მთავარი,სიახლეები

სახიფათო ნარჩენები ბათუმის დასახლებაში – ფერმაში რამდენიმე სახის დარღვევა გამოავლინეს

28.05.2019 • 2002
სახიფათო ნარჩენები ბათუმის დასახლებაში – ფერმაში რამდენიმე სახის დარღვევა გამოავლინეს

მახვილაურში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მეფრინველეობის ფაბრიკის მეპატრონის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ქათმების ფერმის მეპატრონე არ იცავს სტანდარტებს, რის  გამოც წყლის არხები დაბინძურებულია და მძაფრი სუნი დგას.

მოსახლეობამ დღეს, 28 მაისს, გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აღნიშნული ტერიტორია ბათუმის საზღვრებშია.

„ქათმების ფერმა დასახლებულ პუნქტშია, საწარმო არ იცავს გარემოს დაცვის სტანდარტებს, ფეკალური მასები პირდაპირ ჩაედინება არხებში, წყალი დაბინძურებულია და საშინელი სუნი დგას,“ –  გვეუბნება ერთ-ერთი მცხოვრები ზაურ შაინიძე.

მისი თქმით, ფერმის მეპატრონეს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ვითარება არ შეცვლილა. „მხოლოდ გარედან შეცვალა ბანერები, სანიტარული მდგომარეობა კი არ შეცვლილა. სახლებში შემოდის სუნი,  ბევრი მწერია. ტექნიკა, რომელიც მოძრაობს ფერმიდან, დაბინძურებულია, არ რეცხავენ, სავინტილაციო სისტემები მოსაწესრიგებელი აქვთ,“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ზაურ შაინიძემ.

მოსახლეობის თქმით, ფერმაში არ არის დაცული სანიტარული და ეკოლოგიური პირობები, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ჩაატარა ინსპექსტირება და რამდენიმე სახის სერიოზული დარღვევა გამოავლინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს განყოფილების უფროსის, ნატო დავითაძის თქმით, მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე 22 მაისს ჩატარდა ინსპექტირება, რომელმაც სერიოზული კანონდარღვევები რამდენიმე მიმართულებით გამოავლინა.

სანიტარული პირობების დარღვევის შედეგად, დაბინძურებულია ზედაპირული სანიაღვრე არხები

„გამოვლინდა ბევრი დარღვევა ნარჩენების მართვის კუთხით, ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა ზედაპირული სანიაღვრე არხების ექსკრემენტებით დაბინძურების ფაქტი, ასევე, კომპანია „ბათუმი 2016“-ს, რომელიც ფერმას ფლობს, არ აქვს შემუშავებული და სამინისტროსთან შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმა, არ ჰყავს გარემოს დაცვითი მმართველი, ნარჩენების ტრანსპორტირებას თვითონ ახორციელებს სპეციალური რეგისტრაციის გარეშე. მას ევალებოდა აღრიცხვა-ანგარიშგების წარდგენა პირველ მარტამდე სამინისტროში, რაც არ გააკეთა“.

ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, ფერმიდან დროულად არ გააქვთ დაცემული ქათმები, რაც ინფექციის გავრცელების საფრთხეს ქმნის.

ნატო დავითაძის თქმით, ეს ვალდებულებები გამომდინარეობს იქედან, რომ ფერმას წლის განმავლობაში წარმოექმნება 200 ტონაზე მეტი არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი. „წარმოექმნება სახიფათო ნარჩენებიც, რომელიც ინფექციის გავრცელების საფრთხეა. დაცემული ქათამი ყოველდღიურად არ გადის ფერმიდან, ჯერ აგროვებს და მერე გააქვს, რაც იწვევს ინფექციის გავრცელების საფრთხეს“.

მისივე თქმით, ფერმერი სახიფათო ნარჩენს არ გადასცემს შესაბამისი ნებართვის მქონე ორგანიზაციას, „გააქვს ნაგავსაყრელზე და ესეც დარღვევაა“.

ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევათა ოქმს ხვალ, 29 მაისს შეადგენს. ჯარიმის ოდენობას კი სასამართლო გადაწყვეტს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: