მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – განცხადებები 10 ივნისამდე მიიღება

30.05.2019 • 2859
ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – განცხადებები 10 ივნისამდე მიიღება

„ქალაქში რამის შეცვლა რომ შემეძლოს“, „იმდენ რამეს გავაკეთებდი!“ – ყველას ჰქონია ასეთი ფიქრები საკუთარი ქალაქის, იმ საერთო სივრცის შესახებ, სადაც ვცხოვრობთ. ინტერნეტპლატფორმა www.idea.batumi.ge სწორედ მათთვისაა, ვისაც ბათუმში რამის შეცვლა სურს, აქვს იდეა და განხორციელების გზებს ეძებს.

თუ გაქვთ ქალაქის საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაზე ორიენტირებული იდეა, ბათუმის მერია ამ იდეას განახორციელებს, რისთვისაც საკმარისია ვებპლატფორმა www.idea.batumi.ge – ზე დარეგისტრირება და იდეის საპროექტო განაცხადის ატვირთვა. ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში მოქალაქეთა იდეების განსახორციელებლად 120 ათასი ლარია გამოყოფილი. ერთი იდეისთვის საჭირო დაფინანსება არ უნდა სცდებოდეს 40 ათას ლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტით – „შენი იდეა ბათუმს“ მოქალაქეთა მინიმუმ 3 იდეა განხორციელდება 2019 წლის დეკემბრამდე.

პროექტში ჩასართველად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რომელიც ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ბათუმის მერიის შენობაში (ლუკა ასათიანის ქუჩა N25 ) და/ან ბათუმის მერიის ნებისმიერ სერვისცენტრში.

ვებპლატფორმა www.idea.batumi.ge – ზე დარეგისტრირება და საკუთარი იდეის წარდგენა შეუძლია ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. თუკი იდეას არ არეგისტრირებთ, არსებობს პროექტში მონაწილეობის სხვა ფორმაც: შეგიძლიათ უბრალოდ ხმა მისცეთ საუკეთესო იდეებს – განსახორციელებელი იდეები სწორედ მოქალაქეთა ხმის მიცემის პრინციპით შეირჩევა.

იდეების საპროექტო განაცხადების ატვირთვა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ვებგვერდზე 10 ივნისამდე შეეძლებათ, საუკეთესო იდეების გამოსავლენად კი ხმის მიცემა 30 ივნისამდე გაგრძელდება. ბათუმის მერია დააფინანსებს და განახორციელებს იდეებს, რომლებიც მოქალაქეების ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

გვანცა ლომაძე

ეს გვანცა ლომაძეა, სხვა მოხალისეებთან ერთად სტენსილს აფერადებს და ბათუმის ქუჩებში დღეიდან წარწერა  www.idea.batumi.ge ბევრგან შეგხვდებათ. ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ დროა ქალაქის შეცვლის პროცესში მონაწილეობა თქვენც მიიღოთ და თუ აქამდე ამაზე არ გიფიქრიათ, ახლა დაფიქრდეთ – რა სჭირდება ყველაზე მეტად ქალაქს, სადაც ცხოვრობთ?

გვანცა უკვე დარეგისტრირდა ვებგვერდზე  www.idea.batumi.ge და ისიც იცის, რა იდეას მიაწოდებს მერიას განსახორციელებლად. ამბობს, რომ აქამდე ახალგაზრდებს ქალაქის მართვის პროცესში უშუალოდ და რეალურად ჩართვის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ.

„რაზეც უნივერსიტეტის ეზოსა და კედლებში, სკვერებში გვისაუბრია, არ გვქონია შესაძლებლობა რაიმე ფორმით ეს იდეები ქალაქის მერიისთვის მიგვეტანა განსახორციელებლად. სოციალური სიკეთის შექმნაში ახალგაზრდების ჩართულობის პრეცედენტი აქამდე ბათუმში არ არსებობდა“, – ამბობს გვანცა ლომაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის მესამეკურსელი. მისი იდეა ქალაქში მეტი სკვერისა და მწვანე სივრცის მოწყობას ეხება. სტუდენტის თქმით, პროექტმა – „შენი იდეა ბათუმს“ მას შესაძლებლობა მისცა, მთელი მისი უბნის სურვილი გაეხმოვანებინა.

პროექტის ღია პრეზენტაცია გაიმართა დღეს, 29 მაისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები ადგილზევე დარეგისტრირდნენ ვებპლატფორმაზე: www.idea.batumi.ge . ზოგს უკვე აქვს იდეა, რასაც მერიას წარუდგენს, ზოგი კი ჯერ, უბრალოდ, დარეგისტრირდა და გეგმავს ქალაქის საჭიროებებს შორის პრიორიტეტები გამოარჩიოს იდეის საპროექტო განაცხადის გაგზავნამდე – ასე ფიქრობს პირველკურსელი ქეთევან ალავიძე, რომელიც დღეს დარეგისტრირდა პროექტში ,,შენი იდეა ბათუმს“. ის მიიჩნევს, რომ ბათუმისთვის თანაბრად პრიორიტეტული მიმართულებებია ეკონომიკა, ტურიზმი და განათლება. შესაბამისად, იდეის მოფიქრებასაც ამ აქცენტების მიხედვით აპირებს.

ქეთევან ალავიძე

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული ჩართულობის ეს ფორმა, რაც ბათუმის მერიამ დაიწყო პროექტით – ,,შენი იდეა ბათუმს“ თვითმმართველობაში მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის პირველი საფეხურია.

 

პროექტის ,,შენი იდეა ბათუმს” პრეზენტაცია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

მოქალაქეთა ჩართულობის ამ ფორმის დასანერგად ორი წელი მუშაობდა ბათუმის მერიასთან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, რომლის დირექტორი, ნათია აფხაზავა ამბობს, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და მერიას არ აქვს განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, თუ რა სფეროს უნდა ეხებოდეს ეს იდეები.

„გვსურს ვიცოდეთ რა სურთ ადამიანებს, მივიღოთ მაქსიმალურად ყველა იდეა, რაც ქალაქში აქვთ ადამიანებს. განვიხილავთ ყველაფერს. რახან თითო პროექტისთვის საჭირო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს და განხორციელების დროც შეზღუდულია, ეს ვერ იქნება მასშტაბური იდეები, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის მეტი თანხის გამოყოფა.

ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს როგორც სტუდენტებთან, ასევე საზოგადოებრივი დარბაზის ამხანაგობების წევრებთან. ვცდილობთ, აქტიური სოციალური კამპანია ვაწარმოოთ ბათუმელების მაღალი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. გვყავს ასევე საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იდეის ავტორს მისი სურვილის შემთხვევაში დაეხმარება იდეის დეტალიზებასა და დახვეწაში“, – ამბობს ნათია აფხაზავა.

მისივე თქმით, როცა თვითმმართველობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების სტანდარტს ნერგავს, ამით ასრულებს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე.

ესტონეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, აშშ, ბრაზილია და ასე შემდეგ – ეს ის ქვეყნებია, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული ჩართულობის ფორმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქალაქის განვითარებაში უშუალო მონაწილეობისთვის. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეთა ჩართულობის ამ ინსტრუმენტის გამოყენება დაიწყეს, თავდაპირველად არც ისე მაღალი იყო ჩართულობა, თუმცა მაჩვენებელი იზრდებოდა ყოველწლიურად და საბოლოოდ ელექტრონული ჩართულობა მოქალაქეების მხრიდან ახლა ამ ქვეყნებში მნიშვნელოვან პრობლემებს წყვეტს.

გადაწყვიტე ქალაქის პრობლემები შენც, ჩაერთე 10 ივნისამდე პროექტში – ,,შენი იდეა ბათუმს“ და შეიტანე საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.

__________

პროექტს ახორციელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. მხარდაჭრები: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა [GGI], პური მსოფლიოს [BftW] და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი[CSI].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: