მთავარი,სიახლეები

ვინ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

03.05.2019 • 1936
ვინ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

„შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე ის ჯგუფები ითხოვენ, რომლებიც ხშირად თავად იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობენ,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ ინიციატივებზე გიორგი მშვენიერაძემ დღეს ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. თქვენი დაკვირვებით, რა ფორმებს იძენს ეს ინიციატივა და ვინ ითხოვს? 

ყოველთვის, როცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზეა საუბარი, საზოგადოებას უხატავენ კეთილშობილურ  მიზნებს, რომ თითქოს ამის გამო უნდა დაწესდეს შეზღუდვები. სინამდვილეში კი, სიტყვის თავისუფლებაა თავად კეთილშობილება და მისი შეზღუდვა განსაკუთრებულია ისეთი წარსულისა და გამოცდილების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. როცა საუბრობენ იგივე ცილისწამების კუთხით რეგულაციების დაწესებაზე, ამბობენ, რომ ცილისწამება დასჯადი არ არის, მაგრამ არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ის სამოქალაქო პასუხისმგებლობას იწვევს. საუბარია ასევე დეზინფორმაციაზე, როგორც საფრთხეზე, თუმცა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კრიმინალიზებით და დასჯადობის შემოტანით დაუშვებელი და გაუმართლებელია. მესამე, რაზეც ხშირად საუბრობენ, ესაა სიძულვილის ენა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ხშირად ურევენ რეალურად სიძულვილის ენის გამოყენებას პოლიტიკურ კულტურაში. სიძულვილის ენა გულისხმობს რასის, ენის, კანის ფერის, სქესის, ან სხვა მიზეზების გამო ადამიანთა შევიწროებას და დევნას. პოლიტიკოსებს კი ხშირად სიძულვილის ენაზე შეზღუდვების დაწესება წარმოუდგენიათ ისე, რომ მათ პოლიტიკურ ოპონენტს აღარ ექნება მისი მკაცრად გაკრიტიკების უფლება. ეს პოლიტიკური ლექსიკა პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რაც კანონით ვერ დარეგულირდება.

მაგრამ არსებობს რეალური პრობლემებიც, მაგალითად, დეზინფორმაცია. როგორ უნდა დადგინდეს, როდის ამოძრავებს ხელისუფლებას „კეთილშობილური მიზანი“, როცა ის რეგულაციის დაწესებას აპირებს? 

როცა ავტომანქანები გამონაბოლქვით აბინძურებენ ქალაქს, ჩვენ ავტომობილებს კი არ ვკრძალავთ, არამედ გამონაბოლქვზე ვზრუნავთ. როცა ვსაუბრობთ, რომ  სიძულვილის ენა არის ცუდი, ამის მოგვარების გზა არის განათლება და არა აკრძალვა და დასჯა. სინამდვილეში ვინ ითხოვს საქართველოში სიძულვილის რეგულირებას? ითხოვს ის ჯგუფი, რომელიც ხშირად თავად არის შემჩნეული სიძულვილის ენის ტირაჟირებაში, მაგალითად, საპატრიარქო და მასთან დაახლოებული ჯგუფები. სასულიერო იერარქიის მაღალი პირები ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და ამავე დროს ითხოვენ, რომ უნდა შეიზღუდოს სიძულვილის ენა. სინამდვილეში მათ მიერაა წახალისებული ძალადობა და არავინ ისჯება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში რეგულაციები გამოყენებულია არა უმცირესობების და ჩაგრული ჯგუფების დასაცავად, არამედ პირიქით, დომინანტი ჯგუფების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

რატომ ხდება ასე, როცა ინიციატივები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ბოლომდე მაინც ვერ მიდის? 

ვფიქრობ, რომ ხვდებათ მათ წინააღმდეგობა… რამდენიმე წლის წინ მიიღეს მაინც ერთი კანონი, რომელსაც შურის გაღვივების კანონს ეძახდნენ. მე არ მახსოვს, რომ ამ მუხლით ვინმე გასამართლებულიყო. ხშირად არის ხოლმე, რომ კანონის მიღება თვითმიზანი უფროა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ძირითადად აქვს მსუსხავი ეფექტი, რომ ვიღაცები ენას კბილს დააჭერენ.

როგორია სასამართლოს როლი? რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია ბათუმის პარკის კოლონადებთან ფერადი საღებავით ნახატის შესრულება იმის მიუხედავად, რომ ის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს არ იყო.  

ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის საკმაოდ მოძველებული. რთულია დაადგინო, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შორის. წლებია ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად გვქონია შემთხვევა, როცა ქუთაისში, თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის გამო სასამართლომ თქვა, რომ ეს არაა სამართალდარღვევა, თუკი იგი გამაფრთხილებელი იყო და შეწყვიტა საქმე. ახლა გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი საქმე ისევ ქუთაისში: კაფის მესაკუთრემ ვიტრინებზე გამოაკრა მერის სურათი საპროტესტოდ. იგი მიიჩნევს, რომ უკანონოდ ართმევენ კაფეს და ამის გამო შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ასეთი პრეცედენტები არის ხელისუფლების ხელში საშუალება, რომ გარკვეულ საკითხებზე უზრუნველყოს დუმილის დაწესება, ხშირად ეს გამოყენებულია, როგორც სიტყვის თავისუფლებაზე ბორკილების დამდები. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: ქალაქის ბოძზე ვაკრავთ განცხადებას ბინის გაქირავების შესახებ, ამაზე როგორია ხელისუფლების რეაქცია და როგორი იქნება, თუკი იმავე ბოძზე გავაკრავთ ოპოზიციური ხასიათის პლაკატს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელსაა მიღებული. სიმბოლურია ეს და იგი ორუელისეულ სახელმწიფოზეა შექმნილი. წლებია ვსაუბრობთ, რომ, პირველ რიგში, ეს კანონია შესაცვლელი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: