებს 

ფინეთის დედაქალაქი, ჰელსინკი ის იშვიათი ქალაქია, სადაც ვერ შეხვდებით მოწყალების მთხოვნელებსა და უსახლკაროებს. თუ, მაგალითად, ბრიტანეთში 2010 წლის შემდეგ იმატა უსახლკაროთა რიცხვმა, ჰელსინკში 2007 წლის შემდეგ უსახლკაროთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ფინეთში არაერთხელ შეიცვალა მთავრობა, თუმცა უცვლელი დარჩა ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა – უსახლკარობის დაძლევა, რაც სოციალური პროგრამის საშუალებით – „ყველაზე მთავარი სახლია“, შესაძლებელი გახდა.

1987 წელს ფინეთში 18 000-ზე მეტი უსახლკარო იყო, ეს რიცხვი 2017 წელს 6 600-მდე შემცირდა და მათგან ძალიან მცირეა რაოდენობა, ვისაც გასათევი არსად აქვს.

უსახლკაროთა უმრავლესობა მეგობრებთან, ნათესავებთან ან დროებით საცხოვრებელში ათევს. ღამით ქუჩაში ერთეულები რჩებიან.

ფინეთის ხელისუფლება ცდილობს უსახლკაროებს უმოკლეს ვადაში გადასცეს საცხოვრებელი პირად საკუთრებაში, რის სანაცვლოდაც სახელმწიფო სარგებელს არ იღებს და უსახლკაროებს საცხოვრებლის გადაცემის შემდეგაც არანაირ პირობებს არ უწესებს. მათ ამ სახლებში ცხოვრების ბოლომდე შეუძლიათ დარჩენა.

„არ უნდა არსებობდნენ უსახლკაროები, რომლებიც იძულებით ათევენ ქუჩაში ღამეს, არავინ უნდა კვდებოდეს ქუჩაში. ეს არ იქნებოდა საზოგადოება და ქალაქი, სადაც ვისურვებდით ცხოვრებას“, – აცხადებს BBC-სთან ჰელსინკის ვიცე-მერი, სანა ვესიკანსა.

საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემდეგ ბენეფიციართა განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნავენ ინდივიდუალური უნარების გათვალისწინებით. ეს დიდი მხარდაჭერაა მათთვის, ვინც ცდილობს დაძლიოს ძლიერი დამოკიდებულება ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე.

უსახლკაროთა საცხოვრებლებს საერთო სამზარეულო და ჰოლი აქვს, სადაც მათ ერთად შეკრება და სოციალურ აგენტებთან საუბარი შეუძლიათ.

BBC- ს ინფორმაციით, ფინეთმა დაახლოებით 300 მილიონი ევრო დახარჯა ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომ 3 500 ადამიანი უზრუნველეყო საცხოვრებლით და ხელფასი გადაეხადა 300 სოციალური მუშაკისთვის.

დიდი  ბრიტანეთის ხელისუფლება 32 მილიონ ევროს ხარჯავს საპილოტე პროგრამისთვის, რომლის საშუალებითაც უსახლკაროთათვის 1000 ბინა უნდა შეიძინონ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უსახლკაროთა პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ.

ჩეხეთში 5 წელია მოქმედებს სოციალური პროექტი Pragulic-ი, რომელსაც ალტრუისტული მიზანი აქვს და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს. პროექტის იდეის ავტორები თავდაპირველად ჩეხი სტუდენტები იყვნენ და მათ სურდათ უსახლკაროთათვის მოქმედების არეალი, საარსებო სახსრების გამომუშავების საშუალება მიეცათ.

მაგალითად, თუ პრაღაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ქალაქის გაცნობის ალტერნატიულ ფორმას მიმართოთ და დაიხმაროთ არა ჩვეულებრივი გიდი ჩვეულებრივი ტურისტული სააგენტოდან, არამედ პრაღელი უასხლკაროები. ქალაქის ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიის შესახებ მათგან ვერაფერს მოისმენთ, მაგრამ ნახავთ, სად ათევენ უსახლკაროები, რა ადგილები არსებობს ქალაქში მიუსაფართათვის ზამთრის გადასატანად, ქალაქის რომელი შადრევნების საშუალებით იცავენ პირად ჰიგიენას და  როგორ ცხოვრობენ უჩინარი ადამიანები.

კარიმი, პრაღელი გიდი
ფოტო: BBC

პროექტ Pragulic-ში ჩართულ გიდებს, გარდა იმისა, რომ უხდიან ხელფასს, ფინანსურ დახმარებასაც უწევენ საცხოვრებლის, სამოსის, ტრანსპორტისა და წამლების ხარჯის დასაფარად.

უსახლკაროთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა საქართველოში 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიის მთავარ ამოცანადაა მიჩნეული. თუმცა დღემდე არ არსებობს უსახლკაროთა სტატისტიკა და, შესაბამისად, არც სისტემური პოლიტიკა რეალობის შესაცვლელად. კანონმდებლობის მიხედვით, უსახლკარობის დაძლევად საქართველოს სახელმწიფო საცხოვრებლის გადაცემას მიიჩნევს, ეს მიდგომა კი ხარვეზებითა და არაეფექტურობით გამოირჩევა.

2015-2017 წლებში, მაგალითად, EMC-ს მონაცემებით, უსახლკაროდ დარეგისტრირებისა და თავშესაფრის მთხოვნელი 7000 ადამიანი იყო. 15 თვის განმავლობაში კომისიამ მხოლოდ 732 განაცხადი განიხილა, უსახლკაროს სტატუსი მიანიჭა მხოლოდ 335 პირს და თავშესაფრით მხოლოდ 47 განაცხადი დააკმაყოფილა.

______________

მთავარ ფოტოზე: ყოფილ უსახლკაროთა საცხოვრებელი სახლები ჰელსინკში. ფოტო: BBC

ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 768 746 ლარია.

ამ ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება:

ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელებას იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და ს. თაყაიშვილის ქუჩებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს შეწყდება. სამუშაოები სრულად უნდა განხორციელდეს 450 დღის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან.

ტენდერის პირობების მიხედვით თითოეულ ქუჩაზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს წერილობით შეტყობინებას სამუშაოების დაწყების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი და ვადა კონკრეტულ ქუჩაზე ან მონაკვეთზე; შემსრულებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად ორ, საკუთარი სურვილის შემთხვევაში კი მეტ ქუჩაზეც სამუშაოების ჩატარება.

 

მთავარი ფოტო: ბონი-გოროდოკის დასახლება ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

პარიზში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა

BBC-ს ინფორმაციით, დღეს, 5 თებერვალს, პარიზის ცენტრალური უბნის მე-16 რაიონში, საფეხბურთო სტადიონ Parc des Princes – თან, რვასართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი.

დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან მეხანძრეებიც.

სახანძრო კიბის საშუალებით მეხანძრეებმა 50 მაცხოვრებლის ევაკუირება მოახერხეს.

ხანძარი თავდაპირველად საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და 1970-იანი წლების შენობას მთლიანად მოედო. სახლის მაცხოვრებლთა ნაწილი იძულებული გახდა ახლომდებარე შენობების სახურავებზე გადამძვრალიყო ცეცხლისა და კვამლისგან თავდასაღწევად.

როგორც ფრანგული ტელევიზიები იუწყებიან, სახანძრო სიგნალიზაცია ხანძრის გაჩენიდან არც ისე სწრაფად ამუშავდა, როცა დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერი იყო.

250 მეხანძრე იყო ჩართული სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც BFM TV-თან ყვებიან, რომ სახურავზე თავშეფარებული ხალხის გადასარჩენად ასულებს აპოკალიფსური სურათი დახვდათ, შველას ითხოვდნენ ღია ფანჯრებიდან ის ადამიანებიც, ვინც ხანძარს ვერ გაასწრო და ბინაში დარჩა.

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება 5 საათში შეძლეს. დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გაიზარდოს.

ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილმა ქალმა, თვითმხილველთა ინფორმაციით, მეზობელთან ჩხუბის შემდეგ სახლის ეზოში ავტომანქანის დაწვა სცადა. როგორც პარიზის პროკურორი, რემი ეიტსი ამბობს, ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ქალი სავარაუდოდ ფსიქიკური აშლილობის მქონეა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდების უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე თანხის აღება. სესხის მაქსიმალური ვადა 4 წელია.

ვითიბიში სესხის აღება შესაძლებელი გამარტივებული წესით და შემოსავლების ადგილზევე დადასტურებით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან იწყება, ეფექტური 12,8%-დან.

აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ადევნების საქმე ბათუმის სასამართლოში

ბათუმში მცხოვრებ ბესო ფ.-ს გამოძიება ძალადობას და ადევნებას ედავება. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ქალი ამბობს, რომ ყოფილმა სექსუალურმა პარტნიორმა მას ქუჩაში სცემა, მანამდე კი, ადევნების მსხვერპლი გახდა. დაზარალებული ქალი უკრაინის მოქალაქეა.

დღეს, 5 თებერვალს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა დასაშვებად მიიჩნია დაცვის მხარის მტკიცებულება. საუბარია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე, რაც ბრალდებულმა კაცმა სასამართლოში წარმოადგინა.

„ეს არღვევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონს. დაზარალებულს ჯერ არ მიუმართავს ინსპექტორისთვის, მაგრამ სავარაუდოდ მიმართავს…“ – აღნიშნა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში სატელეფონო მიმოწერაა, რაც სასამართლომ ასევე დასაშვებად ცნო. მოსამართლე პროკურორის განმარტებით დაინტერესდა: „რატომ განსხვავდება ამ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება?“ – იკითხა მოსამართლე ლევან გელოვანმა.

პროკურორმა განმარტა, რომ მტკიცებულება პროკურატურას არ მოუპოვებია და სატელეფონო მიმოწერა თავად დაზარალებულმა გადასცა პროკურატურას იმის დასტურად, რომ ის ადევნების მსხვერპლი იყო.

„ჩვენ ტელეფონსაც ამოვიღებდით მაშინ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდით. მსგავსი ქმედების ინიციატორი სასამართლოს გარეშე ვერ ვიქნებოდით,“ – დასძინა პროკურორმა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ თუკი დაცვის მხარის მტკიცებულებას დასაშვებად არ მიიჩნევდა, კანონით დაცული შეჯიბრებითობის და თანაბრობის პრინციპი დაირღვეოდა. მოსამართლემ ასევე გადაწყვიტა, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

სასამართლო მოისმენს დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებასაც, რომელიც ახლა თბილისშია. საქმეშია ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქალს სახის არეში მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ბრალდებული ბესო ფ. სასამართლოს 7 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ქალმა შური ამ ფორმით იძია.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა გვითხრა, რომ კომენტარს არ გვაძლევს, თუმცა ამბავს მოგვიყვა. მისი თქმით, მან დაზარალებულად ცნობილი ქალი მარი კ. დაახლოებით სამი წლის წინ გაიცნო ბათუმში, შემდეგ თავად ჩააკითხა უკრაინაში და ქალი საცხოვრებლად და სამუშაოდ ბათუმში გადმოვიდა.

ბრალდებულის თქმით, მარიმ ბათუმში ჩამოსვლამდე იცოდა, რომ ბესო დაოჯახებული იყო. დაზარალებული ბათუმში ერთ-ერთ სილამაზის სალონში მუშაობდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბრალდებულისვე თქმით, სხვა ქალებთან ეჭვიანობის გამო მარისთან კონფლიქტი ჰქონდა და ისინი გასული წლის ზაფხულში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა ურთიერთობა მაინც გრძელდებოდა.

ბრალდებული ამბობს, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, კონკრეტულად კი ვიდეოჩანაწერები დაადასტურებს, რომ ქალს ადევნებული კი არ იყო, არამედ პირიქით, თავად დაზარალებული სთხოვდა ურთიერთობას და ისინი ზაფხულის შემდეგ ერთად თურქეთშიც კი იმყოფებოდნენ.

ბესო ფ. უარყოფს ფიზიკურ ძალადობასაც. მისი მონათხრობით, მარი კ.-მ მას დეკემბრის ერთ საღამოს ნაქირავები ბინის კარი არ გაუღო, შემდეგ კი, როცა ქუჩაში შეხვდა, მხოლოდ მხრებში მოქაჩა და ჰკითხა, თუ რატომ აკეთებდა ქალი ამას.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ქალი განმარტავს, რომ პარტნიორთან დაშორების შემდეგ მას ბრალდებული მუდმივად უთვალთვალებდა, ტელეფონით შეტყობინებებს უგზავნიდა და სექსუალური ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა. დაზარალებული ასევე ყვება, რომ სამუშაოდ თბილისში გადასვლის გადაწყვეტილება მორიგი ფიზიკური ძალადობისგან თავის ასარიდებლად მიიღო.

პროკურატურის ვერსიით, ბესო ფ.-ს 2016 წლის მარტიდან 2018 წლის ივლისამდე ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ კი, ბრალდებული აკონტროლებდა მ.კ.-ს გადაადგილებას, უთვალთვალებდა მის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, ემუქრებოდა დასახიჩრებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით.

„ურთიერთობის განახლების მოთხოვნით და ეჭვიანობის ნიადაგზე, ტელეფონის მეშვეობით და უკანონო თვალთვალით არაერთხელ დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია დაზარალებულთან. კერძოდ, სისტემატურად უგზავნიდა მას ჯანმრთლობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს და დაზარალებულის საცხოვრებელი ბინის უკანონო თვალთვალის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. ასევე, მან არაერთხელ სცადა დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში შეღწევა და დაზარალებულს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფა. აღნიშნულმა ქმედებებმა დაზარალებულს მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა და მას გაუჩნდა ბრალდებულის მხრიდან ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც დაზარალებული აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი: თავის საცხოვრებელ ბინაში ვერ რჩებოდა მარტო, ქუჩაში გადაადგილდებოდა სხვა პირების თანდასწრებით, მიატოვა სამუშაო ადგილი და საცხოვრებლად ბათუმიდან თბილისში გადავიდა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.

დაზარალებულმა ქალმა პოლიციას გასული წლის 20 დეკემბერს მიმართა. გამოძიების ვერსიით, ამ დღეს ბრალდებულმა მარის სახეში მუშტი ჩაარტყა. „ამის შემდეგ გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ყელში მოუჭირა ხელები და თავი დაარტყმევინა კედელზე, რითაც მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ადევნებად მიიჩნევა: „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული,  ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“

კურორტ გოდერძიზე ხელოვნურ ტბას მოაწყობენ

კურორტ გოდერძიზე ხელოვნური ტბა უნდა მოეწყოს. ტბის ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვ/მ იქნება, რომელიც ზამთარში შესაძლოა გაიყინოს და მასზე ციგურებით ისრიალონ, ხოლო ზაფხულში – წყლის ველოსიპედით ისეირნონ. ტბის ირგვლივ 13 კოტეჯი აშენდება. ეს იმ კომპანიის ვალდებულებაა, რომელსაც კურორტზე 5000 კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ 85 250 ლარად აუქციონის გარეშე მიჰყიდა.

„ზუსტად რამდენ კვადრატულ მეტრს შევარჩევთ ხელოვნური ტბისთვის, ჯერ მონახაზი არ გვაქვს გაკეთებული. ამ საკითხებზე მუშაობას დავიწყებთ, როცა თოვლი გადნება. 3-4 წელი დრო კიდევ გვაქვს და არ ვჩქარობთ. გრძელვადიანი პროექტები გვაქვს აქ. თუმცა, 5000 კვ/მ-ია კოტეჯების მოშენების და 3500-მდე  ტბისთვის იქნება. სპეციალისტები გადაწყვეტენ, რამდენი იქნება ხელოვნური ტბის სიღრმე – 2, შეიძლება 2,5 მეტრი იყოს. ვიზუალის დანიშნულება ექნება, სილამაზისთვის კეთდება. ზამთრის ყინვის დროს შეიძლება გაიყინოს და სასრიალო გავაკეთოთ ზედ, შეიძლება თევზიც ჩავყაროთ და ვინმემ ითევზაოს, ანუ ნაწილი ჩაიგუბოს და ა.შ. ჩანაფიქრი დიდი გვაქვს, თუმცა, დეტალებში ჯერ ვერ შევალთ. ზაფხულში, ტბასთან და ვილებთან მოეწყობა ინფრასტრუქტურა. იქნება დასაჯდომები, შესაძლებელია პატარა ზღვის ველოსიპედებით გასეირნებაც დაგეგმო, ახლა იმ მოცულობის არ იქნება, რომ ვთქვათ, ბევრი ისეირნო,“ – გვითხრეს კომპანია „გთემ გროუპში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ხელოვნური ტბა უნდა გაკეთდეს, ძირითადად ჭაობიანი ადგილია, გამდინარე წყლები გამოდის და წყლის დაგროვება ადვილადაა შესაძლებელი. ტექნოლოგიურად ტბის მოწყობას ამარტივებს ის, რომ პატარა არხიც ჩამოდის იქვე და იქედან შეიძლება წყლის აღება.

როგორ აისახება გარემოზე ხელოვნური ტბა და ხომ არ იქნება საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება? – ამ კითხვაზე პასუხად კომპანიაში გვითხრეს, რომ იქ ისეთს არაფერს ეხებიან, რომ გზშ დასჭირდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხელოვნური ტბა კურორტ გოდერძიზე არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, 2021 წლის 14 ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს. ამასთან „გთემ გროუპი“ ვალდებული იყო, 2018 წლის პირველ ნოემბრამდე დაესრულებინა ხელოვნური ტბის მოწყობის მიზნით საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება და შესათანხმებლად წარედგინა სამინისტროში.

სამინისტროში გვითხრეს, რომ კომპანიას ტბის მოსაწყობად საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაცია ჯერ არ წარუდგენია და ის ვადების შეცვლას ითხოვს.

„კომპანიას წარმოდგენილი აქვს საბანკო გარანტიაც და მასთან დადებულ ხელშეკრულებაში ვადების შეცვლის საკითხზე აჭარის ეკონომიკური საბჭო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს,“ – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროდან წერილობით მიღებულ დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ 2018 წელს ამ კომპანიას „მიეცა დამატებითი ვადა და გათავისუფლდა ვალდებულების შესრულების პირობით 2685,06 ლარის ჯარიმისგან“ [მარტო 2017-18 წლებში აჭარაში 30-ზე მეტ ინვესტორს, ვალდებულების შესრულების პირობით, ჯამში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს].

ტერიტორია, სადაც კოტეჯები უნდა აშენდეს და ხელოვნური ტბა  მოეწყოს, „გთემ გროუპმა“ 2017 წლის დეკემბერში პირდაპირი წესით და 36 თვის ვადაში, არანაკლებ 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიიღო. კომპანიის მესაკუთრე ედნარ პაპუნაიშვილი კი ზურაბ პატარაძის მეგობარია.

პაპუნაიშვილის სხვა კომპანიამ, „ხიდი 2006“-მა, კურორტ გოდერძიზე მოქმედი სასტუმრო „მეტეოც“ შეისყიდა, თუმცა პირობიანი აუქციონით.

„ხიდი 2006“-ის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა. ის ბათუმში რესტორან „სან რემოს“ რეკონსტრუქციასაც გეგმავს. რესტორნის ტერიტორია ბათუმის მერიისგან კომპანიას 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული.

ამ თემაზე:

რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

 

ბათუმში ბინა 139 დევნილ ოჯახს გადაეცემა – სია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართობებს გადასცემს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ბინა 139 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ერთოთახიან ბინას მიიღებს 39 ოჯახი. 

ოროთახიან ბინას – 84 ოჯახი. 

სამოთახიან ბინას მიიღებს 13 ოჯახი. 

ხოლო ოთხოთახიან ბინას მიიღებს სამი ოჯახი. 

სამინისტროს ცნობით, კომისია დამატებით, კრიტერიუმების მიხედვით,  განიხილავს დარჩენილი 25 ბინის განაწილების საკითხსაც.

ბინებს ოჯახები ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ორ 16-სართულიან ახალაშენებულ კორპუსში მიიღებენ.

ამავე თემაზე: 164 დევნილი ოჯახი ბათუმში ბინას მიიღებს – სამინისტროში შესულია 468 განაცხადი

სამინისტროს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

დევნილების მიღება  თბილისში 6 თებერვალს, 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა). ბათუმში, იძულებით გადაადგილებულ პირებს 7 და 8 თებერვალს 11:00 საათიდან შეხვდებიან (მისამართი: ბათუმი, მ.კობახიძის ქ.N119- აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო).

_____________

მთავარ ფოტოზე: ტაბიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსი. 2018 წელი. სახლის მშენებლობა ამჟამად დასრულებულია.

 

ჩემი წილი პროტესტი რუსეთს

წლების განმავლობაში რუსულ ოკუპაციას საქართველოში სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ –  მასიური გამოსვლები, ცოცხალი ჯაჭვი, შეკრებები საოკუპაციო ხაზთან… ასევე, არიან ადამიანები, რომლებმაც ეს პროტესტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოიტანეს – რატომ და რა ფორმით, ამის შესახებ თავად გვიამბობენ.

26 წლის თამარ მჟავანაძე ბათუმში ცხოვრობს, მამა ქართველი ჰყავს, დედა – უკრაინელი.  თამუნა ამბობს, რომ რუსეთის აგრესია მისი მშობლების ორივე ქვეყანას მწვავედ შეეხო. ის თავიდანვე ამ განცდით გაიზარდა, ამიტომაც რუსეთის პოლიტიკის მიმართ პროტესტს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თავისებურად გამოხატავს.

“არასოდეს ვყიდულობ რუსულ პროდუქციას, იქნება ეს საკვები, ტანსაცმელი თუ სხვა ნივთი. მე ვთვლი, რომ ჩემ მიერ მათი ნაწარმოები პროდუქტების შეძენა, არის ერთგვარად მათი დაფინანსება, მათი გაძლიერება… მათი ძალა კი არაერთხელ ძალიან ცუდად აისახა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე… სწორედ ამიტომ არის ეს ჩემი მათდამი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა”, – ამბობს ის.

თამარი რუსულ პროდუქციას შტრიხკოდის პირველი სამი ციფრით: 460-ით ცნობს. „ვიცი, რომ ჩემ მიერ ნაყიდი ერთი თუ ორლარიანი რუსული ორცხობილას ყიდვა მათ ქვეყანას არ ააშენებს, მაგრამ ეს არის ჩემი პატარა წვლილი მთლიან საქმეში. პროტესტი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ქუჩაში და აუცილებლად ბევრი ხალხი გამოვიდეს, ვიყვიროთ და ასე შემდეგ. ვსაუბრობ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, როცა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავთანაც რომ გამოხატოს, თუნდაც მცირედი საპროტესტო ქმედება, რაღაც ძალიან ცუდის და მასშტაბურის წინააღმდეგ“, – ამბობს თამარ მჟავანაძე.

თამარ მჟავანაძე

პაატა ძიძიგური კაფე “ვინილის” ერთ-ერთი მეპატრონეა. იგი მუსიკისა და მედიის დარგშიც საქმიანობს. თუმცა, პირველ რიგში, როგორც მოქალაქე, თავის წილ პროტესტს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იმით გამოხატავს, რომ რუსულ ტელეარხებს არ უყურებს. “რუსულ არხებს ძალიან დიდი ხანია არ ვუყურებ, უბრალოდ იმიტომ, რომ ტყუილის ტირაჟირებაში არ მინდა თუნდაც პასიური მონაწილე ვიყო. ნებისმიერი სათავგადასავლო, დოკუმენტური მონათხრობი წამყვანისა, რატომღაც მთავრდება იმით, თუ როგორი ცუდები არიან მათთვის (რუსეთისთვის) უცხოელები”, – ამბობს პაატა.

რუსეთი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მართლაც აქტიურად მუშაობს. სამოგზაურო, კულინარიული, გასართობი გადაცემები თუ საბავშვო ანიმაციური ფილმები, ირიბად თუ პირდაპირი გზით, ევროპისა და ამერიკის დემონიზაციისა და რუსეთის დადებითი სახით წარმოჩენისკენაა მიმართული.

პაატა ძიძიგური

 

მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან

დღეს, 5 თებერვალს, ბათუმის მერიაში მოქალაქეთა ჯგუფმა განცხადება შეიტანა. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, სთხოვენ, თავი შეიკავოს ბათუმის ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან, ვიდრე მოქალაქეებს არ ექნებათ უსაფრთხოების სრული გარანტია.

წერილს 200-მდე ხელმოწერა აქვს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილის ტექსტს:

„ბოლო ორი თვეა, აქტიურად მიმდინარეობს  საუბარი  ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილი მინერალური სასუქების კარბამიდის გადამზიდი ტერმინალის მშენებლობის შესახებ. გვინდა გაცნობოთ, რომ ბათუმის მოქალაქეები ვართ სენსეტიურად განწყობილები ტერმინალის მშენებლობის მიმართ და გვაქვს გარკვეული შიში. ჩვენი შიშის საფუძველი კი ის  არის,  რომ ბოლო წლებია, ჩვენს თვალწინ სახელმწიფოს ხელშეწყობით ან სათანადო რეაგირების უქონლობის გამო ჩვენი საცხოვრებელი გარემო სახიფათო და გაუსაძლისი  ხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევებით, გასულ 2018  წელს ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორულ კვლევაში ჰაერის ყველაზე დაბალი ხარისხი რეგიონებიდან სწორად ბათუმშია დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი ქალაქის არჩეული მერისთვის საგანგაშო უნდა იყოს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ბათუმის მერიას ტერმინალის აშენების ნებართვის მისაღებად შპს „ბათუმის ნავსადგურმა“ უკვე მოგმართათ.

ჩვენი, ბათუმში მცხოვრები მოქალაქეების აღელვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2019 წლის 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ  სკრინინგის პროცედურის შემდეგ გარემოს დაცვის  მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას ტერმინალის გზშ-ს გარეშე აშენების შესახებ. მაშინ, როცა ბათუმის მოსახლეობა აპროტესტებს ტერმინალის მშენებლობას  და ითხოვს სახელმწიფოსგან პროცესის  სრულ მონიტორიგს,  მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ანგარიშვალდებული  იყო ადრე გაცემულ ნებართვაში კი არ შეეტანა  ცვლილება, არამედ ახალი გზშ-ს ანგარიშის გაკეთება  მოეთხოვა, მითუმეტეს, როდესაც ტერმინალის მშნებლობა იგეგმება  დასახლებული ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. ჩვენც და თქვენც კარგად უნდა ვხედავდეთ და აღვიქვამდეთ ჩვენს რეალობას: უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფისა და  მონიტორიგის არქონა ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად გვიჯდება.

ამავე თემაზე: ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე აშენდება

მართალია, სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე,  კომპანიას კარბამიდის გარდა სხვა ნივთიერებების გადაზიდვის უფლება არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნდობლობა პროცესის მიმართ ანულირებული  კონტროლის მექანიზმების გამო. ვინაიდან ეს კერძო  კომპანიის ტერმინალია… ამიტომაც მიგვაჩნია,  რომ  სრული გზშ-ს დოკუმენტის მომზადება  და მონიტორინგის პროცედურების გაწერა საჭიროა.

ბატონო ლაშა! მოგიწოდებთ, იმოქმედოთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, თავი შეიკავოთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან, ვიდრე მოქალაქეებს არ გვექნება უსაფრთხოების სრული გარანტია და ყველა კითხვაზე პასუხი.

მართალია, ერთი შეხვედრა უკვე შედგა ბათუმის მერიაში  და კომპანიამ ტერმინალის მშენებლობის  პრეზენტაცია წარმოადგინა, თუმცა ყველა დაინტერესებული მხარე შეხვედრაში არ მონაწილეობდა.  გთხოვთ,  კიდევ ერთხელ უზრუნველყოთ უფრო ფართო სპექტრით შეხვედრის ორგანიზება, დაინტერესებული მოქალაქეების გარდა მოიწვიოთ გარემოს დაცვის სამინისტროს, ტერმინალის მშენებელი კომპანიის, ბათუმის ნავსადგურის“ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ და სხვა გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციის  წარმომადგენლები, რათა დისკუსია უფრო ინფორმაციული და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული გახდეს,“ – ვკითხულობთ წერილში.

ამავე თემაზე: რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

 

14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

შსს ცნობით, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში.

დანაშაული 10-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს“.

შსს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა.

ამ დროისთვის,  სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს არასრულწლოვანი გოგონა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში ჰყავთ გადაყვანილი.

აჭარაში H1N1-ის შემთხვევებმა იკლო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ჩანს, რომ აჭარაში H1N1-ის შემთხვევების სტატისტიკამ იკლო.

ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით შემთხვევთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არის 230, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევთა რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული წინა კვირებთან შედარებით.

„ასევე, შემცირებულია მძიმედ მიმდინარე გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზების შემთხვევები და 12,4 პროცენტს შეადგენს. თუ შევადარებთ წინა კვირებს, როცა ეს მონაცემი 30 პროცენტზე მეტი იყო, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. საავადმყოფოებში მაინც რჩებიან მკურნალობაზე პაციენტები გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებით, არის ამბულატორიაში მიმართვიანობაც, მაგრამ ორივე მიმართულებით აღინიშნება მნიშვნელოვანი რაოდენობრივი კლება,“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“.

კითხვაზე, გადაიარა თუ არა გრიპის სეზონის პიკმა, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამის ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია:

„წინა წლების გამოცდილებასა და გრიპის ვირუსის ხასიათიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპს ახასიათებს ტალღისებული მიმდინარეობა და ამ მიმდინარეობაში ფიქსირდება პირველი და მეორე პიკი. საზოგადოდ, პირველი პიკი არის უფრო ძლიერი. შესაძლოა, საერთოდ არ იყოს მეორე პიკი და კლება გაგრძელდეს სრულ მილევამდე. ამიტომაც ველოდებით მოვლენების განვითარებას და სამედიცინო დაწესებულებები, საავამდყოფოები და ამბულატორია-პოლიკლინიკები სრულ მზადყოფნაში არიან“.

აჭარაში მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.

წაიკითხეთ ამ თემაზე: როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

 

ლაშა კომახიძე: ხანძრისგან მიყენებულ ზარალს უკვე ვითვლით

„ხანძარი, ფაქტობრივად, უკვე ლოკალიზებულია. ჩვენ დავაკვირდებით და დავითვლით ზარალს. ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები დაკავებული არიან უკვე ამით,“ – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბერიძის ქუჩაზე. ხანძარი ამ ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლს გაუჩნდა.

ბათუმის მერის თქმით, ვიზუალური დათვალიერებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4-5 სახლი დაზიანდა. ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ეს ქუჩა გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლდა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ აქ ავალაგეთ გარევაჭრობა, რომელსაც მთლიანად ჰქონდა ქუჩა დაკავებული. ვფიქრობ, გაცილებით დიდი იქნებოდა გავრცელების კერა. შესაბამისად, სახანძრო მანქანასაც არ ჰქონდა არანაირი შეფერხება ამ ქუჩაზე შემოსვლასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

სახანძრო და სამაშველო სამსახური ბერიძის ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობს.

 

ხანძარი ბერიძის ქუჩაზე ლოკალიზებულია – დარჩენილია კვამლის კერა

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამჟამად მეხანძრეები კვამლის რამდენიმე დარჩენილ კერაზე მუშაობენ.

ბოლო ინფორმაციით დაიწვა ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე სახლის სახურავი. სულ დამწვარია 200 კვ.მ ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ბერიძის ქუჩაზე
ხანძარი ბერიძის ქუჩაზე

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.

 

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, სახლები იწვის

ბათუმში, ბერიძის (ყოფილი კალიევის) ქუჩაზე, სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან სახლში გაჩნდა.

ამ დროისთვის აღნიშნული სამსახური არ ფლობს ინფორმაციას, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც. მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, „მხოლოდ სახლის მეპატრონეა ცუდად,“- ამბობენ სასწრაფოში.

ბერიძის ქუჩაზე ხანძარია საცხოვრებელ სახლებში
ფოტო: ბათუმელები
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები

უცხოელი ტურისტი: თბილისში მოტოციკლი დამიმტვრიეს და მცემეს, პოლიცია კი არ მოქმედებს

„პოლიცია უკვე ერთი კვირა იძიებს საქმეს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მე კი მოტოციკლის აღდგენის ფული არ მაქვს, რომ გზა გავაგრძელო…“ – ამას თბილისში მყოფი ტურისტი ვალენტინო დევასკო გვიყვება. იგი პერუდანაა, მუსიკოსია, მოტოციკლით სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობართან ერთად ჩამოვიდა.

„საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, გესტჰაუსში ვცხოვრობ და მოტოციკლი იმ ღამით გარეთ, საერთო პარკინგზე მქონდა გაჩერებული,“ – ამბობს ვალენტინო. მისი მონაყოლის მიხედვით, მეზობელ კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა დაამტვრია მისი მოტოციკლი. ვალენტინო ეზოში ღამის პირველზე გასულა, როცა ქუჩიდან ხმაური გაიგონა.

„ჩემი მოტოციკლი უკვე დამტვრეული იყო, ის კი ისევ ეზოში იდგა. როცა ჩავედი და ამბავი მოვიკითხე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა და მითხრა, რომ „ჩემი ავტოფარეხის წინ რატომ გააჩერე, მანქანა ვერ შევიყვანე – უცხოელს არ გქონდა ამის უფლებაო“. ჩემი მოტოციკლი ფარეხიდან 7 მეტრის მოშორებით იყო გაჩერებული. მთვრალი იყო და აღარ შევეპასუხე. ვიფიქრე, დილით მომიბოდიშებს და მოტოციკლის შეკეთების თანხასაც გადამიხდის-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. მიყვირა, ყოფილი პოლიციელი ვარ და ვერაფერს დამაკლებო. პოლიციას დავუკავშირდი და მოვიდნენ. მოტოციკლზე კი მითხრეს, რომ მის აღდგენას დაახლოებით 700 ამერიკული დოლარი დასჭირდება,“ – აღნიშნავს ვალენტინო დევასკო.

ვალენტინო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ის განმარტავს, რომ ამის გარეშე გზის გაგრძელებას და სამშობლოში დაბრუნებას ვერ შეძლებს, პოლიციიდან კი უკვე ერთი კვირა ერთსა და იმავე პასუხს ისმენს – „მიმდინარეობს გამოძიება“.

„ასევე მითხრეს, რომ იმ ადგილას ვიდეოსათვალთვალო კამერა არ არის და ვერ დგინდება, რა როგორ მოხდაო…“ – დასძინა ვალენტინომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. არის თუ არა დაკავებული ვინმე –  ამ კითხვაზე შსს-ში არ გვიპასუხეს.

მთავარი ფოტო: ვალენტინო დევასკო

NCDC: მთავრობის განკარგულება წითელაზე არ მოიაზრებს სადამსჯელო ღონისძიების გატარებას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

2019 წლის იანვრიდან „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“ სავალდებულო გახდა. წითელას სავალდებულო აცრის შესახებ მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს მთავრობის განკარგულებამ, სადაც აღნიშნულია, რომ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომელთაც არიან აუცრელები ან არასრულად აცრილნი და ორი თვის ვადაში ბენეფიციარების მხრიდან აცრის დამადასტურებელი ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია განიხილოს მათი სტატუსის შეჩერების საკითხი.

„აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ აცრების მოცვის მაჩვენებლის გაზრდისთვის, რადგან დაავადების შეჩერება და ელიმინაცია მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცრებით მოცვის მაჩვენებელი იქნება არანაკლებ 95% -სა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაიზარდოს საზოგადოების ცალკეული წევრის როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებსა და ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მყოფი ნებისმიერი პირისათვის. განკარგულების არც ერთი პუნქტის შინაარსი არ მოიაზრებს რაიმე ტიპის სადამსჯელო ღონისძიების გატარებას და ვინმესთვის სასწავლო პროცესის შეფერხებას ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას.“ – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირი უარს იტყვის აცრაზე, განიხილება თუ არა მისი სტატუსის შეჩერების საკითხი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვერ პასუხობენ. აქ გვითხრეს, რომ მთავრობის განკარგულებაზე ახსნა-განმარტებებს ვერ გააკეთებენ.

ცენტრის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ევროპაში წითელას გავრცელების მაჩვენებლით იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელმა 2019 წლის იანვრისთვის 400-ს გადააჭარბა. ბოლო 16 წლის განმავლობაში, მსოფლიოში წითელას ვაქცინაციით გადარჩენილია 20 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც საერთოდ, ისე წითელათი გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა.

„სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქის მიმართვისას წითელას შესახებ იმუნურობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების მიზნით, სამედიცინო პერსონალმა: თუ არ იძებნება ჩანაწერი აცრის დადასტურების შესახებ ან არ იძებნება ჩანაწერი წითელათი დაავადების შესახებ – დადასტურებული სათანადო ლაბორატორიული კვლევით, უნდა უზრუნველყოს ვაქცინაცია – იმუნურობის (წითელას მიმართ) სტატუსის განსაზღვრის დავალდებულების გარეშე.

მასთან, თითოეული მოქალაქის უფლებაა ჩაიტაროს ამგვარი კვლევა, განისაზღვროს იმუნურობის სტატუსი ან მისაწვდომ დაწესებულებაში (სამედიცინო დაწესებულება, სადაც უტარდებოდა გეგმიური ვაქცინაცია, არქივი და ა.შ.) აღადგინოს ჩანაწერი აცრის ჩატარების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ იმუნურობის სტატუსი განისაზღვრა როგორც დადებითი (აქვს იმუნიტეტი) – წარადგინოს მოთხოვნის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ აცრის სტატუსის ჩანაწერის აღდგენა არ ხერხდება და/ან სათანადო ლაბორატორიული ტესტირებით იმუნურობის სტატუსი განისაზღვრა როგორც უარყოფითი (არ აქვს იმუნიტეტი) – უფლებამოსილია ჩაიტაროს ვაქცინაცია და ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს მოთხოვნის შესაბამისად.

„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით გათვალისწინებული წესით და პირობებით ნებისმიერი მოქალაქე, აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში წარადგენს „პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შევსებულ ფორმას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე: სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა 

რამდენად შეიცვალა ადგილობრივების განწყობა ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე

ქობულეთში, ლერმონტოვის 13-თან ჟურნალისტის გამოჩენისთანავე თითქმის ყველა ჭიშკარს კეტავს, ადამიანები მზიანი ამინდის მიუხედავად, ხმის ამოუღებლად ტოვებენ ქუჩას, ტროტუარს, ეზოს… მათ კამერის წინ გამოჩენა აღარ სურთ. ამის მიზეზს აქ არავინ განგიმარტავთ. ლერმონტოვის 13-ში მდებარე სამსართულიანი სახლი კი, ისევ ცარიელი და გამოკეტილია. 5 წლის წინ ამ მისამართზე მუსლიმი თემი პანსიონის გახსნას გეგმავდა. ადგილობრივებმა პანსიონის გახსნის საშუალება მუსლიმებს არ მისცეს, სახლს – ღორის თავი მიაჭედეს.

რა ხდება ახლა, სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების შემდეგ? რამდენად შეიცვალა ადგილობრივების დამოკიდებულება, როცა მათ სასამართლომ უთხრა, რომ ასე მოქმედება კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულია? რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ქობულეთის მერიას პანსიონის შენობის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა დაავალა? – „ბათუმელები“ ქობულეთელებს გაესაუბრა და ჰკითხა: რა რეაქცია ექნებათ ადგილობრივებს ახლა, თუკი პანსიონი ისევ გაიხსნება?

„იმავეს ვიზამთ… რაღა ახლა ჩამოვიარე მეც,“ – გვითხრა სესილი ოქროპირიძემ, პანსიონის შენობის წინ სპეციალურად განთავსებულ ჯვართან შეჩერდა და განაგრძო: „აქ ჩვენ ჯვარი გვაქვს გაკეთებული. ამის შემდეგ შეიძლება აქ მუსლიმთა პანსიონი? მე მგონი, არ შეიძლება. კი ბატონო, სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია, მაგრამ მე არ ვფიქრობ მასე. ქრისტიანი გამოდის აქ და ეკლესიაში მიდის. არ უნდა გაიხსნეს, რომ ცუდი რაღაცები არ მოხდეს…“

სესილი ოქროპირიძე

პანსიონის ახლოს მცხოვრები ადამიანები ან არაფერს ამბობენ, ან ამბობენ, რომ იმავეს, ან უარესს გააკეთებენ, თუკი პანსიონი გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ „პანსიონის საქმეზე“ დისკრიმინაცია დააგინა, მოქალაქეები არც ახლა ერიდებიან სიძულვილის ენის გამოყენებას. ოთხივე მოქალაქემ, ვისაც „ბათუმელები“ პანსიონის მიმდებარედ ესაუბრა, იცის, რომ სასამართლო დავა მუსლიმმა თემმა მოიგო, თუმცა ეს მათ არ აღელვებთ. ისინი ახსენებენ მთავრობასაც: „მთავრობას მაინც რაც უნდა, იმას გააკეთებს“.

თემურ ნოღაიდელი: „კატეგორიული წინააღმდეგი წავალთ მე, ჩემი ოჯახი და მეზობლებიც. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიხსნას. კონსტიტუციით ყველას აქვს უფლება, მაგრამ აქ არის ყველა ქრისტიანული ოჯახი, პატარა ბავშვები იზრდებიან. მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ბევრი ისეთი ადგილია ქობულეთში, სადაც არაა მჭიდრო დასახლება და იქ გახსნან. იურიდიულად და კანონით აქვთ უფლება, მაგრამ კანონის გვერდზეც ხომ არის რაღაც? ჩვენი სახლები გვერდიგვერდაა, არ შეიძლება ასე ახლოს იყოს პანსიონი, ბავშვები აქ გამოდიან და ბაღში მიდიან… გასაგებია, რომ დადგინდა დისკრიმინაცია, მაგრამ ჩვენ ვართ მესამე საუკუნიდან ქრისტიანული ადგილი, არანაირი საწინააღმდეგო გვაქვს რწმენასთან“.

„მთავრობას რასაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ ჩვენ გავაპროტესტებთ,“ – ამბობს ზიული კოპლატაძე. ისიც ლერმონტოვის ქუჩაზე ცხოვრობს. მას ვუთხარით, იცოდა თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს პანსიონის გახსნისთვის ისევ ხელის შეშლას.

„ხელით კი არ ვეტაკები, ადრეც არ დავტაკებივარ, სიტყვიერად ვიტყვი და გამოვალ, ღორის თავის მიჭედვის ამბავს მე ვერ დავადასტურებ, მაშინ ხიდზე ვიდექი აქციაზე. ჩემი პოზიცია არის ის, რომ სკოლა სახლებს შორის ასე გვერდიგვერდ არ უნდა იყოს,“ – აღნიშნავს ზიული კოპლატაძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს გურამ ბასილაძესაც, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა საკუთარ რელიგიურ აღმსარებლობას – ის მუსლიმია.

„არ უნდა გაიხსნას. ვიღაცას ხომ უნდა უხაროდეს შენი დანახვა? მე ვიცი ის, რომ აქ მაგის ადგილი არ არის. ისევ იქნება წინააღმდეგობა, უარესი მოხდება. ახლა, თქვენ მოდით და აქ ხალხი უარესად დაირაზმება… მე თვითონ მუსლიმი კაცი ვარ, მაგრამ უმჯობესია სხვა ადგილი გამონახონ. სადმე ისეთი ადგილი უნდა მოძებნონ, სადაც ხალხი ასე ბევრი არ არის,“ – გვითხრა გურამ ბასილაძემ.

თუკი ლერმონტოვის ქუჩას გაუყვებით ქობულეთის ცენტრისკენ და ადამიანების პოზიციებით დაინტერესდებით, ნახავთ, რომ პანსიონისთვის განკუთვნილი შენობიდან მოშორებით პოზიციები რბილდება. ზოგიერთი ამბობს, რომ პანსიონი არ უნდა გაიხსნას, თუმცა ამას ხელს არ ან ვერ შეუშლის. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ პანსიონი არავის და არაფერს უშლის ხელს.

„თუ უნდათ გახსნან, რატომაც არა? აბა, ევროპაში რომ გვინდა შესვლა, როგორ არის? არ ვიცი, საერთოდ წინააღმდეგობა იქნება თუ არა, წესრიგი უნდა იყოს ყველგან,“ – გვითხრა ნანული ანტონოსიანმა.

 

ნანული ანტონოსიანი

დაახლოებით იმავეს ამბობს იამზე შავაძე: „მე არ ვარ წინააღმდეგი. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი. სხვა როგორ იტყვის, არ ვიცი“.

ლერმონტოვის ქუჩაზე, სადაც პანსიონი მდებარეობს, არ ცხოვრობს არც თალიკო მამინაიშვილი. მან გვითხრა, რომ იმავე ფორმით გაუწევდა წინააღმდეგობას მუსლიმ თემს, როგორც ეს იმ ქუჩის მცხოვრებლებმა გააკეთეს 2014 წელს.

თალიკო მამინაიშვილი

„ქობულეთი არის თითქმის ყველა მართლმადიდებლები. 10 პროცენტია მუსლიმანი და თვითონაც უნდა დაფიქრდნენ. ჩხუბს და დავას ასე სჯობს: ეს უნდა გაიხსნას ისეთ ადგილას, სადაც მუსლიმანები უფრო ახლოს ცხოვრობენ. ჩვენ ყველა რელიგიას პატივს ვცემთ, მე დიდ პატივს ვცემ რელიგიას, მაგრამ რადგან იქ მართლმადიდებელია ყველა, არ მიაჩნიათ სწორად,“ – აღნიშნავს თალიკო მამინაიშვილი.

„მე ვამბობ ათასპროცენტიან არას… ახლა თოფს კი არ ვესვრი, უბრალოდ, არა. მთავრობამ თუ მოინდომა, მე რას ვიზამ, ცარიელი ხელებით რა უნდა ვქნა, ზარბაზანიც და თოფიც მთავრობას აქვს. ჯერ ქრისტიანული გაიხსნას და მერე გაიხსნას ეს პანსიონი,“ – ეს ქობულეთის სადგურთან შაქრო გოგიტიძემ გვითხრა.

„ქობულეთის მუსლიმური პანსიონის“ საქმეზე სასამართლო დავა ამ დრომდე  გრძელდება. სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა ქობულეთის მერმა გადაწყვეტილების შესრულებას მისი გასაჩივრება არჩია. სააპელაციო სასამართლოს ჯერ ეს დავა არ განუხილავს. თუკი ზემდგომ ინსტანციებსაც მოიგებს სახალხო დამცველი, ქობულეთის მერია იძულებული გახდება პანსიონი წყლის სისტემაში ჩართოს, რომლის გარეშეც პანსიონი ვერ იფუნქციონირებს.

კიდევ ერთი დავა დისკრიმინაციის შეფასებას უკავშირდება. ამ კუთხით მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა, რომ ქობულეთში, ლერმონტოვის 13-ში, მუსლიმი თემის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება დისკრიმინაციული იყო. სასამართლომ არ დაადასტურა დისკრიმინაციული მიდგომა პოლიციელების მიმართ.

„ამ კუთხით საქმე უნდა განიხილოს სააპელაციო სასამართლომ… ჩვენ ასევე მოვითხოვთ პოლიციისთვის ქმედების დავალდებულებას. პოლიციას უნდა დაევალოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, თუკი მუსლიმი თემი პანსიონის შენობაში შევა,“ – განმარტავს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

29 იანვარს გამართულ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა დავის საგნის არ არსებობის საფუძვლით. ამ უწყებამ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს პანსიონატით სარგებლობის უფლების შეზღუდვის განგრძობითი  შემთხვევები და პანსიონატით სარგებლობის უფლების რეალიზაციის ხელშეშლის შემთხვევაში შსს უზრუნველყოფდა მუსლიმი თემის უფლებების დაცვას.

„EMC- არ დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნას, რადგან სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იყოს გარანტი იმისა, რომ პირები მისი იურისდიქციის ქვეშ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი არ გახდებიან, როგორც სახელმწიფოს აგრეთვე მესამე პირების მხრიდან. შსს-ს პირდაპირ კომპეტენციას მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება და ეფექტური პრევენციული ზომების მიღება წარმოადგენს, რაც სრულად უგულებელყო შსს ამ საქმეში, აპელანტთა მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება წარმოადგენს, რათა სახელმწიფო უწყებამ მიიღოს კომპლექსური ზომები ქობულეთის პანსიონატის ადმინისტრაციის და ბენეფიციარების უფლებების აღდგენისა და დაცვის  მიზნით, რათა ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შესაძლებლობა მიეცეს 4 წლის შემდეგ მაინც დაასრულოს 2014 წლიდან დაწყებული პანსიონატის მშენებლობა და შეძლოს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმზღვანელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემდგომი სასამართლო სხდომა პირველ მარტს გაიმართება, რომელზეც მხარეები დამატებით მტკიცებულებებსა და არგუმენტებს წარადგენენ. თავად მუსლიმ თემს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როდის გახსნის ან გახსნის თუ არა ქობულეთის პანსიონის ჩაკეტილ კარს საერთოდ.

ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათიდან აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 5 თებერვალს, 3:00 საათიდან, ეტაპობრივად აღდგება.  გაზის მოწოდება ხელვაჩაურის რამდენიმე უბანში გუშინ, 4 თებერვალს, 7:00 საათზე, ავტოავარიის გამო, შეწყდა: „ მანქანა დაეჯახა გაზის მილს“

დღეს, 13:00-დან საღამოს 18:00 საათამდე, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე: 16 114

ქობულეთის ნაწილს 5 თებერვალს გაზის მიწოდება შეუწყდება

რომელი პედაგოგები შეინარჩუნებენ ან შეიცვლიან სტატუსს 2020 წლამდე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ის მასწავლებლები, ვისაც კარიერული წინსვლა დაწყებული აქვთ, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას.

„სტატუსს ინარჩუნებენ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, მათი წინსვლა ნებაყოფლობითია.

პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ შიდა შეფასების პროცესები და წინსვლისთვის მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ დარჩენილი, მათ მიეცემათ უფლება 2019 წლის ბოლომდე გაიარონ გარე დაკვირვება,“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, საბოლოო ვერსიის მასშტაბურ პრეზენტაციამდე სამუშაო ჯგუფი პროფესიულ წრეებთან არაერთ შეხვედრას გამართავს.

ქობულეთის ნაწილს 5 თებერვალს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 5 თებერვალს, 13:00-დან საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის განცხადებით, ქობულეთში ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე: 16 114

ხელვაჩაურს გაზი არ მიეწოდება – გაზსადენს ავტომანქანა შეეჯახა

ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში გაზსადენს ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მაგისტრალი დააზიანა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განმარტებით, დღეს, 4 თებერვალს, ხელვაჩაურში გაზის გათიშვა ავტოავარიამ გამოიწვია. კომპანია ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

შეჯახების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

 

 

ჭვანა – მთიან აჭარას ახალი ტურისტული მიმართულება დაემატება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობს, რომლის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბება, ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების პოპულარიზაცია.

ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფციისა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, განვითარების გეგმაში აისახება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, წელს მომზადდება განვითარების გეგმა, მომავალ წელს კი დაიწყება უშუალოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც 2021 წელს დასრულდება.

ჭვანის ხეობაში მარკირება და მარშრუტის რუკის მომზადება წელს იგეგმება, ეს ადგილი ტურისტებისთვის ახალი მარშრუტი იქნება.

 

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

 

ბობოყვათიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეები გადააქვთ

დღეს, 4 თებერვალს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალი ჩაქვიდან ქობულეთამდე დაახლოებით ერთი საათით საპატრულო პოლიციას  გადაკეტილი ჰქონდა. გზა დღის 4 საათზე გაიხსნა.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიზეზი მრავალწლოვანი ხეების ტრანსპორტირება იყო. ეს ხეები ბობოყვათიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროპარკს აშენებს.

ბობოყვათი / 4.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
4 მრავალწლოვანი ხე ერთად გადააქვთ / ბობოყვათი / 4.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბარჟა, რომლითაც ბობოყვათიდან შეკვეთილში ხეები უნდა გადაიტანონ / ბობოყვათი, 4.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბარჟა, რომლითაც ბობოყვათიდან შეკვეთილში ხეები უნდა გადაიტანონ / ბობოყვათი, 4.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ამ თემაზე:

აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს – დავით მიქიაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 4 თებერვალს შეუდგა. იგი აქამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

ეს თანამდებობდა ვაკანტურია 31 იანვრიდან, როცა მიხეილ დილიმაშვილმა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი დაიკავა. დილიმაშვილი ამ თანამდებობაზე გასული წლის ივნისში დანიშნეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით მიქიაშვილი 1978 წელსაა დაბადებული, იგი პროფესიით ინჟინერი და სამართალმცოდნეა. მან კარიერა  შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წელს, პატრულ-ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო.

2007-2013 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური, შემდეგ – ოცეულის მეთაური, ასმეთაური და სამმართველოს უფროსი;

2013 წლიდან საქმიანობა განაგრძო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო – საპატრულო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;

2015 წლიდან დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის – ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;

2017-2019 წლებში ეკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა.

1: აჩუქე საგაზაფხულო განწყობა ზუმერულ ფასად 2:შენი წილი გაზაფხული უკვე ქალაქშია 3: ყვავილების ზღვა ზუმერულ ფასად

მარტი პირველი ყვავილების თვეა. თბილისში ფერადი თაიგულების დახლებიდან გაზაფხულის სურნელი იფრქვევა. ასტრები და ნარცისები, იები და ყოჩივარდები, ჰორტენზიები, ტიტები თუ ვარდები – აქ ყველა ყვავილია, რითაც შეგიძლია მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მათი წილი გაზაფხული აჩუქო.

იას, თეას, ნატოს, მაყვალა ბებოსა და სხვების თაიგულებით სავსე დახლები ქალაქის სხვადასხვა წერტილშია განთავსებული, მათ ერთი რამ აერთიანებთ – ამ დახლებიდან საგაზაფხულო განწყობის ყიდვა მინიმალურ, ზუმერულ ფასადაა შესაძლებელი!

ყვავილების ზღვა ზუმერულ ფასად თბილისში დედის დღეს, 3 მარტს გამოჩნდა. ეს ზღვა შენია, შენი ახლობლების, მეგობრებისაა და არავის არაფერი უხარია გაზაფხულზე ისე, როგორც ჰაერში გაბნეული ყვავილების სურნელი.

ქალაქში ყვავილების გამოჩენა ზამთრის დასასრულის მაუწყებელია. ბუნების ამ საოცრების ზუმერული ფასები კი გიბიძგებს, არ დარჩე ყვავილების გარეშე და აჩუქო ისინი ყველას, ვისთვისაც გაზაფხულის სიხარულის გაზიარება გსურს.

ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება – ტრენინგი მშობლებისთვის

13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მდებარე „ამერიკულ კუთხეში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ ორგანიზებით, პირველი და მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართება ინტერნეტის უსაფრთხოდ სარგებლობასთან დაკავშირებით.

„სხვადასხვა პრაქტიკული და სახალისო სიმულაციური თამაშების მეშვეობით ვასწავლით სასარგებლო გზებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი პატარებისთვის ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობა“ – ნათქვამია „ამერიკული კუთხის“ განცხადებაში.

ტრენინგი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება. დასწრება თავისუფალია, თუმცა, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მონაწილეებმა შესაძლებლობის შემთხვევაში თან უნდა იქონიონ ლეპტოპი ან სმარტფონი.

________

მთავარ ფოტოზე: სამუშაო ოთახი „ამერიკულ კუთხეში“. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში გარევაჭრობა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაშიც აიკრძალა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობა აიკრძალა ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. როგორც მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის დახლების აღებამდე მერიამ გარემოვაჭრეები გააფრთხილა და ისინი საკუთარი პროდუქციის რეალიზებისთვის  ე.წ. ბონის ბაზარში გადავლენ.

გარევაჭრობის დახლებისაგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება გასულ კვირას წერეთლის ქუჩიდან დაიწყო.

ჭავჭავაძის ქუჩა გარევაჭრობის აკრძალვამდე.
ფოტო: ბათუმის მერია

გარევაჭრობის აკრძალვას საპროტესტო აქციები მოჰყვა ბათუმში გარემოვაჭრეთა მხრიდან. ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილზე უარს აცხადებდნენ. გარემოვაჭრეებმა 28 იანვარს ჭავჭავაძის ქუჩაც გადაკეტეს პროტესტის ნიშნად. აქციაზე ერთ-ერთი გარემოვაჭრე პოლიციამ დააკავა. თუმცა საბოლოოდ შეთანხმება შედგა.

ამავე თემაზე: შეთანხმება შედგა – გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავლენ

შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა

განათლების სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ეტაპობრივად სიახლეების პრეზენტაციებსაც სთავაზობს საზოგადოებას. ბოლო პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ უმაღლესი განათლება უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის პარალელურად, ჯერ მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდები გააუქმეს, ცოტა მოგვიანებით კი მეთორმეტეკლასელებსაც მოუხსნეს გამოცდები. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები განათლების სისტემაში და რა შეიძლება მივიღოთ ამ ცვლილებით?  „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარეს, შალვა ტაბატაძეს არსებული რეალობის შეფასება ვთხოვეთ.

ბატონო შალვა, რამდენად ადეკვატური იყო ამ ტიპის ცვლილებები მოცემულ მომენტში, როცა სასწავლო წლის ნახევარზე მეტი გასულია და როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ არ დაზარალდეს არც განათლების სისტემა და არც ის, ვინც გამოცდებისთვის ემზადება?

რეალურად, თუ ჩავუღრმავდებით, მე აქ რეფორმას ვერ ვხედავ. რა გვაქვს, სად მივდივართ და კონკრეტულად რას ვაკეთებთ? – სად არის რეფორმა. დეტალურად უნდა გავიაროთ თითოეული მუხლი, იგივე გამოცდებთან დაკავშირებით, ვერც აქ დავინახე სარეფორმო გზავნილი. ამიტომ მგონია, რომ ეს ზოგადი ხმაურია და რეალურ რეფორმასთან კავშირი არ აქვს.

რას გულისხმობთ?

იგივე გამოცდებთან დაკავშირებით, რაც შემოგვთავაზეს არის ის, რომ გამოცდები გაუქმდა. ეს მაშინ იქნებოდა რეფორმასთან კავშირში, თუკი მისაღები გამოცდების სისტემასაც შემოგვთავაზებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდა. ხმაური და აჟიოტაჟი ატყდა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდების გაუქმებაზე, რეალური სარეფორმო ნაბიჯი არ ჩანს.

ანალოგიური ვითარებაა უმაღლეს განათლებაზეც – რაც მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმების მიმართულებით, მეგონა 2005 წელში დაბრუნდით. მეგონა, რომ ბოლონიის პროცესს შევუერთდით და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. იმას, რაც დაანონსდა, ჩვენ უკვე ვაკეთებთ ბოლო 13 წელია. კარგად თუ ცუდად, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ევროპულ სივრცესთან ინტეგრაცია ეს არის გაცხადებული პოლიტიკა.

როგორ აქცევს ფორმალური ხარისხის მართვის ინსტიტუტებს სამინისტრო, როგორ დატვირთავს შინაარსით, ეს გადმოცემული არ იყო. როგორ მოახდენს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმირებას აბსოლუტურად არ ჩანდა, არანაირი სიახლე ამ თვალსაზრისით არ გაგვიგია.

მე დავინახავდი სისტემას მაშინ, თუკი სამინისტრო მეტყოდა, რომ აი, ამ ადამიანური რესურსით, რომელიც დღეს გვყავს, როგორ აპირებს უკეთესი განათლების სისტემის შექმნას. სიტყვაზე, თუკი მე სისტემაში მყავს 6 ათასი უსაქმური მკვლევარი და პროფესორი, მე ამ პროფესორებს გზას გავუყენებ. თუ მე მყავს 500 წარმატებული მკვლევარი და პროფესორი, მე ამას გავაკეთებ. თუ მყავს პერსპექტიული მეცნიერები და მკვლევრები, მათი კვლევისთვის საშუალებებს შევქმნი… ანუ ეს პრიორიტეტები უნდა დამილაგოს სამინისტრომ და არ უნდა ისაუბროს იმაზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ხარისხის ცენტრი როგორ იქცევა დამოუკიდებელ სტრუქტურად, რომელიც რეალურად ხარისხზე იქნება ორიენტირებული და არა პოლიტიკური ინსტრუმენტი, როცა ამის საჭიროება გაჩნდება. აი, ეს გზაც არ ჩანს.

ეს ყველაფერი ჩემთვის მისაღები იქნებოდა 2000 წელს. უფრო ფართომასშტაბიანად და კარგად ამაზე ისაუბრეს 2005 წელს, ვიდრე დღეს ისაუბრა მინისტრმა, ამიტომაც  არის ეს წარმოუდგენელი.

თქვენთვის კიდევ რა ხარვეზი ჰქონდა ამ პრეზენტაციას?

ვერ დავინახე, როგორ მოიზიდავენ მეცნიერებაში და უმაღლეს სასწავლებლებში პერსპექტიულ ახალგაზრდებს, რომელთაც შეუძლიათ ძალიან მაღალ დონეზე სწავლება და კვლევა. როგორ უზრუნველყოფენ პროფესიულ განვითარებას, დოქტორანტების და კვალიფიციური კადრების მოზიდვის პროცედურა როგორი იქნება, როგორ წაახალისებენ იმ პროფესორებს, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის კვლევებს აკეთებენ, რას უზამენ იმ ადამიანებს, რომელთაც არანაირი პერსპექტივა არ აქვთ კვლევასა და სწავლებაში, ვერ ვითარდებიან და არც განვითარდებიან, თუმცა ისინი არიან მმართველები უმაღლესი სასწავლებლების, უმაღლესი განათლების და მეცნიერების.

ამ მექანიზმების დამუშავებით, არც ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული, ამიტომ პირდაპირ ვამბობ, ჩემთვის უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც წარმოადგინეს. ეს არის სისტემაში ჩაუხედავ ადამიანებზე გათვლილი, თითქოს სამინისტრო რეალურად რამე სარეფორმო ნაბიჯებს გეგმავს.

როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილებები იმ ადამიანებზე, რომლებიც წელს აპირებენ უმაღლესში ჩაბარებას?

საატესტატო გამოცდების კომპონენტი გასაგებია, თუმცა ეს გადაწყვეტილება პარლამენტს ჯერ არ მიუღია და საბოლოოდ ბევრი რამე შეიცვლება, სავარაუდოდ. რაც შეეხება ზღვრის დაწესებას უნივერსიტეტების მხრიდან, რა იგულისხმა აქ მინისტრმა და სკოლების როლი როგორია, დეტალები ვერ გავიგე.

რაც გავიგე, არის ის, რომ ატესტატს გასცემს სკოლა და ეს არის სკოლის კომპეტენცია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემაა ის, რომ უნივერსიტეტებს არაფრის გაკეთება არ უნდათ. სპეციალისტები როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნივერსიტეტებს მივცეთ უფლებები თვითონ შეარჩიონ სტუდენტები, თვითონ განსაზღვრონ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე პროგრამები და ასე შემდეგ… ეს ყველაფერი ფუნქციონირებად სახელმწიფოებსა და უნივერსიტეტებშია შესაძლებელი, როდესაც უნივერსიტეტს უნდა, რომ გადასცეს მაქსიმალური შესაძლებლობები, თვითონ შეარჩიოს აკადემიური თავისუფლება, შეარჩიოს პროგრამები, ბიუროკრატიული მექანიზმები არ უშლიდეს ხელს… ჩვენთან კი უნივერსიტეტებს არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ.

გამოცდების ცენტრი ამბობს, რომ უმაღლესებს არანაირი სურვილი არ აქვთ სტუდენტების შერჩევაში მიიღონ მონაწილეობა – აწყობთ ის სისტემა, რომ მათ ვიღაც ურჩევს სტუდენტებს, თავის ტკივილი არ უნდათ. მაგალითად, ურჩევნიათ ხარისხის განვითარების ცენტრიდან მიიღონ  პროგრამისა და სილაბუსების შაბლონი, რომელშიც რაღაცებს შეცვლიან, ვიდრე საკუთარი პროფესიონალური სამეცნიერო აკადემიური ინტერესებიდან და სტუდენტის საჭიროებიდან გამომდინარე თავისუფლება ჰქონდეთ სილაბუსის შედგენაში, კვლევის ჩატარებაში და ა.შ. ეს არც უნივერსიტეტებს უნდათ, არც პროფესურას.

როგორ შექმნის აკადემიურად და ადმინისტრაციულად ავტონომიურ უნივერსიტეტებს, ამის ხედვა არ წარმოუდგენია სამინისტროს.

თქვენ ფიქრობთ, რომ სამინისტროს ჯერ უნივერსიტეტებთან უნდა მოეგვარებინა პრობლემები და შემდეგ დაეწყო სასკოლო რეფორმა?

ამაზე კონსულტაციები იყო უმაღლეს სასწავლებლებთან, მაგრამ მათ თავიანთი დაჭაობებული სისტემის შეცვლა და საკუთარ თავზე არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ამის სურვილი უმაღლესებიდან არ მოდიოდა. მათ ღია ტექსტით თქვეს, რომ დატოვეთ ისე როგორც არის, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავსო. ეს არის მთავარი პრობლემა.

უმაღლესების დამოკიდებულება და მათი როლი არის საკმაოდ მძიმე ამ თვალსაზრისით. სამწუხაროდ, სამინისტროს არც ამ ხელმძღვანელობას არ ეყო ძალა და უნარი ეთქვა და ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც სისტემაშია.

საატესტატო გამოცდების ამ ეტაპზე გაუქმება თუ იყო სწორი გადაწყვეტილება?

აქ პრობლემაა ის, რომ ატესტატს მიიღებენ ის მოსწავლეებიც, რომლებიც გასულ წელს, მე-11 კლასის გამოცდაზე ჩაიჭრნენ. რატომ ვაყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმა, მაგრამ ჩაიჭრნენ საატესტატო გამოცდაზე, ვთქვათ, 2011 ან 2017 წელს? მე მათ ადგილზე გამიჩნდებოდა უსამართლობის განცდა. ამ მოსწავლეებს ეს ცვლილება არ აყენებს თანაბარ მდგომარეობაში. მაშინ ყველას მივცეთ ატესტატი, ვინც საატესტატო გამოცდებში ჩაიჭრა, მაგრამ სკოლის დამთავრების ნიშნები გააჩნდათ.

ბატონო შალვა, უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თუკი სკოლაში მოსწავლეების შეფასება მხოლოდ ნიშნების საფუძველზე იქნება, ეს გაზრდის კორუფციის რისკებს. რა მექანიზმი უნდა არსებობდეს ამ რისკის შესამცირებლად?

ჩვენ სხვა საზოგადოებაში, სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და არა მე-20 საუკუნის დახურულ საზოგადოებაში. ძალიან ბევრი სისტემის შექმნაა შესაძლებელი, რომელიც კორუფციას გამორიცხავს, როგორც სასკოლო, ასევე, მისაღებ დონეზე.

არსებობს არასამთავრობო სექტორი, მედია, მონიტორინგის სისტემები, ვიდეოგადაღებები, ბავშვები ერთმანეთს აკონტროლებენ, მშობლები – ერთმანეთს, სხვადასხვა საბჭო არსებობს, ამიტომ კორუფცია, – ვგულისხმობ პირდაპირ ქრთამის მიცემას, გამორიცხულია. მაგრამ, პატივისცემა და ვიღაცის გავლენების გათვალისწინება, ამას ვერავინ ვერ გამორიცხავს და არა მგონია, ეს მთავარი პრობლემა იყოს.

აქ პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ განსხვავებულად დაიწეროს ნიშნები სხვადასხვა სკოლაში. შეიძლება თბილისის რომელიღაც სკოლაში ნიშნის მიღება იყოს უფრო რთული, ვიდრე რომელიმე სოფლის სკოლაში, სადაც ნათესავი ასწავლის. ეს პრობლემა დგას, მაგრამ აქაც არსებობს მექანიზმები, რომლებიც ამის გადამზღვევი შეიძლება იყოს.

ეს შეიძლება იყოს შემაჯამებელი ტესტი?

შესაძლებელია ერთგვარი გამოცდის სისტემის დაწესება, რომელიც შეაფასებდა მთლიანობაში 12 წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნას, შეაჯამებდა ბევრ უნარს სხვადასხვა მიმართულებით. აი, ეს შეიძლება იყოს გადამზღვევი. თუ დიდი აცდენა იქნება სკოლის ნიშანსა და ამ გამოცდას შორის, უკვე თვალნათელი იქნება პრობლემა და სკოლები დაინტერესებული აღარ იქნებიან ნიშნების ინფლაციით.

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2018 წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 31 ფაქტი, გურიაში – 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 11, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 24 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 3 ფაქტი, შიდა ქართლში – 27, ქვემო ქართლის მასშტაბით – 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი, 88 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე.

სამინისტროს ცნობით, იანვარში სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

___________

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტი

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედის პრევენცია შესაძლებელია

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად შესაძლებელია 3.7 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა, კიბოს დროული დიაგნოსტიკითა და სათანადო მკურნალობით.  დაახლოებით 30%-50% კიბოთი დაავადების შემთხვევებისა, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ცხოვრების ჯანსაღი წესით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბო არის გარდაცვალების მეორე მთავარი მიზეზი მსოფლიოში. 2018 წელს კიბოთი დაახლოებით 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორი კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირია (UICC), რომელიც 1993 წელს დაარსდა. იგი აერთიანებს და მხარს უჭერს კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებებს კიბოს გლობალური ტვირთის შემცირების მიზნით. 2019-2021 წლებში კამპანიის სლოგანია: „მე ვარ და მე ვიქნები“.  UICC თითოეულ ადამიანს მიმართავს: თითოეულ თქვენგანს აქვს ძალა, შეამციროს კიბოს განვითარების რისკი და შეამსუბუქოს დაავადების გამოსავალი საკუთარი, თქვენთვის საყვარელი ადამიანებისა და მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

ნახეთ ვიდეორგოლი, რომელსაც Will.i.am , HALSEYდა სხვა ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით. მკურნალობა ფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
– 1000 ლარის ჩათვლით – 100% – ით;
– 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90% – ით;
– 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით – 80% – ით;
– 3000 ლარზე მეტი – 70% – ით.
არაუმეტეს 5 000 ლარისა.

სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით ფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მიმართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს.

► ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ „ტრასტუზუმაბით“ (ჰერცეპტინით) მკურნალობა ფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს – 12 ციკლისა).
► პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში უფინანსდებათ მედიკამენტ „პერტუზუმაბის“ ან „ლაპატინიბის“ მკურნალობის კურსის ღირებულება „ტრასტუზუმაბთან“ (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.
► პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2- მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარაეშე მედიკამენტ „ევეროლიმუსის“ (აფინიტორი) მკურნალობის კურსის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.

✔️ ასევე, ფინანსდება:  რადიოაქტიური იოდის თერაპია; ქიმიო და სხივური თერაპიის თანაგადახდა – სახელმწიფოს მიერ დადგენილ ტარიფამდე სრულად; და კვლევები: იმუნოჰისტო/ქიმიური, მორფოლოგიური, ჩონჩხის სტენოგრაფია, მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების განსაზღვრა სისხლში.

2019 წელს სამინისტრომ ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთათვის დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება:
► ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 80 000 ლარით;
► ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 130 000 ლარით.

 

 

World Cancer Day 2019: I Am and I Will

 

 

ბათუმის ბულვარმა საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი გამოაცხადა

კონკურსის მეშვეობით „ბათუმის ბულვარი“ ბულვარის პოპულარიზაციის მიზნით საიმიჯო ვიდეორგოლის საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას და მის საფუძველზე ვიდეორგოლის დამზადების მომსახურების შესყიდვას გეგმავს.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 169 ლარია.

საკონკურსო დავალებაში აღნიშნულია:

პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობის დროს უნდა წარმოადგინოს საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფცია როგორც ტექსტური, ასევე, გადასაღები ლოკაციების ფოტო ან/და ვიდეომასალა;

ვიდეორგოლის სცენარი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ბულვარს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელ დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონას, ასევე, ტურისტებისთვის ძალზე საინტერესო კულტურულ ძეგლსა და გასართობ ლოკაციას. ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტორს, რომ ბულვარი აქტუალურია არა სეზონურად, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს, რომ ბათუმის ბულვარში ინტერესის სფეროს გამონახვა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ბულვარი, ასევე, საუკეთესო ადგილია ოჯახთან ერთად დასასვენებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბათუმის ბულვარის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა;

ვიდეორგოლი გადაღებული უნდა იყოს Full HD ხარისხში, ქრონომეტრაჟით 1-1,5 წუთი, წარმოჩენილი იქნება სხვადასხვა ლოკაცია და სარეკრეაციო ზონები;

ვიდეორგოლს უნდა ჰქონდეს მუსიკალური გახმოვანება და მუსიკას უნდა ჰქონდეს მისი გამოყენებისთვის სრული საავტორო უფლებები;

ვიდეორგოლის სავარაუდო სცენარისათვის უნდა მოხდეს გადაღებისათვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა განათებით, საჭირო ხმის ბალანსით, მუსიკით, გრაფიკით, ფერთა კორექციითა და მონტაჟით;

სცენარის შესაბამისად ვიდეორგოლის განსაზღვრული კადრები გადაღებული უნდა იყოს დრონით;

კონკურსის შედეგად შერჩეული ვიდეორგოლის კონცეფციის ავტორი ვალდებულია, ვიდეორგოლის შექმნის პროცესში გაითვალისწინოს შემსყიდველის მოთხოვნები და შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიაში.

კონკურსში წინადადებების მიღება 2019 წლის 13 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.

მახინჯაურსა და განთიადში წყლის მიწოდება დროებით შეწყდება

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 4 თებერვალს, თამარ მეფის გამზირზე ავარიულად დაზიანდა 1200 მმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი.

სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან, 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდება, ასევე, შეუწყდებათ აბონენტებს განთიადში.

„მახინჯაურში, წყლის სამარგო რეზერვუარის მშენებლობის გამო, 4 თებერვალს, 11 საათიდან, 14:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. წყალმომარაგების მილზე ტექნიკურ სამუშაოებს შპს „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი გერმანულ-ქართული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ ასრულებს“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4 თებერვლის  21 საათიდან 5  თებერვლის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 თებერვალს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

____________

ციალა ქათამიძის ფოტო

პანორამული ბორბალი ადგილზეა – ბათუმის ბულვარში მდებარე შენობის ორი მხარე [ფოტო]

4 თებერვალს ფეისბუქში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც ბათუმის ბულვარში მდებარე შენობაა ასახული, ინტერესი გამოიწვია. ფოტოზე ისე ჩანს, თითქოს პანორამული ბორბალი, რომელიც თავის დროზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის აგებულ შენობას ჰქონდა, მოხსნილია, თუმცა ეს ასე არ არის. პანორამული ბორბალი ადგილზეა, შენობას მეორე მხრიდან აქვს მიშენება, ეს ადგილი 2017 წელს ასე გამოიყურებოდა:

ფოტო: „ბათუმელები“, 2017 წელი

ამჟამად სივრცე ამოშენებულია და დღეს ასე გამოიყურება:

ფოტო: „ბათუმელები“, 2019 წელი

შენობას, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა, კერძო კომპანია ახლა ბინებად ყიდის.

ვრცლად ამ თემაზე: „ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად“ წოდებულ შენობაში 1 კვ/მეტრი ბინა $2500-ად გაიყიდება 

შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 2015 წლის მარტში გაყიდა. შპს „ბათუმი თაუერმა“ ქონება 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად  შეიძინა. ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“.

ამ თემაზე: ვინ იყიდა “ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა ბათუმში 

მშენებლობა ბათუმის ბულვარში 2011 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4504 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” საჩუქრად გადასცა.

ბულვარში მასშტაბური პროექტის განხორციელების მიზნით ხეების უკანონო გაჩეხვას და ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიის ხელყოფას, პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბათუმელები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ.

მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტმა” მშენებლობა მაინც გააგრძელა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აშენებდნენ „ბიზნეს თაუერს“, რაც ხელს შეუწყობდა უცხოელი კომპანიების ბათუმით დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვას, თუმცა 2012 წელს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა შენობა და განაცხადა, რომ აქ ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იფუნქციონირებდა.

კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია

კომპანია „ჯეოტურანი“ მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ პირობას, რითაც საქართველოში ოპერირებად მწარმოებელ თუ მიმწოდებელ კომპანიებს არ ეძლევათ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება.

ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე შპს „ბათუმის წყალმა“, რომელიც ბათუმის მერიის მიერ არის დაფუძნებული, ტენდერი 2019 წლის 16 იანვარს გამოაცხადა. შპს „ჯეოტურანიმ“ კი დავების საბჭოს 31 იანვარს მიმართა და მოითხოვა საბჭომ დაავალოს „ბათუმის წყალს“, ტენდერის პირობები შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, „რათა ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში საქართველოში ოპერირებად ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების მწარმოებელ თუ მიმწოდებელ კომპანიებს მიეცეთ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება“.

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 4 თებერვალს, 14:00 საათზე შეწყდება, „ჯეოტურანის“ საჩივრის განხილვის თარიღი კი დავების საბჭოს ასევე დღეისთვის, იმ დროისთვის აქვს ჩანიშნული, როცა ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებული იქნება – 4 თებერვლის 18:15 საათისთვის.

„…რამდენიმე პოზიციაზე მოთხოვნილი ობიექტების დიზაინის მიმართ მოთხოვნა არის კონკურენციის შემზღუდველი, კერძოდ… მოთხოვნილია ელ. ქურო, ელ.მუხლი, ელ. გადამყვანი, ელ . დამხშობი და ელ. სამკაპები მილის ფიქსაციით [მომჭერით]. მოთხოვნილი მახასიათებელი, მილის ფიქსაცია [მომჭერი] არის მხოლოდ ამ ობიექტის დიზაინის ნაწილი და აღნიშნულს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან მიმართებით არანაიარი მნიშვნელობა არ გააჩნია. გვინდა აღვნიშოთ, რომ [დასახელებულ პროდუქციას] მილის ფიქსაციით [მომჭერით] აწარმოებს მხოლოდ ერთი მწარმოებელი George Fischer Waving AG, რაც უტყუარად დადასტურებული ინფორმაციაა და კონკრეტულად „ბათუმის წყლის“ მიერ ანალოგიურ შესყიდვებში ზემოაღნიშნული მომჭერიანი პროდუქციის მიმწოდებლად ყველგან ზემოაღნიშნული კომპანიაა დასახელებული“ – აღნიშნულია „ჯეოტურანის“ საჩივარში.

„დაფიქსირებული მოთხოვნა ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ პირობას. შემსყიდველის მიერ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული მოთხოვნის დაწესება, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი და მნიშვნელობა პროდუქციის გამოყენების საბოლოო შედეგთან, ასევე გამოყენების ტექნოლოგიასთან, პირდაპირ დისკრიმინაციულ მიდგომას წარმოადგენს ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიების მიმართ, რომლებიც მიუხედავად დადგენილი სტანდარტისა, მხოლოდ იმის გამო, რომ ელ. ქუროებს, ელ. მუხლებს, , ელ . დამხშობებს და ა.შ . არ აწარმოებენ მილის ფიქსაციით [მომჭერით], ეზღუდებათ ამ დანაწესის გამო ტენდერში მონაწილეობის მიღება…. მოთხოვნები არის დისკრიმინაციული, არაპროპორციული და ზღუდავს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრების პრინციპებს.შესყიდვის ობიექტის მიმართ სადაო მოთხოვნების დაწესებით, საქართველოს შესაბამის ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების 80 %-ს და მეტს შეზღუდული აქვს ტენდერში მონაწილეობის მიღება, გარდა იმ მიმწოდებლებისა, რომლებიც ახორციელებენ George Fischer Waving AG -ის მიერ წარმოებული პროდუქციის მიწოდებას“ – აცხადებს „ჯეოტურანი“.

მომჩივან კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შესყიდვების შესახებ კანონის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, გარდა სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომების უზრუნველყოფისა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებისა, არის სახელმწიფო შესყიდვების ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, რაც გასაჩივრებული ტენდერის შემთხვევაში საჭიროებს შესყიდვების სააგენტოს შესაბამის რეაგირებას, ვინაიდან კონკურენციის შეზღუდვის პირობებში, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო შესყიდვების ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა.

„ამ შემთხვევაში შემოთავაზებული მომსახურების ღირებულების ალტერნატივა არის ძალიან მცირე, ვინაიდან აღნიშნული ტენდერის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი ან ორი კომპანია, რომელთაც ეყოლებათ საერთო მიმწოდებელი და სწორედ ამ მიმწოდებლის ფასებით მოხდება პროდუქციის განფასება“ – აღნიშნულია საჩივარში – „აღნიშნული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული ჭეშმარიტი და ობიექტური გადაწყვეტილებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელს შეუწყობს მახინჯი პრაქტიკის აღკვეთას და სამომავლოდ შეიქმნება პრეცედენტი მსგავსი ჩანაწერების თავიდან არიდებისა და იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურაში სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი გარემოს განმტკიცებისთვის“.

„ბათუმის წყლის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 711 990 ლარია. ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა შემსყიდველს ცივი წყლის პოლიეთილენის მილები და ფიტინგები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს.

ამ თემაზე:

როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში 

Exit mobile version