ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის მიიღებს ზამთრის კურორტები ტურისტებს – თოვლი გოდერძიზე [ფოტო]

02.12.2019 • 2518
როდის მიიღებს ზამთრის კურორტები ტურისტებს – თოვლი გოდერძიზე [ფოტო]

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს მთის კურორტზე თოვს. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა თოვლის საფარზეა დამოკიდებული.

„თითქმის ყველა კურორტზე თოვს… თუ ასე გაგრძელდება, სეზონი შესაძლოა, ვთქვათ, გუდაურში 10 დეკემბერსაც გაიხსნას ან 15 დეკემბერს. სტუმრების მისაღებად ყველა კურორტი მზადაა. მთავარია, ისეთი თოვლი, რომ სათხილამურო ტრასებზე სრიალი შეიძლებოდეს“, – გვითხრეს კომპანიაში.

დღეს თოვს ხულოში, კურორტ გოდერძიზეც, თუმცა კურორტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ აქ ინტენსიურ თოვას, წინასწარი პროგნოზით, უფრო 21-დან 27 დეკემბრამდე ელიან და სეზონის გახსნაც თოვლის საფარის სიმაღლეზე იქნება დამოკიდებული: „სხვა მხრივ კურორტი სტუმრების მისაღებად მზადაა“.

კურორტ გოდერძის ადმინისტრაცია ამ სეზონზეც გეგმავს სპეციალური ტექნიკის [12-ადგილიანი თოვლმავალის] დაქირავებას, რომელიც გოდერძის უღელტეხილზე ზანკა-გოდერძის უღელტეხილი-უტყუსუბნის მიმართულებით, დამსვენებლების გადასაყვანად დაახლოებით 120 დღის განმავლობაში იმოძრავებს და, სავარაუდოდ, 240 რეისს შეასრულებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი სვანეთში, ზურულდის მთაზე, 2019 წლის 28 დეკემბერს, ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, როგორც სპორტული, ასევე კულტურული აქტივობებით.

ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ღონისძიება იქნება ერთდღიანი და ის საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით იმართება:

[checklist]

  • „საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ზემოხსენებულ პერიოდში გეგმავს საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპის ჩატარებას ზურულდის მთაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 80-მდე სპორტსმენი. ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიების ზემოხსენებულ შეჯიბრის დღეს და ადგილას ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში პროფესიონალ მოთხილამურეთა შორის შეჯიბრის შემდეგ, ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება შეჯიბრი მოყვარულთა შორისაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩამოსული ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები, რეგისტრაცია მოხდება წინასწარ და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.
  • სეზონის გახსნის კულტურული ღონისძიება დაგეგმილია „ჰაწვალის“ საბაგიროს დასაწყისში არსებულ ხიჟინასთან, ფინიშის ხაზთან, დაიდგმება ადმინისტრაციის არკა, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე, სადაც მთელი შეჯიბრის მსვლელობისას დაუკრავს DJ, გაფორმდება ფერადი ალმებით, საახალწლო აქსესუარებით, განლაგდება ფერადი პუფები, მოეწყობა საკვები სივრცე, ბარი, სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ყავა/ჩაით და გლინტვეინით. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცეცხლის კერები სტუმრების გასათბობად.“

[/checklist]

ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 63 706 ლარია და წინადადებების მიღება 2019 წლის 4 დეკემბერს დასრულდება.

2 დეკემბერი, 2019 / ფოტოები კურორტ გოდერძიდან:

კურორტი გოდერძი / 2 დეკემბერი, 2019 /

კურორტი გოდერძი / 2 დეკემბერი, 2019 /

კურორტი გოდერძი / 2 დეკემბერი, 2019 /

კურორტი გოდერძი / 2 დეკემბერი, 2019 / ფოტოები მოგვაწოდა კურორტის ადმინისტრაციამ

საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია მართავს შემდეგ კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი [კოხტა, მიტარბი, დიდველი], გოდერძი [ხულო], ჰაწვალი და თეთნულდი [მესტია].

რაც შეეხება გომარდულს [შუახევი], აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აქ სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსურ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. გომარდულის განვითარების ერთგვარი პროექტი სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა.

ამ თემაზე:

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: