თავისუფლების აღკვეთის მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია რეაბილიტაციაა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აქვს ვალდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამები დროთა განმავლობაში მიუახლოვოს და დაუქვემდებაროს სტანდარტს.
რამდენად შეესაბამება ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო პროგრამები სტანდარტებს საქართველოში, მოცემულია კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ჩაატარა.
კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა პენიტენციურ სისტემაში და მის გარეთ პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების პროფესიულ განათლებას, რაც გათავისუფლების შემდეგ ამ ჯგუფისთვის დასაქმების საფუძველი უნდა იყოს.
პროფესიული სწავლების პროცესი მიმდინარეობს როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ისე საზოგადოებრივ კოლეჯებში. თუმცა პენიტენციურ სისტემაში პროფესიული სწავლება ყველა დაწესებულებაში არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი. ბენეფიციარს აქვს საშუალება მოკლე ვადაში (6 თვეში) ერთ-ერთი მოდულის გავლით მოიპოვოს შესაბამისი კრედიტები. ხშირად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კურსები მხოლოდ თეორიულ სწავლებას ეფუძნება და არ მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მაშინ, როცა ბენეფიციართა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე დაფუძნებულ მოკლევადიან პროგრამებში ჩართვა.
კვლევაში მოცემული რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია, პროფესიული განათლების მიმწოდებლებმა თეორიული სწავლების პარალელურად პრაქტიკული აღჭურვილობის ბაზაც შექმნან.
სერვისების დეფიციტი, ბაზების არარსებობა
კვლევის მიხედვით პენიტენციურ დაწესებულებებში სერვისების დეფიციტია. ძირითადი სარეაბილიტაციო სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ სამ: N11, N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც განთავსებულია პატიმართა დაახლოებით 5% .
არ არსებობს სხვადასხვა სახის სერვისების ბაზები, რაც ხელმისაწვდომი იქნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციისათვის. ბაზები სასურველია შეიცავდეს უახლეს ინფორმაციას მიმდინარე და დასრულებული პროგრამების შესახებ. ბაზის არარსებობა, ხელს უშლის პროგრამების ეფექტურ დაგეგმვას, ასევე ორგანიზაციიდან ორგანიზაციაში ბენეფიციარების გადამისამართების შესაძლებლობას სასურველი სერვისის მისაღებად.
მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის არარსებობის გამო, ორგანიზაციები ზოგჯერ ერთსა და იმავე სერვისს სთავაზობენ ბენეფიციარებს, სხვა საჭირო სერვისები კი საერთოდ არ არის მიწოდებული.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არის ჩამოყალიბებული მიწოდებული სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და შესაბამისად, ვერც გათავისუფლებისთვის მომზადების ერთიანი პროცესის ანალიზი ხორციელდება.
პენიტენციურ სისტემის ხარისხის კონტროლის მექანიზმები არაერთგვაროვანია და სისტემატიზირებული არ არის. აუცილებელია ჩამოყალიბდეს ხარისხის კონტროლის სისტემა, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს რეგულირებული.
ბენეფიციართა დაბალი მოტივაცია
როგორც კვლევებმა აჩვენა, პენიტენციურ სისტემაში, ბენეფიციარებს აქვთ დაბალი მოტივაცია ჩაერთონ პროგრამებში. ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია სერვისების შესახებ, რომელსაც შესაბამისი უწყებები ახორციელებენ. არ არის ჩამოყალიბებული ბენეფიციართა მოტივირების ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისტემა, რაც სახელმწიფო სერვისებსა და პროგრამებს ბენეფიციარებისთვის მეტად მიმზიდველს გახდიდა.
კრიმინალური სუბკულტურა
ბენეფიციართათავის სერვისების მიწოდების პროცესში ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლევაში კრიმინალური სუბკულტურაა დასახელებული. კვლევები აჩვენებს, რომ კრიმინალურ სუბკულტურაში არსებული წესების თანახმად, ბენეფიციართა ჩართვა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ცუდ ტონად ითვლება პატიმართა გარკვეულ ჯგუფებს შორის, რაც შესაძლოა ახდენდეს გავლენას ბენეფიციართა მოტივაციაზე.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
მთავარ ფოტოზე: ილუსტრაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის” მხარდაჭერით მომზადებული კვლევიდან – „გაეროს განახლებული მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ (,,ნელსონ მანდელას წესები“)