მთავარი,სიახლეები

ბრალდებულის ჩვენება შერატონის „აფეთქებაზე“

29.05.2019
ბრალდებულის ჩვენება შერატონის „აფეთქებაზე“

“ნასვამი ვიყავი… მე მხოლოდ ტელეფონზე დავრეკე და ვთქვი, რომ „შერატონში“ ბომბია. ეს არ იყო ტერორიზმი,” – ამბობს ბრალდებული ორხან ს. მისი საქმის არსებითი განხილვა დღეს, 29 მაისს, დაიწყო მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა.

საუბარია ბათუმში 31 მარტს მომხდარ შემთხვევაზე – 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო “შერატონი” ნახევარ საათში აფეთქდებოდა. იმ ღამით სასტუმრო და კაზინოც სტუმრებისგან დროებით დაიცალა. რამდენიმე დღის შემდეგ გამოძიებამ ამ საქმეზე ორხანი დააკავა. იგი აზერბაიჯანის მოქალაქეა და კაზინოში სათამაშოდ ჩამოვიდა ბათუმში.

“ჩვენ ბრალდებულის გამართლებას ვითხოვთ, რადგან ეს არ იყო ტერორიზმის შესახებ შეტყობინება. ტერორიზმი ყოველთვის გულისხმობს კონკრეტული მოთხოვნის დაყენებას, რაც არ ყოფილა,”- ამბობს “იურიდიული დახმარების სამსახურის” იურისტი მამუკა ზოიძე. იგი ბრალდებულის ინტერესებს იცავს.

პროკურორი ლევან მურვანიძე კი ბრალდებულის დასჯას “მძიმე შედეგის დადგომის” გამოც ითხოვს. პროკურატურის მტკიცებით, კაზინოს იმ ღამით აღარ უმუშავია, სასტუმროში კი სტუმარი აღარ შესულა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ორხანს 5-დან 8 წლამდე ელის თავისუფლების აღკვეთა. ორხან ს. ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სასამართლოს ჯერ არ მოუსმენია მოწმეთა ჩვენებები, მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვები თქვეს. ამ საქმეში ბრალდებულმა სადავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ წარმოადგინა.

ადვოკატი მამუკა ზოიძე განმარტავს, რომ ორხანს იმ ღამით კაზინოში მხოლოდ 30 ლარი ჰქონდა წაგებული, მთავარი მტკიცებულება კი, ხმის ექსპერტიზაა, რომლითაც ბრალდებულის ვინაობა დადგინდა.

ორხანმა 112-ზე “შერატონის” კაზინოში ყოფნის დროს დარეკა.

რა მუხლით უნდა დაისაჯოს ორხანი, თუკი ეს არ იყო ტერორიზმის შესახებ შეტყობინება?

“ეს მსჯელობის საგანია… ცრუ დასმენა იქნებოდა მაშინ, თუკი იგი ამ სატელეფონო საუბარში ვინმეზე იტყოდა, რომ ის აპირებდა სასტუმროს აფეთქებას,” – დასძენს ადვოკატი მამუკა ზოიძე.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: