მთავარი,სიახლეები

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

30.05.2019 • 1854
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და ბათუმის საკრებულოს წევრი, ომარ მახარაძე ბათუმში, პოლიციის მეექვსე განყოფილებაში, გამოკითხვაზე მივიდა. პოლიცია ომარ მახარაძეს გამოკითხავს მისი მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების საქმეზე. ინფორმაცია გამოკითხვის დროისა და ადგილის შესახებ შს სამინისტრომ მიაწოდა ჟურნალისტებს.

ომარ მახარაძე პოლიციას გუშინ, 29 მაისს, უნდა დაეკითხა, თუმცა მახარაძე პოლიციაში არ მისულა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ომარ მახარაძის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე მისი სტუდენტი „ბათუმელებს“ 21 მაისს მოუყვა. გამოძიება თავდაპირველად იძულების მუხლით დაიწყო, თუმცა შემდეგ პროკურატურამ მუხლი დაამძიმა და ამჯერად ლექტორს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას“, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ეს მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ომარ მახარაძეს 28 მაისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შრომითი კონტრაქტი შეუწყვიტა. ომარ მახარაძე ასევე აღარ არის ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: