მთავარი,სიახლეები

ბაგრატ მანველიძე: თამარ ორაგველიძის გათავისუფლება ჩემი გადაწყვეტილება იყო

29.05.2019 • 2543
ბაგრატ მანველიძე: თამარ ორაგველიძის გათავისუფლება ჩემი გადაწყვეტილება იყო

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან მისი გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. თამარ ორაგველიძის თქმით, ბრძანებაში არ წერია მოტივი, თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

„მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ სამუზეუმო სფერო ითხოვს ყოველდღიურ გაუმჯობესებას, საქმიანობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი და მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს მენეჯმენტი,“ – ამბობს ბაგრატ მანველიძე.

კითხვაზე – კონკრეტულად რაში გამოიხატა, რომ თამარ ორაგველიძე სუსტი მენეჯერი იყო? მანველიძე ამბობს: „არა, ასე ნუ დავსვამთ საკითხს, რომ არ გვაკმაყოფილებდა. მოწონება არმოწონებაზე არ არის აქ საუბარი, ჩვენ გვინდა უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო ეფექტური გახდეს მენეჯმენტი და გაუმჯობესდეს საქმიანობა“.

კითხვაზე – ჰქონდათ თუ არა საუბარი ყოფილ დირექტორთან მენეჯმენტის გაუმჯობესების თაობაზე, ბაგრატ მანველიძე ამბობს, „არ არის აქ პრეტენზიებზე საუბარი, არ არის აქ საუბარი რაღაც თემებზე…“

კითხვაზე, ხომ არ აქვს ორაგველიძის გათავისუფლებას პოლიტიკური საფუძველი და ხომ არ უკავშირდება ის ინგა შამილიშვილის მინისტრობიდან გადაყენებას? ბაგრატ მანველიძე პასუხობს, რომ  – არა. „გამორიცხულია. ეს გადაწვეტილება მივიღე მე, სამინისტრომ მიიღო, რასაც დაეთანხმა მთავრობის თავმჯდომარე. გარკვეული რეორგანიზაციები მიმდინარეობს, შიდა რეორგანიზაციებია განსაზღვრული და მთლიანად მუზეუმის რეორგანიზაცია ხდება“.

ბაგრატ მანველიძემ ასევე თქვა, რომ ახალ კანდიდატს კონსულტაციების შემდეგ წარადგენენ.

აჭარის მუზეუმის დირექტორი, თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან დღეს, 29 მაისს, გაათავისუფლეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აჭარის მუზეუმის ხელმძღვანელის გათავისუფლება განათლების მინისტრის წარდგინების საფუძველზე ხდება.

ამავე თემაზე:

აჭარის მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: