თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მუზეუმის დირექტორის თამარ ორაგველიძის სამსახურიდან გათავისუფლებაზე განაცხადა, რომ დირექტორი სამსახურიდან აჭარის განათლების სამინისტროს შუამდგომლობით გაუშვა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა არგუმენტები ჰქონდა სამინისტროს, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ განხორციელდა მენეჯმენტის ცვლილება. „არსებობდა გარკვეული ხარვეზები და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება იყოს გაჯანსაღებული“.
აქვს თუ არა დირექტორის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი? „ვერსიებს ვერ ავყვები, ეს იყო კონკრეტული მენეჯმენტის ცვლილება კონკრეტულ უწყებაში და არც სხვა უწყებაშია გამორიცხული შემდგომში ცვლილებები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. თუმცა უწყებები, სადაც შეიძლება საკადრო ცვლილება განხორციელდეს, არ დააკონკრეტა.
რიჟვაძემ აღნიშნა, რომ გათავისუფლებულ დირექტორთან „შემდგომი თანამშრომლობა მომავალში გამორიცხული არ არის“.
რაც შეეხება ახალი დირექტორის დანიშვნას, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.
მუზეუმის დირექტორი, თამარ ორაგველიძე სამსახურიდან დღეს დაითხოვეს. დირექტორი ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.