მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ქართველი მეზღვაურებისათვის კიდევ ორი ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაიხსნა – თამარ იოსელიანი

02.12.2019 • 1842
ქართველი მეზღვაურებისათვის კიდევ ორი ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაიხსნა – თამარ იოსელიანი

საქართველომ კიდევ ერთხელ წარმატებით განახორციელა პოზიციონირება საერთაშორისო საზღვაო სივრცეში, როგორც თანმიმდევრული რეფორმების გამტარებელმა პერსპექტიულმა საზღვაო ქვეყანამ.

საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის რიგითი  31-ე სესიას დაესწრო. სესიაზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, მათ შორის საზღვაო ინდუსტრიაში 2020 წელს დაგეგმილი ცვლილებები და გამოწვევები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა საბერძნეთის, კვიპროსის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან. მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე, თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. დამატებითი შეხვედრები შედგა შვედეთთან და ნორვეგიასთან.

ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრები წარმატებული და ნაყოფიერი იყო ქართული მხარისათვის. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობისა და მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე ხელი მოეწერა მემორანმდუმებს ბრაზილიასა და ქუვეითთან.

ეს ნიშნავს, რომ ქართველ მეზღვაურებს ახალ ბაზარზე გასვლის და დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ბრაზილიას 766-მდე გემი ჰყავს საერთაშოროსო  ნაოსნობაში. ქუვეითის დროშის ქვეშ 300-მდე გემი (ჯამურად 2,4 მილიონი სუფთა ტონა, 4 მილიონი ტონა დედვეითი) დაცურავს. ფლოტის დიდ ნაწილს კი თანამედროვე, ახალი გემები შეადგენს, რომელთა უმეტესობა ტანკერია. ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მეზღვაურებისთვის, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტანკერის სპეციალისტებია.

უახლოეს მომავალში მეზღვაურთა დოკუმენტების ურთიერთაღიარებაზე შევთანხმდით დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან და საუდის არაბეთთან.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ქუვეითისა და საუდის არაბეთის სახელმწიფო გემთმფლობელ კომპანიებთან, რომელთა საკუთრებაშიც არის თანამედორვე სატანკერო ფლოტი. შეხვედრებზე საუბარი ძირითადად ქართველი მეზღვაურების დასაქმებასა და კადეტების წვრთნის პროგრამის ამოქმედებას შეეხებოდა.

მემორანდუმი გაფორმდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებითაც. ქვეყნების თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია შესული და რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს. განსაკუთრებით მნიშველოვანია საქართვლოსთვის ტექნიკური დახმარებისა და საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რაც მომავალში გერმანულ სტანდარტებთან დაახლოვებას საშუალებას მოგვცემს.

შეხვედრა გაიმართა გერმანიის გემთმფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეები გერმანული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხი განიხილეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კომენტანტთან ადმირალ კარლ ლ. შულცთან გამართული შეხვედრა, სადაც შავ ზღვაზე უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული.  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმნით, ამერიკის წარმომადგენლების მხრიდან ქართულ პორტებში საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მაღალი შეფასება მიეცა და ასევე აღგვითქვეს ტექნიკური დახმარება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაც. ამასთან, ადმირალმა კარლ ლ. შულცმა დაგვიდასტურა 2020 წელს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2020) დასწრებაც.

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა ფორუმზე მოიწვია  IMO-ს გენერალური მდივანი ბატონი კიტაკ ლიმიც. შეხვედრისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის რეფორმირების მიმართულებით იჩენენ. მხარეებმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის რეგულირების დახვეწაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, აგრეთვე ქართველი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომის ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნასა და მსოფლიოს წამყვან გემთმფლობელ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. თავის მხრივ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტები და აღნიშნა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ, რომელიც თანამიმდევრულ რეფორმებს ახორციელებს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის რიგითი 31-ე სესიაზე გამოსვლისას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე საზღვაო გადაზიდვის კუთხით, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე.

მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებას ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც უახლოეს მომავალში არსებითად შეცვლის საზღვაო სექტორს საქართველოში.

ხაზგასმით აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და უშიშროება. ამ კონტექსტში მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარედ საქართველოს დახურულ საზღვაო სექტორებში შესვლის უკანონო პრაქტიკას საქართველო განიხილავს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

„ქართველი მეზღვაურები გამბედაობისა და კომპეტენციის სინონიმია“ – სიამაყით აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს დაიცვან მეზღვაურების უსაფრთხოება მსოფლიოში და ერთობლივი ძალებით იმოქმედონ აფრიკის რეგიონში მეკობრეების თავდასხმის საფრთხის აღმოსაფხვრელად.

საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს მიერ ერთობლივად მომზადებულ დოკუმენტს, სადაც აღწერილი და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის უკანანო ქმედებები შავი ზღვის ჩრდილოეთში, კერძოდ კი ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომიჯნავე წყლებში, რომელიც ლახავს უკრაინის, როგორც სანაპირო ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობას კომერციული გემებისთვის.

სესიაზე წევრმა სახელმწიფოებმა განიხილეს საზღვაო სფეროში ქალების როლის გაძლიერების მიზნით შემუშავებული IMO-ს ასამბლეის რეზოლუციის პროექტი: “Preserving the legacy of World Maritime Day 2019 and achieving a barrier-free working environment for women in the maritime sector”. რეზოლუციის ტექსტის მომზადების სამუშაო ჯგუფში (correspondence group) აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, როგორც დოკუმენტის თანასპონსორი და ორგანიზაციის ფარგლებში ქალი მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატორი.

საქართველოს დელეგაცია დასამახსოვრებელი იყო, რადგან ის სრულად ქალებით იყო წარმოდგენილი: ეს ფაქტი კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩენს საზღვაო სფეროში ქალების როლის გაძლიერებისათვის საქართველოს მხარდჭერას.

დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ  IMO-ში ჩვენი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის თამარ ბერუჩაშვილის დამსახურებით საქართველომ წარმატებით გაართვა თავი IMO-ს 31-ე ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: