ქობულეთის მერია პლაჟთან ახლოს საპირფარეშოებს აშენებს

ქალაქ ქობულეთში, პლაჟთან ახლოს, აღმაშენებლის N-325-ის, N520-ის მოპირდაპირედ და ამავე ქუჩაზე მდებარე ეკოპლაჟთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტი საპირფარეშოებს ააშენებს. სამი საპირფარეშოს მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი საწყისი თანხით – 148 478 ლარი, უკვე გამოცხადებულია. პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საპირფარეშოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა აშენდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2019 წლის 15 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს პროექტები, რომელთა მიხედვითაც უნდა აშენდეს საპირფარეშოები. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ორი წელია.

ჯგუფები, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ, მუდმივად აყენებენ საპირფარეშოების არარსებობას როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემას.

ტურიზმი ტუალეტების გარეშე

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – განცხადებები 10 ივნისამდე მიიღება

„ქალაქში რამის შეცვლა რომ შემეძლოს“, „იმდენ რამეს გავაკეთებდი!“ – ყველას ჰქონია ასეთი ფიქრები საკუთარი ქალაქის, იმ საერთო სივრცის შესახებ, სადაც ვცხოვრობთ. ინტერნეტპლატფორმა www.idea.batumi.ge სწორედ მათთვისაა, ვისაც ბათუმში რამის შეცვლა სურს, აქვს იდეა და განხორციელების გზებს ეძებს.

თუ გაქვთ ქალაქის საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაზე ორიენტირებული იდეა, ბათუმის მერია ამ იდეას განახორციელებს, რისთვისაც საკმარისია ვებპლატფორმა www.idea.batumi.ge – ზე დარეგისტრირება და იდეის საპროექტო განაცხადის ატვირთვა. ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში მოქალაქეთა იდეების განსახორციელებლად 120 ათასი ლარია გამოყოფილი. ერთი იდეისთვის საჭირო დაფინანსება არ უნდა სცდებოდეს 40 ათას ლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტით – „შენი იდეა ბათუმს“ მოქალაქეთა მინიმუმ 3 იდეა განხორციელდება 2019 წლის დეკემბრამდე.

პროექტში ჩასართველად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რომელიც ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ბათუმის მერიის შენობაში (ლუკა ასათიანის ქუჩა N25 ) და/ან ბათუმის მერიის ნებისმიერ სერვისცენტრში.

ვებპლატფორმა www.idea.batumi.ge – ზე დარეგისტრირება და საკუთარი იდეის წარდგენა შეუძლია ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. თუკი იდეას არ არეგისტრირებთ, არსებობს პროექტში მონაწილეობის სხვა ფორმაც: შეგიძლიათ უბრალოდ ხმა მისცეთ საუკეთესო იდეებს – განსახორციელებელი იდეები სწორედ მოქალაქეთა ხმის მიცემის პრინციპით შეირჩევა.

იდეების საპროექტო განაცხადების ატვირთვა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ვებგვერდზე 10 ივნისამდე შეეძლებათ, საუკეთესო იდეების გამოსავლენად კი ხმის მიცემა 30 ივნისამდე გაგრძელდება. ბათუმის მერია დააფინანსებს და განახორციელებს იდეებს, რომლებიც მოქალაქეების ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

გვანცა ლომაძე

ეს გვანცა ლომაძეა, სხვა მოხალისეებთან ერთად სტენსილს აფერადებს და ბათუმის ქუჩებში დღეიდან წარწერა  www.idea.batumi.ge ბევრგან შეგხვდებათ. ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ დროა ქალაქის შეცვლის პროცესში მონაწილეობა თქვენც მიიღოთ და თუ აქამდე ამაზე არ გიფიქრიათ, ახლა დაფიქრდეთ – რა სჭირდება ყველაზე მეტად ქალაქს, სადაც ცხოვრობთ?

გვანცა უკვე დარეგისტრირდა ვებგვერდზე  www.idea.batumi.ge და ისიც იცის, რა იდეას მიაწოდებს მერიას განსახორციელებლად. ამბობს, რომ აქამდე ახალგაზრდებს ქალაქის მართვის პროცესში უშუალოდ და რეალურად ჩართვის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ.

„რაზეც უნივერსიტეტის ეზოსა და კედლებში, სკვერებში გვისაუბრია, არ გვქონია შესაძლებლობა რაიმე ფორმით ეს იდეები ქალაქის მერიისთვის მიგვეტანა განსახორციელებლად. სოციალური სიკეთის შექმნაში ახალგაზრდების ჩართულობის პრეცედენტი აქამდე ბათუმში არ არსებობდა“, – ამბობს გვანცა ლომაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის მესამეკურსელი. მისი იდეა ქალაქში მეტი სკვერისა და მწვანე სივრცის მოწყობას ეხება. სტუდენტის თქმით, პროექტმა – „შენი იდეა ბათუმს“ მას შესაძლებლობა მისცა, მთელი მისი უბნის სურვილი გაეხმოვანებინა.

პროექტის ღია პრეზენტაცია გაიმართა დღეს, 29 მაისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები ადგილზევე დარეგისტრირდნენ ვებპლატფორმაზე: www.idea.batumi.ge . ზოგს უკვე აქვს იდეა, რასაც მერიას წარუდგენს, ზოგი კი ჯერ, უბრალოდ, დარეგისტრირდა და გეგმავს ქალაქის საჭიროებებს შორის პრიორიტეტები გამოარჩიოს იდეის საპროექტო განაცხადის გაგზავნამდე – ასე ფიქრობს პირველკურსელი ქეთევან ალავიძე, რომელიც დღეს დარეგისტრირდა პროექტში ,,შენი იდეა ბათუმს“. ის მიიჩნევს, რომ ბათუმისთვის თანაბრად პრიორიტეტული მიმართულებებია ეკონომიკა, ტურიზმი და განათლება. შესაბამისად, იდეის მოფიქრებასაც ამ აქცენტების მიხედვით აპირებს.

ქეთევან ალავიძე

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული ჩართულობის ეს ფორმა, რაც ბათუმის მერიამ დაიწყო პროექტით – ,,შენი იდეა ბათუმს“ თვითმმართველობაში მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის პირველი საფეხურია.

 

პროექტის ,,შენი იდეა ბათუმს” პრეზენტაცია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

მოქალაქეთა ჩართულობის ამ ფორმის დასანერგად ორი წელი მუშაობდა ბათუმის მერიასთან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, რომლის დირექტორი, ნათია აფხაზავა ამბობს, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და მერიას არ აქვს განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, თუ რა სფეროს უნდა ეხებოდეს ეს იდეები.

„გვსურს ვიცოდეთ რა სურთ ადამიანებს, მივიღოთ მაქსიმალურად ყველა იდეა, რაც ქალაქში აქვთ ადამიანებს. განვიხილავთ ყველაფერს. რახან თითო პროექტისთვის საჭირო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს და განხორციელების დროც შეზღუდულია, ეს ვერ იქნება მასშტაბური იდეები, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის მეტი თანხის გამოყოფა.

ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს როგორც სტუდენტებთან, ასევე საზოგადოებრივი დარბაზის ამხანაგობების წევრებთან. ვცდილობთ, აქტიური სოციალური კამპანია ვაწარმოოთ ბათუმელების მაღალი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. გვყავს ასევე საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იდეის ავტორს მისი სურვილის შემთხვევაში დაეხმარება იდეის დეტალიზებასა და დახვეწაში“, – ამბობს ნათია აფხაზავა.

მისივე თქმით, როცა თვითმმართველობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების სტანდარტს ნერგავს, ამით ასრულებს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე.

ესტონეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, აშშ, ბრაზილია და ასე შემდეგ – ეს ის ქვეყნებია, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული ჩართულობის ფორმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქალაქის განვითარებაში უშუალო მონაწილეობისთვის. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეთა ჩართულობის ამ ინსტრუმენტის გამოყენება დაიწყეს, თავდაპირველად არც ისე მაღალი იყო ჩართულობა, თუმცა მაჩვენებელი იზრდებოდა ყოველწლიურად და საბოლოოდ ელექტრონული ჩართულობა მოქალაქეების მხრიდან ახლა ამ ქვეყნებში მნიშვნელოვან პრობლემებს წყვეტს.

გადაწყვიტე ქალაქის პრობლემები შენც, ჩაერთე 10 ივნისამდე პროექტში – ,,შენი იდეა ბათუმს“ და შეიტანე საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.

__________

პროექტს ახორციელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. მხარდაჭრები: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა [GGI], პური მსოფლიოს [BftW] და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი[CSI].

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და ბათუმის საკრებულოს წევრი, ომარ მახარაძე ბათუმში, პოლიციის მეექვსე განყოფილებაში, გამოკითხვაზე მივიდა. პოლიცია ომარ მახარაძეს გამოკითხავს მისი მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების საქმეზე. ინფორმაცია გამოკითხვის დროისა და ადგილის შესახებ შს სამინისტრომ მიაწოდა ჟურნალისტებს.

ომარ მახარაძე პოლიციას გუშინ, 29 მაისს, უნდა დაეკითხა, თუმცა მახარაძე პოლიციაში არ მისულა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ომარ მახარაძის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე მისი სტუდენტი „ბათუმელებს“ 21 მაისს მოუყვა. გამოძიება თავდაპირველად იძულების მუხლით დაიწყო, თუმცა შემდეგ პროკურატურამ მუხლი დაამძიმა და ამჯერად ლექტორს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას“, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ეს მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ომარ მახარაძეს 28 მაისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შრომითი კონტრაქტი შეუწყვიტა. ომარ მახარაძე ასევე აღარ არის ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 30  მაისის 21 საათიდან 31 მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 1-2 ივნისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია.

ავარია პუშკინის ქუჩაზე – დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში, დღეს, 30 მაისს, დილით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებული ქალი „მედცენტრში“ გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაახლოებით 50 წლის ქალს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

გერმანელი ქირურგები ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში სმენის აღდგენის ოპერაციებს ატარებენ 

ოტოქირურგია – „ხოზრევანიძის კლინიკაში“ კიდევ ერთი სიახლეა . კლინიკა მომდევნო თვიდან დაიწყებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპის წამყვან ოტოქირურგებთან.

პიტერ ვოლინგი და კნუტ ფრიზი
პიტერ ფოლინგი და კნუტ ფრესე

7-8-9 ივნისს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები, პროფესორები – პიტერ ფოლინგი და კნუტ ფრესე სმენის აღდგენასთან დაკავშირებით ჩაატარებენ კონსულტაციებს და დაგეგმავენ სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს:

[checklist]

  • ტიმპანოპლასტიკა
  • მასტოიდექტომია
  • TORP/PORP (სასმენი ძვლების სრული ჩანაცვლება პროთეზით/ნაწილობრივი ჩანაცვლება პროთეზით)
  • კოხლეარული იმპლანტი და სხვ.

[/checklist]

[highlight color=”red”]ასაკი არ არის შეზღუდული[/highlight]


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

5:1 – ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

დღეს, 29 მაისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი გაიმართა „დინამო“ ბათუმსა და ბოლნისის „სიონს“ შორის. საკუთარ სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ „სიონს“  5:1 სძლია.

პირველი საგოლე მომენტი ბათუმის „დინამოს“ მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე ჰქონდა, რამოსმა კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ ბათუმელებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. საბოლოოდ, 38-ე წუთზე ბათუმის „დინამომ“ ანგარიში მამუჩაშვილის გოლით გახსნა.

პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა „დინამოს“ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში მე-60 წუთზე „სიონის“ კარში პენალტი დაინიშნა. გაბრიელ რამოსმა ზუსტი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.

პენალტიდან ხუთ წუთში, მატჩის 65-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდმა „სიონის“ კარის მიმართულებით დაარტყა და ანგარიში სამ ბურთამდე გაიზარდა.

76-ე წუთზე მამუჩაშვილმა კიდევ ერთხელ დაარტყა ბოლნისის „სიონის“ კარის მიმართულებით და ანგარიში ოთხამდე გაიზარდა.

83-ე წუთზე ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელმა რომან ჩაჩუამ შეძლო და პირველი გოლი გაიტანა ბათუმის „დინამოს“ კარში.

მეორე ტაიმის მიწურულს, დამატებით დროში ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელმა საბანაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში 5:1 გახდა.

საბოლოოდ შეხვედრა 5:1 ანგარიშით დასრულდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ანგისის სტადიონის გარე პერიმეტრს პოლიცია გაძლიერებულად იცავდა. მიზეზი ის სანქციები გახდა, რომელიც „დინამო“ ბათუმს დაეკისრა. კლუბი სხვადასხვა მატჩში მომხდარი ინცინდენტებისთვის ჯამში 40 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

 

ანგისის ბაზა ტრადიციულად მაყურებლით იყო გადაჭედილი ფოტო: გიორგი ვარშანიძე
მატჩის მიმდინარეობისას მოედნის ირგვლივ პოლიცია იყო მობილიზებული
“დინამო” ბათუმის გულშემატკივრები ზეიმობენ გამარჯვებას ფოტო: გიორგი ვარშანიძე

ფანები ბათუმის „დინამოს“ თამაშებს შესაძლოა ვეღარ დაესწრონ – გუნდი 40 ათასით დააჯარიმეს

ზონალურმა საბჭომ დღეს 16 სამშენებლო პროექტი განიხილა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „პეტრა მწვანე ზონა“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი რენდერის მიხედვით, დაგეგმილია ცხრასართულიანი შემინული შენობის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 43 მეტრი იქნება.

საბჭოს თავმჯდომარის ზაურ ახვლედიანის თქმით, ასეთი მასშტაბის შენობა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რა გადაწყვეტილებები მიიღეს საბჭოს სხვა წევრებმა, ეს სხდომის ოქმის მომზადების შემდეგ გაირკვევა, რადგან საბჭოს ყველა წევრი კონკრეტული პროექტის მიმართ თავის მოსაზრებას ღიად არ აფიქსირებს.

პროექტის რენდერი

შპს „პეტრა მწვანე ზონას“ დირექტორი და 33,33 პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქე მიხეილ გეთიაა.

სხდომაზე განიხილეს, ასევე, ბათუმში, კლარა ცეტკინის #3-ში მდებარე სახლის რეკონსტრუქციის პროექტი. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ წარდგენილ პროექტს მხარს დაუჭერენ მინაშენის გარეშე.

მაქაცარიას #11-ში შპს „სქაი ბათუმი“  17-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. ზონალური საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა ამ ადგილის ერთიან დაგეგმარებას აპირებს, ამიტომაც ზონალური საბჭო ამ ტერიტორიაზე მშენებლობის პროექტს ვერ შეითანხმებს.

გიორგი გაბაშვილი აბუსერიძის 11-ში ითხოვს 41-სართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას. პროექტის სიმაღლე სხდომაზე საბჭოს წევრმა გიზო ფარცხალაძემ გააპროტესტა. მან განაცხადა, რომ ასეთი სიმაღლის შენობას კონსტრუქციული მდგრადობისთვის ღრმა საძირკველი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობა სეისმურად მდგრადი ვერ იქნება.

კანდელაკის #10-ში 170 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ნებართვის მაძიებელი რამაზ დიასამიძე ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.

ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაში, კომპანია „გლობალ +“  მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე იტალიური დასახლებაა, სადაც სამი მესაკუთრე ცხოვრობს, მათ შორის ერთს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მხარეს სამსართულიანი სახლი აქვს აშენებული. ამ პროექტის პირველი ეტაპი ადრეა შეთანხმებული. სხდომაზე მერიის არქიტექტორმა განაცხადა, რომ ასეთი გეგმარება გააუარესებს არსებულ მდგომარეობას.

გარდა იმისა, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაცვის ზონაშია, ფარნავაზ მეფის #116-ში ისტორიული ბელეტაჟი მდებარეობს. ამ სახლის უკან კი შიდა, გამწვანებულ ეზოში, კიდევ არის ერთსართულიანი ბელეტაჟი.

ფარნავაზ მეფის #116
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ზონალურმა საბჭომ დღეს ყოფილი პარლამენტარის, ასლან თავდგირიძის პროექტიც განიხილა. ის დუმბაძის ქუჩაზე #10-ში ერთსართულიანი შენობის აშენებას და კაფეს გახსნას გეგმავს, მიმდებარედ კი პატარა სკვერის მოწყობა აქვს დაგეგმილი.

განიხილეს, ასევე, შვიდსართულიანი მრავალბინიანი სახლის პროექტი ბაქოს ქუჩაზე. ამ პროექტზეც მთავრობის მიერ დაგეგმილი ერთიანი განაშენიანების პროექტის გამო უთხრეს უარი.

სულხან ღლონტი: რუსულ ენაზე ტურისტებთან კომუნიკაცია არის პრობლემა

ბათუმში ხშირია შემთხვევა, როცა კერძო სექტორის წარმომადგენლები რუს ტურისტებს რუსულ ენაზე მიმართავენ და ეპატიჟებიან რუსულ ენაზე. ასევე კაფე-ბარებსა და რესტორნებში ხშირად მენიუ წარმოდგენილია მხოლოდ რუსულ ენაზე. ამ საკითხზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სულხან ღლონტს ესაუბრა და ჰკითხა, ხედავს თუ არა ამაში პრობლემას და რა როლი უნდა შეასრულოს დეპარტამენტმა იმისთვის, რომ კერძო სექტორმა ქართული ენის, კულტურის პოპულარიზაცია მშობლიურ ენაზე აწარმოოს და არა რუსულ ენაზე.

ქალაქში ხშირად შეგხვდებათ სარეკლამო ბანერები, რომლებზეც ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზეა განთავსებული
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

სულხან ღლონტი აღიარებს, რომ რუსულ ენაზე რუს ტურისტებთან კომუნიკაცია არის პრობლემა, რადგან მისი აზრით, ტურიზმიც ეროვნული ინტერესებიდან უნდა ამოდიოდეს.

„ჩვენ გავაკეთეთ ლევან მიქელაძის საგანმანათლებლო სკოლასთან შეთანხმება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გავიარეთ სასემინარო კურსი მსგავს თემებზეც.

სატრენინგო კურსის დროს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ მათ ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით ყველა იმ კითხვაზე, რასაც სვამენ როგორც რუსი ტურისტები, ასევე ტურისტები ევროკავშირის ქვეყნებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეროვნული ინტერესებიდან ამოვიდეს ყველა ნაბიჯი,“ – ამბობს სულხან ღლონტი.

მისი თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრნენ ელჩები, დესპანები, კონსულები და მსგავსი შინაარსის ტრენინგები სამომავლოდაც გაგრძელდება.

კაფეებსა და რესტორნებში ასევე ნახავთ მენიუს მხოლოდ რუსულ ენაზე

სულხან ღლონტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის სამიზნე ქვეყანა და ფული არ იხარჯება ჩვენი ქვეყნის რეკლამირებაზე, ამ ქვეყნიდან შემომსვლელი ტურისტების მაჩვენებელი მაინც მაღალია. „ეს აიხსნება საქართველოს მიმართ ცნობადობით, ასევე ინტერესით. რუსეთის სარეკლამო ბაზარზე ჩვენ ფინანსებს არ ვხარჯავთ 2017 წლის შემდეგ“.

სულხან ღლონტის თქმით, წელს სამიზნე ქვეყნებს წარმოადგენს გერმანია და დიდი ბრიტანეთი, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები. მისი თქმით, 15 ივნისს, ტურისტული სეზონის გახსნის დღეს, ევროკავშირის სამი ქვეყნიდან – პოლონეთი, ლიეტუა, ესტონეთი, ჩარტერული რეისები შესრულდება. „ასევე მეზობელი ქვეყნებიდან ველოდებით ბევრ ტურისტს,“ – ამბობს სულხან ღლონტი.

ამავე თემაზე: ბათუმის იახტკლუბში ტურისტებს რუსულ ენაზე ეპატიჟებიან

დააზღვიე მოგზაურობა და მოიგე კინოს ბილეთები

ბი ბოტმამ სამოგზაურო სეზონის გააქტიურებასთან ერთად გადაწყვიტა იღბლიანი მოგზაურები დაასაჩუქროს.

ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად მოგზაურობა ყველაზე კარგი გამოსავალია. უკან დაბრუნება უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, შეგიძლია კინოთეატრის ეკრანებიდან კიდევ ერთი მოგზაურობა აჩუქო საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც სამოგზაურო დაზღვევას პირდაპირ Facebook Messenger-ის ჩეთში შეიძენ, თუ ყოველ მეათე მომხმარებელს შორის აღმოჩნდი, ბი კინოს* 2 ბილეთით დაგასაჩუქრებს.

თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობ, ბი ბოტს თქვენი ერთად დაზღვევაც მარტივად შეუძლია, რადგან ბიმ უკვე იცის შენი მოგზაურობის პერიოდი, ასეთ დროს კი შენი მოგების შანსები იზრდება.

შენი მომდევნო მოგზაურობის გასამარტივებლად კი, ბი ბოტს საჭირო ინფორმაცია უკვე დამახსოვრებული ექნება და მათი თავიდან შევსება აღარ დაგჭირდება.

მისწერე ბი ბოტს, დააზღვიე მოგზაურობა და დასაჩუქრდი.

*კინოთეატრის სასაჩუქრე კოდის გამოყენება შეგიძლია: კავეა მოლის, კავეა გალერიას, კავეა ისთფოინთის, ამირანისა და ბათუმის აპოლოს კინოთეატრებში, ასევე ვებგვერდებზე: cavea.ge და kinoafisha.ge

რას ამბობს აჭარის მუზეუმის ყოფილი დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებაზე

დღეს, 29 მაისს, სსიპ “აჭარის მუზეუმის” დირექტორი თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან გათავისუფლების შესახებ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დილით მიიღო.

“ბათუმელების” კითხვებს გათავისუფლების სავარაუდო მიზეზებსა და სსიპ-ის მენეჯმენტის მუშაობასთან დაკავშირებით თამარ ორაგველიძე პასუხობს.

  • ქალბატონო თამარ, აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ მენეჯმენტის გაუმჯობესება იყო თქვენი გათავისუფლების მიზეზი. მიგიღიათ შენიშვნები მენეჯმენტზე?

არც შენიშვნა და არც გაუთვალისწინებელი მითითება, ამ ერთი წლის განმავლობაში არ მიმიღია. შემიძლია ვთქვა, რომ რაკი დადგა აუცილებლობა პირველ ივნისს სსიპ-ი შექმნილიყო და მე შემომთავაზეს მისი ხელმძღვანელობა, მიუხედავად ჩემი ხედვებისა და კითხვის ნიშნებისა აღნიშნული სსიპ-ის შესახებ, ეს იყო შესაძლებლობა შემეცვალა რეალობა და მემსახურა იმ საქმის უფრო კარგად წარმართვისთვის, რაც მიყვარდა და რასაც წლები შევალიე. 12 წელია მუზეუმში ვმუშაობ, ჩემი კანდიდატურა შეირჩა სწორედ ნობელის მუზეუმში წარმატებით განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე. ამიტომ შევხედე ამას, როგორც შესაძლებლობას, რომ პირადად გამეკეთებინა ეს ჩემი ხელით, ჩემი გონებით.

რა თქმა უნდა, დამრჩა ბევრი განუხორციელებელი პროექტი და იდეა, რადგან ეს იყო რეაქციის პროცესი – მოგეხსენებათ 4 მუზეუმი თავისი ფილიალებით შეერთდა; რა თქმა უნდა, ამას ყველა ბედნიერად არ შეხვედრია. მე ამის მოლოდინი არც მქონდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ დავდეთ კარგი შედეგი. მაგალითად: თუ საგანმანათლებლო პროგრამების მაჩვენებელს გადავხედავთ, 2019 წელს მხოლოდ მაისის თვემ ორჯერ აჯობა 2017 და 2018 წლების მაჩვენებლებს.

რაც შეეხება საერთაშორისო პროექტებს, მე ვიმყოფებოდი ინგლისში „კრეატიული საქართველოსა“ და ბრიტანეთის საელჩოს ერთობლივი პროექტით, სადაც წარვადგინეთ რელიგიისა და ნობელის მუზეუმები. რელიგიის მუზეუმს ანალოგი მსოფლიოში არ მოეძებნება და ჩვენი ქალაქის რელიგიური ტოლერანტობის, მისი გამორჩეულობის შესახებ ყვება, რითაც ძალიან დაინტერესდნენ. ასევე სსიპ-მა შექმნა ელექტრონული ბილეთები, ფასდაკლების ბილეთები, რიგ მუზეუმებში ინგლისურენოვანი გიდები, სერვისის გაუმჯობესების კუთხით ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის საერთაშორისო გამოფენები და გვქონდა ბევრი სიახლე პროექტების კუთხით, რაც გამჭვირვალეა.

ჩვენ დავიწყეთ მომავალი თაობიდან, სწორედ საგანმანათლებლო პროგრამებით… გარდა ამისა, ქალაქში გაჩნდა ბანერები, გამზადებულია 111 წლის კატალოგი, რომელიც ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს არ ჰქონია, თუმცა სსიპი როცა შეიქმნა, კატალოგის რაღაც ნაწილი დამხვდა და მადლობა მინდა ვუთხრა იმ გუნდს, რომელიც ღირსეულად ემსახურება სამუზეუმო საქმეს. ეს არ არის ოფიციალური განცხადების ნაწილი, რეალურად ეს ადამიანები არიან ცოცხალი მემატიანეები, რომლებიც უვლიან, პატრონობენ, იცავენ და დახმარება სჭირდებოდათ პოპულარიზაციის ნაწილში და მე სწორედ ამას ვცდილობდი.

დაგეგმილი პროექტები ალბათ განხორციელდება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გეგმაში შეტანილია და ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან გამოფენას ზაფხულში. ეს არის ქართველი და იაპონელი მხატვრის, სამურაის უკანასკნელი ხმლის მფლობელის ერთობლივი გამოფენა.

  • თქვენ ახსენეთ, რომ თავიდანვე ოთხი მუზეუმის გაერთიანებას ყველა დადებითად არ შეხვედრია. შესაბამისად სსიპ-ის თანამშრომლების ნაწილი თქვენს წინააღმდეგ იყო განწყობილი, ამ დაპირისპირებას თუ ხედავთ გათავისუფლების მიზეზად?

არამგონია შიდა უსაფუძვლო დაპირისპირება გამხდარიყო საბაბი, რადგან ყველა საჩივარზე, რომლებიც ამ თანამშრომლებს ჰქონდათ, მე მაქვს გაცემული არგუმენტირებული პასუხები, მაგალითად, ინსპექტირების სამსახურში და ეს ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა.

  • წინასწარ იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ თქვენს გათავისუფლებას აპირებდნენ, ბოლო პერიოდში იყო გაფრთხილება ამის თაობაზე ან შეთავაზება, თავად წასულიყავით. ან ხომ არ შემოუთავაზებიათ სხვა ადგილი დირექტორის პოსტიდან წასვლის საკომპენსაციოდ?

აქამდე კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია, გათავისუფლების შესახებ განკარგულებაც ჩემთვის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eFlow-დან გახდა ცნობილი. ასევე, სსიპ “აჭარის მუზეუმის” დირექტორის მოადგილის, ქალბატონ ნინო შაინიძის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე.

  • თქვენ დაინიშნეთ ზურაბ პატარაძის მთავრობის თავმჯდომარეობის დროს. როგორ ფიქრობთ, ის ხომ არ გახდა გათავისუფლების მიზეზი, რომ თქვენ პატარაძის კადრი იყავით და არა რიჟვაძის?

კონკრეტიკას პოლიტიკის კუთხით ავცდებოდი. ვფიქრობ, მუზეუმი ის სფეროა, სადაც კადრების ასეთ მფარველობაზე არ უნდა ვისაუბროთ. მე მოვედი ნობელის მუზეუმის წარმატებით განხორციელებული პროექტებით და ეს დაინახეს ადამიანებმა. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც დაინახა და დღესაც ხედავს რაც გავაკეთე დ გავაკეთებ მომავალში.

  • რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, რუსეთის ფედერაციის დროშასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ითქვა, რომ თქვენი გათავისუფლება უკავშირდება მის წასვლას თანამდებობიდან. თქვენ ხედავთ ამ კავშირს?

ეს ხმები იმის შესახებ, რომ საერთოდ ამასთან რაიმე კავშირი მქონდა, ზედმეტად მიმაჩნია.

აუცილებლად უნდა ვთქვა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მეუღლე და მისი ძმა ორივე სამხედრო პირია. მე ვარ ოჯახიდან, სადაც აგვისტოს ომის ორი მონაწილე მყავს, ვიცე-პოლკოვნიკი და საქართველოს გმირი. მე, ისევე როგორც საქართველოს ყველა პატრიოტსა და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს, რუსეთთან მაქვს ისეთივე დამოკიდებულება, მე ვიცავ ჩემი ქვეყნის მთლიანობას და ჩემი ოჯახის ორი წევრი დღემდე პირნათლად ასრულებს ამ მისიას.

  • აპირებთ თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

ეს ფაქტი ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვიტოვებ ფიქრის უფლებას.

  • არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, ვის დანიშვნას აპირებენ ამ პოსტზე?

არა.  ჩემი გათავისუფლების შესახებ განკარგულება სრულიად მოულოდნელი იყო.

______________________

ფოტოზე: თამარ ორაგველიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ფოტო: აჭარის მუზეუმი

„ბათუმის წყალი“ ჩაქვში წყალმომარაგების ძველი ქსელის გაუქმებას იწყებს

„ბათუმის წყალი“ ჩაქვში წყალმომარაგების ე.წ. ძველი ქსელის გაუქმებას იწყებს. ძველი ქსელის დემონტაჟი მოხდება ეტაპობრივად, 2019 წლის პირველი ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში. კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების ახალ ქსელზე დაერთებულ აბონენტებს, რომლებსაც არ ექნებათ მრიცხველი, წყლის მიწოდება ავტომატურად შეუწყდებათ.

„ბათუმის წყალში“ ასევე აცხადებენ, რომ ის აბონენტები, რომელთა მისამართზე წყალმომარაგების ქსელი რეაბილიტირებულია, თუმცა არ დამონტაჟებულა მრიცხველი, კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ [ქოლცენტრის ნომერზე: (0422) 24 22 22]. მრიცხველის დამონტაჟება აბონენტებისთვის უფასოა.

როგორც ბათუმელებმა გაარკვია, დღეს ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტები წყალმომარაგებასა და წყალარინებაში გადასახადს თვეში სულადობით იხდიან – 1,85 ლარი თვეში. ის აბონენტებიც ვერ სარგებლობენ წყალარინების [კანალიზაციის] სისტემით, იხდიან მხოლოდ წყალმომარაგების გადასახადს – სულზე 1,20 ლარს თვეში. ახალი ქსელის შემთხვევაში კი მოხმარებულ 1 ტონა წყალზე გადასახადი იქნება შესაბამისად, 51 თეთრი [წყალმომარაგება და წყალარინება ერთად] და 33 თეთრი [მხოლოდ წყალმომარაგება].

ჩაქვის ტერიტორიაზე წყლის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო. ამავე პროექტის ფარგლებში, ჩაქვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა და „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, უკვე მოწყობილია 2000 მრიცხველი.

სწორედ მრიცხველების დამონტაჟების პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ძველი სისტემის სრულად გაუქმება და მოსახლეობას სასმელი წყალი ახალი წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაქვში  წყალარინების ახალი სისტემა და გამწმენდი ნაგებობაც უნდა მოეწყოს, თუმცა ვადები, როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, მათთვის უცნობია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვში წყალარინების ცალკე სისტემაა მოსაწყობი ცალკე გამწმენდი ნაგებობით, რომელიც ბათუმის ცენტრალურ სისტემაზე ვერ დაერთდება. თუმცა ამ ეტაპზე არც შესაბამისი პროექტია მზად და შესაბამისად არც ფინანსები. „ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, ასევე მოლაპარაკებები დონორებთან. თუმცა ჩაქვში მობილური [მცირე] წყალარინების გამწმენდი ნაგებობა და სისტემა მოწყობილია და მუშაობს მდინარე ჩაქვისწყლის მარჯვენა მხარეს. იქ, სადაც მჭიდრო დასახლება და მრავალბინიანი სახლებია,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

არც სხვა უწყებაშია გამორიცხული ცვლილებები – რიჟვაძე მუზეუმის დირექტორის გათავისუფლებაზე

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მუზეუმის დირექტორის თამარ ორაგველიძის სამსახურიდან გათავისუფლებაზე განაცხადა, რომ დირექტორი სამსახურიდან აჭარის განათლების სამინისტროს შუამდგომლობით გაუშვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა არგუმენტები ჰქონდა სამინისტროს, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ განხორციელდა მენეჯმენტის ცვლილება. „არსებობდა გარკვეული ხარვეზები და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება იყოს გაჯანსაღებული“.

აქვს თუ არა დირექტორის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი? „ვერსიებს ვერ ავყვები, ეს იყო კონკრეტული მენეჯმენტის ცვლილება კონკრეტულ უწყებაში და არც სხვა უწყებაშია გამორიცხული შემდგომში ცვლილებები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. თუმცა უწყებები, სადაც შეიძლება საკადრო ცვლილება განხორციელდეს, არ დააკონკრეტა.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ გათავისუფლებულ დირექტორთან „შემდგომი თანამშრომლობა მომავალში გამორიცხული არ არის“.

რაც შეეხება ახალი დირექტორის დანიშვნას, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

მუზეუმის დირექტორი, თამარ ორაგველიძე სამსახურიდან დღეს დაითხოვეს. დირექტორი ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

ბრალდებულის ჩვენება შერატონის „აფეთქებაზე“

“ნასვამი ვიყავი… მე მხოლოდ ტელეფონზე დავრეკე და ვთქვი, რომ „შერატონში“ ბომბია. ეს არ იყო ტერორიზმი,” – ამბობს ბრალდებული ორხან ს. მისი საქმის არსებითი განხილვა დღეს, 29 მაისს, დაიწყო მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა.

საუბარია ბათუმში 31 მარტს მომხდარ შემთხვევაზე – 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო “შერატონი” ნახევარ საათში აფეთქდებოდა. იმ ღამით სასტუმრო და კაზინოც სტუმრებისგან დროებით დაიცალა. რამდენიმე დღის შემდეგ გამოძიებამ ამ საქმეზე ორხანი დააკავა. იგი აზერბაიჯანის მოქალაქეა და კაზინოში სათამაშოდ ჩამოვიდა ბათუმში.

“ჩვენ ბრალდებულის გამართლებას ვითხოვთ, რადგან ეს არ იყო ტერორიზმის შესახებ შეტყობინება. ტერორიზმი ყოველთვის გულისხმობს კონკრეტული მოთხოვნის დაყენებას, რაც არ ყოფილა,”- ამბობს “იურიდიული დახმარების სამსახურის” იურისტი მამუკა ზოიძე. იგი ბრალდებულის ინტერესებს იცავს.

პროკურორი ლევან მურვანიძე კი ბრალდებულის დასჯას “მძიმე შედეგის დადგომის” გამოც ითხოვს. პროკურატურის მტკიცებით, კაზინოს იმ ღამით აღარ უმუშავია, სასტუმროში კი სტუმარი აღარ შესულა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ორხანს 5-დან 8 წლამდე ელის თავისუფლების აღკვეთა. ორხან ს. ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სასამართლოს ჯერ არ მოუსმენია მოწმეთა ჩვენებები, მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვები თქვეს. ამ საქმეში ბრალდებულმა სადავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ წარმოადგინა.

ადვოკატი მამუკა ზოიძე განმარტავს, რომ ორხანს იმ ღამით კაზინოში მხოლოდ 30 ლარი ჰქონდა წაგებული, მთავარი მტკიცებულება კი, ხმის ექსპერტიზაა, რომლითაც ბრალდებულის ვინაობა დადგინდა.

ორხანმა 112-ზე “შერატონის” კაზინოში ყოფნის დროს დარეკა.

რა მუხლით უნდა დაისაჯოს ორხანი, თუკი ეს არ იყო ტერორიზმის შესახებ შეტყობინება?

“ეს მსჯელობის საგანია… ცრუ დასმენა იქნებოდა მაშინ, თუკი იგი ამ სატელეფონო საუბარში ვინმეზე იტყოდა, რომ ის აპირებდა სასტუმროს აფეთქებას,” – დასძენს ადვოკატი მამუკა ზოიძე.

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის წყალმომარაგებისთვის 858 858 ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. დღეისათვის გაყვანილია 11-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალის მარშრუტი და დასასრულს უახლოვდება ცენტრალური მილის გაყვანა. ასევე, დაწყებულია წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 858 858 ლარს. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

„ჯოკერი ეთამაშეთ“ – თორნიკე რიჟვაძის პასუხი გიდის კითხვაზე: რა შევთავაზოთ წვიმაში ტურისტებს 

დღეს, 29 მაისს, აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტსა და აჭარის პოლიციასთან ერთად, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ჯგუფებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს გაუმართავ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, კითხვები დაისვა იმაზეც, თუ რატომ არ არის განათებული ალი და ნინოს ქანდაკება. „ბოლოს და ბოლოს როდის განათდება ალი და ნინო, როდის ამუშავდება ნეპტუნის შადრევანი, როდის ამოქმედდება ჭაჭის შადრევანი რომელიც სანაგვედ არის ქცეული. ტურისტი რომელიც რუკით დადის და ეძებს ამ ობიექტებს, ადგილზე სულ სხვა სურათი დახვდება“.

ერთ-ერთ პრობლემად დაასახელეს ასევე იმ ბავშვების საკითხი, რომლებიც ქუჩაში შრომობენ. გიდები ირწმუნებიან, რომ „ბოშა ბავშვები ტურისტებს თავს ესხმიან და არ არის მათი უსაფრთხოება დაცული“.  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თქვა, რომ ამ მიმართულებით ზომები იქნება მიღებული, რომ საკითხი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს, თუმცა რა, არ დაუკონკრეტებია.

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მთავრობა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გიდმა, სულხან დევაძემ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებს ჰკითხა – „წვიმაში რა შევთავაზოთ ტურისტებს?“ კითხვაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „ჯოკერი ეთამაშეთ“. მის პასუხს დარბაზში სიცილი მოჰყვა. მთავრობის თავმჯდომარემ დაამატა, რომ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო და ევროპული გამოცდილების გაზიარება დაგვჭირდება.

შემდეგ კი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სულხან ღლონტმა თქვა, რომ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. „ჩვენ არ ვაპირებთ გავექცეთ ამას, ვაპირებთ წვიმა გამოვიყენოთ, როგორც ტურისტული პროდუქტი“.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამისი სერვისების შექმნაზე უკვე ესაუბრებიან.

შეხვედრაზე არაპროფესიონალ გიდებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. ითქვა, რომ ისინი ტურისტებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან საქართველოს შესახებ. საუბარი შეეხო ასევე ქუჩის ძაღლებისა და საპირფარეშოების პრობლემას.

აჭარის მთავრობა „რედისონში“ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე კითხვა დაისვა ღამის კლუბებთან დაკავშირებითაც. „ჩვენი სტუმრები, ჩამოსვლამდე უკვე ითხოვენ პასუხებს, არის თუ არა რაიმე ნაბიჯები გადადგმული ამ მიმართულებით?“- იკითხა სასტუმრო „ჰილტონის“ წარმომადგენელმა.

ვიცე-მერის თენგიზ პეტრიძის თქმით, მერიაში მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც ხმაურს უწევს კონტროლს, „აჯარიმებს კიდეც, თუმცა ამ ჯარიმებს არ აქვს ის ეფექტი რაც უნდა ჰქონდეს. განიხილება ჯარიმების დაგროვების შემთხვევაში, გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, საუბარია საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტაზე“.

შესაძლო ახალი სასჯელი პატიმრებისთვის, რომლებიც ერთმანეთს მავთულებით გადაებნენ

პატიმრები, რომლებმაც ხელებში მავთულები პროტესტის ნიშნად გაიყარეს და ერთმანეთს გადაებნენ, შესაძლოა, ახალი დანაშაულისთვის ახალი მუხლით გაასამართლონ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები: გიორგი მარსაგიშვილი და გიორგი ვარდუაშვილი წერენ, რომ მათ ბათუმის ციხეში სამუდამოდ დარჩენით ბათუმის ციხის დირექტორი დაემუქრა. ციხეში მისულმა გამომძიებელმა კი აცნობა, რომ მათ წინააღმდეგ მართლაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად – პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.

სამმა მსჯავრდებულმა ბათუმის ციხეში მავთულები ხელში გაიყარა და ერთმანეთს პროტესტის ნიშნად გადაება. ეს 30 მარტს მოხდა. ბათუმის ციხეში განთავსებული პატიმრები არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებდნენ, მათ შორის, სამარტოო საკანში უსაფუძვლოდ გადაყვანას და უწყლობას. წყლის პრობლემა მაშინ პენიტენციურმა სამსახურმაც დაადასტურა. წყლის პრობლემაზე ისაუბრა საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემაც. მისივე თქმით, პატიმრების გადაყვანა სამარტოო საკანში ხშირად არა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ დასჯის მიზნით ხდება. ამ საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც დაიწყო.

„…არცერთი ეს მძიმე მდგომარეობა არ გამოსწორებულა. პირიქით, მით უფრო გვიმძიმებდნენ არსებულ ყოფით ვითარებებს, კონკრეტულად კი ჩვენს მიმართ უფრო აძლიერებდნენ ზეწოლებს… მით უფრო არაადამიანურ პირობებში გვამყოფებდნენ და ახდენდნენ ჩვენს სრულ და მუდმივ იზოლირებას. ცდილობდნენ, რომ მუქარითა და დაშინებით მოეხდინათ ჩვენი გაჩუმება და ამ ხერხებით დაეფარათ თავიანთი მძიმე დანაშაულებრივი ფაქტები,“ – აღნიშნულია ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ორი პატიმარი აწერს ხელს: გიორგი მარსაგიშვილი და გიორგი ვარდუაშვილი. მათივე თქმით, ციხის დირექტორების დასჯის ნაცვლად, პატიმრები გადაიყვანეს ბათუმის ციხიდან მე-7 დაწესებულებაში, რომელიც თბილისში მდებარეობს.

მსჯავრდებულებს ციხეში ყოფნის ვადა მომავალი წლის გაზაფხულზე უმთავრდებათ. თუ გიორგი მარსაგიშვილს და გიორგი ვარდუაშვილს ციხის ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლა დაუდასტურდებათ, მათ მინიმუმ სამი წლით მოუწევთ ისევ ციხეში ყოფნა. პატიმრების ადვოკატი კახაბერ სინჯიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურისგან ვერ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, რატომ დაიწყო ახალი გამოძიება იმ პატიმრების წინააღმდეგ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ხელში მავთული გაიყარეს.

„პროკურატურას წერილობითაც მივმართე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე… სახალხო დამცველს უპასუხეს, რომ გამოძიება ნამდვილად დაწყებულია 378-ე მუხლით და ამ კონკრეტული მსჯავრდებულების გამოკითხვა სურდათ. პროკურატურა ასევე იტყობინება, რომ მათ ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს. იგივე მითხრეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმრებმაც – თქვეს, რომ ჩვენება ადვოკატის გარეშე არ მისცეს. ამ კონკრეტულ პირებს ჯერჯერობით ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია გამოძიების შესახებ,“ – გვითხრა ადვოკატმა კახაბერ სინჯიკაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ციხის ადმინისტრაციას პატიმრებისთვის არც ის განუმარტავს, რატომ გადაიყვანეს ისინი მე-3 დაწესებულებიდან მე-7-ში.

„ბათუმის ციხის უფროსი, მიხეილ კანდელაკი მიცხადებდა, რომ თუ მე-3 დაწესებულებიდან გავიდოდა საჩივარი, იგი აუცილებლად მიიღებდა ზომებს და დაგვსჯიდა ამის გამო. მე, გიორგი ვარდუაშვილს იგი მიცხადებდა, რომ შემიკერავდა საქმეს და მთელი ცხოვრებას გამატარებინებდა ციხეში… გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება და საზოგადოებამდე მიიტანოთ ის ჯალათური მეთოდები და ქმედებები და ამცნოთ ხალხს, თუ რა უკანონო ხერხებით მოქმედებენ“, – წერენ პატიმრები.

„მივმართეთ სხვადასხვა უწყებას, მაგრამ არსებობს რისკი, რომ სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მივიღოთ,“ – ამბობს გვანცა ჩხაიძე, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი თქმით, პროკურატურას სახალხო დამცველისთვის არ განუმარტავს, კონკრეტულად რა შეტყობინება მიიღო გამოძიებამ ბათუმის ციხიდან და რა ფაქტის გამო დაიწყო გამოძიება პატიმრების წინააღმდეგ. პროკურატურის ცნობით, ამ მუხლით დაწყებულ საქმეზე ბრალდებულის სტატუსი ამ ეტაპზე არავის აქვს და კონკრეტული პატიმრების გამოკითხვა მხოლოდ მოწმის სტატუსით სურდათ.

სახალხო დამცველი სწავლობს იმ პრობლემებსაც, რასაც პატიმრები ასახელებენ. ბათუმის ციხეში წყლის პრობლემას ადასტურებს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, თუმცა მიიჩნევს, რომ არაადამიანურ მოპყრობასთან არ გვაქვს საქმე.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია შპს „ბათუმის წყლისგანაც“. დადასტურდა, რომ წყალი შეზღუდულად მიეწოდება არა მხოლოდ ციხეს, არამედ მთლიანად უბანს და დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პატიმრები წყლის გარეშე დაახლოებით ორი-სამი საათის განმავლობაში არიან… რაც შეეხება სამარტოო საკანში პატიმრის მოთავსებას, ჩვენ ველოდებით სასჯელაღსრულების მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის დასრულებას. თუკი დადასტურდება ფაქტი, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის დასჯა. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია პენიტენციურ სამსახურთან“, – გვითხრა გვანცა ჩხაიძემ, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

რა გამოარკვია მონიტორინგის დეპარტამენტმა იმ ფაქტებზე, რაზეც პატიმრები საუბრობენ და კონკრეტულად რის გამო დაიწყო გამოძიება პატიმრების წინააღმდეგ? – კითხვებით პენიტენციურ სამსახურს მივმართეთ. მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

 

 

ფანები ბათუმის „დინამოს“ თამაშებს შესაძლოა ვეღარ დაესწრონ – გუნდი 40 ათასით დააჯარიმეს

საფეხბურთო კლუბ „დინამო“ ბათუმს შესაძლოა ცარიელ ტრიბუნებზე ან ნეიტრალურ მოედანზე მოუწიოს ეროვნული ლიგის მატჩების ჩატარება. მიზეზი ტრიბუნებზე გულშემატკივართა აგრესიული ქცევაა. საფეხბურთო კლუბის მისამართით საჯარიმო სანქციები უკვე გატარდა და ჯარიმის ოდენობამ ჯამში 40 ათას ლარს მიაღწია.

„რამდენიმე თამაშის გამო დაგვაჯარიმეს. მაგალითად, 5800 ლარით დაგვაჯარიმეს ბოლო თამაშზე, 7000 ლარით დაგვაჯარიმეს თბილისის „დინამოსთან“ მატჩში. ყოველ თამაშზე სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა დაგვაკისრეს. მაგალითად, ერთი ბოთლის სროლა 800 ლარით ჯარიმდება. „დინამო“ თბილისთან იყო შემთხვევა, როდესაც ეს ბოთლი მოხვდა, ასე ვთქვათ, მიზანს და ეს უფრო მკაცრად ისჯება. შესაბამისად, კლუბის მისამართით გატარდა სანქციები. ჯამში 40 ათას ლარს აღწევს ჯარიმის ოდენობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ ინწკირველი, „დინამო“ ბათუმის ლიცენზირების მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, თუ გულშემატკივარი მსგავს ქცევას გააგრძელებს, შესაძლოა „დინამო“ ბათუმს რამდენიმე საშინაო თამაშის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე/ან სხვა ქალაქში მოუხდეს.

„მაქსიმალურად იკავებენ თავს სტადიონის დისკვალიფიკაციაზე ან მატჩების ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებაზე, მაგრამ ყველაფერს დებულება და სადისციპლინო კოდექსი არეგულირებს. თუ ასე გაგრძელდება, იძულებული გახდებიან მაყურებლის გარეშე ჩაატარონ მატჩები,“ – ამბობს არჩილ ინწკირველი.

„დინამო“ ბათუმის ადმინისტრაციამ თავის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მადლობას უხდის გულშემატკივარს კლუბისადმი გამოჩენილი ინტერესისa და საშინაო მატჩებში მხარდაჭერის გამო, თუმცა იქვე ახსენებს სტადიონზე შესვლისა და ქცევის წესებს.

„ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაფიქსირდა ნივთების სროლა მოედანზე, მაყურებლის შეჭრა, სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა და სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, ღონისძიებაში ჩართული პირების მიმართ ზედმეტად აგრესიული ქცევა და შეურაცხყოფა. სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მითითებისადმი დაუმორჩილებლობა.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა საფრთხეს უქმნის თქვენსა და სხვა პირთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ასევე, აზარალებს ჩვენს კლუბს მატერიალურად, რადგან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ჯარიმების გადახდის ვალდებულებას გვაკისრებს და ამ კუთხით კლუბმა უკვე მიიღო სოლიდური ფინანსური სასჯელი. გუნდის მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და ადმინისტრაციის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ სტადიონზე ქცევის წესებს და მოუწოდეთ თქვენ გვერდით მყოფ სხვა გულშემატკივრებსაც, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სტიუარდების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მითითებებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„დინამო“ ბათუმს მორიგი შეხვედრა დღეს, 29 მაისს, აქვს ბოლნისის „სიონთან“. მატჩი ბათუმში, ანგისის სტადიონზე გაიმართება და  20:30 საათზე დაიწყება.

მთავარი ფოტო: „დინამო“ ბათუმის ფეისბუქგვერდიდან

ბაგრატ მანველიძე: თამარ ორაგველიძის გათავისუფლება ჩემი გადაწყვეტილება იყო

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან მისი გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. თამარ ორაგველიძის თქმით, ბრძანებაში არ წერია მოტივი, თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

„მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ სამუზეუმო სფერო ითხოვს ყოველდღიურ გაუმჯობესებას, საქმიანობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი და მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს მენეჯმენტი,“ – ამბობს ბაგრატ მანველიძე.

კითხვაზე – კონკრეტულად რაში გამოიხატა, რომ თამარ ორაგველიძე სუსტი მენეჯერი იყო? მანველიძე ამბობს: „არა, ასე ნუ დავსვამთ საკითხს, რომ არ გვაკმაყოფილებდა. მოწონება არმოწონებაზე არ არის აქ საუბარი, ჩვენ გვინდა უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო ეფექტური გახდეს მენეჯმენტი და გაუმჯობესდეს საქმიანობა“.

კითხვაზე – ჰქონდათ თუ არა საუბარი ყოფილ დირექტორთან მენეჯმენტის გაუმჯობესების თაობაზე, ბაგრატ მანველიძე ამბობს, „არ არის აქ პრეტენზიებზე საუბარი, არ არის აქ საუბარი რაღაც თემებზე…“

კითხვაზე, ხომ არ აქვს ორაგველიძის გათავისუფლებას პოლიტიკური საფუძველი და ხომ არ უკავშირდება ის ინგა შამილიშვილის მინისტრობიდან გადაყენებას? ბაგრატ მანველიძე პასუხობს, რომ  – არა. „გამორიცხულია. ეს გადაწვეტილება მივიღე მე, სამინისტრომ მიიღო, რასაც დაეთანხმა მთავრობის თავმჯდომარე. გარკვეული რეორგანიზაციები მიმდინარეობს, შიდა რეორგანიზაციებია განსაზღვრული და მთლიანად მუზეუმის რეორგანიზაცია ხდება“.

ბაგრატ მანველიძემ ასევე თქვა, რომ ახალ კანდიდატს კონსულტაციების შემდეგ წარადგენენ.

აჭარის მუზეუმის დირექტორი, თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან დღეს, 29 მაისს, გაათავისუფლეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აჭარის მუზეუმის ხელმძღვანელის გათავისუფლება განათლების მინისტრის წარდგინების საფუძველზე ხდება.

ამავე თემაზე:

აჭარის მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შალვა ამონაშვილის საჯარო ლექციას სკოლა ნიკეს პედაგოგები დაესწრნენ

2019 წლის 18 მაისს გაიმართა ცნობილი ქართველი პედაგოგის, ჰუმანური პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის – შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია პრაქტიკული გაკვეთილების ჩვენებით. ლექციას ესწრებოდნენ სკოლა „ნიკეს“ პედაგოგები: ნინო ლაზიშვილი, თინა ჭეიშვილი, ინგა ნაკაშიძე, ირმა ნაკაშიძე, ნათია თურმანიძე და მარიამ კაკაბაძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლა „ნიკეს“ თანამშრომლობა აზროვნების აკადემიასთან დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში, როცა სკოლის ადმინისტრაციის მოწვევით, ბათუმში იმყოფებოდა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშიროსო ცენტრის პრეზიდენტი – პაატა ამონაშვილი, რომელმაც საინტერესო შეხვედრა გამართა პედაგოგებთან და მშობლებთან.

სკოლა ნიკეს პედაგოგები
სკოლა „ნიკეს“ პედაგოგები

ამჯერად, თბილისში მიწვეულ სკოლა „ნიკეს“ პედაგოგებს მიეცათ საშუალება, მოესმინათ და პრაქტიკულად გაეთავისებინათ ჰუმანური პედაგოგიკის არსი.

„ყოველი ბავშვი არის მოვლენა, რომელსაც ამქვეყნად საკუთარი მისია აქვს,“ –  განაცხადა შალვა ამონაშვილმა ლექციაზე.

შთაბეჭდილებებით აღსავსე მასწავლებლებმა მიღებული გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს და სამომავლო საქმიანობაში დახმარება აღუთქვეს.

ვიმედოვნებთ, რომ სექტემბერში ბატონი შალვა ამონაშვილი ეწვევა სკოლა „ნიკეს“ და ბათუმის ფართო პედაგოგიური საზოგადოებისთვის ჩაატარებს მსგავს ლექცია-პრაქტიკულ გაკვეთილებს.

სკოლა ნიკეს პედაგოგები
სკოლა „ნიკეს“ პედაგოგები

აჭარის მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თამარ ორაგველიძე, აჭარის მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან გათავისუფლების შესახებ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს დილით მიიღო. თამარ ორაგველიძე ამბობს, რომ მისთვის ეს მოულოდნელი იყო:

„ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში არ მიმიღია არავითარი შენიშვნა. სამუზეუმო საქმეში აჭარის მუზეუმების გაერთიანებამ, მე ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი საქმე გააკეთა და ბევრ კარგ საქმეს უკვე საფუძველი აქვს ჩაყრილი. ჩემთვის ეს განკარგულება მოულოდნელი იყო“.

თამარ ორაგველიძე აქამდე ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორი იყო. იგი ამ პოზიციაზე მუზეუმის დაარსების დღიდან, 2007 წლიდან მუშაობდა.

აჭარის მუზეუმი ბათუმში მდებარე ოთხ მუზეუმს აერთიანებს: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმსა და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს.

მუზეუმის დირექტორს აჭარის განათლების სამინისტროს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე მთავრობა – მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

„აჭარის მუზეუმი“ 2018 წელს შეიქმნა.

ბულვარი ზაფხულის სეზონს განახლებული მცენარეთა საფარით ხვდება

ბათუმის ბულვარის 35 ჰექტარი გამწვანების ზოლს უკავია. ქალაქის მთავარი ბაღის ფლორა მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გამწვანებული რეკრეაციული ზონაა საქართველოში. ზღვისპირა ბულვარის ხე-მცენარეების კოლექცია მთლიანად 43 000 ძირს აჭარბებს. განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოიჩევა ისტორიული მაგნოლიების ხეივანი, რადგან ბულვარის განაშენიანება სწორედ ნინოშვილის ქუჩიდან დაიწყო და მოგვიანებით, აქ გაშენებული მაგნოლიებიც ბათუმისთვის დამახასიათებელ სიმბოლოდ იქცა. აღსანიშნავია, რომ ბულვარის მწვანე საფარის განახლების ფარგლებში, ახალი მაგნოლიების (Magnolia Grandiflora) დარგვა ყოველწიურად ხორციელდება.

[checklist]

  • მაგნოლიების ხეივანი

[/checklist]

მაგნოლიების ხეივანი ბათუმში
მაგნოლიების ხეივანი ბათუმში

[checklist]

  • ბამბუკების ხეივანი

[/checklist]

ბათუმელებისა და ბულვარი სტუმრებისთვის მიმზიდველი ადგილია ასევე ბამბუკების ხეივანი, სადაც 2500-მდე მოსოს ჯიშის ბამბუკი ხარობს. წლევანდელ სეზონზე ბამბუკები განსაკუთრებული ვეგეტაციით გამოირჩევა და და ხეივანს უამრავი ახალი ნერგი შეემატა.

ბამბუკების ხეივანი ბათუმის ბულვარში
ბამბუკების ხეივანი ბათუმის ბულვარში

[checklist]

  • ბათუმის ბულვარის ფიჭვნარი

[/checklist]

ბათუმის ბულვარში ზღვისპირა ზოლთან ახლოს 2435 ძირი ფიჭვი ხარობს. ფიჭვნარს ახალი ძირებით ყოველწლიურად აახლებენ. გაზაფხული-ზაფხულის გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში, წელს დამატებით 20 ახალი ფიჭვის ხე დაირგო. ფიჭვის ხეივანი განსაკუთრებულ გამაჯანსაღებელ როლს თამაშობს ბულვარის მწვანე სივრცეში და მთისა და ზღვის ჰავასთან ერთად სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.

ფიჭვნარი ბათუმის ბულვარში
ფიჭვნარი ბათუმის ბულვარში

[checklist]

  • პალმების ხეივანი

[/checklist]

მარადმწვანე ხე-მცენარეებში ბულვარისა და საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათოა პალმები. სხვადასხვა ჯიშის პალმების რაოდენობა დღეისათვის 5418 ძირს აღწევს. მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, დაირგო 200-მდე პალმა.

პალმების ხევანი
პალმების ხეივანი

საზაფხულო სეზონის მზადებისათვის ბათუმის ბულვარში მასშტაბური გამწანებითი ღონისძიებები მიმდინარეობს. ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ მოხდა საყვავილე კლუმბებისა და კომპოზიციების გამრავალფეროვნება, აგრეთვე მწვანე ნარგავებისა და ახალი ლანდშაფტური სივრცეების დამატება. დაგეგმილია 700 ათასი ძირი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილის, 4000 ათასზე მეტი დეკორატიული და მრავალწლოვანი ხის დარგვა. მათ შორის მიმოზები, კვიპაროსები, ფოტინიები, აზალიები, ვარდები, ემონიმუსები, ჰორტენზიები და სხვა.

ამ ეტაპზე უკვე დარგულია 854 ერთეული სხვადასხვა ჯიშის პალმა, ფიჭვი, მუხა, ტუია, ცრუქაფური. ახალი მწვანე საფარით განახლდა ზოო-კუთხის, ფიჭვნარის ტერიტორიები.

ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი

ქართველ მეზღვაურ-მზარეულებს დასაქმებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ GIZ-თან ერთად შეიმუშავა საზღვაო კულინარიის პროგრამის მოდული, რომელიც თანხვედრაში მოდის საზღვაო შრომის კონვენციასთან (MLC 2006). დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სასერტიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ დასაქმდნენ საოკეანო-სავაჭრო, თევსაჭერ და სამგზავრო გემებზე გემის მზარეულის, გემის მზარეულის დამხმარეს და სამაგიდე მომსახურე პერსონალის პოზიციებზე.

MLC 2006 კონვენციის წევრი 99 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ამ პოზიციებზე დასაქმების ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორს საქართველოს მოქალაქეებისათვის სწორედ სასერტიფიკაციო კურსის არარსებობა წარმოდგენდა.

სააგენტოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების წესისა და პირობების თანახმად მომზადების პროგრამებზე დაიშვება პირები, რომლებსაც აქვთ:

[checklist]

  • კულინარიის ხელოვნების ან/და მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია;
  • ან/და „გემის მზარეულის“, ან/და „სამაგიდე მომსახურების პერსონალის“ სერტიფიკატი/მოწმობა/ცნობა;
  • ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული II საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული IV და V საფეხურის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაცია.

[/checklist]

მომზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მოპოვება შეუძლია საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ახორციელებს კულინარიის ხელოვნების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, ან საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ახორციელებს საზღვაო სფეროს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.

ბათუმის ბულვარი სანაპიროზე სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურებს ააშენებს

„ბათუმის ბულვარი“ სანაპირო ზოლზე ხუთ საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო შენობას [კოშკურას] ააშენებს. კოშკურები ძირითადად ლითონის კონსტრუქციის იქნება. მშენებლობისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 150 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და შესაბამის მომსახურებას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცი დღის ვადაში. კოშკურების განთავსების ადგილებს ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე ბულვარის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

წინადადებების მიღება 2019 წლის 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება.

კოშკურას ესკიზი [რომლის მსგავსის დადგმას ბათუმის ბულვარი სანაპიროზე გეგმავს] – ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ბსუ ხელშეკრულებას უწყვეტს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ომარ მახარაძეს ეთიკური სტანდარტის დარღვევა დაუდგინეს. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დისციპლინარულმა საბჭომ მიიღო.

საუბარია 21 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაზე – სტუდენტი გოგო „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მას ლექტორი სექსუალურად ავიწროებდა. გამოძიება თავდაპირველად იძულების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, პროკურატურამ მუხლი დაამძიმა და ამჟამად ძიება „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მიმართულებით გრძელდება.

„დღეს, 6 საათზე, შევიკრიბეთ და ორი საათი განვიხილავდით ამ საკითხს… ჩვენი გადაწყვეტილება ეყრდნობა სხვადასხვა ფაქტს, რომელიც სტუდენტებმა მოგვაწოდეს. დასაბუთებას გადაწყვეტილებაში დავწერთ. ჩვენ დავდეთ დასკვნა, ლექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე საბოლოო სამართლებრივი აქტი რექტორმა უნდა მიიღოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისციპლინური სახდელის ეს ფორმა გამოგვეყენებინა – სამსახურებრივი ხელშეკრულების შეწყვეტა“, – გვითხრა ანზორ ბერიძემ, ბსუ-ს დისციპლინარული საბჭოს ხელმძღვანელმა.

საბჭოს სხდომას მხოლოდ ერთი წევრი – ლევან ჯაყელი არ ესწრებოდა. ომარ მახარაძისთვის შრომითი კონტრაქტის შეწყვეტას საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ლექტორს სასამართლოში შეუძლია.

 

აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი: სწორი ვიყავი, როცა ვასილ მაღლაფერიძეს დავუჭირე მხარი

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძეა. ის არასამთავრობო სექტორიდან მოდის, თუმცა თვლის, რომ არასამთავრობოები საზოგადოებასთან ერთად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ატყუებენ. მესამე სექტორისგან განსხვავებით, გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელებული რეფორმებით კმაყოფილია – 2018 წლამდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო აჭარის კვოტით. რის გაკეთება შეძლო მან აჭარის ტელევიზიისთვის აქამდე? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც გიორგი კოხრეიძეს ინტერვიუს დროს დავუსვით.

  • ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ აჭარის ტელევიზიის დირექტორობა, რა არის თქვენი მოტივაცია და რის შეცვლას აპირებთ? 

ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, კარგად ვიცნობ პრობლემებს, ვხედავდი ბევრ რამეს, რაზეც მქონდა ჩემი დამოკიდებულება… იყო ასევე ტელეკომპანია „202“, რომლის არათუ შენარჩუნება მოვახერხე რთულ პირობებში, არამედ ის, რომ ტელევიზია განვითარებულიყო. ამ ყველაფერმა მომცა იმის საფუძველი, რომ შემეთავაზებინა საკუთარი თავი აჭარის მაუწყებლისთვის, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს. მე არც ერთ მხარეს არ წარმოვადგენ… მე ვადევნებ თვალს აჭარის ტელევიზიის გადაცემებს. ბევრი გადაცემა არ არის ცუდი, მაგრამ არაადეკვატურია საზოგადოების ნახვადობასთან მიმართებით.

საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა „აჭარის მაუწყებლის“ არსებობაც კი არ იცის. შესაცვლელია მთავარი და მნიშვნელოვანი – ტელევიზიამ უნდა ინადიროს ადამიანების მზერაზე, ეს სჭირდება ტელევიზიას, რომ მიაწოდოს მაყურებელს ზუსტად ის, რაც სჭირდება მაყურებელს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად თავისუფალი იქნება აჭარის ტელევიზია გავლენებისგან. ჩემი დაკვირვების პერიოდში აჭარის ტელევიზიას არ აკეთებდნენ ის ადამიანები, ვინც ტელევიზიას უნდა აკეთებდეს. ამას აკეთებდნენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

  • თქვენ გამოხატეთ უკმაყოფილება აჭარის ტელევიზიის გადაცემების მიმართ და თქვით, რომ იყო ცალმხრივი. თუმცა აჭარის ტელევიზია მიუკერძოებლობით მოხვდა ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში. მაგალითად, ამაზე ეწერა ეუთო-ს დასკვნაში. თვლით, რომ ეს ორგანიზაციები შეცდნენ? 

მე არ ვარ ქუჩიდან მოსული ადამიანი, მეც არასამთავრობოდან მოსული ვარ და ძალიან კარგად ვიცი თითოეული ამ პროექტის წარმომავლობა და ისიც, თუ საითკენ არის მიმართული. მე ვფიქრობ და ნებისმიერს დავუსაბუთებ, რომ გადაცემა, რაც გააკეთეს ჩემთან მიმართებაში, იყო აბსოლუტურად ცალმხრივი. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ იმ გადაცემაში იჯდა დირექტორი და ის იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას… რაც შეეხება ეუთოს, ის არ აფასებს თვითონ. ის ამ ინფორმაციას იღებს აქაური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

  • თვლით, რომ ქართულმა მესამე სექტორმა ეუთოს მოტყუება შეძლო? 

კარგად ვიცნობ ამ მომენტს. არ გინდათ ახლა ამაზე ყურადღების გამახვილება: შეცდომაში შეიყვანეს, თუ არ შეიყვანეს, არაზუსტია ეს ინფორმაცია. მე ნათია კაპანაძეს მიუკერძოებლობაში ზოგადად ბრალს არ ვდებ, მისი მომხრე და მეგობარი ვიყავი. არჩევის პირველივე დღეს ვუთხარი, თუ რამეში დახმარება დაგჭირდეს-მეთქი, მაგრამ რა ვქნა? რაც ვიცოდი, ის არ გამოიყენა. დღეს აბსოლუტურად არ ჰყავს მაყურებელი ტელევიზიას. თუ გნებავთ დავიწყებ თითოეული გადაცემის გაანალიზებას, მაგრამ არ მინდა ვინმეს გული დავწყვიტო… თქვენ როცა მიუკერძოებლობაზე საუბრობთ, ტელევიზია მარტო მიკერძოება და მიუკერძოებლობა თუ არის, მაშინ მძიმედ ყოფილა საქმე. გინდათ ვინმეს დააბრალოთ, რომ, მაგალითად, სოსო სტურუა იყო მანამდე მიკერძოებული? ტელევიზიის მიუკერძოებლობა არ განსაზღვრავს მის ყურებადობას, ტელევიზია სხვა რამეა.

  • ფიქრობთ, რომ სტურუას დროს რაც ხდებოდა, არ იყო პრობლემა? მაგალითად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში საეჭვო ჩარევა და პროდიუსერების წასვლა ტელევიზიიდან, მთავრობისთვის არასასიამოვნო ნიუსის ვებგვერდიდან მოხსნა… 

ახლა 4-5 წლის წინანდელ ამბებს ნუ დავატრიალებთ. თქვენ რა გგონიათ ახლა, რომ მე სოსო სტურუას ვეფერები? – არავითარ შემთხვევაში. რა ხარვეზებიც ჰქონდა მას, მე ყველა ხარვეზზე მქონდა რეაგირება, მე მეტი არ შემეძლო მეთქვა. მეტი ბერკეტი არ მქონდა…

  • თქვენ 4 წელი იყავით საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი აჭარის კვოტით. თქვენი ხელფასი 3500 ლარი იყო. ჩამოგვითვალეთ, რის გაკეთება შეძელით აჭარის ტელევიზიისთვის? რატომ არ მოითხოვეთ, მაგალითად, აჭარის ტელევიზიის შენობისთვის თანხის გამოყოფა? 

რა არ მოვითხოვე? სად არ მოვითხოვე? ბიუჯეტთან ყოველდღიური შეხება მქონდა. არაერთგზის მქონდა ეს მოთხოვნა მე და ვერავინ დამწამებს იმას, რომ არ მქონია მცდელობა 4 წლის განმავლობაში აჭარის ბიუჯეტი გაზრდილიყო.

  • როდის დასვით ეს საკითხი კონკრეტულად და როდის გითხრათ ბორდმა უარი? 

უკაცრავად, მაგრამ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?… თქვენ რას ეძახით ბორდის მუშაობას, მხოლოდ სხდომას?

  • როგორც ვიცი, სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილებები.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ არ დავუჭირე მხარი ბიუჯეტის რამდენიმე შემოთავაზებულ ვარიანტს იმიტომ, რომ აჭარის ინტერესი რაღაცაში არ გაითვალისწინეს… ვერ მაჩვენებთ საკითხს, რომ აჭარის ტელევიზიამ რაღაც წარმოადგინა და მე მას მხარი არ დავუჭირე. თქვენ გინდათ ცილი დამწამოთ, რომ მე რაღაცას არ ვაკეთებდი. მე რის უფლება და კომპეტენციაც მქონდა, იმ ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს მიმართ პრეტენზია არც აჭარის უმაღლეს საბჭოს ჰქონია და არც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს. პირიქით, აჭარის ტელევიზიას სჭირდებოდა ხშირად დახმარება, რომ რაღაც გადაცემა არ ჩავარდნილიყო და პირადად მაქვს ნაჩუქარი გარკვეული ტექნიკა მაუწყებლისთვის. ამაზე არც არავინ საუბრობდა და არც არავინ იცოდა… ამაზე არ ღირს საუბარი. ეს იყო კაბელები, რომელიც უბრალოდ „შნური“ არ არის, სატელევიზიო კაბელებზე მაქვს საუბარი, იყო პულტები, არავის არ ვამადლი ამას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. ეს არ იყო „202“-ის ტექნიკა, მეგობრები მყავს, ახლობლები და ასე გაკეთდა.

  • საჩუქრების გარდა, რეალურად რის გაკეთება შეძელით ოთხი წლის განმავლობაში?

რომელი ინიციატივა იყო, რომელიც აჭარის ტელევიზიიდან წამოვიდა და მე ხელი შევუშალე? ყველა ინიციატივა, რაც მოდიოდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოდან, იყო პრაქტიკულად მხარდაჭერილი. მე მივეცი საშუალება, რომ განვითარებულიყო მაუწყებელი, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ვცდილობდი, ერთგვარი გარანტი ვყოფილიყავი და მათი ნებისმიერი შემოთავაზება უპრობლემოდ მიღებულიყო… მე რა უნდა გამეკეთებია აბა? საკუთარი ინიციატივა გამომეჩინა და ჩავრეულიყავი აჭარის ტელევიზიის საქმიანობაში?

  • თავად საზოგადოებრივ მაუწყებელში რას მიაღწიეთ? ცნობილია, რომ თქვენ იყავით ვასილ მაღლაფერიძის და მისი რეფორმების მხარდამჭერი. 

უკაცრავად, მაგრამ მაგის მაჩვენებელი არის ყურებადობა და გავლენა, რაც გვხდება. მე კარგად ვხედავ, როგორ სწორად  ვითარდება მაუწყებელი. შეიძლება, ზუსტად ისე არა, როგორც გინდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ახლა იღებს მაუწყებელი შედეგებს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით… მე ვთვლიდი, რომ იმაზე მეტის გაკეთება, რაც ვასილ მაღლაფერიძეს შეეძლო, არავის შეეძლო. დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ვასილ მაღლაფერიძეს დავუჭირე მხარი. ხალხი ხედავს, როგორც ვითარდება მაუწყებელი.

  • თქვენ არ ენდობით სამოქალაქო სექტორს, რომელიც მიიჩნევს, რომ „ახალი მენეჯმენტის პირობებში გაძლიერდა ეჭვები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით“ – ეს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ 2018 წლის შეფასებაა.

რა ვქნა ახლა, ენას ძვალი არა აქვს და ადამიანებს ბევრი რაღაც შეუძლიათ თქვან. მაუწყებელი, როგორც ტელევიზია, შედგა რაღაცნაირად და იწყებს განვითარებას. ვინ რა კუდს მოაბამს ამას, უკაცრავად, მაგრამ ფანტაზიების ასახსნელად ნამდვილად არ ვარ მზად… კონკრეტულ ფაქტს თუ ასახელებენ, თქვან.

  • კონკრეტულია, მაგალითად, პოეტ ზვიად რატიანის ინციდენტი, როცა შსს-ს მიერ მიწოდებული დამონტაჟებული ვიდეო გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. თქვენთვის ეს შემთხვევაც მისაღებია? 

ზვიად რატიანის საქმეზე მე თავიდანვე აღვშფოთდი, ოღონდ ტელევიზიის ნაწილზე არა, არამედ იმაზე, რასაც ახორციელებდა ძალოვანი უწყება. როგორ მოხდა ამის გაშუქება, სხვა საკითხია. რასაც ედავებოდნენ, აბსოლუტურად ცალმხრივად ედავებოდნენ მაუწყებელს… დავუშვათ რაღაც შეეშალა, ეს წივილ-კივილი ნამდვილად არ იყო საჭირო. ჩანდა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ბრძოლა ვასილ მაღლაფერიძის წინააღმდეგ. უკაცრავად, მაგრამ ტელევიზია არ არის ყველას დუქანი.

  • თქვენთვის რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია? რატომ შეიძლება აწყობდეს მესამე სექტორს სუსტი საზოგადოებრივი მაუწყებელი? 

აწყობს, რადგან გამოიყენებს, როცა დასჭირდება… ნუ მომაყოლებთ ახლა იმას, რომ არაფრის მქონე ტელევიზიამ შესაძლოა ერთ საათში მიიღოს რეიტინგი. მე არანაირი ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს არასამთავრობო სექტორთან… ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველთვის არის ორგანიზაცია, რომელიც არანაირად ასოცირებული არ არის არც მთავრობასთან და არც ოპოზიციასთან.

  • რას გულისხმობთ? მაგალითად, საია, ან „გამჭვირვალობა“ ატარებენ პოლიტიკურ ინტერესს და მეორეს მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციების მოტყუებასაც ახერხებენ?

მე რა გითხრათ ახლა, თუ გინდათ, ასე წარმოდგინეთ. ფაქტია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, მიკერძოებულ და სუბიექტურ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. ყველა არასამთავრობოზე ვერ ვისაუბრებ. არიან არასამთავრობოები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ.

  • ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, 22 აპრილს, For.ge-თან ინტერვიუს დროს აღნიშნეთ, რომ ნათია კაპანაძეს ჰქონდა დარღვევები. რას გულისხმობთ კონკრეტულად? გარე აუდიტს არ დაუფიქსირებია დარღვევები ტელევიზიაში ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს. 

თუ მე გავხდი მენეჯერი, მსგავს პრაქტიკას, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი, წერტილი უნდა დაესვას. რა პრაქტიკაა გეტყვით: როცა გრანტს ღებულობს ტელევიზია, მაგალითად, მაუწყებელი, ეს არაა პრობლემა, მაგრამ როდესაც გრანტს იღებს რომელიღაც სხვა ორგანიზაცია და მაუწყებელთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომ ტელევიზია მოამზადებს პროდუქტს და იღებს ვალდებულებას მის გაშვებაზეც,  ეს უკვე აღარ არის გრანტის ფარგლებში და ასე შეიძლება ნებისმიერი ფული შეიტანო საზოგადოებრივ მაუწყებელში.

  • ანუ თქვენ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წინააღმდეგი ხართ. დაგვიკონკრეტეთ, კანონის რომელიმე ნორმა მიიჩნევს ამ ურთიერთობას დარღვევად. 

ეს არის გაწერილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში… იქ წერია, რომ არ შეიძლება არანაირი დაფინანსება, გარდა გრანტისა. მე არ ვარ გრანტის წინააღმდეგი, მაგრამ, მაგალითად, რომელიღაც ორგანიზაციამ მოიპოვა გრანტი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ერთი ნაწილი არის კლიპების დამზადება… რატომ არის ეს საფრთხე და შესაძლოა, გამოჩნდა ვინმე ცუდი ბიძია, ბოროტი და ამ სქემით მიიტანს მაუწყებელში ფულს. გამოდის, რომ დამკვეთი ჩადებს იმას, რაც მას სურს…

  • თუ ეს იყო დარღვევა, რატომ არ აისახა გარე აუდიტის ანგარიშში? 

ამ მომენტს გარე აუდიტი არ სწავლობს, ამიტომ ნუ აურევთ. შესაძლოა, აუდიტმა დაწერა, რომ დარღვევა არ არის, მაგრამ დარღვევა არ არის ანგარიშსწორების კუთხით.

  • ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით: „ჩამოსული ადამიანი რომ ადგილობრივთა ინტერესებს არ ითვალისწინებდეს, ეს დაუშვებელია…“ რას ნიშნავს თქვენთვის „ჩამოსული“ და ხომ არ ჩანს ამ გამონათქვამით თქვენგან პროვინციალიზმის მხარდაჭერა? 

მე წინააღმდეგი ვარ პროვინციალიზმის. რაც შეეხება ნათია კაპანაძეს, მას იმდენი კონფლიქტი ჰქონდა თანამშრომლებთან, გარე საზოგადოებასთან, ეს ჩემი ვარაუდი კი არა, ორჯერ ორი ოთხია ის, რომ ამ ადამიანმა ვერ შეძლო კომუნიკაციის დამყარება, ვერ შეძლო ის, რომ კონფლიქტის გარეშე ემართა ტელევიზია.

  • ასეც რომ იყოს, რა შუაშია „ჩამოსული“ და „ადგილობრივებისთვის“ ანგარიშის გაწევა?

სხვათა შორის, იმ პერიოდში, როცა იყო ეს კონფლიქტები, ის ადამიანები, რომლებიც აი, ამ პრობლემას აყენებდნენ წინ, გამოხატავდნენ რომ მან, როგორც ჩამოსულმა ადამიანმა, ჩვენი ინტერესები ვერ გაითვალისწინაო. სიმართლე გითხრათ, რაზეც თქვენ აკეთებთ უტრირებას არამგონია, მაგ კუთხით მქონდეს ნათქვამი… მე ვთქვი, რომ შეიძლება ადამიანი ჩაიყვანო, მაგრამ ადგილობრივების ბუნება უნდა გაითვალისწინო და არა ის, რომ პროვინციალიზს შეუწყო ხელი.

________________

ფოტოზე: გიორგი კოხრეიძე. კადრი პირველი არხის ვიდეომასალიდან.

აჭარის მთავრობის ახალი შენობის აშენებას 28 მილიონი ლარი დასჭირდება – პროექტი

აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. მშენებლობისთვის თანხა კი არც მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც 2020 წლის ბიუჯეტის მუშა პროექტში დევს. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ შესაბამისი თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ.

ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით, 466 100 ლარი. შენობის აშენება ქალაქ ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა №119-შია დაგეგმილი [აქ არსებულ შენობაში დღეს აჭარის სამი სამინისტროა განთავსებული].

კონკურსში გაიმარჯვა შპს „მეგაპოლისმა“. რაც შეეხება სახელშეკრულებო თანხას – 542 800 ლარს, როგორც სამინისტროში გვითხრეს, კომპანიის მიერ შეთავაზებულ თანხას – 460 ათას ლარს დაემატა დღგ-ს ოდენობა.

„მეგაპოლისი“ თბილისში, 2017 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის წილებს თანაბრად ფლობენ მარიამ ბლიაძე და არჩილ კაჭარავა.

დოკუმენტაციის შესყიდვა ორეტაპიანი იყო. პირველი ეტაპი – კონცეფცია (კონკურსი); ხოლო მეორე ეტაპი – გამარჯვებული კონკურსანტის მიერ კონცეფციის შესაბამისად საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება.

საკონკურსო პირობის მიხედვით, „არსებული ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს ახალი შენობის ძირითადი ნაწილის (რომელიც აუცილებელია უწყებებისა და ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის) მშენებლობის დასრულების შემდგომ. ასევე შესაძლებელია განხილულ იქნას მიწის ნაკვეთის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის საკითხი, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად“.

მზა პროექტი სამინისტრომ 2018 წლის 25 ნოემბერს ჩაიბარა.

„მთავრობის უწყებების საერთო შენობის მშენებლობის პროექტი ძალიან საინტერესოა, რადგან უნდა გაამარტივოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომა. ამ ეტაპზე, აჭარის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა აღნიშნული პროექტის დაფინანსებაზე, ვინაიდან თანხები ჯანდაცვას, სოციალურ სფეროს და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. აღნიშნული პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზის შემდეგ, ბიუჯეტის ფორმირების ეტაპებზე, მიღებული იქნება გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით,“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ესკიზი. წყარო: საკონკურსო დოკუმენტები

[toggle title=”დააწკაპუნეთ იმის გასაგებად საკონკურსო პირობის მიხედვით ახალ შენობაში რომელი სამთავრობო უწყებები უნდა განთავსებულიყო“]

  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – საშტატო ნუსხით – 88 ერთეული; შტატგარეშე – 25 ერთეული.
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საშტატო ნუსხით – 58 ერთეული; შტატგარეშე – 12 ერთეული.
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – საშტატო ნუსხით – 53 ერთეული; შტატგარეშე – 10 ერთეული.
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საშტატო ნუსხით – 53 ერთეული; შტატგარეშე – 14 ერთეული.
  • აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – საშტატო ნუსხით – 45 ერთეული; შტატგარეშე – 12 ერთეული.
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – საშტატო ნუსხით – 33 ერთეული; შტატგარეშე – 14 ერთეული.
  • აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი-საშტატო ნუსხით – 59 ერთეული; შტატგარეშე – 5 ერთეული.
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ბათუმის რესურსცენტრი-საშტატო ნუსხით – 7 ერთეული; შტატგარეშე – 2 ერთეული.
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური – საშტატო ნუსხით – 9 ერთეული; შტატგარეშე – 1 ერთეული.
  • ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო – საშტატო ნუსხით – 13 ერთეული.
  • სსიპ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – საშტატო ნუსხით – 43 ერთეული.
  • სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტო – საშტატო ნუსხით- 24 ერთეული.
  • ა(ა)იპ აგროპროდუქტების მართვის ცენტრი – საშტატო ნუსხით – 23 ერთეული.
  • სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ – საშტატო ნუსხით – 5 ერთეული.
  • სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – საშტატო ნუსხით – 51 ერთეული.
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი საშტატო ნუსხით – 16 ერთეული. შტატგარეშე – 5 ერთეული.
  • შპს „სტადიონი“ – საშტატო ნუსხით – 10 ერთეული.
  • შპს „ჰიგიენა 2009“ – საშტატო ნუსხით – 10 ერთეული.
  • სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ – საშტატო ნუსხით – 20 ერთეული.
  • შპს „გოდერძი რიზორტი“ – საშტატო ნუსხით – 9 ერთეული.
  • სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – საშტატო ნუსხით – 23 ერთეული.
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – 11 ერთეული.[/toggle]

ახალი შენობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი 2018 წლის მაისში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეთანხმებით გამოაცხადა. მთავრობა ერთ შენობაში გეგმავდა სამინისტროებისა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების განთავსებას. ამავე წლის ბოლოს კი, არაოფიციალურად ამბობდნენ, რომ ეს იდეა აჭარის მთავრობის მოქმედმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაიწუნა.

არსებული ადმინისტრაციული შენობა კომახიძის ქუჩაზე [ზემოთ] და ახალი ადმინისტრაციული შენობის ესკიზი – ფოტომონტაჟი [ქვემოთ]
_____

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

 

ხანძარი ხახულის ქუჩაზე

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, დღეს, 28 მაისს, ხანძარი გაჩნდა.

ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ ფიცრულ სახლს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბსუ-ში ახალ კანცლერს აირჩევენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის -კანცლერის არჩევნები გამოაცხადა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება. კანდიდატმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა.

ამ დრომდე უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი ჯემალ ანანიძეს ეკავა. იგი კანცლერის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს და 23 ივნისს ეწურება ამ პოსტზე მუშაობის ოთხწლიანი ვადა. ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

„უნივერსიტეტი ახლა დიდი გამოწვევების წინაშეა, დიდი კონკურენციაა, ახალი მიმართულებებია… არ გამოვრიცხავ, შეიძლება მივიღო მონაწილეობა კონკურსში, თუმცა ერთსა და იმავე თანამდებობაზე ოთხ წელზე მეტხანს მუშაობა თავისებური გამოწვევა და რისკიცაა“, – აღნიშნა ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებთან“.

უნივერსიტეტის კანცლერს აკადემიური საბჭოს წევრები ირჩევენ, ხოლო წარმომადგენლობითი საბჭო მას ფარული კენჭისყრით ამტკიცებს.

სახიფათო ნარჩენები ბათუმის დასახლებაში – ფერმაში რამდენიმე სახის დარღვევა გამოავლინეს

მახვილაურში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მეფრინველეობის ფაბრიკის მეპატრონის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ქათმების ფერმის მეპატრონე არ იცავს სტანდარტებს, რის  გამოც წყლის არხები დაბინძურებულია და მძაფრი სუნი დგას.

მოსახლეობამ დღეს, 28 მაისს, გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აღნიშნული ტერიტორია ბათუმის საზღვრებშია.

„ქათმების ფერმა დასახლებულ პუნქტშია, საწარმო არ იცავს გარემოს დაცვის სტანდარტებს, ფეკალური მასები პირდაპირ ჩაედინება არხებში, წყალი დაბინძურებულია და საშინელი სუნი დგას,“ –  გვეუბნება ერთ-ერთი მცხოვრები ზაურ შაინიძე.

მისი თქმით, ფერმის მეპატრონეს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ვითარება არ შეცვლილა. „მხოლოდ გარედან შეცვალა ბანერები, სანიტარული მდგომარეობა კი არ შეცვლილა. სახლებში შემოდის სუნი,  ბევრი მწერია. ტექნიკა, რომელიც მოძრაობს ფერმიდან, დაბინძურებულია, არ რეცხავენ, სავინტილაციო სისტემები მოსაწესრიგებელი აქვთ,“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ზაურ შაინიძემ.

მოსახლეობის თქმით, ფერმაში არ არის დაცული სანიტარული და ეკოლოგიური პირობები, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ჩაატარა ინსპექსტირება და რამდენიმე სახის სერიოზული დარღვევა გამოავლინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს განყოფილების უფროსის, ნატო დავითაძის თქმით, მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე 22 მაისს ჩატარდა ინსპექტირება, რომელმაც სერიოზული კანონდარღვევები რამდენიმე მიმართულებით გამოავლინა.

სანიტარული პირობების დარღვევის შედეგად, დაბინძურებულია ზედაპირული სანიაღვრე არხები

„გამოვლინდა ბევრი დარღვევა ნარჩენების მართვის კუთხით, ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა ზედაპირული სანიაღვრე არხების ექსკრემენტებით დაბინძურების ფაქტი, ასევე, კომპანია „ბათუმი 2016“-ს, რომელიც ფერმას ფლობს, არ აქვს შემუშავებული და სამინისტროსთან შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმა, არ ჰყავს გარემოს დაცვითი მმართველი, ნარჩენების ტრანსპორტირებას თვითონ ახორციელებს სპეციალური რეგისტრაციის გარეშე. მას ევალებოდა აღრიცხვა-ანგარიშგების წარდგენა პირველ მარტამდე სამინისტროში, რაც არ გააკეთა“.

ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, ფერმიდან დროულად არ გააქვთ დაცემული ქათმები, რაც ინფექციის გავრცელების საფრთხეს ქმნის.

ნატო დავითაძის თქმით, ეს ვალდებულებები გამომდინარეობს იქედან, რომ ფერმას წლის განმავლობაში წარმოექმნება 200 ტონაზე მეტი არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი. „წარმოექმნება სახიფათო ნარჩენებიც, რომელიც ინფექციის გავრცელების საფრთხეა. დაცემული ქათამი ყოველდღიურად არ გადის ფერმიდან, ჯერ აგროვებს და მერე გააქვს, რაც იწვევს ინფექციის გავრცელების საფრთხეს“.

მისივე თქმით, ფერმერი სახიფათო ნარჩენს არ გადასცემს შესაბამისი ნებართვის მქონე ორგანიზაციას, „გააქვს ნაგავსაყრელზე და ესეც დარღვევაა“.

ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევათა ოქმს ხვალ, 29 მაისს შეადგენს. ჯარიმის ოდენობას კი სასამართლო გადაწყვეტს.

კრიმინალური წესებით ცუდი ტონია განათლების პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვა – კვლევა

თავისუფლების აღკვეთის მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია რეაბილიტაციაა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აქვს ვალდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამები დროთა განმავლობაში მიუახლოვოს და დაუქვემდებაროს სტანდარტს.

რამდენად შეესაბამება ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო პროგრამები სტანდარტებს საქართველოში, მოცემულია კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ჩაატარა.

კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა პენიტენციურ სისტემაში და მის გარეთ პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების პროფესიულ განათლებას, რაც გათავისუფლების შემდეგ ამ ჯგუფისთვის დასაქმების საფუძველი უნდა იყოს.

პროფესიული სწავლების პროცესი მიმდინარეობს როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ისე საზოგადოებრივ კოლეჯებში. თუმცა პენიტენციურ სისტემაში პროფესიული სწავლება ყველა დაწესებულებაში არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი. ბენეფიციარს აქვს საშუალება მოკლე ვადაში (6 თვეში) ერთ-ერთი მოდულის გავლით მოიპოვოს შესაბამისი კრედიტები. ხშირად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კურსები მხოლოდ თეორიულ სწავლებას ეფუძნება და არ მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მაშინ, როცა ბენეფიციართა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე დაფუძნებულ მოკლევადიან პროგრამებში ჩართვა.

კვლევაში მოცემული რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია, პროფესიული განათლების მიმწოდებლებმა თეორიული სწავლების პარალელურად პრაქტიკული აღჭურვილობის ბაზაც შექმნან.

სერვისების დეფიციტი, ბაზების არარსებობა

კვლევის მიხედვით პენიტენციურ დაწესებულებებში სერვისების დეფიციტია. ძირითადი სარეაბილიტაციო სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ სამ: N11, N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც განთავსებულია პატიმართა დაახლოებით 5% .

არ არსებობს სხვადასხვა სახის სერვისების ბაზები, რაც ხელმისაწვდომი იქნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციისათვის. ბაზები სასურველია შეიცავდეს უახლეს ინფორმაციას მიმდინარე და დასრულებული პროგრამების შესახებ. ბაზის არარსებობა, ხელს უშლის პროგრამების ეფექტურ დაგეგმვას, ასევე ორგანიზაციიდან ორგანიზაციაში ბენეფიციარების გადამისამართების შესაძლებლობას სასურველი სერვისის მისაღებად.

მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის არარსებობის გამო, ორგანიზაციები ზოგჯერ ერთსა და იმავე სერვისს სთავაზობენ ბენეფიციარებს, სხვა საჭირო სერვისები კი საერთოდ არ არის მიწოდებული.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არის ჩამოყალიბებული მიწოდებული სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და შესაბამისად, ვერც გათავისუფლებისთვის მომზადების ერთიანი პროცესის ანალიზი ხორციელდება.

პენიტენციურ სისტემის ხარისხის კონტროლის მექანიზმები არაერთგვაროვანია და სისტემატიზირებული არ არის. აუცილებელია ჩამოყალიბდეს ხარისხის კონტროლის სისტემა, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს რეგულირებული.

ბენეფიციართა დაბალი მოტივაცია

როგორც კვლევებმა აჩვენა, პენიტენციურ სისტემაში, ბენეფიციარებს აქვთ დაბალი მოტივაცია ჩაერთონ პროგრამებში. ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია სერვისების შესახებ, რომელსაც შესაბამისი უწყებები ახორციელებენ. არ არის ჩამოყალიბებული ბენეფიციართა მოტივირების ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისტემა, რაც სახელმწიფო სერვისებსა და პროგრამებს ბენეფიციარებისთვის მეტად მიმზიდველს გახდიდა.

კრიმინალური სუბკულტურა

ბენეფიციართათავის სერვისების მიწოდების პროცესში ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლევაში კრიმინალური სუბკულტურაა დასახელებული. კვლევები აჩვენებს, რომ კრიმინალურ სუბკულტურაში არსებული წესების თანახმად, ბენეფიციართა ჩართვა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ცუდ ტონად ითვლება პატიმართა გარკვეულ ჯგუფებს შორის, რაც შესაძლოა ახდენდეს გავლენას ბენეფიციართა მოტივაციაზე.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.


მთავარ ფოტოზე: ილუსტრაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის” მხარდაჭერით მომზადებული კვლევიდან – „გაეროს განახლებული მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ (,,ნელსონ მანდელას წესები“)

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადება „სტუდენტისა და ლექტორის საქმეზე“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საბჭო პირადად დაუკავშირდა სტუდენტს და დამატებით მიიღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საბჭო მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს და მადლობას უხდის მათ გამბედაობისთვის.

სექსუალური შევიწროებისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები სახელმწიფომ უკვე შექმნა – სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, სექსუალური მოძალადისთვის განსაზღვრულია სათანადო პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეში ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლს, არამედ აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს და მთლიანად საზოგადოებას.

დღეს, როდესაც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის ვიბრძვით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მზად არის ღიად ისაუბროს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, დაუცველობის განცდა არ უნდა დარჩეთ.

გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს, შემჭიდროებულ ვადაში განიხილონ საქმე და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება.

საბჭო დააკვირდება უფლებამოსილი უწყებების რეაქციებს და განაგრძობს კომუნიკაციას ბსუ-ს სტუდენტ(ებ)თან”.

____

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბრალდება „ბათუმელებთან” უარყო. მისი თქმით, ბოლო კვირაა რაც შენიშნა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება თავდაპირველად  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოგვიანებით მუხლი შეიცვალა. გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას“.

22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

სკოლა, რომელსაც 32 მასწავლებლიდან 10 ტოვებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის ათმა პენსიონერმა პედაგოგმა დღეს სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი არ აქვთ, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს – ორი წლის ხელფასს ჯამურად სექტემბერში მიიღებენ.

კირნათის სკოლის დირექტორის თქმით, პროფესიაში დარჩენა  მხოლოდ ორმა პენსიონერმა მასწავლებელმა გადაწყვიტა. დირექტორი ამბობს, რომ ისინი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე აპირებენ გასვლას. „ერთი პედაგოგი ჯერ კიდევ ფიქრობს, შესაძლოა სკოლა მათაც დატოვონ“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა, მერი ცინცაძემ.

კირნათის საჯარო სკოლაში სულ 32 პედაგოგი მუშაობს. დღეიდან სკოლაში ვაკანტურია ქართულის, რუსულის, მათემატიკის, ინგლისურის, ბუნების, დაწყებითისა და სპორტის მასწავლებლების ადგილები.

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პენსიონერ, პრაქტიკოს მასწავლებელს ჯილდოს აღების უფლება აქვს მხოლოდ 2019 წლის ბოლომდე. მომდევნო წელს პენსიონერი პედაგოგი სახელმწიფოსგან იმავე შეთავაზებას აღარ მიიღებს.

პრაქტიკოს, პენსიონერ მასწავლებელს, უფლება აქვს, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ორჯერ გავიდეს – 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ ვერ მიიღებს სათანადო შეფასებას, პედაგოგის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება. კვალიფიციური კადრის გამოჩენის შემთხვევაში, ახალი კადრი მას ავტომატურად ჩაანაცვლებს.

ამავე თემაზე:

ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

 

 

გვარას ციხეზე ცხრა ქვევრი აღმოაჩინეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ცხრა ქვევრი აღმოაჩინა. ექსპედიციამ ციხის შიდა ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებიც შეისწავლა. კონკრეტულად, ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ გალავანში ჩართული კოშკი.

„როგორც გაირკვა, თავის დროზე ციხეს შესასვლელი სწორედ ამ მხრიდან ჰქონია. კოშკი აკონტროლებდა ციხეში ამომავალ ერთადერთ გზას და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ციხის თავდაცვით სისტემაში.

კოშკის შიდა სივრცეში იატაკის დონეზე აღმოჩნდა 9 ქვევრი. არქეოლოგიური გათხრების პარალელურად დანაწევრდა და ციხის გარეთ გაიზიდა გალავნის ჩაქცეული კედლების უმეტესი ნაწილი. გაივლო საკონტროლო თხრილები ციხის გარეთ – დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებთან. გაიწმინდა ციხის მიმდებარე ტერიტორიაც“, – ნათქვამია აჭარის კმდს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გვარას ციხე ნიგალისა და მაჭახლის ხეობის გასაღები იყო. ამ ციხესთან გაივლიდა შავშეთისა და კლარჯეთისაკენ მიმავალი გზები. ციხის ძირითადი დანიშნულებაც მდ. ჭოროხისა და მაჭახლის წყლის ხეობაზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. „იგი ყველა ეპოქაში თავისი ადგილმდებარეობით მიმზიდველი იყო და XI ს-დან XX ს-ის I ნახევრამდე დიდ როლს ასრულებდა მდ. ჭოროხის ხეობის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში“.

არქეოლოგიური გათხრები გვარას ციხეზე

თუშეთი, ცხვრების გადარეკვა [ფოტო]

ცხვრის ფარას თუშეთში მწყემსები წელიწადში ორჯერ მიერეკებიან, გაზაფხულსა და შემოდგომაზე: მაისის დასაწყისიდან დასასრულამდე და სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

ეს ფოტოები მწყემსმა არჩილ აქიმიძემ თუშეთში რამდენიმე დღის წინ გადაიღო, როცა სოფელ ფშაველიდან ფარას ომალოსკენ მიერეკებოდა. კადრებზე ცხვრის ფარა გადადის ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარე, თუშეთთან დამაკავშირებელ აბანოს უღელტეხილზე. აქ ამ დროს ჯერ კიდევ დიდია თოვლი და ავტომობილები ვერ მოძრაობს. აბანოს უღელტეხილი ევროპაში ყველაზე მაღალი უღელტეხილია, სადაც საავტომობილო გზა გადის.

ცხვრის გადარეკვა თუშეთში. ფოტო: არჩილ აქიმიძე
ცხვრის გადარეკვა თუშეთში. ფოტო: არჩილ აქიმიძე

 

ცხვრის გადარეკვა თუშეთში. ფოტო: არჩილ აქიმიძე
ცხვრის გადარეკვა თუშეთში. ფოტო: არჩილ აქიმიძე

 

ცხვრის გადარეკვა თუშეთში. ფოტო: არჩილ აქიმიძე
ცხვრის გადარეკვა თუშეთში. ფოტო: არჩილ აქიმიძე

 

ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი 2019 წლის 15 მაისს მოაწერა, „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ აღნიშნული ქონების გადაცემიდან [ხელშეკრულების გაფორმებიდან] 10 წლის ვადაში ეკრძალება აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

მთლიანობაში კი კომპანიამ პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით, ჯამში 50 მილიონი ლარის [დღგ-ს გარეშე] ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

28 მაისის მდგომარეობით, აღნიშნული ნაკვეთები, რომლებიც ბახმაროში, ძირითადად, გურიის ქუჩაზე მდებარეობს, ჯერ ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ დაახლოებით ხუთი თვის წინ, 2018 წლის 27 დეკემბერსაა რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100% წილის მფლობელი – ზვიად ზოიძე.

„ორბი ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანია. „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა 2014 წელს სახელისუფლებო პარტიას დიდი თანხა შესწირეს. ზაზა ზოიძემ „ოცნებას“ 40 ათასი ლარი შესწირა. 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ კომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ელგუჯა ლომინეიშვილმა. „ორბის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ კი მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. 40 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ შპს „ორბი ბეტონის“ დირექტორმა და კომპანიის წილის 50%-ის მფლობელმა მალხაზ ბერიძემ. ამ თემაზე: შეწირე და მიიღე. 

ირაკლი კვერღელიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 ათასი ლარი შესწირა „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

„ორბი ჯგუფი ბახმაროსთვის“ 1 ლარად მიყიდული მიწის ნაკვეთები ბახმაროში [მონიშნულია ღია მწვანე ფერით]
ამ თემაზე:

გურიის გუბერნატორი: ბახმაროში სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

 

Exit mobile version