მთავარი,სიახლეები

ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

28.05.2019
ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი 2019 წლის 15 მაისს მოაწერა, „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ აღნიშნული ქონების გადაცემიდან [ხელშეკრულების გაფორმებიდან] 10 წლის ვადაში ეკრძალება აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

მთლიანობაში კი კომპანიამ პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით, ჯამში 50 მილიონი ლარის [დღგ-ს გარეშე] ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

28 მაისის მდგომარეობით, აღნიშნული ნაკვეთები, რომლებიც ბახმაროში, ძირითადად, გურიის ქუჩაზე მდებარეობს, ჯერ ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ დაახლოებით ხუთი თვის წინ, 2018 წლის 27 დეკემბერსაა რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100% წილის მფლობელი – ზვიად ზოიძე.

„ორბი ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანია. „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა 2014 წელს სახელისუფლებო პარტიას დიდი თანხა შესწირეს. ზაზა ზოიძემ „ოცნებას“ 40 ათასი ლარი შესწირა. 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ კომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ელგუჯა ლომინეიშვილმა. „ორბის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ კი მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. 40 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ შპს „ორბი ბეტონის“ დირექტორმა და კომპანიის წილის 50%-ის მფლობელმა მალხაზ ბერიძემ. ამ თემაზე: შეწირე და მიიღე. 

ირაკლი კვერღელიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 ათასი ლარი შესწირა „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

„ორბი ჯგუფი ბახმაროსთვის“ 1 ლარად მიყიდული მიწის ნაკვეთები ბახმაროში [მონიშნულია ღია მწვანე ფერით]

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/183018/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: