მთავარი,სიახლეები

მოსამართლეების შერჩევის სადავო წესი საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა

24.12.2019 • 1194
მოსამართლეების შერჩევის სადავო წესი საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს სახალხო დამცველმა მიმართა, რომელიც ითხოვდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ნორმების შეჩერებას. ამ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს არჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია, კონსტიტუციურია თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი.

ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებით არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო, ისევ გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

სახალხო დამცველის სარჩელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე 20 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად მიიღო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად განმარტა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს პირის უფლებას, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: