შსს-მ აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
“ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი „მეტადონი“,” – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტურისტული ავტობუსი ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე [ბოტანიკურ ბაღამდე] იმოძრავებს. ამ მარშრუტზე სულ 5 ტურისტული ავტობუსი ივლის. მერია თავდაპირველად გეგმავდა, რომ ახალი მარშრუტი თამარ მეფის ქუჩაზე, ხელოვნების ცენტრამდე იქნებოდა, თუმცა საკრებულოში განხილვის დროს გადაწყდა, რომ მარშრუტი მწვანე კონცხამდე გაგრძელებულიყო.
ტურისტული ავტობუსის მარშრუტი – მოძრაობის სქემა:
ახალი ბულვარი – შ. ხიმშიაშვილის ქუჩა [აკვა-პარკი] – რუსთაველის ქუჩა [დელფინარიუმი] – ვაშა-ფშაველას ქუჩა [ხელოვნების მუზეუმი] – ზუბალაშვილის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა [ევროპის მოედანი] – მ.აბაშიძის ქუჩა – კ.გამსახურდიას ქუჩა – რუსთაველის ქუჩა [საოცრებათა მოედანი] – გოგებაშვილის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – თამარ მეფის გამზირი – მწვანე კონცხი [ბოტანიკური ბაღი].
უკუმიმართულება იქნება იგივე – მწვანე კონცხიდან ახალ ბულვარამდე.
ტურისტული ავტობუსების მარშრუტი
საკრებულოს შესაბამისი დადგენილება ძალაში 2019 წლის 2 მაისს შევიდა. შესაბამისად, როგორც მერიის მუნიციპალური სამსახურის სატრანსპორტო განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ გვითხრა, დაიწყება მუშაობა ავტობუსების შესარჩევად კონკურსის გამოსაცხადებლად. ამ პროცესში კი დაზუსტდება დეტალები, მათ შორის აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის საფასურის ოდენობაც.
ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, მერია, სავარაუდოდ, აპირებს შეარჩიოს ის მიკროავტობუსები, რომლებსაც ექნება პანორამული ჭერი და ტურისტული მომსახურებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებული პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ბათუმის სასამართლომ დღეს, 3 მაისს, უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე.
ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. კონკურსი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად 25 აპრილს გამოცხადდა. სასამართლოში ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. არსებითი განხილვა ამ საქმეზე ჯერ არ დაწყებულა. ნათია კაპანაძე შუამდგომლობით ასევე ითხოვდა უკვე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ამ კონკრეტულ საკითხზე იმსჯელა დღეს სასამართლომ.
„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ, ფაქტობრივად, უარი უთხრა ნათია კაპანაძეს. უარი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი სარჩელი დაკმაყოფილდება,“ – ამბობს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი. მისი განმარტებით, ვიდრე სასამართლო განხილვა დასრულდება, კონკურსის წესით ტელევიზიაში ახალი დირექტორი შეირჩევა. ნათია კაპანაძე კი ტელევიზიის დირექტორად ვეღარ დაბრუნდება მაშინაც კი, თუკი ის სასამართლოს მოიგებს.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა, ასეთია: ნათია კაპანაძეს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს.
„ეს ხომ არალოგიკური მსჯელობაა? როგორ შეიძლება ნათია კაპანაძე დირექტორად აირჩიოს ბორდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მას უნდობლობა გამოუცხადა?“ – უკვირს მოსამართლის დასაბუთება საია-ს იურისტს.
ამ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებაც ახლდა. შესაბამისად, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნახა, როგორ შეაჩერა კონკურსი მისმა კოლეგა მოსამართლემ ანალოგიურ ვითარებაში. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რომლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი 2013 წელს მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა. მაშინ სასამართლომ გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
რას ნიშნავს ერთგვაროვანი პრაქტიკის დარღვევა თავად ეფექტური მართლმსაჯულებისა და ამ სისტემის სანდოობისთვის?
მარიამ გოგოსაშვილი მიჩნევს, რომ ჯუმბერ ბეჟანიძის დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს სასამართლო სისტემის მიმართ.
„განსაკუთრებულ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია შეცვალოს პრაქტიკა, თანაც როცა არ არსებობს რაოდენობრივად ბევრი გადაწყვეტილება მიღებული. მაგრამ პრაქტიკის შეცვლა სჭირდება შესაბამისი დასაბუთება და იგი უნდა იყოს მიმართული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ და არა პირიქით… ამ შემთხვევაში კონკურსის შეჩერება არავითარ ზიანს არ იწვევდა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოტივებით მიღებული გადაწყვეტილება. ვნახოთ. ეს ალბათ გამოვლინდება,“ – გვითხრა იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მოსამართლემ კონკურსი არ შეაჩერა, საჯარო ინტერესია, ანუ ტელევიზია რამდენიმე თვით დირექტორის გარეშე რჩებოდა. იურისტი ვერც ამ მიზეზის ლოგიკურობას ხედავს, რადგან ტელევიზიას ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ტელევიზიის მუშაობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
„შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე ის ჯგუფები ითხოვენ, რომლებიც ხშირად თავად იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობენ,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ ინიციატივებზე გიორგი მშვენიერაძემ დღეს ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. თქვენი დაკვირვებით, რა ფორმებს იძენს ეს ინიციატივა და ვინ ითხოვს?
ყოველთვის, როცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზეა საუბარი, საზოგადოებას უხატავენ კეთილშობილურ მიზნებს, რომ თითქოს ამის გამო უნდა დაწესდეს შეზღუდვები. სინამდვილეში კი, სიტყვის თავისუფლებაა თავად კეთილშობილება და მისი შეზღუდვა განსაკუთრებულია ისეთი წარსულისა და გამოცდილების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. როცა საუბრობენ იგივე ცილისწამების კუთხით რეგულაციების დაწესებაზე, ამბობენ, რომ ცილისწამება დასჯადი არ არის, მაგრამ არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ის სამოქალაქო პასუხისმგებლობას იწვევს. საუბარია ასევე დეზინფორმაციაზე, როგორც საფრთხეზე, თუმცა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კრიმინალიზებით და დასჯადობის შემოტანით დაუშვებელი და გაუმართლებელია. მესამე, რაზეც ხშირად საუბრობენ, ესაა სიძულვილის ენა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ხშირად ურევენ რეალურად სიძულვილის ენის გამოყენებას პოლიტიკურ კულტურაში. სიძულვილის ენა გულისხმობს რასის, ენის, კანის ფერის, სქესის, ან სხვა მიზეზების გამო ადამიანთა შევიწროებას და დევნას. პოლიტიკოსებს კი ხშირად სიძულვილის ენაზე შეზღუდვების დაწესება წარმოუდგენიათ ისე, რომ მათ პოლიტიკურ ოპონენტს აღარ ექნება მისი მკაცრად გაკრიტიკების უფლება. ეს პოლიტიკური ლექსიკა პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რაც კანონით ვერ დარეგულირდება.
მაგრამ არსებობს რეალური პრობლემებიც, მაგალითად, დეზინფორმაცია. როგორ უნდა დადგინდეს, როდის ამოძრავებს ხელისუფლებას „კეთილშობილური მიზანი“, როცა ის რეგულაციის დაწესებას აპირებს?
როცა ავტომანქანები გამონაბოლქვით აბინძურებენ ქალაქს, ჩვენ ავტომობილებს კი არ ვკრძალავთ, არამედ გამონაბოლქვზე ვზრუნავთ. როცა ვსაუბრობთ, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი, ამის მოგვარების გზა არის განათლება და არა აკრძალვა და დასჯა. სინამდვილეში ვინ ითხოვს საქართველოში სიძულვილის რეგულირებას? ითხოვს ის ჯგუფი, რომელიც ხშირად თავად არის შემჩნეული სიძულვილის ენის ტირაჟირებაში, მაგალითად, საპატრიარქო და მასთან დაახლოებული ჯგუფები. სასულიერო იერარქიის მაღალი პირები ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და ამავე დროს ითხოვენ, რომ უნდა შეიზღუდოს სიძულვილის ენა. სინამდვილეში მათ მიერაა წახალისებული ძალადობა და არავინ ისჯება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში რეგულაციები გამოყენებულია არა უმცირესობების და ჩაგრული ჯგუფების დასაცავად, არამედ პირიქით, დომინანტი ჯგუფების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
რატომ ხდება ასე, როცა ინიციატივები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ბოლომდე მაინც ვერ მიდის?
ვფიქრობ, რომ ხვდებათ მათ წინააღმდეგობა… რამდენიმე წლის წინ მიიღეს მაინც ერთი კანონი, რომელსაც შურის გაღვივების კანონს ეძახდნენ. მე არ მახსოვს, რომ ამ მუხლით ვინმე გასამართლებულიყო. ხშირად არის ხოლმე, რომ კანონის მიღება თვითმიზანი უფროა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ძირითადად აქვს მსუსხავი ეფექტი, რომ ვიღაცები ენას კბილს დააჭერენ.
როგორია სასამართლოს როლი? რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია ბათუმის პარკის კოლონადებთან ფერადი საღებავით ნახატის შესრულება იმის მიუხედავად, რომ ის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს არ იყო.
ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის საკმაოდ მოძველებული. რთულია დაადგინო, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შორის. წლებია ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად გვქონია შემთხვევა, როცა ქუთაისში, თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის გამო სასამართლომ თქვა, რომ ეს არაა სამართალდარღვევა, თუკი იგი გამაფრთხილებელი იყო და შეწყვიტა საქმე. ახლა გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი საქმე ისევ ქუთაისში: კაფის მესაკუთრემ ვიტრინებზე გამოაკრა მერის სურათი საპროტესტოდ. იგი მიიჩნევს, რომ უკანონოდ ართმევენ კაფეს და ამის გამო შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ასეთი პრეცედენტები არის ხელისუფლების ხელში საშუალება, რომ გარკვეულ საკითხებზე უზრუნველყოს დუმილის დაწესება, ხშირად ეს გამოყენებულია, როგორც სიტყვის თავისუფლებაზე ბორკილების დამდები. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: ქალაქის ბოძზე ვაკრავთ განცხადებას ბინის გაქირავების შესახებ, ამაზე როგორია ხელისუფლების რეაქცია და როგორი იქნება, თუკი იმავე ბოძზე გავაკრავთ ოპოზიციური ხასიათის პლაკატს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელსაა მიღებული. სიმბოლურია ეს და იგი ორუელისეულ სახელმწიფოზეა შექმნილი. წლებია ვსაუბრობთ, რომ, პირველ რიგში, ეს კანონია შესაცვლელი.
ფონდი „ქართუ“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ-ნახევარ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს, 3 მაისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა განაცხადა ბრიფინგზე.
ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, პირველ რიგში, დაიწყება იმ სახლების რებილიტაცია, რომელთა რესტავრირების პროექტები უკვე შესყიდულია. საუბარია რვა სახლზე.
თავად სააგენტო წელს ორი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს, ამისთვის საჭირო თანხა სააგენტოს ამ წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.
ფონდი „ქართუ“ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაარსებული.
„ქართუს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული იქნება:
[checklist]
ყოფილი სომხურ-კათოლიკური ეკლესია
ეფენდიევის ვილა ქობულეთში
ჟორნადიას #14
მაზნიაშვილის #6
კომახიძის #4
„პროფკავშირის შენობა“ – გამსახურდიას N13/მ. აბაშიძის N23
დღეს, 3 მაისს, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში თვითნასწავლი ბათუმელი მხატვრის, ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ჯონი ჯიჯეიშვილი პროფესიით ფილოლოგია, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, რომლებშიც შესულია მისი მოთხრობები და რომანი. იგი ხატვით 40 წლის ასაკში დაინტერესდა.
გამოფენაზე მხატვრის 30 ნამუშევარია გამოტანილი. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 4 მაისამდე დარჩება.
“ჯონის, ამ თვითნასწავლი მხატვრის პრიმიტივისტული თუ ნაივური სტილით შესრულებული ნამუშევრები, მისი საოცარი თემები, გამომსახველი ფერწერა, ექსპრესიულობა, რომელსაც ახლავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პოეტურ-ემოციური მუხტი, ნამდვილად შთამბეჭდავი და ამაღელვებელია,” – თქვა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ. მისივე შეფასებით, აჭარას ასეთი მნიშვნელობის სამი თვითნასწავლი მხატვარი ჰყავს – ლაზი ჰასან ჰელიმიში, მხატვარი ქობულეთიდან – დურმიშხან კიკნაძე და ჯონი ჯიჯეიშვილი. გამოფენაზე სამივე თვითნასწავლი მხატვრის საერთო გამოფენის მოწყობის იდეაც განიხილეს.
ჯონი ჯიჯეიშვილი 1984 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. 1986 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა ბათუმის მხატვრის სახლის გალერეაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა. შუამდგომლობაზე მოსამართლემ სხდომის გამართვის გარეშე დღეს, 3 მაისს, იმსჯელა.
სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მიმართა. იგი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
სარჩელთან ერთად დასმული იყო კონკურსის შეჩერების შუამდგომლობაც, რის დაკმაყოფილებაზეც თქვა დღეს სასამართლომ უარი. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
მდინარე აჭარისწყალზე აშენებული „შუახევიჰესი“ ექსპლუატაციაში 2017 წელს მიიღეს. იმავე წელს, წყლის გაშვების შემდეგ, ერთ-ერთი გვირაბი დაზიანდა. ჰესის გვირაბის გამაგრება ამ დრომდე გრძელდება. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტია, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების მხოლოდ 30%-ია დასრულებული.
„გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 18 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების 30% დასრულებულია. არსებული გეოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად გვირაბის მთლიან პერიმეტრზე მოხდა სხვადასხვა ქანის სინჯების აღება, რომელიც პერმანენტულად იგზავნებოდა ევროპის სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში. ლაბორატორიული შედეგების ანალიზს ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფი ახდენდა, რის შედეგადაც გვირაბის თითოეული მონაკვეთისთვის დადგინდა დამატებითი გამაგრების ტიპი და შესაბამისი მეთოდოლოგია. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულნი არიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ამ ეტაპზე 400-მდე ადგილობრივი არის დასაქმებული“, – მოგვწერეს „აჭარისწყალი ჯორჯიადან“.
კომპანიის ინფორმაციით, „შუახევიჰესის [178.72 მგვტ] პროექტის სხვა ობიექტების მშენებლობა თითქმის დასრულებულია. 2019 წლის ბოლოს დაიწყება გვირაბების წყლით შევსება და ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი“.
რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე სხალთაზე აშენებულ „სხლათაჰესს“ [9 მგვტ], კომპანიის განმარტებით, „მიმდინარეობს სხალთა-შუახევის დამაკავშირებელი 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2019 წლის ზაფხულში იგეგმება“.
——
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მიერ შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სახელზე 178.72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „შუახევიჰესით“ ელექტროენერგიის წარმოებაზე ლიცენზია 2017 წლის 11 სექტემბერს უვადოდ გაიცა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს ბრძანებით, მდინარე აჭარისწყალზე განთავსებული 178.72 მგვტ სიმძლავრის მშენებლობადამთავრებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი – ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნა მიღებული.
ჰიდროაგრეგატების ნომინალური სიმძლავრე – 89,36 მგვტ, ჰესის დადგმული სიმძლავრე – 178.72 მგვტ ხოლო წლიური საპროექტო გამომუშავება – 429 მლნ კვტ.სთ.
ლიცენზიის მიხედვით ჰიდროელექტროსადგურის ექსპლოატაციაში გაშვების თარიღია – 2017 წელი. „შუახევიჰესის“ გვირაბებში სატესტო რეჟიმით 2017 წლის ზაფხულში გაუშვეს წყალი, თუმცა მაშინ ერთ-ერთი გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა.
2018 წლის 24 იანვარს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გვირაბის აღდგენაზე ნებართვა გასცა. სააგენტომ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ „ჰიდროთერმული ზემოქმედებისა და გამოფიტვის შედეგად შესუსტებული ქანების გაწყლიანების გამო მოხდა ქანების ჩამოშლა.“
2018 წლის ივლისში კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წინასწარი მონაცემებით, ჩამოშლილი გვირაბის სრულად აღდგენას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
„შუახევიჰესს“ სამი კომპანია აშენებს: ნორვეგიული Clean Energy Invest-ი, ინდური კომპანია Tata Power-ი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი IFC-ი. ამ კომპანიებმა შუახევში ჰესის ასაშენებლად 400 მილიონი აშშ დოლარი ჩადეს. ჰესის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა. „აჭარისწყალი ჯორჯია“ კი ამ სამი კომპანიის ერთობლივი საწარმოა, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ჰესის მშენებლობას.
კვირას, 5 მაისს, ბათუმში, ლეონიძის 15 ნომერში, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ საერთო საცხოვრებელს გახსნის, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილი.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელი ოთხსართულიანია და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
საკონფერენციო დარბაზი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში
„სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები. შენობა ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი“.
საერთო საცხოვრებლის ჰოლი
როგორც „ბათუმელებს“ ბსუ-ს ადმინისტრაციაში უთხრეს, საერთო საცხოვრებელში ბინადრობის უფლებაზე უპირატესობა აქვთ: სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (ვისაც აქვს 70 000 და ნაკლები ქულა), ასევე, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრებ სტუდენტებს, აჭარის მაღალმთიან რაიონში მცხოვრებ სტუდენტებს (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები), ქვედა ქოქოლეთში მცხოვრებ, ქობულეთის რაიონის სოფლებში, დიდვაკესა და ხინოში მცხოვრებ სტუდენტებს.
ასევე, ბინადრობის უფლებაზე უპირატესობა ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილებს, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილებსა და ობლებს (დედით ან მამით), – იძულებით გადაადგილებულ (დევნილის) სტატუსის მქონე მრავალშვილიანი ოჯახიდან სტუდენტებს, ეკომიგრანტებს, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე სტუდენტს.
ბსუს-ს ინფორმაციით, ახალი სტუდენტური საცხოვრებლით ამ ეტაპზე ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომლებიც ძველ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. „საცხოვრებლის მობინადრეთა შესარჩევი კრიტერიუმების პროექტზე უნივერისტეტში მიმდინაროებს მუშაობა და იგი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება, თუმცა ახალი კრიტერიუმები ძველი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაგებლეებს არ შეეხებათ“.
საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი დაიხარჯა.
ბოლო პერიოდში, სილქნეტმა თბილისსადარეგიონებში,მობილურიქსელის მიმართულებით, მოდერნიზაციისმასშტაბური სამუშაოებიჩაატარა, რომლისშედეგად, ქვეყანაში 4.5G ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.
კერძოდ, აჭარისა და გურიის რეგიონებში გაწეული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გაძლიერდა მეოთხე თაობის არსებული ქსელი 4.5G ქსელით შეიცვალა. ასევე აღნიშნული ტექნოლოგია იმ ადგილებში დაინერგა, სადაც მომხმარებელი ადრე ვერ სარგებლობდა მეოთხე თაობის ინტერნეტით.
მნიშვნელოვანია, რომსაზღვაოსეზონისდაწყებამდემოწესრიგდაინფრასტრუქტურა. უკვე ერთი წელია რაც ბათუმში მომხმარებლები უსწრაფესი მობილური ინტერნეტით სარგებლობენ. ასევე 20-მდე დასახლებულ პუნქტში გაუმჯობესდა და დაინერგა მეოთხე თაობის ქსელი: მახინჯაური, აჭყვა, ბობოყვათი, ჩაქვი, ქვედა კვირიკე, წყალწმინდა, ლანჩხუთი, ახალსოფელი, ჩიბათი, გრიგოლეთი, ჯაპანა, კეთილარი, ხაჯალია, ლესა, ნიგოითი, ნიგვზიანი, საჯავახო, სუფსა. ასევე, ქობულეთში, ოზურგეთსა და ურეკში.
„დღეისათვისაჭარისადაგურიისრეგიონებშიქსელისმოდერნიზაციისადაგაძლიერებისთვისჩატარებულისამუშაოებიწარმატებითდავასრულეთ.ასევე, მზად ვართ საკურორტოსეზონისთვის, რათააღნიშნულრეგიონებსმოვემსახუროთგაცილებითსტაბილურისიგნალითადაბევრადუფრომაღალსიჩქარიანიინტერნეტით. გაძლიერებული4.5G ქსელისპირობებში,ჩვენი მომხმარებლებიდაახლოებით5-ჯერუფროსწრაფიინტერნეტითშეძლებენსარგებლობას,“- აღნიშნავსსილქნეტისკომერციულიდირექტორიბაჩოჩინჩალაძე.
კომპანია კვლავაც აგრძელებს თანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე, რათა საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს აბონენტებს.
ავტორი: ირაკლი ირემაძე, ისტორიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი
_______________________
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ახლად შექმნილი სახელმწიფო რთული გამოწვევების წინაშე იდგა. პირველ რიგში, საფრთხე ემუქრებოდა მისი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს, ამ პერიოდისათვის პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ოსმალეთს უკვე დაკავებული აქვს ბათუმის ოლქი, ასევე, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. მსოფლიო ომის დასრულებისა და ოსმალეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონტროლის აღდგენას ახერხებს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებზე, 1919 წლის გაზაფხულზე იკავებს არტაანის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა კვლავ ღიად რჩება ბათუმის ოლქის საკითხი, რომელიც 1918 წლის გვიან შემოდგომიდან ბრიტანეთის ჯარებს აქვთ ოკუპირებული. რესპუბლიკის პოლიტიკური კლასი და მოქალაქეები მტკივნეულად აღიქვამენ ბათუმის ოლქის გაურკვეველი მომავლის საკითხს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ბათუმის ოლქი 1920 წლის ივლისამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში არ შედიოდა, ქართველი მუსლიმი პოლიტიკოსები ბათუმის ოლქიდან აქტიურ საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში. ცნობილია, რომ 1918 წლის განმავლობაში ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში) შედიოდნენ ჰაიდარ და მემედ აბაშიძეები, 1919 წლის 12 მარტიდან კი ახლად არჩეულ დამფუძნებელ კრებაში კანონმდებლის მანდატი ჰაიდარ აბაშიძემ, ყადირ შერვაშიძემ და ოსმან მიქელაძემ მოიპოვეს. სამივე პოლიტიკოსი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას წარმოადგენდა.
ამ ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლის უაღრესად საპატიო მანდატს კიდევ ერთი პოლიტიკოსი ფლობდა, რომელსაც კანონმდებლის ანკეტაში მითითებული ჰქონდა „ქართველი მაჰმადიანი“. ეს ადამიანი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი იუნუს წულუკიძე იყო, რომელიც ბათუმის ოლქში, ქობულეთის რაიონში, სოფელ ლეღვაში ცხოვრობდა. იუნუს წულუკიძის მიერ 1918 წელს შევსებული სადეპუტატო ანკეტა გვამცნობს, რომ ის 1880 (1881?) წელს დაიბადა სოფელ ლეღვაში, მიღებული ჰქონდა სასულიერო განათლება (სავარაუდოდ ქალაქ სტამბოლში) და იმჟამად სოფლის მეურნეობას მისდევდა.
იუნუს წულუკიძე. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
იუნუს წულუკიძე 1918 წლის 15 მაისიდანვე ანუ შექმნის დღიდანვე იყო დამფუძნებელი წევრი „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა“, რომელიც აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმის ოლქის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეერთებისთვის. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, რომ იუნუს წულუკიძე დამოუკიდებლობის გამოცხადებამდეც აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწოდა, იგი განმათავისუფლებელი კომიტეტის კიდევ ერთ წევრთან, ქემალ ნოღაიდელთან ერთად 1918 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა დახმარებას ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ქართველი მუსლიმებისათვის ქართული სკოლის გახსნისთვის და ქალთათვის ხელსაქმის სასწავლებლის შესაქმნელად.
ანკეტა დაცულია ეროვნულ არქივში
1918 წლის მაისში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ იუნუს წულუკიძე ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, ხოლო 1918 წლის შემოდგომაზე საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ კანონმდებლის მანდატის დატოვების შემდეგ, იუნუს წულუკიძე ოფიციალურად გახდა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი. 1919 წელს იუნუს წულუკიძე ბათუმის ოლქში დაბრუნდა და განმათავისუფლებელი კომიტეტის საქმიანობაში ადგილზე ჩაერთო, ის კვლავ რჩებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრად.
სამწუხაროდ, მისი შემდგომი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. გაურკვევლობითაა მოცული მისი გარდაცვალების ფაქტიც, შთამომავლობის გადმოცემით 1920-იანი წლების დასაწყისში ის ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
იუნუს წულუკიძე მშობლიურ სოფელში, ლეღვაშია დაკრძალული.
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლიდან ცხრა მეორეკლასელის ინფექციურ საავადმყოფოში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით გადაყვანის მიზეზი ცნობილია.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გამოკვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებში გულისრევის შეგრძნება გამოწვეული იყო მიმბაძველობით.
„როცა ერთ ბავშვს ჰქონდა გულისრევა, დანარჩენი ბავშვები კოლექტიურად აჰყვნენ ამ პროცესში,“- ამბობს რუსუდან შავიშვილი.
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლას ბუფეტი არ აქვს. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვებმა სკოლაში სახლიდან მოტანილი კვერცხი და პასკა ჭამეს, თუმცა ორ მათგანს, რომლებიც შემდგომში საავადმყოფოში გადიაყვანეს, სკოლაში არაფერი არ უჭამია.
თავდაპირველად ეჭვი არსებობდა იმაზე, რომ ბავშვებში მოწამვლა შესაძლოა კვერცხს გამოეწვია, თუმცა, როგორც რუსუდან შავიშვილი ამბობს, კვლევამ ეს ვერსია გამორიცხა.
„ინფექციურში მიყვანის დროსაც ყველა ბავშვი აქტიური იყო, მეორე დღეს ეს ბავშვები მივიდნენ სკოლაში და ჩართული იყვნენ სასწავლო პროცესში და არც ერთს არ ჰქონდა ჩივილები. ჩვენ დინამიკაში მაინც ვაგრძელებთ გამოკითხვას და მეთვალყურეობას, ბოლო გამოკითხვების დროს ბავშვები ჩივილებს არ აღნიშნავდნენ“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა დადგინდა იმ ბავშვის შემთხვევაში, ვისაც პირველად ჰქონდა ღებინება, რუსუდან შავიშვილის თქმით, ბავშვმა საუბარში აღნიშნა, რომ სკოლაში წამოსვლამდე ჰოთდოგი შეჭამა.
დღეს, სამ მაისს, დაახლოებით დილით რვა საათზე, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 60 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. შსს-ს ცნობით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებმა ადგილზე ნახეს მეორე მამაკაციც, რომელიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ორშაბათს, 6 მაისს, 13:00-დან 16:00 საათამდე, კინოთეატრ „აპოლოში“ “მულტიმედია განათლების ცენტრი” და კომპანია “საქდოკ ფილმი” მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენებას მოაწყობს.
ფილმების სერია “16 ქალი ცვლილებისთვის” ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და აერთიანებს ახალგაზრდა ქალი დოკუმენტალისტების მიერ შექმნილ 16 ფილმს საქართველოში მცხოვრებ ქალებზე.
2019 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის. გამართული ავტომობილით მოძრაობა სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციების თავიდან არიდებას ნიშნავს როგორც მძღოლების, ასევე, ქვეითებისთვის. იარეთ მშვიდად, იყავით დაცული და შეამოწმეთ, მზად არის თუ არა თქვენი ავტომობილი ტექინსპეტირებისთვის.
მედიის განვითარების ინდექსი საქართველოში გაუარესდა – მონაცემები ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ეკა ბასილაიამ გააჟღერა, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა.
დღეს, 3 მაისს, ბათუმში მედიაფორუმი გაიხსნა პრესის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ფორუმის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.
2018 წელს საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი იყო 2.26, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მედია შერეულად მდგრადი სისტემით ხასიათდება. წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.06 ქულით შემცირდა.
„რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა პრობლემა, მათ შორის, ყველაზე მაღალი იყო პროფესიული ჟურნალისტიკის კუთხით. პრობლემაა ასევე პლურალისტური მედიაგარემოს და ბიზნესმენეჯმენტის კუთხით,”- აღნიშნა ეკა ბასილაიამ, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა.
ინდექსის მონაცემებით, უარყოფითად შეფასდა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხები.
„მაჩვენებელზე აისახა კანონპროექტებიც, მაგალითად, ე.წ. ცენზურის კანონპროექტი, ასევე, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის მოთხოვნის ინიციატივა,”- დასძინა ეკა ბასილაიამ.
ინდექსის შესახებ მომზადებულ ანგარიშში რამდენიმე ფაქტი მოხვდა, მათ შორის: აფგან მუხთარლის საქმე, ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა, „რუსთავი 2“- ის საქმე.
ამავე ინდექსის მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, ხოლო რიგი მედიასაშუალებებისთვის დონორი ორგანიზაციების დახმარება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება“.
„მე ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს,“- თქვა IREX-ის მედიაგანვითარების მკვლევარმა პრეზენტაციის დასასრულს. ის შეეხო აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის თემასაც და აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია ინდექსის ამ „მაჩვენებლების გაკეთილშობილებას ცდილობდა“.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი ყოველწლიურად იკლებს.
აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს. ინიციატივას „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს, მანამდე კი ინიციატივას აჭარის უმაღლესი საბჭო განიხილავს.
ინიციატივა ითვალისწინებს ოთხ პუნქტში ცვლილების შეტანას. კერძოდ:
[checklist]
ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უფლება
ზემო აღნიშნულ უწყებებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ცალკეული გადაცდომები, რომლის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება
ამავე უწყებებს ენიჭებათ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს დირექტორს ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს
დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს ან მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას
[/checklist]
უმაღლესი საბჭოს განმარტებით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენას.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ამ უფლებების დელეგირება, ინიციატივის ავტორი ლადო მგალობლიშვილი პასუხობს, რომ რადგან აჭარაში არის განათლების სამინისტრო, მას უნდა ჰქონდეს ეს უფლებები.
„მაგალითად, როცა პირველ საჯარო სკოლას მიეცა რეკომენდაცია დირექტორის გათავისუფლების შესახებ, ამ შემთხვევაში სკოლის სამეურვეო საბჭო წერდა საქართველოს განათლების სამინისტროს წერილს, შემდეგ საპასუხო წერილი ისევ იგზავნებოდა აჭარაში, შემდეგ ისევ აჭარის განათლების სამინისტრო აგზავნიდა საპასუხო წერილს და იქედან პასუხი უბრუნდებოდა სამეურვეო საბჭოს. ასეთი ბიუროკრატია შემცირდება და უფრო ადვილად მოხდება გადაწყვეტილებების მიღება,“ – ამბობს ლადო მგალობლიშვილი.
ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 20 საჯარო სკოლისათვის აჭარის განათლების სამინისტრო სპორტულ ინვენტარს შეიძენს. ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია.
მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, მინი ფეხბურთის, ბადმინტონისა და ჭადრაკისთვის საჭირო ინვენტარი შემდეგ სკოლებზე გადანაწილდება:
ქალაქ ბათუმის N11, N13, N15, N27 საჯარო სკოლები;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1, სოფელ სალიბაურის N1, სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა, სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა;
ქალაქ ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა;
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლა, სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა, სოფელ შუბნის საჯარო სკოლა;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა; დაბა ქედის საჯარო სკოლა, სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა;
დაბა ხულოს საჯარო სკოლა, სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლა და სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპორტული ინვენტარის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 12 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება. ინვენტარი სამინისტროს ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.
2 მაისს ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, წყლის მთავარი მაგისტრალური მილი დაიწვა, რის გამოც ბუკნარის დასახლებაში წყალი 220 აბონენტს არ მიეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ გამოაქვეყნა ფოტოებთან ერთად.
ქობულეთის მერი წერს, რომ დაზიანებულია მილის 5-მეტრიანი მონაკვეთი და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მილი, სავარაუდოდ, ხელოვნურადაა დაზიანებული. დასახლება მაგისტრალური მილიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრშია.
ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მილს დღეს შეაკეთებენ და ბუკნარის მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.
„ჩვენი შეფასებით და ეჭვით, არის ნიშნები, რომ ეს არის განზრახ გაკეთებული, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ამის წინასწარ თქმა ძნელია,“ – გვითხრა სულიკო თხილაიშვილმა, „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 187-ე მუხლით – ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შევიდა. ამ ტრანზაქციით, თიბისი 50%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება. ამის თაობაზე დღეს, თიბისის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და Payme-ის დამფუძნებელი სარვარ რუზმატოვი ესწრებოდნენ.
განხორციელებული ტრანზაქცია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან შესაბამისობაშია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.
ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. თიბისი ამჟამად უზბეკეთში ავითარებს ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით.
„Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „Payme“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.
ამ ტრანსაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმა საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის.
დეპარტამენტის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა.
ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
ყაბზობა (შეკრულობა) – არის ნაწლავის დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად შეუწუხებია. ხშირად დაავადება აღენიშნება ბავშვებს და მოხუცებს.
შეკრულობას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ უმთავრესი მაინც ცხოვრების წესი და არასწორი კვებაა. ორივე ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, ამიტომ ყაბზობის ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ.
სიმპტომები
[checklist]
ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში
მეტეორიზმი, ყურყური
დაუცლელობის შეგრძნება
საერთო სისუსტე, თავბრუხვევა
მადის დაქვეითება
ბოყინი
გულისრევა
[/checklist]
რჩევები და რაციონი ყაბზობის დროს
[checklist]
წყალი არანაკლებ 2,5 ლ დღეში
აუცილებელია ჯანსაღი, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვები (ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი და ა. შ)
ბოჭკოვანი საკვები, ყველაზე უხვად მათ მარცვლეულის ქერქი შეიცავს: ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვა
ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, სტაფილო და ა. შ)
უნდა მოერიდოთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, მის ნაცვლად გამოვიყენოთ მცენარეული ზეთი.
საფაღარათო საშუალებები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ
მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში.
[/checklist]
გართულებები
ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი, რაც მისი კედლის სუსტ ადგილებში ჯიბეების გაჩენას ნიშნავს. შეკრულობის დროს იმატებს ნაწლავშიდა წნევა, რის გამოც ჯიბეები შესაძლოა გაიზარდოს და მათში მოხვედრილი შიგთავსისგან ვერ გათავისუფლდეს. ამას შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესები,რასაც დივერტიკულიტი ეწოდება. მას შესაძლოა მოჰყვეს კედლის პერფორაცია ( გახვრეტა) , რაც მეტად სერიოზული გართულებაა. ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია ყაბზობის პრობლემა დროულად მოგვარდეს, მივმართოთ სპეციალისტს და გავითვალისწინოთ რჩევები.
მთავარ ფოტოზე: მირანდა გაბაიძე, გასტროენტეროლოგი, „ხოზრევანიძის კლინიკა“
ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებული იქნა 8 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, კახეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. ავარია გუშინ, 2 მაისს, საღამოს მოხდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში. ავტომანქანა ფერდობზე გადატრიალდა.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილ და დაშავებულებს შორის არ არიან არასრულწლოვნები. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2020-2021 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.
აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.
პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს აშშ-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.
აპლიკაციების მიღება ხორციელდება 2019 წლის პირველი აგვისტოს 18:00 საათამდე.
ბათუმის ზოგიერთ უბანს და მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, რომ ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
„მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ეტაპობრივად აღდგება რეგიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრეს საქართველოს ელექტროსისტემაში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით კი, ზემო აჭარისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე დაიწყო, „ველოდებით, რომ მოკლე ხანში სრულად აღდგება ზემო აჭარის, ასევე, ბათუმის ენერგომომარაგებაც“.
თბილისისა და რეგიონების ნაწილში [აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი] ელექტროენერგიის მიწოდება 18:11 საათზე შეწყდა.
დედაქალაქის რაიონების გარდა, ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთავს, ქუთაისს, გორსა და ზუგდიდს.
პირველი მაისიდან თურქეთის ტერიტორიაზე ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სახის ავტომანქანას აეკრძალა და არ მიეცემა საშუალება, ჯარიმის გადაუხდელად დატოვოს ქვეყანა.
გარდა ამისა, პირველი მაისიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომანქანებზე გამოწერილი ჯარიმები ავტომატურად ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. შესაბამისად, მძღოლი, რომელიც დაჯარიმდა, თუ ჯარიმას არ გადაიხდის, ისე თურქეთის სახელმწიფო საზღვარს ვერ გადაკვეთს.
“თურქეთში მოქმედი კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების თანახმად, საკმაოდ სოლიდურია საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა და შესაძლოა აღნიშნულმა ცვლილებამ, სამშობლოში დაბრუნებისას, დიდი პრობლემები შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს,” – ნათქვამია ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულება 2019 წლის პირველი მაისიდან შევიდა ძალაში და ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთ-ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კაფიკულე“-ზე მოქმედებს. უახლოეს დღეებში კი სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც ამოქმედდება, მათ შორის სარფსა და ვალეში.
თურქული პრესის თანახმად, მხოლოდ ორ დღეში, 1-2 მაისს, თურქეთ-ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კაფიკულე“-ზე მძღოლებიდან ჯარიმის სახით 1 მილიონ 200 ათასი თურქული ლირა ამოიღეს.
გთავაზობთ ნუსხას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება მძღოლს.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა
დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30% კმ/სთ-მდე – 235 თურქული ლირა;
დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30% კმ/სთ-ზე მეტი – 488 თურქული ლირა;
ანტი-რადარის ან რადარის ამომცნობი აპარატის მოხმარება – 2018-3042 თურქული ლირა;
შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლა – 235 თურქული ლირა;
უსაფრთხოების ღვედი/სამუხრუჭე მანძილის არ დაცვა – 108 თურქული ლირა;
[red_box]სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში[/red_box]
პირველ ჯერზე – 1002, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 1256 თურქული ლირა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული თრობის მდგომარეობაში – 5167 თურქული ლირა;
გრძივი ზოლის გადაკვეთა ან აკრძალვის მიუხედავად გასწრება – 235 თურქული ლირა.
შენიშვნა: ჯარიმების 15 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 25 % შეღავათი.
ბათუმის მერიისგან ჯერ ისევ არ გვაქვს არც დაზუსტებული და არც სავარაუდო პასუხი კითხვაზე, როდის გააგზავნის ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ამ დროისთვის არც კვლევაა დაწყებული დოკუმენტის იმ ნაწილის განახლებისთვის, რის გამოც, როგორც მერი, ლაშა კომახიძე ხსნის, მისი დამტკიცება ჯერ სასურველი არ არის.
როგორც მერიაში განმარტავენ, გასაახლებელია რუკების ნაწილი, რადგან ის არ ასახავს დღევანდელ რეალობას. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდანაც მიიღო. სააგენტოს სპეციალისტები კი იმასაც ამბობენ, რომ მერიას შეუძლია დაამტკიცოს დოკუმენტი და პარალელურად მის განახლებაზე იმუშავოს.
ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში დაზუსტებით ჯერ არც ის იციან, როდის გამოცხადდება შესაბამისი კვლევის შესყიდვაზე ტენდერი. სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, ჯერ დოკუმენტის ავტორთან – „გეოგრაფიკთან“ გეგმავენ შეხვედრას:
„ჩვენ გვაინტერესებს, რა დრო დასჭირდება განახლებას, ან რა თანხასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული და ამის მიხედვით ჩამოვყალიბდებით. რადგან მათი მომზადებულია დოკუმენტი, ამიტომაც ვგეგმავთ „გეოგრაფიკთან“ კონსულტაციას“.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების დაჩქარება ძველი ბათუმის დამცველების ინტერესებშია – გამომდინარე იქედან, რომ ზონა მეტ შეზღუდვას აწესებს დადგენილი საზღვრების შიგნით, რამაც ისტორიული განაშენიანების მენაშენისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.
როგორ განსაზღვრავს მერია მშენებლობის პარამატრებს ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დამცავი ზონების საზღვრებში? – მირიან მეტრეველის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ძველი ბათუმი დაკონსერვებული არ არის, აქ მშენებლობის საკითხს მერია კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყვეტს: „თუ საბჭო ჩათვლის, რომ მიუღებელია [ამ შემთხვევაში ზონალური საბჭო] და უარს იტყვის, მშენებელი მიიღებს უარს. თუ დადებით პასუხს გასცემს, მიიღებს დადებითს“.
რაც შეეხება ზონაში მშენებლობის სტანდარტს, მირიან მეტრეველი მიიჩნევს, რომ ზონაში მისაღებია ქუჩების განაშენიანების უკვე არსებული პარამეტრები. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში კი მიაჩნიათ, რომ ეს სტანდარტები დასადგენია.
„ამ დროისთვის არ გვაქვს თავისუფალი დაგეგმარების ტერიტორია. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ გეოგრაფიკი იქნება თუ სხვა, განახლების შემთხვევაში, კონკრეტულ უბანში ქუჩების მიხედვით უნდა გაკეთდეს კვლევა და განისაზღვროს შენობების სიმაღლეები ინდივიდუალურად. თუ ინდივიდუალურად ვერ მოხერხდება, ძირითადი მაინც“, – განმარტავს მირიან მეტრეველი. მისივე ინფორმაციით, „გეოგრაფიკთან“ შეხვედრა დახლოებით ერთ კვირაში უნდა შედგეს.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებაზე ბათუმში აქტიური მსჯელობა 2018 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება – გეოგრაფიკის მიერ მომზადებული და შემდეგ დაკორექტირებული დოკუმენტი მერიამ სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილს გადაუგზავნა.
მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 55 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს.
ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია პროექტების ნაწილი, ნაწილის შესრულებაზე კი დაგეგმილ დროში გამოცხადდება ტენდერები. ამ მასალით ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში
აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16 კილომეტრამდე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, 7 ახალი ხიდის მშენებლობა, 32 ლოკაციაზე საყრდენი კედლის მშენებლობა და 8 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა. გათვალისწინებულია აუცილებელი საგზაო ტექნიკის შეძენაც.
სულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული და სამელიორაცია პროექტებისათვის გამოყოფილია 11 804 570 ლარი.
ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი 2019 წლის განმავლობაში დააგებს 10 კმ-მდე მოასფალტებულ გზას, ააშენებს ორ ახალ ხიდს და 41 ლოკაციაზე საყრდენ კედელს, 15 ლოკაციაზე კი დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობაა დაგეგმილი.გათვალისწინებულია აუცილებელი საგზაო ტექნიკის შეძენაც.
სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული და სამელიორაცია პროექტებისათვის გამოყოფილია 9 840 101 ლარი.
ქედის მუნიციპალიტეტში
აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი 2019 წლის განმავლობაში დააგებს 8 კმ-მდე მოასფალტებულ გზას, ააშენებს ერთ ახალ ხიდს, ხოლო არსებულ 2 ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს; 33 ლოკაციაზე ასევე ააშენებს საყრდენ კედელს. დაგეგმილია 17 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია აუცილებელი საგზაო ტექნიკის შეძენაც.
ქედის მუნიციპალიტეტში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული და სამელიორაცია პროექტებისათვის სულ გამოყოფილია 8 879190 ლარი.
დამცავი ზღუდარების და საყრდენი კედლის მოწყობა
შუახევის მუნიციპალიტეტში
შუახევის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დეპარტამენტი ყველაზე მეტ თანხას დახარჯავს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 12 975 839 ლარი.
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტში დააგებს 13 კმ-მდე ასფალტბეტონის გზის საფარს, ააშენებს 2 ახალ ხიდს და 1 არსებულ ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს. 38 ლოკაციაზე ააშენებს საყრდენ კედელს. დაგეგმილია ასევე 3 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა. შეიძენს აუცილებელ საგზაო ტექნიკას.
ხულოს მუნიციპალიტეტში
ხულოს მუნიციპალიტეტში 2019 წელს ქვეპროგრამების „საგზაო ტექნიკის შეძენა“ და „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა“ ჩათვლით 11 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
დაგეგმილია შვიდ კილომეტრამდე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. ააშენებს 1 ახალ ხიდს და 3 არსებულ ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს. 38 ლოკაციაზე ააშენებს საყრდენ კედელს. 4 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობაა დაგეგმილი. ხულოს მუნიციპალიტეტშიც გათვალისწინებულია აუცილებელი საგზაო ტექნიკის შეძენა.
მთავარი ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა [აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი]
„ამ ჩანაწერზე წვდომა ტელევიზიის ყველა თანამშრომელს შეეძლო. არ არის გამორიცხული, რომ სხვა კადრებიც იყო დაკოპირებული და გავრცელდეს,“ – ამბობს ჯემალ გვეტაძე. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა ტექნიკური მიმართულებით. მას ვკითხეთ, ხომ არ უნდა ველოდოთ სოციალურ ქსელში ტელევიზიაში გადაღებული ახალი ფარული კადრების გავრცელებას.
აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 14:00 საათზე ფეისბუქით გავრცელდა. კადრზე აღბეჭდილია ფრაგმენტი, სადაც ჩანს, რომ ნათია კაპანაძე თათბირს ტოვებს და გასვლის დროს კარებში შემხვედრ თანამშრომელს ხელით განზე სწევს. კადრი გამოაქვეყნეს იმის დასადასტურებლად, თუ რა „უხეშად ექცევა“ ნათია კაპანაძე თანამშრომლებს.
„ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ზედამხედველობას უწევს სათვალთვალო კამერებს, ეს წერია ტექნიკური სამსახურის დებულებაში“, – ამბობს იურისტი გია ქარცივაძე, აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. იგი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, დებულება უფრო დაზუსტებული ყოფილიყო, თუმცა ეს ჩანაწერიც უზრუნველყოფს იმას, რომ სათვალთვალო კამერებსა და ჩანაწერებზე „მესამე პირებს“ დაშვება არ ჰქონდეთ.
ტექნიკური სამსახურის უფროსის მოვალეობას ამჟამად ჯემალ გვეტაძე ასრულებს, ტელევიზიის დირექტორის მოადგილე.
„არ მესმის რა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ… პასუხს ითხოვთ იმის გამო, რომ ადამიანები საქმეს აკეთებენ?“ – კითხულობს ჯემალ გვეტაძე. მისი თქმით, არსად არ არის გაწერილი, თუ ვისი პასუხისმგებლობაა ჩანაწერების დაცვა. ის ტელევიზიის შიდა სამუშაო პროცესის ან სხვა ქმედების ამსახველი კადრების გავრცელებაშიც ვერ ხედავს პრობლემას, თუკი იგი შეურაცხმყოფელი არ არის.
ჯემალ გვეტაძე, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე: „ვალდებულებებში ეს არაა არსად გაწერილი… ტექნიკური სამსახური პასუხისმგებელია აპარატურის ტექნიკურ გამართულობაზე. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ძირითადად, ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებს სთხოვენ ჩანაწერის ამოღებას, როცა ეს საჭიროა ან ვინმე ოფიციალურად მოგვმართავს და ჩვენ ვაწვდით. კომპიუტერში ეს ჩანაწერი ერთი კვირა ინახება, შემდეგ ავტომატურად იშლება. ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, 15 აპრილსაა გადაღებული. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის დადგენის საშუალება, რა მოხდა. თუ ვინმე ამას დაადგენს, გამიხარდება…
რა კადრები უნდა გავრცელდეს? ტელევიზიაში რაც ხდება ის კადრები თუ გავრცელდება, მერე რა ხდება?… პირადი და შეურაცხმყოფელი თუ არის, ეს პრობლემაა… ზოგადად, კადრების გავრცელებას არ ვემხრობი ნებართვის გარეშე… ისეთი რაღაცები არ ხდება ტელევიზიაში, რომ საყოველთაო ინტერესის საგანი იყოს. ეს კამერა აფიქსირებს ჩვეულებრივ მუშა პროცესს,“ – გვითხრა ჯემალ გვეტაძემ.
„მოკვლევის შედეგად უნდა მოხდეს კონკრეტული პასუხისმგებელი პირის გამოვლენა,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი თქმით, ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უნდა გააკეთოს. ინსპექტორი აჭარის ტელევიზიის კადრების გავრცელებაზე მოკვლევას დღეს იწყებს. გამოძიება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია.
საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე საუბრობს პასუხისმგებელი პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაზეც, თუკი გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების ფაქტებს დაადგენს.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეს და ტექნიკური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ასევე ვკითხეთ, ვინ არის პასუხისმგებელი, თუკი ტელევიზიის დაახლოებით 350 თანამშრომელს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერზე და მის გავრცელებაზე მიუწვდება ხელი.
„არაერთხელ იყო საუბარი ამ თემაზე, რომ გაკეთებულიყო ცალკე ტექნიკური ოთახი, სადაც არავის შეეძლებოდა შესვლა კონკრეტული პირების გარდა. ჩვენი შენობის კონფიგურაციიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა, რესურსი ვერ მოიძებნა… ეს მთლიანად მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა,“ – აღნიშნა ჯემალ გვეტაძემ „ბათუმელებთან“.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გუშინ, პირველ მაისს, კადრები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა, ნერონ აბულაძეა. ის „აჭარის ტელევიზიის“ ყოფილი თანამშრომელია. მასთან თანამშრომლობა ნათია კაპანაძემ 2017 წლის ბოლოს შეწყვიტა. ნერონ აბულაძე ამზადებდა პროექტს „ტელესპექტაკლი“ . მაშინ ამ გადაწყვეტილებამ თეატრალების ერთი ჯგუფის პროტესტი გამოიწვია. ნერონ აბულაძე უარყოფს იმას, რომ კადრები მან მოიპოვა და თავდაპირველად თვითონ განათავსა სოციალურ ქსელში.
„მე არ გამივრცელებია თავდაპირველად… ამ ჩანაწერზე ხელი არ მიმიწვდებოდა, მით უმეტეს, თანამშრომელი არა ვარ. რაც ვნახე გვერდზე, ის გადმოვწერე და ავტვირთე,“ – გვითხრა ნერონ აბულაძემ. ის საუბრობს ფეისბუქგვერდზე – TV ajara 2019, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა. ამ გვერდზე მხოლოდ ნათია კაპანაძის რეპუტაციის შემლახველი პოსტები ვრცელდებოდა. ეს გვერდი სოციალურ ქსელში დღეს გააუქმეს. უცნობია, ვინ შექმნა გვერდი. ნერონ აბულაძემ კი პირად ფეისბუქგვერდზე ვიდეო 14:19 საათზე გამოაქვეყნა.
რატომ დასჭირდა ნერონ აბულაძეს ჩანაწერის გადმოწერა სპეციალური პროგრამის დახმარებით და მისი ხელახლა ატვირთვა, როცა მას ამ მასალის პირდაპირ გაზიარება მარტივად შეეძლო?
„ეს რაში გაინტერესებთ? ხომ მაქვს უფლება, რომ ჩანაწერი გადმოვწერო და ავტვირთო?“ – გვიპასუხა ნერონ აბულაძემ.
ტელევიზიის კადრების გავრცელებას დღეს ნათია კაპანაძეც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კადრების გავრცელება არის „მედიაორგანიზაციაში მომხდარი ფაქტების გასაჯაროვება, ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩოს დარღვევით“.
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, შემოწმების შედეგად თბილისის ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმეს, ხოლო 10 პუნქტი დააჯარიმეს.
„დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში“ – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არის ჩვენი რეგულირებისა და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. მათ ვამოწმებთ პერიოდულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ იქნება ამ ტიპის პრობლემები – არასწორი ქმედება, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და სხვა, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც კანონი ითვალისწინებს“ – გვითხრეს ეროვნულ ბანკში.
სებ-ის განცხადებით, „სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს [ასეთების არსებობის შემთხვევაში] ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში“.
„საყურადღებო კურსი“, სებ-ის განმარტებით, არის კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ვალუტის გადაცვლისას მისი უფლებები დაირღვა, მას შეუძლია დაუკავშირდეს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე 2 406 406.
——–
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი 2018 წელს დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი 2018 წლის 28 თებერვალს მოაწერა. ამ წესის გამოქვეყნებამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე მიეცათ. რაც შეეხება 2018 წლის 28 თებერვლიდან დარეგისტრირებულ გადამცვლელ პუნქტებს, ისინი ვალდებული იყვნენ საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით განეხორციელებინათ.
დღეს, 2 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმ სკოლაში, რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის საჭიროა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
„უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა – ზოგან ძლიერი, ასევე ელვა-ჭექა.
იქროლებს ცვალებადი დასავლეთის ქარი 10-15, ზოგან 17-22 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 17 – 22 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 -20 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა.
ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები, რომლებიც ორი თვის წინ ბათუმის მერიამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ისევ წერეთლის ქუჩაზე აპირებენ გადასვლას.
„პურის ფული არ მაქვს, შვილი მიკვდება მშიერი. მე მინდა, ჩემი მუშაობით ავიღო ხელფასი. სად არის სამუშაო. ხალხი, კაციშვილი არ შემოდის, ერთი ლარი არ მაქვს ნავაჭრი, – აცხადებს ნანი ნინიკაშვილი და დასძენს, რომ მათ წინაშე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, რადგან ის მათი ამომრჩეველია.
აქციის მონაწილეები, 50-მდე ადამიანი, შეკრებილები არიან ბათუმის 23-ე საჯარო სკოლასთან.
აქციაზე იმყოფება ნოშრევან საგინაძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. „ჩვენ არ დავუშვებთ წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობას.“ – აცხადებს ის. „ჩვენ გავაკეთეთ კეთილმოწყობილი დახლები, არ ჩამოდის წვიმა. ყველაფერი გაკეთებულია ევროპულ დონეზე. ამ ხალხის მოთხოვნის შესაბამისად გავაკეთეთ ის ტერიტორია“.
ნოშრევან საგინაძის თქმით, მერია ქალაქში განათავსებს ბანერებს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ წერეთლის ქუჩიდან გარევაჭრობა გადავიდა ახალ სავაჭრო ცენტრში, ანუ ავტოსადგურში.