მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარმა საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი გამოაცხადა

04.02.2019 • 2530
ბათუმის ბულვარმა საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი გამოაცხადა

კონკურსის მეშვეობით „ბათუმის ბულვარი“ ბულვარის პოპულარიზაციის მიზნით საიმიჯო ვიდეორგოლის საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას და მის საფუძველზე ვიდეორგოლის დამზადების მომსახურების შესყიდვას გეგმავს.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 169 ლარია.

საკონკურსო დავალებაში აღნიშნულია:

პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობის დროს უნდა წარმოადგინოს საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფცია როგორც ტექსტური, ასევე, გადასაღები ლოკაციების ფოტო ან/და ვიდეომასალა;

ვიდეორგოლის სცენარი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ბულვარს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელ დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონას, ასევე, ტურისტებისთვის ძალზე საინტერესო კულტურულ ძეგლსა და გასართობ ლოკაციას. ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტორს, რომ ბულვარი აქტუალურია არა სეზონურად, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს, რომ ბათუმის ბულვარში ინტერესის სფეროს გამონახვა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ბულვარი, ასევე, საუკეთესო ადგილია ოჯახთან ერთად დასასვენებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბათუმის ბულვარის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა;

ვიდეორგოლი გადაღებული უნდა იყოს Full HD ხარისხში, ქრონომეტრაჟით 1-1,5 წუთი, წარმოჩენილი იქნება სხვადასხვა ლოკაცია და სარეკრეაციო ზონები;

ვიდეორგოლს უნდა ჰქონდეს მუსიკალური გახმოვანება და მუსიკას უნდა ჰქონდეს მისი გამოყენებისთვის სრული საავტორო უფლებები;

ვიდეორგოლის სავარაუდო სცენარისათვის უნდა მოხდეს გადაღებისათვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა განათებით, საჭირო ხმის ბალანსით, მუსიკით, გრაფიკით, ფერთა კორექციითა და მონტაჟით;

სცენარის შესაბამისად ვიდეორგოლის განსაზღვრული კადრები გადაღებული უნდა იყოს დრონით;

კონკურსის შედეგად შერჩეული ვიდეორგოლის კონცეფციის ავტორი ვალდებულია, ვიდეორგოლის შექმნის პროცესში გაითვალისწინოს შემსყიდველის მოთხოვნები და შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიაში.

კონკურსში წინადადებების მიღება 2019 წლის 13 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: