Batumelebi | ზონალურმა საბჭომ დღეს 16 სამშენებლო პროექტი განიხილა ზონალურმა საბჭომ დღეს 16 სამშენებლო პროექტი განიხილა – Batumelebi

ზონალურმა საბჭომ დღეს 16 სამშენებლო პროექტი განიხილა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „პეტრა მწვანე ზონა“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი რენდერის მიხედვით, დაგეგმილია ცხრასართულიანი შემინული შენობის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 43 მეტრი იქნება.

საბჭოს თავმჯდომარის ზაურ ახვლედიანის თქმით, ასეთი მასშტაბის შენობა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რა გადაწყვეტილებები მიიღეს საბჭოს სხვა წევრებმა, ეს სხდომის ოქმის მომზადების შემდეგ გაირკვევა, რადგან საბჭოს ყველა წევრი კონკრეტული პროექტის მიმართ თავის მოსაზრებას ღიად არ აფიქსირებს.

პროექტის რენდერი

შპს „პეტრა მწვანე ზონას“ დირექტორი და 33,33 პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქე მიხეილ გეთიაა.

სხდომაზე განიხილეს, ასევე, ბათუმში, კლარა ცეტკინის #3-ში მდებარე სახლის რეკონსტრუქციის პროექტი. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ წარდგენილ პროექტს მხარს დაუჭერენ მინაშენის გარეშე.

მაქაცარიას #11-ში შპს „სქაი ბათუმი“  17-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. ზონალური საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა ამ ადგილის ერთიან დაგეგმარებას აპირებს, ამიტომაც ზონალური საბჭო ამ ტერიტორიაზე მშენებლობის პროექტს ვერ შეითანხმებს.

გიორგი გაბაშვილი აბუსერიძის 11-ში ითხოვს 41-სართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას. პროექტის სიმაღლე სხდომაზე საბჭოს წევრმა გიზო ფარცხალაძემ გააპროტესტა. მან განაცხადა, რომ ასეთი სიმაღლის შენობას კონსტრუქციული მდგრადობისთვის ღრმა საძირკველი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობა სეისმურად მდგრადი ვერ იქნება.

კანდელაკის #10-ში 170 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ნებართვის მაძიებელი რამაზ დიასამიძე ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.

ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაში, კომპანია „გლობალ +“  მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე იტალიური დასახლებაა, სადაც სამი მესაკუთრე ცხოვრობს, მათ შორის ერთს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მხარეს სამსართულიანი სახლი აქვს აშენებული. ამ პროექტის პირველი ეტაპი ადრეა შეთანხმებული. სხდომაზე მერიის არქიტექტორმა განაცხადა, რომ ასეთი გეგმარება გააუარესებს არსებულ მდგომარეობას.

გარდა იმისა, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაცვის ზონაშია, ფარნავაზ მეფის #116-ში ისტორიული ბელეტაჟი მდებარეობს. ამ სახლის უკან კი შიდა, გამწვანებულ ეზოში, კიდევ არის ერთსართულიანი ბელეტაჟი.

ფარნავაზ მეფის #116
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ზონალურმა საბჭომ დღეს ყოფილი პარლამენტარის, ასლან თავდგირიძის პროექტიც განიხილა. ის დუმბაძის ქუჩაზე #10-ში ერთსართულიანი შენობის აშენებას და კაფეს გახსნას გეგმავს, მიმდებარედ კი პატარა სკვერის მოწყობა აქვს დაგეგმილი.

განიხილეს, ასევე, შვიდსართულიანი მრავალბინიანი სახლის პროექტი ბაქოს ქუჩაზე. ამ პროექტზეც მთავრობის მიერ დაგეგმილი ერთიანი განაშენიანების პროექტის გამო უთხრეს უარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი