სუპერმარკეტი „ბონუსი“ ფრიდონ ხალვაშის N372- ში მეშვიდე ფილიალს გახსნის [ანონსი]

ხვალ, 26 დეკემბერს, საღამოს 20:00 საათზე, ფრიდონ ხალვაშის N372-ში საზეიმოდ გაიხსნება სუპერმარკეტ „ბონუსის“ მეშვიდე ფილიალი.

გახსნისას სტუმრებისთვის გათვალისწინებულია საჩუქრები. გაიმართება წამახალისებელი გათამაშება – გამოვლინდება 6 გამარჯვებული, რომლებსაც ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცემათ.

სუპერმარკეტების ქსელი „ბონუსი“ გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებას საახალწლო აქსესუარებზე.

ეწვიეთ „ბონუსის“ ფილიალებს და მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტი საბითუმო ფასად!

ავტოავარიაში 5 ადამიანის დაღუპვის გამო დღეს ბათუმში ნაძვის ხე არ აინთება – მერია

ბათუმის მერიამ დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმა.

„დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები.

წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ბათუმის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

დღეს, 25 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 სკოლის მოსწავლეა, ამ დროისთვის ხდება გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.

ამავე თემაზე: 

ქობულეთში ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის სკოლის მოსწავლეები არიან

ქობულეთში ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის სკოლის მოსწავლეები არიან

დღეს, 25 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 სკოლის მოსწავლეა, ამ დროისთვის ხდება გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.

შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან ხევში გადავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად პირველად ჩაქვისთავში არსებული წყალსაცავის თანამშრომლები მივიდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარია ჩაქვში – დაიღუპა 5 ადამიანი

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალაში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ავტომანქანა გზიდან ხევში გადავარდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ახალგაზრდები ისხდნენ. შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად პირველად ჩაქვისთავში არსებული წყალსაცავის თანამშრომლები მივიდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„მუფთად ადამ შანთაძე აირჩია სუსმა და არა მეჯლისმა“ – დაპირისპირება სამუფთოში

სრულიად საქართველოს მუფთი დღეიდან ადამ შანთაძე იქნება. მუფთის არჩევნები ბათუმში დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა. მეჯლისის 19 წევრიდან შანთაძის არჩევას 12-მა დაუჭირა მხარი.

მუფთის არჩევნებში  სამი კანდიდატი მონაწილეობდა: ყოფილი მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მოადგილე ადამ შანთაძე, ადიგენის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელი რეზო მიქელაძე.

სრულიად საქართველოს  მუსლიმთა სამმართველოს ორმა თანამშრომელმა, რეზო მიქელაძემ და თემურ გორგაძემ სკანდალური განცხადებით დატოვეს სამუფთო. მათი თქმით, ადამ შანთაძე აირჩია სუსმა და არა მეჯლისმა. მათი განცხადებით, გუშინ სუსიდან დაურეკეს მეჯლისის 19 წევრს და აიძულეს ამ გადაწყვეტილების მიღება.

„ახალი მუფთი სუსის დანიშნულია. თვენახევრის წინ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, მაგრამ არ ჩატარდა. რადგან სუსი ამ დროის მანძილზე სასურველ კანდიდატს ეძებდა.
ვინც დღეს მუფთი გახდა, მან წუხელ გაიგო სუსისგან, რომ მუფთი ხდებოდა. ბეგლარ ქამაშიძემაც დღეს გაიგო, რომ უნდა გადამდგარიყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ გორგაძემ.

პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს სამუფთოს დამაარსებელმა რეზო მიქელაძემ, მუფთის მრჩეველმა თემურ გორგაძემ და სამუფთოს პრესსამსახურის უფროსმა ოთარ ნადირაძემ.

„საქართველოს რკინიგზა“ საახალწლოდ დამატებით რეისებს ნიშნავს

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“   დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 25, 26,27,28, 29,30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 26,27,28,29,30, და 31 დეკემბერს. დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

,,საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

„მინისტრის განცხადება ანტივაქსერული კამპანიის ხელშემწყობია“ – ასოციაცია „ბროწეული“

ასოციაცია „ბროწეული“  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას გრიპის ვაქცინებთან დაკავშირებით, ანტივაქსერულ მოწოდებად მიიჩნევს.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გრიპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია და „ჩვენც როგორმე გადავიტანთ“. ასევე, მან თქვა, რომ გრიპზე ვაქცინაცია პანაცეა არ არის და გრიპზე სავალდებულო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საჭირო არ არის.

„ასოციაცია ბროწეული გმობს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას და მას ანტივაქსერული კამპანიის ხელშემწყობ განცხადებად მიიჩნევს. ვთვლით, რომ აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია და მოსახლეობის ჯანმრთელობის საზიანოდ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ის ეწინააღმდეგება გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებს და საფრთხის წინაშე აყენებს მრავალი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მიზანშეწონილად მივიჩნევთ ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყონებლივ განმარტოს მინისტრის განცხადების შინაარსი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება,“ – აღნიშნულია „ბროწეულის“ განცხადებაში.

ასოციაცია „ბროწეული“ არის აივ/შიდსის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრების, პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფ პირთა, აივ/შიდსის რისკჯგუფების წარმომადგენელთა და აივ/შიდსის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა გაერთიანება.

სეზონური გრიპის თანმხლები გართულებების შედეგად ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში დღეში საშუალოდ 90 ბავშვი მიჰყავთ.

გრიპის ვირუსისგან თავდაცვის საშუალება გრიპის ვაქცინაა, რომელსაც ყოველ წელს იკეთებენ, თუმცა 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის ვაქცინა დეფიციტად იქცა მათთვის, ვინც რისკჯგუფებში არ შედის და სახელმწიფოსგან ვაქცინის უფასო დოზა არ ერგება.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსის – ეკატერინე ადამიას თქმით, დეფიციტი შეიქმნა ვაქცინაზე გაორმაგებული მოთხოვნის გამო, რაც წელს აფთიაქებმა და კერძო კლინიკებმა ვერ დააკმაყოფილეს.

მეტი ამ თემაზე: 

დეკემბერი იწურება, გრიპის ვაქცინა ისევ დეფიციტურია – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

 

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად პოლიციელი არჩილ კონცელიძე დაინიშნა

ბათუმის მერიის ახალდაფუძნებული ა(ა)იპის „მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელი  ურეხის პოლიციის უფროსი არჩილ კონცელიძე იქნება. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება უკვე მზადაა. ეს ინფორმაცია დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დაგვიდასტურა. მერის თქმით, ახალი მუნიციპალური აიპის „ბათუმის ინსპექციის“ ხელმძღვანელს სამართალდამცავად მუშაობის გამოცდილება აქვს:

„მას, როგორც სამართალდამცავს, აქვს მუშაობის კარგი გამოცდილება და იმედი გვაქვს, რომ მისი სახით გვეყოლება ძლიერი პიროვნება, რომელიც შეძლებს ძლიერი და პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას. მას მერიაში არასოდეს არ უმუშავია, ახალი სახეა. ჩემი პირადი მიდგომა იყო, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო დანაშაულთან აქტიური ბრძოლის გამოცდილებით და უმწიკვლო ბიოგრაფიით,“ – გვითხრა ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერია ყველა საზედამხედველო ფუნქციის ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციაში გაერთიანებას გეგმავს, ეს ორგანიზაცია კი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ახალი ა(ა)იპი -„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ იქნება. გადაწყვეტილებას ახალი ა(ა)იპის შექმნაზე  საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა, განისაზღვრა ორგანიზაციის ბიუჯეტიც.

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ახალი ა(ა)იპის ბიუჯეტი 3 444 000 ლარი იქნება. აქედან 1 460 000 ლარი ხელფასებისთვის გაითვალისწინეს.

მერიის განმარტებით, ახალი საზედამხედველო ფუნქციების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება მერიას ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება. ამ დრომდე მერიის საზედამხედველო სამსახურების მიმართ უკმაყოფილებას ბათუმში ხშირად გამოთქვამენ, სამსახურებში კი მუდმივად ამტკიცებენ, რომ კარგად მუშაობენ და პრობლემა მხოლოდ აღსრულებაა.

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“: მოვუწოდებ ჟურნალისტებს პოზიტიური ამბით დავიწყოთ გამოშვება

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ოცნების“ უმრავლესობიდან, ირაკლი პატარიძემ ჟურნალისტებს ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების გამო უსაყვედურა: „იქნებ დავიწყოთ პოზიტიური ამბების გაშუქებით“.

საკრებულოს წევრმა ამ განცხადების წინ მის სამაჟორიტარო უბანში განხორციელებულ ინფრასტრუტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ სრულად გადაიღო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მაგრამ არ გააშუქა:

„ყველაფერი გადაიღო და  ჩაწერა კომენტარები, მაგრამ არ გააშუქა. ეს არის ცუდი ტენდენციაა, რომ არ აშუქებენ კარგ საქმეს. გამოშვებას იწყებენ ცუდი საქმიდან. მე მოვუწოდებ  იქნებ პოზიტიურით დავიწყოთ გამოშვება და არა ნეგატიურით. ასეთი დიდი საქმე, სადაც 3 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება, სადაც მოსახლეობის სასიკეთოდ  ხდება ნაბიჯების გადადგმა,  აუცილებლად უნდა გაშუქდეს ობიექტურად “.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხედავს უფრო ნეგატიური ამბების გაშუქების ტენდენციას. ირაკლი პატარიძეს ამ თემაზე საუბრის გაგრძელება უნდოდა, თუმცა ის საკრებულოს თავმჯდომარემ შეაჩერა.

ირაკლი პატარიძის გამოსვლას ჯერ საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე, შემდეგ კი საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თამჯდომარე თეონა დიასამიძე გამოეხმაურა.

„ეს განცხადებები ხომ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მცდელობაა დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის? – მითუმეტეს იმ ფონზე რაც ხდება ქვეყანაში ტელევიზიებთან მიმართებაში“  – განაცხადა მირდატ ქამადაძემ. საკრებულოს თავმჯდომარემ  მას შეახსენა, რომ მხოლოდ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეეძლო ესაუბრა.

თეონა დიასამიძის თქმით კი მედიის და განსაკუთრებით  საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია სწორედ ის არის, რაც შეიძლება მწვავედ და სიღრმისეულად წარმოაჩინოს ის პრობლემები და გამოწვევები რაც აწუხებს ქალაქს.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა

“ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ” ბათუმის საკრებულოს სხდომა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ ოპოზიციის გამოსვლის ნაწილში თავმჯდომარის მხრიდან დროის შეზღუდვა გახდა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ, ოპოზიციას მხოლოდ სამი წუთი მისცა მოსაზრებების დასაფიქსირებლად. საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ანთაძემ გამოსვლის დასრულება ვერ შეძლო,  ამიტომ, პროტესტის ნიშნად, აღარც მერის პასუხი მოისმინა.

ლევან ანთაძესთან ერთად სხდომა დატოვა მირდატ ქამადაძემაც.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებას შოუ უწოდა.

დღეს ბათუმის საკრებულომ ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ფინკა ბანკის დეპოზიტები – ახალი წელი ახალი მიზნებით 

ახალი წელი ახალი მიზნების დასახვის დროა. რამდენი რამ გვჭირდება – ბინის რემონტი, სწავლა, მოგზაურობა, ახალი საოჯახო ტექნიკის შეძენა, მანქანის გამოცვლა და სხვა უამრავი სურვილის ასრულება. მიზნების მალე მიღწევას ფინანსებისა და დროის სწორად გადანაწილება სჭირდება. ამაში კი ფინკა ბანკის დეპოზიტები დაგეხმარებათ.

დეპოზიტი წარმოადგენს თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხას, რომელიც დროის გასვლასთან ერთად იზრდება. ჩვენი მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება, რომელთა მიღწევასაც სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა სჭირდება.

მაგალითად, თუ გაქვთ თანხა, რომელსაც დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებთ, ვადიანი დეპოზიტი გახსენით – თქვენი დანაზოგი გაიზრდება და დეპოზიტის ვადის გასვლის შემდეგ ანგარიშზე იმაზე მეტი თანხა იქნება, ვიდრე დეპოზიტის გახსნის დღეს; თუ მოგზაურობა გსურთ, ზრდად დეპოზიტს გარკვეული თანხა ყოველთვე ამატეთ და ვადის ბოლოს საგზური თამამად შეიძინეთ; თუ გსურთ ყოველთვის გქონდეთ „ზედმეტი და მარტივად ხელმისაწვდომი“ თანხა, რომელსაც საჭიროების დროს უცბად გამოიყენებთ – შემნახველი დეპოზიტი გამოგადგებათ. ერთერთი საუკეთესო მიზანი შვილების მომავლისათვის თანხის დაგროვებაა, რაც არ უნდა გადადოთ და საბავშვო დეპოზიტი აუცილებლად უნდა გახსნათ.

დაიწყეთ 2020 წელი ახალი მიზნებით – გახსენით დეპოზიტი ფინკა ბანკში, მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი 12.5%-მდე (ეფექტური 12.68%-მდე) და სურვილები უფრო სწრაფად აისრულეთ.

ფინკა ბანკის დეპოზიტების დეტალური პირობები იხილეთ აქ

ტერაბანკის ახალი სესხი თვითდასაქმებული მომხმარებლებისთვის

ტერაბანკი კონკრეტულ სეგმენტებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს. ამიერიდან ბანკის ახალი სესხით 5 სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მომხმარებლები ისარგებლებენ. მათ შორის არიან: სტომატოლოგები, სტილისტები, მკერავები, ტაქსის მძღოლები და ძიძები.

ამ პროფესიების წარმომადგენლები სესხს გამარტივებული პირობებით მიიღებენ. თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით გაიცემა და დაინტერესებულ პირებს როგორც სამომხმარებლო, ისე იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლიათ.

„ემიგრანტებსა და რეპეტიტორებს წელს ჩვენ უკვე შევთავაზეთ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი, მსგავსი პროდუქტები, რომლებსაც მომხმარებლების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. ამ პოზიტიურმა გამოხმაურებამ გვიბიძგა, რომ შეთავაზება სხვა პროფესიების წარმომადგენლებისთვისაც შეგვექმნა“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.

ახალი პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ტერაბანკის არსებულ მომხმარებლებს, ისე მათ, ვისაც სესხის პორტირება სხვა ბანკიდან სურთ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალთან, ხანძარია

ჩაქვში, ქობულეთის შემოვლითი გზის გასწვრივ, ამ წუთებში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ეკალ-ბარდი. ხანძრის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

ცეცხლის ჩასაქრობად ბათუმის სახანძრო ბრიგადები არიან გასული.

ხანძარი ჩაქვში / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

გამოვლინდა ორი გამარჯვებული კონკურსში „შენი იდეა ბათუმს“

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ 2020 წლის გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია. ხმის მიცემის შედეგად გაიმარჯვა ორმა იდეამ:

  • ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი
  • ქუჩის კალათბურთი

პროექტ „ქუჩის კალათბურთის“ მიზანია სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ახალი ტალანტების აღმოჩენა. იდეის ავტორი ნიკოლოზ კიკვაძეა. პროექტის ბიუჯეტი 40 600 ლარია.

„ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი“ კი პაატა ურიადმყოფელის იდეაა. პროექტის თანახმად საჭიდაო მოედანი მოეწყობა ახალ ბულვარში, პროექტის მიზანია ქართული ჭიდაობის განვითარება და ტურისტული სანახაობის შექმნა.

ხმის მიცემა მიმდინარეობდა 2019 წლის 25 ნოემბრიდან 2019 წლის 21 დეკემბრამდე და პროცესში ჩართულნი იყვნენ ბათუმში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეები. თითოეულ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა ხმა მიეცა 3 იდეისთვის.

ჯამში, ხმა მისცა 2009 მოქალაქემ, ხოლო ამ დრომდე რეგისტრაცია გავლილი აქვს 3,393 მოქალაქეს. ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქუჩის კალათბურთი – 765 ხმა
ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი – 752 ხმა
ონლაინთამაში Batumi dots – 271 ხმა
ძაღლების პარკი – 165 ხმა
ჭარტი – მოხატული საკანალიზაციო ლუქები – 42 ხმა
ელექტრონული შთაბეჭდილებების წიგნი star online – 14 ხმა

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ 2019 წლის მაისიდან ახორციელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

 

როგორ ცხოვრობს და იბრძვის 22 წლის იმედა მძიმე დიაგნოზით [ვიდეო]

22 წლის იმედა ბოლქვაძე ხულოში, სოფელ განახლებაში ცხოვრობს. ის თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერი და ვებდეველოპერია.

„ბავშვობიდან ჩემი მეგობრები იყვნენ კოდები და  კომპიუტერი. სამი პროფესია მაქვს – ერთი მოქმედი  და ორი არამოქმედი. მოქმედია მარკეტინგის სპეციალისტი, არამოქმედი – ვებდეველოპერი და გრაფიკული დიზაინერი“, – ასე გვაცნობს იმედა საკუთარ თავს.

პროფესიები, რომლებსაც იმედასთვის მაღალი შემოსავალი მოჰქონდა, არაქმედითი მისი სამედიცინო დიაგნოზის გამო გახდა. 15 წლის ასაკში ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი – ALS დაუდგინეს. ბოლო ორი წელია იმედას ნელ-ნელა დაუქვეითდა ფიზიკური უნარები – უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და საუბარი, ვეღარ კითხულობს მის საყვარელ წიგნებს, ვეღარ წერს კოდებს და ვეღარც რთულ გრაფიკულ ნამუშევრებს ეჭიდება.

YouTube video player

იმედას იმედი მარკეტინგია, რაც დამოუკიდებლად ისწავლა და რა მიმართულებითაც მუშაობდა კიდეც ხულოს მუნიციპალიტეტის ააიპ „კურორტ ბეშუმში“, თუმცა სამი თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

იმედას ისტორიის სხვა თავიც აქედან იწყება.

იმედამ დაიწყო ბრძოლა სამსახურში აღსადგენად.

მისწერა ხულოს მერიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას. იმედა არ ითხოვს დახმარებას, ის ითხოვს აღადგინონ სამსახურში, რომ იმუშაოს.

რატომ დაკარგა სამსახური იმედამ

იმედა ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი მისი დამოკიდებულება გახდა:

„ბეშუმის“ პიარმენეჯერი ვიყავი, სამსახურიდან გამომიშვეს იმიტომ, რომ ვიღაცას თურმე არ მოვწონდი. რომ ვთქვა, პოლიტიკური ნიშნით გამომიშვეს-მეთქი, იმათ კიდევ ეს უარყონ და თქვან, ჩვენ მაგას როგორ ვიკადრებდითო, დამაჯერებელი უფრო იმათი არგუმენტი იქნება. იმიტომ, რომ შშმ პირს სამსახურიდან არ გაუშვებს ნორმალური ადამიანი.

ბავშვები მთხოვდნენ გაგვეკეთებინა კალათბურთის ფარები მოედანზე ბეშუმში. ვისაც ეხებოდა ეს ამბავი, ყველას დავურეკე, თავიდან ვთხოვე და არ გააკეთეს, მერე მოვთხოვე. მოთხოვნამაც რომ არ გაჭრა, მერე აგრესიაზე გადავედი, რაც არასწორი იყო და ვაღიარებ.

მაგრამ 14-15 წლის ბავშვები რომ გთხოვენ კალათბურთის ფარი დაგვიდგით, რომ კალათბურთი ვითამაშოთო, შენ გაქვს ბიუჯეტი, 100 ათას ლარზე მეტი, ხარ ადმინისტრაცია და ამ თხოვნას არ ასრულებ, ძალიან რთული მისაღებია ჩემთვის. ზუსტად ვიცი, ამ სტატიას რომ ნახავენ ან  დამირეკავენ მე, ან დაგირეკავენ თქვენ და გეტყვიან, რა სისულელეა, კალათბურთის ფარის გაკეთებაზე უარი არ გვითქვამსო. მაგრამ კალათბურთის ფარი აშკარად არ არის ბეშუმის მოედანზე,“ – ამბობს იმედა.

ააიპი „კურორტი ბეშუმის“ ადმინისტრაციამ იმედა ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლების  მიზეზად ხელშეკრულების ვადის  დასრულება და მის გასაგრძელებლად ბიუჯეტში საჭირო თანხის არარსებობა დაასახელა.

იმედამ წერილი მისწერა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

„მოვუყევი, რომ გამომიშვეს სამსახურიდან, მჭირდებოდა დასაქმება. მათთვის არ მითხოვია დამასაქმეთ ან რამე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცოდეთ.წერილის  გაგზავნიდან ძალიან მალე, მესამე დღეს, დამირეკეს და მითხრეს – ჩვენ დავურეკავთ ხულოს მერიას, ასევე დასაქმების ცენტრს, რომელიც იზრუნებს ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შენს დასაქმებაზეო. ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელიც იყო და მისაღებიც“, –  ამბობს იმედა.

მიუღებელი აღმოჩნდა ხელფასი, რომელიც იმედას შესთავაზეს – თვეში 200 ლარი.

„ძალიან „ბევრია“ 200 ლარი, ხომ ხვდებით,“ –  ამბობს იმედა.

იმედას თქმით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს, სახლში ხულოს მერის წარმომადგენელი და ააიპ „კურორტ ბეშუმის“ დირექტორის მოადგილე ესტუმრნენ.

„აღგადგენთ სამსახურში, ოღონდ ჩვენ მხარეს თუ იქნებიო. ჭკუით თუ იქნებიო, ერთი სიტყვით. პირდაპირ ასე არ უთქვამთ, მაგრამ ასე გამოდიოდა მათი საუბრიდან. ჩვენს მხარეს თუ იქნებიო. თან მითხრეს,  უშტატოდ  აგიყვანთ სამი თვის განმავლობაშიო. მერე, თუ ყველაფერი კარგად იქნება, გაგრძელდება ჩვეულებრივადო. კარგად ყოფნაში რა იგულისხმება, ალბათ ხვდებით. მე ვუთხარი, ნორმალური ხელფასი დამინიშნეთ-მეთქი. თქვენს მხარდაჭერას რაც შეეხება, თანახმა ვართ-მეთქი. მე მხარდამჭერი ვიქნები იმის, ვინც საქმეს გააკეთებს და ვიღაც-ვიღაცები 14 წლის ბავშვებს არ ახვეწნინებენ კალათბურთის ფარის გაკეთებაზე,“ –  ამბობს იმედა ბოლქვაძე.

რას ამბობს ხულოს მერია 

ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმედა ბოლქვაძეს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან სამსახურში აღადგენენ.

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას აიპი „კურორტი ბეშუმის“ ადმინისტრაციასთან ერთად ჰქონდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან აიყვანოს სპეციალისტი პიარის მიმართულებით. რეკომენდაცია გავეცით, რომ ამ შემთხვევაში აიყვანონ იმედა ბოლქვაძე. ჩასული იყვნენ მასთან თანამშრომლები ოჯახში, აღნიშნულის შესახებ მას აცნობეს. ასევე გავუგზავნეთ წერილი, თუ აქვს სურვილი ბეშუმში იმუშაოს, მოგვმართოს  წერილით. თუ ის მოგვმართავს პირველ იანვრამდე წერილით, პირველი იანვრიდან გაუფორმდება ხელშეკრულება,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ვადით გაუფორმდება იმედა ბოლქვაძეს ხელშეკრულება და რა იქნება მისი ანაზღაურება.

ხულოს მერი ამბობს, რომ დარიცხული ხელფასი დაახლოებით 320 ლარი იქნება, რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, წინასწარ არ იცის.

„იქნება ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი და საჭიროების მიხედვით გაგრძელდება მასთან მუშაობა,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელიც ბათუმში დაჭრილ პოლიციელს დაეხმარა

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მადლობის სიგელი გადასცეს მოქალაქე რაულ თებიძეს, რომელმაც 18 დეკემბერს ბათუმის ქუჩაში თავდასხმის შედეგად დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის თქმით, მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ არა ამ მოქალაქის დახმარება, შესაძლოა პოლიციელი ვერ გადარჩენილიყო.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სარეზერვო ფონდიდან რაულ თებიძეს 2000 ლარს გადასცემს.

რაულ თებიძე 41 წლისაა და მშენებლობაზე მუშაობს. იგი 18 დეკემბერს პოლიციელის დაჭრის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა და მას პირველადი დახმარება გაუწია, სისხლდენა შეუჩერა და პოლიციელს საავადმყოფოშიც გაჰყვა.

შობის ღამე ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში

დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას აღნიშნავს. 25 დეკემბერს ზეიმობს შობას მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილიც, მათ შორის – საბერძნეთის, ბულგარეთის, კონსტანტინეპოლის, რუმინეთის, ალბანეთის და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები.

საშობაო  ლიტურგია ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო.

საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საშობაო მსახურება ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საშობაო მსახურება ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 25 დეკემბრის 21 საათიდან 26 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 2-7 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, პარასკევს და შაბათს, 27-28 დეკემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი მოთოვს.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმის ახალ სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა.

განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. მისი 1500 ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და მაყურებლის მოთხოვნებთან.

გახმოვანების სისტემისთვის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით.

განათებისა და გახმოვანების სისტემა

ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

სამი წლის ბავშვი, რომელიც 23 დეკემბერს ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა, ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბავშვი უკვე სტაბილური იყო და გადავიყვანეთ თბილისში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის იაშვილის კლინიკაში.

ავარია ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე 23 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა აჭარაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა, მათი 10 წლის შვილი და ახლო ნათესავი. 3 წლის ბავშვი, რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება, მანქანიდან ავარიის შედეგად გამოიტყორცნა და იგი გამვლელმა გადაიყვანა კლინიკაში. ბავშვს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის – ნეიორქირურგიული.

ავარიის შედეგად დაშავებულია ტრაილერის მძღოლიც.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„მანდარინის რეალიზების პრობლემა არ დგას“ – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნარინჯისფერი რთველი იყოს ზედმეტი შეფერხებების გარეშე ჩატარებული. ამიტომ, დღესვე უკვე ყველა ოჯახის დონეზე განუმარტეთ, სად შეიძლება არასტანდარტული მანდარინის მიღება,“ – მიმართა აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტიტე აროშიძეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს.

მთავრობის თავმჯდომარემ ახსენა „მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც“ და დასძინა, რომ ფერმერებს სჭირდებათ განმარტება, სად შეუძლიათ მანდარინის ჩაბარება.

„კომპანიები გამართულად მუშაობენ, ერთ-ერთმა საწარმომ, „ქართულმა ციტრუსმა“ თავისი ვალდებულებები შეასრულა და აქედან გამომდინარე, სტანდარტულ ციტრუსზე არ ჰქონდა შეკვეთები. ამიტომ შეაჩერა სტანდარტული ციტრუსის მიღება. ამასთანავე, არასტანდარტული მანდარინიც მილევადია,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მისივე თქმით, ციტრუსის სეზონი წარმატებით მიმდინარეობს და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წელს ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა.

სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ გვითხრა, რომ „ბათუმელებში“ გუშინ, 23 დეკემბერს, გამოქვეყნებულ სტატიას – სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა არაობიექტურად მიიჩნევს, რადგან ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც მანდარინის რეალიზების პრობლემა არ დგას.

„ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში არ არის საუბარი იმაზე, რომ რეალიზების პრობლემა არსებობს. სტატიაში საუბარია ქობულეთში ციტრუსის მიმღებ ყველაზე დიდ საწარმოზე – „ქართულ მანდარინზე“, სადაც ფერმერებმა მანდარინის ჩაბარება უკვე ვეღარ შეძლეს. ამ საწარმოზე საუბრობდა ტიტე აროშიძეც მთავრობის სხდომაზე. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ მანდარინში“ მანდარინს აღარ იღებენ, გუშინ „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ საწარმო სტანდარტულ მანდარინსაც იღებს და არასტანდარტულსაც.

„შესაძლოა, კითხვა ან კითხვის კონტექსტი ვერ გაიგო. კიდევ 15 ქარხანა მუშაობს ხელვაჩაურსა და ქობულეთში,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ. მას ვუთხარით, რომ სამინისტროს პრესცენტრმა განმარტების გარდა, მოგვაწოდა კომპანიის „ქართული მანდარინის“ წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაციაც.

სტატიაში საუბარი იყო მოქალაქის მიერ მოწოდებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვითაც, საწარმოში, სადაც მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინს იღებენ, რიგებია და არსებობს ურიგოდ შესვლის შემთხვევებიც, თუკი ვინმე ფულს გადაიხდის. იმავე სტატიაში მოქალაქის მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციას სამინისტროს პრესცენტრი აბსურდულს უწოდებს, კომპანიის წარმომადგენელმა კი ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

„პროცესი მიდის საკმაოდ კარგად და ეს უნდა გაშუქდეს ობიექტურად. 20 მანქანა რიგი არ არის. იქ არის სამუშაო პროცესი. რიგი არის 200 და 300 მანქანა როდესაც დგას,“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა, მძღოლი მიიმალა

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც ტროტუარიდან ქუჩაზე გადადიოდა. დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს მოტეხილობა  არ აღენიშნება, თუმცა იგი პროფილაქტიკის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა ავარიის შემდეგ მოძრაობა განაგრძო.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლის ვინაობა დადგენილია.

ირმა ზოიძე, გია ქარცივაძე და ლაშა ზარგინავა – აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატები

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის კანდიდატებად კომისიამ ჟურნალისტი და სტუდია „რეკ“-ის დამფუძნებელი – ირმა ზოიძე, აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი – გია ქარცივაძე და აჭარის ტელევიზიის პროდუსერი და წამყვანი, ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა შეარჩია. კომისიის ხუთივე წევრის მხარდაჭერა ირმა ზოიძემ მიიღო, ოთხმა წევრმა გია ქარცივაძეს დაუჭირა მხარი, სამმა – ლაშა ზარგინავას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ ეს არჩევანი 8 კანდიდატს შორის გააკეთა.

„ყველას აზრი იყო ის, რომ ძალიან კარგი კანდიდატები იყვნენ და ეს, ერთი მხრივ, იყო ძალიან კარგი, მაგრამ ართულებდა არჩევანის პროცესს. გადავწყვიტეთ, რომ კარგებს შორის საუკეთესოები გამოგვეყო და შემდეგ უკვე ხმების კონსესუსის გზით შევჯერდით,“ – გვითხრა თაკო მამეიშვილმა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიის თავმჯდომარემ.

კომისიაში 5 წევრი იყო: „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ EECMD რეგიონული კოორდინატორი – თამარ მამეიშვილი, პროფესიული კავშირის წარმომადგენელი – მანანა შარაშიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მგელაძე, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნათია კუპრაშვილი და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის – „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე – ლევან გობაძე შედიან.

შერჩეულ კანდიდატებს კომისია უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. ამჯერად დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით უნდა აირჩიონ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

სამხედრო პირი ავღანეთში წასვლის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამს სთხოვდა – სუს

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-მ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე.) გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

როგორ შეარჩია აჭარის მთავრობამ ადამიანები, რომლებსაც ბინები უფასოდ გადასცა

დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ხუთ მოქალაქეს აჭარის საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი ბინა გადასცა. ბათუმში საცხოვრებელი ბინები მიიღეს: სპორტსმენმა ლაშა გობაძემ, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „არსიანის“ დირექტორმა – ოთარ მიქელაძემ, ფსიქოლოგმა და მრავალშვილიანმა დედამ – შორენა დოლიძემ, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ჯუმბერ ნინიძემ და მსახიობმა მამუკა მანჯგალაძემ. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ დამსახურებული ადამიანებისთვის ბინების გადაცემა წინასაახალწლო ტრადიციად დამკვიდრდება.

„ამ ეტაპისთვის შეირჩა ადამიანები, რომელთაც აქვთ პრობლემა საცხოვრებელთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ. მას არ დაუკონკრეტებია, რის მიხედვით გამოარჩია აჭარის მთავრობამ ეს ოჯახები იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ასევე აქვთ საცხოვრებლის პრობლემა.

„არსებული დამსახურების და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც მათ ჰქონდათ,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ, როცა მას სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: რა კრიტერიუმებით და ვინ შეარჩია ოჯახები, რომლებმაც ბინები უფასოდ მიიღეს?

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბინების გადაცემა უფასოდ მას ერთპიროვნულადაც შეეძლო.

„შევარჩიეთ შესაბამისი უწყებების მომართვის საფუძველზე, თუმცა მე შეგახსენებთ, რომ დისკრეციულად შემიძლია, რომ განსაკუთრებით ამ ნაწილში, როცა სოციალური დატვირთვა აქვს, აჭარის მთავრობას შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

საცხოვრებელი ბინები დაუკანონდა აჭარის რეგიონში მცხოვრებ 30 ოჯახს, რომლებიც თვითნებურად იყვნენ შესახლებულები. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე 25-25 ათას ლარს მისცემენ სოფელს თხილვანაში ეკომიგრანტ 34 ოჯახს, „საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“.

ამ თემაზე:

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

 

„ცუდია ეს თუ კარგი?“ – თორნიკე რიჟვაძე ბათუმზე, სადაც „მშენებლობების სიმაღლე არ იზღუდება“

„არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარება, რომელიც ჩვენს რეგიონს, ქალაქს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას და მიმზიდევლობას მატებს. მინდა შევეხო ბოლო პერიოდში მიღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღიარებას – გამომცემლობა „ფორბსმა“ ბათუმი შეიყვანა ევროპის ხუთეულში, საინვესტიციო ქალაქებში. ჩვენ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ბათუმი გამხდარიყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი კონკურენტი ქალაქი და ეს უკვე გადაიქცა რეალობად, ვინაიდან 2019 წელს ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი, ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება…“ – ამ სიტყვებით დაიწყო დღეს, 24 დეკემბერს, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომა. ის არ შეხებია Forbse-ის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმი დეველოპერებს ძირითადად იმის გამო იზიდავს, რომ მშენებლობებზე სიმაღლის შეზღუდვა არ არსებობს.

რამდენად კარგია, როცა არ არსებობს სიმაღლის შეზღუდვა და ბათუმი უკვე 14 წელია განაშენიანების გენერალური გეგმის გარეშე შენდება? – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს სხდომის დასრულების შემდეგ.

„რეგულაციები როგორ არ არის, ხომ არ შეიძლება ჩვენ გვქონდეს ყველაფრის ნიველირების მცდელობა? ყველაზე რეპუტაციულმა საერთაშორისო გამომცემლობამ აღიარა ბათუმის წარმატება ბევრი მიმართულებით,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ. მას შევახსენეთ, რომ ამ გამოცემამ აღნიშნა ისიც, რომ ბათუმში არ არის მშენებლობის სიმაღლის შეზღუდვა.

„ცუდია ეს თუ კარგი?“ – იკითხა თორნიკე რიჟვაძემ და შემდეგ, როცა ვუთხარით, რომ კითხვებს ჟურნალისტები სვამენ, დასძინა:

„ქალაქმშენებლობის დოკუმენტთან დაკავშირებით გიპასუხებთ მერია, ალბათ. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტებს, ის გადის იმ რეგულაციებს, რომლებიც არის კანონით გათვალისწინებული,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პირველად 200 წლის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო ლიტურგია არ ჩატარდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ყოველი 25 დეკემბრის ღამეს  ტარდება საშობაო ლიტურგია. წელს ეს ცერემონია 200 წლის განმავლობაში პირველად არ ჩატარდება – შენობაში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს დიდი ხანძრის შემდეგ, რის შედეგადაც ტაძრის სახურავი და შპილი დაიწვა.

ფრანგული გამოცემების ყდები ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შემდეგ

საშობაო ღვთისმსახურება 25 დეკემბრის ღამეს ღვთისმშობლის ტაძრის ნაცვლად ლუვრის მოედანზე მდებარე სენ-ჟერმენ ლოსერუას ტაძარში გაიმართება, რომელიც მონარქიის დროს სამეფო სასახლის ტაძარი იყო.

ნოტრდამში ხანძარი 2019 წლის აპრილში გაჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ძეგლის რესტავრაცია 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.

საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ოქტომბერში განაცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოებისთვის მილიარდი ევროა გამოყოფილი. ამ თანხის ნაწილი კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით შეგროვდა.

2013 წელს ნოტრდამი 850 წლის გახდა, ის მიიჩნევა გოთური არქიტექტურის გამორჩეულ ძეგლად და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის მიზეზი დღემდე დაუდგენელია. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი დაუდევრობით – სიგარეტის ჩაუმქრალი ნამწვით ან მოკლე ჩართვის დროს ნაპერწკლით გაჩნდა. მტკიცებულებები ტაძრის გამიზნულად დაწვის შესახებ გამოძიებას არ აქვს.

რა გადარჩა და რა განადგურდა ხანძრისგან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

 

წყარო: BBC

„ოცნების ქალაქში“ სახლი იწვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, სახლი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ჯგუფი მუშაობს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმის უნივერსალურ სპორტკომპლექსში დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება მიმდინარეობს

უნივერსალური სპორტული კომპლექსი ბათუმში თვისობრივად ახალი, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა და სპორტის 12 სახეობას აერთიანებს. დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია, ხოლო პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია.

3400 მაყურებელზე გათვლილი სამაყურებლო ტრიბუნა, მაღალი დონის ფუნქციური, ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სამედიცინო მოცემულობა იძლევა შესაძლებლობას ვუმასპინძლოთ როგორც ადგილობრივი – ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს.

ამჟამად სპორტული დარბაზებისა და სამაყურებლო ტრიბუნის მოპირკეთება მიმდინარეობს. სრულდება შიდა გაყვანილობა, ლიფტების მონტაჟი და საშხაპეების კეთილმოწყობა.

აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია, შშმ პირებს-როგორც მაყურებლებს ასევე სპორტსმენებს თავისუფლად შეეძლებათ ყველა სახის სერვისით სარგებლობა.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო მწყობრიდან გამოსულ „HYUNDAI SANTAFE“-ს 15 ათას ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მწყობრიდან გამოსულ HYUNDAI SANTAFE-ს აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ავტომანქანა [სახელმწიფო ნომერი LL-607-LC] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. საწყისი გასაყიდი ფასი 15 000 ლარია, ბიჯი – 300 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2019 წლის 30 დეკემბერს დასრულდება.

ავტომანქანის მოკლე აღწერილობა [აუქციონიდან]:

„ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოსულია მწყობრიდან, ძრავა დაზიანებულია, ავტომანქანას არ აქვს გადაცემათა კოლოფის ბალიში, ძარა და სალონი კი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

მწარმოებელი Hyundai , მოდელი Santa Fe, ფერი – შავი, ავტომობილის ტიპი – ჯიპი, საწვავის ტიპი – ბენზინი, ძრავის კუბატურა – 3.5, მდგომარეობა – ცუდი, კარების რაოდენობა – 4, გამოშვების წელი – 2011, გარბენი – 135362 კილომეტრი“

აუქციონში გამარჯვებულმა საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდრული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

შუახევის სოფელ ვანში 3 სახლი დაიწვა

შუახევის სოფელ ვანში დღეს, 24 დეკემბერს, 3 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შუახევის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ ცენტერაძის ოჯახი სოფელში მუდმივი მცხოვრებია, მას ორსართულიანი ხის სახლი დაეწვა, როლანდ და ჯემალ ცენტერაძეების ოჯახები კი, რომელთა ერთსართულიანი სახლები დაიწვა, სოფელში სეზონურად ცხოვრობენ. სამივე სახლი ხის იყო.

დაიწვა რამდენიმე დამხმარე ნაგებობაც.

ხანძარი შუახევის სოფელ ვანში / ფოტო: მერიის პრესსამსახური
ხანძარი შუახევის სოფელ ვანში / ფოტო: მერიის პრესსამსახური
ხანძარი შუახევის სოფელ ვანში / ფოტო: მერიის პრესსამსახური

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბათუმში

წელს სად აპირებთ ახალი წლის გატარებას? სახლში, ოჯახის წევრებთან, ქუჩაში, ღია ცისქვეშ თუ სულაც რომელიმე რესტორანში ან კაფეში, მეგობრებთან ერთად? ყველა ვარიანტი კარგია, თუმცა არსებობს კიდევ უკეთესი – რას ფიქრობთ ახალი წლის დღეების ბათუმში გატარებაზე?

ის, რომ ბათუმი ზაფხულშია კარგი, სიმართლეა, მაგრამ მთლად ზუსტიც არ გახლავთ. ბათუმში წასვლა ყველა სეზონზე კარგი იდეაა, ახალი წლის შესახვედრად კი ბათუმი იდეალური ქალაქია.

ახლავე გეტყვით რატომ.

შეხვდი ახალ წელს ზღვისპირას, ბათუმის ბულვარში წელს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე არა ევროპის მოედანზე, არამედ ბათუმის ბულვარში იქნება. ასევე, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გაიმართება საახალწლო კონცერტი. ბათუმის ბულვარში დაიწყება ათვლა ახალი წლის დადგომამდე: ათი, ცხრა, რვა, შვიდი…. და ახალი წლის დადგომისთანავე ცას გრანდიოზული ფეიერვერკი გაანათებს. მერე კი, გამთენიისას, შეგიძლია გაუყვეთ ბათუმის საახალწლოდ მორთულ ქუჩებს ან კიდევ ბულვარიდან იქვე, ზღვის პირას, გადაინაცვლოთ და ახალი წლის გათენებას სანაპიროზე შეხვდეთ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, უმჯობესია პლედიც თან იქონიოთ.

საახალწლო ფერებით ანთებული ბულვარი ღამით კიდევ უფრო ლამაზია. ფოტო: ბათუმის ბულვარი
საახალწლოდ მორთული კოლონადები. ფოტო: ბათუმის ბულვარი
ფოტო: ბათუმის ბულვარი

გაერთეთ მეგობრებთან ერთად კაფეში ან რესტორანში – ახალი წლის დღეებში ბათუმში უამრავი კაფე-ბარი და რესტორანი სთავაზობს სტუმრებს საინტერესო გასართობ პროგრამას, მხიარულებას და, რასაკვირველია, გემრიელ კერძებსა და სასმელების მრავალფეროვან არჩევანს. აქ თქვენი გადასაწყვეტია რას არჩევთ – მდიდრულ, დახვეწილ რესტორნებსა თუ თანამედროვე, ახალგაზრდულ კაფე-ბარებს, გართობას ქალაქის შუა გულში მდებარე ადგილას, თუ რომელიმე სასტუმროს შემინულ რესტორანში, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანს. ახალი წლის დროსტარების შემდეგ კი, დილას, ნამდვილი აჭარული ხაჭაპური და ბათუმური ყავა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რა სწორად მოიქეცით, ახალი წლის შესახვედრად ბათუმი რომ აირჩიეთ.

ცხელი აჭარული ხაჭაპური უცებ გაგახსენებთ ზღვას და ზაფხულს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აღმოაჩინე ბათუმი ზამთარში – იცით რა განასხვავებს ზაფხულისა და ზამთრის ბათუმს? გისეირნიათ ზამთარში ბათუმის ქუჩებში აუჩქარებლად, მიფიცხებიხართ ზამთრის თბილ მზეს? თუ არა – მაშინ ეს სიამოვნება წინ გაქვთ. ზამთარში ბათუმი თითქოს სხვა ქალაქია, უფრო მშვიდი, მაგრამ კვლავინდებურად მრავალფეროვანი.

დღისით შეგიძლიათ ძველი ბათუმის ქუჩებში ისეირნოთ, მუზეუმებში შეიაროთ, რომელთა ნახვისთვის ზაფხულის განმავლობაში ვერა და ვერ მოიცალეთ, წახვიდეთ თეატრში, კინოში, ისეირნოთ ბულვარში, ნახოთ, რა ფერისაა ზღვა ზამთარში, მოუსმინოთ თოლიების ყივილს და სანაპიროზე დააკვირდეთ გემებს ჰორიზონტზე. საღამოს კი, როცა საახალწლოდ მორთული ბათუმი ათასფერად აინთება, აუცილებლად შეიარეთ რომელიმე კაფეში და ცხელი გლინტვეინით დატკბით.

ეს ზამთრის ბათუმია, მშვიდი, თბილი საღამო

ზამთარში ბათუმში დასვენება იაფიაამაში იოლად დარწმუნდებით, თუ კი „ბუქინგზე“ თვალს გადაავლებთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ფასებს. ზაფხულთან  შედარებით ბათუმში ზამთრის სეზონზე ფასები გაცილებით დაბალია და არჩევანიც მრავალფეროვანია. თუ სრული კომფორტით გსურთ დასვენება, შეგიძლიათ თავს ამის უფლება მისცეთ, არჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ბათუმიდან აჭარის მთებისკენ – ახალი წლის დღეებში ბათუმში შეიძლება თოვდეს კიდეც, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. თუ გაგიმართლათ და თოვლში გახვეული ბათუმი ნახეთ,  ეს ქალაქი კიდევ უფრო შეგიყვარდებათ, მაგრამ თუ კი ასე არ მოხდა, ბათუმიდან სულ რაღაც 2,5 საათის გავლის შემდეგ ნამდვილ ზამთრის ზღაპარში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ, კურორტ გოდერძიზე, სადაც თხილამურებზე სრიალით შეგიძლიათ გული იჯეროთ, საბაგირო გზით გაისეირნოთ და შესანიშნავად გაერთოთ. თუ გოდერძიზე ღამით დარჩენას არ გეგმავთ, იმავე დღეს შეიძლება დაბრუნდეთ, ხოლო თუ კი მთებში რამდენიმე დღის გატარება გსურთ, წინასწარ იზრუნეთ ამაზე.

თოვლი ბათუმში 2016 წელს
კურორტი გოდერძი

წინ კიდევ რამდენიმე დღეა, მოიფიქრეთ და ჩამოდით, ბათუმი გელით!

სამმა პირმა „ფიშინგით“ საბანკო ანგარიშებიდან 139 000 ლარი მოიპარა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ფიშინგის“ გზით „საქართველოს ბანკის“ და „თი ბი სი ბანკის“ მომხმარებლების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე ბრალდებულები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – მ.დ. და მ.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე მ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  მ.დ., მ.ა. და მ.ბ.-მ უნებართვოდ დაამზადეს კომპიუტერული პროგრამა და ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებდნენ ბანკების სხვადასხვა რეკლამას, სადაც განთავსებული ჰქონდათ ე.წ. „ფიშერული“ ბმული, რომელიც ვიზუალურად ინტერნეტბანკის გვერდს ჰგავდა.  შეცდომაში შესული მომხმარებლები ხსნიდნენ აღნიშნულ ბმულს და მონაცემები შეჰყავდათ, რომლებიც ავტომატურად იგზავნებოდა ბრალდებულებთან. აღნიშნული პირები ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით უნებართვოდ შედიოდნენ დაზარალებულების ინტერნეტბანკის მომხმარებლის ანგარიშზე და თანხებს მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ.

აღნიშნული სქემით მ.დ. მ.ა. და მ.ბ.  დაზარალებულების კუთვნილ 139 000 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა მ.დ. და მ.ა., 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მ.ბ. 14 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით – კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შენახვა; 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – კომპიუტერული პროგრამის  უნებართვო დამზადება, შენახვა  და გავრცელება; 286 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია,  წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.დ.-ს და მ.ა.-ს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა და თითოეულს ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო  მ.ბ-ს  5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„თოფი გვესროლა“ – სასამართლომ გურიაში იეჰოვას მოწმეების დევნის საქმე განიხილა

„მე და ჩემი მეუღლე კარდაკარ დავდივართ და რელიგიურ თემებზე ვესაუბრებით ადამიანებს… პ.-თან როცა მივედით, ის იმყოფებოდა თავისი სახლის შუა ეზოში. ეზოში შეგვიპატიჟა, მაგრამ არ ჩავსულვართ, ჭიშკართან დავიწყეთ საუბარი. მან საუბარი დაიწყო არჩევნებზე. ორჯერ ვუთხარი, რომ რელიგიური ორგანიზაციიდან ვიყავით… ის ჩქარი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ, ველოდებოდით.

დაახლოებით ნახევარ წუთში გამოვიდა სახლიდან პ. სანადირო თოფით, რომელიც გადაკეცილი ჰქონდა. მეუღლეს გადავულაპარაკე, რომ ჩვენი საქმე არ იყო კარგად. პ.-მ ორი ვაზნა ჩადო თოფში და დაიწყო ლანძღვა უშვერი სიტყვებით, „მე თქვენ გაჩვენებთ რელიგიურ ორგანიზაციას, მეორედ არ დაგინახოთ აქ მოსულიო“ და გაისროლა თოფი ჩვენი მიმართულებით,“ – ეს ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენებაა, რომელიც მან მოსამართლე მარინა კიკნაძეს მისცა. დაზარალებული ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ შემთხვევას აღწერს. ოზურგეთის სასამართლომ ცოლ-ქმრის მიმართ დევნის ფაქტი დაადასტურა რელიგიური ნიშნით. ისინი იეჰოვას მოწმეები არიან.

გასროლის შემდეგ ცოლ-ქმარი ბრალდებულის სახლიდან გამოქცეულა. მათი თქმით, შემთხვევის შემსწრე არავინ ყოფილა, თუმცა სასამართლოს ჩვენებები მისცეს პ.-ს მეზობლებმა. „მანდარინის ბაღში ვიყავით და დავინახეთ, ადამიანებისკენ კი არა, ტყის მიმართულებით ისროლაო“, – უთხრეს მეზობლებმა მოსამართლეს.

დანაშაული არც ბრალდებულმა აღიარა. ჩხრეკის შედეგად მისი სახლიდან სამართალდამცველებმა ორი სანადირო თოფი ამოიღეს და ვაზნები. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თქვა: „თოფი ტყისკენ ვისროლე, ქორის დასაფრთხობად“.

მოსამართლისთვის დამაჯერებელი ცოლ-ქმრის ჩვენება აღმოჩნდა. მან არ გაიზიარა ადვოკატის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ექსპერტიზითაც ვერ დადასტურდა, რა მიმართულებით გაისროლა ბრალდებულმა.

„ექსპერტიზა ვერ ადასტურებს, რა მიმართულებით მოხდა გასროლა, ვერ იქნა ნანახი საფანტის კვალი, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები – ორი ცალი სანადირო თოფი, დადგენილია და თვით დაცვის მხარის მოწმეებიც ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პ.-მ ნამდვილად განახორციელა ერთი გასროლა მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან, თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პ.-მ,  რომელიც დასცილდა ი.-ს და მალევე უკან დაბრუნდა თოფით ხელში და მუქარის სიტყვებით ,,გიჩვენებთ რელიგიურ ორგანიზაციას’’, სახლის უკან გაისროლა ქორის დასაფრთხობად, მაშინ როდესაც დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული ფაქტის უშუალო თვითმხილველი დაზარალებულების: მ.-ს და ი.-ს ჩვენებები, რომლებიც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად მიუთითებენ პ.-ს  მიერ მათი მიმართულების განხორციელებული გასროლის შესახებ,“ – ვკითხულობთ სასამართლოს განაჩენში.

მოსამართლე მარინა კიკნაძემ ბრალდებულს 2 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად გასამართლდა, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით და ძალადობის მუქარით.

ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ სახლს ანგრევენ – ნებართვა გაცემულია

ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ძველ, ორსართულიან სახლს ანგრევენ. ტერიტორია უკვე შემოღობილია და  დემონტაჟის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე გვითხრეს, რომ მხოლოდ მუშები არიან და კითხვებზე ვერ გვიპასუხებენ, გვირჩიეს ეზოში შევსულიყავით და მეპატრონეს გავსაუბრებოდით, თუმცა ჭიშკარი საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა.

ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა #11

ბათუმის მერიის ინფორმაციით კლდიაშვილის #11-ში რვასართულიანი სახლის მშენებლობა 2015 წელსაა შეთანხმებული და მერიამ მშენებელ კომპანიას ნებართვის ვადა სამი კვირის წინ გაუგრძელა. მშენებლობას სახლის დემონტაჟის ხარჯზე შპს „ინვესტი“  იწყებს. ეს ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია, რადგან ქუჩაზე რამდენიმე სახლს კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი აქვს, გარდა ამისა, კლდიაშვილის ქუჩა ბათუმში ერთ-ერთია, რომელსაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს ძველი, ისტორიული იერსახე.

დემონტაჟი კლდიაშვილის ქუჩაზე

მოსამართლეების შერჩევის სადავო წესი საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს სახალხო დამცველმა მიმართა, რომელიც ითხოვდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ნორმების შეჩერებას. ამ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს არჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია, კონსტიტუციურია თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი.

ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებით არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო, ისევ გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

სახალხო დამცველის სარჩელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე 20 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად მიიღო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად განმარტა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს პირის უფლებას, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს.

Exit mobile version