მთავარი,რეკლამა,სიახლეები

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბათუმში

24.12.2019 • 3053
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბათუმში

წელს სად აპირებთ ახალი წლის გატარებას? სახლში, ოჯახის წევრებთან, ქუჩაში, ღია ცისქვეშ თუ სულაც რომელიმე რესტორანში ან კაფეში, მეგობრებთან ერთად? ყველა ვარიანტი კარგია, თუმცა არსებობს კიდევ უკეთესი – რას ფიქრობთ ახალი წლის დღეების ბათუმში გატარებაზე?

ის, რომ ბათუმი ზაფხულშია კარგი, სიმართლეა, მაგრამ მთლად ზუსტიც არ გახლავთ. ბათუმში წასვლა ყველა სეზონზე კარგი იდეაა, ახალი წლის შესახვედრად კი ბათუმი იდეალური ქალაქია.

ახლავე გეტყვით რატომ.

შეხვდი ახალ წელს ზღვისპირას, ბათუმის ბულვარში წელს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე არა ევროპის მოედანზე, არამედ ბათუმის ბულვარში იქნება. ასევე, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გაიმართება საახალწლო კონცერტი. ბათუმის ბულვარში დაიწყება ათვლა ახალი წლის დადგომამდე: ათი, ცხრა, რვა, შვიდი…. და ახალი წლის დადგომისთანავე ცას გრანდიოზული ფეიერვერკი გაანათებს. მერე კი, გამთენიისას, შეგიძლია გაუყვეთ ბათუმის საახალწლოდ მორთულ ქუჩებს ან კიდევ ბულვარიდან იქვე, ზღვის პირას, გადაინაცვლოთ და ახალი წლის გათენებას სანაპიროზე შეხვდეთ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, უმჯობესია პლედიც თან იქონიოთ.

საახალწლო ფერებით ანთებული ბულვარი ღამით კიდევ უფრო ლამაზია. ფოტო: ბათუმის ბულვარი

საახალწლოდ მორთული კოლონადები. ფოტო: ბათუმის ბულვარი

ფოტო: ბათუმის ბულვარი

გაერთეთ მეგობრებთან ერთად კაფეში ან რესტორანში – ახალი წლის დღეებში ბათუმში უამრავი კაფე-ბარი და რესტორანი სთავაზობს სტუმრებს საინტერესო გასართობ პროგრამას, მხიარულებას და, რასაკვირველია, გემრიელ კერძებსა და სასმელების მრავალფეროვან არჩევანს. აქ თქვენი გადასაწყვეტია რას არჩევთ – მდიდრულ, დახვეწილ რესტორნებსა თუ თანამედროვე, ახალგაზრდულ კაფე-ბარებს, გართობას ქალაქის შუა გულში მდებარე ადგილას, თუ რომელიმე სასტუმროს შემინულ რესტორანში, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანს. ახალი წლის დროსტარების შემდეგ კი, დილას, ნამდვილი აჭარული ხაჭაპური და ბათუმური ყავა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რა სწორად მოიქეცით, ახალი წლის შესახვედრად ბათუმი რომ აირჩიეთ.

ცხელი აჭარული ხაჭაპური უცებ გაგახსენებთ ზღვას და ზაფხულს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აღმოაჩინე ბათუმი ზამთარში – იცით რა განასხვავებს ზაფხულისა და ზამთრის ბათუმს? გისეირნიათ ზამთარში ბათუმის ქუჩებში აუჩქარებლად, მიფიცხებიხართ ზამთრის თბილ მზეს? თუ არა – მაშინ ეს სიამოვნება წინ გაქვთ. ზამთარში ბათუმი თითქოს სხვა ქალაქია, უფრო მშვიდი, მაგრამ კვლავინდებურად მრავალფეროვანი.

დღისით შეგიძლიათ ძველი ბათუმის ქუჩებში ისეირნოთ, მუზეუმებში შეიაროთ, რომელთა ნახვისთვის ზაფხულის განმავლობაში ვერა და ვერ მოიცალეთ, წახვიდეთ თეატრში, კინოში, ისეირნოთ ბულვარში, ნახოთ, რა ფერისაა ზღვა ზამთარში, მოუსმინოთ თოლიების ყივილს და სანაპიროზე დააკვირდეთ გემებს ჰორიზონტზე. საღამოს კი, როცა საახალწლოდ მორთული ბათუმი ათასფერად აინთება, აუცილებლად შეიარეთ რომელიმე კაფეში და ცხელი გლინტვეინით დატკბით.

ეს ზამთრის ბათუმია, მშვიდი, თბილი საღამო

ზამთარში ბათუმში დასვენება იაფიაამაში იოლად დარწმუნდებით, თუ კი „ბუქინგზე“ თვალს გადაავლებთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ფასებს. ზაფხულთან  შედარებით ბათუმში ზამთრის სეზონზე ფასები გაცილებით დაბალია და არჩევანიც მრავალფეროვანია. თუ სრული კომფორტით გსურთ დასვენება, შეგიძლიათ თავს ამის უფლება მისცეთ, არჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ბათუმიდან აჭარის მთებისკენ – ახალი წლის დღეებში ბათუმში შეიძლება თოვდეს კიდეც, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. თუ გაგიმართლათ და თოვლში გახვეული ბათუმი ნახეთ,  ეს ქალაქი კიდევ უფრო შეგიყვარდებათ, მაგრამ თუ კი ასე არ მოხდა, ბათუმიდან სულ რაღაც 2,5 საათის გავლის შემდეგ ნამდვილ ზამთრის ზღაპარში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ, კურორტ გოდერძიზე, სადაც თხილამურებზე სრიალით შეგიძლიათ გული იჯეროთ, საბაგირო გზით გაისეირნოთ და შესანიშნავად გაერთოთ. თუ გოდერძიზე ღამით დარჩენას არ გეგმავთ, იმავე დღეს შეიძლება დაბრუნდეთ, ხოლო თუ კი მთებში რამდენიმე დღის გატარება გსურთ, წინასწარ იზრუნეთ ამაზე.

თოვლი ბათუმში 2016 წელს

კურორტი გოდერძი

წინ კიდევ რამდენიმე დღეა, მოიფიქრეთ და ჩამოდით, ბათუმი გელით!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: