მთავარი,სიახლეები

„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს

27.02.2020 • 3136
„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს

„საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, ჩაძინებული ვიყავი და რემზიმ გამაღვიძა, წამოდი სოფლის ცენტრში, ახალი „პივები“ ექნებათ მოტანილი და დავლიოთო, წავედით…“ – ხულოში, სოფელ ხიხაძირში მომხდარ მკვლელობას ასე იხსენებს მოწმე ზაურ ა. ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რემზი ბ.-თან ერთად შემთხვევის ადგილზე იყო.

ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ სოფლის ცენტრში კაცი მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მან პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. დაპირისპირების დროს ორი პოლიციელი დაჭრეს. დღეს, 27 თებერვალს, ამ საქმეზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მოწმეების ჩვენებების მოსმენა დაასრულა. ბრალდებული და არც მისი ახლობლები სასამართლო პროცესებს აღარ ესწრებიან. პატიმარმა ციხიდან მოსამართლეს აცნობა, რომ პროცესზე დასწრება არ სურს.

“ის გაძევებული იყო სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რადგან ერთ-ერთ მოწმეს შეურაცხყოფა მიაყენა… შემდეგ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე დავუშვით ისევ, მაგრამ არ გამოცხადდა,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

მთავარმა მოწმემ, ანუ თვითმხილველმა ზაურ ა.-მ ქვეყნის დატოვება შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მოინდომა, ამიტომაც, მან მაგისტრ მოსამართლეს მისცა ჩვენება მხარეების მონაწილეობით მანამდე, ვიდრე საქმის არსებითი განხილვა დაიწყებოდა. საქმის განმხილველმა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღევანდელ სხდომაზე ამ მოწმის ჩვენების ჩანაწერი მოისმინა.

მოწმე ზაურ ა. ბრალდებულთან ახლობლობდა. მისი ჩვენების მიხედვით, კაფეში, სადაც ის ბრალდებულთან ერთად ლუდს სვამდა, ორი კაცი შემოვიდა, რომელთაგან ერთი რემზიმ იცნო.

„…რემზიმ უთხრა, გადმოდით ჩვენს მაგიდასთან, ერთად მივირთვათ ლუდიო. ისინიც გადმოვიდნენ…. მერე ატყდა ჩხუბი, რაღაც ტყის მასალის ამბავზე, ზუსტად არ ვიცი… რემზი ეუბნებოდა, შენ ჩემთვის ხელი გაქვს დარტყმული, მიცანიო? ის ამბობდა, ნასვამი ვიყავი და ამიტომ დაგარტყი ხელიო… კაფეში ჩვენს გარდა კიდევ ოფიციანტი იყო,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერს მოწმე სიტუაციას, რაც სოფელ ხიხაძირის კაფეში გასროლამდე ხდებოდა.

მოწმის თქმით, გასროლამდე რემზი და რაული [პირი, რომელიც მოკლეს] გარეთ გავიდნენ, უკან დაბრუნების შემდეგ კი, რემზის რაულის მიმართულებით პისტოლეტიდან ორჯერ გაუსროლია.

„…დამიზნებით ესროლა, ასე გამოდის. პირველად რომ ესროლა, ხმა ვერ ამოვიღე, ყურებში თითები გავირჭე და არ ვიცოდი, რა მექნა. მეორეჯერ როცა გაისროლა, იმის ყვირილი შემომესმა, ვაიმე, დავიჭერიო და გარეთ გავარდა… მერე მივედით რემზისთან და იარაღის წართმევას ვცდილობდით, სამი ადამიანი ვართმევდით იარაღს,“ – თქვა მოწმემ.

„სამი ადამიანი რატომ დასჭირდა იარაღის წართმევას?“ – იკითხა პროკურორმა

„რა ვიცი, ვერ ავართვით, ისე იდგა“, – თქვა მოწმემ და აღწერა, ავტომანქანით როცა წავიდნენ, როგორ მოუხდა პისტოლეტის რემზისთვის დაბრუნება.

„მითხრა, ხიდიდან გადაგაგდებ იცოდეო… ჩემი საქმე მე ვიცი, შენ რა შუაში ხარო,“ – დასძინა მოწმემ.

ამ მოწმეს, ანუ ახლობლის ჩვენებას ბრალდებული არ დაეთანხმა. „იქ იყო ჭიდაობა, ჩხუბი, რაული მანქანისკენ მიმათრევდა ძალით… შეშინებულია ეს კაცი და არ ამბობს სიმართლეს,“ – უთქვამს ბრალდებულს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ექსპერტების ჩვენებები მოისმინა. მაგალითად, ბალისტიკური ექსპერტიზის ავტორმა, ნათელა მზეურმა მოსამართლეს უთხრა, რომ ტყვიები და მასრები, რაც მას პოლიციელებმა წარუდგინეს, ერთი და იგივე იარაღიდანაა გასროლილი.

“…გასროლის დროს ტყვია იარაღის ლულის მიკრორელიეფს ასახავს,” – აღნიშნა ექსპერტმა ნათელა მზეურმა.

სასამართლოს ჩვენება მისცეს სამხარაულის ბიუროს იმ ექსპერტებმაც, რომლებმაც გვამის ექსპერტიზა ჩაატარეს, ასევე ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეამოწმეს.

“…ჩვენ განვახორციელეთ მასზე დაკვირვება 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. მას რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემა არ აქვს,” – უთხრა მოსამართლეს ექსპერტმა დავით მაღრაძემ. მან აღნიშნა ისიც, რომ დანაშაულის ჩადენის დროისთვის ბრალდებული აფექტის მდგომარეობაში არ იყო.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რემზი ბ.-ს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის გარდა იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას, ასევე პოლიციელებზე თავდასხმას ედავება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: