მთავარი,სიახლეები

„ბათუმის წყალი“ ჩაქვში წყალმომარაგების ძველი ქსელის გაუქმებას იწყებს

29.05.2019
„ბათუმის წყალი“ ჩაქვში წყალმომარაგების ძველი ქსელის გაუქმებას იწყებს

„ბათუმის წყალი“ ჩაქვში წყალმომარაგების ე.წ. ძველი ქსელის გაუქმებას იწყებს. ძველი ქსელის დემონტაჟი მოხდება ეტაპობრივად, 2019 წლის პირველი ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში. კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების ახალ ქსელზე დაერთებულ აბონენტებს, რომლებსაც არ ექნებათ მრიცხველი, წყლის მიწოდება ავტომატურად შეუწყდებათ.

„ბათუმის წყალში“ ასევე აცხადებენ, რომ ის აბონენტები, რომელთა მისამართზე წყალმომარაგების ქსელი რეაბილიტირებულია, თუმცა არ დამონტაჟებულა მრიცხველი, კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ [ქოლცენტრის ნომერზე: (0422) 24 22 22]. მრიცხველის დამონტაჟება აბონენტებისთვის უფასოა.

როგორც ბათუმელებმა გაარკვია, დღეს ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტები წყალმომარაგებასა და წყალარინებაში გადასახადს თვეში სულადობით იხდიან – 1,85 ლარი თვეში. ის აბონენტებიც ვერ სარგებლობენ წყალარინების [კანალიზაციის] სისტემით, იხდიან მხოლოდ წყალმომარაგების გადასახადს – სულზე 1,20 ლარს თვეში. ახალი ქსელის შემთხვევაში კი მოხმარებულ 1 ტონა წყალზე გადასახადი იქნება შესაბამისად, 51 თეთრი [წყალმომარაგება და წყალარინება ერთად] და 33 თეთრი [მხოლოდ წყალმომარაგება].

ჩაქვის ტერიტორიაზე წყლის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო. ამავე პროექტის ფარგლებში, ჩაქვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა და „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, უკვე მოწყობილია 2000 მრიცხველი.

სწორედ მრიცხველების დამონტაჟების პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ძველი სისტემის სრულად გაუქმება და მოსახლეობას სასმელი წყალი ახალი წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაქვში  წყალარინების ახალი სისტემა და გამწმენდი ნაგებობაც უნდა მოეწყოს, თუმცა ვადები, როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, მათთვის უცნობია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვში წყალარინების ცალკე სისტემაა მოსაწყობი ცალკე გამწმენდი ნაგებობით, რომელიც ბათუმის ცენტრალურ სისტემაზე ვერ დაერთდება. თუმცა ამ ეტაპზე არც შესაბამისი პროექტია მზად და შესაბამისად არც ფინანსები. „ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, ასევე მოლაპარაკებები დონორებთან. თუმცა ჩაქვში მობილური [მცირე] წყალარინების გამწმენდი ნაგებობა და სისტემა მოწყობილია და მუშაობს მდინარე ჩაქვისწყლის მარჯვენა მხარეს. იქ, სადაც მჭიდრო დასახლება და მრავალბინიანი სახლებია,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: