Batumelebi | 7 ანიმე – თუ ეძებ მაგიურ სასიყვარულო ისტორიას ან თუ გოგოების ძალაში გეპარება ეჭვი 7 ანიმე – თუ ეძებ მაგიურ სასიყვარულო ისტორიას ან თუ გოგოების ძალაში გეპარება ეჭვი – Batumelebi
RU | GE  

7 ანიმე – თუ ეძებ მაგიურ სასიყვარულო ისტორიას ან თუ გოგოების ძალაში გეპარება ეჭვი

კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: ერთნი, რომლებსაც სტუდია „გიბლის“ ანიმეები ნანახი აქვთ და უყვართ და სხვები, რომლებსაც ჯერ არ შეუდგმიათ ფეხი ამ საოცარ ანიმაციურ სამყაროში. თუ ამ უკანასკნელთა შორის მოიაზრებთ თავს, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ.

იაპონია, რა თქმა უნდა, ცნობილია ანიმაციებით, მაგრამ სტუდია „გიბლი“  დღემდე რჩება ანიმე-ინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავად. თავად სახელი Ghibli “უდაბნოს ქარს” ნიშნავს. ასე კომპანიას მისმა სულისჩამდგმელმა, რეჟისორმა ჰაიაო მიაძაკიმ დაარქვა, რომელსაც სურდა „გიბლის“ გადატრიალება მოეხდინა.

სიუჟეტური მრავალფეროვნება და ულამაზესი ფერები ყველას გულამდე მიაღწევს, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, თუ რისი მოლოდინი გაქვთ:

თუ ოსკაროსან ანიმეს ეძებ:

მოჩვენებების მიერ გატაცებულნი – Spirited Away  2001

მაშინ უნდა დაიწყო 2001 წელს გამოსული „მოჩვენებების მიერ გატაცებულნის“ ნახვით. 2003 წელს ამ ფილმმა ოსკარის პრიზი მოიგო, როგორც საუკეთესო ანიმაციამ. ბევრი სწორედ ამ ანიმეთი იწყებს „გიბლის“ სამყაროს გაცნობას.

ეს არის ამბავი 10 წლის ტიჰიროზე, რომელიც მშობლებთან ერთად ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. იგი დიდ ამბებში გაეხვევა და ანიმეს დასასრულს გაიაზრებთ, რომ ტიჰიროც და თქვენც სულ სხვა ადამიანებად იქეცით, ისეთებად,  ვისაც ვერანაირი აჩრდილი ვერ მოერევა ამ წუთიდან.

თუ ჯადოსნურ გასართობს ეძებ:

ჩემი მეზობელი ტოტორო –  My Neighbour Totoro 1988

აქაც ისეთი ამბავია, ორი პატარა გოგო მამასთან ერთად სოფელში გადადის საცხოვრებლად, გოგოების დედა კი საავადმყოფოში მკურნალობს. სოფელში გოგონები უამრავ პატარა, დიდ, ფუმფულა და საყვარელ არსებას გაიცნობენ, მათ შორის კატაბუსს, რომელიც ღამ-ღამობით ამ არსებებს დაატარებს იქეთ-აქეთ. “ჩემი მეზობელი ტოტორო” „გიბლის“ ნამდვილი ხელწერაა, რომელიც პოპკულტურაში ღრმადაა გამჯდარი, სათამაშოებით, მაისურებით, ბლოკნოტებით თუ სხვა ნივთებით.

თუ მაგიურ სასიყვარულო ისტორიას ეძებ:

ჰოულის მოსიარულე სასახლე – Howl’s Moving Castle 2004

„ჰოულის მოსიარულე სასახლე“ დაფუძნებულია ბრიტანელი მწერლის დიანა ვეინ ჯონსის ამავე სახელწოდების ანტისაომარი პროპაგანდის შემცველ ნაწარმოებზე. ანიმე ჯადოქარზეა, რომელსაც ბევრი სახელი აქვს და სოფიზე, რომელიც ქუდებს კერავს და შემთხვევით აღმოჩნდა ჯადოქრობის მსხვერპლი. ბოლოს მაინც ხომ იცით, რა გაიმარჯვებს? ჰოდა, ულამაზესი გრაფიკისა და მუსიკალური გაფორმების ნახვა აუცილებლად დაგეხმარებათ რთული დღეების გადაგორებასა და ახალი იმედების გაჩენაში.

თუ ისტორიას ეძებ გულჩათხრობილ ადამიანზე:

როდესაც იქ მარნი იყო – When Marnie Was There 2014

„როდესაც იქ მარნი იყო“ არის საოცარი ამბავი იმაზე, რომ უანგარო ოჯახური კავშირები ხანდახან ყველა ზღვარს სცდება და ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში გვევლინება ხსნად. პატარა ანასა და მარნის მეგობრობისგან ბევრს ისწავლით. ანიმეს ასევე საფუძვლად უდევს ბრიტანელი მწერლის ჯოან რობინსონის ნაწარმოები.

დიდი შანსია ამ ანიმეს მნახველს ოქროს თევზის მოვლა მოუნდეს:

პონიო – Ponyo 2008

ანიმე „პონიო“ 2008 წელს გამოვიდა აღწერს პატარა ბიჭისა და პრინცესა თევზის, პონიოს მეგობრობას. პონიოს მამა და უამრავი და-ძმა იაპონიის ნაპირებთან წყალქვეშ ცხოვრობენ. პონიოს მიწაზე ამოსვლის შემდეგ კი დიდი ამბები იწყება წყლისქვეშ.

თუ გსურს, დაინახო ომის რეალური სახე:

ციცინათელების სასაფლაო – Grave of the Fireflies 1988

„ციცინათელების სასაფლაო“ სხვადასხვა გამოკითხვაში სახელდება ანიმედ, რომლის ყურებისასაც განურჩევლად ყველა სქესისა და ასაკის ადამიანი ერთხელ მაინც ტირის. ანიმე „გიბლის“ ერთ-ერთი ადრეული სურათია და აღწერს სეიტას და მისი პატარა დის, სეცუკოს ამბავს მეორე მსოლფიო ომის მიწურულს. მოულოდნელად სიუჟეტი ატომური ბომბის ჩამოგდების ეპიცენტრის ნაცვლად წაგვიყვანს ერთ პატარა სოფელში, რომელიც ომის დროს იბომბება, ბავშვები კი საკუთარი თავის ამარა რჩებიან. გირჩევთ წინასწარ მოემზადოთ ამ ანიმეს სანახავად, რადგან ჟრუანტელი და ცრემლები გარანტირებულად იქნება.

თუ გოგოების ძალაში გეპარება ეჭვი:

კიკის მიტანის სერვისი – Kiki’s Delivery Service 2003

ზოგადად, „გიბლის“ ანიმეებში ხშირად შეხვდებით ძლიერ ქალ პერსონაჟებს, კიკიც მათ შორისაა. ის ჯადოქარია, რომელსაც 13 წელი შეუსრულდა და მისიად ცოტა ხნით ადამიანებთან ცხოვრება დაეკისრა. თავისი ცოცხით კიკი ქალაქისკენ გაეშურება, იქ კი ერთ მცხობელს გაიცნობს და მიტანის სერვისშიც ერთვება. საინტერესოა, როგორ იქცევა პატარა კიკი დიდი ქალაქის გულად.

მომზადებულია BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით.

_________________

იმ შემთხვევაში, თუ კი ყველა ეს ანიმე უკვე ნანახი გაქვთ, მაშინ ეს ტესტი შეავსეთ და შედეგი მეგობრებს გაუზიარეთ.

შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ სტუდია Ghibli-ს ანიმეს [ტესტი]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი