მთავარი,სიახლეები

სამმა პირმა „ფიშინგით“ საბანკო ანგარიშებიდან 139 000 ლარი მოიპარა

24.12.2019
სამმა პირმა „ფიშინგით“ საბანკო ანგარიშებიდან 139 000 ლარი მოიპარა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ფიშინგის“ გზით „საქართველოს ბანკის“ და „თი ბი სი ბანკის“ მომხმარებლების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე ბრალდებულები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – მ.დ. და მ.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე მ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  მ.დ., მ.ა. და მ.ბ.-მ უნებართვოდ დაამზადეს კომპიუტერული პროგრამა და ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებდნენ ბანკების სხვადასხვა რეკლამას, სადაც განთავსებული ჰქონდათ ე.წ. „ფიშერული“ ბმული, რომელიც ვიზუალურად ინტერნეტბანკის გვერდს ჰგავდა.  შეცდომაში შესული მომხმარებლები ხსნიდნენ აღნიშნულ ბმულს და მონაცემები შეჰყავდათ, რომლებიც ავტომატურად იგზავნებოდა ბრალდებულებთან. აღნიშნული პირები ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით უნებართვოდ შედიოდნენ დაზარალებულების ინტერნეტბანკის მომხმარებლის ანგარიშზე და თანხებს მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ.

აღნიშნული სქემით მ.დ. მ.ა. და მ.ბ.  დაზარალებულების კუთვნილ 139 000 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა მ.დ. და მ.ა., 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მ.ბ. 14 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით – კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შენახვა; 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – კომპიუტერული პროგრამის  უნებართვო დამზადება, შენახვა  და გავრცელება; 286 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია,  წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.დ.-ს და მ.ა.-ს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა და თითოეულს ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო  მ.ბ-ს  5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: