მთავარი,სიახლეები

„თოფი გვესროლა“ – სასამართლომ გურიაში იეჰოვას მოწმეების დევნის საქმე განიხილა

24.12.2019 • 2039
„თოფი გვესროლა“ – სასამართლომ გურიაში იეჰოვას მოწმეების დევნის საქმე განიხილა

„მე და ჩემი მეუღლე კარდაკარ დავდივართ და რელიგიურ თემებზე ვესაუბრებით ადამიანებს… პ.-თან როცა მივედით, ის იმყოფებოდა თავისი სახლის შუა ეზოში. ეზოში შეგვიპატიჟა, მაგრამ არ ჩავსულვართ, ჭიშკართან დავიწყეთ საუბარი. მან საუბარი დაიწყო არჩევნებზე. ორჯერ ვუთხარი, რომ რელიგიური ორგანიზაციიდან ვიყავით… ის ჩქარი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ, ველოდებოდით.

დაახლოებით ნახევარ წუთში გამოვიდა სახლიდან პ. სანადირო თოფით, რომელიც გადაკეცილი ჰქონდა. მეუღლეს გადავულაპარაკე, რომ ჩვენი საქმე არ იყო კარგად. პ.-მ ორი ვაზნა ჩადო თოფში და დაიწყო ლანძღვა უშვერი სიტყვებით, „მე თქვენ გაჩვენებთ რელიგიურ ორგანიზაციას, მეორედ არ დაგინახოთ აქ მოსულიო“ და გაისროლა თოფი ჩვენი მიმართულებით,“ – ეს ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენებაა, რომელიც მან მოსამართლე მარინა კიკნაძეს მისცა. დაზარალებული ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ შემთხვევას აღწერს. ოზურგეთის სასამართლომ ცოლ-ქმრის მიმართ დევნის ფაქტი დაადასტურა რელიგიური ნიშნით. ისინი იეჰოვას მოწმეები არიან.

გასროლის შემდეგ ცოლ-ქმარი ბრალდებულის სახლიდან გამოქცეულა. მათი თქმით, შემთხვევის შემსწრე არავინ ყოფილა, თუმცა სასამართლოს ჩვენებები მისცეს პ.-ს მეზობლებმა. „მანდარინის ბაღში ვიყავით და დავინახეთ, ადამიანებისკენ კი არა, ტყის მიმართულებით ისროლაო“, – უთხრეს მეზობლებმა მოსამართლეს.

დანაშაული არც ბრალდებულმა აღიარა. ჩხრეკის შედეგად მისი სახლიდან სამართალდამცველებმა ორი სანადირო თოფი ამოიღეს და ვაზნები. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თქვა: „თოფი ტყისკენ ვისროლე, ქორის დასაფრთხობად“.

მოსამართლისთვის დამაჯერებელი ცოლ-ქმრის ჩვენება აღმოჩნდა. მან არ გაიზიარა ადვოკატის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ექსპერტიზითაც ვერ დადასტურდა, რა მიმართულებით გაისროლა ბრალდებულმა.

„ექსპერტიზა ვერ ადასტურებს, რა მიმართულებით მოხდა გასროლა, ვერ იქნა ნანახი საფანტის კვალი, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები – ორი ცალი სანადირო თოფი, დადგენილია და თვით დაცვის მხარის მოწმეებიც ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პ.-მ ნამდვილად განახორციელა ერთი გასროლა მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან, თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პ.-მ,  რომელიც დასცილდა ი.-ს და მალევე უკან დაბრუნდა თოფით ხელში და მუქარის სიტყვებით ,,გიჩვენებთ რელიგიურ ორგანიზაციას’’, სახლის უკან გაისროლა ქორის დასაფრთხობად, მაშინ როდესაც დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული ფაქტის უშუალო თვითმხილველი დაზარალებულების: მ.-ს და ი.-ს ჩვენებები, რომლებიც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად მიუთითებენ პ.-ს  მიერ მათი მიმართულების განხორციელებული გასროლის შესახებ,“ – ვკითხულობთ სასამართლოს განაჩენში.

მოსამართლე მარინა კიკნაძემ ბრალდებულს 2 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად გასამართლდა, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით და ძალადობის მუქარით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: