მთავარი,სიახლეები,სპორტი

ფანები ბათუმის „დინამოს“ თამაშებს შესაძლოა ვეღარ დაესწრონ – გუნდი 40 ათასით დააჯარიმეს

29.05.2019
ფანები ბათუმის „დინამოს“ თამაშებს შესაძლოა ვეღარ დაესწრონ – გუნდი 40 ათასით დააჯარიმეს

საფეხბურთო კლუბ „დინამო“ ბათუმს შესაძლოა ცარიელ ტრიბუნებზე ან ნეიტრალურ მოედანზე მოუწიოს ეროვნული ლიგის მატჩების ჩატარება. მიზეზი ტრიბუნებზე გულშემატკივართა აგრესიული ქცევაა. საფეხბურთო კლუბის მისამართით საჯარიმო სანქციები უკვე გატარდა და ჯარიმის ოდენობამ ჯამში 40 ათას ლარს მიაღწია.

„რამდენიმე თამაშის გამო დაგვაჯარიმეს. მაგალითად, 5800 ლარით დაგვაჯარიმეს ბოლო თამაშზე, 7000 ლარით დაგვაჯარიმეს თბილისის „დინამოსთან“ მატჩში. ყოველ თამაშზე სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა დაგვაკისრეს. მაგალითად, ერთი ბოთლის სროლა 800 ლარით ჯარიმდება. „დინამო“ თბილისთან იყო შემთხვევა, როდესაც ეს ბოთლი მოხვდა, ასე ვთქვათ, მიზანს და ეს უფრო მკაცრად ისჯება. შესაბამისად, კლუბის მისამართით გატარდა სანქციები. ჯამში 40 ათას ლარს აღწევს ჯარიმის ოდენობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ ინწკირველი, „დინამო“ ბათუმის ლიცენზირების მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, თუ გულშემატკივარი მსგავს ქცევას გააგრძელებს, შესაძლოა „დინამო“ ბათუმს რამდენიმე საშინაო თამაშის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე/ან სხვა ქალაქში მოუხდეს.

„მაქსიმალურად იკავებენ თავს სტადიონის დისკვალიფიკაციაზე ან მატჩების ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებაზე, მაგრამ ყველაფერს დებულება და სადისციპლინო კოდექსი არეგულირებს. თუ ასე გაგრძელდება, იძულებული გახდებიან მაყურებლის გარეშე ჩაატარონ მატჩები,“ – ამბობს არჩილ ინწკირველი.

„დინამო“ ბათუმის ადმინისტრაციამ თავის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მადლობას უხდის გულშემატკივარს კლუბისადმი გამოჩენილი ინტერესისa და საშინაო მატჩებში მხარდაჭერის გამო, თუმცა იქვე ახსენებს სტადიონზე შესვლისა და ქცევის წესებს.

„ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაფიქსირდა ნივთების სროლა მოედანზე, მაყურებლის შეჭრა, სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა და სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, ღონისძიებაში ჩართული პირების მიმართ ზედმეტად აგრესიული ქცევა და შეურაცხყოფა. სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მითითებისადმი დაუმორჩილებლობა.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა საფრთხეს უქმნის თქვენსა და სხვა პირთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ასევე, აზარალებს ჩვენს კლუბს მატერიალურად, რადგან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ჯარიმების გადახდის ვალდებულებას გვაკისრებს და ამ კუთხით კლუბმა უკვე მიიღო სოლიდური ფინანსური სასჯელი. გუნდის მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და ადმინისტრაციის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ სტადიონზე ქცევის წესებს და მოუწოდეთ თქვენ გვერდით მყოფ სხვა გულშემატკივრებსაც, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სტიუარდების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მითითებებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„დინამო“ ბათუმს მორიგი შეხვედრა დღეს, 29 მაისს, აქვს ბოლნისის „სიონთან“. მატჩი ბათუმში, ანგისის სტადიონზე გაიმართება და  20:30 საათზე დაიწყება.

მთავარი ფოტო: „დინამო“ ბათუმის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: