მთავარი,სიახლეები

პანორამული ბორბალი ადგილზეა – ბათუმის ბულვარში მდებარე შენობის ორი მხარე [ფოტო]

04.02.2019 • 1930
პანორამული ბორბალი ადგილზეა – ბათუმის ბულვარში მდებარე შენობის ორი მხარე [ფოტო]

4 თებერვალს ფეისბუქში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც ბათუმის ბულვარში მდებარე შენობაა ასახული, ინტერესი გამოიწვია. ფოტოზე ისე ჩანს, თითქოს პანორამული ბორბალი, რომელიც თავის დროზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის აგებულ შენობას ჰქონდა, მოხსნილია, თუმცა ეს ასე არ არის. პანორამული ბორბალი ადგილზეა, შენობას მეორე მხრიდან აქვს მიშენება, ეს ადგილი 2017 წელს ასე გამოიყურებოდა:

ფოტო: „ბათუმელები“, 2017 წელი

ამჟამად სივრცე ამოშენებულია და დღეს ასე გამოიყურება:

ფოტო: „ბათუმელები“, 2019 წელი

შენობას, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა, კერძო კომპანია ახლა ბინებად ყიდის.

ვრცლად ამ თემაზე: „ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად“ წოდებულ შენობაში 1 კვ/მეტრი ბინა $2500-ად გაიყიდება 

შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 2015 წლის მარტში გაყიდა. შპს „ბათუმი თაუერმა“ ქონება 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად  შეიძინა. ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“.

ამ თემაზე: ვინ იყიდა “ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა ბათუმში 

მშენებლობა ბათუმის ბულვარში 2011 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4504 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” საჩუქრად გადასცა.

ბულვარში მასშტაბური პროექტის განხორციელების მიზნით ხეების უკანონო გაჩეხვას და ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიის ხელყოფას, პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბათუმელები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ.

მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტმა” მშენებლობა მაინც გააგრძელა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აშენებდნენ „ბიზნეს თაუერს“, რაც ხელს შეუწყობდა უცხოელი კომპანიების ბათუმით დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვას, თუმცა 2012 წელს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა შენობა და განაცხადა, რომ აქ ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იფუნქციონირებდა.

გადაბეჭდვის წესი