მდინარე აჭარისწყალზე აშენებული „შუახევიჰესი“ ექსპლუატაციაში 2017 წელს მიიღეს. იმავე წელს, წყლის გაშვების შემდეგ, ერთ-ერთი გვირაბი დაზიანდა. ჰესის გვირაბის გამაგრება ამ დრომდე გრძელდება. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტია, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების მხოლოდ 30%-ია დასრულებული.
„გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 18 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების 30% დასრულებულია. არსებული გეოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად გვირაბის მთლიან პერიმეტრზე მოხდა სხვადასხვა ქანის სინჯების აღება, რომელიც პერმანენტულად იგზავნებოდა ევროპის სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში. ლაბორატორიული შედეგების ანალიზს ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფი ახდენდა, რის შედეგადაც გვირაბის თითოეული მონაკვეთისთვის დადგინდა დამატებითი გამაგრების ტიპი და შესაბამისი მეთოდოლოგია. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულნი არიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ამ ეტაპზე 400-მდე ადგილობრივი არის დასაქმებული“, – მოგვწერეს „აჭარისწყალი ჯორჯიადან“.
კომპანიის ინფორმაციით, „შუახევიჰესის [178.72 მგვტ] პროექტის სხვა ობიექტების მშენებლობა თითქმის დასრულებულია. 2019 წლის ბოლოს დაიწყება გვირაბების წყლით შევსება და ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი“.
რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე სხალთაზე აშენებულ „სხლათაჰესს“ [9 მგვტ], კომპანიის განმარტებით, „მიმდინარეობს სხალთა-შუახევის დამაკავშირებელი 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2019 წლის ზაფხულში იგეგმება“.
——
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მიერ შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სახელზე 178.72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „შუახევიჰესით“ ელექტროენერგიის წარმოებაზე ლიცენზია 2017 წლის 11 სექტემბერს უვადოდ გაიცა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს ბრძანებით, მდინარე აჭარისწყალზე განთავსებული 178.72 მგვტ სიმძლავრის მშენებლობადამთავრებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი – ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნა მიღებული.
ჰიდროაგრეგატების ნომინალური სიმძლავრე – 89,36 მგვტ, ჰესის დადგმული სიმძლავრე – 178.72 მგვტ ხოლო წლიური საპროექტო გამომუშავება – 429 მლნ კვტ.სთ.
ლიცენზიის მიხედვით ჰიდროელექტროსადგურის ექსპლოატაციაში გაშვების თარიღია – 2017 წელი. „შუახევიჰესის“ გვირაბებში სატესტო რეჟიმით 2017 წლის ზაფხულში გაუშვეს წყალი, თუმცა მაშინ ერთ-ერთი გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა.
2018 წლის 24 იანვარს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გვირაბის აღდგენაზე ნებართვა გასცა. სააგენტომ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ „ჰიდროთერმული ზემოქმედებისა და გამოფიტვის შედეგად შესუსტებული ქანების გაწყლიანების გამო მოხდა ქანების ჩამოშლა.“
2018 წლის ივლისში კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წინასწარი მონაცემებით, ჩამოშლილი გვირაბის სრულად აღდგენას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
„შუახევიჰესს“ სამი კომპანია აშენებს: ნორვეგიული Clean Energy Invest-ი, ინდური კომპანია Tata Power-ი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი IFC-ი. ამ კომპანიებმა შუახევში ჰესის ასაშენებლად 400 მილიონი აშშ დოლარი ჩადეს. ჰესის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა. „აჭარისწყალი ჯორჯია“ კი ამ სამი კომპანიის ერთობლივი საწარმოა, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ჰესის მშენებლობას.
ამ თემაზე: